ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს.
ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან „ლელო“, ზაზა ვანაძეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა.
ხულოს საკრებულომ ახალი ფრაქციის რეგისტრაციაზე 2024 წლის 23 დეკემბერს უარი თქვა.
დღეს, 28 მაისს, ამ საქმის განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ დაიწყო. საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადაიდო.
ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი იმ საკანონმდებლო ნორმის მიხედვით უთხრა, რომლის მიხედვითაც „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არ აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“.
სარჩელიდან ირკვევა, რომ ხულოს საკრებულოს უმრავლესობა იმ არგუმენტს დაეყრდნო, რომ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, აქვს ფრაქცია ხულოს საკრებულოში.
ახალი ფრაქციის შექმნის მსურველების განმარტებით კი, ხულოს საკრებულოს ამგვარი განმატება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პარტიაა და საარჩევნო მიზნებისთვის მისი სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება არ ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია აღარ არსებობს, ან იმას, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტიულად „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა.
იმის გამო, რომ თვითთმმართველობის მორიგი არჩევნები ახლოვდება, სარჩელის ავტორებმა სასამართლოს დრობითი განჩინების მიღებას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც ხულოს საკრებულოს ახალი ფრაქციის დარეგისტრირება შეიძლება დაევალოს.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას უტევს ყველა მხრიდან, ცდილობს, რომ შეგვავიწროვოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ, ხულოს საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ლელო“, – „ფრაქცია არის საშუალება, რომ დაესწრო ბიუროს სხდომებს და გაიტანო სხვაადსხვა აქტუალური საკითხი.
ამათ არ აწყობთ ოპოზიციის აქტიურობა, რადგან გამოაშკარავდება მათი საქმიანობა – კორუფციის რისკები,“ – ამბობს ბესიკ შაინიძე.
რა დასაბუთებით ეუბნება ხულოს საკრებულო სამ ოპოზიციონერს ფრაქციის შექმნაზე უარს? – ხულოს საკრებულოში კომენტარზე უარი გვითხრეს.