მთავარი,სიახლეები

მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ბათუმში – ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

09.03.2017
მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ბათუმში – ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ბათუმში 4 წლის ბიჭს, ახლობლების თქმით, მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინდა. ბავშვის მამიდას, შორენა ბერიძის ინფორმაციით, რომელიც ამჟამად ბავშვთან ერთად იმყოფება თბილისში,  4 წლის ბიჭის მდგომარეობა გუშინ, ღამით დამძიმდა.

„ბავშვი შოკში იყო და თავში ხელებს ირტყამდა, სასწრაფო გამოვიძახეთ დილით 12 საათისკენ. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, ყურები სტკივა და ისეთი არაფერი არ სჭირსო, თუმცა ჩვენ მაინც გადავიყვანეთ ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში [ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრი]. აუღეს ანალიზები, გადასხმაც გაუკეთეს და გამოგვიშვეს  სახლში.  ექიმი ხომ უნდა მიხვდეს რატომ აქვს ბავშვს შოკი. საღამოს 11 საათისკენ ბავშვი ისევ ცუდად გახდა და ხელმეორედ წავიყვანეთ საავადმყოფოში, უკვე გაუჩნდა შავი ლაქები სხეულზე,“ – ყვება ბავშვის მამიდა.

მისი თქმით, ექიმების მხრიდან არ იყო სათანადო ყურადღება: „შეუძლებელია ასეთი მწვავე ინფექციის დროს რაიმე ცვლილება არ ყოფილიყო სისხლის ანალიზში. მით უმეტეს რომ თვალებში ლაქები თავიდანვე შეიმჩნეოდა. ბავშვი ჯანმრთელიაო და უკან გამოგვატანეს, თუმცა ჩვენი პირადობები დაიტოვეს, 60 ლარი რომ გადაგვეხადა.

ხელმეორედ მიყვანის შემდეგ, უფრო მეტი ყურადღებით გასინჯეს და გვითხრეს, რომ მძიმე მდგომარეობაა და შეიძლება თბილისში გადაყვანამდე გარდაიცვალოს და ჩვენ პასუხისმგებლები ვერ ვიქნებითო“.

შორენა ბერიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სხეულზე გამონაყარი  შეუმცირდა.  ბავშვის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

რატომ  ვერ დადგინდა ანალიზების შედეგებით ინფექციური დაავადება პირველი ვიზიტის დროს და რა შემთხვევაშია საავადმყოფო პასუხისმგებელი სიტუაციის გართულების დროს? – ამ კითხვით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელობას მივმართეთ, თუმცა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, თამარ ჩეჩელაშვილთან გადაგვამისამართეს.  იგი  ფაქტზე კომენტარის გაკეთებას  სიტუაციაში გარკვევის შემდეგ დაგვპირდა.

ამავე თემაზე:

რა სიმპტომები აქვს მენინგოკოკური ინფექციის ელვისებურ ფორმას

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: