მთავარი,სიახლეები

ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა

23.02.2017
ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა. მაშინ 34 წლის ირაკლი ცეცხლაძის ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა 400 ლარი. ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია.

ირაკლი ცეცხლაძესთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელს. თანამდებობის პირი, ვინც ეს ხელშეკრულება გააფორმა, იყო თამაზ ხაბაძე, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მამა.

ირაკლი ცეცხლაძე, ფოტო დოკუმენტიდან

ირაკლი ცეცხლაძე, ფოტო დოკუმენტიდან

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან ირაკლი ცეცხლაძემ პირველად თანხა ჯერ კიდევ მაშინ გაიტანა, როდესაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავით ბალაძე ხელმძღვანელობდა და გააგრძელა მოქმედი მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ხელმძღვანელობის პერიოდშიც. დავით ბალაძე თანამდებობიდან 2016 წლის ივლისში გადადგა. დავით ბალაძისთვის მაშინ საგანგებოდ შეიქმნა თანამდებობა – ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონი ლარი რამდენიმე ეტაპად მოხსნა კომპანია „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან. კომპანიის წესდების მიხედვით, დირექტორს ერთპიროვნულად შეეძლო თანხის განკარგვა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძე საქართველოდან ბელორუსში, კონკრეტულად ქალაქ მინსკში, თებერვალში გაემგზავრა.

5 მილიონი, რომლის მითვისებშიც დირექტორს  ედება ბრალი, გათვალისწინებული იყო ცეცხლაურში მცხოვრები მოსახლეობის კომპენსირებისთვის. როგორც ცნობილია, ცეცხლაურში უნდა აშენდეს ნაგავსაყრელი. შესაბამისად, იგეგმება იქ მცხოვრები ოჯახების განსახლება.

აჭარაში ნაგავსაყრელის აშენების ვალდებულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. ამ პროექტის განხორციელებისთვის აჭარის მთავრობას ფინანსურად ეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA). პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი, სამინისტროს მონაცემებით, 7 მილიონი ევროა.

ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის თანხა გამოიყოფოდა აჭარის ბიუჯეტიდანაც.

თავდაპირველად პროექტის განხორციელების პერიოდად განისაზღვრა 2010-2015 წლები, მაგრამ აჭარის მთავრობამ დათქმულ ვადებში ნაგავსაყრელის პროექტის მომზადებაც კი ვერ მოახერხა. შესაბამისად, პროექტის ვადების დარღვევისთვის ქართული მხარე არაერთხელ დაჯარიმდა, მაგალითად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 2011-2014 წლებში, 153,8 ათასი ლარი აქვს გადახდილი“.

„ჰიგიენა 2009“ მშენებლობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე 400 000 ლარის ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა. ტენდერი ლატვიაში დაფუძნებული საწარმოს ფილიალმა, შპს „ფორმა 2“-მა მოიგო.

კომპანიის ბიუჯეტიდან ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისების შესახებ ინფორმაცია, საგანგებო ბრიფინგზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ, 22 თებერვალს გავრცელა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: