მთავარი,სიახლეები

მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

08.07.2025
მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

სამოქალაქო აქტივისტს ალბი კორძაიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე კახნიაშვილმა 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესი ბათუმში გაიმართა. სხდომას ალბი კორძაია არ ესწრებოდა.

„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი პატიმრობა 5 დღე.

ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან,“ – დაწერა აქტივისტმა სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ.

28 ივნისს ალბი კორძაიამ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ მოსთხოვა მათე დევიძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო პასუხი პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს.

ალბი კორძაია ვიდეოში, რაც დღეს, 8 ივლისს, მისი პატიმრობის საფუძველი გახდა, პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს მიმართავს და ეკითხება:

„ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო. გამოხვედი, ცრუ ჩვენება მიეცი სასამართლოზე და მაგის მერე ბათუმში ისვენებ ბიჭო,“ – ისმის ვიდეოში ალბი კორძაიას ხმა.

„დიდი პრემია ავიღე“, – ირონიულად პასუხობს მას ამავე ვიდეოში ბიძინა ჟამერაშვილი.

ვიდეო თავად აქტივისტმა გადაიღო და გაავრცელა.

ვიდეოს გავრცელებიდან ორ დღეში, 30 ივნისს, ალბი კორძაიამ დაწერა, რომ საპატრულოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბიძინა ჟამერაშვილი მას შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.

რადგან სადავო ეპიზოდი ბათუმში მოხდა, საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა აქტივისტი ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა.

აქტივისტ ალბი კორძაიას ბოლო ერთ თვეში ადმინისტრაციული პატიმრობა მეორედ შეუფარდეს.

ბიძინა ჟამერაშვილი მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელია. ის 7 თებერვალს დაკითხა სასამართლომ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესზე.

ბიძინა ჟამერაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპატიმრო სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ – მათე დევიძის სიტყვა სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: