ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და გასული წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, „ვადა ტექნიკური საკითხების გამო“ გადაიწია. მიმდინარე წელს კი, მთავარი ტრიბუნის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა კომპანიას, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს.
„2013 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და ასოციაცია „ატუს“ შორის – 3 596 177 ლარზე, რაც მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო. ჩვენ გადავუხადეთ 3 591 434 ლარი „ატუს“. დარჩენილ სამუშაოებთან, რაც ახლა მიმდინარეობს, მერიას შეხება არ აქვს და მას უშუალოდ „ატუ“ აფინანსებს. მან აიღო ვალდებულება, რომ თავად მოიძიებს დანარჩენ თანხას. საპროექტო მონაცემებით 7 მილიონზე მეტი ჯდება სტადიონის მშენებლობა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნუგზარ შერვაშიძემ.
„რამდენადაც ვიცი, მშენებლობას 4 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა მოედნებზე საფარი დაიგოს. აქ კეთდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედნები. სამუშაოებს „ატუ“ აწარმოებს და დათქმულ დროში დასრულდება“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ „ატუს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ გასულ წელს, ბათუმის მერიასა და „ატუს“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა 2016 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
ასოციაცია „ატუ“ სამშენებლო ჰოლდინგ „ბურჯის“ შვილობილი კომპანიაა, ხოლო თავის მხრივ „ბურჯი“, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ შემადგენლობაშია.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს, ზამთარში, ტრიბუნის სახურავი ჩამოინგრა. ნუგზარ შერვაშიძე ამბობს, რომ „სახურავის ნაწილი დაანგრია დიდმა ნალექმა. ქარიანი ამინდი იყო და მაგ ადგილზე მიაყარა თოვლი, სიმაღლეში 2 მეტრი დაფიქსირდა, თუ არ ვცდები… ამჯერად კეთდება და სახურავს უფრო დიდ დატვირთვაზე ანგარიშობენ“.
ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – კომპანიაში გვითხრეს, რომ ზედამხედველი ბათუმის მერიაა, მერიაში კი აცხადებენ, რომ თავად კომპანიას ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს მშენებლობის ხარისხს: „დღეს ჩვენ ოფიციალურად არ ვზედამხედველობთ, უბრალოდ, ვინტერესდებით მიმდინარე სამუშაოებით, ვინაიდან ქალაქის ბიუჯეტიდანაა გადახდილი თანხა და ობიექტი უნდა გახდეს მუნიციპალიტეტის საკუთრება. უნდა გადმოეცეს ბათუმის მერიას“.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარაგბო სტადიონი შენდება. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მერიის თანხით კეთდება ტრიბუნა [2484 მაყურებელზე, რომელიც აშენებულია], სახურავი [რომლის ნაწილი ხელახლა კეთდება], საშხაპეების ტიხრები, განათების სისტემის ოთხი ბოძი, დრენაჟის სისტემა, ღობე.
ტრიბუნებზე სკამების მონტაჟს, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, მცირე ტრიბუნას [552 მაყურებელზე] ავტოპარკინგს, კომუნიკაციებს, ქვიშის მოედანს და მთელი ამ კომპლექსის კეთილმოწყობასა და ექსპლუატაციაში შეყვანას კი „ატუ“ უზრუნველყოფს.
მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში მზად იქნება ხელოვნურსაფარიანი სტადიონი და რაგბისტებს ვარჯიშის საშუალებაც ექნებათ.
სარაგბო სტადიონის მშენებლობა [3,6 მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გამოყოფა და გამარტივებული შესყიდვა] თავის დროზე ბათუმის საკრებულოში, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. კირთაძე აცხადებდა, რომ არსებობდა შეთანხმება და სტადიონის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მთლიანად უნდა დაეფინანსებინა. მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა თანხის გამოყოფა და გამარტივებული შესყიდვა პროექტის შეჩერების საშიშროებით ახსნა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს საჭირო თანხა მოსთხოვა. ამას მოჰყვა მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის [2013 წლის აგვისტოს] განკარგულება, რომლის თანახმადაც საკრებულომ სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის მოთხოვნილი თანხაც მიიღო და თანხმობაც – სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე.
გასულ წელს მშენებარე კომპლექსი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემაც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ „ბაზა ითვალისწინებს სამომავლოდ, სასტუმრო კომპლექსის მოწყობას“. თუმცა პროექტით, რომელიც ამჟამად ხორციელდება, სასტუმროს მშენებლობა გათვალისწინებული არ არის.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისა და დაფინანსების საკითხი დღესაც გაურკვეველია. სასტუმროსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ აჭარის მთავრობაში და არც მერიაში. მშენებელ კომპანიაში კი გვითხრეს, რომ შესაბამისი ტერიტორია არის და „სასურველია სასტუმრო აშენდეს“. რაც შეეხება ტერიტორიას [მომიჯნავე ნაკვეთები ჯამში 4,5 ჰექტარი], სადაც სარაგბო სტადიონი შენდება, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, 2009-2011 წლებში აჭარის საკუთრებაში იყო, შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის, შემდეგ ნაკვეთ[ებ]ზე რეგისტრაცია უქმდება და კვლავ რეგისტრირდება როგორც აჭარის საკუთრება. 2013 წლის დეკემბრის ამონაწერით კი, ტერიტორია უკვე ბათუმის მერიის საკუთრებაშია.