მთავარი,სიახლეები

2-ჯერ გადაურჩა სიკვდილს, მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა – მაღაროელის მეუღლე

08.07.2025
2-ჯერ გადაურჩა სიკვდილს, მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა – მაღაროელის მეუღლე

ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე 20 დღეა ციხეში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სარალიძე 29 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მერაბ სარალიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი მაღაროელი – გიორგი მეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღეს, 8 ივლისს, მერაბ სარალიძის მეუღლე ჟანა გოგატიშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა მეუღლის შიმშილობას. მისი თქმით, მერაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„როცა მე და მერაბმა ოჯახი შევქმენით, დედა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. ობლობაში გაიზარდა, დედისერთაა. არ გვქონდა საკუთარი ჭერი. შრომის იმედად დავიწყეთ თანაცხოვრება. ყველაფერს აკეთებდა, რომ შეგვძლებოდა შვილებისთვის კარგი მომავალი შეგვექმნა. მაშინაც არ აცდენია გზას, არ დაუკარგავს სინდისი და პატიოსნება, როცა უკიდურესად გვიჭირდა.

შრომით ვზრდით ორ შვილს, ვიყიდეთ სახლი, ფეხზე დავდექით და საუკეთესო თუ არა, ნორმალურ პირობებში ვაგრძელებდით ცხოვრებას.

ახლა ციხეში შიმშილობს და ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა. განა რას ითხოვდნენ უსამართლოს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ურთულეს პირობებში სიცოცხლის ფასად უწევთ შრომა. ორჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ დიდი ქვა დაეცა, მძიმე ტვინის შერყევით იწვა. კასკა რომ არა, ალბათ ვერც გადარჩებოდა.

ასევე შიმშილობენ მისი მეგობრები კარავში. სამს პირი აქვს ამოკერილი, მათი მდგომარეობაც  ყოველ დღე მძიმდება.

ძალიან მიჭირს ამ რეალობის გამკლავება. ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ მიწყობს ხელს, რომ ორი შვილის მარტო რჩენა და გაზრდა შევძლო. პასუხებს ვეღარ ვპოულობ ჩემი შვილების შეკითხვებზე.

ბიჭი წელს შედის სკოლაში, სულ მეკითხება მამიკოს ამბავს, მოენატრა. გოგო მე-6  კლასში გადავიდა, მამას ტელეფონზე ვერ ესაუბრება, ტირის და ნერვიულობს ბავშვი. მანამდეც ჰქონდა ნერვული პრობლემები, მაგრამ ახლა გაუმძაფრდა, ექიმთან დამყავს ამის გამო.

ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ცხოვრებისთვის, მეტს არაფერს ვითხოვთ.

მივმართავ ყველას, თუკი შეგრჩათ რაიმე ადამიანური, მიიტანოთ გულთან ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირი!

გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, თენგო გველესიანი, გიორგი ნეფარიძე – მშრომელი, პატიოსანი ხალხი, რომელთაც კარგის მეტი არასდროს არაფერი სდომებიათ ქალაქისთვის“, – წერს ფეისბუქზე ჟანა გოგატიშვილი.

15 დღეზე მეტია პროტესტის ნიშნად შიმშილობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია კლინიკაში გადაყვანა მირზა ლოლაძესაც, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ისინი შიმშილობას კვლავ აგრძელებენ.

მათთან ერთად შიმშილობენ შავლეგ გოგსაძე, გოგა მოდებაძე, სიმონ მიქაცაძე და ჯანიკო ლაბაძეც.

მოშიმშილე და დაკავებული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობდნენ.

გიორგი მეფარიძე კი შუქრუთის მცხოვრებია და უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა, თუმცა კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდის და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: