მთავარი,სიახლეები

საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“

08.03.2017 • 5997
საკუთარი ოთახის გარეშე, ქალები „ოცნების ქალაქიდან“

„საკუთარი ოთახი რომ გვქონდეს“ – ეს ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ქალების უნივერსალური პასუხია მათთვის დასმულ კითხვებზე – რა გჭირდებათ? რა გაკლიათ?  რაზე ოცნებობთ? რისი შეცვლა გსურთ?

ხუთი წლის წინ, ბათუმთან ახლოს, დაბა ხელვაჩაურში მუყაოს ქოხებისგან აგებულ „ოცნების ქალაქში“ დღეს ბევრმა მოახერხა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, კაპიტალური შენობები ააგეს. ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემაც ნაწილობრივ მოაგვარეს, თუმცა იქ მცხოვრები ქალების შრომა არ შემსუბუქებულა. უმრავლესობა ქარსა თუ წვიმაში სარეცხს ისევ ხელით რეცხავს, სამუშაოს უშედეგოდ ეძებს და სოციალურ პრობლემებს ებრძვის.

????????????????????????????????????

ნანული ქამაშიძე; 41 წლის

„შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ ორ ოთახში. უფულობა, უმუშევრობა – ესაა ჩემი მთავარი პრობლემა. ვეძებ სამუშაოს, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. სპეციალობა არ მაქვს. ადრე გავთხოვდი, სწავლა ვერ მოვასწარი. მაშინ, ადრე, სოფელში რომ იტყოდი გოგომ უნდა ისწავლოსო, გიჟდებოდნენ. ქალის სწავლება და ქალის გარეთ გაშვება არავის უნდოდა. ჭურჭელსაც დავრეცხავ, ყველანაირ სამსახურზე თანახმა ვარ, ელემენტალური რაღაცების ყიდვა რომ შევძლო.

ეკონომიის მიზნით მე და ჩემი მული საზიაროთ ვყიდულობთ ფქვილს და პურს სახლში ვაცხობთ. თუ რამე გამოჩნდა, ვცდილობ ბავშვებს მოვახმარო. იქნებ მათ მაინც მიიღონ წესიერი განათლება“.

????????????????????????????????????

ლამარა ჯულაყიძე; 28 წლის

„16 წლის გავთხოვდი. ახლა  სამ შვილს ვზრდი მარტო. იდეალურ სიტუაციაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ნაქირავებში ყოფნას მირჩევნია აქ ვიყო. ის მაინც ვიცი, არავინ გამომიყრის ნივთებს ქუჩაში და ყოველი თვის ბოლოს იმაზე ფიქრი არ მიწევს, სად ვიშოვო ქირის ფული.

როგორც ქალს აქ ყველაფერი მაკლია. საკუთარ თავზე ვერც ვფიქრობ. თუ რამე მაქვს, პირველ რიგში ვცდილობ შვილებს გადავუნაწილო. მარტო რომ ზრდი სამ შვილს, რთულია. სოციალურით რამდენი უნდა გააკეთო. წელს მკაცრი ზამთარი იყო, შეშის საყიდელი ფული არ მქონდა.  ორსულმა ჭოროხიდან შეშა ვზიდე და ისე ავანთე ღუმელი, რომ ბავშვები სიცივით არ გამყინვოდა. არ შემეძლო, მაგრამ რა მექნა.

შვიდი წელია ჩემთვის არაფერი მიყიდია. ვინმე გამონაცვალს თუ მომცემს, ვიღებ ამ ტანსაცმელს, ვრეცხავ, ვაწესრიგებ და ვარ ასე.  რამდენი რამ გჭირდება ქალს, მაგრამ ჩემი თავისთვის ვერ ვიცლი. ბავშვებზე ვფიქრობ. იცი, ყველაზე ბედნიერი როდის ვიყავი? „ოცნების ქალაქში“ რომ გადმოვედი, ეს ქოხი მოვაწყვე, დავჯექი და გავიაზრე, რომ აქ  აღარავინ მომადგებოდა, ბინის ფულს არ მომთხოვდა და უფულობის გამო გარეთ აღარ გამაგდებდა“.

????????????????????????????????????

მაია სოლომონიძე, 19 წლის

„სამი წელია „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობ. აქ რა მაკლია? – სახლი. ჩემი საკუთარი საცხოვრებელი ადგილი მინდა მქონდეს. ამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება აღარ მინდა. მე და ჩემი ქმარი ორ პატარა ბავშვს ვზრდით. ყოველდღიურად მაინც დიდი შრომა მიწევს, სახლის საქმეები, ბავშვის მოვლა, სარეცხს ხელით ვრეცხავ. თან ადგილიც ისეთია – დაჭაობებული. ბავშვის გარეთ გაშვების მეშინია.  ჩემი საკუთარი სახლი რომ მქონდეს, მერე ყველაფერს შევძლებთ“.

????????????????????????????????????

მარიამ ჯანხოთელი; 38 წლის

„ორი წელია ოცნების ქალაქში ვცხოვრობ. ხულოს რაიონიდან გადმოვედით. ქმარს გავცილდი და  წამოვედი. უფრო ადრეც მინდოდა ქმარს გავშორებოდი, მაგრამ შიში მქონდა, რომ მარტო ვერ შევძლებდი, ბავშვებს ვერ მოვუვლიდი. ეს ადგილი გახდა ჩემთვის თავშესაფარი. ჩემი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ასევე მყავს ოთხი მოსწავლე, რომესაც ვამზადებ ინგლისურში. არ მყოფნის, მაგრამ უნდა ვიმყოფინო. უკან მიხედვა აღარ მინდა, ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი ჩემი შვილებია. ყველაფერი მაკლია აქ, ის მინიმალური რამეებიც კი არ მაქვს, რაც ქალს სჭირდება, ხანდახან ვერც ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. კაცის თუ ქალის საქმეს, ყველაფერს მე ვაკეთებ. ჩემი დაპობილი შეშა აწყვია ეგერ გარეთ. ყოველდღე ბრძოლა მიწევს და ამ ბრძოლამ საკუთარი თავის ფასი მასწავლა. არაფერია დაუძლეველი, თუკი ადამიანი მოინდომებს“.

????????????????????????????????????

ანეტა სურმანიძე; 74 წლის

„ხულოდან, სოფელ ვერნებიდან ჩამოვედი და მეხუთე წელია აქ ვცხოვრობ. აქ ცხოვრებისთვის პირობები არაა, მაგრამ ნაქირავებში ყოფნას სჯობს. რაზე ვოცნებობ იცი? –  ერთი ოთახი მქონდეს ჩემთვის, მეტი არაფერი მინდა. აი, რაც მაცვია, ეს ერთი ძონძი მეყოფა მიწის პირამდე. სულ არ ვჭამ, ვიმარხავ ერთ თვეს, ოღონდ ბინა მქონდეს. მეტი არაფერი მაკლია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: