პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ ეტაპზე უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორატიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია.
ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია. ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – აცხადებს ლევან რატიანი.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ბოლო მონაცემებით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის სცადა, შსს-მ 7 ივლისს გაავრცელა.






