თორნიკე რიჟვაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ განცხადება დღეს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა.
„წუხელ, ღამით, 2 საათზე, თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. თვითონ ოჯახის წევრებმა გამოიძახეს რეანომობილი. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით, მაგრამ მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან არ შეიძლებოდა მართვითი სუნთქვის გარეშე საჰაერო ფრენის დროს.
მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ჩაიბარეს თურქმა ექიმებმა“- ეს განცხადება დღეს, 9 ივლისს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ გააკეთა მედიასთან.
ამავე კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი გუშინ მედიასთან ამბობდა, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო. „გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორატიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია“- თქვა მან მედიასთან.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ 7 ივლისს თვითმკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. ამ დროს ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და თვითმკვლელობაც მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით სცადა.
დაწყებული იყო გამოძიება ამ ფაქტზეც, თუმცა ახვლედიანი გუშინ სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.
თვითმკვლელობის მცდელობის დღეს, პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძეს ჯიბეში უპოვეს.
წერილში საუბარია კორუფციასა და ნარკოდანაშაულის მფარველობაზე, რომელსაც თითქოს რიჟვაძეს აბრალებდნენ.
__________________
ამ თემაზე:
„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე






