Batumelebi | გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა – Batumelebi
RU | GE  

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა

გონიოში მცხოვრებ ლადო მჟავანაძეს, რომელმაც 271 გონიოელ ოჯახთან ერთად მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრეს. ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიის განკარგულებაში წერია: „უარი ეთქვას ლადო მჟავანაძეს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე 1370 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე“.

კომისიის დადგენილებაში ასევე წერია: „არ ჩაითვალოს ლადო მჟავანაძე ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად“.

ბათუმის მერიის მიწის აღიარების კომისიის 24 თებერვლის განკარგულებით, „ლადო მჟავანაძის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში [სარგებლობაში] არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში [სარგებლობაში] არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს“.

სწორედ მიწის აღიარების კომისიის ამ გადაწყვეტილებით, ლადო მჟავანაძეს უარი უთხრეს არამხოლოდ 1370 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, არამედ 397 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზეც, ბოსტანზე, რომელიც ცალკე მდებარეობს.

როგორც გადაწყვეტილებაში წერია, ლადო მჟავანაძეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია სასამართლოში. მან, ისე როგორც დანარჩენმა 75-მა ოჯახმა სასამართლოს აქამდეც არაერთგზის მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. მაშინ სასამართლოს სამივე ინსტანციამ მოქალაქეებს უარი უთხრა მიწის საკუთრებაში გადაცემაზე.

გონიოში 300-მდე ოჯახს მიწები, მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, 2008 წლის დასაწყისში გაუფორმეს. ამ მიწების ჩამორთმევის საკითხი მოგვიანებით ისევ ამავე მიწის აღიარების კომისიამ განიხილა და ჩამოართვა კიდეც. მაშინაც და მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც გონიოელებმა ბათუმში არაერთი აქცია გამართეს. სწორედ ამ აქციების შედეგად გადაწყდა მიწის აღიარების კომისიის შექმნა, ამჯერად ბათუმის მერიაში.

ამ კომისიას ირაკლი ბოლქვაძე ხელმძღვანელობს. ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, რომ მათ კომისიას გონიოდან 271-მა ოჯახმა მიმართა. მათგან 106 ოჯახს სრულად აღუდგა საკუთრება, 100-მდე პირი ჩაითვალა მართლზომიერ მფლობელად და საჯარო რეესტრში მიმდინარეობს ქონების დარეგისტრირება, ხოლო 75 ოჯახს უარი ეთქვა მიწის გადაცემაზე. როგორც ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, ამ ოჯახებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, შესაბამისად, კომისიას არ შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილების საპირისპიროდ ოჯახებს მისცეს მიწა საკუთრებაში.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ საბოსტნე ნაკვეთს, როგორც ირაკლი ბოლქვაძე ამბობს, ეს ნაკვეთი დარეგისტრირებულია როგორც აჭარის მთავრობის ქონება, შესაბამისად, მას ლადო მჟავანაძეს ვერ გადასცემენ საკუთრებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან