მთავარი,სიახლეები

ანგისის დაუსრულებელი სპორტული ბაზა – 4-მილიონიანი ტენდერი მეექვსედ და გამარტივებულად

08.03.2017
ანგისის დაუსრულებელი სპორტული ბაზა – 4-მილიონიანი ტენდერი მეექვსედ და გამარტივებულად

ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის ასაშენებლად ბათუმის მერია ტენდერს უკვე მეექვსედ აცხადებს. ამჯერად გამარტივებული წესით და მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე, ვინაიდან წინა [მეოთხე] ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ენერგოსექტორმშენს“ ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ამ კომპანიასთან 4 899 998  ლარზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულდა, ამჯერად ტენდერი მაინც 4 116 170 ლარზეა გამოცხადებული.

მეხუთე ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“  მაშინ განუცხადეს, რომ „ენერგოსექტორმშენმა“ მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შეუსრულებელი ვალდებულებისთვის კი ეს კომპანია 240 ათასი ლარით დაჯარიმდა, რაც მერიამ გარანტორი ბანკისგან უკვე ამოიღო.

ეს მეხუთე ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

esaaaaaaaaaaaaმეექვსე ტენდერის პირობებით კი, ანგისის სპორტულ ბაზაზე სამუშაოები  უნდა დასრულდეს 2017 წლის 25 დეკემბრამდე. თუმცა, სატენდერო პირობის თანახმად, მერია არც ამ ვადის გაგრძელებას გამორიცხავს: „სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზე დამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. სამუშაოების გეგმა-გრაფიკში შესული ცვლილებები არ გამოიწვევს ხელშეკრულებაში დამატებით ცვლილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადები გამოიწვევს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილებას“.

გამარტივებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 14 მარტს დასრულდება.


ბაზის მშენებლობა, 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დასრულების ნაცვლად, ამავე თვეში, კომპანია „ენერგოსექტორმშენს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

საბოლოო ანგარიშსწორებამდე და ახალი მშენებელი კომპანიის გამოვლენამდე, ბათუმის მერიამ ანგისის სპორტული ბაზის სადღეღამისო დაცვის მომსახურებაში დამატებით 6300 ლარის გადახდაზე შესაბამისი ნებართვა შესყიდვების სააგენტოდან მიიღო. მერიის არგუმენტი მაშინ ასეთი იყო:

„გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ენერგოსექტორმშენის“ მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, ბათუმის მერის 2016 წლის 8 ნოემბრის ბრძანებით შეწყდა ხელშეკრულება. სამუშაო პროცესის მიმდინარეობის არარსებობის გამო, ობიექტი მიტოვებულია უმეთვალყურეოდ… შესაძლებელია მოხდეს შენობაში და სამშენებლო ტერიტორიაზე გარეშე პირების შეღწევა, შესრულებული სამუშაოების დაზიანება ან/და მასალების დატაცება. აქედან გამომდინარე, დაცვამ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ანგისის სპორტული ბაზის სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული შენობა ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: