პირველკლასელთა რეგისტრაცია მინისტრის ბრძანების შემდეგ დაიწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია განათლების მინისტრის ბრძანების შემდეგ დაიწყება.  თუმცა,  დაახლოებით როდის გამოიცემა ბრძანება პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ, სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ.

„წინა წლების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, მინისტრის ბრძანება დაახლოებით მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გამოიცემა, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელსაც ალბათ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ ბრძანებას და ამის შემდეგ დაიწყება რეგისტრაცია,“- გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

გასულ წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ მინისტრის ბრძანება 30 მარტს გამოიცა.

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია  კი 4 მაისს დაიწყო.

მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ბათუმში – ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ბათუმში 4 წლის ბიჭს, ახლობლების თქმით, მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინდა. ბავშვის მამიდას, შორენა ბერიძის ინფორმაციით, რომელიც ამჟამად ბავშვთან ერთად იმყოფება თბილისში,  4 წლის ბიჭის მდგომარეობა გუშინ, ღამით დამძიმდა.

„ბავშვი შოკში იყო და თავში ხელებს ირტყამდა, სასწრაფო გამოვიძახეთ დილით 12 საათისკენ. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, ყურები სტკივა და ისეთი არაფერი არ სჭირსო, თუმცა ჩვენ მაინც გადავიყვანეთ ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში [ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრი]. აუღეს ანალიზები, გადასხმაც გაუკეთეს და გამოგვიშვეს  სახლში.  ექიმი ხომ უნდა მიხვდეს რატომ აქვს ბავშვს შოკი. საღამოს 11 საათისკენ ბავშვი ისევ ცუდად გახდა და ხელმეორედ წავიყვანეთ საავადმყოფოში, უკვე გაუჩნდა შავი ლაქები სხეულზე,“ – ყვება ბავშვის მამიდა.

მისი თქმით, ექიმების მხრიდან არ იყო სათანადო ყურადღება: „შეუძლებელია ასეთი მწვავე ინფექციის დროს რაიმე ცვლილება არ ყოფილიყო სისხლის ანალიზში. მით უმეტეს რომ თვალებში ლაქები თავიდანვე შეიმჩნეოდა. ბავშვი ჯანმრთელიაო და უკან გამოგვატანეს, თუმცა ჩვენი პირადობები დაიტოვეს, 60 ლარი რომ გადაგვეხადა.

ხელმეორედ მიყვანის შემდეგ, უფრო მეტი ყურადღებით გასინჯეს და გვითხრეს, რომ მძიმე მდგომარეობაა და შეიძლება თბილისში გადაყვანამდე გარდაიცვალოს და ჩვენ პასუხისმგებლები ვერ ვიქნებითო“.

შორენა ბერიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სხეულზე გამონაყარი  შეუმცირდა.  ბავშვის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

რატომ  ვერ დადგინდა ანალიზების შედეგებით ინფექციური დაავადება პირველი ვიზიტის დროს და რა შემთხვევაშია საავადმყოფო პასუხისმგებელი სიტუაციის გართულების დროს? – ამ კითხვით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელობას მივმართეთ, თუმცა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, თამარ ჩეჩელაშვილთან გადაგვამისამართეს.  იგი  ფაქტზე კომენტარის გაკეთებას  სიტუაციაში გარკვევის შემდეგ დაგვპირდა.

ამავე თემაზე:

რა სიმპტომები აქვს მენინგოკოკური ინფექციის ელვისებურ ფორმას

 

მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი საბილეთო სისტემა მაისიდან ამოქმედდება

მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალ საბილეთო ელექტროსისტემაზე სრულად გადასვლის ვადა მაისამდე გადაიწია. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი. შპს “ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონული ბარათით სარგებლობა ახალი სისტემის პარალელურად, მგზავრთა მოთხოვნით კიდევ ორი თვე იქნება შესაძლებელი.

ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი ვალიდატორი.

“პირველ მაისამდე შესაძლებელი იქნება ძველი ბარათების გამოყენებაც. საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათები ვისაც აქვს, იმათ არ სჭირდებათ ახალი ბარათის აღება, ისინი ტარდება ჩვეულებრივად და ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით 50%  სწორედ ასეთი სტანდარტული ბარათების მომხმარებელია. შეღავათიან ბარათებს რაც შეეხება, ჯამში მათი მფლობელების 30% უკვე გადასულია ახალ ბარათებზე,” – ამბობს შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი პაატა დუმბაძე.

 

სად და როგორ უნდა ავიღოთ ბარათი:



ამავე თემაზე: ახალი საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში

 

 

საჯარო შეტყობინება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე [№2-83/2017] სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე.

უპატრონოდ საცნობია 1,56 კუბ/მეტრი მეორეხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 224,64 ლარი.

იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან [2017 წლის 9 მარტიდან] სამი თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მისამართზე: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358.

თუ დანიშნული ვადის გასვლამდე არ შევა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნობა მის მიერ გამოკითხულ პირთა ჩვენებებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე, შესაბამისი ორგანოებიდან გამოთხოვილ ცნობებს.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

„კაცებს აქვთ წარმოდგენა ქალის შრომაზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის შესამსუბუქებლად“

8 მარტს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მშვიდობის კორპუსის მოხალისემ, პროფესიით პილოტმა მერი ჩენდლერმა  ამერიკასა და საქართველოში ქალების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და გენდერული თანასწორობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

მერი ჩენდლერმა საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ  World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მონაცემებით, 144 ქვეყნას შორის გენდერული თანასწორობის განმსაზღვრელი სხვადასხვა ინდიკატორით აშშ მე-40, საქართველო კი 90-ე ადგილზეა.

მერი, რა არის თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა საქართველოსა და აშშ-ს შორის გენდერული თანასწორობის ჭრილში?

ერთი წელია  საქართველოში ვარ და კიდევ 18 თვე დავრჩები აქ. ბევრი არ მინახავს, მაგრამ არ არის რთული იმის დანახვა, რომ ქალები აქ ძალიან შრომისმოყვარე, მოტივირებულები და გონიერები არიან. მე ვხედავ, რომ ქალები არიან ამ საზოგადოების ენერგიის მთავარი წყარო, ისინი უვლიან ბავშვებს, ამზადებენ საჭმელს, უვლიან მოხუცებს, დადიან სამსახურში, სასწავლებელში… ეს შესანიშნავია და ამიტომაც მათ სჭირდებათ მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. კაცებს საქართველოში ნამდვილად აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რამხელაა ქალის შრომა, მაგრამ ამავდროულად, ისინი არაფერს აკეთებენ ამ შრომის შესამსუბუქებლად. ვფიქრობ, რომ აქ კაცებს აკლიათ მიმართულება, თითქოს ცოტა დაკარგულები არიან,  მათ არ აქვთ კარგად განსაზღვრული როლი ამ საზოგადოებაში, რის გამოც არ უჩნდებათ მოტივაცია, ინსპირაცია… და ესეც არის ერთ-ერთი განმასხვავებელი შტატებსა და საქართველოს შორის, აშშ-ში კაცებიც უვლიან ბავშვებს, რეცხავენ ჭურჭელს, აკეთებენ სახლის საქმეს.  მართალია, იმდენივეს არ აკეთებენ, რამდენსაც ქალები, მაგრამ არც ისე ცოტას, როგორც აქ.

მეორე, ძალიან თვალსაჩინო სხვაობა, რაც შემიძლია  აღვნიშნო, არის ის, რომ ქალები და კაცები შეერთებულ შტატებში თანაბარი რაოდენობით ატარებენ ავტომობილებს,  ბათუმშიც ბევრი ქალი ატარებს მანქანას, მაგრამ საერთო ჯამში საქართველოში ძირითადად მაინც კაცები არიან მძღოლები. ეს, ჩემი აზრით, ერთგვარი თავისუფლების ალეგორიაცაა. მე მართვის მოწმობა მაშინ ავიღე, როცა 16 წლის გავხდი, ჩემმა ქალიშვილმაც 16 წლისამ აიღო მართვის მოწმობა, ასევე ჩემმა შვილიშვილმაც.

თქვენ ჩაატარეთ სემინარი გენდერული თანასწორობის თემაზე. თქვენი დაკვირვებით, საქართველოში რამდენად ინფორმირებულები არიან ქალები აქ არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ?

ვფიქრობ, ისინი კარგად არიან ინფორმირებულები საკუთარი უფლებების შესახებ, მაგრამ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გარკვეულწილად კულტურული შეზღუდვები უშლის ხელს. ცხადია, კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია და არც ერთ ერს არ სურს მისი დაკარგვა, საქმე ის არის, რომ ამავდროულად კულტურას  შეუძლია შეზღუდოს გარკვეული მოვლენები და შეზღუდოს გარკვეულ ქმედებებში ის ქალები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც ღირებულის შექმნა.

ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია. კულტურა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და ამიტომაც ყველა ძალიან ღელავს, როცა კულტურასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ვსაუბრობთ. ვფიქრობ, უნდა შეეცადოთ, რაც შეიძლება კარგად დაიჭიროთ ბალანსი ორივე ნაწილში – იდგეთ მყარად როგორც ქალები და ამავდროულად პატივს სცემდეთ საკუთარ კულტურას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.

 

სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თამუნა პროფესორ გურამს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს [სტატიაში სახელები შეცვლილია. ავტ.] თამუნა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დაახლოებით 70 წლის მეცნიერ-ხელმძღვანელმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა. პროფესორი ამბობს, რომ სტუდენტი ცრუობს და მასთან კომუნიკაცია მხოლოდ სადისერტაციო თემაზე მუშაობას უკავშირდებოდა. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

დოქტორანტი: მეცნიერ-ხელმძღვანელთან ერთად დავგეგმეთ, რომ ერთ-ერთი მცენარის შესახებ უნდა მოგვემზადებია სადისერტაციო ნაშრომი… ამ მცენარის პლანტაცია მხოლოდ მარნეულის ერთ-ერთ სოფელშია. გურამმა მითხრა, თბილისში საქმე მაქვს მაინც, წაგიყვან მანქანით და თან ნერგები ერთად წამოვიღოთო.

პროფესორი: სადისერტაციო თემად კონკრეტულ მცენარეზე დაკვირვება შევარჩიეთ. ეს მცენარე საქართველოში არ ხარობს და მხოლოდ მცირე პლანტაციის სახითაა მარნეულში. საინტერესო იქნებოდა ამ ორი რეგიონის შედარება. დოქტორანტს ვუთხარი, რომ მე წამოვიღებდი ნერგებს მარნეულიდან. დაიჟინა, მეც მინდა წამოსვლა, ჩემი ხელით უნდა გავაკეთო ყველაფერიო. ერთად წავედით ბათუმიდან.

დოქტორანტი: მე თბილისში მამიდასთან უნდა გამეთია ღამე. დედამ ხილი გაგვატანა მასთან მოსაკითხად… წინასწარ ვიცოდი, რომ გურამს სხვა საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და მერე ჩავიდოდით ერთად მარნეულში. გზაში პროფესორმა სექსზე დაიწყო ლაპარაკი. მითხრა, ქალიშვილები განსაკუთრებით მომწონსო… დღეს ჩემთან წამოდი სასტუმროში და არ გექნება პრობლემა არაფერზეო, დისერტაციასაც დაიცავ და უნივერსიტეტშიც დაგასაქმებო… მერე ტუჩებში დამიპირა კოცნა. თბილისში როცა ჩავედით, გაგარინის მოედანთან სასტუმროში მიმიყვანა. შიგნით არ შევყევი, მე მამიდაჩემთან წავედი. იქ მანქანით აღარ მიმიყვანა, ხილით სავსე ყუთიც მის მანქანაში დარჩა…

პროფესორი: გეფიცებით, მანქანაში სადისერტაციო თემის გარდა თუ მესაუბროს რამეზე… ჭკუას ვარიგებდი. ვეუბნებოდი, სადისერტაციო თემას კი დაიცავ, ეს არაა პრობლემა, მაგრამ მცოდნე უნდა იყო რეალურად-მეთქი… ძალიან სუსტი სტუდენტი იყო, ზოგადად. ახლაც შემიძლია დავეხმარო, მაგრამ მას ჩემი ხელმძღვანელობა აღარ უნდა. ადრეც შემიმჩნევია, სულ წითლდებოდა საუბრის დროს. აუტისტია ეს გოგო. გამოძიებამ დაადგინა ეს, იქ არის მაგის შესახებ მასალები… თბილისში ჩავედით და ის მამიდამისთან წავიდა. მეორე დღეს ერთად ამოვიღეთ მცენარეები და მე ისევ თბილისში მქონდა საქმე, მეორე დღესაც მამიდასთან წავიდა თამუნა, მე – სასტუმროში. 22 ნოემბერი იყო.

დოქტორანტი: 22-ში დილით დამირეკა, გელოდები, მარნეულში უნდა წავიდეთო. აღარ მივაქციე ყურადღება, რაც წინა დღით მანქანაში გააკეთა. ვიფიქრე, რადგან უარი ვუთხარი, თავს დამანებებს-მეთქი. მარნეულიდან ისევ თბილისში დავბრუნდით, ესეც წინასწარ ვიცოდი, რომ ის ღამეც მამიდასთან უნდა დავრჩენილიყავი. ისევ გაგარინის მოედანთან რომ მივედით, გურამმა მითხრა, შევიდეთ ახლა ცოტა ხნით სასტუმროში, რაღაც საკითხები უნდა გავიარო შენთან ერთადო. სასტუმროს ნომერში როცა შევედით, ჩახუტება დამიწყო… რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე. წამოვედი. მამიდასთვის არაფერი მომიყოლია. 23 ნოემბერს ისევ გურამს გამოვყევი მანქანით ბათუმისკენ… არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. ვიფიქრე, შეეშალა და იმავეს აღარ გაიმეორებს-მეთქი. თბილისიდან როცა წამოვედით, ჯერ საერთოდ არ ლაპარაკობდა. მერე აგრესიულად მომმართა, ჩემთან დარჩენას თუ არ აპირებდი, ამ მცენარეებს მეც კი მოვთხრიდი და ჩამოვიტანდიო. მერე მითხრა, ახლა გზაში სადმე სასტუმროში შევიდეთ და მასიამოვნეო, თუ არადა იცოდე, უნივერსიტეტსაც დაემშვიდობები და ვნახავ მერე, რას იზამო. ქუთაისთან მისვლამდე გააჩერა, სასტუმრო „სიმონეთთან“. სასტუმროში შევყევი. კუნილინგუსი გამიკეთა, მერე ანალური სექსი სცადა…

პროფესორი: ვიცი, რომ სასტუმროს ვიდეოთვალმა დაგვაფიქსირა. თბილისში სასტუმროში თვითონ შემომყვა, რაღაც ერთად გავიაროთ ამ სადისერტაციო თემის ნაწილიო. იქედან მალე წავიდა… როცა თბილისიდან მოვდიოდით, გზაში ცუდად გახდა. არ მითხრა რა სჭირდა. ვიფიქრე, რაღაც ქალური სჭირს-მეთქი და ვუთხარი, ხომ არ გაგიჩერო სადმე, ბენზიგასამართ სადგურზე და ტუალეტით ისარგებლებ-მეთქი. უარი მითხრა, მაქ ვერ შევალო. იქვე, გზის პირას სასტუმრო „სიმონეთში“ შევიყვანე. იქ კარგა ხანს დარჩა. მე ოთახთან ველოდებოდი, რამე არ დაემართოს-მეთქი.

დოქტორანტი: ვერ გავბრაზდი. არ ვიცი, რატომ ვერ გავბრაზდი. საერთოდ ვერ ვბრაზდები. ზოგადად გაბრაზება როგორ არ შემიძლია, მაგრამ არ ვიცი, ბოლოს როდის გავბრაზდი, არ მახსოვს… რამე კონკრეტულად არ მჭირს, მაგრამ ხანდახან მიჭირს დავიჯერო, ადამიანებს ასეთი ცუდი მხარე რომ აქვთ.

პროფესორი: ეს გოგო გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ. ერთი კაცია, 41 წელია მებრძვის, რა უნდა არ ვიცი. ხან ვის აწერინებს წერილს, ხან – ვის. ახლაც არ მგონია, რომ თამუნამ მოიგონა ეს ისტორია. ის კაცი ეტყოდა და აუტისტობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაც დააკომპლექსებს და მერე იმას უარს ვერ ეუბნება. ამ დროს უარს, ზოგადად, ვერ ამბობს ადამიანი.

ფსიქოლოგის დასკვნა დოქტორანტზე

თიკო აბაშიძე, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“: ჩვენი ორგანიზაცია იცავს თამუნას ინტერესებს. ორგანიზაციის ფსიქოლოგის დაკვირვებით, თამუნა არის დაბალი თვითშეფასების მქონე. მას სრულიად არ გააჩნია თავდაცვის უნარი და როდესაც საქმე ეხება მისი უფლებების შეზღუდვას, ყოველთვის ეშინია, რომ თავდაცვის მიზნით განხორციელებული ქმედების დროს შეურაცხყოფილად არ აგრძნობინოს თავი მეორე მხარეს. ჩვენმა ფსიქოლოგმა, მაგალითად, გამოყო ერთი ასეთი შემთხვევა, რაც თამუნამ თვითონ გვიამბო: სადაც მუშაობს, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს ბრწყინვალედ, მაგრამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 15 წუთი ფიქრობს, როგორ უნდა შევიდეს რომელიმე ოთახში, სადაც ხალხმრავლობაა. ამბობს, რომ მას უწევს ამ დროს დაძლიოს შინაგანი მღელვარება. ეს ემართება ყოველთვის და უჭირს დაძლიოს ეს პრობლემა. ჩვენ მოვითხოვეთ ამ კუთხით ექსპერტიზის ჩატარება გამოძიებისგან, მაგრამ, როგორც ვიცი, ამ დრომდე ამ საკითხით გამოძიება არ დაინტერესებულა.

თამუნამ წარმატებით გაიარა უნივერსიტეტში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მისი კურსელები ყვებიან, რომ თამუნა გამორჩეულად კარგად სწავლობს.

რა მოხდა ბათუმში დაბრუნების შემდეგ

ბათუმში დაბრუნების შემდეგ დოქტორანტს ფაკულტეტის დეკანისგან მოუთხოვია შეეცვალათ მისთვის მეცნიერ-ხელმძღვანელი. თამუნა ამბობს, რომ უარი მიიღო და ამის შემდეგ წერილი უშუალოდ რექტორს, მერაბ ხალვაშს მისწერა.

„მირეკავდნენ დეპარტამენტიდან და მთხოვდნენ, წერილი გამომეთხოვა. დამპირდნენ, ეს პროფესორი უნივერსიტეტს საერთოდ დატოვებსო, მაგრამ ასე არ მოხდა. განცხადება გამოვითხოვე და კიდევ ერთხელ დამიბარა პროფესორმა გურამმა კაბინეტში. მითხრა, რომ სხვა მეცნიერ-ხელმძღვანელი ვერ მეყოლებოდა და პორნოები ჩართო კომპიუტერში… მართლაც ასე მოხდა. მაგის შემდეგ ისევ ხელახლა მივმართე რექტორს წერილობით და დაიწყო გამოძიება, მაგრამ დეკემბრიდან დღემდე მეცნიერ-ხელმძღვანელი არ მყავს. ვისაც ვესაუბრე, სხვა ლექტორებს, ზოგი მეუბნება, რომ არ სცალია ჩემთვის, ზოგი იმიზეზებს, რომ მას ბევრი დოქტორანტი უკვე ჰყავს და ასე შემდეგ”, – გვიყვება თამუნა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ საკითხს აკადემიური საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს და დოქტორანტს აუცილებლად შეურჩევენ მეცნიერ-ხელმძღვანელს.

„ბათუმელები“ რამდენიმე პროფესორს ესაუბრა, რომლებიც თამუნას თქმით, უარს ამბობენ მეცნიერ-ხელმძღვანელობაზე. პროფესორების ნაწილმა გვითხრა, რომ ისინი ამ მიმართულებით არ მუშაობენ, რაზეც თამუნას სურს სადისერტაციოს დაცვა, ზოგიერთი ამბობს, რომ დრო არ აქვს, რადგან სამ დოქტორანტთან უკვე მუშაობს, ზოგიერთი კი უარის თქმის მიზეზად სქესს ასახელებს: „მაგან განაცხადა კაცები არ მაწყობსო, ქალი ხელმძღვანელი მინდაო“.

რა ეტაპზეა გამოძიება

სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე გამოძიება აჭარის პროკურატურამ 2017 წლის 3 იანვარს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის იძულებას. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

თიკო აბაშიძე, ძალადობისგან დაცვის ქსელის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბათუმში უკვე დასრულდა და საქმე ქუთაისის პროკურატურას გადაეცა. გამომძიებლებმა რომ უკვე ამოიღეს და ნახეს ავტომაგისტრალთან მდებარე სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ეს „ბათუმელებს“ პროფესორმა დაუდასტურა. პროფესორმა ასევე  გვითხრა, რომ მან გამოძიებას ჩვენება მისცა.

თამუნას უფლების დაცვის პროცესში ჩართულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, თუმცა იმის გამო, რომ დოქტორანტისთვის პროკურატურას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია, ასოციაციისთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ამ საქმეზე.

 

 

 

 

 

 

10 მარტს ახალი ბენდი THE NEPHELIANS-ი „სქაი ბარ ნეფელეში“ დაუკრავს

10 მარტს გელოდებით ყველას ჰილტონ ბათუმში, სქაი ბარ ნეფელეში!

ჩვენ გთავაზობთ  შანსს, მოიგოთ ღამე ჰილტონ ბათუმში 2 ადამიანისთვის.

მონაწილეობის პირობა მარტივია: განათავსეთ „სქაი ბარ ნეფელეში“ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით: #thenephelians, გამარჯვებული  გახდება ფოტოს ავტორი, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს.

 მოუთმენლად ველოდებით თქვენს ჩართულობას!

10 მარტიდან კი ყოველ პარასკევს თქვენს განწყობაზე იზრუნებს THE NEPHELIANS-ი! გაატარეთ სასიამოვნო საღამო ჩვენთან ერთად დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ!

დააგემოვნეთ ჩვენი მზარეულების მიერ სპეციალურად თქვენთვის მომზადებული უგემრიელესი კერძები, ჩვენი პროფესიონალი ბარმენების მიერ საიდუმლო რეცეპტებით შექმნილი კოქტეილები  გემოვნებიანი და განსხვავებული მუსიკის ფონზე!

sky2

კიდევ ერთი შვიდსართულიანი კორპუსის პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, გორგილაძის # 10-ში, კომპანია „ტერა TERRA“ შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიან ბელეტაჟს სამი ახალი სართული აქვს დაშენებული. ახალი პროექტი ამ შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

კომპანიამ პროექტის შეთანხმების მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა, რადგან შებობა ძეგლის დაცვის ზონაშია.

ზონალური საბჭოს თავმჯდომარის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, კომპანია ძველის დაშლას და მის ნაცვლად შვიდსართულინი სახლის მშენებლობას გეგმავს. ძველზე დაშენება კი ვერ მოხერხდება, რადგან შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

ზონალური საბჭოს სხდომა
ზონალური საბჭოს სხდომა

სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელები დაინტერესდნენ, ხომ არ გამოიწვია სახლის ავარიულობა მასზე დაშენებამ, რაზეც დაზუსტებული პასუხი არავის გაუცია. იმ დადგენილების მიხედვით, რომელიც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ამ შენებლობასთან დაკავშირებით გამოუცია, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სახლის ავარიულობა დაშენებას შეეძლო გამოეწვია.

ერთსართულიან ბელეტაჟზე სამი ახალი სართულის დაშენება ვინმე ლალი ხვიჩიას 2015 წელს დაუწყია. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსხურის მიერ გამოცემული დადგენილებით [# 181] ირკვევა, რომ ის მშენებლობას უსაფრთხოების ნორმების დარღვევით აწარმოებდა, რის გამოც რამდენჯერმე დააჯარიმეს.

ვვვვვვვვვვვვ

ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლებმა სხდომაზე ამ პროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ქუჩაზე, სადაც ძირითადად დაბალსართულიანი სახლებია, მაღლივი კორპუსის აშენება ქუჩას შეუცვლის იერსახეს.

საბჭომ პროექტი არასრული დოკუმენტების წარდგენის გამო არ განიხილა. სხდომაზე იმავე მიზეზით არ განიხილეს ასევე ორი ათსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომლის მშენებლობასაც ინვესტორი გორგილაძის #22-ში გეგმავს. გორგილაძის # 22-ში ერთსართულიანი ბელეტაჟის დემონტაჟს ეს პროექტიც ითვალისწინებს. სხდომაზე აღნიშნეს ისიც, რომ გასულ წელს ეს პროექტი ზონალურმა საბჭომ ერთხელ უკვე დაიწუნა.

IMG_8584

საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“

„საკუთარი ოთახი რომ გვქონდეს“ – ეს ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ქალების უნივერსალური პასუხია მათთვის დასმულ კითხვებზე – რა გჭირდებათ? რა გაკლიათ?  რაზე ოცნებობთ? რისი შეცვლა გსურთ?

ხუთი წლის წინ, ბათუმთან ახლოს, დაბა ხელვაჩაურში მუყაოს ქოხებისგან აგებულ „ოცნების ქალაქში“ დღეს ბევრმა მოახერხა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, კაპიტალური შენობები ააგეს. ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემაც ნაწილობრივ მოაგვარეს, თუმცა იქ მცხოვრები ქალების შრომა არ შემსუბუქებულა. უმრავლესობა ქარსა თუ წვიმაში სარეცხს ისევ ხელით რეცხავს, სამუშაოს უშედეგოდ ეძებს და სოციალურ პრობლემებს ებრძვის.

????????????????????????????????????
ნანული ქამაშიძე; 41 წლის

„შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ ორ ოთახში. უფულობა, უმუშევრობა – ესაა ჩემი მთავარი პრობლემა. ვეძებ სამუშაოს, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. სპეციალობა არ მაქვს. ადრე გავთხოვდი, სწავლა ვერ მოვასწარი. მაშინ, ადრე, სოფელში რომ იტყოდი გოგომ უნდა ისწავლოსო, გიჟდებოდნენ. ქალის სწავლება და ქალის გარეთ გაშვება არავის უნდოდა. ჭურჭელსაც დავრეცხავ, ყველანაირ სამსახურზე თანახმა ვარ, ელემენტალური რაღაცების ყიდვა რომ შევძლო.

ეკონომიის მიზნით მე და ჩემი მული საზიაროთ ვყიდულობთ ფქვილს და პურს სახლში ვაცხობთ. თუ რამე გამოჩნდა, ვცდილობ ბავშვებს მოვახმარო. იქნებ მათ მაინც მიიღონ წესიერი განათლება“.

????????????????????????????????????
ლამარა ჯულაყიძე; 28 წლის

„16 წლის გავთხოვდი. ახლა  სამ შვილს ვზრდი მარტო. იდეალურ სიტუაციაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ნაქირავებში ყოფნას მირჩევნია აქ ვიყო. ის მაინც ვიცი, არავინ გამომიყრის ნივთებს ქუჩაში და ყოველი თვის ბოლოს იმაზე ფიქრი არ მიწევს, სად ვიშოვო ქირის ფული.

როგორც ქალს აქ ყველაფერი მაკლია. საკუთარ თავზე ვერც ვფიქრობ. თუ რამე მაქვს, პირველ რიგში ვცდილობ შვილებს გადავუნაწილო. მარტო რომ ზრდი სამ შვილს, რთულია. სოციალურით რამდენი უნდა გააკეთო. წელს მკაცრი ზამთარი იყო, შეშის საყიდელი ფული არ მქონდა.  ორსულმა ჭოროხიდან შეშა ვზიდე და ისე ავანთე ღუმელი, რომ ბავშვები სიცივით არ გამყინვოდა. არ შემეძლო, მაგრამ რა მექნა.

შვიდი წელია ჩემთვის არაფერი მიყიდია. ვინმე გამონაცვალს თუ მომცემს, ვიღებ ამ ტანსაცმელს, ვრეცხავ, ვაწესრიგებ და ვარ ასე.  რამდენი რამ გჭირდება ქალს, მაგრამ ჩემი თავისთვის ვერ ვიცლი. ბავშვებზე ვფიქრობ. იცი, ყველაზე ბედნიერი როდის ვიყავი? „ოცნების ქალაქში“ რომ გადმოვედი, ეს ქოხი მოვაწყვე, დავჯექი და გავიაზრე, რომ აქ  აღარავინ მომადგებოდა, ბინის ფულს არ მომთხოვდა და უფულობის გამო გარეთ აღარ გამაგდებდა“.

????????????????????????????????????
მაია სოლომონიძე, 19 წლის

„სამი წელია „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობ. აქ რა მაკლია? – სახლი. ჩემი საკუთარი საცხოვრებელი ადგილი მინდა მქონდეს. ამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება აღარ მინდა. მე და ჩემი ქმარი ორ პატარა ბავშვს ვზრდით. ყოველდღიურად მაინც დიდი შრომა მიწევს, სახლის საქმეები, ბავშვის მოვლა, სარეცხს ხელით ვრეცხავ. თან ადგილიც ისეთია – დაჭაობებული. ბავშვის გარეთ გაშვების მეშინია.  ჩემი საკუთარი სახლი რომ მქონდეს, მერე ყველაფერს შევძლებთ“.

????????????????????????????????????
მარიამ ჯანხოთელი; 38 წლის

„ორი წელია ოცნების ქალაქში ვცხოვრობ. ხულოს რაიონიდან გადმოვედით. ქმარს გავცილდი და  წამოვედი. უფრო ადრეც მინდოდა ქმარს გავშორებოდი, მაგრამ შიში მქონდა, რომ მარტო ვერ შევძლებდი, ბავშვებს ვერ მოვუვლიდი. ეს ადგილი გახდა ჩემთვის თავშესაფარი. ჩემი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ასევე მყავს ოთხი მოსწავლე, რომესაც ვამზადებ ინგლისურში. არ მყოფნის, მაგრამ უნდა ვიმყოფინო. უკან მიხედვა აღარ მინდა, ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი ჩემი შვილებია. ყველაფერი მაკლია აქ, ის მინიმალური რამეებიც კი არ მაქვს, რაც ქალს სჭირდება, ხანდახან ვერც ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. კაცის თუ ქალის საქმეს, ყველაფერს მე ვაკეთებ. ჩემი დაპობილი შეშა აწყვია ეგერ გარეთ. ყოველდღე ბრძოლა მიწევს და ამ ბრძოლამ საკუთარი თავის ფასი მასწავლა. არაფერია დაუძლეველი, თუკი ადამიანი მოინდომებს“.

????????????????????????????????????
ანეტა სურმანიძე; 74 წლის

„ხულოდან, სოფელ ვერნებიდან ჩამოვედი და მეხუთე წელია აქ ვცხოვრობ. აქ ცხოვრებისთვის პირობები არაა, მაგრამ ნაქირავებში ყოფნას სჯობს. რაზე ვოცნებობ იცი? –  ერთი ოთახი მქონდეს ჩემთვის, მეტი არაფერი მინდა. აი, რაც მაცვია, ეს ერთი ძონძი მეყოფა მიწის პირამდე. სულ არ ვჭამ, ვიმარხავ ერთ თვეს, ოღონდ ბინა მქონდეს. მეტი არაფერი მაკლია“.

ფილმის ჩვენება და დისკუსია „აპოლოში“

დღეს, 8 მარტს, 17:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ბათუმში, კინოთეატრ  „აპოლოში“ ფილმის  – „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ გეგმავს. ჩვენების შემდეგ იქნება საჯარო დისკუსია, მაია ბარქაიას მონაწილეობით.

მხატვრული ფილმი „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ მოგვითხრობს სამართლის დოქტორის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ელიზაბეტ ზელბერტის მოღვაწეობის შესახებ. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც საპარლამენტო საბჭოში მიიწვიეს კონსტიტუციაზე სამუშაოდ. ის სიტყვები, რაც დღეს უპირობოდ ეწერება კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა ჩამონათვალში, გასაოცარი სიმტკიცისა და ბრძოლის ფასად გაიტანა ელიზაბეტ ზელბერტმა. მის მოთხოვნას მამაკაცებთან ერთად უპირისპირდებოდნენ საბჭოს წევრი ქალებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მსგავსი ჩანაწერი არა მხოლოდ შექმნიდა სამართლებრივ ვაკუუმს, არამედ საფრთხეს წარმოადგენდა ოჯახისა და სახელმწიფოსთვისაც.

როგორ მოახერხა ელიზაბეტ ზელბერტმა ამ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვება? რა მნიშვნელობა აქვს დღეს ასეთი ისტორიების დაფასებას და დამახსოვრებას? ამ და სხვა საკითხებზე შეგვიძლია ფილმის ჩვენების შემდეგ ვიმსჯელოთ.

„მამაკაცი და ქალი თანასწორია“ – ეს ჩანაწერი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1948 წელს ვერ მოხვდებოდა, რომ არა ადვოკატ ელიზაბეტ ზელბერტის ძალისხმევა. ამ ერთმა წინადადებამ თავდაყირა დააყენა მთელი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს, რათა ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსულიყო“.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ

დაცულია თუ არა საქართველოში ქალის უფლებები და უნდა მიეღო თუ არა ფემიციდის შესახებ კანონი ქვეყანას, რომელიც  ქალთა დღეს ოფიციალურად აღნიშნავს?  – ამ  კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ფემიციდის შესახებ კანონპროექტს არ იცნობს.

დავით თედორაძე, „ქართული ოცნება“:

скачанные-файлы

„ღმერთმა ქალთა მკვლელობა არ გამაგონოს, ძალიან ცუდია ძალადობა, მით უმეტეს ქალებზე ძალადობა,  მე არ ვარ მზად, რომ გიპასუხოთ ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქალებს ყოველთვის სჭირდება დაცვა, მოფერება, პატივისცემა და სათანადოდ დაფასება. თუმცა, მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები დაცული არიან. თითოეული მამაკაცი იცავს ქალს“, – ამბობს დავით თედორაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ქალთა მკვლელობები და, ზოგადად, ოჯახში ძალადობის ფაქტები გაზრდილია, დავით თედორაძე ამბობს: „გამონაკლისი შემთხვევები არის, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ქალები რომ დაცული არიან ჩვენს ქვეყანაში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენს ქვეყანაში ფართოდ აქვთ გზა გახსნილი და თანამდებობაც შეუძლიათ დაიკავონ, ოჯახშიც ღირსეული ადგილი უჭირავთ და არავის არ შეუზღუდია არც ერთი ნიჭიერი ქალი იმის გამო, რომ ქალია. ქალი უნდა მუშაობდეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რადგან ქალის ხიბლი და მადლი სხვა არის, ქალი რომ გააკეთებს პეწიანად, ლამაზად საქმეს, ისე მამაკაცები ვერ გავაკეთებთ“.

ვახტანგ წულაძე, „ქართული ოცნება“:

vaxo-culadze

„ჩემთვის 8 მარტი ძალიან მურდალი დღეა… მამაჩემის დაბადების დღეა და სასაფლაოზე მივდივარ.  ფემიციდის შესახებ კანონპროექტი არ ვიცი, არ მსმენია, მაგრამ  ქალების დაცულობა-არდაცულობაზე საუბარი რატომღაც ტაბუდადებული თემაა საქართველოში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რეალური აღქმა ამ პრობლემის არ არის,  თუმცა რომ ვთქვა კატასტროფული მდგომარეობაა და ძალიან ირღვევა ქალთა უფლებები, ასე არაა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას ფიქრობს ქალთა მკვლელობების გაზრდილ სტატისტიკაზე, ვახტან წულაძე ამბობს: „ჩვენ იმის ფაქტებიც გვაქვს, როცა ქალბატონები კლავდნენ მამაკაცებს. ამიტომ დამატებითი  საკანონმდებლო რეგულაცია არის თუ არა საჭირო ქალების დასაცავად, ვერ გეტყვით, არ ვარ ჩახედული ამ საკითხში. თუმცა, იმას გიფიქსირებთ, რომ არის ქვეყანაში მსგავსი ტიპის პრობლემები და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ბევრ ქვეყანაშია. თუმცა, მომხრე ვარ, რომ ამ პრობლემაზე უფრო ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, მარტო კანონი არ არის საკმარისი. საზოგადოებიდან უნდა დაიწყოს აქტივობა და უნდა ითქვას ეს თეთრია ან შავია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი მოიკლა, მიუხედავადა სქესისა, მას ადმინისტრაციული კოდექსი ვერ გააჩერებს. ამიტომ, იმ კანონის მიღება, რომელზეც მესაუბრებით, ვერანაირად ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას“.

ვახტანგ წულაძე მიიჩნევს, რომ ქალი უნდა მუშაობდეს და ის უნდა იყოს რეალიზებული: „მყავს ორი შვილი და კიდევ მინდა მყავდეს და როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა ოჯახი დავაყენო საფრთხის წინაშე და რამე რომ მომივიდეს, სახლში უნდა დავტოვო ოთხი შვილი და უმუშევარი ცოლი? ამაზე დიდი ეგოიზმი და არაადექვატური აზროვნება არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს“.

დეპუტატის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ არაერთხელ ჰქონია ინფორმაცია, სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. „ქალბატონსა და მამაკაცს შორის ჩხუბის დროს არა, მაგრამ როცა ღამის პირველ საათზე დამინახია მოჩხუბარი ბავშვები, დამირეკია პატრულში“.

ირაკლი ჭეიშვილი, „ქართული ოცნება“:

cms-image-000044610

„ფემიციდის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არ ვარ ინფორმირებული, თუმცა, საქართველოში ქალები რომ უნდა იყვნენ დაცული, საკანონმდებლო დონეზე ვარ ამის მომხრე და იმისაც, რომ მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში.

დაუცველები, მე ვფიქრობ, არ არიან დღეს ქალები საქართველოში, მეტ-ნაკლებად დაცული არიან, თუმცა კანონმდებლობის კუთხით დახვეწა საჭიროა. რაც შეეხება ქალთა მკვლელობებს, მარტო საქართველოში არ ხდება, განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება ძალადობა, მაგრამ ჩვენს კანონმდებლობას მაინც სჭირდება გადახედვა. არც იმას არ ვფიქრობ, რომ ქალის ფუნქცია მხოლოდ ოჯახში ყოფნაა, ქალი უნდა იყოს მზრუნველი დედა, მეოჯახე მეუღლე, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს ის რეალიზებული“.

ხვიჩა შარაშიძე, „ქართული ოცნება“:

ხვიჩა შარაშიძე

ხედავს თუ არა ფემიციდის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობას და დაცულია თუ არა ქალთა უფლებები ქვეყანაში, ამ კითხვაზე ხვიჩა შარაშიძე ასე პასუხობს: „არ მიფიქრია, არც მიმსჯელია სიმართლე გითხრათ ამ თემაზე.

ქალი არის დღეს დაცული, თუმცა კიდევ უფრო მეტად სჭირდება დაცვა. პრობლემა შეიძლება სადღაც იყოს, მაგალითად, ოჯახში ძალადობის პრობლემა, მაგრამ ეს გამოსწორებადია“.

 

 

ამავე თემაზე:

იურიდიულმა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

 

ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“

გამოძიებას 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე არაფერი დაუდგენია ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საქმეზე. ამასობაში „სლავა 2015“-მა სასამართლო დავა თავად დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონოდ დანგრეული ისტორიული სახლის ადგილზე, ვაჟა-ფშაველას 13-ში, კომპანია „სლავა 2015“ კორპუსის აშენებას ისევ გეგმავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სლავა 2015“ იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც 2015 წელს კომპანიას უარი უთხრა მშენებლობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, ხოლოს გასაჩივრების შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ [ამ უწყებას ექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აჭარაში].

კომპანია მიიჩნევს, რომ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, სააგენტოს უნდა გაეცა ნებართვა კორპუსის მშენებლობაზე.

„ასე მოხდებოდა სახლის ფასადის შენარჩუნება, მოსახლეობის ინტერესიც დაკმაყოფილდებოდა და მენაშენისაც“, – ამბობს გურამ ღოღობერიძე, შპს „სლავა 2015“-ის იურისტი. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ 2015 წლის აპრილში სააგენტოსგან ინფორმაცია გამოითხოვა და მიიღო პასუხი, რომ სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, ხოლო სტატუსი მიენიჭა იმავე წლის 2 ივლისს, როცა სახლი, ფაქტობრივად, დანგრეული იყო.

„ამ დროისთვის სახლი დანგრეული არ იყო. სააგენტო სხვა პასუხს ვერ გასცემდა აპრილში კომპანიას, როცა სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. ადმინისტრაციული საქმისწარმოების შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ უნდა მისცემოდა“, – ამბობს თამარ სირია, აჭარის განათლების სამინისტროს იურისტი.

სასამართლო პროცესზე მხოლოდ თამარ სირია გამოცხადდა. კიდევ ერთი მოპასუხე ამ პროცესში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელიც სასამართლოში არ მივიდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი განუმარტავს. სასამართლოში სხდომას არც კომპანია „სლავა 2015“-ის წარმომადგენელი დაესწრო. პროცესის დაწყებამდე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კომპანიისგან მიღებული წერილი წაიკითხა, რომ იურისტი სხდომას ოჯახური პრობლემის გამო ვერ დაესწრება, ხოლო სარჩელი შესაძლოა გაიტანონ, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია საქმეს მოიგებს.

თბილისის სასამართლოს სარჩელით მოსახლეობამ მიმართა, ვინც ვაჟა-ფშაველას 13-ში ცხოვრობდა სახლის უკანონო დანგრევამდე. ამჯერად დავის საგანი ისტორიული სახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერების დადგენაა. მოპასუხე ძეგლთა დაცვის სააგენტოა. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლო 25 აპრილს განიხილავს.

„თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, მაშინ დავას ბათუმის სასამართლოში აღარ ექნება აზრი“, – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ ღოღობერიძემ, კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა. ამ შემთხვევაში კომპანია მიიჩნევს, რომ იოლად მიიღებს ნებართვას, რადგან სტატუსი ხელშემშლელი გარემოება აღარ იქნება.

კომპანია სასამართლო პროცესების დასრულებამდეც აპირებს კორპუსის მშენებლობაზე მიიღოს ნებართვა. გურამ ღოღობერიძემ გვითხრა, რომ პროექტით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მიმართა: „ალბათ გვექნება შეხვედრა სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან უახლოეს პერიოდში. ახალი პროექტის მიხედვით, აღვადგენთ სახლს, რაც დაინგრა და აშენდება მრავალსართულიანი კორპუსიც. ძეგლის ინტერესებიც დაცული იქნება ასე და მენაშენისაც“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე შპს „სლავა 2015“-ს პროექტი ვაჟა-ფშაველას 13-ში მშენებლობაზე მათთან განსახილველად არ შესულა.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

vajas 13
ისტორიული სახლი ვაჟა-ფშაველას 13-ში. 2015 წლის ოქტომბერი.

 

ანგისის დაუსრულებელი სპორტული ბაზა – 4-მილიონიანი ტენდერი მეექვსედ და გამარტივებულად

ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის ასაშენებლად ბათუმის მერია ტენდერს უკვე მეექვსედ აცხადებს. ამჯერად გამარტივებული წესით და მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე, ვინაიდან წინა [მეოთხე] ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ენერგოსექტორმშენს“ ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ამ კომპანიასთან 4 899 998  ლარზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულდა, ამჯერად ტენდერი მაინც 4 116 170 ლარზეა გამოცხადებული.

მეხუთე ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“  მაშინ განუცხადეს, რომ „ენერგოსექტორმშენმა“ მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შეუსრულებელი ვალდებულებისთვის კი ეს კომპანია 240 ათასი ლარით დაჯარიმდა, რაც მერიამ გარანტორი ბანკისგან უკვე ამოიღო.

ეს მეხუთე ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

esaaaaaaaaaaaaმეექვსე ტენდერის პირობებით კი, ანგისის სპორტულ ბაზაზე სამუშაოები  უნდა დასრულდეს 2017 წლის 25 დეკემბრამდე. თუმცა, სატენდერო პირობის თანახმად, მერია არც ამ ვადის გაგრძელებას გამორიცხავს: „სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზე დამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. სამუშაოების გეგმა-გრაფიკში შესული ცვლილებები არ გამოიწვევს ხელშეკრულებაში დამატებით ცვლილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადები გამოიწვევს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილებას“.

გამარტივებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 14 მარტს დასრულდება.


ბაზის მშენებლობა, 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დასრულების ნაცვლად, ამავე თვეში, კომპანია „ენერგოსექტორმშენს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

საბოლოო ანგარიშსწორებამდე და ახალი მშენებელი კომპანიის გამოვლენამდე, ბათუმის მერიამ ანგისის სპორტული ბაზის სადღეღამისო დაცვის მომსახურებაში დამატებით 6300 ლარის გადახდაზე შესაბამისი ნებართვა შესყიდვების სააგენტოდან მიიღო. მერიის არგუმენტი მაშინ ასეთი იყო:

„გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ენერგოსექტორმშენის“ მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, ბათუმის მერის 2016 წლის 8 ნოემბრის ბრძანებით შეწყდა ხელშეკრულება. სამუშაო პროცესის მიმდინარეობის არარსებობის გამო, ობიექტი მიტოვებულია უმეთვალყურეოდ… შესაძლებელია მოხდეს შენობაში და სამშენებლო ტერიტორიაზე გარეშე პირების შეღწევა, შესრულებული სამუშაოების დაზიანება ან/და მასალების დატაცება. აქედან გამომდინარე, დაცვამ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ანგისის სპორტული ბაზის სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული შენობა ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.“

ქედის გამგეობამ მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრა

ქედის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქედაში მცხოვრებ 64 მრავალშვილიან დედასა და 9 ღვაწლმოსილ ქალს საჩუქრები გადასცეს.

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი დედებისა და ღვაწლმოსილი ქალებისთვის საჩუქრად 73 შეკვრა ფაიფურის სახილე [შეკვრაში სამი ცალი], ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ზენდიდი 2015“ – მა შეიძინა.

საჩუქრებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 103 ლარი და 86 თეთრი დაიხარჯა.

ციალა გურგენიძე, 77 წლის: „3 შვილი, 4 შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი მყავს, 54 წელია სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ, მოსწავლეებს მათემატიკას ვასწავლი. რთულია, ადვილი არ არის იყო დედა, მეუღლე და წარმატებული პედაგოგი,  მაგრამ როცა ოჯახი და საზოგადოება შენ გვერდითაა, ყველა დაბრკოლებას გადალახავ, ყველა ქალბატონს ვულოცავ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს“.

17142504_1284647248297645_1413690226_o
ღონისძიებაში, რომელც 7 მარტს გაიმართა, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სოფლებიდან მოწვეული მრავალშვილიანი დედები და ღვაწლმოსილი ქალბატონები ესწრებოდნენ.

რელიგიური სიმბოლოები სკოლაში – სახელმწიფოს მიკერძოებული სტანდარტი

„სახელმწიფო პოლიტიკა სკოლებში რელიგიური სიმბოლოების გამოყენებასთან დაკავშირებით არის დისკრიმინაციული და მიკერძოებული”, – ასე აფასებს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხეს სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების  დასკვნის სამართლებრივ ანალიზს.  რას გულისხმობს კანონი, როცა ამბობს, რომ დაუშვებელია მოსწავლის რაიმე სახით დისკრიმინაცია და როგორ ესმის სახელმწიფოს კანონის განმარტება – სკოლა განცალკევდეს რელიგიური და პოლიტიკური გავლენებისგან? ამ თემაზე TDI-ის იურისტი გვანცა ლომაია  „ბათუმელებთან“ საუბრობს.

გვანცა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფაქტობრივად, გამართლებულია თავსაბურავის აკრძალვა სკოლაში. აზუსტებს თუ არა „ზოგადი განათლების შესახებ კანონი“,  რომელი რელიგიური ატრიბუტიკა იკრძალება სკოლაში და იგულისხმება თუ არა ამ ატრიბუტიკაში თავსაფარი?

ზოგადი განათლების შესახებ კანონი არის დოკუმენტი, რომელიც ცალსახად კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას და სკოლას განიხილავს როგორც რელიგიისგან დაცლილ სივრცეს.  „დაუშვებელია საგანმანათლებლო სივრცეში რელიგიური და პოლიტიკური ინდოქტრინაცია“ – წერია კანონში. კანონის მე-18 მუხლი ითვალისწინებს რწმენის თავისუფლებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილში წერია, რომ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს ინდოქტრინაციას.

რწმენის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი რელიგიური სიმბოლიკა სკოლაში?

დიახ. რელიგიური სიმბოლიკების განთავსება კანონის მიხედვით არ შეიძლება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაშლილი არ არის, თუ რა იგულისხმება სიმბოლოების გამოყენებაში, ცალსახად გამორიცხება, რომ ეს სიმბოლიკა შეიძლება იყოს სხეულზე  თავსაფარი ან ჯვარი. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორის სამართლის პრაქტიკას, როდესაც მოსწავლეს, მასწავლებელს ეკრძალება რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენება, პირდაპირ არის მითითებული კანონში ჰიჯაბი ტარების აკრძალვის შესახებ. მაგალითად, გერმანიაში, სადაც დებატები იმართებოდა საკითხზე, უნდა ჰქონოდათ თუ არა მასწავლებლებს უფლება ეტარებინათ ისლამური თავსაბურავები, 2003 წლის 24 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მასწავლებელსა და ბადენ-ვურტენბერგის მიწას შორის საქმეზე დაადგინა, რომ კანონში ამკრძალავი ნორმის არარსებობა ნიშნავდა, რომ მასწავლებლებს უფლება ჰქონდათ თავსაბურავი ეტარებინათ.

ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს თავსაბურავის ამკრძალავი ნორმა, შესაბამისად, ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია არღვევს კანონის შინაარს. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ ატრიბუტიკაში იგულისხმება მხოლოდ ხატები, ლოცვანები, რომელიც თითქმის ყველა სკოლასა და კლასში გვაქვს ნანახი და რაც არღვევს ნეიტრალური სასწავლო სივრცის უფლებას.

არის შემთხვევები, როცა სკოლის ეზოში ფუნქციონირებს ეკლესია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს აქვს ორმაგი სტანდარტი რელიგიური თავისუფლების მიმართ?

არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველწლიურად ვაწვდით ინფორმაციას განათლების სამინისტროს შიდა აუდიტს და ვითხოვთ, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება  კანონის დარღვევის ფაქტებზე.  თუმცა, რელიგიური ატრიბუტიკის სასკოლო სივრცეში გამოფენის ფაქტები შესაბამისი რეაგირების გარეშ რჩება. სახალხო დამცველიც ყოველწლიურად ამახვილებს ყურადღებას თავის ანგარიშში არანეიტრალური სასსწავლო სივრცის პრობლემაზე. ეს ნამდვილად არის სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტისა და დისკრიმინაციული პოლიტიკის  დემონსტრირება, რადგან მართლმადიდებლური სიმბოლოების სკოლებში გამოყენებაზე სახელმწიფო არ რეაგირებს, მაგრამ როცა საქმე შეეხო სკოლაში თავსაბურავის გამოყენებას, აქ სახელმწიფომ არასწორად განმარტა კანონი და მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა გაამართლა. საინატერესოა შიდა აუდიტის დეპარტამენტი დაინტერესდა თუ არა სკოლის ადმინისტრაციაში მართლამდიდებლური ატრიბუტიკის არსებობით.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, მოსწავლის „ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაა“, რომელიც ვერ მოხერხდება თუკი სკოლა არ გაემიჯნება რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებებს. კანონის ეს განმარტება წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის იმ ჩანაწერთან, სადაც სახელმწიფო ამბობს, რომ კრძალავს მოსწავლის დისკრიმინაციას და არ ზღუდავს მის რელიგიურ იდენტობას?

ლიბერალიზმი გულისხმობს ადამიანის, პიროვნების პატივისცემას, მისი იდენტობის აღიარებას. თავსაფარი, როგორც რელიგიური ატრიბუტიკა, იყო ამ მოსწავლის რელიგიური (მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლე) იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ მისი აკრძალვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა ყოფილიყო გამართლებული ლეგიტიმური მიზნით, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს. ასეთი შეზღუდვა გამართლებული იქნებოდა მაშინ, თუკი დაირღვეოდა სხვათა უფლებები. მაგრამ მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების დაშვება არანაირად არ არღვევს სხვა მოსწავლეების უფლებებს.

როცა სკოლა საუბრობს ლიბერალიზმსა და დემოკარტიულ ღირებულებებზე, არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ ჩართული იყო მოხეში ე.წ. სადავო შენობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში და ანტიისლამურ განცხადებებს აკეთებდა. აუდიტს არ შეუფასებია, რამდენად გონივრულია, სკოლაში, სადაც 90 პროცენტი მუსლიმი მოსწავლეა, იყო დირექტორი, რომელიც არსად ერიდება საკუთარი რელიგიური შეხედულებების უხეშ დემონსტრირებას და აქვს ბერკეტი მუსლიმი მოსწავლეები დაჩაგროს.

ზოგიერთი სკოლის შინაგანაწესში წერია, რომ მოსწავლეს არ აქვს, ვთქვათ, ძალიან მოკლე კაბის ტარების, ან კლასში ქუდით ჯდომის უფლება. შინაგანაწესი ყველა სკოლას განსხვავებული აქვს, ანუ სკოლას აქვს უფლება ჰქონდეს  საკუთარი შიდა სტანდარტი, რითაც შეუძლია მანიპულირება?

რა თქმა უნდა, სკოლას აქვს უფლება  განსაზღვროს რა ჩაწეროს შინაგანაწესში. თუმცა, ეს ჩანაწერი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ეროვნულ კანონმდებლობასთან. მოხეს სკოლის შინაგანაწესში  არ წერია, რომ მოსწავლეებს ეკრძალებათ სკოლაში თავსაბურავით სიარული. გვახსოვს ასევე განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ისეთი შინაგანაწესები, რომელიც ითვალისწინებს სკოლაში ქუდის ან თავსაფრის აკრძალვას, უნდა შეიცვალოს და შეესაბამებოდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებულ რელიგიის თავისუფლების მუხლს. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროში არ არსებობს შეთანხმებული ერთიანი პოლიტიკა სკოლაში თავსაბურავის ტარებასთან დაკავშირებით.

როდესაც ვსაუბრობთ სკოლებში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებაზე, ხშირად იშველიებენ  სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმებას, რამდენად სწორია ეს სამართლებრივად?

კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლი განსაზღვრავს განათლების სფეროში საპატრიარქოს უფლებამოსილებას. მაგალითად, თუ სკოლას ექნება რელიგიის შესახებ გაკვეთილები, საგნების, ასევე მასწავლებელბის არჩევა უნდა  შეთანხმდეს საპატრიქროსთან და ა.შ. მაგრამ მუხლი არაფერს ამბობს მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობაზე კანონის გვერდის ავლით გამოფინოს რელიგიური ატრიბუტიკა სკოლაში. შესაბამისად, კონსტიტუციური შეთანხებით არ მართლდება ის ფაქტი, რასაც ჩვენ სკოლებში ვხვდებით, როცა ექსკლუზიურად გამოფენილია მართლმადიდებლური ხატები და ჯვრები.  ატრიბუტიკის გამოფენა ერთნაირად აკრძალულია ყველა რელიგიური დენომინაციისთვის. რაც შეეხება თავსაფრის აკრძალვას, ეს მხოლოდ სამინისტროს ზოგადი პოლიტიკის დემონსტრირება – იგი არის დისკრიმინაციული, მას ლოიალური დამოკიდებულება მხოლოდ მართლმადიდებლური სიმბოლიკის მიმართ აქვს.

სახელმწიფო კანონის დონეზე ამბობს, რომ სკოლა უნდა იყოს თავისუფალი რელიგიური სიმბოლოებისგან და ვსაუბრობთ იმაზე, რომ სკოლაში ყველა მოსწავლე უნდა იყოს თანაბარ პირობებში. თქვენ მიგაჩნიათ თუ არა დასაშვებად თავსაფრის აკრძალვა? 

ვფიქრობ, რელიგიური ატრიბუტიკის და თავსაფარის შედარება არ იქნება სწორი. თავსაფარს ინდივიდი, ცალკეული ტიპი ატარებს მაშინ, როცა კლასში ჯვარის გამოფენა ინდოქტრინაციის საფრთხეს შეიცავს. ამ მოსწავლეს რომ შემოეტანა სხვა მუსლიმური ატრიბუტიკა, რომელიც სკოლაში ან კლასში განთავსდებოდა, ცალასახად იქნებოდა ასაკრძალი, რადგან ეს ატრიბუტიკა შეიძლება სხვის რელიგიურ თავისუფლებასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში. თავსაფარს მუსლიმი ატარებს თავისთვის, როგორც მისი იდენტობის გამოხატულებას და სხვას უფლებას არ უზღუდავს.

ევროპული სასამართლო არაერთხელ დამდგარა ამ ტიპის დისკუსიის წინაშე, მაგრამ როცა ევროპული სასამართლო იხილავს კონკრეტულ შემთხვევას, ან საკითხს, კონკრეტულ სახელმწიფოში უნდა აიკრძალოს თუ არა თავსაფარი, იგი ითვალისწინებს სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და ყველა შემთხვევაში გამოაქვს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. კანონის განაწესი ამბობს, რომ რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი უნდა იყოს აკრძალული. იმ ასაკში, როცა მოსწავლეს უყალიბდება კონკრეტული დამოკიდებულებები, ყოველგვარი უხეში ჩარევების გარეშე უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე მსოფლმხედველობის ჩამოსაყალიბებლად. ზუსტად სკოლაა ის ადგილი, სადაც არ უნდა ხდებოდეს მოსწავლეზე კონკრეტული იდეოლოგიების თავსმოხვევა.

ეს იდეოლოგიები ხომ ბავშვზე მეტ-ნაკლებად ისედაც თავსმოხვეულია თუნდაც ოჯახებში… 

ამიტომ, სკოლა უნდა იყოს ნეიტრალური. ეს იმას ნიშნავს, რომ  ერთი დომინანტური რელიგიური ღირებულებების გატარება კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ სკოლა უნდა აძლევდეს ზოგად ინფორმაციას რელიგიის შესახებ, ინფორმაციას განათლების დონეზე და არა კონკრეტრული დენომინაციის დონეზე. სკოლა არ არის სალოცავი სივრცე. თავსაფარი არის როგორც რელიგიური ატრიბუტიკა, ასევე საკუთარი თვითგამოხატვის ნაწილი. ამ სამართლებრივ მოცემულობაში აკრძალული არ არის თავსაბურავის ტარება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეების თვითგამოხატვის პრინციპი მაღალ დონეზე დაყენებული. ამიტომ, არც ერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის განათლების სამინისტროს არ აქვს უფლება ჩაერიოს მოსწავლის რელიგიის და თვითგამოხატვის უფლებაში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით განათლების პოლიტიკაში?

ეს დასკვნაც და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი პოლიტიკაც ცალსახად აჩვენებს განათლების სამინისტროს ლოიალურ დამოკიდებულებას, ტენდენციურობას და მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების დისკრიმინაციულად გამოყენების შემთხვევას. 2015 წლიდან დღემდე, შიდ აუდიტის დეპარტამენტში სავარაუდო რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე შესულია მხოლოდ ერთი წერილი. ყველასათვის ცხადია, რომ ეს სტატისტიკა საინისტროს ხარვეზებზე მიუთითებს. მაშინ, როცა სკოლებში რეალობა მძიმეა – არამართლმადიდებელი მოსწავლეები განიცდიან ინდოქტრინაციას, ექსკურსიებზე დადიან ეკლესიების მოსალოცად და ისვენებენ მხოლოდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე, მხოლოდ ერთი განცხადების არსებობა მეტყველებს შიდა აუდიტის უუნარობასა და ნდობის დაბალ ხარისხზე. დღეს არ გვაქვს ნეიტრალური სასწავლო სივრცე, სკოლაში მოსწავლეს უჩნდება განცდა, რომ ის არის მეორეხარისხოვანი მისი რელიგიური მრწამსის გამო და მის უფლებას არავინ არ დაიცავს, რადგან სახელმწიფოს ამის რეალური სურვილი არ აქვს.

„ბაბილონი“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაუკრავს [ანონსი]

ბათუმის ხელოვნების ცენტრი 12 მარტს, 19:00 საათზე წარმოგიდგენთ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პროექტის – „ჩემი სცენა“-  ს ფარგლებში, ადგილობრივი ჯგუფის „ბაბილონის“ კონცერტს.

მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, „ბაბილონი“ ადგილობრივი რეპ-ჯგუფია, რომელიც  მუსიკალური ცენტრის სცენაზე პირველად დაუკრავს.

ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გამსაღებელს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ოთხი გონიოელის სარჩელს განიხილავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სექტემბერში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც გონიოელების ნაწილს საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს. საუბარია გონიოში 2008 წელს 271 ოჯახისთვის მიწების მასობრივად ჯერ გადაცემასა და რამდენიმე თვეში ჩამორთმევაზე.

ბათუმის საკრებულოს მიწის კომისიამ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია გასული წლის სექტემბერში, თუმცა საკუთრება არ აღუდგინა 75 ოჯახს, ვისაც მანამდე ამ კუთხით სასამართლო პროცესი წაგებული ჰქონდა.

სასამართლოს სარჩელით 65-მა გონიოელმა მიმართა. ოთხი მათგანის საქმის განხილვა დღეს შედგა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რადგან მათ სასამართლოს ცალკე მიმართეს.

ერთ-ერთი მოსარჩელე მზევინარ ლამპარაძეა. მას წარსულში საკუთრებაზე სასამართლო დავა არ ჰქონია, მაგრამ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან მაინც უარი მიიღო.

„კომისიას არ შეუსწავლია ეს შემთხვევები ცალ-ცალკე. საერთოდ გაუგებარია, რის საფუძველზე უთხრეს ამ ადამიანებს უარი,“- ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში გონიოს მოსახლეობის ინტერესებს იცავს.

„კომისიამ ნაწილობრივ გააბათილა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ოჯახებს ჩამოართვეს მიწის საკუთრება. მოქალაქეები თუ მოგვმართავენ, ინდივიდუალურად შევისწავლით საქმეებს. ამჟამად კომისია რამდენიმე შემთხვევას სწავლობს. მათ შორის არის თუ არა მზევინარ ლამპარაძე, არ მახსოვს,“- გვიხრა ირაკლი ბოლქვაძემ. ის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელია. კომისია ამჟამად ბათუმის მერიას ექვემდებარება.

მზევინარ ლამპარაძის გარდა, სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან: ენვერ ირემაძე, რუსუდან ჯავახიშვილი და ჯემალ ბათაძე. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს.

დანარჩენი 60 გონიოელის საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. ეს პროცესი სასამართლოს განრიგში ჯერ ჩანიშნული არ არის.


ამავე თემაზე:

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა

 

საპენსიო და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა [ინფოგრაფიკა]

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა, 2016 წლის მონაცემებით, ჯამში 887 338 ადამიანია. ამავე მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობას იღებდა 459 618 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით თითქმის 83 ათასი ადამიანით მეტია.


პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი სახელმწიფომ ერთ-ერთ ოჯახს ჩამოართვა.

2010 წელი. გულიკო ვარშალომიძის სახლის დანგრევა
2010 წელი. გულიკო ვარშალომიძის სახლის დანგრევა

ზღვის სანაპიროს გასწვრივ, კახაბრის დასახლებაში გასხვისებული 15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი – 1900 კვადრატული მეტრი, რომელზეც ორსართულიანი სახლიც იდგა, გულიკო ვარშალომიძეს ექსპროპრიაციის გზით 2010 წელს ჩამოართვეს, გზისა და ახალი ბულვარის გაგრძელების მოტივით. 2011 წელს აჭარის მთავრობის კიდევ ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, 15 000 კვადრატული მეტრი მიწა, მისი მამიდის – გულიკო ვარშალომიძის ოჯახის მიწის ჩათვლით, კომპანია „სისთემ ინშაათს“ გადასცა.

აჭარის მთავრობამ ეს ნაკვეთი „სისთემ ინშაათისგან“ 2012 წელს დაიბრუნა.

გულიკო ვარშალომიძის შვილი, დავით დიასამიძე ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთის ორივეჯერ გასხვისება კორუფციულ ნიშნებს შეიცავს. მართლაც, 2014 წლის 25 დეკემბერს, არჩილ ხაბაძის ბრძანებით, „რეკან გრუპ ჯორჯიასთან“ 3 000 000 დოლარზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები დღემდე მრავალგზის შეიცვალა. „რეკან გრუპ ჯორჯია“ ამ გარიგებამდე 2 დღით ადრე – 2014 წლის 22 დეკემბერს დააფუძნა თურქეთის მოქალაქემ.

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს სამი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარი შემდეგი გრაფიკით უნდა გადაეხადა: „ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში არანაკლებ 150 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში – არანაკლებ 350 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; ექვსი თვის შემდეგ და არაუგვიანეს სამი წლის ვადაში კი დარჩენილ თანხა“.

 

ხელშეკრულების მიხედვით ამ ტერიტორიაზე 2017 წლის 25 დეკემბრამდე სასტუმრო კომპლექსი და აპარტამენტები უნდა აშენდეს
ხელშეკრულების მიხედვით ამ ტერიტორიაზე 2017 წლის 25 დეკემბრამდე სასტუმრო კომპლექსი და აპარტამენტები უნდა აშენდეს

ამავე ხელშეკრულებით მყიდველი ასევე ვალდებული იყო: ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მოეპოვებინა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა და დაეწყო მშენებლობა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა მრავალფუნქციური ნაგებობის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა. 36 თვეში – ექსპლოატაციაში უნდა შეეყვანა შენობა-ნაგებობა არანაკლებ 7 700 კვადრატული მეტრი სასტუმრო კომპლექსი, არანაკლებ 39 000 მეტრი ფართობი აპარტამენტები, არანაკლებ 5 000 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი, 13 400 კვადრატულ მეტრზე უნდა მოეწყო არანაკლებ 400 ავტომანქანაზე გათვლილი დახურული ტიპის პარკინგი. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი ასევე  ვალდებული იყო განეხორციელებინა არანაკლბ 50 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. ის ასევე 490 მოქალაქის დასაქმების ვალდებულებასაც იღებდა.

დღეის, ანუ 2017 წლის 7 მარტის მდგომარეობით, გასხვისებულ ტერიტორიაზე ხელშეკრულების არც ერთი პირობა არ შესრულებულა. როგორც დავით დიასამიძე ამბობს, ამ ნაკვეთის მიმდებარედ, ზღვისპირა ზოლიდან, ინვესტორმა თითქმის ერთი მილიონი დოლარის ღირებულების ინერტული მასალა ამოიღო და გაყიდა, რაც კანონით დაუშვებელია.

[red_box]პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, რომ ინვესტორს ნდობა გამოუცხადოს – პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 2015 წლის 16 ივნისს შევიდა, რომლითაც განისაზღვრა, რომ „არაუგვიანეს 2015 წლის 25 აგვისტოსი, უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება“.

[red_box]მეორე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

შემდეგი ცვლილება ხელშეკრულებაში შევიდა 2015 წლის 8 დეკემბერს. ამ ცვლილების ჩანაწერით კომპანია გათავისუფლდა დარიცხული ჯარიმებისგან იმ პირობით, რომ დროულად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც ხელშეკრულებით აქვს აღებული.

[red_box]მესამე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

2016 წლის 21 მარტს აჭარის მთავრობამ კიდევ ერთხელ გაათავისუფლა კომპანია დარიცხული ჯარიმებისგან. იმავე ცვლილების მიხედვით, კომპანიას თანხის გადასახდელად განუსაზღვრეს შემდეგი გრაფიკი: 2016 წლის 1-ელ მაისამდე 500 000 დოლარი; 25 ივნისამდე – 500 000 დოლარი; 25 დეკემბერი – 500 000 დოლარი; 2017 წლის 25 ივნისისთვის, – 500 000 დოლარი; 25 დეკემბრამდე – 500 000 დოლარი.

ამ ხელშეკრულებაში შესულია კიდევ ერთი ცვლილებაც – პარკინგის რაოდენობა 400-დან შემცირებულია 308-მდე.

[red_box]მეოთხე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

ხელშეკრულების კიდევ ერთხელ შესაცვლელად ბრძანება აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, არჩილ ხაბაძემ 2016 წლის 28 მარტს გამოსცა – კვლავ თანხის გადახდის გრაფიკი დააზუსტა: 2016 წლის 1-ელ მაისამდე 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარი; 25 ივნისამდე – 500 000 დოლარი; 25 დეკემბერი – 500 000 დოლარი; 2017 წლის 25 ივნისისთვის, – 500 000 დოლარი; 25 დეკემბრამდე – 500 000 დოლარი.

[red_box] მეხუთე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

2016 წლის 31 აგვისტოს უკვე აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების პირობები კიდევ ერთხელ იცვლება: შესაბამისი აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში არანაკლებ 1 000 000 დოლარის ექვივალენტი ლარი უნდა გადაიხადოს კომპანიამ; არაუგვიანეს 2016 წლის 25 დეკემბრისა – 500 000 დოლარი, არაუგვიანეს 2017 წლის 25 ივნისისა – 500 000 დოლარი, არაუგვიანეს 25 დეკემბრისა – 500 000 დოლარი.

[red_box]მეექვსე ცვლილება ხელშეკრულებაში[/red_box]

2016 წლის 8 სექტემბერს ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება შედის – კომპანიას კვლავაც ჩამოაწერეს ის ჯარიმები, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის დაეკისრა, ხელშეკრულების შესრულების ვალდებულების პირობით.

[red_box]ექსპროპრიაცია[/red_box]

კახაბერში არსებული 15 000 კვადრატული მეტრი მიწა, როგორც უკვე ვთქვით, პირველად აჭარის ხელისუფლების ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ კომპანია „სისთემ ინშაათს“ გადასცა 1 ლარად. 2012 წლის 15 აგვისტოს, ანუ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ლევან ვარშალომიძემ „სისთემ ინაშაათისთვის“ ქონების გადაცემის ბრძანება თავისივე ახალი ბრძანებით ძალადაკარგულად გამოაცხადა.

დავით დიასამიძეს სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა ქონების დაბრუნების იმედი, მაგრამ ეს იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მიწა უკვე მეორედ სხვა კომპანიას – „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ არჩილ ხაბაძემ მიყიდა.

დავით დიასამიძე ირწმუნება, რომ ხელშეკრულებების შეცვლის პროცესში კომპანიას 500 000 დოლარით შეუმცირეს გადასახდელი თანხა. მისი აზრით, ეს დასტურდება 2016 წლის 21 მარტის ბრძანებით.

IMG_20170307_121634IMG_20170307_121727IMG_20170307_121753ამის გასარკვევად „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მიმართა. სამინისტროდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 3 000 000 აშშ დოლარიდან დარჩენილი გადასახდელი საპრივატიზებო საფასური შეადგენს 1 500 000 აშშ დოლარს“.

დავით დიასამიძემ ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის, ან შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნით ბათუმის მერიას მიმართა.

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა დიასამიძეს მიწერა, რომ „ფიზიკური პირის, დავით დიასამიძის მიმართ ექსპროპრიაცია არ განხორციელებულა“.

არადა, 2010 წლის 2 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში [სააღსრულებო ფურცელი ბათუმის მერიის მიმართვის საფუძველზე გამოიცა], წერია, რომ იმ 37 ოჯახს შორის, რომლებსაც ქონება ექსპროპრიაციის გზით უნდა ჩამოერთვას, არის დავით დიასამიძეც. ის სიაში მე-8 ნომრად არის შეყვანილი.

დავით დიასამიძე ამბობს, რომ ყველა ოჯახს, ვისაც ექსპროპრიაციის წესით ქონება ჩამოართვეს, სახელმწიფომ კომპენსაცია მისცა. გამონაკლისი მხოლოდ დავით დიასამიძის დედა იყო, იგივე ლევან ვარშალომიძის მამიდა – დავით დიასამიძე ამბობს, რომ თავის ნათესავ მთავრობის თავმჯდომარესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომაც დასაჯეს და დატოვეს კომპენსაციის გარეშე.

უკვე წლებია დავით დიასამიძე თავისი ქონებრივი უფლების დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს. ამ საკითხში დავით დიასამიძემ დახმარება სთხოვა როგორც არჩილ ხაბაძეს, ისე ზურაბ პატარაძეს. ზურაბ პატარიძისადმი გაგზავნილ წერილში დავით დიასამიძე წერს, რომ ჩამორთმეული ქონება – მიწა და საცხოვრებელი სახლი სახელმწიფომ მის მამას, ისმეთ დიასამიძეს გადასცა აკადემიკოსის ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დავით დიასამიძე
დავით დიასამიძე

ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, კახაბრის თემში მიწა პირად სარგებლობაში მართლაც ისმეთ დიასამიძეს ჰქონდა. სახლის აგების თარიღად მითითებულია 1995 წელი, ხოლო სახლის ზომა არის 140 კვადრატული მეტრი. დოკუმენტი არქივს გაცემული აქვს 2009 წლის 4 თებერვალს.

უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატია. ის კანონმდებელია გასული წლის 27 დეკემბრიდან, თუმცა სავარძელი დღეს, 7 მარტს პირველად მოირგო, საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს.

zaza okuashvili
გიორგი ცინცქილაძე [მარცხნივ] და ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში / 7.03.2017
ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. უმაღლეს საბჭოში მან ამ პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო და დეპუტატობაზე უარი თქვა. სიის მეორე ნომერი ზაზა ოქუაშვილი იყო. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ის შევიდა. „პატრიოტთა ალიანსი“ დღემდე ევროპული ფასეულობების აქტიური კრიტიკით გამოირჩევა.

დეპუტატები, რომლებსაც ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  ანგარიშში ზაზა ოქუაშვილიც მოხვდა. კანონის მიხედვით, „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი“. ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე, ნატო ჩხეიძე შპს „ბენმონტის“ მეწილეები იყვნენ. ეს კომპანია ფლობს ტელეკომპანია „იბერიას“.

რამდენიმე დღის წინ, 27 თებერვალს, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილება შევიდა. ამჯერად კომპანია „ბენმონტი“ ზაზა ოქუაშვილმა და მისმა მეუღლემ შვილებს – 18 წლის რატის და 16 წლის გიორგი ოქუაშვილებს გადაუფორმეს. წილის დათმობა მოუწია ნატო ჩხეიძესაც, რადგან ის საქართველოს პარლამენტის წევრია, ისიც „პატრიოტთა ალიანსიდან“.

27 თებერვალს ზაზა ოქუაშვილმა ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ძვირადღირებულ ქონებას ფლობს 16 სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის, 7 ნაჩუქარია. ყველაზე ბოლოს დეპუტატმა 2013 წელს ბრიტანეთში, ლონდონში შეიძინა 170 კვადრატული მეტრი ბინა. ამ ქონებაში ზაზა ოქუაშვილს 6 მილიონ 500 ათასი ინგლისური ფუნტი გადაუხდია, რაც დაახლოებით 19 მილიონი ლარია.

იმ უძრავი ქონების ფასი, რომელსაც ზაზა ოქუაშვილის ოჯახი ფლობს, დეკლარაციაში წარმოდგენილი არ არის. ყველაზე დიდი საცხოვრებელი სახლი – 1081 კვ. მეტრი ოქუაშვილების ოჯახს თბილისში, ოდესის ქუჩაზე აქვს.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიიდან – AGT UK TRADING -ზაზა ოქუაშვილს შემოსავლის სახით  521 196 ინგლისური ფუნტი მიუღია.

ზაზა ოქუაშვილი ასევე ფლობს ობლიგაციას შვეიცარიაში, რომელიც მას 5 მილიონ აშშ დოლარად შეუსყიდია, ხოლო პანამაში ფასიან ქაღალდებს, რაშიც 20 ათასი დოლარი გადაუხდია.

„პანამას დოკუმენტების“ მიხედვით, ზაზა ოქუაშვილი 85 ქართველ ბიზნესმენს შორის დასახელდა, რომელიც ოფშორულ ზონაში სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს. „პანამას დოკუმენტებით“ ზაზა ოქუაშვილია დასახელებული კომპანიების DAGMAR FINANCE GROUP INC., Velsan Trading Corp.-ისა და Finley Trading-ის წილების მფლობელად.

27 თებერვლის მდგომარეობით, ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე საქართველოს სხვადასხვა ბანკში ფლობენ 233 100 ლარს, 146 ათას აშშ დოლარს, 105, 100 ევროს და 56, 150  ინგლისურ ფუნტს.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას: ზაზა ოქუაშვილი ფლობს ავტომანქანა BMW M 5-ს. მასში დეპუტატს 87 ათასი ინგლისური ფუნტი გადაუხდია. ზაზას მეუღლის, ნატო ჩხეიძის სახელზეა ასევე 157 ფერწერული ტილო, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, ოჯახმა საჩუქრად მიიღო.

მილიონერი დეპუტატის შრომის ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 2150 ლარია თვეში. გასულ ორ თვეში დეპუტატი სამსახურში გამოუცხადებლად იღებდა მისთვის განკუთვნილ ხელფასს. ზაზა ოქუაშვილმა დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ენმ-ს წევრი: ბათუმში მდებარე სკოლა ხელვაჩაურის ბიუჯეტით უხარისხოდ გაარემონტეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან მწვანე კონცხის დაწყებითი საფეხურის სკოლა გასულ წელს გარემონტდა, თუმცა უხარისხოდ. სკოლა ტერიტორიულად ბათუმს ეკუთვნის, თუმცა სარეაბილიტაციო თანხა მაინც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო.

„რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 165 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია ხაზგასასმელი, პირველი ის, რომ სკოლა ქალაქის საზღვრებშია და რატომღაც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო რეაბილიტაციის ხარჯები, მეორე ის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და შენობა ისევ სარემონტოა.“

ენმ-ს წევრის განცხადებით, მწვანე კონცხის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა
ენმ-ს წევრის განცხადებით, მწვანე კონცხის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა

მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს. „ჩვენ სხვა სკოლები გვაქვს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია და ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 2016 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები არის უხარისხოდ შესრულებული. წყალი ჩამოდის შენობაში, იატაკი დაზიანებულია, კარ-ფანჯარაზე ბათქაში ცვივა, თუმცა გამგეობას ჯერ არავითარი ზომები არ მიუღია“.

მიშა ბოლქვაძის თქმით, აუდიტის სამსახურს დასკვნაში მითითებული აქვს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს შენობის რეკონსტრუქცია.

„დასკვნაში წერია, რომ გამგეობამ უნდა მისწეროს შპს „ფელიქსს“, რომელიც ამ სკოლის რეაბილიტაციაზე მუშაობდა და ხელმეორედ ჩაატაროს სამუშაოები. თუმცა როგორც გავარკვიეთ, ხელვაჩაურის გამგებელს ჯერ კიდევ არ მიუწერია კომპანიისთვის ამის თაობაზე, რადგან სარემონტო სამუშაოებს ხელვაჩაურის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის ახლობლის კომპანია ასრულდებდა, ამიტომ ვფიქრობთ,  სწორედ ეს არის იმის მიზეზი,  რომ დღემდე არ მიუღია ზომები გამგეობას. არც თვითონ წუხდება გამგებელი და არც ამ კომპანიას აწუხებს,“-ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მწვანე კონცხის სკოლა
მწვანე კონცხის სკოლა

მწვანე კონცხის სკოლაში 12 მოსწავლე სწავლობს.

ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, სკოლის რემონტი „ბრწყინვალე მდგომარეობაშია“.

„ბრწყინვალედაა ჩატარებული რემონტი, თქვენ უნდა გენახათ რა მდგომარეობაში იყო მანამდე სკოლა, დაზიანებები ორი წლის განმავლობაში გინდა არ გინდა იქნება, სადაც ბავშვები სწავლობენ, ჩვენ სამუზეუმო ექსპონანტად არ გაგვიკეთებია. სკოლას ჰყავს სამეურნეო განყოფილება და თუ რამე არის გასაკეთებელი, უნდა მოგვმართოს წერილობით და ჩვენ ამის შემდეგ მივმართავთ კომპანიას, რომელიც ვალდებულია, რომ ორი წლის შიგნით გაჩენილი ხარვეზები მოაწესრიგოს, თუ მისი ბრალეულობა იქნება“.

ნადიმ ვარშანიძის თქმით, ჯერ სკოლის ადმინისტრაციას ხარვეზებთან დაკავშირებით გამგეობისთვის არ მიუმართავს.

რაც შეეხება ქონებას, გამგებელი ამბობს, რომ ყველა სკოლა განათლების სამინისტროს ბალანსზეა „თუმცა ჩვენ დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციის უფლება გვაქვს და ეს არამიზნობრივ ხარჯვაში არ გვეთვლება“.

 

მერია ახალ სარაგბო ბაზას რვა მარტს გახსნის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 8 მარტს, ფონდი „ქართუ“  ბათუმის სარაგბო ბაზას ქალაქის მერიას გადასცემს.

სარაგბო ბაზის გადაცემას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც დაესწრება. ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი.

ოფიციალური ინფორმაციით,  ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს.

ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 500 მაყურებელზეა გათვლილი.

„სარაგბო კომპლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო.

სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს,“ -ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, სარაგბო ბაზის მშენებლობაზე 3 მილიონ 596 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

„აჭარაში რაგბის სახეობა ბოლოს წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის“.


ამავე თემაზე:

დაგვიანებული სარაგბო სტადიონი და „საჩუქარი“ ბათუმს

2885 დაუჯილდოებელი მოსწავლე – განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს ხელახლა შეისყიდის

საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, 2015 -2016 სასწავლო წლის და წინა წლების კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ გადასცა. სამინისტროს განცხადებით, მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა: მოწოდებული იქნა გათვალისწინებულთან შეუსაბამო მედლები, რის შედეგადაც დაუჯილდოებელი დარჩა 1871 ოქროსა და 1014 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე.

სამინისტრო 1 871 ოქროს [მოოქროვილ] და 1 014 ვერცხლის [მოვერცხლილ] მედალსა და 2 885 მედლის ჩასადებ ყუთში 155 ათასი ლარის გადახდას, ამჯერად ტენდერის გარეშე გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, „მოსწავლეები, რომელთაც დაიმსახურეს აღნიშნული ჯილდო, აგრეთვე მათი მშობლები, სისტემატურად გამოხატავენ უკმაყოფილებას და ითხოვენ დროულად განხორციელდეს სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულება… მედლების გადაცემის მიზნით შესყიდვა უნდა განხორცილლდეს უმოკლეს ვადაში… ამასთან, საჭიროა მედლების სრული რაოდენობა, რადგან დაუშვებელია მედლებით მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილის დაჯილდოება და მათი რაიმე ნიშნით დაყოფა…. რაც შეეხება 2016-2017 სასწავლო წლის ფარგლებში გადასაცემი მედლების შესყიდვას, განხორციელდება ტენდერის მეშვეობით“.

საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები დაუჯილდოებელი დარჩნენ არასწორად განსაზღვრული მედლის ტიპის, გვარში დაშვებული ტექნიკური შეცდომის და სხვა მიზეზების გამო. „სამინისტრომ მიმდინარე წელს გაიარა შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები. ჩამოყალიბდა მედლების ახალი მახასიათებლები და დამზადების ტექნოლოგია ისე, რომ შესყიდვისას მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უხარისხო მედლის მიღება,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გასული წლის ბოლოს ტენდერში გამარჯვებულ შპს „სახელოვნებო სტუდია სამებას“, სამინისტროსთვის 2 772  ოქროსა და ვერცხლის მედალი და ამდენივე ჩასადები ყუთი უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულება 51 975 ლარზე იყო გაფორმებული.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მას უხარისხო მედლები მიაწოდა. აღნიშნულ კომპანიას კი დოკუმენტებში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ვერ დავუკავშირდით.

დაზარალდა თუ არა ბიუჯეტი? – შესყიდვების გვერდზე ჩანს, რომ კომპანიისთვის [სახელოვნებო სტუდია „სამება“] თანხა გადარიცხული არ არის. „გარდა იმისა, რომ თანხა არ არის გადარიცხული, კომპანიას პირგასამტეხლოც დაეკისრა,“ – გვითხრეს სამინისტროში.

მედლების შესყიდვა, წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ქალის სურნელი“ – გახდი სუნამოების დამზადების თვითმხილველი და მფლობელი [ანონსი]

2017 წლის 7 მარტს, 17 საათზე, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება – ,,ქალის სურნელი’’. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება აჭარის მუზეუმებში დაცული უძველესი საფერუმარილე ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, რაშიც ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე სურნელოვანი ზეთები ინახებოდა.

ორგანიზატორთა თქმით, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ სუნამოს შექმნისა და დანიშნულების ისტორია, მის განვითარების გზებსა და მნიშვნელობაზე საბერძნეთსა თუ რომში, ეგვიპტესა თუ საქართველოში. გაჟღერდება ბევრი ისეთი ფაქტი, რომლებიც დღემდე  უცნობია საზოგადოებისათვის:

  • რატომ იყო მე-19 საუკუნეში აჭარაში სუნამო აუცილებელი ატრიბუტი მზითევის სიაში;
  • როგორ იქცა ქართველი ემიგრანტი გიორგი მაჩაბელი [„პრინცი მაჩაბელი“]  ამერიკის შეერთებულ შტატებში პარფიუმერიის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

ღონისძიებაზე მისული ყველა სტუმარი გახდება მყარი და თხევადი სუნამოების დამზადების ტექნოლოგიის თვითმხილველი და ამავე სუნამოების მფლობელიც.

ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის, ძმები ნობელებისა  და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმების ჩართულობით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება.

წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ბათუმში (ჰილტონთან, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და ბათუმის პორტთან), ერთი შეკვეთილში, ერთი ყულევში, ერთი მდინარე სუფსის შესართავთან.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით, დღეს მათ ცხელ ხაზზე კიდევ ერთი შემთხვევის (მდინარე ჭოროხის შესართავთან) შესახებ შევიდა ინფორმაცია, რომლის სიზუსტესაც ამ დროისთვის სააგენტოს სპეციალური ჯგუფი ამოწმებს .

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით,  ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის  მიზეზები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

„რამდენიმე მიზეზი არსებობს, ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, ნავიგაციური ტრავმა, პათოლოგიური მიზეზი (დაავადება) და სათევზმეურნეო ტრავმა, როცა ბადეში მოყვება დელფინი, ძირითადად ეს ოთხი მიზეზია. არსებობს სპეციალური ალბომი და ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რა მიზეზით არის გამორიყული დელფინი. არის შემთხვევები, როცა იმდენად არის ზღვის ძუძუმწოვარი დაზიანებული, რომ ამის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ის მიზეზები, რაც ჩვენ ვნახეთ და აღვწერეთ, როგორც წელს, ისე წინა წლებში, მიეკუთვნებოდა პათოლოგიას, მაგრამ ზუსტად რომელი დაავადებაა, ამას სჭირდება ნეკროფსია (კვლევა). ამის ტექნიკური შესაძლებლობები ჩვენ არ გვაქვს,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტო, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, მუშაობს საქართველოს სანაპიროზე კვლევების პროგრამის შემუშავებაზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის ზუსტი მიზეზების დადგენა.

ზღვის ძუძუმწოვრების სიკვდილის პათოლოგიური მიზეზი გულისხმობს რომელიმე დაავადებას, ინფექციას ან ორგანიზმში სხვა სახის პათოლოგიურ ცვლილებას – „ეს შეიძლება დაბინძურებიდან გამოწვეული პათოლოგიაც იყოს, ან ინფექციიდან გამოწვეული პათოლოგია –  ვირუსული ინფექცია, მაგალითად სოკოვანი ან პარაზიტოზი, გამოწვეული სხვადასხვა პარაზიტული ორგანიზმებით.“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისივე თქმით, ძუძუმწოვრების გამორიყვა ძირითადად მარტის დასაწყისიდან იწყება, თუმცა წელს  თებერვლის მეორე დეკადიდან დაიწყო, რაც იშვიათი და საგულისხმო ფაქტია.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის მონიტორინგს 2007 წლიდან, გამორიყვის ეროვნული ქსელის მეშვეობით აწარმოებს.

ნაგვის ურნები ქედის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს დილიდან სოფლებში ნაგვის ურნების განთავსება დაიწყო. სანაგვე კონტეინერები ქედის 64-ვე სოფელში იქნება და ძირითადად, სოფლის ცენტრებში ან იმ მდინარეებისა თუ ხევების მიმდებარედ განთავსდება, სადაც სოფლის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას წელს პირველად ქედის გამგეობის შპს „ქედის კომუნალურსერვისი“ უზრუნველყოფს, რისთვისაც გამგეობამ კომპანიას საკურებაში 2017 წელს სესხით  ნაყიდი, სპეციალური ნაგავმზიდიც გადასცა.

ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის თქმით, სოფლებში პირველ ეტაპზე 80 ნაგვის ურნა განთავსდება, უახლოეს პერიოდში კი 50 ურნა დაემატება, რასაც ქედის გამგეობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ელოდება.

17197769_1283335845095452_1577759245_n
სოფლებში ურნები გადააქვთ. ქედის გამგეობის ფოტო

სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მიზნით, 90 ურნა ქედის გამგეობამ 2015 წელს 70 ათას ლარად იყიდა, 90 ურნიდან 10 ურნა გამგეობამ მახუნცეთის ტერიტორიაზე განათავსა, დანარჩენი 80 ურნა კი დღემდე ქედის გამგეობის ეზოში იყო დასაწყობებული.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტეს, სანაგვე კონტეინერები სოფლებში დღემდე  მხოლოდ იმის გამო ვერ განათავსეს, რომ გამგეობას საკუთრებაში ისეთი სპეცტექნიკა არ გააჩნდა, რითაც ნარჩენების გამოტანა მოხერხდებოდა.

ამავე თემაზე:

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

ნარჩენები და დასაწყობებული ურნები სოფლებში

შეზღუდვები ქობულეთის სასმელი წყლით მომარაგებაში

მეორე დღეა ქობულეთში წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება.

წყლის ცენტრალური მილი,  შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, გუშინ დაზიანდა, რის გამოც წყალმომარაგება რუსთაველის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობას ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით,  დაზიანებული მილების აღსადგენად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მობილური ჯგუფები.

შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

ამავე თემაზე: რატომ შეეცვალა ქობულეთის სასმელ წყალს გემო და არის თუ არა უსაფრთხო

ნაგვის გროვა პირდაპირ საბავშვო ატრაქციონებთან, შაფათავას ქუჩაზე

„ნახეთ, რა ვითარებაა შაფათავას ქუჩაზე: პირდაპირ ბავშვების სათამაშოებთან არის ნაგვის ურნები. ასევე არის აუტანელი სუნი. ამ ყველაფერს არავინ აქცევს ყურადღებას. ბევრჯერ ვცადეთ ადგილი შეგვეცვალა ურნებისთვის, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ეგება თქვენი დახმარებით რამე გვეშველოს“, – ეს შეტყობინება მიიღო „ბათუმელების“ რედაქციამ ელექტრონულ ფოსტაზე, ქვემოთ მოცემულ ფოტოსურათებთან ერთად.

ბათუმი, შაფათავას ქუჩა
ბათუმი, შაფათავას ქუჩა

ბათუმი, შაფათავას ქუჩა

ბათუმი, შაფათავას ქუჩა

5 მილიონის მითვისების საქმეზე ირაკლი ცეცხლაძე დააკავეს

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახითაა დააკავებული.

„გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას.

ბრალდებულის  დაკავებისას ამოღებული  იქნა თანხის ნაწილი. სასამართლომ უკვე იმსჯელა აღკვეთ ღონისძიებაზე და ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ, დღეს, 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო, სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელი პირები კი იმყოფებოდნენ მიმალვაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა.

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება.

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა

გონიოში მცხოვრებ ლადო მჟავანაძეს, რომელმაც 271 გონიოელ ოჯახთან ერთად მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრეს. ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიის განკარგულებაში წერია: „უარი ეთქვას ლადო მჟავანაძეს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე 1370 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე“.

კომისიის დადგენილებაში ასევე წერია: „არ ჩაითვალოს ლადო მჟავანაძე ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად“.

ბათუმის მერიის მიწის აღიარების კომისიის 24 თებერვლის განკარგულებით, „ლადო მჟავანაძის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში [სარგებლობაში] არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში [სარგებლობაში] არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს“.

სწორედ მიწის აღიარების კომისიის ამ გადაწყვეტილებით, ლადო მჟავანაძეს უარი უთხრეს არამხოლოდ 1370 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, არამედ 397 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზეც, ბოსტანზე, რომელიც ცალკე მდებარეობს.

როგორც გადაწყვეტილებაში წერია, ლადო მჟავანაძეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია სასამართლოში. მან, ისე როგორც დანარჩენმა 75-მა ოჯახმა სასამართლოს აქამდეც არაერთგზის მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. მაშინ სასამართლოს სამივე ინსტანციამ მოქალაქეებს უარი უთხრა მიწის საკუთრებაში გადაცემაზე.

გონიოში 300-მდე ოჯახს მიწები, მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, 2008 წლის დასაწყისში გაუფორმეს. ამ მიწების ჩამორთმევის საკითხი მოგვიანებით ისევ ამავე მიწის აღიარების კომისიამ განიხილა და ჩამოართვა კიდეც. მაშინაც და მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც გონიოელებმა ბათუმში არაერთი აქცია გამართეს. სწორედ ამ აქციების შედეგად გადაწყდა მიწის აღიარების კომისიის შექმნა, ამჯერად ბათუმის მერიაში.

ამ კომისიას ირაკლი ბოლქვაძე ხელმძღვანელობს. ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ მათ კომისიას გონიოდან 271-მა ოჯახმა მიმართა. მათგან 106 ოჯახს სრულად აღუდგა საკუთრება, 100-მდე პირი ჩაითვალა მართლზომიერ მფლობელად და საჯარო რეესტრში მიმდინარეობს ქონების დარეგისტრირება, ხოლო 75 ოჯახს უარი ეთქვა მიწის გადაცემაზე. როგორც ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, ამ ოჯახებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, შესაბამისად, კომისიას არ შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილების საპირისპიროდ ოჯახებს მისცეს მიწა საკუთრებაში.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ საბოსტნე ნაკვეთს, როგორც ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, ეს ნაკვეთი დარეგისტრირებულია როგორც აჭარის მთავრობის ქონება, შესაბამისად, მას ლადო მჟავანაძეს ვერ გადასცემენ საკუთრებაში.

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს: „ცდილობენ საავადმყოფოს პარალიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კლინიკის ერთ-ერთი მეწილე და დირექტორი, ისმეთ დინდარი ავრცელებს.

ისმეთ მიქელაძე-დინდარი
ისმეთ დინდარი[მიქელაძე]
სამედიცინო ჰოსპიტლის დირექტორი კლინიკაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში ყოფილ დირექტორებს ადანაშაულებს. ამ დირექტორებს გასული წლის სექტემბერში შეუჩერა დირექტორობის უფლებამოსილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.

ყოფილი დირექტორები არიან იღით თუღრულ თოქმანი და მეჰმეთ ჯან ასლანჯანი. მათ სასამართლო დავის დასრულებამდე არ აქვთ უფლება, ჰოსპიტლის მართვაში ჩაერიონ.

სასამართლო დავა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ ჰოსპიტლის ამჟამად მოქმედ მენეჯმენტს ყოფილთან პრეტენზია გაუჩნდა, რომ მათ შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები დაუნიშნეს საკუთარ თავს, იღებდნენ მაღალპროცენტიან სესხებს და მიზანმიმართულად მიჰყავდათ ჰოსპიტალი გაკოტრებისკენ.

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ყოფილი დირექტორები მაინც ერევიან კლინიკის მართვაში და მის პარალიზებას ცდილობენ:

„უფლებაშეჩერებული დირექტორები სარგებლობენ მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისით, არ ემორჩილებიან სასამართლო განჩინებას, კვლავ უხეშად ერევიან კომპანიის  მმართველობაში, ფარულ შეხვედრებს აწყობენ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალთან, ჰპირდებიან მათ თანამდებობებსა და მაღალ ანაზღაურებას და განყოფილებების ხელმძღვანელი ექიმების მეშვეობით ცდილობენ დასაქმებულების დაპირისპირებას ადმინისტრაციაზე“, – აღნიშნავს ისმეთ დინდარი.

ჰოსპიტლის დირექტორის ამ განცხადებამდე, ყოფილმა და მოქმედდმა თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და ხელშეკრულების პირობების გაუარესება გააპროტესტეს. ისმეთ დინდარი დღეს მათთან შეხვედრას აპირებს.

ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა ჰოსპიტლის ყოფილი დირექტორების ინტერესების დამცველს.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი დღეს, 6 მარტს გავრცელებულ წერილში დახმარებისთვის მიმართავს პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს:

„მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოავლინოს კლინიკაში კომპეტენტური მონიტორინგის ჯგუფი ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაცნობად, მოვუწოდებთ ბატონ ზაალ მიქელაძეს თავი შეიკავოს ამ პროცესების ორგანიზატორების მხარდაჭერისაგან.“

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს, ვიდრე დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ შედგება. დამატებით კომენტარს მინისტრი ამ საკითხზე არ აკეთებს.


ჰოსპიტლის მფლობელია შპს BROTHERS-ი, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიის პარტნიორები არიან: 45%-იანი წილის მესაკუთრე შპს „აიკონ გრუპი“, ხოლო 55%-ს წილობრივად ფლობენ: ბურაქ ბაშლილარი, ერქან ოზმენი და ისმეთ დინდარი[მიქელაძე].

კომპანიის მეწილე და მოქმედი დირექტორი ისმეთ დინდარი[მიქელაძე] აცხადებს, რომ 45%-იანი წილის მესაკუთრემ კომპანია „აიკონ გრუპმა“ ისარგებლა 55%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორების მინდობილობებით „მიიღო საწარმოო წესდება და დანიშნა მათთვის სასურველი დირექტორები“. საუბარია დირექტორებზე, რომლებსაც სასამართლო დავის დასრულებამდე არ აქვთ უფლება ჰოსპიტლის მართვაში ჩაერიონ.

გამოფენა “სამი კუთხე“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა „სამი კუთხე“ მოეწყობა. გამოფენაზე ერთ სივრცეში განთავსდება სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, უფრო ზუსტად კი სამ მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებზე.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანია ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნა, რაც საშუალება მისცემს დამთვალიერებელს, ერთიან კონტექსტში აღიქვას და შეადაროს სამი ქვეყნის ის მსგავსებები თუ განსხვავებები, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის მდგომარეობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი 30 ფოტოგრაფის ფოტოები, თანდართული მოკლე ისტორიებით: ჰაიკ ბიანჯიანი (სომხეთი), ქნარ ბაბაიანი (სომხეთი), ნელი შიშმანიანი (სომხეთი), ანაჰიტ ჰაირაპეტიანი (სომხეთი), ნაზიკ არმენაკიანი (სომხეთი), ეჰმედ მუხტარი (აზერბაიჯანი), ეჰთირამ ჯაბი (აზერბაიჯანი), ელნურ მუხტარი (აზერბაიჯანი), გულრნარ სალიმოვა (აზერბაიჯანი), ჯაჰანგირ იუსუფი (აზერბაიჯანი), მუჰამედ თურქმენი (აზერბაიჯანი), რასულ გულიევი (აზერბაიჯანი), ვუგარ სევდიმალი (აზერბაიჯანი), ანა კაიშაური (საქართველო), იანა ყორბეზაშვილი (საქართველო), ერეკლე სოლოღაშვილი (საქართველო), გიორგი გოგუა (საქართველო), გიორგი დუნდუა (საქართველო), გურამ მურადოვი (საქართველო), ირაკლი ტაბატაძე (საქართველო), კახა კახიანი (საქართველო), ლაშა ცერცვაძე (საქართველო), ლევან ხერხეულიძე (საქართველო), მანო სვანიძე (საქართველო), მზია საგანელიძე (საქართველო), ნათია გელანტია (საქართველო), სოფო აფციაური (საქართველო), დათო ქორიძე (საქართველო), ნინო-ანა სამხარაძე (საქართველო), ონიკ ჯეიმს კრიკორიანი (საქართველო, დიდი ბრიტანეთი).

გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია არტივიზმის“ მიერ შექმნილ ვებ გვერდზე www.myangle.net.

ხულოს გამგეობა მრავალშვილიანი დედებისთვის დანებსა და მადუღარას ყიდულობს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ხულოში მცხოვრებ 45 მრავალშვილიან დედას დანების შეკვრასა და წყლის ელექტრომადუღარას გადასცემს.

ტენდერში გამარჯვებულმა 45 შეკვრა [ერთ შეკვრაში ხუთი დანა] დანა და ამავე ოდენობის წყლის მადუღარა უნდა შეიძინოს.

დანების შეკვრასა და წყლის მადუღარასთან ერთად, ამავე ტენდერში ხულოს გამგეობამ სუფრის ორგანიზება [20 კაცზე] ჩადო მოთხოვნად, სუფრა კი მწვადით, ოჯახურით, ხაჭაპურით, სინორით, ქათმის შემწვარი ტაბაკით, შემწვარი ხორცით, მწვნილის ასორტით, თევზით, პურით, მჭადით, მინერალური წყალითა და ლიმონათით უნდა იყოს გაწყობილი. გამგეობას 100 მისალოცი ბარათი და ამდენივე მიხაკი უნდა მიაწოდონ.

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვაზე 23 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი 1-ელ მარტს დასრულდა, მონაწილეობის სურვილი მხოლოდ შპს „არსი 2“ -მა გამოთქვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 080 ლარი იყო „არსი 2“ კი მომსახურებას გამგეობას 2 980 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხულოს გამგეობას ჯერ არ გაუფორმებია.

8
სატენდერო პირობა: ტენდერში გამარჯვებულმა ფოტოზე გამოსახული ნივთების ანალოგიური უნდა შეიძინოს

130 ათასი ლარის შესყიდვები ტენდერის გარეშე – საკონსტიტუციო სასამართლო თანხმობას ითხოვს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 130 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვებს, დიდი ალბათობით, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის მისაღებად სასამართლომ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. სასამართლო მიუთითებს, რომ ეს თანხა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის ორგანიზება-ჩატარებისთვისაა საჭირო.

სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აირჩიეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით და შემაჯამებელი ღონისძიების [XVII კონგრესის] ჩატარება ქალაქ ბათუმშია დაგეგმილი; ღონისძიებაზე მოწვეულია 41 წევრი ქვეყნის საკონსტიტუციო ან კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ექვივალენტური სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის დელეგატები. კონგრესი ბათუმში 2017 წლის 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

„ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება საჭიროებს გარკვეული შესყიდვების სწრაფ ტემპში განხორციელებას. კონგრესი იმართება რამდენიმე ოფიციალურ [ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ] ენაზე და შესაბამისად ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს თარგმანის მომსახურება, [როგორც სინქრონული, ასევე წერილობითი] რომელიც ხორციელდება ერთი უცხო ენიდან მეორეზე [მაგალითად, ინგლისურიდან ფრანგულზე, ფრანგულიდან გერმანულზე და ა.შ.]. ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, გამოიყენება არარეზიდენტი პირების მომსახურება, რაც პრობლემას უქმნის შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერით ჩატარებას, საქართველოში მსგავი თარგმანის მომსახურების არათუ შესყიდვა, არამედ თავად თარჯიმნის პოვნა შეუძლებელია. კონგრესის მსვლელობისას შეიძლება სათარგმნი და დასაბეჭდი გახდეს კონგრესის სამუშაო მასალები, მოსაწვევების თარგმნა და დამზადება უნდა განხორცილდეს უმოკლეს ვადებში მოწვეული სტუმრების დროულად ინფორმირების მიზნით“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე გაწეული ხარჯების ძირითადი ნაწილი, გარდა კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებებისა, ნაწილდება მონაწილე ქვეყნებზე და უბრუნდება საქართველოს ბიუჯეტს, სახაზინო სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

აჭარის ფინანსთა მინისტრის განმარტება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით

რამდენად კანონიერია მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ხეების მოჭა-მოთხრა? მიწის ნაკვეთი ცოტა ხნის წინ გაასხვისა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ტერიტორიის 50%-ზე რეკრეაციული ზონის შენარჩუნების პირობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ შემდეგს განმარტავს:

„პირობაში ნამდვილად დევს, რომ 50% ტერიტორიის იყოს რეკრეაციული. მაგრამ ჯამში მაქ არის 32 ათასი კვ/მ ტერიტორია. გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ზონა უნდა შენარჩუნდეს, მაქ უნდა გაკეთდეს კოტეჯური სისტემის სასტუმროები, მოეწყოს კემპინგი, ასევე უნდა მოეწყოს რესტორანი. შესაბამისად, ახლა იქ თუ ხე იჭრება, ეს არ ნიშნავს იმიტომ იჭრება, რომ 50%-ზე ქვემოთ ჩამოვა სარეკრეაციო ზონა. მთელი ტერიტორიის ნახევარს, როგორც რეკრეაციულ ზონას, იქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, სადაც ნაჩვენები იქნება ეს ყველაფერი და თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც დარღვევაა, შესაბამისი რეაქცია გვექნება. მაგრამ, მე რამდენადაც ვიცი, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ იქ კოტეჯების ტიპის 10 ერთეული სასტუმრო უნდა მოეწყოს და ალბათ, ამიტომ არის საჭირო, რომ ეს ხეები მოიჭრას. კოტეჯები უნდა ჩაიდგას სწორედ გამწვანებულ ზოლში“.

მინისტრ რამაზ ბოლქვაძის თქმით, ქონების [ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიის] მესაკუთრე არ არის ვალდებული მიმდინარე სამუშაოები სამინისტროს წინასწარ შეუთანხმოს.

Exit mobile version