კვირის ამბები

ახალი და ძველი ინტერესები ბათუმის პორტში

02.05.2014 • 2807
ახალი და ძველი ინტერესები ბათუმის პორტში

„ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდიგნის“ დირექტორი, ტალგატ ბაიტაზიევი ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როცა „ტრანსსისტემი“ ნავსადგურში ექსკლუზიური გადაზიდვის უფლებით სარგებლობდა, ახლა ყველა გადამზიდავი კომპანია თანაბარ პირობებშია.

„ტრანსსისტემში“ კი მიიჩნევენ, რომ ბათუმის ნავსადგურში ავიწროვებენ და მათ ჩანაცვლებას „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდიგნის“ დირექტორის, ტალგატ ბაიტაზიევთან დაახლოებული პირების მფლობელობაში მყოფი კომპანიებით ცდილობენ.

ბათუმის ნავსადგურში ამის მიზეზად სხვა გარემოებას ასახელებენ  – „ტრანსსისტემმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის დადება ვერ შეძლო, შესაბამისად, მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა.

„2012 წლის ბოლოს დაინიშნა ტალგატ ბაიტაზიევი, რომელმაც დაიწყო ქართული კომპანიების შეზღუდვა. პირველ რიგში, მან დაარტყა „ტრანსსისტემს“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანია იყო, ჰქონდა აწყობილი გადაზიდვების სისტემა და აბსოლუტურად ყველა მხარე იყო კმაყოფილი. ტალგატ ბაიტაზიევმა ჯერ მოითხოვა ექსკლუზივის ამოღება კონტრაქტიდან და 2013 წელს მან დააფუძნა 3-4 კომპანია, რომლებიც არის მისი ნათესავების და მასთან დაახლოებული პირების, რომელთაც არ აქვთ არანაირი ისტორია გადაზიდვების, არანაირი გამოცდილება, თუმცა ყველა ტენდერი, რომელიც ჩატარდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ამ კომპანიებმა მოიგეს“, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, კომპანია „ტრანსსისტემის“ წარმომადგენელი.

გაბუნიას თქმით, მას შემდეგ, რაც „ტრანსსისტემი“  ბათუმის ნავსადგურში ექსკლუზიური გადაზიდვების უფლებით აღარ სარგებლობს, კომპანიამ მილიონ დოლარზე მეტი ზარალი ნახა, რის ანაზღაურებასაც სასამართლოს გზით მოითხოვს.

როგორ დაადასტურებს „ტრანსსისტემი“, რომ პორტში შესული ახალი გადამზიდავი კომპანიები პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ბაიტაზიევს? „ტრანსისტემის“ ხელმძღვანელი, გელა ლაითაძე ამბობს, რომ მათ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არ აქვთ, ეს მათი ვარაუდია: „ამ კომპანიებმა საბანკო გარანტიები არ წარადგინეს. პირობა ჰქონდათ მუშაობის რისკებისა და გარანტიების გარეშე. პორტის თანამშრომლები ყველა კლიენტს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, იბარებდნენ და ეუბნებოდნენ _ იმუშავეთ „ჯიპიემსისთან“, იმიტომ, რომ მალე „ტრანსსისტემი“ დაიხურებაო. ამის შესახებ პირდაპირ მითხრეს კომპანიებმა. „ჯიპიემესი“  შეიქმნა იმისთვის, რომ ბათუმის პორტში ჩვენი კომპანია დაეძირათ“.

ტალგატ ბაიტაზიევი „ტრანსსისტემის“ ბრალდებას, ბათუმის ნავსადგურში მასთან დაახლოებული პირების საკუთრებაში მყოფი კომპანიების გამოჩენის შესახებ, „სასაცილოს“ უწოდებს. იგი გადამზიდავი კომპანიის პრეტენზიებს სხვა გარემოებებს უკავშირებს: „როგორც კი დავიწყეთ შუამავლების გარეშე ხელშეკრულებების გაფორმება გადამზიდავ კომპანიებთან, მაშინვე დაიწყო სკანდალები. სხვა ტვირთის მეპატრონეებს ვკითხე, თუ რატომ არ შემოდიოდნენ აქამდე, მითხრეს, რომ მათ უფლებას არ აძლევდნენ შემოსვლის. ხალხი უკვე წამოვიდა პირდაპირ ჩვენთან მოლაპარაკებაზე. ისინი [„ტრანსსისტემი“] ცდილობენ აგვარიდონ ტვირთი, მათ აქვთ ძალა და ცდილობენ ბათუმის პორტში საერთოდ არავინ შემოვიდეს“.

ტალგატ ბაიტაზიევის თქმით, ბათუმის პორტში პირველად ახლახან შემოვიდა რკინის მადნის კონცენტრატი, ხელშეკრულება 700 000-ზეა გაფორმებული: „მალე მილიონზე გაფორმდება და იმ წამსვე ეს ადამიანი ჩემს ნათესავად შერაცხეს. რა შემიძლია ამაზე ვთქვა? ჰო, ის ჩემი ნათესავია, ალბათ, მეფე დავით აღმაშენებლის მხრიდან, რომელმაც მე-11 საუკუნეში ყივჩაღები ჩამოიყვანა საქართველოში… გუშინ ჩამოვიდა ეს ადამიანი [კომპანიის წარმომადგენელი] და ამაზე ბევრი ვიცინეთ. აქ [ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგში] არც ერთი ჩემი ნათესავი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახებს ბევრი ნათესავი ჰყავთ. ალბათ ყაზახებს უფრო შეუძლიათ ჩემი დადანაშაულება – მოსვლის შემდეგ ყველა მაღალი რანგის მმართველი შევცვალე ქართული მენეჯმენტით. ისინი უკვე პირადულზე გადმოვიდნენ და მე დარწმუნებით ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პოზიციას შევინარჩუნებთ სანამ მე აქ ვარ. ვფიქრობ, ცოტა წინ უნდა გავიხედოთ, რატომ გაჩნდა ეს სკანდალი. ის ტვირთი, რომელიც ახლა მოვიდა ბათუმის ნავსადგურში, ავტომატურად იზიდავს სხვა ტვირთებსაც. ეს ტვირთი დაკარგული იყო ჩვენთვის, მხოლოდ აზერბაიჯანულ და ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად წამოვიდა ეს ტვირთი საქართველოში“.

 

 

ჭიათურმარგანეცმადა რუსთავის აზოტმა“  ბათუმის პორტი დატოვეს   

ამ დროსათვის ბათუმის ნავსადგურიდან აღარ ეზიდებიან მარგანეცსა და აზოტს. კომპანიებს ეს ტვირთი ფოთის ნავსადგურიდან გადააქვთ. ბაიტაზიევის თქმით, ბათუმის პორტისთვის აზოტი და მარგანეცი მშრალი ტვირთის საერთო ტვირთბრუნვის 70-80 პროცენტია: „მარგანეცი და აზოტი ჩვენთვის იყო კარგი ტვირთი. მე ვესაუბრე მეპატრონეებს, ეს იყო ხანგრძლივი საუბარი. მითხრეს, რომ მათთვის კომფორტულია აქ მუშაობა, მაგრამ ჩვენზე იყო ზეწოლა და ჩვენ იქ, [ფოთში] უნდა წავიდეთო. არაფრის თქმა არ შემიძლია, ეს ბიზნესია“.

„ჭიათურმარგანეცისა“  და „რუსთავის აზოტის“ ბათუმის პორტიდან გასვლის მიზეზებზე „ბათუმელებმა“ კომპანიებიდან კომენტარის მიღება ვერ შეძლო.

„ტრანსსისტემის“ ხელმძღვანელი გელა ლაითაძე ამ კომპანიების ბათუმის ნავსადგურიდან გასვლის თავის ვერსიაზე საუბრობს: „რატომ გავიდნენ, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ, რომ ტალგატი ძალიან უხეშად ჩაერია ჩემი კომპანიის და „რუსთავის აზოტის“ ურთიერთობაში. ჩვენ გადაგვქონდა ეს ტვირთი და ეს კომპანიები გადავიდნენ ფოთის პორტში. მე ეს ტვირთი არ წამიღია სპეციალურად და არ დამიწყია ბათუმის პორტის ჩაძირვა“.

რამდენად აზარალებს ბათუმის ნავსადგურს შემცირებული ტვირთბრუნვა და ხომ არ გამოიწვევს ეს ნავსადგურში (რომელიც ქალაქში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია), სამუშაო ადგილების შემცირებას?

ტალგატ ბაიტაზიევი არ უარყოფს, რომ პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა და შემოსავლებმაც იკლო, თუმცა იგი ამბობს, რომ პორტში დასაქმებული ადამიანების შემცირებას არ გეგმავს. მისი თქმით, გადაზიდვები, ზოგადად, კავკასიის დერეფანში შემცირდა: „თუ ავიღებთ წინა და წლევანდელი წლის დინამიკას, გადაზიდვები დაახლოებით 20-30 პროცენტით შემცირდა. ეს მეტალურგიის დაცემას და უკრაინის კრიზისს უკავშირდება. მაგრამ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნავთობის ბრუნვა გაიზარდა დაახლოებით 40 პროცენტით. ეს ჰოლდინგია. ამ დროისთვის პორტი თავად ინახავს თავს, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ პორტს არ ექნება ფული, ჩვენ ტერმინალიდან გამოვყოფთ ფულს პორტის ხელფასებისთვის. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ [ყაზახური მხარე] პორტში შემოვედით, პირველად ხდება, რომ არ გყოფნის რეზერვუარები იმისთვის, რომ მივიღოთ ნავთობი. აქამდე ამბობდნენ, რომ ეს დერეფანი ცუდია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, მისაღები ბენზინისა და დიზელის რიგი გვაქვს. თუ ჩვენ არ გვაქვს პორტში ტვირთი, ესეც ტვირთია, მხოლოდ თხევადი და საბოლოოდ ეს ბალანსდება. თქვეს, რომ იქნებოდა შემცირებები. არც ერთი შემცირება არ ყოფილა ჩვენთან, თუ კი დადგება ეს მომენტი, ადამიანებს წინასწარ მისცემენ ნახევარი, ერთი წლის ხელფასს. თუ კი ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველა ადამიანს ინდივიდუალურად დაველაპარაკებით“.

ტრანსსისტემისექსკლუზივი ნავსადგურში და კავშირი კეზერაშვილთან  –ზეწოლა თუ შეთანხმება?

„ტრანსსისტემის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება. სტატია ბათუმის პორტში ექსკლუზიური გადამზიდავისა და ძველ ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2013 წელს მოამზადა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, რომელიც დეტალურად იცნობს საზღვაო გადაზიდვების სფეროში არსებულ თამაშის წესებს, ბათუმის პორტმა, რომლის მფლობელიც ყაზახური კომპანიაა, 2011 წელს დაფუძნებულ „ტრანსსისტემს“ მხოლოდ იმიტომ მისცა ექსკლუზიური უფლებები, რომ კომპანია დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა.

ტალგატ ბაიტაზიევი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“ მაშინდელმა მმართველმა, აბაი ტურიკპენბაევმა: „პრივატულ საუბარში მან მითხრა, რომ ის იძულებული იყო. მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი იყო და არ არის საიდუმლო, რომ ის დაიბარეს, მასზე ზეწოლა იყო. ის მე მაფრთხილებდა, რომ მუქარებიც იქნებოდა. მას მოუწია ამის გაკეთება, მე მას არ ვადანაშაულებ. მე უკეთეს სიტუაციაში მოვხვდი, ვიდრე ის იყო. არ ვიცი, ვინ არის კეზერაშვილი, გამიგია, მაგრამ არაფრის მტკიცება არ შემიძლია. არ მინდა, დავეცე მათ დონეზე და ვიძახო, რომ ეს ვინმეს კომპანიაა და ვინმეს ნათესავები არიან“.

რატომ და როგორ მიიღო სამი წლის წინ ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმის ნავსადგურში ექსკლუზიური პირობები, ამ კითხვას „ტრანსსისტემის“ ხელმძღვანელი, გელა ლაითაძე ასე პასუხობს: „ტრანსსისტემის~ შემოსვლამდე, 2011 წლამდე, ბათუმის პორტი საშუალოდ იზიდავდა საერთო სტატისტიკური მონაცემებით 1 მლნ. ტონამდე ტვირთს. ბათუმის პორტს სჭირდებოდა განვითარება, ამის გამო ბათუმის პორტმა 2010 წელს გამოაცხადა ტენდერი. მას სჭირდებოდა  მინიმუმ 1 მლნ 250 ათასტონიანი გარანტირებული ტვირთბრუნვა, რის ხარჯზეც 20-პორცენტიან ფასდაკლებას მისცემდა იმ კომპანიას, რომელიც დადებდა საბანკო გარანტიას და თუ ვერ შეასრულებდა პირობას, გადაიხდიდა ჯარიმას. მათ ჩაწერეს სიტყვა „ექსკლუზივი“, რომ ეს ყოფილიყო ტენდერში მონაწილე კომპანიისთვის მიმზიდველი. ეს არ იყო „ტრანსსისტემის“  მოთხოვნა და არ იყო კაბალა… ბათუმის პორტის სატენდერო პირობებში იდო და რატომ უნდა გვეთქვა უარი“.

ლაითაძის თქმით, „ტრანსსისტემმა“ კომპანიის განვითარების მიზნით შემოიყვანა დამფუძნებლად „უნივერსალ ქეფიტალ გრუპი იუსი ჯი“. ამ კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რილფ მენეჯმენტი“ ფლობდა, რომელიც საქართველოში კეზერაშვილთან ოფიციალურად დაკავშირებული არაერთი ბიზნესკომპანიის მესაკუთრეა.

„2013 წელს  შეიცვალა ჩვენი დამფუძნებელი და ეს კომპანია გავიდა. მთელი წილი შევისყიდეთ ჩვენ. თუ საუბარია, რომ 2011 და 2012 წელს დავით კეზერაშვილის გამო ხდებოდა, დავით კეზერაშვილი 2013 წელს აღარ იყო საქართველოში, „უნივერსალ კაპიტალ გრუპი იუსი ჯი“ გავიდა დამფუძნებლებიდან და ჩვენმა კომპანიამ იმ წელს შეასრულა ყველაზე სარეკორდო მაჩვენებელი. საერთოდ რომ არ არსებობდა ეს ბიზნესჯგუფი, მეტი ტვირთი გადავზიდეთ,“ – ამბობს გელა ლაითაძე.

ბათუმის ნავსადგურის იჯარით გადაცემის საკითხი

ბათუმის ნავსადგურში ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ „ტრანსსისტემი“  მათგან ნავმისადგომების იჯარით გადაცემასაც ითხოვდა. „სამუშაო შეხვედრისას, როცა განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი, ეს იყო არაოფიციალური საუბრის საგანი და მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი. კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი წინადადებაა, ეს ყველა კომპანიის უფლებაა, ეს დამოკიდებულია პირობებზე“, – ამბობს ზურაბ შურღაია, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა“ და ტერმინალის აქტივების მმართველი.

„ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ნავმისადგომების იჯარით გადაცემის საკითხს. იმიტომ, რომ თუკი გადამზიდავი გარანტიას გვაძლევს, 1,5 მილიონი ტონა ტვირთის და წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ჩვენ განვიხილავთ ასეთ წინადადებას, მაგრამ ექსკლუზიურ უფლებებს ბუნებრივია იტოვებს პორტი“, –  ამბობს ბაიტაზიევი. იგი დასძენს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება მოხდეს.

„გარკვეულ წრეებს სურთ, რომ ბათუმის პორტი გადავიდეს მათ მფლობელობაში. ჩვენ არ ვიცით, ვინ დგას „ტრანსსისტემის“ უკან, არ ვიცით ვის სჭირდება ეს,“ =  ამბობს ზურაბ შურღაია.

გარდა კომპანიის შევიწროების ბრალდებისა, „ტრანსსისტემის“  წარმომადგენლებმა ტალგატ ბაიტაზიევს „საეჭვო რეპუტაციის მქონე პირი“ უწოდეს და ყაზახურ და ქართულ მხარეს მისი წარსულით დაინტერესება ურჩიეს. ბაიტაზიევი ამბობს, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლოა: „მათ ჩემზე თქვეს, რომე მე ვარ საეჭვო პირი… 20 წელია „ყაზმუნაი გაზში“ [ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია] ვმუშაობ, მაქვს პრეზიდენტის ორდენები და არა ერთი ჯილდო მიმიღია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: