ხელვაჩაურის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც ხულოს საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნას ეხებოდა.
ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს.
როგორც „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ უთხრა, ხულოს საკრებულოს წევრმა კოალიციიდან -„ძლიერი საქართველო“, ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომ ხულოს საკრებულომ ხელახლა უნდა იმსჯელოს ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე.
„მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ფრაქციის შექმნა არ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან და საკრებულოს უარის თქმა საფუძველს მოკლებულია, თუმცა ის ვერ დაავალდებულებს საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნას, ამაზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ,“ – გვითხრა ბესიკ შაინიძემ, ხულოს საკრებულოს წევრმა.
ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან – „ლელო“, ზაზა ვანაძეს – „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს – „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა.
ხულოს საკრებულომ ახალი ფრაქციის რეგისტრაციაზე 2024 წლის 23 დეკემბერს უარი თქვა. ხულოს საკრებულოს უმრავლესობა იმ არგუმენტს დაეყრდნო, რომ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, უკვე აქვს ფრაქცია ხულოს საკრებულოში.
ამ თემაზე:
ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – დავა სასამართლოში






