მთავარი,სიახლეები

„თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

08.07.2025 •
„თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. მას თორნიკე რიჟვაძეზე ვესაუბრეთ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი და შსს-ს ვერსიით,  თვითმკვლელობა სცადა.

„ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება თავად გახდეს მსხვერპლი, რადგან ეს არის ტოტალური, აღვირახსნილი უსამართლობა, უკანონობა. ჩემთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა ამის დემონსტრირებაა…

ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, რომ შევძლოთ ამ კრიმინალური ბანდისგან საქართველოს გათავისუფლება,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

„ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო არმაზ, რაზე მიუთითებს თქვენთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა? აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე დაჭრილია და კლინიკაში რჩება.

ამ უკიდურესად სასტიკი, ავტორიტარული სისტემის პირობებში ნებისმიერი ადამიანი დაუცველია. ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება, თავად გახდეს მსხვერპლი, რადგან ეს არის ტოტალური, აღვირახსნილი უსამართლობა, უკანონობა. ჩემთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა ამის დემონსტრირებაა.

როგორც გითხარით, დღეს ნებისმიერი ადამიანი დაუცველია, მათ შორის რეჟიმის შემოქმედიც, შემკვეთიც და შემსრულებელიც. ასეთ სასტიკ, კრიმინალურ სისტემებს ეს ისტორიულად ახასიათებს. ამის არაერთი მაგალითია წარსულში.

თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი! გარდა იმისა, რომ ბატონი თორნიკე სწრაფად და სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ვერაგი, ანტიჰუმანური, ანტიეროვნული, მახინჯი, რეპრესიული სისტემა უნდა განადგურდეს, რომ ასეთი სისასტიკე, ასეთი დანაშაული, ანომალია აღარ ხდებოდეს საქართველოში.

  • რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის გამოძიების ვერსია და წერილი, რომელიც, პროსამთავრობო მედიასაშუალებების თქმით, თითქოს თორნიკე რიჟვაძეს ექიმებმა უპოვეს და გაავრცელეს? თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილში რიჟვაძე ივანიშვილს სთხოვს ოჯახის დაცვასო 

მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა და ყველაფერი დაქვემდებარებულია ერთ არალეგიტიმურ ცენტრს, დამაჯერებელი აღარაა არაფერი – ცხადია, არც წერილი და არც მისი შინაარსი!

ზედმეტია საუბარი ობიექტურობასა და ობიექტურ გამოძიებაზე, იმ ადამიანების მხრიდან წესიერებაზე, რომელთაგანაც ეს განცხადებები გვესმის. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვირწმუნებთ!

  • ამ და სხვა მაგალითის მიხედვით, რა შეგიძლიათ გვითხრათროგორ ექცევა ივანიშვილის გუნდი თავისივე წევრებს? არსებობს ვერსია, რომ თითქოს თორნიკე რიჟვაძეს ბიძინა ივანიშვილი 300 მილიონი დოლარის გადახდას აიძულებდა.

ჩვენ ბათუმელები ვართ, ვინ ვინ და ყველაზე უკეთ ვიცით, სასტიკი, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში რა დღეში აღმოჩნდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი… ბათუმი ამათი დანაშაულებრივი ექსპერიმენტის პოლიგონად იქცა. კორუფციამ მიიღო წარმოუდგენელი მასშტაბი. ქალაქი, უბრალოდ, გავერანდა, ბიზნეს-პოლიტიკურმა გარიგებებმა სრულად უგულებელყო, ფეხქვეშ გათელა ბათუმელების ინტერესები.

ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფება ცდილობს მოაწყოს ქუჩური, კრიმინალური გარჩევები: თავად კრიმინალები ებრძვიან კრიმინალს, თავად კორუფციონერები ებრძვიან კორუფციას. რა თქმა უნდა, ეს ანომალიაა. მთელი ქვეყანა მოიცვა გაუგონარმა კორუფციამ. რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი.

რეჟიმი ინარჩუნებს გავლენებს ძალაუფლების მიტაცებით. სწორედ ამიტომაა, რომ გაუქმებულია დემოკრატია, გაუქმებულია სამართლიანი სასამართლო და ყველაფერი ჯანსაღი, რაც ჯერ კიდევ აქა-იქ შემოგვრჩა ქვეყანაში, ამ პოლიციური რეჟიმის პირდაპირი სამიზნეა. მითქვამს და გავიმეორებ: მზია ამაღლობელი დღეს ციხეშია სწორედ იმიტომ, რომ ამ რეჟიმისთვის ძალიან მწარე აღმოჩნდა მისი და მისი მედიასაშუალების მართალი, ობიექტური მხილება.

მათი სამიზნე ვართ ყველა, ვინც ვეწინააღმდეგებით რეჟიმს!

  • უშვებთ, რომ რეალური შეიძლება იყოს ვერსია: ივანიშვილი სთხოვდა თორნიკე რიჟვაძეს თანხას და ამის გამო მოუწია მას ჩასვლა ან ჩაიყვანეს საგარეჯოში

არ გამოვრიცხავ, ცხადია. ეს არის ქვეყანა, სადაც არც ობიექტური გამოძიება არსებობს და არც პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი სასამართლო. ასეთი გარჩევები მიღებულია ახლა საქართველოში, ამის ზეობა გვაქვს ქვეყანაში.

ეს ხდებოდა მანამდეც, მაგრამ ივანიშვილმა ეს ზენიტში აიყვანა.

  • თქვენი დაკვირვებით, რა ეტაპზე ახლა ივანიშვილის რეჟიმი? თქვენ ახსენეთ, რომრეჟიმი თავის გადარჩენას ცდილობს“. იქნებ პირიქით, ამ მეთოდებით ივანიშვილი ცდილობს ტოტალური შიშის დამკვიდრებასოცნებისდაჯგუფებაში, რომ რეჟიმი არავის დაინდობს

ეს ავტორიტარიზმის ყველაზე მახინჯი ფორმაა, რომელიც უკვე დამკვიდრდა და სწრაფად იხვეწება სისასტიკესა და ვერაგობაში. შესაბამისად, თუ საზოგადოება და მის მიერ შერჩეული ახალი პოლიტიკური ძალები დროულად, უმოკლეს ვადაში ვერ შეძლებენ საქართველოს ამ უბედურებისგან გათავისუფლებას, შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩავრჩებით კორუფციისა და რუსული ავტორიტარიზმის ამ გაუგონარ ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება ძალიან რთული! რაც დრო გავა, მით რთული იქნება ეს!

უნდა ვხდებოდეთ, რომ არაფერი ეროვნული, არაფერი სახელმწიფოებრივი, არაფერი ადამიანზე ორიენტირებული ამათ არც ერთ ქმედებაში არ არის, პირიქით კია, ნამდვილად!

ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, რომ შევძლოთ ამ კრიმინალური ბანდისგან საქართველოს გათავისუფლება, არამხოლოდ გათავისუფლება, არამედ მმართველობაში ისეთი ხალხის მოყვანა, ვინც არსით ეწინააღმდეგება ანომალიურს, არადემოკრატიულს, უსამართლოს, არაჰუმანურს…

ჩვენ გვჭირდება საქართველოში სწორედ პოლიტიკოსთა ასეთი გუნდი, მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ, რომელიც უმოკლეს ვადებში შეძლებს ფუნდამენტური რეფორმების დაწყებას და ბოლომდე მიყვანას; შეძლებს სამართლიანი წესრიგის დამყარებას, რის შემდეგაც საქართველო დადგება მოუბრუნებლად და უალტერნატივოდ სწორი, სამართლებრივი, ევროპული განვითარების გზაზე. წერტილი დაესმება ბათუმსა და ყველგან, საქართველოში აღვირახსნილ უკანონობას, როცა ბიზნესის და პოლიტიკის კრიმინალური გარიგება წესად იქცა.

ამას შეუძლებელს გახდის სწორი სისტემა და, რაც მთავარია, სისტემის შემოქმედი – თავდადებული, პატრიოტი, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ რაც უნდა ვარსკვლავები ჩამოწყვიტონ ციდან, მათი მმართველობის დრო მაინც შეზღუდულია, განსაზღვრულია სამართლიანი ნორმებით, კონკრეტული ვადითა და შეკვეთით. აი, ეს სჭირდება საქართველოს.

ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც 2012 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეცვალა, მაგრამ მან გაცილებით უარესი ჩაიდინა, ვიდრე სააკაშვილმა.

  • რა იცვლება ამ მოცემულობაში, როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა?

ოპოზიციის ამ ორ ნაწილს შორის დიდი სხვაობაა. ვერაფრით გავიზიარებ ამ სპეცოპერაციაში, ივანიშვილმა არჩევნები რომ დაარქვა, მონაწილეობას.

საუბედუროდ, დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს არ შეუძლია საქართველოში რადიკალური ცვლილების მიღწევა, მას არ შესწევს უნარი, ივანიშვილის რეჟიმი დაასრულოს და სწორი გზით ატაროს ქვეყანა. ამას სჭირდება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი პოლიტიკური კლასი, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს – სიმართლე ეს არის, მაგრამ მისი შექმნა შესაძლებელია ამ პოლიციური, გაუსაძლისი რეჟიმის პირობებშიც კი, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია! მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხებას.

ეს უნდა შევძლოთ უმოკლეს დროში ან ქვეყანა მრავალი წლით ჩარჩება უძრაობის, რეპრესიებისა და უპერსპექტივობის ჭაობში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: