მთავარი,სიახლეები

ენმ-ს წევრი: ბათუმში მდებარე სკოლა ხელვაჩაურის ბიუჯეტით უხარისხოდ გაარემონტეს

07.03.2017
ენმ-ს წევრი: ბათუმში მდებარე სკოლა ხელვაჩაურის ბიუჯეტით უხარისხოდ გაარემონტეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან მწვანე კონცხის დაწყებითი საფეხურის სკოლა გასულ წელს გარემონტდა, თუმცა უხარისხოდ. სკოლა ტერიტორიულად ბათუმს ეკუთვნის, თუმცა სარეაბილიტაციო თანხა მაინც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო.

„რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 165 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია ხაზგასასმელი, პირველი ის, რომ სკოლა ქალაქის საზღვრებშია და რატომღაც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო რეაბილიტაციის ხარჯები, მეორე ის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და შენობა ისევ სარემონტოა.“

ენმ-ს წევრის განცხადებით, მწვანე კონცხის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა

ენმ-ს წევრის განცხადებით, მწვანე კონცხის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა

მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს. „ჩვენ სხვა სკოლები გვაქვს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია და ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 2016 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები არის უხარისხოდ შესრულებული. წყალი ჩამოდის შენობაში, იატაკი დაზიანებულია, კარ-ფანჯარაზე ბათქაში ცვივა, თუმცა გამგეობას ჯერ არავითარი ზომები არ მიუღია“.

მიშა ბოლქვაძის თქმით, აუდიტის სამსახურს დასკვნაში მითითებული აქვს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს შენობის რეკონსტრუქცია.

„დასკვნაში წერია, რომ გამგეობამ უნდა მისწეროს შპს „ფელიქსს“, რომელიც ამ სკოლის რეაბილიტაციაზე მუშაობდა და ხელმეორედ ჩაატაროს სამუშაოები. თუმცა როგორც გავარკვიეთ, ხელვაჩაურის გამგებელს ჯერ კიდევ არ მიუწერია კომპანიისთვის ამის თაობაზე, რადგან სარემონტო სამუშაოებს ხელვაჩაურის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის ახლობლის კომპანია ასრულდებდა, ამიტომ ვფიქრობთ,  სწორედ ეს არის იმის მიზეზი,  რომ დღემდე არ მიუღია ზომები გამგეობას. არც თვითონ წუხდება გამგებელი და არც ამ კომპანიას აწუხებს,“-ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მწვანე კონცხის სკოლა

მწვანე კონცხის სკოლა

მწვანე კონცხის სკოლაში 12 მოსწავლე სწავლობს.

ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, სკოლის რემონტი „ბრწყინვალე მდგომარეობაშია“.

„ბრწყინვალედაა ჩატარებული რემონტი, თქვენ უნდა გენახათ რა მდგომარეობაში იყო მანამდე სკოლა, დაზიანებები ორი წლის განმავლობაში გინდა არ გინდა იქნება, სადაც ბავშვები სწავლობენ, ჩვენ სამუზეუმო ექსპონანტად არ გაგვიკეთებია. სკოლას ჰყავს სამეურნეო განყოფილება და თუ რამე არის გასაკეთებელი, უნდა მოგვმართოს წერილობით და ჩვენ ამის შემდეგ მივმართავთ კომპანიას, რომელიც ვალდებულია, რომ ორი წლის შიგნით გაჩენილი ხარვეზები მოაწესრიგოს, თუ მისი ბრალეულობა იქნება“.

ნადიმ ვარშანიძის თქმით, ჯერ სკოლის ადმინისტრაციას ხარვეზებთან დაკავშირებით გამგეობისთვის არ მიუმართავს.

რაც შეეხება ქონებას, გამგებელი ამბობს, რომ ყველა სკოლა განათლების სამინისტროს ბალანსზეა „თუმცა ჩვენ დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციის უფლება გვაქვს და ეს არამიზნობრივ ხარჯვაში არ გვეთვლება“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: