Batumelebi | გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე – Batumelebi
RU | GE  

გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ოთხი გონიოელის სარჩელს განიხილავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სექტემბერში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც გონიოელების ნაწილს საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს. საუბარია გონიოში 2008 წელს 271 ოჯახისთვის მიწების მასობრივად ჯერ გადაცემასა და რამდენიმე თვეში ჩამორთმევაზე.

ბათუმის საკრებულოს მიწის კომისიამ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია გასული წლის სექტემბერში, თუმცა საკუთრება არ აღუდგინა 75 ოჯახს, ვისაც მანამდე ამ კუთხით სასამართლო პროცესი წაგებული ჰქონდა.

სასამართლოს სარჩელით 65-მა გონიოელმა მიმართა. ოთხი მათგანის საქმის განხილვა დღეს შედგა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რადგან მათ სასამართლოს ცალკე მიმართეს.

ერთ-ერთი მოსარჩელე მზევინარ ლამპარაძეა. მას წარსულში საკუთრებაზე სასამართლო დავა არ ჰქონია, მაგრამ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან მაინც უარი მიიღო.

„კომისიას არ შეუსწავლია ეს შემთხვევები ცალ-ცალკე. საერთოდ გაუგებარია, რის საფუძველზე უთხრეს ამ ადამიანებს უარი,“- ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში გონიოს მოსახლეობის ინტერესებს იცავს.

„კომისიამ ნაწილობრივ გააბათილა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ოჯახებს ჩამოართვეს მიწის საკუთრება. მოქალაქეები თუ მოგვმართავენ, ინდივიდუალურად შევისწავლით საქმეებს. ამჟამად კომისია რამდენიმე შემთხვევას სწავლობს. მათ შორის არის თუ არა მზევინარ ლამპარაძე, არ მახსოვს,“- გვიხრა ირაკლი ბოლქვაძემ. ის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელია. კომისია ამჟამად ბათუმის მერიას ექვემდებარება.

მზევინარ ლამპარაძის გარდა, სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან: ენვერ ირემაძე, რუსუდან ჯავახიშვილი და ჯემალ ბათაძე. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე გადაწყვეტილებას 31 მარტს გამოაცხადებს.

დანარჩენი 60 გონიოელის საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. ეს პროცესი სასამართლოს განრიგში ჯერ ჩანიშნული არ არის.


ამავე თემაზე:

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი