7 ივლისს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს [„ზარალა“], რომელსაც პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება, 70 000 ლარიანი გირაო დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე ნანა შამათავას თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სასჯელი, პატიმრობის გამოყენება არ არის საჭირო.
პროკურატურა ბიზნესმენის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შედეგად მიიღო.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივნისს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბიზნესმენი დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალი, რომელსაც გიორგი რამიშვილს ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თავად გიორგი რამიშვილმა 7 ივლისს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „მისი შეცდომისთვის 4-დან 7 წლამდე სასჯელი ძალიან ზედმეტია“.
„ეს არის შეცდომა, რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. უცხოეთში მივდიოდი. ჩანთიდან რამდენჯერმე რაღაც ამოვიღე კიდეც და ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. მივაწოდე ჩანთა კონტროლს და იქვე აღვნიშნე, რომ რაღაცა შეცდომა იყო. მაგრამ ასეთი რანგის შეცდომის დასჯა 4-დან 7 წლამდე ძალიან ზედმეტია.
ძალიან ვნანობ. კანონი არასდროს დამირღვევია, რაც თავი მახსოვს. ყველა ჩემს მანქანას მართავს მძღოლი. ჯარიმა კიდევ იმისაა, რომ გადაიხადო. შემთხვევით იყო ჩანთაში და რომ მცოდნოდა, ხომ 100%-იანი შანსია, რომ ამოვარდება. არ იქნებოდა ადეკვატური.
გაქცევაზე და მიმალვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახი აქ მყავს, 7000 თანამშრომელი. რა მჭირს გასაქცევი? არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა მან.
გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. ასევე „ევრონიუს-ჯორჯიას“ დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.
გიორგი რამიშვილის სახელს წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.
მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.
____________
ფოტო: „ტვ პირველი“






