მთიანი აჭარა

“წავალ, მაგრამ სად წავიდე?” – უსახლკაროები მაღალმთიან აჭარაში

02.05.2014 • 2425
“წავალ, მაგრამ სად წავიდე?” – უსახლკაროები მაღალმთიან აჭარაში

“საკუთარი სახლი არასოდეს მქონია, აქ 25 წელია ვცხოვრობ, სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, ჩვენც ვხვდებით, ქარსა და წვიმაში ზანზარებს, დღეს ჭერიც ჩამოინგრა, ღმერთს მადლობა, სახლში არ იყო არავინ და ამით გადავრჩით. წავალ, მაგრამ სად წავიდე? სამსულიან ოჯახში არავინ მუშაობს, პენსია მე არ მაქვს და სოციალური დახმარება. ადრე სოციალური დახმარება კი მქონდა, მაგრამ ბიჭი რუსეთში წავიდა და მომიხსნეს, მითხრეს უნდა გაგეფრთხილებინეთ და რადგან არ გაგვაფრთხილეთ, სამი წელი ვეღარ მიიღებთ დახმარებასო. გლეხმა რა ვიცი ეს კანონები. სოფლიდან ხუთი კილომეტრით დაშორებულ ტყეში მივდივარ, ზღმარტლს ვკრეფ, ჩამომაქვს და 100 ცალს 1 ლარში ვაბარებ, ზოგჯერ 70 თეთრში, ესაა ჩემი შემოსავალი”, – ამბობს ნაზიკო საფარიძე.

ნაზიკოსთან ერთად ავარიულ სახლში რუსლან ლორთქიფანიძის, ლეილა აბაშიძისა და ნიკოლოზ საფარიძის ოჯახებიც ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ლეილა აბაშიძეა უსახლკაროთა სიაში, უსახლკაროთა სიაში ვერ მოხვდა ასიე ბედინაძეც. იგი ამბობს, რომ არც მათ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი.

“არც ჩვენ გვაქვს სხვა საცხოვრებელი, მაგრამ არ ვიცი რატომ არ ვართ უსახლკაროების სიაში. სახლი სახიფათო რომაა და თავზე გვენგრევა, ეს ყველამ იცის, რეაგირება არაა თორემ. წინა ხელისუფლებამ გვითხრა სამი თვის ქირას გადაგიხდით, მერე სახლს ავაშენებთ და შეგასახლებთო. ხელისუფლება შეიცვალა და არავის აღარ უხსენებია. რუსლანს სამი მცირეწლოვანია ბავშვი ჰყავს, უმცროსი ერთი წლისაა, აქ ერთი წლის ბავშვით იცხოვრება? ცოლის მშობლებთან გადავიდნენ დროებით”, _ ამბობს ასიე ბედინაძე.

სტატისტიკური მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში 9 უსახლკარო ოჯახიდან 4 ოჯახი ნათესავებსა და მეზობელთან არის შეხიზნული, ერთი ბოსლის თავზე ცხოვრობს, ერთიც ნაქირავებშია და დანარჩენი თავს ძველ შენობებს აფარებენ.
ასიკო გოგიტიძე ქმართან ერთად ქედაში, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში წლებია ცხოვრობს. როგორც ასიკო გვიყვება, არც მათ ოჯახს აქვს საკუთარი სახლი.

“15 წელია ქმართან ერთად აქ ვცხოვრობ, მანამდე რედაქციის შენობაში ვცხოვრობდი. ყოველთვის ვთხოვდით საცხოვრებელი მოეცათ ან სადაც ვართ, ეს დაეკანონებინათ, მაგრამ ვერ მოხერხდა. იატაკი საცაა ჩავარდება, გვეუბნებიან სოციალურ სახლს ავაშენებთ და გადაგიყვანთო. 30 წელი რედაქციაში ვიმუშავე, 9 წელია რაც დაიხურა და დავრჩი უმუშევარი. ჩემთვის სამსახური ვერ გამოინახა, დამლაგებლადაც ვიმუშავებ, მაგრამ ესეც არ არის. საბავშვო ბაღს ვაშენებთ, შემოდგომამდე მოიცადე და ბაღში დაგასაქმებთო მეუბნებიან. ველოდები”, – ამბობს ასიკო გოგიტიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ არსებული სოციალური პროგრამებით მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებს ვერ ეხმარება.

“არსებული პროგრამები მხოლოდ მიწისძვრითა და მეწყრით დაზარალებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ უსახლკაროებზე არ ვრცელდება. ბინები რომ შევუძინოთ, ამის საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია, პრობლემის მოგვარებისთვის ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს მთავრობის მეთაურთან გავდივართ. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე ამ ოჯახებისთვის შევქმნათ სამანევრო ბინა და დროებით შევუშვათ საცხოვრებლად”, – ამბობს დავით დუმბაძე.

ქედის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით ხულოს მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ აქვთ.

“I-II კატეგორიაში 85 ოჯახია, ამ ოჯახებისთვის ეკონომიკის სამინისტრო სოციალურ სახლს აშენებს. არის ოჯახები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ საცხოვრებელი და ნაქირავებში ცხოვრობენ. ასეთი ოჯახების დათვლა რთულია, რადგან ზოგიერთი მოგვმართავს, ზოგიერთი – არა. ოჯახები წევრთა სიმრავლიდან გამომდინარე ხშირად ნაწილდება და საცხოვრებლად ნაქირავებში გადის, ასეთი კატეგორიის 15-მა ოჯახმა მოგვმართა, მაგრამ ყველა ვინც ნაქირავებში გადის, უსახლკარო როდია. “უსახლკარო ოჯახები”, როგორც ცალკე კატეგორია, ხულოში არ არის”, – აცხადებს ხულოს გამგებელი, ბესიკ ბუაჩიძე.

“უსახლკარო ოჯახებად ისეთი ოჯახები აღვრიცხეთ, რომლებიც საკუთარ ძმებს გამოუნაწილდნენ და ამ ეტაპზე სხვის საცხოვრებელ სახლებში დროებით ცხოვრობენ, ასეთი 15 ოჯახია”, – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: