მთავარი,სიახლეები

„კაცებს აქვთ წარმოდგენა ქალის შრომაზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის შესამსუბუქებლად“

08.03.2017 • 2133
„კაცებს აქვთ წარმოდგენა ქალის შრომაზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის შესამსუბუქებლად“

8 მარტს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მშვიდობის კორპუსის მოხალისემ, პროფესიით პილოტმა მერი ჩენდლერმა  ამერიკასა და საქართველოში ქალების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და გენდერული თანასწორობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

მერი ჩენდლერმა საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ  World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მონაცემებით, 144 ქვეყნას შორის გენდერული თანასწორობის განმსაზღვრელი სხვადასხვა ინდიკატორით აშშ მე-40, საქართველო კი 90-ე ადგილზეა.

მერი, რა არის თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა საქართველოსა და აშშ-ს შორის გენდერული თანასწორობის ჭრილში?

ერთი წელია  საქართველოში ვარ და კიდევ 18 თვე დავრჩები აქ. ბევრი არ მინახავს, მაგრამ არ არის რთული იმის დანახვა, რომ ქალები აქ ძალიან შრომისმოყვარე, მოტივირებულები და გონიერები არიან. მე ვხედავ, რომ ქალები არიან ამ საზოგადოების ენერგიის მთავარი წყარო, ისინი უვლიან ბავშვებს, ამზადებენ საჭმელს, უვლიან მოხუცებს, დადიან სამსახურში, სასწავლებელში… ეს შესანიშნავია და ამიტომაც მათ სჭირდებათ მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. კაცებს საქართველოში ნამდვილად აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რამხელაა ქალის შრომა, მაგრამ ამავდროულად, ისინი არაფერს აკეთებენ ამ შრომის შესამსუბუქებლად. ვფიქრობ, რომ აქ კაცებს აკლიათ მიმართულება, თითქოს ცოტა დაკარგულები არიან,  მათ არ აქვთ კარგად განსაზღვრული როლი ამ საზოგადოებაში, რის გამოც არ უჩნდებათ მოტივაცია, ინსპირაცია… და ესეც არის ერთ-ერთი განმასხვავებელი შტატებსა და საქართველოს შორის, აშშ-ში კაცებიც უვლიან ბავშვებს, რეცხავენ ჭურჭელს, აკეთებენ სახლის საქმეს.  მართალია, იმდენივეს არ აკეთებენ, რამდენსაც ქალები, მაგრამ არც ისე ცოტას, როგორც აქ.

მეორე, ძალიან თვალსაჩინო სხვაობა, რაც შემიძლია  აღვნიშნო, არის ის, რომ ქალები და კაცები შეერთებულ შტატებში თანაბარი რაოდენობით ატარებენ ავტომობილებს,  ბათუმშიც ბევრი ქალი ატარებს მანქანას, მაგრამ საერთო ჯამში საქართველოში ძირითადად მაინც კაცები არიან მძღოლები. ეს, ჩემი აზრით, ერთგვარი თავისუფლების ალეგორიაცაა. მე მართვის მოწმობა მაშინ ავიღე, როცა 16 წლის გავხდი, ჩემმა ქალიშვილმაც 16 წლისამ აიღო მართვის მოწმობა, ასევე ჩემმა შვილიშვილმაც.

თქვენ ჩაატარეთ სემინარი გენდერული თანასწორობის თემაზე. თქვენი დაკვირვებით, საქართველოში რამდენად ინფორმირებულები არიან ქალები აქ არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ?

ვფიქრობ, ისინი კარგად არიან ინფორმირებულები საკუთარი უფლებების შესახებ, მაგრამ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გარკვეულწილად კულტურული შეზღუდვები უშლის ხელს. ცხადია, კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია და არც ერთ ერს არ სურს მისი დაკარგვა, საქმე ის არის, რომ ამავდროულად კულტურას  შეუძლია შეზღუდოს გარკვეული მოვლენები და შეზღუდოს გარკვეულ ქმედებებში ის ქალები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც ღირებულის შექმნა.

ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია. კულტურა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და ამიტომაც ყველა ძალიან ღელავს, როცა კულტურასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ვსაუბრობთ. ვფიქრობ, უნდა შეეცადოთ, რაც შეიძლება კარგად დაიჭიროთ ბალანსი ორივე ნაწილში – იდგეთ მყარად როგორც ქალები და ამავდროულად პატივს სცემდეთ საკუთარ კულტურას. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: