კვირის ამბები

„დაპირებები იქნება მოკლე და კონკრეტული“

05.05.2014 • 2285
„დაპირებები იქნება მოკლე და კონკრეტული“

 

 

 

გია დიასამიძე

 

 

ბატონო გია, თქვენ რატომ შეგარჩიეს და თუ გყავდათ სხვა კონკურენტები?

 

ეს, ალბათ, ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. მთავარი ისაა, რომ დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, ბათუმის საკრებულოში ვკურირებდი ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროს. მთავარი კრიტერიუმი ეს არის, ან შეიძლება ბათუმელობით, არ ვიცი. არ ველოდი ამ წინადადებას, ერთი-ორი დღე მართლა ვიფიქრე. ეს არ არის პატარა პასუხისმგებლობა.

 

 თუ გაიმარჯვებთ, რას შეცვლით ქალაქში?

 

თვითმმართველობა მეტი აქტიურობით რომ გამოირჩეოდეს და მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოს. ეს არის საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ინსტიტუტი და, შესაბამისად, ყველაფერზე სწრაფად უნდა ხდებოდეს რეაგირება. დიდი უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობის ხარისხი.

 

თქვენ ხართ იმ პარტიის ნაწილი, რომელიც დიდხანს მართავდა ქვეყანას, მათ შორის თვითმმართველობის დონეზეც. თქვენ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იმ საკრებულოს წევრი იყავით, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი მუდმივად კრიტიკის საგანი იყო. ახლა როგორ აპირებთ ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას?

 

ამ ცხრა წლის მანძილზე ბევრი კამათი და დისკუსია იყო ფრაქციის შიგნით. რობერტ ჩხაიძეს [ბათუმის ყოფილი მერი] სისხლს ვუშრობდით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. ამიტომ იზრდებოდა ყოველწლიურად დაფინანსება. ჩემთვის არ არის პრობლემა ეს თანხები საარჩევნოდ ჩნდებოდა თუ მანამდე. მიმაჩნია, რომ თვითმმართველობა მინიმალურად პოლიტიზებული უნდა იყოს. საკრებულოს ქალაქი ქირაობს იმისთვის, რომ ქალაქი იყოს უკეთესი და არა იმიტომ, რომ გლადიატორებივით იჭიდაონ. იდეალური საკრებულო იქნება მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოლიტიკური ჯგუფებით. თუ ძალაუფლების მონოპოლიზირება არ მოხდება, უკეთეს შედეგებს დადებს საკრებულო.

 

 დაასახელეთ ინიციატივა, რომელიც თქვენი სახელით გავიდა საკრებულოში.

 

 2006 წელს სოციალური პროგრამების ბიუჯეტი რვა ათასი ლარი იყო, ბოლო წლებში კი შვიდი-რვა მილიონი ლარი გახდა. ჩემი და ჩემი სამსახურის ინიციატივა იყო მედიკამენტებით უზრუნველყოფის და მოზარდებში ავადობის გამოვლენის პროგრამა.

 

 თქვით, რომ უცებ შემოგთავაზეს მერობის კანდიდატობა. პროგრამა გაქვთ თუ ამომრჩეველს პრიორიტეტებზე ზეპირად დაელაპარაკებით?

 

 პროგრამა გვაქვს, ცოტა ხანში იქნება ცნობილი. რაღაც ჩემია, რაღაც პარტიის. დასაქმება უნდა იყოს მთავარი. ამისთვის თვითმმართველობამ პირობები უნდა შექმნას, ინვესტიციები უნდა მოიზიდოს. სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები. თუ გავხდები მერი, აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ ბოლოს და ბოლოს მრავალჯერ დაანონსებული სახელმწიფო საავადმყოფოს აშენების საკითხიც დაიძრას.

 

თქვენ, როგორც საკრებულოს წევრს, ამ საკითხის გააქტიურება აქამდეც შეგეძლოთ. ეს რატომ არ გააკეთეთ?

 

 ჩვენ გვქონდა პროექტი გამზადებული, ადგილიც კი შევარჩიეთ ქალაქში. თუმცა ყველაფრისთვის ფული ერთად არ არის.

 

60 მილიონი დაიხარჯა ანბანის კოშკზე, რომელიც დღეს უფუნქციოდაა…

 

 ტურიზმი პრიორიტეტული იყო. ერთი წელი ვეხვეწეთ ახალ მთავრობას, რომ გაექირავებინათ. ბოლოს თქვეს, გასხვისებას ვაპირებთო. პოლიტიკური ძიძგილაობა უნდა მოიხსნას. იმდენი კარგი გეგმა დევს მერიაში, მათი ნაწილის შესრულებაც კი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შეუსრულებელ დაპირებებს არ მივცემ მოსახლეობას. ეს იქნება მოკლე და კონკრეტული.

 

თქვენი აზრით, დღევანდელ ბიუჯეტში თუ არის ჩადებული არამიზნობრივი ხარჯი?

 

 სპორტთან დაკავშირებული თანხა არასწორადაა გადანაწილებული. „ბათუმის დინამოს“ შენახვაში მილიონ ლარს ვიხდით. მესმის, რომ „დინამო“ ბათუმის ისტორიის ნაწილია, მაგრამ კლუბი უნდა გაიყიდოს. ასევე არ მესმის „იაფი სახლის“ მიზანი. არასწორი იყო აიპი „მუნიციპალური სასადილოს“ შექმნა, რადგან მილიონ 400-ათასიანი ბიუჯეტიდან 400 ათასი ხელფასებზე იხარჯება. როგორც ადრე იყო, ისე უნდა დარჩენილიყო. ტენდერი გამოცხადდებოდა და გამარჯვებული პირი იზრუნებდა ყველაფერზე. საჯარო სამსახურში ზედმეტი სამუშაო ადგილების შექმნა მუშაობის ხარისხს არ აუმჯობესებს, ბიუროკრატიას ზრდის.

 

 საჯარო სამსახურები ბიუჯეტის ხარჯით ყიდულობენ ყავას, სასმელებს, აჯიკას და ტყემალსაც კი. თქვენ თუ სარგებლობთ მსგავსი სიკეთეებით და რას ფიქრობთ ამ ხარჯებზე?

 

 ყავას იშვიათად ვსვამ, ჩაის მოყვარული ვარ, მაგრამ ჩემი ფულით ვყიდულობ. ვიცი, რომ საკრებულოში წყალს ყიდულობენ. წარმომადგენლობითი ხარჯები უნდა იყოს, მაგრამ პროტოკოლიც უნდა იყოს დაცული. სხვა დანარჩენი უკვე კურიოზია.

 

 თვითმმართველობის ბიუჯეტებში არსებობს ხარჯები – „რელიგიური და კულტურული საკითხების ხელშეწყობა“. უნდა არსებობდეს ეს მუხლი ბიუჯეტში?

 

თუ ხელშეწყობაზეა საუბარი, მაშინ ყველა კონფესიის ხელშეწყობა უნდა მოხდეს. მეორე საკითხია, რამდენად უნდა ერეოდეს ასეთი საკითხების დაფინანსებაში თვითმმართველობა.

 

 საკრებულოში ხისტი რეპლიკებით გამოირჩევით: „შენ ბიჭო…“ – ამ ტონშიც ელაპარაკებით კოლეგებს. როგორი უნდა იყოს მერი?

 

„შენ ბიჭო“, – ამის თქმა ხშირად აუცილებელია. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მექნება, როცა ადამიანები ზრდილობას გადადიან. საკრებულოში ისე უნდა მოიქცეს ადამიანი, როგორც ამ ქალაქს ეკადრება. საშუალება რომ მქონდეს, უზრდელობაზე სერიოზულ ჯარიმას დავაწესებდი.

 

 თქვენს კონკურენტად ვის განიხილავთ?

 

სამთავრობო პარტიის წარმომადგენელი იქნება მთავარი კონკურენტი, რადგან როგორც ყოველთვის, ძნელია მთავრობის კანდიდატის კონკურენცია. თუმცა პირდაპირი წესით არჩევნებია და არც ის იქნება გასაკვირი, რომელიმე საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: