სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტი პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმიანება

02.05.2014
დემოკრატიის ინსტიტუტი პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმიანება

 

“დემოკრატიის ინსტიტუტი ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებს, რომლებიც აშკარად შეურაცხყოფს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და ძალიან ცუდ მაგალითს იძლევა რეგიონებში და ქალაქებში მოქმედი “ქვედა დონის ხელისუფლების” წარმომადგენლებისათვის. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ [კამპანია “ეს შენ გეხება” პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობაა და იგი აზიანებს ქვეყნის ინტერესებს] – არის შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და მიგვაჩნია, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ განცხადებისათვის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოგვიხადოს.

 

მიუღებელია ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადება: “მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს – რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა “ეს შენ გეხება”, სად იყო ანალოგიური აქტივობა?”. 

ბატონო კახა! ჩვენ ჩუმად არასდროს ვყოფილვართ და პოზიციებიც არასდროს შეგვიცვლია! ჩვენ მაშინაც ამავე პოზიციებზე ვიდექით და ამის შესახებ უბრალოდ იმიტომ არ გაქვთ ინფორმაცია, რომ მაშინ თქვენ ნაკლებად გაინტერესებდათ ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ზოგადად დემოკრატიული ღირებულებები.

 

ხელისუფლება შესაძლოა არ ეთანხმებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, კანონპროექტს, შეხედულებებს, მაგრამ ეს არანაირად არ წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების სახელმწიფო ღალატში დადანაშაულების საფუძველს.

 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, მართლაც რომ ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს”.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.