მთავარი,სიახლეები

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

06.03.2017 • 5246
რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს: „ცდილობენ საავადმყოფოს პარალიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კლინიკის ერთ-ერთი მეწილე და დირექტორი, ისმეთ დინდარი ავრცელებს.

ისმეთ მიქელაძე-დინდარი

ისმეთ დინდარი[მიქელაძე]

სამედიცინო ჰოსპიტლის დირექტორი კლინიკაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში ყოფილ დირექტორებს ადანაშაულებს. ამ დირექტორებს გასული წლის სექტემბერში შეუჩერა დირექტორობის უფლებამოსილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.

ყოფილი დირექტორები არიან იღით თუღრულ თოქმანი და მეჰმეთ ჯან ასლანჯანი. მათ სასამართლო დავის დასრულებამდე არ აქვთ უფლება, ჰოსპიტლის მართვაში ჩაერიონ.

სასამართლო დავა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ ჰოსპიტლის ამჟამად მოქმედ მენეჯმენტს ყოფილთან პრეტენზია გაუჩნდა, რომ მათ შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები დაუნიშნეს საკუთარ თავს, იღებდნენ მაღალპროცენტიან სესხებს და მიზანმიმართულად მიჰყავდათ ჰოსპიტალი გაკოტრებისკენ.

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ყოფილი დირექტორები მაინც ერევიან კლინიკის მართვაში და მის პარალიზებას ცდილობენ:

„უფლებაშეჩერებული დირექტორები სარგებლობენ მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისით, არ ემორჩილებიან სასამართლო განჩინებას, კვლავ უხეშად ერევიან კომპანიის  მმართველობაში, ფარულ შეხვედრებს აწყობენ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალთან, ჰპირდებიან მათ თანამდებობებსა და მაღალ ანაზღაურებას და განყოფილებების ხელმძღვანელი ექიმების მეშვეობით ცდილობენ დასაქმებულების დაპირისპირებას ადმინისტრაციაზე“, – აღნიშნავს ისმეთ დინდარი.

ჰოსპიტლის დირექტორის ამ განცხადებამდე, ყოფილმა და მოქმედდმა თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და ხელშეკრულების პირობების გაუარესება გააპროტესტეს. ისმეთ დინდარი დღეს მათთან შეხვედრას აპირებს.

ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა ჰოსპიტლის ყოფილი დირექტორების ინტერესების დამცველს.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი დღეს, 6 მარტს გავრცელებულ წერილში დახმარებისთვის მიმართავს პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს:

„მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოავლინოს კლინიკაში კომპეტენტური მონიტორინგის ჯგუფი ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაცნობად, მოვუწოდებთ ბატონ ზაალ მიქელაძეს თავი შეიკავოს ამ პროცესების ორგანიზატორების მხარდაჭერისაგან.“

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს, ვიდრე დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ შედგება. დამატებით კომენტარს მინისტრი ამ საკითხზე არ აკეთებს.


ჰოსპიტლის მფლობელია შპს BROTHERS-ი, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიის პარტნიორები არიან: 45%-იანი წილის მესაკუთრე შპს „აიკონ გრუპი“, ხოლო 55%-ს წილობრივად ფლობენ: ბურაქ ბაშლილარი, ერქან ოზმენი და ისმეთ დინდარი[მიქელაძე].

კომპანიის მეწილე და მოქმედი დირექტორი ისმეთ დინდარი[მიქელაძე] აცხადებს, რომ 45%-იანი წილის მესაკუთრემ კომპანია „აიკონ გრუპმა“ ისარგებლა 55%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორების მინდობილობებით „მიიღო საწარმოო წესდება და დანიშნა მათთვის სასურველი დირექტორები“. საუბარია დირექტორებზე, რომლებსაც სასამართლო დავის დასრულებამდე არ აქვთ უფლება ჰოსპიტლის მართვაში ჩაერიონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: