„არ შეიძლება მშობელს უთხრა ბავშვის გასაგონად: „ამოიყვანე აუზიდან, ფულს გიბრუნებ და წადით“, „შენ არ გითქვამს, რომ ასეთი აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდით“, „არ ვარ ვალდებული აგიტანოთ“, – ამბობს 12 წლის ქეთი ლიპარტელიანის დედა, გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“.
ქეთი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და დედასთან ერთად სურამში უნდა დაესვენა 5 დღით, მერიისგან მიღებული ვაუჩერით. თუმცა როგორც დედა, გვანცა გულიაშვილი ამბობს, მეპატრონემ ისინი აიძულა, სასტუმრო დაეტოვებინათ.
„ხუთი დღით უნდა დაესვენა ქეთის სურამში, სასტუმრო „ლეჯიანდრო სურამის“ მფლობელს, მადონა ხაჩიძეს ერთი თვით ადრე ვესაუბრე და მან იცოდა, რომ ჩემს შვილს ჰქონდა აუტისტური სპექტრი. ის არ ყოფილა წინააღმდეგი, მის სასტუმროში რომ დაესვენა ბავშვს.
მერიას არ ჰყავს კონტრაქტორი სასტუმროები, ის უბრალოდ შშმ ბავშვებს აძლევს 800-ლარიან ვაუჩერს და სასტუმროებს თავად მშობლები არჩევენ.
ერთადერთი იმაზე ჰქონდა პრობლემა, რომ მერიის ვაუჩერი ძალიან რთული გასანაღდებელია, რადგან 2 თვე სჭირდებაო, მაგრამ კარგი, წამოვალ ამ კომპრომისზეო. მე დავუმატე თანხა და შევთანხმდით.
მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ოთახი უნდა ყოფილიყო აივნიანი, მაგრამ დაგვახვედრა პირველ სართულზე პატარა, ბნელი ოთახი, პატარა ფანჯრით. ამ ოთახის ფოტო სასტუმროს გვერდზეც კი არ უდევთ.
ამაზე ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვთქვი, რომ მე ველოდებოდი აივნიან ოთახს, მაგრამ ერთია ის, რომ გეუბნება – „მოდი“, რადგან ბანკის ვალი აქვს და ის 800 ლარი არ უნდა გაუშვას ხელიდან და მეორეა, რეალურად რამდენად მზად არის იმისთვის, თუნდაც ცნობიერების დონეზე, რომ მიგიღოს“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, სასტუმროში ის და ქეთი 5 დღე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა მეპატრონემ მეორე დღესვე აიძულა ისინი, დაეტოვებინათ სასტუმრო.
„იმავე დღეს, რამდენიმე საათში, როცა ვისადილეთ და ავედით აუზზე, შემოვიდა მადონა ხაჩიძე და სხვა დამსვენებლების თანდასწრებით, საკმაოდ ემოციურად მითხრა, რომ ბავშვი ხტუნაობდა ნომერში, ნომრის ქვეშ არის სამზარეულო და მე ვერ გაგაჩერებთო.
მითხრა, შენ არ გითქვამს, რომ ასეთი მძიმე აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდიო.
მაგდებთ-მეთქი? – ვკითხე და მიპასუხა – არ ვარ ვალდებული აქ 5 დღე აგიტანოთო.
ქეთის კი აქვს რთული ქცევა, მაგრამ არა ისეთი, რომ სხვას ზიანი მიაყენოს, არც თვითდაზიანება ახასიათებს და მით უმეტეს, არ ახასიათებს სხვისი დაზიანება.
როცა ქეთიმ დაიძინა, ისევ მოვიდა სასტუმროს მეპატრონე, მომიკაკუნა კარზე და მითხრა, ვაუჩერს დაგიბრუნებ, ბე დილის 12:00 საათამდე გაქვს გადახდილი და მერე დატოვე ოთახიო“, – ამბობს გვანცა.
მეორე დღეს გვანცამ და 12 წლის ქეთიმ სასტუმრო დატოვეს.
ამ შემთხვევის შესახებ გვანცა გულიაშვილმა ფეისბუქზე დაწერა. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
„ანა არგანაშვილი დამიკავშირდა. როგორც იცით, ის წლებია მუშაობს შშმ ბავშვებისა და ქალთა უფლებების დაცვაზე და მათი მეშვეობით ვაპირებ მივმართო სასამართლოს, რათა მადონა ხაჩიძეს დაუდგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობა ჩემი შვილის მიმართ.
პარლამენტის შშმ პირთა კომიტეტიდანაც დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ კომიტეტი და სახალხო დამცველის აპარატი კოორდინირებულად იმუშავებდნენ, შეისწავლიდნენ ჩვენ შემთხვევას, მაგრამ ჩემი, როგორც მშობლის, მეურვის სურვილია, მივმართო სასამართლოს, რომ დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი.
ვფიქრობ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიყოთ სოლიდარულები და ჰუმანურები ყველა განსხვავებულის მიმართ, განსაკუთრებით კი ბავშვების მიმართ“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობოების წინააღმდეგ რეპრესიული კანონები შემოიღო, შშმ პირების მიმართ გარემო უფრო დისკრიმინაციული გახდა და გვანცა ფიქრობს, რომ ეს სწორედ ამ რეპრესიული კანონების შედეგია.
„როცა ეს ჩვენი „ე.წ. დამცველი ზურგი“ მოიხსნა და ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ ჩვენი დამცველი აღარავინ დარჩა, მე ვგრძნობ დაგროვილ ნიაღვარს ზიზღის.
ეს ზიზღი განსხვავებული ადამიანების მიმართ ახლა იწყებს დინებას და თუნდაც ამიტომ არ შეიძლებოდა ამ კანონების მიღება არაფრით, რომ ეს იყო ის, რაც აკავებდა ამ საზოგადოებაში აგრესიულ მიუღებლობას.
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, ადამიანების ყურამდე მიიტანოს რა ხდება სინამდვილეში, როგორ უნდა იმოქმედონ, ბიძგი მისცეს დისკრიმინაციის წახალისებას ამ აგრესიული კანონებით“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.
მისი თქმით, 12 წლის განმავლობაში მისი შვილი არ გამხდარა ასეთი აგრესიული დისკრიმინაციის მსხვერპლი.
„სად აღარ გვივლია, სად აღარ დაგვისვენია, პოზიტიური დისკრიმინაციით არაერთხელ შევწუხებულვართ, მაგრამ ასე გაგდება, პირდაპირი მნიშვნელობით – „წადი, იმიტომ, რომ აუტისტი ხარ“ – მართლა პირველად გადავაწყდით ასეთ რამეს.
სამწუხაროა ჩემთვის ამის გააზრება, რადგან ადამიანის უფლებების სფეროში ამხელა რესურსების დახარჯვის, ტრენინგების მიუხედავად, ადამიანების გარკვეულ ნაწილში მაინც ვლინდება ცნობიერების ასეთი დაბალი დონე.
ალბათ აქამდე ის აკავებდათ ადამიანებს, რომ კარგად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ ბავშვების უფლებების დაცვაზე და ხელოვნურად მაინც ჰქონდათ ეს მიმღებლობა, დასწავლილი ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ასე იყო სწორი, მაგრამ როგორც კი ეს „დაცვა“ თითქოს მოიხსნა, ისევ დავბრუნდით იმ ნიშნულთან, სადაც ხვალ ან ზეგ, შესაძლოა, ისევ გვაიძულონ, რომ სახლში გამოვკეტოთ ჩვენი განსხვავებული საჭიროების მქონე შვილები, დები თუ ძმები.
როცა ბავშვების მიმართ ასეთი აგრესიაა, წარმოიდგინეთ რა სურათი შეიძლება მივიღოთ სხვა ტიპის განსხვავებულ ადამიანებთან მიმართ“, – ამბობს გვანცა გულიაშვილი.
მისი თქმით, შესაძლოა, განსხვავებული ბავშვები და ზოგადად ადამიანები, „უკიდურესად საშიში პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდნენ“.
„მე ეს საშიშროება დავინახე.
აუცილებელია ადამიანებს ესმოდეთ, რას ნიშნავს დისკრიმინაცია, რომ არ შეიძლება უთხრა ბავშვის მშობელს ბავშვის გასაგონად, რომელიც აუზშია, „ამოიყვანე, ფულს გიბრუნებ უკან და წადი“- ამბობს გვანცა გულიაშვილი.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სურამში არსებული სასტუმროს მფლობელს, მადონა ხაჩიძესაც.
მადონა ხაჩიძე „ბათუმელებთან“ მისი მხრიდან დისკრიმინაციას უარყოფს, თუმცა კომენტარში, როცა ის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე საუბრობს, არ ერიდება დისკრიმინაციული პოზიციის გაჟღერებას.
„ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, უბრალოდ გულს გტკენს მათი დანახვა“ – გვითხრა მან და იმაზეც გვიამბო, რომ 12 წლის შშმ ბავშვის დედას არ მოეწონა შეთავაზებული ოთახი, რასაც მოჰყვა უთანხმოება.
„მე აივნიანი ოთახი დაჯავშნეო – მითხრა. მე ვუთხარი, ამ სართულზე არც ერთ ოთახს არ აქვს აივანი, მაგრამ შესასვლელში არის პატარა აივანი და შეგიძლიათ იქ დასხდეთ-მეთქი.
რადგან უკმაყოფილო იყო, ავიღე ის 200 ლარი, ბე რაც ჰქონდა ჩარიცხული და ვეუბნები, ძალიან ბევრი სასტუმროა სურამში და იქნებ სხვაგან მოძებნოთ-მეთქი.
არ ვიცი, გადავწყვეტო – ასე მითხრა. ამ დროს ბავშვი არ მყავს თვალით ნანახი. ბავშვი და მამა ზედა ეზოში არიან თურმე. მერე ჩამოიყვანეს ბავშვი ეზოში. ეს ბავშვი აბსოლუტურად უსაფრთხო იყო, მაგრამ დიდი გოგოა ფიზიკურად, მაღალი. უცებ გაიქცეოდა, ყვიროდა ხმამაღლა და ხელების მოძრაობას აკეთებდა. ამ პერიოდში ყველგან არიან პატარა, წიწილა ბავშვები და იმათ ხომ ვერ აუხსნი, რომ აქ სხვა პრობლემაა, არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ ბავშვები გაიკრიბნენ, შეეშინდათ“ – ამბობს მადონა ხაჩიძე.
ამის გამო უთხარით გვანცას, რომ არ იყვნენ სასურველი სტუმრები თქვენთვის? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე მადონა ხაჩიძე პირდაპირ არ პასუხობს.
„ოთახში იწვა ბავშვი, გადახვეული საბანში და ხტუნაობდა. როცა ისადილა ყველამ, 7-8 ბავშვი აუზზე ავიდა და ქეთიც აიყვანა დედამ აუზზე. ეს ბავშვი ყვირის. მე მესმის, რომ შესაძლოა ამ ყვირილით სიხარულის ემოციას გამოხატავდა ბავშვი, მაგრამ რადგან ყვიროდა, ვიფიქრე, ზემოთ ბავშვებს არ შეეშინდეთ-მეთქი. წყალში რომ ჩახტა, სირბილი, ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო“ – ამბობს მადონა ხაჩიძე.
მას ჩავეკითხეთ, ვფიქრობთ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული საჭიროება და ახასიათებთ ხმამაღალი ემოციებიც, ეს არ უნდა ყოფილიყო, წესით, სიახლე თქვენი სტუმრებისთვის, მით უმეტეს, თუ იღებთ ზოგადად, შშმ ბავშვებს სასტუმროში, არა?
„2-3 წლის ბავშვებმა იციან რა არის აუტიზმი?“ – კითხვითვე მოგვმართა მადონა ხაჩიძემ.
მაშინ მას ვკითხეთ, თქვენ ფიქრობთ, რომ აუტისტი ბავშვები არ უნდა გამოჩნდნენ საჯარო სივრცეებში?
„როცა დედა ხედავ, რომ იქ არიან მცირეწლოვანი ბავშვები, შენ უნდა ჩაჰყვე აუზში. სხვის შვილებს არ აქვთ უფლება?“-ამბობს მადონა ხაჩიძე.
მას ასევე ვკითხეთ, მოსთხოვა თუ არა გვანცა გულიაშვილს სხვების თანდასწრებით, დაეტოვებინა აუზი.
„მე გვანცასთან მივედი და ჩუმად ვუთხარი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ იქნებ ბავშვი ამოიყვანოთ და წაიყვანოთ. მინდა ავუხსნა, რომ აუზში პატარა ბავშვები მხოლოდ ერთი საათით არიან, სხვა დროს აუზი თავისუფალია და მაინცადამაინც მაშინ უნდა ჩავიდეს აუზში ბავშვი, რომელიც ვერ აკონტროლებს ჟესტიკულაციას და ხმას?“ – გვითხრა მან.
შშმ ბავშვთა უფლებები ითვალისწინებს ინკლუზიურ გარემოს შექმნას შშმ ბავშვებისთვის, რომ ისინი არ იყვნენ გარიყულნი დანარჩენი საზოგადოებისგან, თუმცა მადონა ხაჩიძე ამბობს, რომ ის არც ასეთ ინკლუზიას ცნობს და არც ბავშვის ასეთ უფლებებს. „ბათუმელების“ კითხვებს მისი გაღიზიანება მოჰყვა:
„თქვენ ნორმალურები ხართ? თუ რა სექტა ხართ?
არ დამაცალა იმის თქმა, მაშინ ამოიყვანე ბავშვი აუზზე, როცა არავინ იქნება-მეთქი და თავზე დამამხო ყველაფერი და თქვენ მეუბნებით, რომ რადგან ინკლუზიური ბავშვის დედაა, იმიტომ უნდა მოვუთმინო? სადაც სხვანაირად არის, იქ წადით“- გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა.
მადონა ხაჩიძემ ასევე გვითხრა, რომ სასტუმრო ბიზნესის წამოწყებამდე დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, თუმცა შვიდი წელია, რაც ბიზნესში გადაინაცვლა.
როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება შშმ ბავშვის დისკრიმინაცია, რადგან სასტუმროს მეპატრონემ სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით გამოუშვა ბავშვი სასტუმროდან.
„რომ არ ყოფილიყო ეს ნიშანი, არ გამოუშვებდა სასტუმროდან, ხომ?!
იმიტომ აძლევს სახელმწიფო ამ ვაუჩერს ბავშვს, რომ ბავშვმა ისარგებლოს გართობის, დასვენების უფლებით, ამის შესაძლებლობა ამ პირმა არ მისცა მას, სწორედ იმ ნიშნით, რომ შშმ პირია.
დღესაც შშმ ბავშვები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას მომსახურებებსა და სერვისების მიღების დროს, რადგან არ არსებობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის ეფექტური და ბავშვების ინტერესებზე მორგებული მექანიზმები“ – ამბობს თამარ გაბოძე.






