მთავარი,სიახლეები

ეპისკოპოსს წამლავდნენ, 2 კაცი გაიტაცეს – როგორ ყალიბდება საქართველო მაფია სახელმწიფოდ

11.06.2025 •
ეპისკოპოსს წამლავდნენ, 2 კაცი გაიტაცეს – როგორ ყალიბდება საქართველო მაფია სახელმწიფოდ

რა ხდება ქვეყანაში, როცა ბოლო 10 დღეში კონკრეტული ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორ გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ემუქრებოდნენ… და რაც მთავარია, ამ ყველაფერში ისინი ხელისუფლების მონაწილეობაზე საუბრობენ.

ამავე პერიოდში ეპისკოპოსი ამბობს, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემ მკვლელობას აიძულებდაო.

„…რაც ამ დღეებში ვიხილეთ – კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება – ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი ნიშნები ახასიათებს მაფია სახელმწიფოს.

მიტაცებული და კორუფციული სახელმწიფოს მატრიციდან საქართველო მაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადადის,“ – გვიყვება იურისტი თამთა მიქელაძე, რომელსაც ვკითხეთ: როცა უკვე ადამიანების გატაცებების შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რა ტიპის სახელმწიფოდ გადავიქეცით?

„მაფია სახელმწიფოს მოდელში მოქალაქეს ანაცვლებს კლიენტი, თანასწორობისა და უფლებების დაცვის იდეას – ერთგულება. „ქართლ ოცნებას“ დღეს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი და ამ კრიზისში და წინააღმდეგობაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება ძალის დემონსტრირება.

ასეთ რეჟიმებს არ სჭირდება თავისუფალი ადამიანების თანხმობა, მას სჭირდება მხოლოდ ლოიალობა და ეს არის მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო… ლოგიკა მარტივია: თუ გინდა, რომ რამე მიიღო სისტემაში, ლოიალური უნდა იყო სისტემის მიმართ, ან უნდა გაჩუმდე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

„ბათუმელებმა“ თამთა მიქელაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:

  • ქალბატონო თამთა, მას შემდეგ, როცა ერთერთი პოლიტიკური ლიდერის, თინა ბოკუჩავას მეუღლემ, ასევე ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა თქვეს, რომ მთავრობის უშუალო მონაწილეობით ისინი გაიტაცეს, ეპისკოპოსმა კი განაცხადა, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემს მოწამვლას ავალებდაო, ფეისბუქსტატუსში თქვენ ახსენეთმაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადავდივართო.“ რას გულისხმობთ, რა ტიპის სახელმწიფო გავხდით?  

წინა წლებში აშკარად იგრძნობოდა, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფოს მიტაცების ტენდენციასთან და ბიძინა ივანიშვილის პირად, არაფორმალურ გავლენებთან სამთავრობო სტრუქტურაზე. გვახსოვს პერიოდი, როცა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, პირადი სტომატოლოგი – ჯანდაცვის მინისტრი, პირადი დაცვის უფროსი – სუსის ხელმძღვანელი, შემდეგ კი, შს მინისტრი და ასე შემდეგ. ეს მიდგომა გვაფიქრებინებდა იმას, რომ ივანიშვილი მხოლოდ პირადი ლოიალობის საფუძველზე ნიშნავდა ადამიანებს გენერალურ პოზიციებზე მთავრობაში და მათზე უპირობო კონტროლის იარაღებს ფლობდა.

ბოლო პერიოდში კი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ანუ ინსტიტუტების ფორმალური/კანონიერი ჩარჩოდან ამოვარდნის პროცესი და პირად და პარტიულ ინტერესს სახელმწიფო ინსტიტუტების დაქვემდებარება კულმინაციაში შევიდა. უფრო მეტიც, ახლა მმართველობამ მაფია სახელმწიფოს ფორმები და შტრიხები მიიღო, როცა მმართველობისთვის ღიად გამოიყენება ძალადობა და კრიმინალური ლოგიკა.

ბოლო თვეებია ჩვენ ვხედავთ, რომ ძალადობა არამხოლოდ პოლიციისგან მომდინარეობს, რომელიც შლის აქციას [ის უკანონოდ შლის, მაგრამ მაინც საჯარო უფლებამოსილების ქვეშ მოქმედებს], არამედ გაჩნდა ტიტუშკების სქემა და ვნახეთ, როგორ გაუმკლავდნენ ნიღბიანი, არაფორმალური, დაქირავებული ბანდფორმირებები ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს თუ აქტივისტებს.

ახლა უკვე გვაქვს კიდევ უფრო შემაშფოთებელი მაგალითები: ბაჩიაშვილის და ბოკუჩავას ქმრის გატაცება, ასევე ეპისკოპოს ჯამდელიანის განცხადება მისი მკვლელობის შესახებ.

ეს უკვე ძალიან ჰგავს მაფია სახელმწიფოს ლოგიკას. ეს პოლიტიკური კონცეფცია თავდაპირველად უფრო პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში გამოიყენებოდა. ეს არის მოცემულობა, როცა სახელმწიფო რეალურად არა კანონის უზენაესობით და ფორმალური, რაციონალური ბიუროკრატიის გზით იმართება, არამედ კლიენტელისტური სქემებით, არაფორმალური, მათ შორის, კრიმინალური გავლენებითა და ლოგიკით. ასეთ მოდელებში ბიზნესი და ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ოლიგარქიული პირამიდასთან დაახლოებულ პირებს. ამ დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პირველ რიგში კი უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები ჩართულები არიან მოსახლეობის კონტროლის და საბოლოოდ, ოლიგარქიული პირამიდის ძალაუფლების შენარჩუნებაში.

თამთა მიქელაძე

ამიტომაც მგონია, რომ ამ ახალ ტენდენციებს მიტაცებული და კორუფციული სახელმწიფოს მატრიციდან საქართველო მაფია სახელმწიფოს მატრიცაში გადაჰყავს.

დასაწყისში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში, სახელმწიფოს მიტაცებას და ინსტიტუტების პოლიტიზებას, უფრო მეტად ტარგეტირებული მიზანი ჰქონდა. მაგალითად, ძალაუფლების მიტაცება ეხებოდა კონკრეტულ მაღალი მნიშვნელობის პოზიციებს და გადაწყვეტილებებს, ძირითადი მიმართულებებით კი, ბიუროკრატია აგრძელებდა მუშაობას კანონის საფუძველზე, არსებობდა რეფორმების ციკლებიც და ასე შემდეგ. თუნდაც სასამართლოში ვხედავდით აშკარა პოლიტიზებულ საქმეებს, მაგრამ სხვა შემთხვევებში გვქონდა წარმატებული საქმეებიც. თან არაერთი. ახლა კი მაქვს განცდა, რომ დეინსტიტუციონალიზაცია გახდა სისტემური და ტოტალური. დღეს სასამართლო, პროკურატურა, სამართალდამცავი სისტემა სრულად ემსახურება რეჟიმს და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

  • მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილი ამ გზით ავტორიტარიზმის კონსოლიდირებას, გაძლიერებას ახერხებს

დიახ, ეს მმართველობა გახდა უფრო კონსოლიდირებული. დღეს მდგომარეობის გაუარესებას ვხედავთ არამხოლოდ პოლიტიკურ საქმეებში, არამედ ყოველდღიურობაში. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ყოველდღიურობაში აწყდებიან უკვე გამოწვევებს, როცა საბაზისო სერვისებს, მხარდაჭერას, უფლებების დაცვას ლოიალობის გარეშე ვერ იღებ. დაიკარგა ნდობა პოლიციის მიმართ.

მაფია სახელმწიფოს მოდელში მოქალაქეს ანაცვლებს კლიენტი, თანასწორობისა და უფლებების დაცვის იდეას – ერთგულება. ასეთ რეჟიმს არ სჭირდება თავისუფალი ადამიანების თანხმობა, მას სჭირდება მხოლოდ ლოიალობა და ეს არის მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო. დემოკრატიაში მთავრობა ლეგიტიმაციას მოიპოვებს კარგი მმართველობით, თანხმობითა და კმაყოფილებით, რასაც „ქართული ოცნება“ აღარც კი ესწრაფვის.

გახსოვთ ალბათ წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც სხვების დასჯაზე იყო მიმართული და არა პოზიტიურ დღის წესრიგზე. დღეს „ქართულ ოცნებას” არამხოლოდ საგარეო, არამედ შიდა ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამიტომაც, ძალაუფლების პირამიდის თავში არსებულ ლოიალობას, რომელიც აქამდე საკვანძო პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ეხებოდა, ის ავრცელებს სრულ მმართველობაზე. ლოგიკა მარტივია: თუ გინდა, რომ რამე მიიღო სისტემაში, ლოიალური უნდა იყო სისტემის მიმართ, ან უნდა გაჩუმდე.

  • რას ეუბნება ეს სისტემა, ანუქართული ოცნებაადამიანს, ვინც არ გაჩუმდება

ეს კონტროლის ძალიან ველური ფორმებია: ის, რაც ჩვენ ვიხილეთ თინა ბოკუჩავას ქმრის შემთხვევაში, სამართალში ამას ვუწოდებთ „ინკომუნიკადო დაკავებას“, როცა პირს არ აქვს რაიმე სახის კავშირი გარე სამყაროსთან, ვერ უკავშირდება ოჯახის წევრს, ადვოკატს და როცა არ არსებობს ინფორმაცია მისი დაკავების. იზოლაციის პერიოდი ზოგჯერ საათები, ზოგჯერ დღეები ან მეტი ხანგრძლივობაა. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია „ინკომუნიკადო“ დაკავებას პრობლემურად მიიჩნევენ, რადგან ის არღვევს სამართლიანი სასამართლოს, დაცვის უფლებისა და წამების აკრძალვის პრინციპებს.

ანუ ბოლო კვირებში დეინსტიტუციონალიზაცია აღწევს კულმინაციას, ის ხდება უფრო სისტემური და ტოტალური. რაც ამ დღეებში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება –  ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი ნიშნები ახასიათებს მაფია სახელმწიფოს.

  • ხომ არ ჩანს ისიც, რომ ამ მაფია სახელმწიფო მოდელით და დაშინებით ივანიშვილის რეჟიმის ცდილობს სახელმწიფო ვერტიკალის შენარჩუნებას

რა თქმა უნდა, ეს არის ძალაუფლების კონსოლიდირების და რესურსების მობილიზების გზა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ოლიგარქიაში არა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებია უპირატესი, არამედ ეკონომიკური – მეტი გამდიდრების, რესურსების მეტი ათვისების. „ქართლ ოცნებას“ დღეს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი. ამ კრიზისსა და წინააღმდეგობაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება ძალის დემონსტრირება. მისი ეს ძალა სინამდვილეში სიჯიუტე და შეუვალობაა, უმოწყალობაც კი. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ პატიმრებსაც კი არ ათავისუფლებენ ციხიდან, ვისთანაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და აღიარებითი ჩვენებები მიიღეს.

ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ სუსტია და მას მაინც გაუჭირდება საქართველოში ბელორუსული ან აზერბაიჯანული ტიპის მყარი, დახურული ავტოკრატიის შექმნა. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს სუსტი და დამოკიდებული ეკონომიკა აქვს. მას არ აქვს მდიდარი რესურსები და სრულად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებულია. ჩვენი ეკონომიკის ეს სტრუქტურა და ერთგვარი წყევლა, საქართველოში ჩაკეტილი და აგრესიული ავტოკრატიის დაბადებას ხელს უშლის.

მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ სასტიკი და მასობრივი ძალადობის ის პრაქტიკა, რომელიც აგრესიული და მყარი ავტორიტარიზმის პირობებში ადგილობრივ რეჟიმებს სჭირდებათ, არ იქნება მისაღები ჩვენ საზოგადოებაში. ნოემბრისა და დეკემბრის სასტიკ ძალადობას – შეგახსენებთ, რომ დაკავებული პირების 80% მძიმე ძალადობის გამოცდილებაზე წერდა, დაფიქსირდა წამების შემთხვევები. განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციის ფურგონებში ძალადობის გამოცდილება, რომელიც წინასწარ კოორდინირებული და ორგანიზებული წამების პრაქტიკა იყო – „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც კი მძიმე გამოხმაურება ჰქონდა და მგონია, რომ სწორედ ამ სოციალური წნეხის გამო, „ოცნებამ“ ღია ფიზიკური ძალადობის სტრატეგიაზე უარი თქვა.

ამიტომ ძალაუფლების შეკავებისთვის საჭირო ის რეპრესიული პრაქტიკა, რომელსაც დახურული ავტორიტარიზმის პირობებში რეჟიმები იყენებენ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ვფიქრობ, აქ ვერც ერთი მმართველი ვერ გამოიყენებს – ამას უფრო მეტი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოჰყვება. არაერთი ბოლო პერიოდის კვლევა აჩვენებს, რომ მისი ელექტორატიც გადაიღალა ამ კრიზისით და იმ მორალური დისონანსით, რომელიც მათ ექმნებათ საკუთარ ნათესავებთან, მეზობლებთან კომუნიკაციაში სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო.

კიდევ ერთი ფაქტორია ქართული ნაციონალიზმი, რომელიც ძალიან მკვეთრ ანტირუსულ, ანტიკოლონიურ განწყობებზე დგას. ეს ძალიან ძლიერი სენტიმენტია. იციან, რომ ეს ფაქტორები ძალიან გაართულებს მათ ღია მიწებებას რუსეთთან და რუსეთთან ფორმალური საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებას. ეს ასევე ართულებს „ოცნებისთვის“ სრულ იზოლაციას დასავლეთისგან.

ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რთულ რეალობაში ვართ და უფლებადამცველები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, როგორც ადამიანის უფლებათა კრიზისს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განადგურების გეგმად ვაფასებთ, ვსაუბრობთ ავტორიტარიზმის მზარდ კონსოლიდაციაზე, უნდა გავიაზროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამავდროულად მოწყვლადია.

თუნდაც ელექტორალურად რომ შევაფასოთ. აგრესიული ავტოკრატიები ფორმდება იქ, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი გამქრალია და რეჟიმები ახერხებენ მოსახლეობის 65% და მეტის მობილიზაციას [მაგალითად, ეს ასე ხდება რუსეთში, აზერბაიჯანში]. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კი, დაახლოებით მოსახლეობის მესამედზე მოდის. პოლიტიკური ოპოზიცია სუსტია, მაგრამ მაინც ქმედითი და მრავალფეროვანი.

იგივე პუტინის მაგალითი რომ ავიღოთ, არჩევნებს აყალბებს, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი – პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით, თუ გრძელვადიანად ტვინის გამორეცხვის გზით, სიღარიბის, იმპერიული წარსულის გამო, თუ სხვა ფაქტორების გამოყენებით, მას უჭერს მხარს და ეთანხმება. ჩვენთან ასეთ ჰეგემონიას „ქართული ოცნება“ ვერ ქმნის. ბოლო თვეებში ვნახეთ მათი მხრიდან სიმბოლური ძალაუფლების დაკარგვის არა ერთი ეპიზოდი. მათ ვერ შეძლეს ახალი წლის, შობის, აღდგომის, 9 აპრილის, 26 მაისის სათანადო აღნიშვნა.

  • თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების, მიუღებლობის პირობებში, მაგალითად, ვენესულაში მოხერხდა ავტორიტარიზმის გაძლიერება. 

ვენესუელისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს არათვითკმარი ეკონომიკა და რესურსების სიმწირე. ამას გარდა, ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალიზმი – როგორც მცირე სახელმწიფოს, ახალი მიღებული გვაქვს დამოუკიდებლობა და ძლიერია ანტიკოლონიური სენტიმენტი, პატარა საზოგადოება ვართ და მასობრივ ძალადობაზე მიმღებლობა არ არის.

სწორედ ამ ეკონომიკური და კულტურული სტრუქტურული ფაქტორების გამო, რომ დახურული, აგრესიული, აზერბაიჯანის და ბელარუსის ტიპის ავტოკრატიის დამყარება საქართველოში გაუჭირდებათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე კარგად არის. საერთოდაც არ არის კარგად. დემოკრატიის საბოლოო დამარცხებას ძალიან მძიმე გავლენა ექნება მიგრაციაზე, სოციალურ აპათიაზე.

თუ პოლიტიკურმა, მედია და სამოქალაქო სპექტრმა ვეღარ შეძლო „ქართული ოცნების“ პროპაგანდის და ავტოკრატიზაციის შეკავება, კონტროლის და პროპაგანდის ბაცილა უფრო მეტ ადამიანს ჩაითრევს და მოიცავს.

ჩემი აზრით, „ქართლი ოცნება“ ძირითადად სარგებლობს ჩვენი სისუსტეებით: პოლიტიკური კლასის მიმართ უნდობლობით, სიღარიბით – ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობით, ომთან დაკავშირებული ტრავმებით, მრავალწლიანი ბრძოლით გამოწვეული გადაღლილობით, რაც სამოქალაქო საზოგადოებაშია.

ის სწორედ ამ სისუსტეების და ტრავმების დისკურსულ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ გამოყენებას ახდებს. იმისთვის, რომ ავტოკრატიზაცია შეაკავო, ამ სისუსტეების ტრანსფორმაციაზე უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ, პოლიტიკურმა პარტიებმა. თვითტრანსფორმაციისა და საკუთარი სამუშაოს ტრანსფორმაციის პროცესი რთულია, მაგრამ მე, პირადად, მგონია, რომ ამის გარეშე რთულია დემოკრატიის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში.

მაფია სახელმწიფოში ძალიან რთულია მუშაობა. უფრო მეტიც, დამორჩილების, დაქვემდებარების ლოგიკა ქვემოთაც ჩავა და ნახავთ, რომ მალე ახალგაზრდებშიც გაჩნდება ამგვარი პრაქტიკები [კრიმინალური, ველური]. მით უფრო, რომ ამ კრიზისმა თუ ის არ დავძლიეთ დროულად, მძიმე პოლიტიკური და სოციალური აპათია შეიძლება გააჩინოს ახალგაზრდებში და ის დაპირება, რასაც ისინი ამდენი წელი იღებდნენ, რომ თუ კარგად ისწავლიდნენ და იშრომებდნენ წარმატებას მიიღწევდნენ, შეიძლება შეიცვალოს სხვა დაპირებით – თუ იქნები ელიტების ერთგული, ყოჩი, მჩაგვრელი – სწორედ ასე გადარჩები ამ რეალობაში.

  • ეს ტენდენცია ხომ არ იკვეთება უკვე? პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხშირად ჩანს, რომ ბიზნესმენები, მაგალითად, ბიზნესდავის მოგვარებას სასამართლოში კი არა, .. ქურდულ ავტორიტეტებთან ცდილობენ. ბათუმში ახალგაზრდა კაცის ავტომატით ჩაცხრილვაც ერთ-ერთი ვერსიით ქურდული სამყაროსგან წილის დათმობის მოთხოვნას უკავშირდება. 

ზოგადად, რასაც მართებენ ჩვენს საზოგადოებას: მმართველობის სისტემას, ეკონომიკას, მოქალაქეების კონტროლს და ასე შემდეგ, ეს არის, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა მმართველობის მატრიცაში დაბრუნება. დიდი ხანი არაა, რაც ამ რეალობას თავი დავაღწიეთ. ამიტომ სამწუხაროდ, ამ პრაქტიკას – მაფიოზურს, კრიმინალურს აქვს საყრდენი ჩვენს საზოგადოებაში.

კატასტროფაა ის, რაც შეიძლება დაგვემართოს, თუ მმართველობა პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის, გადარჩენის იმ ლოგიკას გააღვიძებენ, რაც 90-იან წლებში გვქონდა. ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ პრაქტიკების არამხოლოდ ოლიგარქიული პირამიდის სათავეში გავრცელებას, არამედ კიდევ უფრო ქვევით ჩასვლას.

ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ბრძოლა დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის და კანონის უზენაესობისთვის განაგრძოს.

მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა კლასმა ამ პროცესში საზოგადოებას შესთავაზოს უკეთესი ალტერნატივა და დააჯეროს, რომ მათ აქვთ ამ ალტერნატივის გატარების რეალური შესაძლებლობა, ძალა და კონსენსუსი. სამწუხაროდ, ამ დინამიკას ოპოზიცია სათანადოდ ვერ პასუხობს.

  • რას აჩვენებს სხვა ქვეყნების გამოცდილება: რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური მსგავსი რეჟიმის წინააღმდეგ

ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია. ქვეყნები, რომელთა კონტექსტშიც იყენებენ ამ ტერმინს – მაფია სახელმწიფო – უკავშირდება რუსეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უნგრეთს… უნგრეთში შედარებით არსებობს შემაკავებელი მექანიზმები, რაც ევროკავშირს უკავშირდება. ევროკავშირს იქ სასამართლო და დაფინანსების ბერკეტები აქვს და აკავებს ავტოკრატიულ მძიმე ტენდენციებს.

ჩვენს რეალობაში ალბათ ეს რომ ვინმემ იცოდეს, ახლა სხვანაირად ვიქნებოდით. პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა პროცესებმა და დისკუსიებმა უნდა შექმნას რეცეპტები და შეთანხმებები ახალ სტრატეგიებზე. ერთი შეხედვით, რაც ძალიან აშკარაა, პოლიტიკური ოპოზიცია უნდა ახერხებდეს კონსოლიდაციას და სტრატეგიულ კოორდინაციას.  რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ერთ პარტიად გარდაქმნას და არჩევნებში საერთო სიის ქონას.

მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კლასისთვის ნდობის დაბრუნებაზე მუშაობა. მარგინალური პოლიტიკური ლიდერების უკან დახევა და ახალი ძალებისთვის სივრცის მიცემა [ძალაუფლების თვითშეზღუდვა აქეთ მხარესაც სჭირდება]. ასევე, აუცილებელია, ამ პროცესში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა და მათზე ორიენტირებული დღის წესრიგის და საყოველთაო წუხილების პოლიტიკური გამოხატვა. ურბანული ცენტრებიდან გასვლა, მათ შორის, რეგიონებში, სოფლებში აქტიური მუშაობა სწორედ ნდობის დაბრუნებაზე და ახალი თანხმობის წარმოებისთვის ძალისხმევის გაწევა.

  • როცა არჩევნები გაყალბდა და მიტაცებულია ძალაუფლება, რამდენად შეიძლება ჰქონდეს აზრი ნდობის მოპოვებას და იგივე პირობებში ჩატარებულ არჩევნებს

თუ ოპოზიცია კარგად იმუშავებს და ნდობის კულტივირებას შეუწყობს ხელს, თუ მას ექნება გამართული პარტიული ინფრასტრუქტურა სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, ასევე სტრატეგიული  და ძლიერი კომუნიკაცია, არა მგონია, რომ შეუძლებელი იყოს, გაყალბების პირობებშიც კი, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. მგონია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ დონისთვის, სადაც არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა. ცხადია, ვხედავ, რომ უსამართლო პოლიტიკური კონკურენციაა, ხდება ადმინისტრაციულ აპარატის და რესურსების აგრესიული დაქვემდებარება და  გამოყენება, სუს-ის მხრიდან მიკროსკოპული კონტროლი მოქალაქეების და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი საზოგადოება დემოკრატიული რჩება ჯერ კიდევ. სწორი პოლიტიკური სტრატეგიების პირობებში, ცვლილებები შესაძლებელია.

დღეს არსებული კრიზისი უნდა უბიძგებდეს ოპოზიციას ახალი სტრატეგია და დღის წესრიგი შექმნან. მესმის, რომ არსებობს ბევრი პრობლემა – ფინანსური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ოპოზიციონერების ნაწილი დაპატიმრებულია, აგერ უკვე ოჯახის წევრებსაც იტაცებენ და მუქარის ქვეშ არიან, პრობლემაა რეგიონული ინფრასტრუქტურა – ადგილებზე პრაქტიკული უმოქმედობა, მაგრამ მათ უნდა მოახერხონ ქმედითი სტრატეგიის შემუშავება. სხვა გზა არ აქვთ, თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებენ. უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე ლაპარაკი.

ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დღეს მხოლოდ ზედაპირულად მსჯელობენ. „ლელო“ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას და ამ კუთხით დისკუსიის გამართვაზე საუბრობენ. ასევე გახარია ამბობს, რომ არჩევნების იდეას არ ეწინააღმდეგებიან; მეორე ჯგუფმა კი, გაცილებით ადრე დაიწყო არჩევნების ბოიკოტირებაზე საუბარი. ეს ერთგვარი მორალური წითელი ხაზი გახდა ზოგიერთი პარტიის, ასევე აქტივისტების ნაწილის მხრიდან. ემოციურად, მორალურად ეს თემა ჩაიკეტა თითქოს განხილვებისთვის.

მე, პირადად, პარტიებისგან უფრო მეტად ველი რაციონალურ, სტრატეგიულ მოსაზრებებს. ისინი ვერ არიან წინააღმდეგობის ავანგარდში, ვერ აფართოებენ მას, მაგრამ სტრატეგიული და რაციონალური ნაბიჯები ხომ მაინც უნდა გადადგან. ჩემი კითხვა მათთან ასეთია: მაშინ რა სტრატეგია აქვთ სხვადასხვა სცენარისთვის?

რამდენიმე პარტია ამ დღეებში საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს, მას არ სჯერა პროტესტის და ამით ანამუსებდნენ თითქოს სხვა პარტიებს, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკობს. მგონი კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას – რისი გაკეთება შეუძლიათ პარტიებს პროტესტის გაფართოებისთვის სინამდვილეში? რისი გაკეთება მოახერხეს პოლიტიკურმა პარტიებმა ამ დრომდე მისი გაფართოებისთვის? და თუ არაფრის და ამავდროულად თუ დღევანდელი გადმოსახედიდან არაა ცხადი პროტესტმა რა ახალი დინამიკა უნდა შეიძინოს, თუმცა მას უკვე აქვს ძალიან დიდი მიღწევები და მან შეიძლება მოულოდნელი შემობრუნებაც მიიღოს ნებისმიერ აფექტზე [ასე გვახასიათებდა და გვახასიათებს], მაშინ რა არის სხვა ალტერნატივა? რა არის სხვა სტრატეგია? ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ?

დიდი ხანია სხვადასხვა წრეში არსებობს მოსაზრება, რომ წინააღმდეგობის პარალელურად, არსებობს მეორე გზა და ეს გზა არის მოლაპარაკების გზა. ისმის კითხვა: ღირს თუ არა მოლაპარაკებებზე წასვლა რეჟიმთან იმ პირობით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან, ანტიდემოკრატიული კანონები უკან იქნება გატანილი, ევროინტეგრაციის პროცესი ნაწილობრივ მაინც აღდგება [იქამდე მაინც, რომ სრულად არ ჩავეხსნათ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროცესებს, რაც ახლა ევროკავშირში ხდება] და ამის სანაცვლოდ ოპოზიცია იღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებზე.

ეს არის სტრატეგია, სადაც პოლიტიკური რეჟიმი გარკვეულწილად უკან იხევს და ოპოზიცია ასევე მიდის კომპრომისზე. ეს არის კომპრომისის უსიამოვნო გზა, მით უფრო, რომ წინა წლებშიც ვნახეთ „ოცნების“ მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობა, მაგრამ ამ პროცესში პოლიტიკური ოპოზიცია ზემოქმედების ძალას იქმნის.

სხვათა შორის, ჩვენ შეიძლება ის მომავალიც ვიხილოთ, როცა ბოიკოტირების პირობებში, ადგილობრივი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ პატიმრებს თვითონ გაათავისუფლებს და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარ ნებას და გადაწყვეტილებას მიაწერს. სწორედ ამით შეეცდება ის ურთიერთობების ნორმალიზებას გარე აქტორებთან, რაც დასავლეთთან ტრანზაქციული, ინტერესზე დაფუძნებული კომუნიკაციისთვის სჭირდება.

ამგვარი კომპრომისებისთვის არსებობს თუ არა ნება, არ ვიცი. ამას ნიადაგის მოსინჯვა უნდა. ამას სათანადო მხარდაჭერა და დაცვა უნდა საერთაშორისო აქტორების მხრიდან. მე, პირადად, მგონია, რომ ამ სცენარზე ნამდვილად შესაძლებელია მსჯელობა, მაგრამ ამ მიმართულებით მსჯელობის სივრცეს სულ უფრო მეტად იხურება.

თავის მხრივ როგორი არჩევნებიც არ უნდა იყოს, არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეების მობილიზაციის [რემობილიზაციის] და პოლიტიკური პროცესის შექმნის მცდელობაა. ესეც გასათვალისწინებელია. ის წინააღმდეგობის პროცესს არ უპირისპირდება, პირიქით, მან ხელიც კი შეუწყოს წინააღმდეგობის პროცესს, თუ მას „ოცნების“ მხრიდან შეთანხმებების დარღვევა, მოქალაქეების საარჩევნო უფლებების ჩამორთმევა და სხვა კრიზისები მოჰყვება.

ამ სტრატეგიის მოწინააღმდეგეებმა უნდა გასცენ მძიმე კითხვას პასუხი: რა არის სხვა ალტერნატივა და პოლიტიკური ცხოვრების სრული დეინსტიტუციონალიზაცია სადამდე მიიყვანს, პარტიებს და პოლიტიკურ პროცესებს? „ოცნების“ შემდგომი შეცდომების და წინააღმდეგობის ახალი კერების გაჩაღების აბსტრაქტულ მოლოდინში უნდა დარჩეს პროცესი? ამ სტრატეგიის მომხრეებმა უნდა გაიაზრონ, რომ პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე პარტიის გადანაცვლება ამ სტრატეგიაში ასევე არაპროდუქტიული იქნება და ოპოზიციური ელექტორატი გაიხლიჩება და დასუსტდება. ეს საკითხები საკოორდინაციო პლატფორმებში უფრო კარგად უნდა დამუშავებულიყო.

მე, პირადად, არ ვამტკიცებ, რომ პირველ ან მეორე სტრატეგიას ვუჭერ მხარს. მე ვამბობ, რომ ყველა სცენარზე უნდა ვიმსჯელოთ და გონიერები ვიყოთ. ორივე სტრატეგიას აქვს განხილვის უფლება და სიტუაციის მიხედვით უნდა ამუშავდეს შესაბამისი სტრატეგია. ჩემი აზრით, ვართ ურთულეს კრიზისში, სადაც არავინ იცის გამოსავალი. ამიტომ მნიშვნელოვანია მსჯელობა, კამათიც ცხადია. გონივრული და სწორი ნაბიჯების გადადგმა არსებითია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზიანის შესამცირებლად. ახლა თითქოს სიფრთხილესა და გონიერებაზე საუბარი უხერხულია, სისუსტედაც კი აღიქმება. მაგრამ ჩვენ 90-იანებშიც და 2000-იანებშიც  გვაკლდა ეს და მაშინ ბევრი შეცდომა დავუშვით.

დღეს ჩვენ არა მხოლოდ დემოკრატიის და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებების დაცვაზე გვიწევს ფიქრი, არამედ იმაზეც, გეოპოლიტიკური ცვლილებების ამ ტურბულენტობაში საქართველო როგორ არ გაქრეს ევროპული პოლიტიკური რუკიდან. ეს, ჩვენ კი არა, თაობებს შეიძლება ძვირად დაუჯდეს და ისტორიის ახლიდან დაწყება მოუწიოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: