დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
პროკურატურა მას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია. მან მოკლე სიტყვით მიმართა დარბაზში მსხდომებსა და საზოგადოებას, შემდეგ კი დარბაზი დატოვა.
„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ – ასე გამოსძახა დარბაზში მსხდომებს მათე დევიძემ მაშინ, როცა ხელბორკილებით გაჰყავდათ.
გთავაზობთ მათე დევიძის დასკვნით სიტყვას სრულად:
„სალამი თანამებრძოლებო!
ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შუა საუკუნეებთან, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის.
იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღეც იქნება. ვფიქრობ, დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ, რაღაცა იქნება, რა …
იცით ყველამ, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე… – ბოდიში, ვნერვიულობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს – …ჩამოვდიოდი აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად გამეპროტესტებინა მშვიდობიანი პროტესტით ევროკავშირის კურსიდან გადახვევა.
19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყო ფორმიანმა დაჯგუფებამ იმ პატარა ლამაზი სამყაროს დანგრევა, მაგ დროს ორი დღის უძილო ვიყავი. ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა.
როცა დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება, მე მოვყევი ამ შეხლა-შემოხლაში. ვეცადე გავრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. იცით, შემდეგ რაც მოხდა.
[რამდენიმე წუთით გაჩუმდა და ფიქრობს. მოსამართლემ შესთავაზა დაჯდომა, მაგრამ უარი უთხრა და საუბარი ფეხზე მდგომმა გააგრძელა.]
მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა დასისხლიანებული იყო, ვინმე პოლიციელი არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული?! თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ შედარება ჩვენსა და მათ შორის.
ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებასა და ფულს ამოფარებული და ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც სისხლს დავუდექით პირისპირ. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს შეუსრულოთ ბრძანება.
მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი. იმიტომ, რომ არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. მაპატიეთ, მაგრამ ვტოვებ თქვენს ბინძურ სამფლობელოს და იმედი მაქვს, თქვენ სახეს აღარასდროს ვნახავ [მიმართავს მოსამართლეს]“, – თქვა მათე დევიძემ.
_____________
ფოტოზე: მათე დევიძე აქციაზე.