სიახლეები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

01.05.2014
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

 

როგორც  მალხაზ ჭკადუა აცხადებს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  დამოუკიდებელი სტუდენტურ მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებს უფლება არ  მისცა, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში დაემონტაჟებინათ საინფორმაციო ბანერი წარწერით „1 მაისი – მუშათა დღე“.  უარის მიზეზი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ასე განმარტა:

 

„აღნიშნული ქმედება (იგულისხმება საინფორმაციო ბანერის დამონტაჟება) არ წარმოადგენს ბსუ-ს სტუდენტთა საგანმანათლებლო, სპორტული თუ კულტურული ღონისძიების რომელიმე სახეს… უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ნება დაგერთოთ უნივერსიტეტის მოედანზე 2 დღის ვადით ბანერის განთავსებაზე,“ – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.     

 

            „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობა ზემოაღნიშნული წერილის შინაარს არ ეთანხმება და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა „ალტერნატივისთვის“ ბანერის განთავსებაზე, აფასებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, რაც აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით. კერძოდ, კონსტიტუციის 24-ე მუხლში აღნიშნულია: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. გარდა ამისა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულია: „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივისთვის“ გაგზავნილი წერილი პირდაპირ მიუთითებს ცენზურაზე, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია,“ –  ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“    ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის  მალხაზ ჭკადუას მიმართვაში.

 

„უნივერსიტეტის იდეა, გარდა აკადემიური განათლების მიღებისა, გულისხმობს დემოკრატიული, ხელმისაწვდომი და თანაბარი გარემოს შექმნას ყველა სტუდენტისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ პრინციპების ერთგული პროფესიონალები მუშაობენ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილი წერილი ეწინააღმდეგება საუნივერისიტეტო იდეას. გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ 30 აპრილს მომხდარი ფაქტი და უზრუნველყოთ სტუდენტთა აზრის თავისუფლად გამოსახატად შესაბამისი გარემოს გაუმჯობესება,“ – წერს რექტორს ჭკადუა.

 

სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები ამ წუთებში ბათუმის უნივერსიტეტის წინ  შრომის საერთსაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას მართავენ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.