რატომ გააძევეს სასტუმროდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი და მისი დედა – „არ ვარ ვალდებული აგიტანოთო“

„არ შეიძლება მშობელს უთხრა ბავშვის გასაგონად: „ამოიყვანე აუზიდან, ფულს გიბრუნებ და წადით“, „შენ არ გითქვამს, რომ ასეთი აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდით“, „არ ვარ ვალდებული აგიტანოთ“, – ამბობს 12 წლის ქეთი ლიპარტელიანის დედა, გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“.

ქეთი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და დედასთან ერთად სურამში უნდა დაესვენა 5 დღით, მერიისგან მიღებული ვაუჩერით. თუმცა როგორც დედა, გვანცა გულიაშვილი ამბობს, მეპატრონემ ისინი აიძულა, სასტუმრო დაეტოვებინათ.

„ხუთი დღით უნდა დაესვენა ქეთის სურამში, სასტუმრო „ლეჯიანდრო სურამის“ მფლობელს, მადონა ხაჩიძეს ერთი თვით ადრე ვესაუბრე და მან იცოდა, რომ ჩემს შვილს ჰქონდა აუტისტური სპექტრი. ის არ ყოფილა წინააღმდეგი, მის სასტუმროში რომ დაესვენა ბავშვს.

მერიას არ ჰყავს კონტრაქტორი სასტუმროები, ის უბრალოდ შშმ ბავშვებს აძლევს 800-ლარიან ვაუჩერს და სასტუმროებს თავად მშობლები არჩევენ.

ერთადერთი იმაზე ჰქონდა პრობლემა, რომ მერიის ვაუჩერი ძალიან რთული გასანაღდებელია, რადგან 2 თვე სჭირდებაო, მაგრამ კარგი, წამოვალ ამ კომპრომისზეო. მე დავუმატე თანხა და შევთანხმდით.

მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ოთახი უნდა ყოფილიყო აივნიანი, მაგრამ დაგვახვედრა პირველ სართულზე პატარა, ბნელი ოთახი, პატარა ფანჯრით. ამ ოთახის ფოტო სასტუმროს გვერდზეც კი არ უდევთ.

ამაზე ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვთქვი, რომ მე ველოდებოდი აივნიან ოთახს, მაგრამ ერთია ის, რომ გეუბნება – „მოდი“, რადგან ბანკის ვალი აქვს და ის 800 ლარი არ უნდა გაუშვას ხელიდან და მეორეა, რეალურად რამდენად მზად არის იმისთვის, თუნდაც ცნობიერების დონეზე, რომ მიგიღოს“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, სასტუმროში ის და ქეთი 5 დღე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა მეპატრონემ მეორე დღესვე აიძულა ისინი, დაეტოვებინათ სასტუმრო.

„იმავე დღეს, რამდენიმე საათში, როცა ვისადილეთ და ავედით აუზზე, შემოვიდა მადონა ხაჩიძე და სხვა დამსვენებლების თანდასწრებით, საკმაოდ ემოციურად მითხრა, რომ ბავშვი ხტუნაობდა ნომერში, ნომრის ქვეშ არის სამზარეულო და მე ვერ გაგაჩერებთო.

მითხრა, შენ არ გითქვამს, რომ ასეთი მძიმე აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდიო.

მაგდებთ-მეთქი? – ვკითხე და მიპასუხა – არ ვარ ვალდებული აქ 5 დღე აგიტანოთო.

ქეთის კი აქვს რთული ქცევა, მაგრამ არა ისეთი, რომ სხვას ზიანი მიაყენოს, არც თვითდაზიანება ახასიათებს და მით უმეტეს, არ ახასიათებს სხვისი დაზიანება.

როცა ქეთიმ დაიძინა, ისევ მოვიდა სასტუმროს მეპატრონე, მომიკაკუნა კარზე და მითხრა, ვაუჩერს დაგიბრუნებ, ბე დილის 12:00 საათამდე გაქვს გადახდილი და მერე დატოვე ოთახიო“, – ამბობს გვანცა.

მეორე დღეს გვანცამ და 12 წლის ქეთიმ სასტუმრო დატოვეს.

ამ შემთხვევის შესახებ გვანცა გულიაშვილმა ფეისბუქზე დაწერა. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას დაუკავშირდა  არასამთავრობო ორგანიზაცია – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

„ანა არგანაშვილი დამიკავშირდა. როგორც იცით, ის წლებია მუშაობს შშმ ბავშვებისა და ქალთა უფლებების დაცვაზე და მათი მეშვეობით ვაპირებ მივმართო სასამართლოს, რათა მადონა ხაჩიძეს დაუდგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობა ჩემი შვილის მიმართ.

პარლამენტის შშმ პირთა კომიტეტიდანაც დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ კომიტეტი და სახალხო დამცველის აპარატი კოორდინირებულად იმუშავებდნენ, შეისწავლიდნენ ჩვენ შემთხვევას, მაგრამ ჩემი, როგორც მშობლის, მეურვის სურვილია, მივმართო სასამართლოს, რომ დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი.

ვფიქრობ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიყოთ სოლიდარულები და ჰუმანურები ყველა განსხვავებულის მიმართ, განსაკუთრებით კი ბავშვების მიმართ“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობოების წინააღმდეგ რეპრესიული კანონები შემოიღო, შშმ პირების მიმართ გარემო უფრო დისკრიმინაციული გახდა და გვანცა ფიქრობს, რომ ეს სწორედ ამ რეპრესიული კანონების შედეგია.

„როცა ეს ჩვენი „ე.წ. დამცველი ზურგი“ მოიხსნა და ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ ჩვენი დამცველი აღარავინ დარჩა, მე ვგრძნობ დაგროვილ ნიაღვარს ზიზღის.

ეს ზიზღი განსხვავებული ადამიანების მიმართ ახლა იწყებს დინებას და თუნდაც ამიტომ არ შეიძლებოდა ამ კანონების მიღება არაფრით, რომ ეს იყო ის, რაც აკავებდა ამ საზოგადოებაში აგრესიულ მიუღებლობას.

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, ადამიანების ყურამდე მიიტანოს რა ხდება სინამდვილეში, როგორ უნდა იმოქმედონ, ბიძგი მისცეს დისკრიმინაციის წახალისებას ამ აგრესიული კანონებით“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.

მისი თქმით, 12 წლის განმავლობაში მისი შვილი არ გამხდარა ასეთი აგრესიული დისკრიმინაციის მსხვერპლი.

„სად აღარ გვივლია, სად აღარ დაგვისვენია, პოზიტიური დისკრიმინაციით არაერთხელ შევწუხებულვართ, მაგრამ ასე გაგდება, პირდაპირი მნიშვნელობით – „წადი, იმიტომ, რომ აუტისტი ხარ“ – მართლა პირველად გადავაწყდით ასეთ რამეს.

სამწუხაროა ჩემთვის ამის გააზრება, რადგან ადამიანის უფლებების სფეროში ამხელა რესურსების დახარჯვის, ტრენინგების მიუხედავად, ადამიანების გარკვეულ ნაწილში მაინც ვლინდება ცნობიერების ასეთი დაბალი დონე.

ალბათ აქამდე ის აკავებდათ ადამიანებს, რომ კარგად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ ბავშვების უფლებების დაცვაზე და ხელოვნურად მაინც ჰქონდათ ეს მიმღებლობა, დასწავლილი ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ასე იყო სწორი, მაგრამ როგორც კი ეს „დაცვა“ თითქოს მოიხსნა, ისევ დავბრუნდით იმ ნიშნულთან, სადაც ხვალ ან ზეგ, შესაძლოა, ისევ გვაიძულონ, რომ სახლში გამოვკეტოთ ჩვენი განსხვავებული საჭიროების მქონე შვილები, დები თუ ძმები.

როცა ბავშვების მიმართ ასეთი აგრესიაა, წარმოიდგინეთ რა სურათი შეიძლება მივიღოთ სხვა ტიპის განსხვავებულ ადამიანებთან მიმართ“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.

მისი თქმით, შესაძლოა, განსხვავებული ბავშვები და ზოგადად ადამიანები, „უკიდურესად საშიში პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდნენ“.

„მე ეს საშიშროება დავინახე.

აუცილებელია ადამიანებს ესმოდეთ, რას ნიშნავს დისკრიმინაცია, რომ არ შეიძლება უთხრა ბავშვის მშობელს ბავშვის გასაგონად, რომელიც აუზშია, „ამოიყვანე, ფულს გიბრუნებ უკან და წადი“- ამბობს გვანცა გულიაშვილი.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სურამში არსებული სასტუმროს მფლობელს, მადონა ხაჩიძესაც.

მადონა ხაჩიძე „ბათუმელებთან“ მისი მხრიდან დისკრიმინაციას უარყოფს, თუმცა კომენტარში, როცა ის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე საუბრობს, არ ერიდება დისკრიმინაციული პოზიციის გაჟღერებას.

„ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, უბრალოდ გულს გტკენს მათი დანახვა“ – გვითხრა მან და იმაზეც გვიამბო, რომ 12 წლის შშმ ბავშვის დედას არ მოეწონა შეთავაზებული ოთახი, რასაც მოჰყვა უთანხმოება.

„მე აივნიანი ოთახი დაჯავშნეო – მითხრა. მე ვუთხარი, ამ სართულზე არც ერთ ოთახს არ აქვს აივანი, მაგრამ შესასვლელში არის პატარა აივანი და შეგიძლიათ იქ დასხდეთ-მეთქი.

რადგან უკმაყოფილო იყო, ავიღე ის 200 ლარი, ბე რაც ჰქონდა ჩარიცხული და ვეუბნები, ძალიან ბევრი სასტუმროა სურამში და იქნებ სხვაგან მოძებნოთ-მეთქი.

არ ვიცი, გადავწყვეტო – ასე მითხრა. ამ დროს ბავშვი არ მყავს თვალით ნანახი. ბავშვი და მამა ზედა ეზოში არიან თურმე. მერე ჩამოიყვანეს ბავშვი ეზოში. ეს ბავშვი აბსოლუტურად უსაფრთხო იყო, მაგრამ დიდი გოგოა ფიზიკურად, მაღალი. უცებ გაიქცეოდა, ყვიროდა ხმამაღლა და ხელების მოძრაობას აკეთებდა. ამ პერიოდში ყველგან არიან პატარა, წიწილა ბავშვები და იმათ ხომ ვერ აუხსნი, რომ აქ სხვა პრობლემაა, არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ ბავშვები გაიკრიბნენ, შეეშინდათ“ – ამბობს მადონა ხაჩიძე.

ამის გამო უთხარით გვანცას, რომ არ იყვნენ სასურველი სტუმრები თქვენთვის? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე მადონა ხაჩიძე პირდაპირ არ პასუხობს.

„ოთახში იწვა ბავშვი, გადახვეული საბანში და ხტუნაობდა. როცა ისადილა ყველამ, 7-8 ბავშვი აუზზე ავიდა და ქეთიც აიყვანა დედამ აუზზე. ეს ბავშვი ყვირის. მე მესმის, რომ შესაძლოა ამ ყვირილით სიხარულის ემოციას გამოხატავდა ბავშვი, მაგრამ რადგან ყვიროდა, ვიფიქრე, ზემოთ ბავშვებს არ შეეშინდეთ-მეთქი. წყალში რომ ჩახტა, სირბილი, ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო“ – ამბობს მადონა ხაჩიძე.

მას ჩავეკითხეთ, ვფიქრობთ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული საჭიროება და ახასიათებთ ხმამაღალი ემოციებიც, ეს არ უნდა ყოფილიყო, წესით, სიახლე თქვენი სტუმრებისთვის, მით უმეტეს, თუ იღებთ ზოგადად, შშმ ბავშვებს სასტუმროში, არა?

„2-3 წლის ბავშვებმა იციან რა არის აუტიზმი?“ – კითხვითვე მოგვმართა მადონა ხაჩიძემ.

მაშინ მას ვკითხეთ, თქვენ ფიქრობთ, რომ აუტისტი ბავშვები არ უნდა გამოჩნდნენ საჯარო სივრცეებში?

„როცა დედა ხედავ, რომ იქ არიან მცირეწლოვანი ბავშვები, შენ უნდა ჩაჰყვე აუზში. სხვის შვილებს არ აქვთ უფლება?“-ამბობს მადონა ხაჩიძე.

მას ასევე ვკითხეთ, მოსთხოვა თუ არა გვანცა გულიაშვილს სხვების თანდასწრებით, დაეტოვებინა აუზი.

„მე გვანცასთან მივედი და ჩუმად ვუთხარი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ იქნებ ბავშვი ამოიყვანოთ და წაიყვანოთ. მინდა ავუხსნა, რომ აუზში პატარა ბავშვები მხოლოდ ერთი საათით არიან, სხვა დროს აუზი თავისუფალია და მაინცადამაინც მაშინ უნდა ჩავიდეს აუზში ბავშვი, რომელიც ვერ აკონტროლებს ჟესტიკულაციას და ხმას?“ – გვითხრა მან.

შშმ ბავშვთა უფლებები ითვალისწინებს ინკლუზიურ გარემოს შექმნას შშმ ბავშვებისთვის, რომ ისინი არ იყვნენ გარიყულნი დანარჩენი საზოგადოებისგან, თუმცა მადონა ხაჩიძე ამბობს, რომ ის არც ასეთ ინკლუზიას ცნობს და არც ბავშვის ასეთ უფლებებს. „ბათუმელების“ კითხვებს მისი გაღიზიანება მოჰყვა:

„თქვენ ნორმალურები ხართ? თუ რა სექტა ხართ?

არ დამაცალა იმის თქმა, მაშინ ამოიყვანე ბავშვი აუზზე, როცა არავინ იქნება-მეთქი და თავზე დამამხო ყველაფერი და თქვენ მეუბნებით, რომ რადგან ინკლუზიური ბავშვის დედაა, იმიტომ უნდა მოვუთმინო? სადაც სხვანაირად არის, იქ წადით“- გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა.

მადონა ხაჩიძემ ასევე გვითხრა, რომ სასტუმრო ბიზნესის წამოწყებამდე დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, თუმცა შვიდი წელია, რაც ბიზნესში გადაინაცვლა.

როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება შშმ ბავშვის დისკრიმინაცია, რადგან სასტუმროს მეპატრონემ სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით გამოუშვა ბავშვი სასტუმროდან.

„რომ არ ყოფილიყო ეს ნიშანი, არ გამოუშვებდა სასტუმროდან, ხომ?!

იმიტომ აძლევს სახელმწიფო ამ ვაუჩერს ბავშვს, რომ ბავშვმა ისარგებლოს გართობის, დასვენების უფლებით, ამის შესაძლებლობა ამ პირმა არ მისცა მას, სწორედ იმ ნიშნით, რომ შშმ პირია.

დღესაც შშმ ბავშვები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას მომსახურებებსა და სერვისების მიღების დროს, რადგან არ არსებობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის ეფექტური და ბავშვების ინტერესებზე მორგებული მექანიზმები“ – ამბობს თამარ გაბოძე.

ეპისკოპოსს წამლავდნენ, 2 კაცი გაიტაცეს – როგორ ყალიბდება საქართველო მაფია სახელმწიფოდ

რა ხდება ქვეყანაში, როცა ბოლო 10 დღეში კონკრეტული ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორ გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ემუქრებოდნენ… და რაც მთავარია, ამ ყველაფერში ისინი ხელისუფლების მონაწილეობაზე საუბრობენ.

ამავე პერიოდში ეპისკოპოსი ამბობს, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემ მკვლელობას აიძულებდაო.

„…რაც ამ დღეებში ვიხილეთ – კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება – ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი ნიშნები ახასიათებს მაფია სახელმწიფოს.

მიტაცებული და კორუფციული სახელმწიფოს მატრიციდან საქართველო მაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადადის,“ – გვიყვება იურისტი თამთა მიქელაძე, რომელსაც ვკითხეთ: როცა უკვე ადამიანების გატაცებების შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რა ტიპის სახელმწიფოდ გადავიქეცით?

„მაფია სახელმწიფოს მოდელში მოქალაქეს ანაცვლებს კლიენტი, თანასწორობისა და უფლებების დაცვის იდეას – ერთგულება. „ქართლ ოცნებას“ დღეს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი და ამ კრიზისში და წინააღმდეგობაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება ძალის დემონსტრირება.

ასეთ რეჟიმებს არ სჭირდება თავისუფალი ადამიანების თანხმობა, მას სჭირდება მხოლოდ ლოიალობა და ეს არის მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო… ლოგიკა მარტივია: თუ გინდა, რომ რამე მიიღო სისტემაში, ლოიალური უნდა იყო სისტემის მიმართ, ან უნდა გაჩუმდე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

„ბათუმელებმა“ თამთა მიქელაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:

  • ქალბატონო თამთა, მას შემდეგ, როცა ერთერთი პოლიტიკური ლიდერის, თინა ბოკუჩავას მეუღლემ, ასევე ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა თქვეს, რომ მთავრობის უშუალო მონაწილეობით ისინი გაიტაცეს, ეპისკოპოსმა კი განაცხადა, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემს მოწამვლას ავალებდაო, ფეისბუქსტატუსში თქვენ ახსენეთმაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადავდივართო.“ რას გულისხმობთ, რა ტიპის სახელმწიფო გავხდით?  

წინა წლებში აშკარად იგრძნობოდა, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფოს მიტაცების ტენდენციასთან და ბიძინა ივანიშვილის პირად, არაფორმალურ გავლენებთან სამთავრობო სტრუქტურაზე. გვახსოვს პერიოდი, როცა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, პირადი სტომატოლოგი – ჯანდაცვის მინისტრი, პირადი დაცვის უფროსი – სუსის ხელმძღვანელი, შემდეგ კი, შს მინისტრი და ასე შემდეგ. ეს მიდგომა გვაფიქრებინებდა იმას, რომ ივანიშვილი მხოლოდ პირადი ლოიალობის საფუძველზე ნიშნავდა ადამიანებს გენერალურ პოზიციებზე მთავრობაში და მათზე უპირობო კონტროლის იარაღებს ფლობდა.

ბოლო პერიოდში კი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ანუ ინსტიტუტების ფორმალური/კანონიერი ჩარჩოდან ამოვარდნის პროცესი და პირად და პარტიულ ინტერესს სახელმწიფო ინსტიტუტების დაქვემდებარება კულმინაციაში შევიდა. უფრო მეტიც, ახლა მმართველობამ მაფია სახელმწიფოს ფორმები და შტრიხები მიიღო, როცა მმართველობისთვის ღიად გამოიყენება ძალადობა და კრიმინალური ლოგიკა.

ბოლო თვეებია ჩვენ ვხედავთ, რომ ძალადობა არამხოლოდ პოლიციისგან მომდინარეობს, რომელიც შლის აქციას [ის უკანონოდ შლის, მაგრამ მაინც საჯარო უფლებამოსილების ქვეშ მოქმედებს], არამედ გაჩნდა ტიტუშკების სქემა და ვნახეთ, როგორ გაუმკლავდნენ ნიღბიანი, არაფორმალური, დაქირავებული ბანდფორმირებები ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს თუ აქტივისტებს.

ახლა უკვე გვაქვს კიდევ უფრო შემაშფოთებელი მაგალითები: ბაჩიაშვილის და ბოკუჩავას ქმრის გატაცება, ასევე ეპისკოპოს ჯამდელიანის განცხადება მისი მკვლელობის შესახებ.

ეს უკვე ძალიან ჰგავს მაფია სახელმწიფოს ლოგიკას. ეს პოლიტიკური კონცეფცია თავდაპირველად უფრო პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში გამოიყენებოდა. ეს არის მოცემულობა, როცა სახელმწიფო რეალურად არა კანონის უზენაესობით და ფორმალური, რაციონალური ბიუროკრატიის გზით იმართება, არამედ კლიენტელისტური სქემებით, არაფორმალური, მათ შორის, კრიმინალური გავლენებითა და ლოგიკით. ასეთ მოდელებში ბიზნესი და ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ოლიგარქიული პირამიდასთან დაახლოებულ პირებს. ამ დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პირველ რიგში კი უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები ჩართულები არიან მოსახლეობის კონტროლის და საბოლოოდ, ოლიგარქიული პირამიდის ძალაუფლების შენარჩუნებაში.

თამთა მიქელაძე

ამიტომაც მგონია, რომ ამ ახალ ტენდენციებს მიტაცებული და კორუფციული სახელმწიფოს მატრიციდან საქართველო მაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადაჰყავს.

დასაწყისში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში, სახელმწიფოს მიტაცებას და ინსტიტუტების პოლიტიზებას, უფრო მეტად ტარგეტირებული მიზანი ჰქონდა. მაგალითად, ძალაუფლების მიტაცება ეხებოდა კონკრეტულ მაღალი მნიშვნელობის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, ძირითადი მიმართულებებით კი, ბიუროკრატია აგრძელებდა მუშაობას კანონის საფუძველზე, არსებობდა რეფორმების ციკლებიც და ასე შემდეგ. თუნდაც სასამართლოში ვხედავდით აშკარა პოლიტიზებულ საქმეებს, მაგრამ სხვა შემთხვევებში გვქონდა წარმატებული საქმეებიც. თან არაერთი. ახლა კი მაქვს განცდა, რომ დეინსტიტუციონალიზაცია გახდა სისტემური და ტოტალური. დღეს სასამართლო, პროკურატურა, სამართალდამცავი სისტემა სრულად ემსახურება რეჟიმს და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

  • მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილი ამ გზით ავტორიტარიზმის კონსოლიდირებას, გაძლიერებას ახერხებს

დიახ, ეს მმართველობა გახდა უფრო კონსოლიდირებული. დღეს მდგომარეობის გაუარესებას ვხედავთ არამხოლოდ პოლიტიკურ საქმეებში, არამედ ყოველდღიურობაში. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ყოველდღიურობაში აწყდებიან უკვე გამოწვევებს, როცა საბაზისო სერვისებს, მხარდაჭერას, უფლებების დაცვას ლოიალობის გარეშე ვერ იღებ. დაიკარგა ნდობა პოლიციის მიმართ.

მაფია სახელმწიფოს მოდელში მოქალაქეს ანაცვლებს კლიენტი, თანასწორობისა და უფლებების დაცვის იდეას – ერთგულება. ასეთ რეჟიმს არ სჭირდება თავისუფალი ადამიანების თანხმობა, მას სჭირდება მხოლოდ ლოიალობა და ეს არის მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო. დემოკრატიაში მთავრობა ლეგიტიმაციას მოიპოვებს კარგი მმართველობით, თანხმობითა და კმაყოფილებით, რასაც „ქართული ოცნება“ აღარც კი ესწრაფვის.

გახსოვთ ალბათ წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც სხვების დასჯაზე იყო მიმართული და არა პოზიტიურ დღის წესრიგზე. დღეს „ქართულ ოცნებას” არამხოლოდ საგარეო, არამედ შიდა ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამიტომაც, ძალაუფლების პირამიდის თავში არსებულ ლოიალობას, რომელიც აქამდე საკვანძო პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ეხებოდა, ის ავრცელებს სრულ მმართველობაზე. ლოგიკა მარტივია: თუ გინდა, რომ რამე მიიღო სისტემაში, ლოიალური უნდა იყო სისტემის მიმართ, ან უნდა გაჩუმდე.

  • რას ეუბნება ეს სისტემა, ანუქართული ოცნებაადამიანს, ვინც არ გაჩუმდება

ეს კონტროლის ძალიან ველური ფორმებია: ის, რაც ჩვენ ვიხილეთ თინა ბოკუჩავას ქმრის შემთხვევაში, სამართალში ამას ვუწოდებთ „ინკომუნიკადო დაკავებას“, როცა პირს არ აქვს რაიმე სახის კავშირი გარე სამყაროსთან, ვერ უკავშირდება ოჯახის წევრს, ადვოკატს და როცა არ არსებობს ინფორმაცია მისი დაკავების. იზოლაციის პერიოდი ზოგჯერ საათები, ზოგჯერ დღეები ან მეტი ხანგრძლივობაა. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია „ინკომუნიკადო“ დაკავებას პრობლემურად მიიჩნევენ, რადგან ის არღვევს სამართლიანი სასამართლოს, დაცვის უფლებისა და წამების აკრძალვის პრინციპებს.

ანუ ბოლო კვირებში დეინსტიტუციონალიზაცია აღწევს კულმინაციას, ის ხდება უფრო სისტემური და ტოტალური. რაც ამ დღეებში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება –  ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი ნიშნები ახასიათებს მაფია სახელმწიფოს.

  • ხომ არ ჩანს ისიც, რომ ამ მაფია სახელმწიფო მოდელით და დაშინებით ივანიშვილის რეჟიმის ცდილობს სახელმწიფო ვერტიკალის შენარჩუნებას

რა თქმა უნდა, ეს არის ძალაუფლების კონსოლიდირების და რესურსების მობილიზების გზა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ოლიგარქიაში არა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებია უპირატესი, არამედ ეკონომიკური – მეტი გამდიდრების, რესურსების მეტი ათვისების. „ქართლ ოცნებას“ დღეს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი. ამ კრიზისსა და წინააღმდეგობაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება ძალის დემონსტრირება. მისი ეს ძალა სინამდვილეში სიჯიუტე და შეუვალობაა, უმოწყალობაც კი. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ პატიმრებსაც კი არ ათავისუფლებენ ციხიდან, ვისთანაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და აღიარებითი ჩვენებები მიიღეს.

ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ სუსტია და მას მაინც გაუჭირდება საქართველოში ბელორუსული ან აზერბაიჯანული ტიპის მყარი, დახურული ავტოკრატიის შექმნა. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს სუსტი და დამოკიდებული ეკონომიკა აქვს. მას არ აქვს მდიდარი რესურსები და სრულად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებულია. ჩვენი ეკონომიკის ეს სტრუქტურა და ერთგვარი წყევლა, საქართველოში ჩაკეტილი და აგრესიული ავტოკრატიის დაბადებას ხელს უშლის.

მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ სასტიკი და მასობრივი ძალადობის ის პრაქტიკა, რომელიც აგრესიული და მყარი ავტორიტარიზმის პირობებში ადგილობრივ რეჟიმებს სჭირდებათ, არ იქნება მისაღები ჩვენ საზოგადოებაში. ნოემბრისა და დეკემბრის სასტიკ ძალადობას – შეგახსენებთ, რომ დაკავებული პირების 80% მძიმე ძალადობის გამოცდილებაზე წერდა, დაფიქსირდა წამების შემთხვევები. განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციის ფურგონებში ძალადობის გამოცდილება, რომელიც წინასწარ კოორდინირებული და ორგანიზებული წამების პრაქტიკა იყო – „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც კი მძიმე გამოხმაურება ჰქონდა და მგონია, რომ სწორედ ამ სოციალური წნეხის გამო, „ოცნებამ“ ღია ფიზიკური ძალადობის სტრატეგიაზე უარი თქვა.

ამიტომ ძალაუფლების შეკავებისთვის საჭირო ის რეპრესიული პრაქტიკა, რომელსაც დახურული ავტორიტარიზმის პირობებში რეჟიმები იყენებენ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ვფიქრობ, აქ ვერც ერთი მმართველი ვერ გამოიყენებს – ამას უფრო მეტი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოჰყვება. არაერთი ბოლო პერიოდის კვლევა აჩვენებს, რომ მისი ელექტორატიც გადაიღალა ამ კრიზისით და იმ მორალური დისონანსით, რომელიც მათ ექმნებათ საკუთარ ნათესავებთან, მეზობლებთან კომუნიკაციაში სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო.

კიდევ ერთი ფაქტორია ქართული ნაციონალიზმი, რომელიც ძალიან მკვეთრ ანტირუსულ, ანტიკოლონიურ განწყობებზე დგას. ეს ძალიან ძლიერი სენტიმენტია. იციან, რომ ეს ფაქტორები ძალიან გაართულებს მათ ღია მიწებებას რუსეთთან და რუსეთთან ფორმალური საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებას. ეს ასევე ართულებს „ოცნებისთვის“ სრულ იზოლაციას დასავლეთისგან.

ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რთულ რეალობაში ვართ და უფლებადამცველები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, როგორც ადამიანის უფლებათა კრიზისს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განადგურების გეგმად ვაფასებთ, ვსაუბრობთ ავტორიტარიზმის მზარდ კონსოლიდაციაზე, უნდა გავიაზროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამავდროულად მოწყვლადია.

თუნდაც ელექტორალურად რომ შევაფასოთ. აგრესიული ავტოკრატიები ფორმდება იქ, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი გამქრალია და რეჟიმები ახერხებენ მოსახლეობის 65% და მეტის მობილიზაციას [მაგალითად, ეს ასე ხდება რუსეთში, აზერბაიჯანში]. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კი, დაახლოებით მოსახლეობის მესამედზე მოდის. პოლიტიკური ოპოზიცია სუსტია, მაგრამ მაინც ქმედითი და მრავალფეროვანი.

იგივე პუტინის მაგალითი რომ ავიღოთ, არჩევნებს აყალბებს, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი – პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით, თუ გრძელვადიანად ტვინის გამორეცხვის გზით, სიღარიბის, იმპერიული წარსულის გამო, თუ სხვა ფაქტორების გამოყენებით, მას უჭერს მხარს და ეთანხმება. ჩვენთან ასეთ ჰეგემონიას „ქართული ოცნება“ ვერ ქმნის. ბოლო თვეებში ვნახეთ მათი მხრიდან სიმბოლური ძალაუფლების დაკარგვის არა ერთი ეპიზოდი. მათ ვერ შეძლეს ახალი წლის, შობის, აღდგომის, 9 აპრილის, 26 მაისის სათანადო აღნიშვნა.

  • თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების, მიუღებლობის პირობებში, მაგალითად, ვენესულაში მოხერხდა ავტორიტარიზმის გაძლიერება. 

ვენესუელისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს არათვითკმარი ეკონომიკა და რესურსების სიმწირე. ამას გარდა, ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალიზმი – როგორც მცირე სახელმწიფოს, ახალი მიღებული გვაქვს დამოუკიდებლობა და ძლიერია ანტიკოლონიური სენტიმენტი, პატარა საზოგადოება ვართ და მასობრივ ძალადობაზე მიმღებლობა არ არის.

სწორედ ამ ეკონომიკური და კულტურული სტრუქტურული ფაქტორების გამო, რომ დახურული, აგრესიული, აზერბაიჯანის და ბელარუსის ტიპის ავტოკრატიის დამყარება საქართველოში გაუჭირდებათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე კარგად არის. საერთოდაც არ არის კარგად. დემოკრატიის საბოლოო დამარცხებას ძალიან მძიმე გავლენა ექნება მიგრაციაზე, სოციალურ აპათიაზე.

თუ პოლიტიკურმა, მედია და სამოქალაქო სპექტრმა ვეღარ შეძლო „ქართული ოცნების“ პროპაგანდის და ავტოკრატიზაციის შეკავება, კონტროლის და პროპაგანდის ბაცილა უფრო მეტ ადამიანს ჩაითრევს და მოიცავს.

ჩემი აზრით, „ქართლი ოცნება“ ძირითადად სარგებლობს ჩვენი სისუსტეებით: პოლიტიკური კლასის მიმართ უნდობლობით, სიღარიბით – ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობით, ომთან დაკავშირებული ტრავმებით, მრავალწლიანი ბრძოლით გამოწვეული გადაღლილობით, რაც სამოქალაქო საზოგადოებაშია.

ის სწორედ ამ სისუსტეების და ტრავმების დისკურსულ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ გამოყენებას ახდებს. იმისთვის, რომ ავტოკრატიზაცია შეაკავო, ამ სისუსტეების ტრანსფორმაციაზე უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ, პოლიტიკურმა პარტიებმა. თვითტრანსფორმაციისა და საკუთარი სამუშაოს ტრანსფორმაციის პროცესი რთულია, მაგრამ მე, პირადად, მგონია, რომ ამის გარეშე რთულია დემოკრატიის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში.

მაფია სახელმწიფოში ძალიან რთულია მუშაობა. უფრო მეტიც, დამორჩილების, დაქვემდებარების ლოგიკა ქვემოთაც ჩავა და ნახავთ, რომ მალე ახალგაზრდებშიც გაჩნდება ამგვარი პრაქტიკები [კრიმინალური, ველური]. მით უფრო, რომ ამ კრიზისმა თუ ის არ დავძლიეთ დროულად, მძიმე პოლიტიკური და სოციალური აპათია შეიძლება გააჩინოს ახალგაზრდებში და ის დაპირება, რასაც ისინი ამდენი წელი იღებდნენ, რომ თუ კარგად ისწავლიდნენ და იშრომებდნენ წარმატებას მიიღწევდნენ, შეიძლება შეიცვალოს სხვა დაპირებით – თუ იქნები ელიტების ერთგული, ყოჩი, მჩაგვრელი – სწორედ ასე გადარჩები ამ რეალობაში.

  • ეს ტენდენცია ხომ არ იკვეთება უკვე? პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხშირად ჩანს, რომ ბიზნესმენები, მაგალითად, ბიზნესდავის მოგვარებას სასამართლოში კი არა, .. ქურდულ ავტორიტეტებთან ცდილობენ. ბათუმში ახალგაზრდა კაცის ავტომატით ჩაცხრილვაც ერთ-ერთი ვერსიით ქურდული სამყაროსგან წილის დათმობის მოთხოვნას უკავშირდება. 

ზოგადად, რასაც მართებენ ჩვენს საზოგადოებას: მმართველობის სისტემას, ეკონომიკას, მოქალაქეების კონტროლს და ასე შემდეგ, ეს არის, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა მმართველობის მატრიცაში დაბრუნება. დიდი ხანი არაა, რაც ამ რეალობას თავი დავაღწიეთ. ამიტომ სამწუხაროდ, ამ პრაქტიკას – მაფიოზურს, კრიმინალურს აქვს საყრდენი ჩვენს საზოგადოებაში.

კატასტროფაა ის, რაც შეიძლება დაგვემართოს, თუ მმართველობა პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის, გადარჩენის იმ ლოგიკას გააღვიძებენ, რაც 90-იან წლებში გვქონდა. ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ პრაქტიკების არამხოლოდ ოლიგარქიული პირამიდის სათავეში გავრცელებას, არამედ კიდევ უფრო ქვევით ჩასვლას.

ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ბრძოლა დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის და კანონის უზენაესობისთვის განაგრძოს.

მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა კლასმა ამ პროცესში საზოგადოებას შესთავაზოს უკეთესი ალტერნატივა და დააჯეროს, რომ მათ აქვთ ამ ალტერნატივის გატარების რეალური შესაძლებლობა, ძალა და კონსენსუსი. სამწუხაროდ, ამ დინამიკას ოპოზიცია სათანადოდ ვერ პასუხობს.

  • რას აჩვენებს სხვა ქვეყნების გამოცდილება: რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური მსგავსი რეჟიმის წინააღმდეგ

ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია. ქვეყნები, რომელთა კონტექსტშიც იყენებენ ამ ტერმინს – მაფია სახელმწიფო – უკავშირდება რუსეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უნგრეთს… უნგრეთში შედარებით არსებობს შემაკავებელი მექანიზმები, რაც ევროკავშირს უკავშირდება. ევროკავშირს იქ სასამართლო და დაფინანსების ბერკეტები აქვს და აკავებს ავტოკრატიულ მძიმე ტენდენციებს.

ჩვენს რეალობაში ალბათ ეს რომ ვინმემ იცოდეს, ახლა სხვანაირად ვიქნებოდით. პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა პროცესებმა და დისკუსიებმა უნდა შექმნას რეცეპტები და შეთანხმებები ახალ სტრატეგიებზე. ერთი შეხედვით, რაც ძალიან აშკარაა, პოლიტიკური ოპოზიცია უნდა ახერხებდეს კონსოლიდაციას და სტრატეგიულ კოორდინაციას.  რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ერთ პარტიად გარდაქმნას და არჩევნებში საერთო სიის ქონას.

მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კლასისთვის ნდობის დაბრუნებაზე მუშაობა. მარგინალური პოლიტიკური ლიდერების უკან დახევა და ახალი ძალებისთვის სივრცის მიცემა [ძალაუფლების თვითშეზღუდვა აქეთ მხარესაც სჭირდება]. ასევე, აუცილებელია, ამ პროცესში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა და მათზე ორიენტირებული დღის წესრიგის და საყოველთაო წუხილების პოლიტიკური გამოხატვა. ურბანული ცენტრებიდან გასვლა, მათ შორის, რეგიონებში, სოფლებში აქტიური მუშაობა სწორედ ნდობის დაბრუნებაზე და ახალი თანხმობის წარმოებისთვის ძალისხმევის გაწევა.

  • როცა არჩევნები გაყალბდა და მიტაცებულია ძალაუფლება, რამდენად შეიძლება ჰქონდეს აზრი ნდობის მოპოვებას და იგივე პირობებში ჩატარებულ არჩევნებს

თუ ოპოზიცია კარგად იმუშავებს და ნდობის კულტივირებას შეუწყობს ხელს, თუ მას ექნება გამართული პარტიული ინფრასტრუქტურა სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, ასევე სტრატეგიული  და ძლიერი კომუნიკაცია, არა მგონია, რომ შეუძლებელი იყოს, გაყალბების პირობებშიც კი, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. მგონია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ დონისთვის, სადაც არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა. ცხადია, ვხედავ, რომ უსამართლო პოლიტიკური კონკურენციაა, ხდება ადმინისტრაციულ აპარატის და რესურსების აგრესიული დაქვემდებარება და  გამოყენება, სუს-ის მხრიდან მიკროსკოპული კონტროლი მოქალაქეების და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი საზოგადოება დემოკრატიული რჩება ჯერ კიდევ. სწორი პოლიტიკური სტრატეგიების პირობებში, ცვლილებები შესაძლებელია.

დღეს არსებული კრიზისი უნდა უბიძგებდეს ოპოზიციას ახალი სტრატეგია და დღის წესრიგი შექმნან. მესმის, რომ არსებობს ბევრი პრობლემა – ფინანსური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ოპოზიციონერების ნაწილი დაპატიმრებულია, აგერ უკვე ოჯახის წევრებსაც იტაცებენ და მუქარის ქვეშ არიან, პრობლემაა რეგიონული ინფრასტრუქტურა – ადგილებზე პრაქტიკული უმოქმედობა, მაგრამ მათ უნდა მოახერხონ ქმედითი სტრატეგიის შემუშავება. სხვა გზა არ აქვთ, თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებენ. უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე ლაპარაკი.

ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დღეს მხოლოდ ზედაპირულად მსჯელობენ. „ლელო“ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას და ამ კუთხით დისკუსიის გამართვაზე საუბრობენ. ასევე გახარია ამბობს, რომ არჩევნების იდეას არ ეწინააღმდეგებიან; მეორე ჯგუფმა კი, გაცილებით ადრე დაიწყო არჩევნების ბოიკოტირებაზე საუბარი. ეს ერთგვარი მორალური წითელი ხაზი გახდა ზოგიერთი პარტიის, ასევე აქტივისტების ნაწილის მხრიდან. ემოციურად, მორალურად ეს თემა ჩაიკეტა თითქოს განხილვებისთვის.

მე, პირადად, პარტიებისგან უფრო მეტად ველი რაციონალურ, სტრატეგიულ მოსაზრებებს. ისინი ვერ არიან წინააღმდეგობის ავანგარდში, ვერ აფართოებენ მას, მაგრამ სტრატეგიული და რაციონალური ნაბიჯები ხომ მაინც უნდა გადადგან. ჩემი კითხვა მათთან ასეთია: მაშინ რა სტრატეგია აქვთ სხვადასხვა სცენარისთვის?

რამდენიმე პარტია ამ დღეებში საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს, მას არ სჯერა პროტესტის და ამით ანამუსებდნენ თითქოს სხვა პარტიებს, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკობს. მგონი კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას – რისი გაკეთება შეუძლიათ პარტიებს პროტესტის გაფართოებისთვის სინამდვილეში? რისი გაკეთება მოახერხეს პოლიტიკურმა პარტიებმა ამ დრომდე მისი გაფართოებისთვის? და თუ არაფრის და ამავდროულად თუ დღევანდელი გადმოსახედიდან არაა ცხადი პროტესტმა რა ახალი დინამიკა უნდა შეიძინოს, თუმცა მას უკვე აქვს ძალიან დიდი მიღწევები და მან შეიძლება მოულოდნელი შემობრუნებაც მიიღოს ნებისმიერ აფექტზე [ასე გვახასიათებდა და გვახასიათებს], მაშინ რა არის სხვა ალტერნატივა? რა არის სხვა სტრატეგია? ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ?

დიდი ხანია სხვადასხვა წრეში არსებობს მოსაზრება, რომ წინააღმდეგობის პარალელურად, არსებობს მეორე გზა და ეს გზა არის მოლაპარაკების გზა. ისმის კითხვა: ღირს თუ არა მოლაპარაკებებზე წასვლა რეჟიმთან იმ პირობით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან, ანტიდემოკრატიული კანონები უკან იქნება გატანილი, ევროინტეგრაციის პროცესი ნაწილობრივ მაინც აღდგება [იქამდე მაინც, რომ სრულად არ ჩავეხსნათ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროცესებს, რაც ახლა ევროკავშირში ხდება] და ამის სანაცვლოდ ოპოზიცია იღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებზე.

ეს არის სტრატეგია, სადაც პოლიტიკური რეჟიმი გარკვეულწილად უკან იხევს და ოპოზიცია ასევე მიდის კომპრომისზე. ეს არის კომპრომისის უსიამოვნო გზა, მით უფრო, რომ წინა წლებშიც ვნახეთ „ოცნების“ მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობა, მაგრამ ამ პროცესში პოლიტიკური ოპოზიცია ზემოქმედების ძალას იქმნის.

სხვათა შორის, ჩვენ შეიძლება ის მომავალიც ვიხილოთ, როცა ბოიკოტირების პირობებში, ადგილობრივი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ პატიმრებს თვითონ გაათავისუფლებს და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარ ნებას და გადაწყვეტილებას მიაწერს. სწორედ ამით შეეცდება ის ურთიერთობების ნორმალიზებას გარე აქტორებთან, რაც დასავლეთთან ტრანზაქციული, ინტერესზე დაფუძნებული კომუნიკაციისთვის სჭირდება.

ამგვარი კომპრომისებისთვის არსებობს თუ არა ნება, არ ვიცი. ამას ნიადაგის მოსინჯვა უნდა. ამას სათანადო მხარდაჭერა და დაცვა უნდა საერთაშორისო აქტორების მხრიდან. მე, პირადად, მგონია, რომ ამ სცენარზე ნამდვილად შესაძლებელია მსჯელობა, მაგრამ ამ მიმართულებით მსჯელობის სივრცეს სულ უფრო მეტად იხურება.

თავის მხრივ როგორი არჩევნებიც არ უნდა იყოს, არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეების მობილიზაციის [რემობილიზაციის] და პოლიტიკური პროცესის შექმნის მცდელობაა. ესეც გასათვალისწინებელია. ის წინააღმდეგობის პროცესს არ უპირისპირდება, პირიქით, მან ხელიც კი შეუწყოს წინააღმდეგობის პროცესს, თუ მას „ოცნების“ მხრიდან შეთანხმებების დარღვევა, მოქალაქეების საარჩევნო უფლებების ჩამორთმევა და სხვა კრიზისები მოჰყვება.

ამ სტრატეგიის მოწინააღმდეგეებმა უნდა გასცენ მძიმე კითხვას პასუხი: რა არის სხვა ალტერნატივა და პოლიტიკური ცხოვრების სრული დეინსტიტუციონალიზაცია სადამდე მიიყვანს, პარტიებს და პოლიტიკურ პროცესებს? „ოცნების“ შემდგომი შეცდომების და წინააღმდეგობის ახალი კერების გაჩაღების აბსტრაქტულ მოლოდინში უნდა დარჩეს პროცესი? ამ სტრატეგიის მომხრეებმა უნდა გაიაზრონ, რომ პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე პარტიის გადანაცვლება ამ სტრატეგიაში ასევე არაპროდუქტიული იქნება და ოპოზიციური ელექტორატი გაიხლიჩება და დასუსტდება. ეს საკითხები საკოორდინაციო პლატფორმებში უფრო კარგად უნდა დამუშავებულიყო.

მე, პირადად, არ ვამტკიცებ, რომ პირველ ან მეორე სტრატეგიას ვუჭერ მხარს. მე ვამბობ, რომ ყველა სცენარზე უნდა ვიმსჯელოთ და გონიერები ვიყოთ. ორივე სტრატეგიას აქვს განხილვის უფლება და სიტუაციის მიხედვით უნდა ამუშავდეს შესაბამისი სტრატეგია. ჩემი აზრით, ვართ ურთულეს კრიზისში, სადაც არავინ იცის გამოსავალი. ამიტომ მნიშვნელოვანია მსჯელობა, კამათიც ცხადია. გონივრული და სწორი ნაბიჯების გადადგმა არსებითია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზიანის შესამცირებლად. ახლა თითქოს სიფრთხილესა და გონიერებაზე საუბარი უხერხულია, სისუსტედაც კი აღიქმება. მაგრამ ჩვენ 90-იანებშიც და 2000-იანებშიც  გვაკლდა ეს და მაშინ ბევრი შეცდომა დავუშვით.

დღეს ჩვენ არა მხოლოდ დემოკრატიის და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებების დაცვაზე გვიწევს ფიქრი, არამედ იმაზეც, გეოპოლიტიკური ცვლილებების ამ ტურბულენტობაში საქართველო როგორ არ გაქრეს ევროპული პოლიტიკური რუკიდან. ეს, ჩვენ კი არა, თაობებს შეიძლება ძვირად დაუჯდეს და ისტორიის ახლიდან დაწყება მოუწიოთ.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე  დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღება მომდევნო 5 დღის განმავლობაში, 15 ივნისამდე გაგრძელდება, პროექტის ვებ-გვერდზე – https://www.businessaward.ge/ .

ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი უკვე 300-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით- საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს წელს, 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:

  1. საუკეთესო პროდუქტი
  2.  საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  4. გამორჩეული როლი რეგიონში
  5. საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი –  აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

გერმანიაში რუსული საქონლის იმპორტი 95 პროცენტით შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ

რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი 95%-ით შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ გერმანიის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით.

კერძოდ, 2024 წელს რუსეთიდან გერმანიაში საქონლის იმპორტის მოცულობამ 1.8 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 95%-ით ნაკლებია უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 33.1 მილიარდი იყო.

მნიშვნელოვნად, 71.6 პროცენტით შემცირდა ექსპორტიც გერმანიიდან რუსეთში. 2024 წელს გერმანიამ რუსეთს 7.6 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი მიჰყიდა, ხოლო 2021 წელს – 26.6 მილიარდის.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გასულ წელს გერმანიამ რუსეთთან ყველაზე დიდი დადებითი სალდო დააფიქსირა 1991 წლის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ექსპორტი იმპორტს 5.8 მილიარდი ევროთი აჭარბებდა.

_______________

ფოტოზე: გერმანია, მანჰაიმის საკონტეინერო ტერმინალი რაინის სანაპიროზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/RONALD WITTEK

ანდერსენი საქართველოს ახალი ოფისი ბათუმში გაიხსნა

2025 წლის 5 ივნისს, ოფიციალურად გაიხსნა ანდერსენი საქართველოს ახალი ოფისი ბათუმში. ანდერსენი საქართველო გახლავთ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურებას იურიდიული, საბუღალტრო და საგადასახადო მიმართულებით. ეს ნაბიჯი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერას.

ანდერსენის ბათუმის ოფისის გახსნის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესწრის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე ჩატარდა ტრენინგი შრომით-სამართლებრივ და საგადასახადო-სამართლებრივ საკითხებზე.


გიორგი სვანაძე, ანდერსენი საქართველოს პარტნიორი

“ბათუმის ოფისის გახსნა მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება არ არის. ეს ნაბიჯი არის ჩვენი გრძელვადიანი გეგმის ნაწილი კვალიფიციური მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველა რეგიონში. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მონაწილეთა ჩართულობა ჩვენს ტრენინგებზე. ნათელია, რომ პრაქტიკული ცოდნისადმი დიდი ინტერესი არსებობს. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ბიზნესს ბათუმში სანდო და პრაქტიკული კონსულტაციებით,“ – განაცხადა გიორგი სვანაძემ, ანდერსენი საქართველოს პარტნიორმა.

ამიერიდან, ანდერსენი ბათუმის ოფისის მეშვეობით ადგილობრივ ბიზნესს შესთავაზებს საგადასახადო, ბუღალტრული, იურიდიული, HR და სხვა საკონსულტაციო მომსახურებების სრულ სპექტრს.

ანდერსენის ბათუმის ოფისის მისამართია რუსთაველის გამზირი N31. საკონსულტაციო კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://ge.andersen.com/

აჭარის მთავრობა 118 ათას ლარად ვერცხლისფერ ავტომობილს ყიდულობს

აჭარის მთავრობა 118 ათას ლარად მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. ავტომობილი უნდა იყოს მაღალი გამავლობის, ახალი, 2025 წელს გამოშვებული,  ვერცხლისფერი ან რუხი.

ავტომობილის შესყიდვაზე აჭარის მთავრობის აპარატმა ტენდერი 118 ათას 125 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 17 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა მთავრობის აპარატს ავტომობილი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში, მაგრამ არაუმეტეს 2025 წლის 20 დეკემბრისა.

ტენდერს თან ახლავს შესასყიდი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა აღნიშნულია, რომ ამ მახასიათებლებში „მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება“.

მახასიათებლები ავტომობილის, რომელიც აჭარის მთავრობამ უნდა შეისყიდოს / წყარო: ტენდერი

აღნიშნულ მახასიათებლებს თან ახლავს განმარტება, რომ „შემოთავაზებული ავტომობილი არის ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

პრეტენდენტი წინადადების ფასში ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის [შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით] ხარჯს“.

აჭარის მთავრობის აპარატმა ტენდერი დღეს, 11 ივნისს გამოაცხადა. შესყიდვების პორტალზე ატვირთულია სატენდერო კომისიის ოქმი, რომელიც ასევე 11 ივნისით არის დათარიღებული და სადაც აღნიშნულია, რომ ავტომობილის შესყიდვა შეთანხმებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან.

„აჭარის მთავრობის აპარატის 2025 წლის შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებულია მთავრობის აპარატისათვის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვა… ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა და წარმოდგენილია შემოთავაზებები ინვოისების სახით.

შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე აუცილებელი იყო მისი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმება, რაც განხორციელდა და უკვე მიღებულია თანხმობა. წერილში აღნიშნულია, რომ ტენდერით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს კონსოლიდირებული ტენდერებით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს.

გარდა ამისა შესყიდვების პროცედურების დაწყებამდე, 2025 წლის 4 ივნისის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარედგინა დოკუმენტაცია შესყიდვის განხორციელების მიზნით წინასწარი თანხმობის მისაღებად. ადმინისტრაციის 9 ივნისის მომართვის თანახმად გაიცა დადებითი რეკომენდაცია მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის 118 125 ლარად ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეძენასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის აპარატის სატენდერო კომისიის 11 ივნისის ოქმში.

3 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები – რეგისტრირებულია 80 ათასამდე პირი

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს დაიწყება – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრატობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

ცენტრის ცნობით, გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

2025 წლის გამოცდებზე ჯამში 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ბათუმში საღამოს 8 საათზე ავტომობილებით მარში იგეგმება

ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად დღეს, 11 ივნისს, ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტრადიციულად, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. აქედან დაიწყება მსვლელობა ავტომანქანებით სარფის მიმართულებით.

„თემურ ქათამაძე არის ქართველი! 20:00 საათიდან ვიკრიბებით და გავდივართ სარფის მიმართულებით. ვისაც გყავთ მანქანა, მანქანით შემოგვიერთდით. თავისუფლება თემურ ქათამაძეს“, – აღნიშნულია ბათუმის პროევროპული აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოდან იძულებით დღეს, 11 ივნისს გააძევა. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო 13 წელია ბათუმში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.

თემურ ქათამაძის გაძევების პროცესი „ოცნებამ“ მას შემდეგ დაიწყო, როცა იგი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. თემურ ქათამაძე აქციებზე ყოველდღე საქართველოს დროშით ჩნდებოდა. მას ბათუმელი მედროშე შეარქვეს.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ამ თემაზე:

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს

რუსეთის შეტევა ხარკოვზე – დაიღუპა 3, დაშავდა 60 ადამიანი

11 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ქალაქ ხარკოვს „შაჰედის“ ტიპის 17 დრონით შეუტიეს.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 60 ადამიანი კი – დაშავდა. დაშავებულებს შორის 9 ბავშვია, მათი ასაკი 2-დან 15 წლამდეა.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ტროლეიბუსები და სათამაშო მოედნები.

10 ივნისის ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით, 85 „შაჰედის“ და სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია. უკრაინული მხარის ცნობით, 49 სამიზნის განეიტრალება შეძლეს.

______________

ფოტოზე: ხარკოვი, უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ რუსეთის თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SERGEY KOZLOV

თემურ ქათამაძის გაძევება იძულების წესით მოხდა – შს სამინისტრო

შს სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ქვეყნიდან იძულებით გააძევეს.

„მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს რვა სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.

ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გაფფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ, შს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე დღეს, 11 ივნისს.

11 ივნისს ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე ქვეყნიდან იძულების წესით გააძევეს. როგორც მისი მეგობარი ნინო კაკულია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, ქათამაძის გაძევება მოხდა გვიან ღამით, ისე, რომ ამის თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული არც ქათამაძის ადვოკატი და არც მისი მეგობრები.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე დააკავეს.

ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებული თემურ ქათამაძე, იზოლატორის ეზოშივე მეორედ დააკავეს, მას ქვეყანაში არალეგალურ ყოფნას ედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე 13 წელი საქართველოში ცხოვრობს და მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობას მოქალაქეობის უფლების მინიჭებაზე, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღო.

მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. დაკავების შემდეგ ის ითხოვდა ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსს, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ სტატუსზეც უარი უთხრა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 999 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 10 927 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 783 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 29 016 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 413 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 183 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 297 ერთეული [+240]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 337 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 51 579 ერთეული [+124]
  • სპეცტექნიკა – 3 914 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 62 845 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 860 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 038 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 726 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის შეტევა ხარკოვზე – დაიღუპა 3, დაშავდა 60 ადამიანი

მერცი: მხარდაჭერა კიევს და ზეწოლა მოსკოვზე – ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ორივეა საჭიროა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან გააძევეს.

როგორც მისი მეგობარი, ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე ღამით გაიყვანეს თურქეთში.

„ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“, – წერს ნინო კაკულია.

„ბათუმელებთან“ კი ნინო კაკულია ამბობს, რომ მას დღეს, 11 ივნისს, 8:00 საათზე დაუკავშირდა თემურ ქათამაძის მეგობარი თურქეთიდან და შეატყობინა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთშია.

„თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა მეგობარმა მითხრა, რომ მას დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან და უთხრეს, რომ თემურ ქათამაძე იქ იმყოფებოდა. მე ეს ამბავი გამაგებინეს თემურის თხოვნით.

მე ვაპირებდი სარფში დახვედრას, რადგან ვფიქრობდი, რომ სარფიდან გაიყვანდნენ, რადგან დამირეკა და მთხოვა, რამდენიმე საბუთი და ეს საბუთები უნდა გადამეცა, მაგრამ მოხდა ასე. ჩუმად, დამშვიდობების გარეშე გადაიყვანეს“, – ამბობს ნინო კაკულია.

მისი თქმით, თემურ ქათამაძე გადაყვანის შემდეგ იმყოფებოდა ორდუს პროკურატურაში, სადაც მას სავარაუდოდ დაკითხავენ.

თემურ ქათამაძე აკმაყოფილებდა კანონის ყველა მოთხოვნას, მისთვის მოქალაქეობა რომ მიენიჭებინათ: ბოლო 13 წელი საქართველოში ცხოვრობდა, ეთნიკურად ქართველია, სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულაზე ჩააბარა გამოცდა საქართველოს ისტორიაში და სხვა გამოცდებიც. თურქეთში თემურ ქათამაძე საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობდა. თურქეთის მტავრობა მას გიულენთან კავშირს ედავება, ამიტომ მას იქ პატიმრობა ელის.

თემურ ქათამაძის უფლებებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა საქართველოში. როგორც მისი ადვოკატი, მარიამ ყველაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, გუშინ იწურებოდა თემურ ქათამაძის ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის ვადა. თუმცა, მათთვის უცნობია, როგორ გაიყვანეს ქათამაძე ქვეყნიდან – იძულებით თუ ნებით.

„გუშინ იწურებოდა გვიან ღამე ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის ვადა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რომელი პროცედურის ფარგლებში მოხდა ეს. ჩვენ თურქეთიდან თემურის მეგობრებმა შეგვატყობინეს, რომ ის გადაიყვანეს გვიან ღამით.

შესაძლოა ნებაყოფლობითის ფარგლებში გაიყვანეს. არ ვიცით. ვცდილობთ შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან დაკავშირება, მაგრამ ტელეფონზე არ გვპასუხობენ, ამიტომ წერილობით უნდა მივმართოთ მათ ამ საკითხზე.

როგორც ვიცით, იქ დაკავებული ჰყავთ“, – ამბობს მარიამ ყველაშვილი.

___

თემურ ქათამაძე ბათუმში პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს წინა აქციაზე. დაკავების შემდეგ, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მას ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა კიდეც, რომ გააძევებდა ქვეყნიდან.

ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებული თემურ ქათამაძე, იზოლატორის ეზოშივე მეორედ დააკავეს, მას ქვეყანაში არალეგალურ ყოფნას ედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე 13  წელი საქართველოში ცხოვრობს და მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობას მოქალაქეობის უფლების მინიჭებაზე, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღო.

მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. დაკავების შემდეგ ის ითხოვდა ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსს, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ სტატუსზეც უარი უთხრა.

მის უფლებებს საია იცავდა და გასაჩივრების შემდეგ გადავადდა თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა, თუმცა 11 ივნისს, იწურებოდა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა.

მოვალის რა ქონებას ვერ ეძებს აღსრულების ბიურო – კრიპტოაქტივი, სათამაშო ბიზნესი  

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახერხებს პროგრამულად ინფორმაციის მიღებას ქონების ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა კრიპტოაქტივი, ფასიანი ქაღალდები; ასევე ვერ უზრუნველყოფს სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან მოვალის ქონების პროგრამულად იდენტიფიცირებას და სააღსრულებო ქმედებების განხორცილებას. ანუ, ბიურო ვერ ახერხებს აღნიშნული ქონების მოძიებას და დაყადაღებას, რაც აღსრულების ნაწილში პრობლემურია.

„ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას. არსებული პრაქტიკით, ბიურო მოვალის ქონებას იძიებს ადმინისტრაციულ ორგანოებში, ბანკებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ელექტრონული პროგრამისა და მიმოწერის გამოყენებით“, – წერს აუდიტი.

აუდიტმა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020-2024 წლების სააღსრულებო პროცესი შეისწავლა და ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშში აუდიტი წერს, რომ „კრიპტოაქტივის თითოეულ ერთეულს გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი შეიძლება იქნეს ემისირებული, ჰყავდეს მესაკუთრე, გადაეცეს საკუთრების უფლება სხვას და დაიყოს ნაწილებად, შესაძლებელია მისი შესყიდვა და გაყიდვა. თუმცა, ამავე დროს, კრიპტოაქტივი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არც ელექტრონული ფული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2020-2022 წლებში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების [VASP] საქმიანობა არ ექცეოდა ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა ბაზარზე საქმიანობდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობდნენ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ მომსახურებას.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან მომსახურების მიწოდებისთვის სავალდებულო გახდა საქართველოს ეროვნულ ბანკში VASP-ად რეგისტრაცია. მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიენიჭათ ასევე ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს – კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და საბროკერო კომპანიებს, თუმცა მათ მიერ აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება.

ფულადი სახსრების მიღება/გაცემა ხორციელდება შემდეგი არხების გამოყენებით: საგადახდო ბარათები; საბანკო გადარიცხვები; ელექტრონული საფულეები; თვითმომსახურების კიოსკები [ნაღდი ფული]; სალარო [ნაღდი ფული].

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, VASP-ების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 2,5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წელს მოქმედი მსხვილი VASP-ების ტრანზაქციების მოცულობამ, ჯამურად შეადგინა − 1,07 მილიარდი ლარი.

2023 წლის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედ მსხვილ VASP-ებს ჰყავდათ, დაახლოებით 75 000 კლიენტი, მათ შორის, 95% საქართველოს რეზიდენტი. 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 13%-ით იყო გაზრდილი.

ეროვნულ ბანკში წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადებისა და ბიზნესგეგმების გათვალისწინებით, ვირტუალური აქტივის მომსახურება შეიძლება შეფასდეს მზარდ სექტორად.“

რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების ბაზარს, ის საქართველოში რეგულირებულია ეროვნული ბანკის მიერ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ფუნქციონირებს: 10 საბროკერო კომპანია, 3 დამოუკიდებელი რეგისტრატორი, 2 საფონდო ბირჟა და 1 ცენტრალური დეპოზიტარი.

საქართველოს ბაზარზე კი, კორპორაციული ობლიგაციების დინამიკა მზარდია და 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის შეადგენს 695,2 მილიონ ლარს.

აუდიტის ამავე ანგარიშის მიხედვით „აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ უზრუნველყოფს სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან მოვალის ქონების პროგრამულად იდენტიფიცირებას და სააღსრულებო ქმედებების განხორცილებას.

კანონმდებლობით, პირი სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანისთვის იყენებს სხვადასხვა საშუალებას [ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული პროდუქტი; სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი სალარო; ობიექტებზე განთავსებული სალარო; მომსახურების გადახდის აპარატი; ელექტრონული საფულე].

აღსრულების ბიურო კი მოვალის ქონების იდენტიფიცირებას ახერხებს მხოლოდ საბანკო დაწესებულებებში მოვალის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, შესაბამისად, მოვალეს რჩება შესაძლებლობა აარიდოს ქონება იძულებითი აღსრულების პროცესს“.

აუდიტი წერს, რომ „მოვალის ქონების მოძიება შედეგზე ორიენტირებული აღსრულების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ქონების მოძიებასთან დაკავშირებით კი არსებობს გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობაზე.

მაგალითად:

  • მოვალეთა რეესტრიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ბიურო საქართველოს ეროვნული ბანკიდან ავტომატურად ვერ იღებს ინფორმაციას ბანკის ლიცენზირების შესახებ, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს ბანკებთან მათი ლიცენზირებისთანავე ხელშეკრულების გაფორმებას და მოვალის შესახებ დაცული ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიმოცვლას.
  • ბიუროს ყველა საბანკო დაწესებულებასთან არ აქვს ხელშეკრულება დადებული, ასევე ბიურომ ვერ უზრუნველყო საქართველოს შინაგან
    საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის მიმოცვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების წარმოდგენა, თუმცა დგინდება ამგვარი ხელშეკრულების დასადებად მიმართული აქტიური მიმოწერის არსებობა.
  • ქონების მოძიებისა და დაყადაღების პროცესში ბიუროს მიერ გამოყენებული მიდგომით, ყადაღისაგან უსაფუძვლოდ თავისუფლდება ის თანხა, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო პენსიასა და სოციალურ დახმარებას და ირიცხება ამ მიზნით გამოყენებულ ანგარიშებზე.
  • დასაკავებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების პროცესში, ბიურო ვერ იყენებს ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოს რესურსს.
  • ბიურო ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას ქვეყანაში მზარდ, ქონების ისეთ მსხვილ მიმართულებებზე, როგორებიცაა, კრიპტოაქტივი, ფასიანი ქაღალდები და სათამაშო ბიზნესში დანერგილი სხვადასხვა თანხის ვირტუალურად შენახვის საშუალებები.“

აუდიტის რეკომენდაციაა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, „ქონების ყველა სახეობაზე აღსრულების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებთან, სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან ელექტრონული საკომუნიკაციო გზების შემუშავება და მოვალის ქონების მოძიება.“

წულუკიანმა ომბუდსმენს ჰკითხა, დასანქცირებულებს რატომ არ იცავს და „ლომჯარიას კადრებზე“ მიუთითა

„ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ იყაროთ ჯავრი? – ჰკითხა დრეს ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტში წარადგინა 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იგი „დაუბალანსებელი“ ანგარიშისთვის გააკრიტიკეს და ლევან იოსელიანს უსაყვედურეს, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციელების უფლებების დარღვევაზე არ საუბრობს.

„როდესაც ამ პოზიციაზე დაინიშნეთ, ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია და ვისთან ერთად მუშაობთ?“ – ჰკითხა თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მას შემდეგ, რაც პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.

წულუკიანმა ომბუდსმენი გააკრიტიკა, რომ არ აღნიშნავს პოზიტივს და არ იცავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„მადლობა ბევრი რამისთვის, რაც თქვენ ახსენეთ… მაგრამ ვერ გავიგე ერთი რამ – თქვენ ახსენეთ, რომ ციხეებში გადატვირთულობა არისო, მაგრამ არა ახსენეთ, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში შარშან გაიხსნა ლაითურის სუპერთანამედროვე ციხე. ამ ციხის მშენებლობაში ბევრი ჩვენგანის ნერვები, ჯანმრთელობა, დრო და ძალიან დიდი სახელმწიფო რესურსი ჩაიდო.

ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ძალიან ხმამაღალი განაცხადი. ასეთი ციხე, როგორიც ლაითურის ციხეა, – სადაც სხვადასხვა კატეგორიის პატიმრები ერთ ციხეში არიან მოთავსებული ისე, რომ მათ ერთმანეთთან შეხება არ აქვს და არის ძალიან მაღალი წვდომა სხვადასხვა ტიპის რესურსზე, – არის „ქართული ოცნების“ სახე.

შეიძლება ამიტომ არ ახსენეთ. მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს და გიდასტურებთ, რომ გადატვირთულობაა, ამხელა ციხე გაიხსნა, რამაც განტვირთა არაერთი დაწესებულება, ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენო?!

რომ საუბრობთ, მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო, დაჭრილი პოლიციელი ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენოთ?

ასევე, ქალები მოისაკლისეთ და ქალის უფლებები. მადლობა ამისთვის. მე არა მაქვს პირადად იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ. ეს დაცვა არც მჭირდება, მაგრამ ლომჯარია ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არა ვარო და თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თუ ეს ასეა, ქალ დეპუტატებზე და მათზე თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე რატომ არაფერი არ თქვით? გეკრძალებათ ამის თქმა…

გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე მიმოვიკითხე, როგორ იყვნენ მავანმა რომ მელანი შეასხა და ბავშვები ამას ტელევიზორში უყურებდნენ და დაბრმავდა თუ არ დაბრმავდა სამსახურში მყოფი მამა არ იცოდა ბავშვმა?

თქვენ მე მეტ-ნაკლებად გიცნობთ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალი. ალბათ, ეს სტაფის ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარე თუ არა? და თუ არა, რომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე? ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ?

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველას კითხვას გავცე პასუხი“, — ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებმაც ომბუდსმენი „ცალმხრივი“ ანგარიშისთვის გააკრიტიკეს.

ლევან იოსელიანს დრეს „ოცნების“ სხვა დეპუტატებიც აკრიტიკებდნენ.

„რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო რაღაც პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში 400 გვერდიანია. იქ დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ „მისასალმებელია“, „დადებითად ვაფასებთ“. მაგრამ შეგნებულად მოხსენებაში ეს ნაწილები არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მან ასევე უპასუხა თეა წულუკიანს, რომელიც დაინტერესდა ჩაატარა თუ არა ლევან იოსელიანმა რეორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატში და ხომ არ მუშაობს ისევ ნინო ლომჯარიას კადრებთან.

„ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბატონი სოზარის დროინდელი, შემდეგ არის სხვა სახალხო დამცველების დროს მისული ადამიანები. ადამიანები თუ თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, არ ვფიქრობ, რომ იმის მიხედვით უნდა განვსაჯო მათი მომავალი, თუ ვის პერიოდში არის მოყვანილი და ვინ იყო იმ სახალხო დამცველი და ეს უნდა გახდეს რეორგანიზაციის საფუძველი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დეპუტატებს, რომლებმაც სახალხო დამცველი გააკრიტიკეს პოლიციელების და „ქართული ოცნების“ წევრების დაუცველობის გამო, ლევან იოსელიანმა შეახსენა, რომ ომბუდსმენის მანდატი ითვალისწინებს სახელმწიფოსგან მოქალაქეების დაცვას და არა პირიქით.

„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით საუბრობთ, რომ ჩემი იმედი არ გაქვთ, რომ თქვენს უფლებებს დავიცავ, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენს უფლებებს, ნამდვილად დავიცავ. თუ სახელმწიფო დაარღვევს, იმიტომ რომ სახალხო დამცველი იცავს ადამიანების უფლებებს სახელმწიფოსგან და არ იცავს სახელმწიფოს. ეს წერია ორგანულ კანონში და ეს არის კონსტიტუციური ჩანაწერის სულისკვეთება. იმიტომ ვერ მხედავთ პოლიციელების მოსანახულებლად. განა იმიტომ, რომ ადამიანურად გული არ შემტკივა. ძალიანაც ცუდი ფაქტია და ყოველთვის ვამბობ, რომ მიუღებელია პოლიციელზე ძალადობა. შემხვედრიან ქალბატონები, რომელთაც უთქვამთ, ჩემი შვილი პოლიციელია და რატომ მათზე არ ლაპარაკობო.

მე მათზე აუცილებლად ვილაპარაკებ, თუ სისტემა, სახელმწიფო ამ პოლიციელების უფლებებს არ დაიცავს. მაგრამ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა ადამიანის უფლებები სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში პოლიციისგან. ასე არის მოწყობილი ეს მანდატი. თორემ გასაგებია, რომ უამრავი შემთხვევაა, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენელს უსამართლოდ ექცევიან, პოლიციელზეც ძალადობენ, მაგრამ ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, გასცეს პასუხი. მაგრამ მოქალაქის დამცველი არის სახალხო დამცველი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

____

სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც, პირველ რიგში, განაპირობა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ.

სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ ანგარიშში, რომელიც 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება, ცალკე თავი ეთმობა გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციებზე არასათანადო მოპყრობა და სხვა უფლებადარღვევებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მძიმე უფლებადარღვევათა წყება ძირითადად დაიწყო 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებული სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

„2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

მშენებლობის ფასი წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საშუალოდ 5.1 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის განმარტებით მშენებლობის ღირებულების ინდექსში იგულისხმება ამა თუ იმ ობიექტის მხოლოდ ის მთლიანი ღირებულება, რაც დაიხარჯა მის აშენებაში. მაგალითად – მასალების ღირებულება, მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის ხარჯები, ტექნიკის იჯარა თუ სხვა. შესაბამისად, აღნიშნულ ინდექსში არ იგულისხმება ამა თუ ობიექტის საბოლოო, ანუ საბაზრო ღირებულება/ფასი.

საქსტატის მონაცემებით:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 8.3 პროცენტით. ამ სეგმენტში შედის მხოლოდ საცხოვრებელი ბინები და სახლები, ხოლო მშენებლობის ინდექსში მათი, ასე ვთქვათ, თვითღირებულება/აშენების ფასი. ანუ, მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით, ბინის/სახლის აშენების ფასი 8,3 პროცენტით არის გაზრდილი.
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის [მაგალითად სკოლების, ოფისების, საწარმოო თუ სხვა არასაცხოვრებელი ობიექტების] მშენებლობის ინდექსი 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5 პროცენტით.
  • სამოქალაქო სეგმენტის [აქ შედის გზები, ხიდები, გვირაბები და სხვა მსგავსი ობიექტები] მშენებლობის ინდექსი კი, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.6 პროცენტით.

საქსტატი წერს, რომ 2024 წლის აპრილთან შედარებით მიმდინარე წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.3-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.2-პროცენტიანი გაძვირებით.

თუმცა, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა, ანუ მარტის თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა, რაც განპირობებული იყო დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3-პროცენტიანი კლებით.

 

 

აღსრულების ბიურო 24 ათას ავტომანქანას ეძებს ვალის დაბრუნების მიზნით – აუდიტი 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადაცემულია 24 ათასზე მეტი ავტომანქანა, რომლებიც სამინისტრომ უნდა დააკავოს. ეს მანქანები ამა თუ იმ მოვალის სახელზეა რეგისტრირებული და ბიურო მათ ადგილმდებარეობას ვერ ადგენს რომ დააყადაღოს. პოლიციის მიერ მანქანების გამოვლენის ალბათობაც სხვადასხვაა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის დასკვნაში.

„დასაკავებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების პროცესში ბიურო ვერ იყენებს ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოს რესურსს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალის სახელზე რეგისტრირებული მანქანების სიას, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენას ბიურო ვერ ახერხებს, გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს დასაკავებლად. თუმცა, აღნიშნული დახმარების ვალდებულება რაიმე დოკუმენტით არ არის დარეგულირებული.

„დაკავებაზე გადაგზავნილი ზოგიერთი მანქანა კვლავ ძველი სანომრე ნიშნებითაა რეგისტრირებული. შესაძლოა, მათი ნაწილი აღარც არის მუშა მდგომარეობაში. შესაბამისად, პოლიციის მიერ მანქანების გამოვლენის ალბათობა სხვადასხვაა. შსს-თვის დაკავებაზე გადაცემული მანქანების ზუსტი რაოდენობის დადგენაც ვერ ხერხდება“, – წერს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მინიმუმ, 24 630 საქმეში იდენტიფიცირდება შსს-თვის დაკავებაზე გადაცემული მანქანები.

წყარო: სახელმწიფო აუდიტი

აუდიტი წერს, რომ კანონმდებლობით ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია მოვალის ქონების შესახებ.

შესაბამისად, „დასაკავებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების პროცესში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მაგალითად:

ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარებიან წელიწადში ერთხელ სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას. თუ მოვალე იყენებს მის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, მას მოუწევს მიმართოს ტექინსპექტირების ცენტრებს, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების ერთ-ერთ მექანიზმად.

ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზების მიზნით, გადაადგილდებიან თბილისის ქუჩებში. შესაბამისად, არსებობს ალბათობა სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული პარკირების საშვის დეტალების შემოწმებისას, შესაბამისი მოდულის არსებობის შემთხვევაში, დააიდენტიფიცირონ დაკავებაზე გადაცემული სატრანსპორტო საშუალება“ – წერს აუდიტი.

ამავე თემაზე:

მოვალის რა ქონებას ვერ ეძებს აღსრულების ბიურო – კრიპტოაქტივი, სათამაშო ბიზნესი  

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში ჩატარდება.

კონცერტზე ნანისთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz.

კონცერტზე ნანი Kordz-თან ერთად მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეო“-ს ახალ ვერსიას open air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებენ.

თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის ბილეთებზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე:

შეგახსენებთ. რომ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. სულ ცოტა ხნის წინ კი შედგა, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე „მთვარეო“ ვიდეორგოლის პრემიერა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

ზელენსკიმ მასშტაბური უწოდა რუსეთის ღამის თავდასხმას – „სამიზნე ოდესის სამშობიარო სახლიც კი გახდა“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 10 ივნისს, კიევზე რუსეთის დარტყმას ბოლო დროს განხორციელებული დარტყმებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა.

„რუსეთის დარტყმები უფრო ხმამაღალია, ვიდრე შეერთებული შტატების და სხვების მცდელობები, აიძულონ რუსეთი მშვიდობის დამყარებისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მოკავშირეებს მოქმედებისა და მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„მნიშვნელოვანია, რომ ამ და სხვა მსგავს რუსულ დარტყმებზე პასუხი არ იყოს მსოფლიოს დუმილი, არამედ კონკრეტული ქმედებები. ამერიკის მოქმედება, რომელსაც აქვს ძალა, აიძულოს რუსეთი მშვიდობის დამყარებისკენ. ევროპის მოქმედება – რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყოს ძლიერი. სხვების მოქმედება მსოფლიოში – რომლებიც დიპლომატიისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ და რომლებსაც რუსეთი უგულებელყოფდა“.

რუსეთმა დღეს, 10 ივნისს, კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა 315 დრონი გამოიყენა, რომელთაგან 250-ზე მეტი „შაჰიდი“ იყო და 7 რაკეტა, მათ შორის 2 – ჩრდილოეთ კორეის წარმოების.

„დაზიანდა სახლები და ურბანული ინფრასტრუქტურა, ხოლო რუსეთის სამიზნე ოდესის სამშობიარო სახლიც კი გახდა“ – წერს ზელენსკი ტელეგრამზე.

ოდესაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამშობიარო სახლი, სასწრაფო დახმარების სადგური, სამედიცინო კლინიკა, სპორტული კომპლექსი, ზოოპარკი და რკინიგზის სადგური.

რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საწყობები და რკინიგზა.

ვინ ითხოვს მზია ამაღლობელის მეორედ დასჯას სტიკერის მიწებების გამო

„არ ქნა გოგო, არა“ – ეს ერთადერთი გაფრთხილებაა, რომელიც ისმის 2025 წლის 11 იანვარს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც ჩანს, როგორ აკრავს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერს წარწერით – „იფიცება საქართველო“.

შესაძლოა ბრალდების მხარეს ეგონა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის – „არ ქნა გოგო არა“ – პოლიციელს ეკუთვნის. სინამდვილეში ეს ბათუმის პროევროპული აქციების მედროშის ზურაბ ჭავჭანიძის ხმაა, ის მზიას გაფრთხილებას ცდილობდა.

„იმ დღეს პოლიციელებმა სტიკერის გამო დააკავეს ადამიანები, მე არავინ მემეტება დასაკავებლად და ამიტომაც ვაფრთხილებდი მზიას“, – გვითხრა ზურაბ ჭავჭანიძემ 9 ივნისს, სასამართლო სხდომის შემდეგ.

მიუხედავად ამისა, 9 ივნისის სასამართლო სხდომაზე, სადაც სტიკერის გაკვრის გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ დავას უკვე მეორედ განიხილავდნენ, პოლიციელი ქალი, მარიამ კერესელიძე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციამ გააფრთხილა არ მიეკრა სტიკერი, ის კი არ დაემორჩილა მათ.

მარიამ კერესელიძემ ყალბი მტკიცებულებების გამოყენებით ერთხელ უკვე დასაჯა მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო. ის პირველ ივნისს შსს-ს ახალმა მინისტრმა დააჯილდოვა.

მარიამ კერესელიძე

იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნამდვილად მისი ხმა იყო, 9 ივნისს ზურაბ ჭავჭანიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის მსვლელობისას მოსამართლე მარიანა ფომაევასაც ეძახდა ქუჩიდან, სასამართლო დარბაზის ფანჯარასთან – „არ ქნა გოგო, არა!“

ეს ხმა სხდომათა დარბაზშიც კარგად გაიგეს და მოსამართლესაც განუმარტეს, აი ამ კაცის ხმა ისმის ვიდეოშიო.

ბათუმის პოლიციის სამმართველოს შესასვლელთან, დახმარე შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს იერსახის დამახინჯებას ედავებიან ადმინისტრაციული წესით. საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავს. პატაკი დარღვევაზე ამჯერად პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა დაწერა. 

9 ივნისს გამართულ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა გიორგი ხიმშიაშვილმა და ირმა აბაშიძემ სასამართლოს განუმარტეს, რომ ფაქტიდან 4-თვიან პერიოდში სტიკერის გაკვრაზე პოლიციელებმა არანაირი მოქმედება არ განახორციელეს და „110 დღეა გასული“. პოლიციელების ჩვენების მიხედვით, მზია ამაღლობელმა გააკრა სტიკერი და ამავდროულად შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.

ადვოკატმა განმარტა, რომ თუ ორივე ფაქტობრივ გარემოებას სამართალდარღვევად მიიჩნევდნენ პოლიციელები, ისინი ვალდებულები იყვნენ ნორმათა კონკურენციის პირობებში მოეხდინათ რეაგირება.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, საქმე ისაა, რომ სტიკერი – „იფიცება საქართველო“ მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე შენობაზე გააკრა 2025 წლის 11 იანვარს, საპროტესტო აქციის მსვლელობისას. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც მაშინ თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებობს სტიკერის გაკვრის კადრი, თუმცა ამ კადრში ჩანს, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი გააკრა ხმაამოუღებლად და არავის აყენებდა შეურაცხყოფას, ის საერთოდ არაფერს არ ამბობდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს აქციას უწყვეტი „ლაივით“ აშუქებდნენ ჟურნალისტები და ტელეფონებით იღებდნენ აქციის მონაწილეებიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ იპოვა კადრი, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს „ბოზებს“ ეძახის, როგორც ეს ერთ-ერთ სხდომაზე, სისხლის საქმესთან დაკავშირებით თქვა პოლიციელმა გიორგი ბჟალავამ ჩვენების მიცემისას. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამ ამბიდან 4-თვიან პერიოდში არანაირი მოქმედება პოლიციელებმა არ განახორციელეს სტიკერის გაკვრის გამო. ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლით, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებდა, სახდელის ვადა 4 თვეა.

ადვოკატები საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ:

„2 სამართალდარღვევას თუ ჰქონდა ადგილი, აქ შემოდის ორმაგი მსჯავრდების დაუშვებლობის და აკრძალვის გარემოება. თუ ორივე ფაქტობრივ გარემოებას სამართალდარღვევად მიიჩნევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ისინი ვალდებულები იყვნენ ნორმათა კონკურენციის პირობებში, რომელი ნორმაც განსაზღვრავდა სახდელის ზომას, კონკრეტულად ის ნორმა გამოეყენებინათ“.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ სტიკერის გაკვრის შესახებ ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღწერილია, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე.

საქმის განხილვის დაწყებამდე ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს მზია მაღლობელს მათ გვერდით დაეკავებინა ადგილი – რადგან ადმინისტრაციულ საქმეს განვიხილავთ და კომუნიკაციაც გაგვიმარტივდება, გარდა ამისა მზია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგესო, თუმცა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ „მზია ამაღლობელს პატიმრობა შეფარდებული აქვს“.

„ სირცხვილი“, „სირცხვილი“ , „უსამართლო სასამართლო“ – მის ამ გადაწყვეტილებას დარბაზი შეძახილებით გამოეხმაურა.

სასამართლო სხდომა
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მზია ამაღლობელმა სასამართლოს განუმარტა, რომ სტიკერი გააკრა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რადგან სტიკერის გაკვრის გამო დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად მივიდა პოლიციის შენობასთან.

„რაც შეეხება იერსახის დამახინჯებას, ჩემი სახელით უამრავი მოთხვნაა მერიაში შესული, კედლის მოხატვაზეც კი ნებართვები მაქვს მიღებული“ – უთხრა მზია ამაღლობელმა მოსამართლეს.

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას ადვოკატებმა განაცხადეს ასევე, რომ მიმართეს ბათუმის მერიას და მოითხოვეს ინფორმაცია, განსაზღვრულია თუ არა ქალაქში ადგილები სადაც სტიკერების გაკვრა დაშვებულია, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ადვოკატებმა სთხოვეს მოსამართლეს, დაავალდებულოს მერია, გასცეს ინფორმაცია. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„რა თქმა უნდა, ეს წინასწარ ვიცოდით“ – გამოეხმაურნენ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზიდან. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მოსამართლის ყველა გადაწყვეტილების წინასწარ გამოცნობა შეუძლიათ.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში ბრალდების მხარეს მარიამ კერესელიძე და თეა ლაღაძე წარმოადგენდნენ.

ბრალდების მხარის განმარტების შემდეგ „ ოქმში ისედაც არის ფაქტები აღწერილიო“, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა ადმინისტრაციულ საქმეში ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის, მისი მოადგილის გოჩა ვანაძის და აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის გრიგოლ ბესელიას დაკითხვის შესახებ, ასევე პატაკის ავტორის დაკითხვის თაობაზე.

„ისე აღწერს ფაქტებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ესწრებოდა და თავად ნახა ყველაფერი“ – ასე ასაბუთებდა მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, ირმა აბაშიძე, პატაკის ავტორის, ნოდარ ზენაიშვილის დაკითხვის აუცილებლობას, თუმცა უშედეგოდ, მოსამართლემ უარი თქვა.

ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა სასამართლოს უთხრა ისიც, რომ ნორმა, რომელიც გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოშიც გასაჩივრდეს, რადგან გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმაა, შინაარსობრივი ნაწილი არ არის ცხადი და განჭვრეტადი:

„და ის წინა შუამდგომლობა, რაც ჩვენ დავაყენეთ, ჰქონდა თუ არა მუნიციპალიტეტს გამოყოფილი ადგილები ქალაქში და განსაზღვრული კონკრეტული ლოკაციები სად უნდა განთავდეს სტიკერი, ეს ნორმატიული მოწესრიგებაც თუ არ გვაქვს, ფაქტობრივად ჩვენ აღმოვჩნდებით კონსტიტუციური უფლების ილუზორულ გაგებაში, გვაქვს ჩანაწერი გამოხატვის თავისუფლებაზე, მაგრამ მისი რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“ – განაცხადა ადვოკატმა.

9 ივნისს, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გაგრძელდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, სადაც მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

სხდომაზე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დაკითხეს. ის მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს სამმართველოს შენობასთან ფეისბუქზე „ლაივში“ აშუქებდა მიმდინარე პროცესს.

ჯაბა ანანიძე დეტალურად მოუყვა სასამართლოს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები პოლიციის შენობასთან და ხაზგასმით უთხრა მოსამართლეს, რომ ადმინისტრაციულ საქმეში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოყენებული კადრები, სადაც თვითონ [ჯაბა ანანიძე] ჩანს, მანიპულაცია, რადგან მზიას ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ზუსტად იმ დღეს, საღამოს გადმოკვეთა საზღვარი, გზაში გაიგო მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა პოლიციის შენობასთან.

ჯაბა ანანიძემ მოსამართლეს უთხრა ასევე, რომ 12 იანვარს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის მონაწილე ქალების გამოშვების შემდეგ მშვიდი ვითარება იყო, ამიტომაც მისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ დაიწყო პოლიციამ მოულოდნელი დაკავებები, რასაც შემდეგ ჭყლეტა მოჰყვა.

ამ ჭყლეტის დროს დაეცა და დაშავდა მზია ამაღლობელიც.

ჯაბა ანანიძემ ასევე უთხრა სასამართლოს, რომ იმ დღეს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგრესიული იყო.

პროკურორს აინტერესებდა, მოისმინა თუ არა ჯაბა ანანიძემ, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტმა უპასუხა, რომ არ გაუგონია.

სხდომაზე ერთ-ერთი ვიდეოს ჩვენების შემდეგ, რომელზეც ასახული იყო 11 იანვრის საღამოს ციალა ქათამიძისა და ირაკლი დგებუაძის საუბარი სტიკერის დაკვრის შემდეგ, [ციალა ქათამიძემ დააკრა სტიკერი პოლიციის ეზოს შესასვლელთან, ასფალტზე] პროკურორმა გოგეშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ დღეს დაკავებულმა თათია აბულაძემ „უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააპროტესტა, რატომ დაიწყო საუბარი თათია აბულაძეზე პროკურორმა, როცა სხდომაზე წარდგენილ ვიდეოში ის არ ჩანდა და არც მის საქმეს განიხილავდნენ. ამაზე დარბაზსაც ჰქონდა რეაქცია, რასაც მოჰყვა მოსამართლის გაფრთხილებაც.

პროკურორმა ასევე თქვა, რომ იმ დღეს აქციის მონაწილეებს ბლოკირებული ჰქონდათ სამმართველოს შესასვლელი.

„მაჩვენოს ბატონმა პროკურორმა, სად ჩანს, რომ ბლოკირებული აქვთ შესასვლელი“, – ისევ გააპროტესტა ადვოკატმა.

პროკურორის აზრით, პოლიციელზე სტიკერის მიკვრა წარწერით – „იფიცება საქართველო“ არის უმძიმესი შეურაცხყოფა, იმავე შინაარსის სტიკერი დააკრა ციალა ქათამიძემ პოლიციის შესასვლელთან და სწორედ იგივე შინაარსის სტიკერი უჭირავს ხელში მესამე ქალბატონსო, რომელიც ვიდეოში აპროტესტებდა ციალას და თათიას დაკავებას.

პროკურორმა სტიკერი – „იფიცება საქართველო“ სხდომაზე შეაფასა, როგორც უმძიმესი შეურაცხყოფა პოლიციელისთვის.

„უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს!“, „რას ყიდით, სამშობლოს?“ მთელი პროცესის მანძილზე სხდომათა დარბაზში აღწევდა მოქალაქეების შეძახილების ხმა, რომლებიც სასამართლოსთან იყვენენ შეკრებილები.

სასამართლოს ფოიეში მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის დაწყებამდე

შემდეგი სხდომა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე 18 ივნისს გაიმართება, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე – 23 ივნისს.

9 ივნისს, საღამოს, სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რათა შეძახილებით გაეცილებინათ პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელსაც მზია ამაღლობელი რუსთავის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაჰყავს.

„თავისუფლება მზიას!“ „მზია, გვიყვარხარ!“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ასეთი შეძახილებითა და ტაშით გააცილეს 9 ივნისს მზია ამაღლობელი ბათუმის სასამართლოდან.

დღეს ბათუმში სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ აჩვენებენ

დღეს, 10 ივნისს, 21:00 საათზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, გაიმართება რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერება“ ჩვენება.

„მოთვინიერება“ დოკუმენტური ფილმია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარა-გურიის რეგიონში 2017-2019 წლებში ამოთხრილი და ზღვით წაღებული ხეების შესახებ მოუთხრობს მაყურებელს.

ფილმი 2021 წელს გამოვიდა და დღემდე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევარს.

10 ივნისს უწყვეტი პროევროპული აქციების დაწყებიდან 195-ე დღე გავიდა.

195 დღეა ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. სწორედ საპროტესტო აქციაზე აჩვენებენ დღეს საღამოს სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივნისის 21 საათიდან 11 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 12 და 13 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 998 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 10 919 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 768 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 28 982 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 412 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 183 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 057 ერთეული [+239]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 330 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 51 455 ერთეული [+107]
  • სპეცტექნიკა – 3 912 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 62 725 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 849 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 990 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 698 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა დღეს, 10 ივნისს, კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია: ზელენსკიმ მასშტაბური უწოდა რუსეთის ღამის თავდასხმას – „სამიზნე ოდესის სამშობიარო სახლიც კი გახდა“

კიევი აცხადებს, რომ კიდევ ერთ რუსულ აეროდრომს დაარტყა და 2 თვითმფრინავი დააზიანა

რუსებს უკრაინული დრონების თავდასხმის კადრების გავრცელების გამო აჯარიმებენ

“სამ წელზე მეტია სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს არ არის თამაში. ყოველ დღე ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გრძნობს, შეუძლია გააგრძელოს მოქმედება დასჯის გარეშე. რუსეთი იძულებული უნდა იყოს, დათანხმდეს მშვიდობას.”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

იბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

სტარტაპ დაჯილდოების მთავარ მიზანს გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება წარმოადგენდა, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ.

გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.

წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მიეძღვნა გიორგი ტუხაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას – ანტრეპრენერობას.

2025 წლის დაჯილდოებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ნომინაცია, რომლებშიც დაინტერესებულ პირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირება შეეძლოთ.

50-ზე მეტი შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. გაიცანით წლევანდელი ჯილდოს მფლობელები:

  • Ecosystem Hero – რუსუდან ჩაჩანიძე, მედიალაბის ხელმძღვანელი
  • Boldest Startup – ტექნოლოგიური სტარტაპი KLIPY
  • Super Connector –  ირო ცაგარეიშვილი, AXEL-ის მმართველი დირექტორი
  • Growth Catalyst – რობინ ბატლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი

ნომინაციაში გამარჯვება დაკავშირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5,000 ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა. ნომინანტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: GT Startup Awards.

ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ინიციატივაც – გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მენტორებს, ისე მენტორის მოძებნის მსურველ სტარტაპებს. შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ბმულზე.

გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის.

ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

„თავისუფლება მზიას“, “სირცხვილი მოსამართლეს“ – ამ და სხვა შეძახილებით დაიწყო სასამართლო სხდომა “მზია ამაღლობელის საქმეზე”.

დღეს, 9 ივნისს, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო – მას სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ.

დღესვე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე – სილის გაწვნისთვის მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან – არსებითი განხილვის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოში ამ ეტაპზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

  • მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვე უკანონო პატიმრობაშია.
  • უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერი გააკარა „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფას აყენებდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა.

რატომ ასამართლებენ მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული წესით ხელახლა იგივე „სტიკერის გაკვრის საქმეზე“?

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად შსს სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავებ. სწორედ ამ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს 13 საათზე. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა.

ამ მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ სტიკერის გაკვრისთვის გაასამართლა 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ციალა ქათამიძე. შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმეც გააყალბა და ის მოსამართლე ფომაევამდე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისევ სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

რაც მთავარია, მოქალაქემ სტიკერი საჯარო სივრცეში, შენობის შესასვლელთან გააკრა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ყურადღება გაამახვილა „ორმაგ მსჯავრდებაზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი და იგივე ქმედების გამო არ შეიძლება ადამიანი ორჯერ გასამართლდეს.

„სასამართლო ამ შეფასებას ვერ დაეთანხმება. თარიღი ერთი და იგივეა, მაგრამ ქმედება განსხვავებულია,“ – მიმართა მზია ამაღლობელის ადვოკატებს მოსამართლე მარიანა ფომაევამ.

„ორი ადმინისტრაციული ცოტაა, მესამეც დაამატეთ“ – წამოიძახეს დარბაზიდან.

ადვოკატებმა ამ საქმეზე პოლიციელების დაკითხვა მოითხოვეს, რომლებმაც შემთხვევიდან სამ თვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვიტეს პატაკის და ახსნა-განმარტებების დაწერა.

მოსამართლემ პოლიციელების ნოდარ ზენაიშვილის და ედნარ შაინიძის დაკითხვის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე კი უარი თქვა, რომლის ხმაც ისმის მზია ამაღლობელის დაკავების დროს, სტიკერის გაკვრისთვის დავაკავეთო.

სტიკერის გაკვრა ამ შემთხვევაში სამართალდარღვევა რომც ყოფილიყო, პოლიციელებს მზია ამაღლობელის, ან ამ ქმედების გამო რომელიმე მოქალაქის დაკავების უფლება არ ჰქონდათ.

სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა? – ეს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ადვოკატებს ბათუმის მერიიდან გამოუთხოვიათ, მაგრამ მერიამ ეს ინფორმაცია არ გასცა. ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს შუამდგომლობით ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გამხდარიყო.

„ეს არ არის საჯარო ინფორმაცია“ – მიმართა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.

მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის პოზიცია გაიზიარა და განმარტა, რომ მსგავსი ინფორმაცია ვერ გაიცემა, როგორც საჯარო ინფორმაცია.

„ცირკია უკვე, ცირკი“ – მოსამართლეს მიმართეს ისევ სხდომათა დარბაზიდან.

„ამ ცირკს ვერ ვუყურებ, გავდივარ“ – დარბაზი პროტესტის ნიშნად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა დატოვა.

მოსამართლეს ადვოკატმა ირმა აბაშიძემ ისიც უთხრა, რომ სტიკერი შსს-ს დამხმარე ნაგებობას გააკრეს და დაკავებისთანავე პოლიციელმა ერთი ხელის მოსმით ააძრო – სტიკერის გაკვრით შენობის იერ-სახე არ დამახინჯებულა და არც დაზიანებულა.

ამასობაში მზია ამაღლობელს მისცეს სიტყვა, თუმცა უმიკროფონოდ მისი ხმა დარბაზში სუსტად გაისმა.

„მიკროფონი მიაწოდეთ, მიკროფონი, ამის უფლება მაინც ხომ აქვს?” – დარბაზი გააქტიურდა ისევ. მოსამართლე იძულებული გახდა, მზია ამაღლობელისთვის მიკროფონი მიეწოდებინათ.

„უსამართლობაა, როცა სტიკერის გაკვრისთვის მეორედ მასამართლებენ… სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც სტიკერის გამო დააკავეს,“ – მოსამართლეს მიმართა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მას პირადად არაერთხელ მიუმართავს ბათუმის მერიის ადმინისტრაციისთვის, როცა ნებართვის მოპოვება იყო საჭირო.

„ახლაც როგორი პოზიციიდან გესაუბრებათ… გრცხვენოდეთ, მზია, გვიყვარხართ” – პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი ჟურნალისტმა ევა ართმელაძემ დატოვა.

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“ – მზია ამაღლობელს მიუბრუნდა შსს-ს წარმომადგენელი, მარიამ კერესელიძე.

ამ დროს დარბაზს ჯერ სიცილმა გადაუარა, შემდეგ – ბრაზმა.

„სტიკერის გაკვრა არაა სამართალდარღვევა“ – შსს-ს წარმომადგენელს დარბაზიდან მიმართა ჟურნალისტმა ლელა დუმბაძემ.

მოსამართლემ ლელა დუმბაძეს დაატოვებინა სხდომათა დარბაზი.

„სტიკერის გავაკარი, მაგრამ სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად,“- შსს-ს იურისტს, მარიამ კერესელიძეს ხმამაღლა გაუმეორა მზია ამაღლობელმა.

„სადმე იყო მითითება, გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ სტიკერის გაკვრა აკრძალული იყო?” – შსს-ს იურისტს მიმართა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„ისმის ხმა, რომ არ გაეკრა“- თქვა შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ, თუმცა დარბაზში მაშინვე წამოიძახეს:

„ეს მედროშის ხმაა, ყველა ვიცნობთ“ – გაისმა დარბაზში.

„მე მიგითითებთ, რომ მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და არა ის, რასაც რუსული რეჟიმი გავალებთ“ – პროტესტი გამოხატა სასამართლო სხდომაზე აქტივისტმა მარიამ ქაჯაიამ.

მოსამართლემ მასაც დაატოვებინა სხდომათა დარბაზი.

„მე ვარ თქვენი სინდისის ხმა, გრცხვენოდეთ,“- ამ დროს სასამართლოს შენობის მიღმა გაისმა მედროშის ხმა – პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძე მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, სოლიდარობის ნიშნად მზია ამაღლობელის პროცესების დროს სასამართლოსთან გარეთ ჩერდება – ტრადიციულად საქართველოს დროშით ხელში და პერიოდულად ხმამაღალი შეძახილებით მიმართავს სასამართლოს.

„უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ“ – გაისმა სასამართლოსთან შეკრებილი და დარბაზიდან გაძევებული მოქალაქეების ხმა სასამართლო დარბაზში.

სასამართლო განხილვა გადაიდო. შემდეგ პროცესზე სასამართლო მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

რა არის დეტრივიტი და რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინ D3-ის შესახებ

D ვიტამინის ნაკლებობა დღესდღეობით უამრავ ადამიანს აწუხებს. ზოგს ეს პრობლემა ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო ექმნება, ზოგჯერ კი იგი ასაკისა და სხვადასხვა დაავადების თანმდევია. ასეა თუ ისე, რაციონის ცვლილებითა და მზეზე სეირნობით დეფიციტი ყოველთვის ვერ გვარდება. ასეთ დროს დანამატებს მიმართავენ ხოლმე, როგორიცაა, მაგალითად, დეტრივიტი.

დეტრივიტი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელიც ვიტამინ D3-ის დეფიციტის დროს გამოიყენება. შესაძლოა, ექიმმა იგი ამ ვიტამინის უკმარისობის საპროფილაქტიკოდაც დანიშნოს. პრეპარატი არაერთი დოზით თუ ფორმით არის ხელმისაწვდომი.

რადგან დეტრივიტი დანამატია, შეიძლება იფიქროთ, რომ მისი მიღება ყველასათვის უსაფრთხო და მიზანშეწონილია. ეს ასე არ არის — ზოგიერთ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია, რომ ამ საშუალებამ ზიანი მოგვაყენოს. ამის გამოსარიცხად მის მიღებამდე ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია.

რა უნდა გავითვალისწინოთ დეტრივიტის მიღებამდე

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დეტრივიტი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მიიღოთ. თუ ვიტამინის ნაკლებობის ნიშნები გაქვთ — უენერგიობა, დაღლილობა, ძვლებისა და კუნთების ტკივილი თუ სხვა — აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ საკუთარი ჯანმრთელობა; შესაძლოა, საქმე D ვიტამინის ნაკლებობასთან არ გქონდეთ და მეტად კომპლექსური მკურნალობა გჭირდებოდეთ.

როცა დეფიციტი ანალიზით დადასტურდება, ამ შემთხვევაშიც დაგჭირდებათ ექიმის ან ფარმაცევტის ჩართულობა — სწორედ მან უნდა შეაფასოს, რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის დანამატის მიღება, რა დოზებით და რა ფორმით.

გაითვალისწინეთ, რომ დეტრივიტს სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად არ მიმართავენ. იგი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და უკვე არსებული პრობლემის, D ვიტამინის დეფიციტის, მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოთ. არ უნდა მიიღოთ იმაზე მაღალი დოზა, ვიდრე გჭირდებათ.

ეს საშუალება არ უნდა გამოიყენოთ, თუ მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია გაქვთ (ამაზე თქვენს მკურნალს შეგიძლიათ გაესაუბროთ). ორსულობის ან ლაქტაციის შემთხვევაში ექიმმა უნდა შეაფასოს, რამდენად რეკომენდებულია ეს პრეპარატი თქვენთვის. ორივე შემთხვევაში, შესაძლოა, მან D ვიტამინის სხვა დანამატს მიანიჭოს უპირატესობა.

საგულისხმოა, რომ, როცა დეტრივიტს პაციენტი ხანგრძლივად იღებს, აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის მუდმივი კონტროლი; ყურადღება უნდა მივაქციოთ თირკმლის მუშაობასაც (ამისათვის სისხლში კრეატინინის დონე უნდა განისაზღვროს). ამ ფაქტორებზე დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ და საგულე გლიკოზიდებს მოიხმარენ. ასეთი ადამიანების ორგანიზმში შედარებით მაღალია კენჭების წარმოქმნის რისკი.

დანამატის მიღება უნდა შეწყვიტოთ, თუ ორგანიზმში კალციუმის გადაჭარბება (იგივე ჰიპერკალცემია) განვითარდება ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები გამოვლინდება. დეტრივიტის გამოყენებისას ჰიპერკალცემიის რისკი განსაკუთრებით მაღალია ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში.

სიფრთხილეა საჭირო მაშინაც, როცა დეტრივიტს სარკოიდოზის მქონე პაციენტი იყენებს. ამ შემთხვევაში შედარებით მაღალია იმის რისკი, რომ ვიტამინი D3 დიდი რაოდენობით გარდაიქმნას თავის აქტიურ ფორმაში.

იმისათვის, რომ საშუალებამ უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეინარჩუნოს, იგი 15-25˚C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ ისეთ ადგილას, სადაც ნესტი და სინათლე ვერ მოხვდება. პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არ უნდა დადოთ.

სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ – მზია ამაღლობელი

სტიკერის გაკვრა იყო პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვა საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი, რომლებიც იმ დღეს დააკავეს – განაცხადა მზია ამაღლობელმა დღეს, 9 ივნისს, ბათუმში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, სადაც მას დღეს მეორედ ასამართლებენ 11 იანვარს, აქციაზე, სტიკერის პოლიციის გალავანზე გაკვრის გამო.

„სტიკერის გაკვრაზე მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ, ბატონო მოსამართლევ.

შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან.

სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის, მით უფრო – ჩემ შემთხვევაში. ჩემი მხრიდან სტიკერის გაკვრა იყო პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს“.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო. სტიკერზე ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელის დაკავებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციის მონაწილეების სერიული დაკავება საპროტესტო აქციაზე სტიკერის გაკვრისთვის.

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლოს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება

დღეს, 9 ივნისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი ესწრება.

საელჩოს წარმომადგენელს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდება სხდომის თარგმანი.

ფაქტობრივად მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.

16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – შვედეთის ელჩი და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.

4 მარტს სასამართლო სხდომას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 5 თვეა უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამავე თემაზე:

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

დღეს, 9 ივნისს, უწყვეტი პროევროპული აქციების 194- ე დღეს,  21:00 საათზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ფილმის ჩვენება – „ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“.

მანამდე, დღეს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ასევე დღეს, 9 ივნისს, 13 საათზე, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ საქმის დასრულების შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის პროცესი გაგრძელდება – არსებითი განხილვა.

9 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ ასამართლებენ – 9 ივნისს ორი პროცესი იქნება

 

“გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ” – ბოკუჩავა მისი ქმრის მიერ უტა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ და აიძულეს ჩაეწერა ვიდეო, რომელშიც იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

„ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით“, — განაცხადა დღეს, 9 ივნისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის ვიდეო გუშინ, 8 ივნისს გავრცელდა. ვიდეოში კოტე იოსელიანი ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის ბოდიშს უხდის მისი ორიენტაციის შესახებ 7 წლის წინ გაკეთებული კომენტარის გამო.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა მეუღლის პოვნას, რეკავდა მის კუთვნილ ტელეფონზე, თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ შეძლო. ბოკუჩავას თქმით, გატაცების ზუსტი მიმართულების დადგენა შეუძლებელია, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი გატაცების შემდეგ ბევრი საათის განმავლობაში ჰყავდათ ე.წ. მოდულის შენობაში.

„ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორ-წლინახევრის ტყუპის ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას აზრით, მისი ქმრის გატაცების რეალური მიზეზი არა უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, არამედ ენმ-ის თავმჯდომარის დაშინებაა, რადგან მიიჩნიეს, რომ მას ვერ დაიჭერენ.

„ყველას პირადი ცხოვრება პირადია. წერტილი. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინდელი ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არ არის. ეს არის მხოლოდ საბაბი.

რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება. მინდა, ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის — რომელიც როგორც მეუბნებიან, მე როდესაც აშშ-ში პოლიტიკურ მეცნიერება ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, გასაგონად ძალიან გარკვევით ვთქვა: არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა 8 ივნისს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს.

ვიდეოში იოსელიანი ამბობს, რომ “რაღაც გარემოებები შეიქმნა”, რის გამოც იძულებულია ამ ფორმით მოიხადოს ბოდიში უკვე მეორედ, 7 წლის შემდეგ. თუმცა, არ განმარტავს, რა გარემოებებზეა საუბარი.

2018 წელს კოტე იოსელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ამის შესახებ “ქალაქში ჭორი დადის”. მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა და მალევე აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.

“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, – თქვა იოსელიანმა ჯერ კიდევ 2018 წელს.

კოტე იოსელიანი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდება. მათ შორის, არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში. ფეისბუქზე მისი ბოლო საჯარო პოსტები 2020 წლით თარიღდება. 5 წლის შემდეგ მან პირველად დაპოსტა და სოციალურ ქსელში უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოსახდელად ვიდეო ატვირთა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 997 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
  • ტანკი – 10 915 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 759 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 28 934 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 411 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 183 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 414 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 818 ერთეული [+167]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 315 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 51 348 ერთეული [+123]
  • სპეცტექნიკა – 3 911 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 62 467 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 836 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 571 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 941 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 668 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“სამ წელზე მეტია სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს არ არის თამაში.
ყოველ დღე ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გრძნობს, შეუძლია გააგრძელოს მოქმედება დასჯის გარეშე. რუსეთი იძულებული უნდა იყოს, დათანხმდეს მშვიდობას.”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ ასამართლებენ – 9 ივნისს ორი პროცესი იქნება

9 ივნისს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 9 ივნისს მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ საქმის დასრულების შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის პროცესი გაგრძელდება – არსებითი განხილვა. 

9 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.

  • მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვე უკანონო პატიმრობაშია.
  • უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილიო“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილე გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

  • მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად შსს სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავებ. სწორედ ამ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს 13 საათზე. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა.

ამ მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ სტიკერის გაკვრისთვის გაასამართლა 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ციალა ქათამიძე. შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმეც გააყალბა და ის მოსამართლე ფომაევამდე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისევ სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

რაც მთავარია, მოქალაქემ სტიკერი საჯარო სივრცეში, შენობის შესასვლელთან გააკრა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა.

ისევ სტიკერის გაკვრის საქმეზე – ოღონდ გაყალბებული საქმის მასალებით –  მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად უკვე ცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა. ამ საქმეში შსს-ს მხრიდან არაერთი სიყალბის ჩადენა დადასტურდა:

მაგალითად, დაკავების დროს გადაღებული ვიდეო კადრის მიხედვით, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროსი – გრიგოლ ბესელია აკავებს, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს გოჩა ვანაძემ დააკავა. ასევე, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთანავე დააკავეს, ოქმის მიხედვით კი, თითქოს მზია ამაღლობელი შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. შსს-ს მზია ამაღლობელის მხრიდან ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენების ამსახველი ობიექტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

ექსპერტიზის დასკვნა უკვე წარდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის სამართალდარღვევაზე ჯერ არ უმსჯელიათ.

ამ თემაზე:

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

ეპისკოპოსის თქმით, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი მას მონაზვნის მეშვეობით წამლავდა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მთავრობის მოქმედი წევრი, „უშიშროების“ მაღალი თანამდებობის პირი მის მკვლელობას საწამლავის გამოყენებით გეგმავდა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა დღეს, 8 ივნისს, თავის მრევლთან ღიად ისაუბრა.

მის ქადაგებას უცვლელად გთავაზობთ:

„ეპარქიაში ძალიან რთული პროცესები და მძიმე მოვლენები ვითარდება. მე, როგორც ამ ეპარქიის მწყემსი და მღვდელმთავარი, ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე რაღაცები გახმაურდა თქვენ შორის და სამწყსოში, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამაზე.

პერსონიფიცირებისგან მე თავს მოვარიდებ, ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა…

მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არამარტო მღვდელმთავარი, ღვთივ დადგენილი მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით, დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განა ჩვენი სჯული დასჯისო ადამიანს ისე თუ არ მოუსმენსო? – სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემ მკვლელობას, ჩემ ლიკვიდაციას, ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ.

ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ შიდა ოჯახის რაღაცა.

და ეს პიროვნება ჰყავდათ ეგრეთ წოდებულად, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგებია ალბათ ბევრისთვის, „დავერბოვკებული“. არ ვიცი რით დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისაგან.

ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი ან მოგცემთ მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში.

ეს პიროვნება არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ, რომ თმენის ვალდებულება მაქვს მაღალი, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ყველანაირი პროვოკაცია, მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, მოქმედი წევრია მთავრობის.

თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაცა ცხადი გახდება. მე მივეცი მას იმის შანსი, რომ ეღიარებინა, არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას, თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან 2 თვის წინ ის მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან და როცა ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე. და როცა იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა, როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი – შემხვდა და მომიყვა“.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივნისის 21 საათიდან 9 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 996 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 10 911 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 22 748 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 28 892 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 410 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 183 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 414 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 39 651 ერთეული [+158]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 315 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 51 225 ერთეული [+146]
  • სპეცტექნიკა – 3 911 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 62 255 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 816 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 571 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 880 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 629 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ გამდიდრდა ახალი შს მინისტრი – სახლები, აგარაკები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალდანიშნული უფროსის მოადგილე გელა გელაძე ორ თვეში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. 2025 წლის 28 მაისს ის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს. მანამდე ეს თანამდებობა ვახტანგ გომელაურმა დატოვა.

43 წლის გელა გელაძე მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში – 2008-2010 წლებში. სხვა შემთხვევაში ის მუდმივად საჯარო მოხელე იყო, მაღალ თანამდებობაზე კი პირველად 2010 წელს დაინიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ. მაშინ ის 28 წლის იყო.

საპოლიციო სისტემაში კი გელა გელაძე 2004 წლიდან მუშაობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის სოდის გამომძიებელი იყო. ამ დროიდან დღემდე კარიერულ წინსვლასთან ერთად მას მნიშვნელოვანი უძრავი ქონება შეუძენია, გამდიდრებულა.

დეკლარაციის თანახმად, მინისტრ გელა გელაძის ოჯახი თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების სახლებს, ბინებს, კომერციულ ფართობებს და მიწებს ფლობს საქართველოში. თუმცა, შეიძლება ეს არ იყოს საბოლოო მონაცემი, რადგან ამ დეკლარაციაში მინისტრს არ აქვს მითითებული, მაგალითად, მშენებარე სახლებისა თუ საკუთრებაში არსებული ყველა იმ ქონების ღირებულება, რასაც ოჯახი ფლობს.

გარდა ამისა, მინისტრს და მისი მეუღლეს დანაზოგის სახით და დეპოზიტებზე 600 ათას ლარამდე თანხა აქვთ.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალი შს მინისტრის ოჯახის საკუთრებაშია ორი საცხოვრებელი სახლი, ჯამში 700 კვ.მეტრზე მეტი. 4 მიწის ნაკვეთი, 5 ბინა, 2 კომერციული ფართობი და სამი ავტოფარეხია. სოლიდურია მისი ყოველწლიური დანახარჯებიც, თუმცა ბევრად სოლიდური უნდა იყოს სამშენებლო ხარჯები, რაზეც გელა გელაძე დეკლარაციებში არ უთითებს. 

მინისტრის მეუღლე 105 000 ევროდ ნაყიდი ავტომანქანით გადაადგილდება, თავად მინისტრს კი ავტომანქანაში 70 000 დოლარი გადაუხდია. 2023 წელს მოგზაურობისთვის 27 000 ლარი დახარჯეს

უფროსი შვილის LLP UNIVERSITY OF EXETER-ში სწავლისთვის მინისტრმა 33 519 გირვანქა-სტერლინგი, უმცროსი შვილის ევროპულ სკოლაში სწავლისთვის კი 7000 ევრო გადაიხადა.

  • შს მინისტრის მეუღლის ქონება

ახალი შს მინისტრის მეუღლემ, ნათია ელიზბარაშვილმა, დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს თბილისში, ინოვაციების ქუჩაზე 168 კვადრატული მეტრი მშენებარე ბინა და ორი ავტოფარეხი იყიდა, რაშიც ჯამში 228 541 დოლარის ეკვივალენტი ლარი გადაიხადა. ეს ნახევარი მილიონი ლარია, ან მეტი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს ქონება ჯერ არ არის დარეგისტრირებული.

2024 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, გელა გელაძის მეუღლემ 2017 წელს იყიდა მიწის ნაკვეთი კოჯორში, რომელშიც 11 000 ლარი გადაიხადა. ფართობი მითითებული არ არის, თუმცა ამ ნაკვეთთან დაკავშირებით გელა გელაძე დეკლარაციაში შენიშვნის სახით უთითებს, რომ აქ 2 ნაკვეთი შეისყიდეს 2012 წელს და სახლის მშენებლობის შემდეგ გააერთიანეს. მინისტრმა დეკლარაციაში მიუთითა ასევე შენობის მასშტაბზე, თუმცა მშენებლობის ხარჯებზე არაფერი ჩაწერა.

დეკლარაციის მიხედვით, ამ სახლის საერთო ფართობია 403.3 კვ.მეტრი. მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 195.7 კვ.მეტრია, საზაფხულო ფართობი – 93.1 კვ.მეტრი, სარდაფის ფართობი – 72 კვ.მეტრი; კიბის უჯრედი და სადარბაზოს ფართობი – 13.5 კვ.მეტრი; მიწის ნაკვეთი კი – 817 კვ.მეტრი.

რენდერი. ამ სახლის მშენებლობის ხარჯები მინისტრს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

ამ სახლის გვერდით კიდევ ერთი ახალაშენებული სახლია, რომლის ოფიციალური მფლობელიც ნინო ბულგაკოვა-ელიზბარაშვილია. ის შპს „სამედიცინო ცენტრ მეტას“ თანამესაკუთრეა – ამ კომპანიაში წილები ჰქონდა გელა გელაძესაც.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ სახლის ეზოს მხარეს გელა გელაძის მეუღლეს, ნათია ელიზბარაშვილს აქვს მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, სადაც თანამესაკუთრე ბექა ელიზბარაშვილია.

მშენებარე სახლის რენდერი – კოჯორი
რენდერი

ბექა ელიზბარაშვილი აქვე კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის ფართობიც 600 კვ.მეტრია. უნდა ითქვას ისიც, რომ ნინო ბულგაკოვა-ელიზბარაშვილი და ბექა ელიზბარაშვილი ერთ მისამართზე რეგისტრირებული პირები არიან. ისინი, დიდი ალბათობით, ერთი ოჯახის წევრები არიან. 

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ნათია ელიზბარაშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლის მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გასცეს. პროექტი ითვალისწინებდა ორსართულიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობას, რომლის ფასადიც ხელოვნური ქვის და ხის პანელებით უნდა შეეფუთათ. ასევე, უნდა მოეწყოთ მუქი ყავისფერი ტონალობის ალუმინის ვიტრაჟის და იგივე ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები.

2016 წელს მერიას პროექტში ცვლილების მოთხოვნით მიმართეს.

  • კიდევ ერთი მშენებარე სახლი გაყიდეს?

ახალი შს მინისტრის, გელა გელაძის მიერ 2024 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში  მითითებულია კიდევ ერთი სახლის შესახებ. მინისტრი გელაძე 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში წერს, რომ მისმა მეუღლემ, ნათია ელიზბარაშვილმა მიწის ნაკვეთი მშენებარე სახლით 800 000 დოლარად გაყიდა. გელა გელაძემ არ მიუთითა, რომელი მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი გაყიდა ნათია ელიზბარაშვილმა, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს უნდა იყოს 1233 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში თბილისის ქუჩაზე, ე.წ. „კაკლებში“ და ამ ნაკვეთზე მდებარე მშენებარე სახლი. პროექტის თანახმად, ამ სახლის საცხოვრებელი ფართობი 415 კვ.მეტრია.

2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ნათია ელიზბარაშვილმა მიწის ნაკვეთი [1231 კვ. მეტრი] წყნეთში, თბილისის ქუჩაზე 236 317 დოლარად იყიდა.

მშენებარე სახლის რენდერი, რომელიც გაყიდეს
რენდერი – სახლი „კაკლებში“

2023 წელს ეს ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა უცხოურმა კომპანიამ „სინუქს ინთერნეიშენალ ლიმითედმა“. ამ დროს სახლის კარკასი უკვე აშენებული იყო. მიუხედავად ამისა, გელა გელაძე [იგი მაშინ განათლების მინისტრის მოადგილე იყო] მშენებლობის ხარჯის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს. 2025 წლის აპრილში რეესტრში ცვლილება ისევ აისახა და სახლი თამარ მათიკაშვილის საკუთრებად დარეგისტრირდა.

დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძის მეუღლე, ნათია ელიზბარაშვილი ფლობს ასევე  ბინას, [175 კვ.მეტრს] კომერციულ ფართობს და ავტოფარეხს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ამ ქონებასთან დაკავშირებით დეკლარაციაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ კომერციული ფართობი შეძენილია ავტოფარეხთან ერთად. დეკლარაციაში ფასი ნაჩვენებია მხოლოდ ბინის გასწვრივ გრაფაში, რომლის მიხედვითაც ამ ქონებაში ნათია ელიზბარაშვილს 182 350 დოლარი გადაიხადა. კომერციული ფართობისა და ავტოფარეხის ფასი მითითებული არ არის.

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მინისტრის მეუღლე ფლობს 92 კვადრატულ მეტრ ბინას და არასაცხოვრებელ ფართობს. დეკლარაციის მიხედვით, ეს ქონება მისთვის 2007 წელს უჩუქებიათ, თუმცა მჩუქებლის ვინაობა დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ნათია ელიზბარაშვილი ფლობს კიდევ ერთ – 234 კვ.მეტრ კომერციულ ფართობს. ეს ქონება მას 2013 წელს 388 886 დოლარად შეუძენია. ამ ფართობთან დაკავშირებით გელა გელაძე ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ შეძენილია კომერციული ფართობი და ორი ავტოფარეხი, რომელთაგან ერთი 2019 წელს დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში.

დეკლარაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში ნათია ელიზაბარაშვილმა იყიდა ავტომანქანა „მერსედესი“, რაშიც 105 000 ევრო გადაუხდია. გელა გელაძემ კი 2013 წელს  „ტოიოტა ლ 200“ შეიძინა, რაშიც 70 000 დოლარი გადაიხადა.

ნათია ელიზბარაშვილს მნიშვნელოვან უძრავი ქონება შეუძენია ბაკურიანშიც, მის საკუთრებაშია 3 ბინა, ჯამში 136 კვ.მეტრი, რაშიც ჯამში 171 000 ლარი გადაუხდია 2017 წელს. მაშინ გელა გელაძე კრიმინალურ პოლიციაში სამმართველოს უფროსი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია ელიზბარაშვილი შპს „ნეილ ბარ ნნ“-ის მეწილეა. კომპანია 2018 წელსაა დაფუძნებული და მისი 50 პროცენტის მფლობელია. დაფუძნების დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის მთავარი საქმიანობა ფრჩხილების მოვლაა. მისი პარტნიორი და 50 პროცენტის მფლობელი ნინო გაგნიძეა.

  • გელა გელაძის ქონება

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძე თბილისში, ბეთანიის დასახლებაში ფლობს სახლს და 1468 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახლი ორ შენობას მოიცავს და მათი საერთო ფართობი 354.59 კვადრატული მეტრია.

გელა გელაძე დეკლარაციაში წერს, რომ ეს ქონება 2009 წელს აჩუქეს, თუმცა არ აქვს მითითებული ვინ აჩუქა. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია ჩუქების ხელშეკრულების შესახებ. თუმცა არ ჩანს, ვის ეკუთვნოდა ეს ქონება 2009 წლამდე. წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში გელა გელაძეს ამ ქონებაზე მითითებული აქვს, რომ მემკვიდრეობით მიიღო.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ ეს სახლი და მიწის ნაკვეთი „თიბისი ბანკში“ აქვს იპოთეკით დატვირთული. გარდა ამისა, 2009 წლის ივნისში მომზადებულ ამონაწერში მითითებული არ არის სახლის ფართობი.

გელა გელაძე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2023 წელს შეისყიდა 7 350 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში. ამისთვის, როგორც თავად მიუთითა, 5 500 ლარი ლარი გადაუხდია. თანამესაკუთრის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არ აღნიშნული არ არის, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, მასთან ერთად მიწის ნაკვეთის თანამფლობელია გიორგი გურეშიძე. გარდა ამისა, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გელა გელაძე ამ ნაკვეთის თანამესაკუთრეა 2021 წლიდან და არა 2023 წლიდან.

  • წილები კომპანიებში

შპს „დეკო“ 2012 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 50-50 პროცენტს გელა გელაძე და გიორგი მრელაშვილი იყოფენ. ისინი იყოფენ ასვე შპს „დეკო დიღომის“ წილებს, რომელიც 2020 წელს არის დაფუძნებული.

2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძე ფლობდა „სამედიცინო ცენტრ მეტას“ წილებს, თუმცა რეესტრის მონაცემებით, ის ამ კომპანიაში აღარ ფიქსირდება. გელა გელაძეს 2024 წელს იპოთეკური სესხი აუღია. ასევე მითითებული აქვს, რომ ორი კომპანიის წილები მართვაში აქვს გადაცემული. ესენია შპს „დეკო“ და  შპს „სამედიცინო ცენტრი მეტა“.

შპს „სამედიცინო ცენტრი მეტა“ 2022 წელს ქეთევან უცუნაშვილს, ნინო ბულგაკოვა -ელიზბარაშვილს და ზურაბ ზურაბიშვილს დაუფუძნებიათ. იგივე წელს ამონაწერში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა, რომლის შედეგადაც 10 პროცენტის მფლობელად გელა გელაძეა. 2025 წლის ამონაწერში ის საერთოდ არ ფიქსირდება.

  • სესხები და შემოსავალ გასავალი

გელა გელაძემ დეკლარაციაში მიუთითა მისი და მეუღლის სესხების შესახებ, მას „თიბისი“ ბანკიდან სესხის სახით 180 000 ლარი აუღია, იპოთეკური სესხი აქვს ნათია ელიზბარაშვილსაც, მისი ვალი გაცილებით მაღალია და 287 000 ევროს შეადგენს.

2023 წელს გელა გელაძეს სხვა მნიშვნელოვანი დანახარჯიც ჰქონდა: მისი უფროსი შვილი დიდ ბრიტანეთში,LLP UNIVERSITY OF EXETER-ში სწავლობს და სწავლის საფასურში 33 519 გირვანქა-სტერლინგი აქვს გადახდილი. უმცროსი შვილის სწავლის საფასური „ევროპის სკოლაში“ კი 7000 ევროა. გარდა ამისა, 2023 წელს გელა გელაძემ მოგზაურობის ხარჯებში 27 328 ლარი მიუთითა. 

რაც შეეხება ხელფასს, 2023 წელს გელა გელაძემ 64 560 ლარი მიიღო, ჯერ როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა და შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის გელა გელაძეს „თიბისი ბანკის“ ანაბარზე 146 000 დოლარი ჰქონდა, ნათია ელიზბარაშვილს კი „თიბისი ბანკის“ საბარათე ანგარიშზე 23 625 დოლარი, 6000 გირვანქა სტერლინგი, 40 000 დოლარი დეპოზიტი.

2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში გელა გელაძემ ქველმოქმედების სახით დახარჯულ თანხაზეც მიუთითა, 27 175 ლარი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწებულებაში სწავლის საფასურის სახით გადავიხადეო, თუმცა კონკრეტულად ვის გადაუხადა არ ჩაწერა. ამ წელს მან ქონების გადასახადზეც ჩაწერა 10 010.

ძვირადღირებული მაჯის საათები გელა გელაძესაც ჰყვარებია, 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მან 8625 ლარი Braitling – ის მაჯის საათში გადაიხადა. 

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გელა გელაძეს 2024 წლის 28 თებერვალს შეუვსია. ეს იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციაში ასახულია წინა, 2023 წლის მონაცემები. მაშინ ის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. 2025 წელს შევსებული დეკლარაცია საერთოდ არ იძებნება, რადგან ანტიკორუფციულმა ბიურომ, დაპირების მიუხედავად, ვებგვერდზე „ხარვეზი არ აღმოფხვრა“. 

ამ შემთხვევაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] მონაცმებს ვეყდნობით, სადაც თავმოყრილი და ატვირთულია მონაცემები თანამდებობის პირების მიერ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით შევსებული დეკლარაციებიდან.

8 ივნისს ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენებას გამართავენ – „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“

ხვალ, 8 ივნისს, 21 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ფედერალისტები“ ფილმის – „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“ – ჩვენებას გამართავენ.

„არასდროს არ ყოფილა ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი, როგორც ახლა!“

უკვე 191-ე დღეა, რაც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია:

„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები“ – აღნიშნულია ფეისბუქზე გავრცელებულ ანონსში.

დღეს, 7 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტი საპროტესტო აქციების 192-ე დღეა. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია უკვე დააანონსეს.

Exit mobile version