2022 წელს, მხოლოდ 6 თვეში რუსეთში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა რამდენიმე ბიზნესმენი.
„გაზპრომის“ კონტრაქტორი ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი იური ვორონოვი თავში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.
„გაზპრომ-ინვესტის“ სატრანსპორტო სამსახურის ტოპმენეჯერზე, ლეონიდ შულმანზე ითქვა, რომ თავი მოიკლა. მას „უპოვეს“ წერილი, სადაც ფეხის გაუსაძლის ტკივილზე ჩიოდა და არ სურდა ოჯახს ტვირთად დასწოლოდა.
იმავე წლის თებერვალში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებში გაზპრომის „ერთიანი განსახლების ცენტრის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ ტიულიაკოვი. ცხედართან ქაღალდი ნახეს, თუმცა მედია არ ფლობს ინფორმაციას მის შინაარსზე.
ამავე წლის აპრილში მოსკოვში რუსი მილიონერის, ვლადისლავ ავაევის, მისი ქალიშვილისა და ცოლის ცხედრები იპოვეს. წინასწარი გამოძიების მიხედვით, ავაევმა ცოლსა და 13 წლის ქალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ეს სერია არ დასრულებულა. 2025 წლის 7 ივლისს რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, რომან სტაროვოიტის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.
რუსეთში „ფანჯრიდან გადავარდა” ნავთობკომპანიის 62 წლის ტოპმენეჯერი რუსი ბიზნესმენი, “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი.
პუტინის რუსეთში მსგავსი ისტორიები განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახშირდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რადიკალურად იცვალა სახე ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამაც“. ბოლო პერიოდში ივანიშვილის კარზე ძალაუფლება არაერთმა გავლენიანმა ჩინოვნიკმა დაკარგა. მაგალითად, ორგზის პრემიერად დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სუს-ისა და შს მინისტრებმა, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევის გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ.
დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილიც. ივანიშვილის გარემოცვაში საკადრო წმენდა დაიწყო.
ამავე დროს, დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – შსს-ს ვერსიით, მან 7 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. იმავე დღეს, პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა. წერილის ავთენტურობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.
როდის უპირისპირდება რეჟიმი სისტემის მსახურებს და რით ჰგავს საბჭოთა ან პუტინის რეჟიმს ივანიშვილის სისტემა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

ირაკლი ხვადაგიანი
- ირაკლი, რა საერთო აქვს ივანიშვილის რეჟიმს პუტინის რეჟიმთან? რაშია მსგავსება ან განსხვავება? ან კიდევ, საბჭოთა რეპრესიული სისტემიდან რა აქვთ ამ რეჟიმებს ათვისებული?
ძალიან ჰგავს ეს პროცესი და ტენდენცია იმას, რაც რუსეთშია. ორივე მათგანი, რა თქმა უნდა, გაგრძელებაა იმ საბჭოთა რეჟიმის, ოღონდ ახალი, შევსებული და რაღაცნაირად ადაპტირებული ვარიანტია საბჭოური, რუსული ტოტალიტარული გამოცდილების. თუმცა, ექსკლუზიურად საბჭოურისაც არა, რადგან ვიცით, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ჰგვანან ერთმანეთს, სწავლობენ ბევრ რამეს ერთმანეთისგან და ამ ყველაფერს ემატება ადგილობრივი სახასიათო ელემენტები.
ამიტომ ცხადია, როცა საუბარი გვაქვს ამ სისტემაზე, რეჟიმზე, ეს არის ერთგვარი მაფიოზური დაჯგუფება, ხშირად ბელადზე ორიენტირებული. ერთი ადამიანია ამ დაჯგუფების უპირობო ლიდერი, მმართველი და ორგანიზატორი და აქედან გამომდინარე, ის არის ძალაუფლების წყარო და არანაირი ბალანსი, გაზიარება, ერთობლივი პარტნიორული მართვა აქ არ მოიაზრება. ერთი ადამიანი და მისი მორჩილი კადრების პირამიდაა ყოველგვარი ნორმატიული ჩარჩოს მიღმა. აქ არ არის რაღაც დაწერილი წესები, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მონაწილის ავტონომიურობას.
ან ხარ ამ სისტემის ნაწილი და ასრულებ ბელადის დავალებას, ან ხარ არავინ. აი, ეს არის საფასური და რა თქმა უნდა, ტოტალიტარიზმის ამ თანამედროვე ჰიბრიდის პირობებშიც ასეთია ლოგიკა, უბრალოდ მასშტაბები ქმნის გარკვეულ განსხვავებებს.
- როდის უპირისპირდება რეჟიმი თავის მორჩილებს და რა სურათი გვაქვს ივანიშვილთან და მის გარემოცვაში?
რასაც წარსული და თანამედროვე გამოცდილება გვაჩვენებს, დაპირისპირება თავად რეჟიმის არსია, რადგან ის მუდმივად დგას შიდა წმენდებზე.
კასრში ვირთხების გამოყვანა ემსახურება იმას, რომ ვირთხა ჭამს თანამებრძოლს და ამ სისტემაშიც, შიგნით, მუდმივად ხდება „ბუნებრივი გადარჩევა“, სადაც უფრო სიცოცხლისუნარიანი იმარჯვებს, ინარჩუნებს პოზიციებს და ეს არის დაუსრულებელი ციკლი, რომელსაც არეგულირებს „მეპატრონე“.
აქ განსხვავდება ინტენსივობა და ანგარიშსწორების ხარისხი.
რაღაც ეტაპზე ეს არის შიდა კლანური კონკურენცია და ბრძოლა შიგნით უფრო მეტი რესურსების მოპოვებისთვის, ერთგვარი შიდა ფარული ომი, რასაც შიდა მმართველი ხედავს, მაგრამ არ უშლის ხელს, რადგან მას სჭირდება ეს იმისთვის, რომ ეს შიდა ბალანსი შეინარჩუნოს, რომ მართოს კონკურენციაში მყოფი კლანები და მისი ამოცანები შეასრულებინოს, ოღონდ არ მისცეს არცერთს ისეთი გაძლიერების საშუალება, რომ თვითონ მმართველისთვის გახდნენ სახიფათო.
ამ ეტაპზე ხდება ქონების გადანაწილება, პრივილეგიების, პოსტების და ასე შემდეგ.
ეს ეტაპები ჰქონდა ივანიშვილსაც.
როგორ მოხდა დაპირისპირება კლანებს შორის, იქნება ეს კალაძის, კობახიძის თუ ღარიბაშვილის და როდესაც კრიზისი არის უფრო მძაფრი, უფრო ეგზისტენციალური საფრთხეები აქვს მთავარ მმართველს, ამ შემთხვევაში საფასური იზრდება და მხოლოდ ფული, პრივილეგია ან პოსტი აღარ არის ის, რასაც რეჟიმის მსახური კარგავს, არამედ კარგავს სიცოცხლესაც, რისი მაგალითებიც გვაქვს რუსეთში.
- ბიძინა ივანიშვილის ეგზისტენციალური საფრთხის გამოა ის, რაც დაემართა, მაგალითად, თორნიკე რიჟვაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ან იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ემსახურნენ რეჟიმს, მაგრამ ახლა აღარ არიან საჭირო?
კი, რა თქმა უნდა. ლოგიკა ეს არის, რომ ივანიშვილს აქვს გამოწვევები, ის არის სამიზნე სანქციების, მისი ძალაუფლების გასაღები რაც არის – ფინანსური რესურსები, შემცირდა, ამიტომ მას სჭირდება ყველანაირი კონსოლიდაცია ამ ფინანსური რესურსების. პრაქტიკაში რასაც ვადევნებთ თვალს, პანიკური რეაქცია აქვს ახლა ივანიშვილს, ცდილობს ყველაფრის ამოქაჩვას, ცენტრალიზაცია უნდა განახორციელოს, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საკმარისი ის რესურსები, რომელიც მას ამ წუთას გააჩნია.
რუსეთში რასაც ვხედავთ, ანალოგიურია, ხომ?! ბოლო წლების მაგალითები, რომ ფანჯრებიდან ცვივიან ყოფილი ოლიგარქები, მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ, იმის სიგნალია, რომ სისტემამ დაიწყო ყველანაირი რესურსების ამოქაჩვა, მობილიზება. რუსებს კრიზისი აქვთ, ეკონომიკა ჩამონგრევის პირასაა, სამხედრო საომარი მანქანა ისრუტავს ამ რესურსებს და კიდევ და კიდევ მეტი უნდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ აღწევს დასახულ მიზნებს და ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი რეკეტი.
- პუტინს აქვს ომი და გასაგებია, რომ მას ამისთვის სჭირდება რესურსები, მაგრამ ივანიშვილის შფოთვები მხოლოდ სანქციებს უკავშირდება, თქვენი აზრით?
შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილსაც აქვს ომი, ოღონდ საკუთარ ხალხთან, საქართველოს წინააღმდეგ.
ამ ეტაპამდე, სანამ ის გახდებოდა სანქციების სუბიექტი, მას ჰქონდა კომფორტი, რომ ერთი მხრივ თავისი კაპიტალით ემოძრავა და გაეზარდა ეს კაპიტალი საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებით და როგორც ხედავთ, მას მთელი ქვეყანა ისედაც განაწილებული აქვს თავისი მაფიოზური დაჯგუფების ხელში, დამატებით შემოსავალს იღებდა აქედან და ამ ვერტიკალსაც ინარჩუნებდა პრინციპით – „ძარცვე, ოღონდ იყავი ლოიალური და ჩემი წილი მოიტანე ყულაბაში“. ეს განსაზღვრავდა ერთგულებასაც და მოტივაციასაც ამ ტურბულენტური ქსელის მონაწილეებისთვის.
ის ღიად დაუპირისპირდა დასავლეთს, გარდა ამისა, რუსეთის იმედი კი აქვს, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რუსეთში რა მდგომარეობაა, მას იქეთ სჭირდება სახსრების მობილიზება, ამიტომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილი, რადგან ის ასევე დაპირისპირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობასთან, დიქტატორული გარემო და სისტემა ჩამოაყალიბა, რასაც სჭირდება რესურსი.
სადამსჯელო რეპრესიულ აპარატს სჭირდება სტაბილური შემოსავალი, რაც განსაზღვრავს ამ დამსჯელი ვერტიკალის ლოიალურობას სისტემის მიმართ. ამის რესურსი მოაკლდა ივანიშვილს და ამ სახსრების ამოქაჩვის პროცესი მიმდინარეობს ახლა.
- პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეჟიმის ჯილდოები ვერ იცავს მორჩილებს და ამის მაგალითია ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც დააჯილდოეს მედლებით, მაგრამ მაინც დაკარგეს თანამდებობა, გავლენა და მოხვდნენ მაგნიტსკის სიაშიც. ეს ნიშნავს, რომ როდესაც რეჟიმს სჭირდება მსხვერპლი, მაგალითად, ფული, ასეთ დროს რეჟიმის მორჩილიც ადვილად შეიძლება გახდეს სამიზნე?
რა თქმა უნდა და ჩვენ შეგვიძლია მათ მორალის საზომიდან ვუთხრათ, რომ აი, შენ ხომ რეჟიმს ემსახურე, პირადი კომფორტი ხომ უფრო მაღლა დააყენე ვიდრე მოქალაქეების უფლებები, დაჩაგრე და აწამე იმის ხარჯზე, რომ ჯილდო მიგეღო… ახლა ეს ჯილდოებიც გაქრა და აღმოჩნდნენ სადღაც მოსროლილი.
თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას ეს არჩევანი აქვს გაკეთებული თავის დროზე და გაცნობიერებული აქვთ, რომ თუნდაც მოკლევადიანი ხეირისთვის ამ ნაბიჯზე წამსვლელები იყვნენ.
მათი მენტალიტეტი იმაზეა აწყობილი, რომ ერთი ნაბიჯით, ერთხელ, მოკლე დროში იშოვონ რაც შეიძლება მეტი და იმის იქეთ რაღაც სტრატეგიული გათვლების არც სურვილი აქვთ, არც რესურსი და არც მოტივაცია.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, ეს მაინც წამგებიანი და დამღუპველი იქნება მათთვის. ერთგვარი აზარტი აქვს მათთვის იმას, რომ ვიღაცას მოეთხოვა შიდა კლანურად პასუხი, მაგრამ ვიღაცები გადარჩნენ.
- ყოფილა შემთხვევები თუნდაც საბჭოთა რეჟიმის დროს, რომ ამ სისტემიდან ვიღაც გადარჩენილა, გამომძვრალა და რა შემთხვევაში ხდება ეს?
ძალაუფლება და ფული ამ შემთხვევაში ერთი მოცემულობის ნაწილია. ძალაუფლება, პოსტი არის ვიზა, ერთგვარი ჩარჩო ფულის მოსაპოვებლად კანონის გვერდის ავლით და ხშირ შემთხვევაში – პირდაპირ დაკანონებულიც. ამ სისტემური უსამართლობის ნიმუშია სახელმწიფო ფუნქციონერების ხელფასი, რაც არის ძალიან დიდი და ამის მიღმაც ბევრი კორუფციული გარიგების და რეკეტის საშუალება ეძლევათ.
საბჭოური ტოტალიტარიზმის შემთხვევაშიც ასე იყო დიდწილად, როცა პარტიული პოსტი იყო, ასე ვთქვათ, ფულის საჭრელი მანქანა.
თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა შიდა წმენდებს და ციკლურ მსხვერპლშეწირვას გადაურჩნენ ადამიანები და ეს არის ის ინტუიციური მეხსიერება, რაც ახალისებს სადამსჯელო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს, რომ შეიძლება მათაც მოახერხონ გადარჩენა.
ამის ბევრი მაგალითია, თუნდაც საბჭოთა ბოლშევიკი ანასტას მიქოიანი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან პოსტებს იკავებდა და არცერთი შიდა წმენდის კამპანია მას არ შეხებია. ლენინიდან ბრეჟნევამდე იცხოვრა და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
- რამ გადაარჩინა?
გადარჩენის შანსებს განსაზღვრავდა ის, რომ ამ სისტემის მსახურებს სწორად ეგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი და აღმოჩენილიყვნენ გამარჯვებულის ბანაკში.
მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ უფრო ერთგულად ემსახურებოდა ბელადს, ვინ უფრო ახერხებდა მოწინააღმდეგის კომპრომეტირებას და ვინ უფრო „ჭკვიანურად“ სარგებლობდა დიდი ტერორის კამპანიების დროს შექმნილი გარემოთი, როცა თუნდაც ერთი აგენტურული შეტყობინება საკმარისი იყო ადამიანისთვის ბრალის წასაყენებლად.
- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის კორუფციულ კლანში ყველაზე სუსტი რიჟვაძე აღმოჩნდა? რადგან ასეთი შედეგი სხვების შემთხვევაში ჯერ არ დამდგარა.
ამ ეტაპზე არ ვიცით ამ მაფიოზური დაჯგუფების შიდა სამზარეულოს შესახებ და მედიის განადგურებაც ზუსტად ამას ისახავს მიზნად, რომ არ ვიცოდეთ სინამდვილეში რა ხდება და რა პროცესები მიდის იქ. ამიტომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, რადგან არ ვიცით მომდევნო ფაზები და შიდა მასშტაბური კამპანიები ამ ოლიგარქიული რეკეტის საითკენ წავა, ვინ გახდება სამიზნე და ვინ როგორ მოახერხებს თავის დაღწევას.
საწყისი ფაზაა და ბოლო რამდენიმე თვეა რაც ამაზე ცხადად დაიწყო საუბარი. მსგავსი რეჟიმების გამოცდილება და პარალელურად მიმდინარე პროცესები გვაჩვენებს, ეს უფრო ღრმად წავა და უფრო ტრაგიკული სურათების მოწმე გავხდებით თუ არა.
- რუსეთში ბოლო დროს გარდაცვლილი გავლენიანი პირების ისტორიებში ფიგურირებს „თავი მოიკლა“ და წერილი, რომელიც აღმოჩნდება ხოლმე გარდაცვალების შემდეგ. თორნიკე რიჟვაძის ამბავშიც გამოჩნდა წერილი. თქვენი აზრით, იგრძნობა აქაც რუსული რეჟიმის კვალი?
არაფერი ახალი აქაც არ არის, ეს ჟანრის კანონია სამწუხაროდ.
წერილის ელემენტიც არის ის, რომ ოფიციალური ჩარჩო მიუსადაგონ და სისტემამ თავი გაითავისუფლოს პასუხისმგებლობიდან. ძალიან შეთითხნილი სურათია, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის შიდა გარჩევებისა და წმენდებისთვის და ძალიან ჰგავს როგორც წარსულ მაგალითებს, ასევე რუსეთში თუ სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს.
- საბჭოთა რეპრესიებიდან ბერიას და მაშინდელი სომხეთის კომპარტიის პირველი მდივნის, აღასი ხანჯიანის შეხვედრა გაიხსენეს ამ დღეებში ფეისბუქზე. როცა ამ შეხვედრის შემდეგ ხანჯიანი მკვდარი იპოვეს, მას ორი წერილი ედო ჯიბეში ერთი ცოლისთვის და მეორე ბერიასთვის, სადაც წერდა რომ „ძლიერ გაიხლართა და სხვა გზას ვეღარ ხედავს”. არ ფიქრობთ, რომ რაღაც ამდაგვარი იყო რიჟვაძის წერილის შინაარსიც?
კი, რა თქმა უნდა, ლოგიკა ერთი არის. ნამდვილად მისი დაწერილიც რომ იყოს, ეს ხომ არის შედეგი რაღაც პროცესის და ცხადია, რა პროცესისაც, რომ მიდის ფულის ამოქაჩვის ძალისმიერი კამპანია, რომელიც ძალიან მტკივნეულია ამ კორუმპირებული სისტემის წარმომადგენლებისთვისაც.
როცა შიდა გარჩევებში ასეთი რაღაც ხდება, როგორ უნდა შეიფუთოს ეს, რომ სისტემამ აიცილოს პასუხისმგებლობა – თავისთავად, მიდის უკვე ბევრჯერ ნანახ და გადაღეჭილ მაგალითებამდე.
- ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, ისტორია გვაჩვენებს, რომ რეჟიმები არა მხოლოდ სისტემის მსახურებს ჭამს, არამედ მათ შემქმნელებსაც. ამის მაგალითია ფაშისტური და საბჭოთა რეჟიმები, თუმცა დღევანდელი ტოტალიტარული რეჟიმები თითქოს უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლეს და რატომ?
დიქტატორების დამხობის და ჩამოშლის ბევრი სურათი იყო წინა ათწლეულში, ვნახეთ ისიც, ასადს რა დაემართა, სად არის ამჯერად და როგორ შეავსო, ასე ვთქვათ, განდევნილი და დამარცხებული დიქტატორების კლუბი მოსკოვში, იანუკოვიჩის მეზობლად.
რა თქმა უნდა, ეს სია ღიაა და რუსეთის ინტერესების მსახური ყველა ავტორიტარის პერსპექტივა მსგავსია.
ან რევოლუციით მოეღებათ მათ ბოლო ან ერთობლივი შიდა და გარე პროცესების ზემოქმედებით. ჩვენთან მიმდინარეობს ეს პროცესი და დიდი ალბათობით, დიდი სურვილი მაქვს ამისი, რომ რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ ვნახოთ, რომ ივანიშვილიც ზუსტად ამ კლუბის წევრი გახდება და კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმის, თუ როგორი შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში დიქტატურის სწრაფი და ეფექტიანი ჩამოყალიბება, როცა სხვა პროცესები ამ ყველაფერს ხელს უშლის.






