მთიანი აჭარა

ნარჩენები და დასაწყობებული ურნები სოფლებში

23.11.2015 • 3302
ნარჩენები და დასაწყობებული ურნები სოფლებში

 

ყოველდღიური ნარჩენები ქედის სოფლებში მოუგვარებელ პრობლემად რჩება, რადგან სოფლებში არ არის ურნები, სადაც მოსახლეობა ნარჩენების შეგროვებას, ხოლო ხელისუფლება მის გატანას და გადამუშავებას შეძლებს. რადგან სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ნარჩენების მართვის სისტემის მომსახურება ხელმიუწვდომელია, ისინი საცხოვრებელი ადგილებიდან იშორებენ ნარჩენებს და ნებისმიერ ადგილას ყრიან. თითქმის ყველა სოფელში მდინარეების სანაპიროები და ხევები პოლიეთილენის პარკებით, ბოთლებითა და სხვა სპეციალურად გადასამუშავებელი ნარჩენებითაა სავსე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნარჩენების მართვაზე ყოველწლიურად 25 000 ლარს ხარჯავს. ეს თანხა მხოლოდ დაბის ქუჩებისა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ურნებიდან ნარჩენების გატანას ხმარდება.

 

სოფლებში ნარჩენების პრობლემის გადასჭრელად ქედის გამგეობამ წელს ტენდერის გზით 90 ურნა შისყიდა, რაზეც გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა. თუმცა ელექტრონული ტენდერით შეძენილმა ურნებმა პრობლემა ვერ მოხსნა – რამდენიმე კვირის წინ შეძენილი ურნები გამგეობას სოფლებში ჯერ კიდევ არ გაუტანია.

 

დავით დუმბაძის თქმით, სოფლებში ნარჩენების პრობლემის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი. გეგმა სპეცტექნიკის შეძენასა და ბუნკერის მოწყობას ითვალისწინებს. გამგებელი აქვე იმასაც დასძენს, რომ ურნები სოფლებში რომც გაიტანოს, ნარჩენების გამოტანა ვერ მოხერხდება, რადგან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ნარჩენების მართვაზე ვალდებულება მხოლოდ იმ სოფლებში აქვს აღებული, სადაც გზის საფარი ასფალტით ან ბეტონით არის დაფარული, ასეთი სოფელი კი ქედაში რამდენიმეა:

 

„ვფიქრობდით 90-მდე ტენდერით შეძენილი ურნა სოფლებში გადაგვენაწილებინა, დაგვეწყო იქ, სადაც სკოლა და საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. თუმცა, პრობლემა იმან შექმნა, რომ ნარჩენების გამოსატანად სპეცტექნიკაა საჭირო, რაც ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, სოფლებში რომ გაგვეტანა ურნები, გაივსებოდა და ვეღარ გამოვიტანდით, რის გამოც აღარ გავიტანეთ… მოასფალტებული ან მობეტონებული გზა სოფელ უჩხითსა და მერისში გვქონდა, წელს მოასფალტდა სოფელ ოქტომბრისა და გეგელიძეების გზაც, მაგრამ როდესაც ხულოდან დატვირთული მაღალი გამავლობის მანქანა მოდის, ის ვერ შეძლებს მთის სოფლებში ასვლას. სამომავლოდ სპეცტექნიკის შეძენას ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვპირდება, დიდი მანქანების სოფლებში მოძრაობას ჯობია 3-5-ტონიანი, მცირე ტექნიკა შევიდეს, რომლითაც ნაგავს ჩამოვიტანთ. ასევე ვფიქრობთ ბუნკერის მოწყობას, სადაც შეგროვდება ნარჩენები. ქედის მუნიციპალიტეტის დასუფთავებაზე შპს „ბათუმის სანდასუფთავება“ მუშაობს“.

 

დაბისთვის ქედის გამგეობა დამატებით სპეციალური პატარა ურნების შეძენას გეგმავს, რომელშიც მხოლოდ ქაღალდის ნარჩენების ჩაყრა იქნება ნებადართული. „ვფიქრობ, ამ პრობლემას მალე გადავჭრით“, – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

სოფლებში მოსახლეობა წუხს იმის გამო, რომ თავადაც არის გარემოს დაბინძურების მონაწილე. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ გარემოს დანაგვიანებას სოფლებში სანაგვე ურნების არარსებობა იწვევს, ზოგიერთს კი ამის მიზეზად დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება მიჩნია.

 

სოფელ ხარაულაში მცხოვრები აიშე ჯაბნიძე ამბობს, რომ გარემოს დასაცავად აუცილებელია სოფლებში ურნების განთავსება. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ის ხერხი, რასაც თვითონ იყენებს ნარჩენების გადასამუშავებლად, გარემოს არანაკლებ აბინძურებს, ვიდრე ბუნებაში დაყრილი ნაგავი.

 

„საკვები პროდუქტების ნარჩენებს სოფლებში თითქმის არავინ ყრის, ყველა საქონლის საკვებად იყენებს, როგორც მე. მაგრამ პრობლემად რჩება პოლიეთილენის პარკები, ბოთლები თუ სხვა სამშენებლო მასალები, დაძველებული სამოსი, ნაგავი მე არასდროს გადამიყრია მდინარეში, ვაგროვებ და ბაღჩაში ყველაფერს ერთად ვწვავ. მართალია, არ ვყრი მდინარეშე, მაგრამ ბუნება, ჰაერი ხომ მაინც ბინძურდება. არ მინდა ჩემი ნაგავით ვინმე შეწუხდეს. გამოსავალი მხოლოდ სოფლებში ურნების შემოტანა იქნება. ნაგავს სოფლებში, ძირითადად, ხევებსა და მდინარეებში ყრიან, მდინარეებში ჩაყრილი ნაგავი აჭარისწყალში ხვდება, აჭარისწყალს კი ზღვაში გააქვს“, – ამბობს აიშე.

 

სოფელ წონიარისში მცხოვრები ისმაილ ბერიძეც არ იშურებს ძალისხმევას, თავის ოჯახში დაგროვილი ნარჩენებით ბუნება არ დააბინძუროს. ამბობს, რომ მას ნაგავი სოფლის ცენტრში ჩააქვს და იქ არსებულ ურნაში ყრის: „მოვაგროვებ ნაგავს და როცა მანქანით წავალ ცენტრში, ურნაში ვყრი. მაგრამ ყველას არც მანქანა აქვს და არც ჩემსავით იქცევა, ზოგი ისეთია, თავის ნაგავს მოიშორებს და სადაც მოესურვება გადააგდებს, მერე ამ ნაგავს ხან ძაღლი გაათრევს და ხან კიდევ ძროხები ჭამენ. სხვას უხდის პრობლემას. ამიტომ ვართ ყველა ერთად ამ დღეში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: