მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ

08.03.2017 •
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ

დაცულია თუ არა საქართველოში ქალის უფლებები და უნდა მიეღო თუ არა ფემიციდის შესახებ კანონი ქვეყანას, რომელიც  ქალთა დღეს ოფიციალურად აღნიშნავს?  – ამ  კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ფემიციდის შესახებ კანონპროექტს არ იცნობს.

დავით თედორაძე, „ქართული ოცნება“:

скачанные-файлы

„ღმერთმა ქალთა მკვლელობა არ გამაგონოს, ძალიან ცუდია ძალადობა, მით უმეტეს ქალებზე ძალადობა,  მე არ ვარ მზად, რომ გიპასუხოთ ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქალებს ყოველთვის სჭირდება დაცვა, მოფერება, პატივისცემა და სათანადოდ დაფასება. თუმცა, მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები დაცული არიან. თითოეული მამაკაცი იცავს ქალს“, – ამბობს დავით თედორაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ქალთა მკვლელობები და, ზოგადად, ოჯახში ძალადობის ფაქტები გაზრდილია, დავით თედორაძე ამბობს: „გამონაკლისი შემთხვევები არის, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ქალები რომ დაცული არიან ჩვენს ქვეყანაში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენს ქვეყანაში ფართოდ აქვთ გზა გახსნილი და თანამდებობაც შეუძლიათ დაიკავონ, ოჯახშიც ღირსეული ადგილი უჭირავთ და არავის არ შეუზღუდია არც ერთი ნიჭიერი ქალი იმის გამო, რომ ქალია. ქალი უნდა მუშაობდეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რადგან ქალის ხიბლი და მადლი სხვა არის, ქალი რომ გააკეთებს პეწიანად, ლამაზად საქმეს, ისე მამაკაცები ვერ გავაკეთებთ“.

ვახტანგ წულაძე, „ქართული ოცნება“:

vaxo-culadze

„ჩემთვის 8 მარტი ძალიან მურდალი დღეა… მამაჩემის დაბადების დღეა და სასაფლაოზე მივდივარ.  ფემიციდის შესახებ კანონპროექტი არ ვიცი, არ მსმენია, მაგრამ  ქალების დაცულობა-არდაცულობაზე საუბარი რატომღაც ტაბუდადებული თემაა საქართველოში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რეალური აღქმა ამ პრობლემის არ არის,  თუმცა რომ ვთქვა კატასტროფული მდგომარეობაა და ძალიან ირღვევა ქალთა უფლებები, ასე არაა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას ფიქრობს ქალთა მკვლელობების გაზრდილ სტატისტიკაზე, ვახტან წულაძე ამბობს: „ჩვენ იმის ფაქტებიც გვაქვს, როცა ქალბატონები კლავდნენ მამაკაცებს. ამიტომ დამატებითი  საკანონმდებლო რეგულაცია არის თუ არა საჭირო ქალების დასაცავად, ვერ გეტყვით, არ ვარ ჩახედული ამ საკითხში. თუმცა, იმას გიფიქსირებთ, რომ არის ქვეყანაში მსგავსი ტიპის პრობლემები და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ბევრ ქვეყანაშია. თუმცა, მომხრე ვარ, რომ ამ პრობლემაზე უფრო ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, მარტო კანონი არ არის საკმარისი. საზოგადოებიდან უნდა დაიწყოს აქტივობა და უნდა ითქვას ეს თეთრია ან შავია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი მოიკლა, მიუხედავადა სქესისა, მას ადმინისტრაციული კოდექსი ვერ გააჩერებს. ამიტომ, იმ კანონის მიღება, რომელზეც მესაუბრებით, ვერანაირად ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას“.

ვახტანგ წულაძე მიიჩნევს, რომ ქალი უნდა მუშაობდეს და ის უნდა იყოს რეალიზებული: „მყავს ორი შვილი და კიდევ მინდა მყავდეს და როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა ოჯახი დავაყენო საფრთხის წინაშე და რამე რომ მომივიდეს, სახლში უნდა დავტოვო ოთხი შვილი და უმუშევარი ცოლი? ამაზე დიდი ეგოიზმი და არაადექვატური აზროვნება არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს“.

დეპუტატის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ არაერთხელ ჰქონია ინფორმაცია, სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. „ქალბატონსა და მამაკაცს შორის ჩხუბის დროს არა, მაგრამ როცა ღამის პირველ საათზე დამინახია მოჩხუბარი ბავშვები, დამირეკია პატრულში“.

ირაკლი ჭეიშვილი, „ქართული ოცნება“:

cms-image-000044610

„ფემიციდის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არ ვარ ინფორმირებული, თუმცა, საქართველოში ქალები რომ უნდა იყვნენ დაცული, საკანონმდებლო დონეზე ვარ ამის მომხრე და იმისაც, რომ მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში.

დაუცველები, მე ვფიქრობ, არ არიან დღეს ქალები საქართველოში, მეტ-ნაკლებად დაცული არიან, თუმცა კანონმდებლობის კუთხით დახვეწა საჭიროა. რაც შეეხება ქალთა მკვლელობებს, მარტო საქართველოში არ ხდება, განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება ძალადობა, მაგრამ ჩვენს კანონმდებლობას მაინც სჭირდება გადახედვა. არც იმას არ ვფიქრობ, რომ ქალის ფუნქცია მხოლოდ ოჯახში ყოფნაა, ქალი უნდა იყოს მზრუნველი დედა, მეოჯახე მეუღლე, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს ის რეალიზებული“.

ხვიჩა შარაშიძე, „ქართული ოცნება“:

ხვიჩა შარაშიძე

ხედავს თუ არა ფემიციდის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობას და დაცულია თუ არა ქალთა უფლებები ქვეყანაში, ამ კითხვაზე ხვიჩა შარაშიძე ასე პასუხობს: „არ მიფიქრია, არც მიმსჯელია სიმართლე გითხრათ ამ თემაზე.

ქალი არის დღეს დაცული, თუმცა კიდევ უფრო მეტად სჭირდება დაცვა. პრობლემა შეიძლება სადღაც იყოს, მაგალითად, ოჯახში ძალადობის პრობლემა, მაგრამ ეს გამოსწორებადია“.

 

 

ამავე თემაზე:

იურიდიულმა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: