შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით

ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი და საფრთხის შემცველი – ასე აფასებენ საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობები საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც რელიგიის თავისუფლებასაც შეეხება. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კრიტერიუმები თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს. მათ აქვთ კითხვები, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. რელიგიური უმცირესობები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ რწმენის გამოხატვის შეზღუდვისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლი, პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩებიან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ექვსი საფუძველია მითითებული. ესენია: „დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლი გააფართოვა, რაც უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ადამიანის უფლებების სტანდარტს გააუარესებს. ჩამოთვლილი პუნქტებიდან რელიგიური უმცირესობები ყველაზე სახიფათო ჩანაწერად მიიჩნევენ რელიგიის შეზღუდვას „სახელმწიფო უსაფრთხოების“ დაცვის მოტივით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიაჩნია, რომ დაუშვებელია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა „სახელმწიფო უსაფრთხოების“ საფუძველზე.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის შეფასებით, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაჩენა პრობლემაა:

„ჩვენ ისედაც ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ხელისუფლება თავს არ იწუხებს იმის ასახსნელად, თუ რა მიზეზით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. როცა ხელისუფლება კონსტიტუციით გაიმაგრებს ზურგს, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“.

რუსუდან გოცირიძის აზრით, პირველი საშიშროება იმის, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგალიზება მოხდებოდა, მაშინ გაჩნდა, როდესაც რელიგიის სააგენტომ თავის სტრატეგიაში ჩაწერა, რომ საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობა, რომელსაც რელიგიური ან ეთნიკური იდენტობა მეზობელი სახელმწიფოს მსგავსი აქვს, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საყურადღებო მოსახლეობას წარმოადგენს. „ამ ჩანაწერით სახელმწიფომ მოსახლეობის ეს ნაწილი ავტომატურად არასანდო მოქალაქეებად წარმოაჩინა, – თურმე ეს მოქალაქეები პოტენციურად საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს. ამიტომ, როცა რელიგიის შეზღუდვის სფეროში „სახელმწიფო უსაფრთხოება“ გადმოინაცვლებს, ჩნდება რისკი, რომ ამ ჩანაწერს ხელისუფლება უმცირესობების წინააღმდეგ გამოიყენებს“, – მიიჩნევს რუსუდან გოცირიძე. მისი აზრით, მაშინ, როცა დღეს არსებული კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს გვაჩვენებს, მუსლიმებს მაინც არ ეძლევათ შესაძლებლობა, ააშენონ მეჩეთი თავიანთ ნაყიდ მიწაზე. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, რუსთავში კათოლიკეებს არ აძლევენ საშუალებას, ააშენონ ეკლესია.

„ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა, რომ ქვეყანა, რომელიც თავისუფლებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების გამო, არც ერთს იმსახურებს და არც მეორეს. ისტორიამ აჩვენა, რომ თავისუფლების შეზღუდვით არც ერთ საზოგადოებას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები. როცა ქსენოფობიური მარშების და მსგავსი გამოწვევების ორომტრიალში ვცხოვრობთ, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სფეროში იქნება ცეცხლზე ნავთის დასხმა, რადგან მას ფაშისტურ განწყობებს ვარგებთ“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს „დანაშაულის თავიდან აცილების“ მოტივი, რაც უმცირესობების აზრით, ასევე ბუნდოვანი და გაუგებარია.

ეპისკოპოსის აზრით, იმ პრობლემებს, რომლებსაც აქამდე ხელისუფლება ვერ აგვარებდა ან არ აგვარებდა, ახლა „მარტივად მოაგვარებს“.

„დანაშაულის თავიდან აცილება“ უნდა მოქმედებდეს დანაშაულის წყაროსთან მიმართებაში და არა იმასთან მიმართებაში, ვისაც ემუქრებიან. თუმცა პრაქტიკა საქართველოში საპირისპიროს აჩვენებს. დანაშაულის ჩადენის დროს საზოგადოებას მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდება – ხომ არ გააღიზიანა მსხვერპლმა მოძალადე? ამიტომ, ერთ დღეს შეიძლება ვინმე მოვიდეს და მითხრას, რომ წერეთელზე მცხოვრებ მოსახლეობას თქვენი ეკლესიის ზარები აღიზიანებს, ან აღიზიანებთ აქ ხალხის მისვლა-მოსვლა და თუ ვინმე თავზე დაგესხმებათ, თქვენი ბრალი იქნება. რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა სახელმწიფომ დაიცვა რელიგიური ან სხვა უმცირესობები საფრთხის დროს და რამდენჯერ გაუგორა კოჭი უმრავლესობას? რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა სამართალდამცავები იდგნენ კანონის მხარეს? ძალიან ცოტა“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ კანონი არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. უსაფრთხოების სახელით რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მაღალ რისკებს წარმოშობს.

„შეიძლება მოვიდეს ხელისუფალი და გვითხრას, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობა წარმოადგენს საფრთხეს. იმის მტკიცება, რომ ეს ასე არ არის, ძალიან რთული იქნება. მაშინ, როცა დღეს გვაქვს ბევრად უკეთესი კანონი, უმცირესობების უფლებები მაინც ხშირად ირღვევა. გავიხსენოთ ნიგვზიანის, სამთაწყაროს, ჭელას მოვლენები, ქობულეთში პანსიონზე ღორის თავის აკვრის ფაქტი, არც ერთი ეს შემთხვევა სამართლებრივად დღემდე არ არის შეფასებული და გამოძიებული. ლოცვაში ხელის შეშლის ფაქტი იყო, როცა მუფთი მეჩეთში არ შეუშვეს. სამართალდამცავები გვერდს უვლიან რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილ კანონდარღვევის ფაქტებს. ამ ფონზე, ბუნებრივია, საფრთხის შემცველია დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები“.

შეხვედრა პარლამენტში, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან ტოლერანტობის დღეს
შეხვედრა პარლამენტში, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან ტოლერანტობის დღეს

ტარიელ ნაკაიძის აზრით, მას შემდეგ, რაც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი კონსტიტუციაშიც გაჩნდება, სახელმწიფო უფრო მეტად ინერტული გახდება რელიგიური უმცირესობების დაცვის მიმართ. „მოხეში არსებული ნაგებობა არ გადასცა სახელმწიფომ მუსლიმებს, რადგან მართლმადიდებლების წინააღმდეგობა არსებობდა. ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი ვიღაცამ შესაძლოა დაპირისპირების წყაროდ აქციოს, რადგან ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას – არა. კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ კი უმცირესობებს ეს საყრდენიც აღარ გვექნება – ჩვენი უფლებების დაცვა მთლიანად პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.“

ტარიელ ნაკაიძის აზრით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები რელიგიის თავისუფლების სფეროში, ქვეყნის მომავალს დააზარალებს: „ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ჩვენს მეზობელს შესაძლებელია თავისი სტრაგეტიული გეგმები გააჩნდეს და, ბუნებრივია, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს თავისი უსაფრთხოების სტრატეგია, მაგრამ ეს თუ საკუთარი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, პრობლემაა.“

რელიგიის თავისუფლების მუხლში განსახორციელებელ ცვლილებებს საფრთხის შემცველად მიიჩნევს „სახარების რწმენის ეკლესიის“ წევრი ლელა ხონელიძეც. მისი აზრით, ეს ცვლილებები არ არის განჭვრეტადი, არ იციან რა მიზანს ესახურება და საიდან არის ნაკარნახევი. „ამ კითხვებზე რელიგიურ უმცირესობებს პასუხი არ მიგვიღია ხელისუფლებისგან. ყველა ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს საქართველოში, მაგრამ რელიგიების კრიტიკული დამოკიდებულება ახალ პროექტთან მიმართებაში განპირობებულია სახელმწიფო პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებს ის რელიგიებთან მიმართებაში. „დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით“ შეიძლება აკრძალონ საკულტო ნაგებობების მშენებლობა, გარდა მართლმადიდებელი ტაძრებისა. შეიძლება ამიკრძალონ საჯარო სივრცის გამოყენებაც კი. ამ აკრძალვაზე პასუხი შეიძლება მივიღო სასამართლო დავის შემდეგ, მაგრამ მთელი აქტივობა ამ პერიოდში იქნება ხელშეშლილი. რაც ადრე და დღესაც დისკრიმინაციად მიიჩნეოდა, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ყველაფერი შეიძლება „გაპრავდეს“, – გვეუბნება ის.

ლელა ხონელიძე, ისევე როგორც სხვა რელიგიური თემის წარმომადგენლები, კანონის აღსრულების პოლიტიკურ ნებაზე საუბრობს: „ჩვენმა ეკლესიამ 2010 წელს, სხვა პროტესტანტულ ეკლესიებთან ერთად, სპორტის სასახლის დარბაზში სამდღიანი დიდი შეხვედრა გამართა ისე, რომ ხელი არ შეუშლიათ – სამართლებრივად სახელმწიფო მაშინ ჩვენ გვერდით დადგა. მაგრამ 2014 წელს, როცა „იმედის ფესტივალის“ ჩატარება გვინდოდა სპორტის სასახლეში, ხელი შეგვიშალეს – სახელმწიფომ ასე ინება. როცა სახელმწიფოს უნდა, დგას სამართლიანობის მხარეს, როცა უნდა – არა“.

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მუხლში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ განხილვებში რელიგიური უმცირესობები ჩართულნი არ არიან. რუსუდან გოცირიძის თქმით, რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები, თავიანთი ინიციატივით, ერთხელ შეხვდნენ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, რათა თავიანთი რეკომენდაციები გაეცნოთ. „ამ დროს ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. თუმცა არც შეხვედრა ყოფილა პარლამენტის ორგანიზებული და არც საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარს გეგმავდნენ ჩვენთან“. რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ეს შეხვედრა მაინც ვერ იქნებოდა პროდუქტიული რადგან ორი მოსმენა ჩავლილი იყო (პარლამენტში) და ბევრი არაფრის შეცვალა არ შეეძლოთ. „მაგრამ მეორეა ხელისუფლების დამოკიდებულება, – როცა ჩვენ ვესაუბრებოდით პრობლემებზე, ისინი გვესაუბრებოდნენ ცხრაწლიან რეჟიმზე.

ამონარიდი საქართველოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიიდან:

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში რელიგიური ჯგუფების იმგვარი გეოგრაფიული განლაგებაა, როცა მათ ანალოგიური ეთნიკური (მაგ.; სამცხე-ჯავახეთის სომხურ თემს ესაზღვრება სომხეთი, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემს – აზერბაიჯანი და ა.შ.) ან რელიგიური (აჭარის ქართველ მუსლიმთა თემს ესაზღვრება მუსლიმური თურქეთი და ა.შ.) კუთვნილების მქონე ქვეყნები ესაზღვრებათ.

აღნიშნული მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ამოცანებს უყენებს; კერძოდ: თავიდან აირიდოს მეზობელი, რეგიონის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფოს შიდაპოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დაფიქსირების მცდელობა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ვერ მოხერხდა მწყობრი, მიზანმიმართული რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება. პრობლემის არეალი დავიწროვდა და მარტოოდენ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვას ითვალისწინებდა, მაშინ, როცა ამავდროულად, რელიგიური ჯგუფების ინტერესების დაცვასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დისკურსს.

როდესაც პირველად დაიწყო ანტიმუსლიმური განწყობები, პირადად მე არ დამიტოვებია არც ერთი დაწესებულება და ვუხსნიდი მინისტრებს იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა. ზოგიერთი ზრდილობის გულისთვის გვისმენდა, ზოგიერთი, უბრალოდ, ჩვენ თვალწინ მობილურში თამაშობდა.

ერთადერთი, რაზეც სახელმწიფომ დაგვიძახა, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა იყო. თუმცა როგორც კი ამ განხილვებმა პარლამენტში გადაინაცვლა და იქ ჩასხდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები, აბსოლუტურად ამოიკვეთა კანონპროექტიდან ყველა ის ნაწილი, რაზეც თვეების მანძილზე ვმსჯელობდით“.

კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი გიორგი ცხომელიძეც ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართული არ ყოფილა. „რაც ვიცით, ისიც მედიიდან. სახელმწიფოს საკმარისად არ განუმარტავს ცვლილებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ შეგვატყობინა ასევე ცვლილებების შესახებ და ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება“.

გიორგი ცხომელიძის თქმით, უნდა ყოფილიყო უფრო ღია და გამჭვირვალე პროცესი, მეტი დისკუსია: „საქართველოში რელიგიური უმცირესობები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან ხოლმე, მაგრამ, რადგანაც ცვლილებები რელიგიის სფეროს ეხება, ვფიქრობ, სახელმწიფოს მეტი დაინტერესება უნდა გამოეჩინა ჩვენი აზრის მიმართ“.

წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი ამბობს, რომ რელიგიური თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი, მაგრამ რის გამო უნდა იყოს შეზღუდული, ამის დეტალიზება აუცილებელია. „მეც მაქვს კითხვები – რით არის ცუდი დღეს მოქმედ კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი? რამ წარმოშვა ამ ცვლილებების საჭიროება, რამდენად შეესაბამება ახალი კანონპროექტი საერთაშორისო გამოცდილებას, კანონპროექტის მესვეურებმა რატომ არ ინებეს კონსულტაცია რელიგიათა საბჭოსთან, რადგან არანაირი კონსულტაცია, არანაირი შეხვედრა და განმარტება ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. უკეთესია გამჭვირვალობა, ღიაობა და განსჯა“, – ამბობს ის.

ეჭვები, რომ შესაძლებელია ეს შეზღუდვები ვინმემ ბოროტად გამოიყენოს, აღარ იარსებებდა, თუკი ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა ამაზე ნათელი განმარტებები და თანამშრომლობის სურვილი. „რაც არ უნდა ჩაწერო კანონში, მაინც ნებას აქვს მნიშვნელობა. აქამდე არ იყო შეზღუდვები, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობდა. დასანანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამაზე სათანადო განმარტება არ ხდება“.

ვარლამ რამიშვილის თქმით, დემოკრატია, რწმენის თავისუფლება, არ აზიანებს სახელმწიფოს, პირიქით: „შებორკვამ, წინააღმდეგობამ და დევნამ დაანგრია საბჭოთა და ბევრი სხვა წყობა. სადაც არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, დისკუსია, იქ არის კანონის უზენაესობაც, სწორედ ასეთი სახელმწიფო გვინდა, რომ გვქონდეს.“

„ქრისტიანული მორალი ისედაც გვკარნახობს, რომ სიკეთე ჩუმად ვაკეთოთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გინდა, ვთქვათ, პატიმრები მოინახულო, ან სხვა რაღაც კარგი საქმე გააკეთო, მაგრამ ამის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაძლევენ, თუკი ჩვენს იდენტობას დავმალავთ. სახელმწიფოს არ უნდა, რომ ჩვენ დადებითად წარმოვჩნდეთ. ამიტომ გვაშინებს ახალი შეზღუდვები“, – გვეუბნება ლელა ხონელიძე.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, როცა ძლიერდება ზეწოლა, იზრდება წინააღმდეგობა. „ეს მხარდამჭერები კი შეიძლება ვეძებო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, დემოკრატიულ ქვეყნებში“.

რუსუდან გოცირიძის აზრით კი, „ასეთი მდგომარეობა აწყობს მხოლოდ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და არა დემოკრატიას“.

რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლების გაფართოებაში პრობლემას ხედავს რელიგიათა საბჭოში გაერთიანებული 19 რელიგიური კონფესია და 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს როგორც საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს, ასევე სთხოვენ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ შეისწავლონ საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები და რისკები, რომლებიც შეიძლება ამ ცვლილებებმა გააჩინოს.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია
ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტია“, რომლის წარმომადგენელი გიორგი ნონიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეიძლება პოლიტიკური კონტექსისგან დამოუკიდებლად აღვიქვათ, „რადგან საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, მათ შორის რელიგიური დაპირისპირებები, დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების აგრესიული ქმედებები, პოლიტიკური ელიტის მიერ წახალისებული სიძულვილი უმცირესობების მიმართ. ეს კონტექსტი აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცეს რელიგიური ინსტიტუტები“.

ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, თამარ გურჩიანის თქმით, კიდევ უფრო სახიფათოა მე-8 მუხლი, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის როლზეა საუბარი. „თუ აქამდე მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ისტორიაში იყო აღიარებული და კონსტიტუციაში მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ახლა უკვე ეს მუხლი შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია კი არ დაექვემდებაროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ გაუთანაბრდეს მას. აქამდე არსებული ჩანაწერით, ეკლესიის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანის უფლებებს აქვს უპირატესობა, ახალი ჩანაწერი კი ადამიანის უფლებებს და ეკლესიის როლს თანაბარ ძალას ანიჭებს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს უკან დახევაა. ის, რომ სახელმწიფო ხედავს საფრთხეს განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებში, სურვილი აქვს აკონტროლოს ის, საბჭოთა პრაქტიკაა და ამის გაგრძელებას ვხედავთ დღეს“ – ამბობს თამარ გურჩიანი.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლების გაფართოება და დაგეგმილი ცვლილებები ბუნდოვან ნორმებს შეიცავს, ამიტომ აჯობებს, განმარტებები დაკონკრეტებული იყოს.
„რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას დემოკრატიული საზოგადოების მიზნები მოითხოვს. ჩარევის პირობები არის შემდეგი: სხვათა უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მორალი. თუმცა ყველა ეს პუნქტი არის სასამართლოების მსჯელობისა და გააზრების საკითხი, რადგან არც მორალი და არც საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ერთმნიშვნელოვან განმარტებას არ მოიცავს“, – ამბობს ის.

ბექა მინდიაშვილის თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ამ პირობების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავთ.

„ავიღოთ ოტო პრემინგერის ინსტიტუტის საქმე ავსტრიის წინააღმდეგ. ავსტრიელი მორწმუნეების აზრით, მათ მიერ ნაჩვენები ფილმი ქრისტეს შესახებ იყო მკრეხელური, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირები არ დაიშვებოდნენ და მითითებული იყო, რომ შინაარსი შეიძლება ყოფილიყო მიუღებელი რელიგიური ადამიანებისთვის, ავსტრიის სასამართლომ მაინც დააყადაღა ფილმი და შეწყვიტა კინოჩვენება. ევროპის სასამართლომ 90-იან წლებში განიხილა ეს საკითხი და ავსტრიას დაუტოვა გადაწყვეტილების უფლება. რელიგიური თემები – იქნება ეს ჩადრის ტარება, ჯვარცმის გამოფენა თუ ა.შ. მუდმივი დისკუსიის საკითხია, თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანას საკუთარი მიდგომა და ტრადიცია აქვს რელიგიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც არ არის კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატია და მუდმივად მიქცევ-მოქცევაში ვართ ლიბერალურ და თავისუფლების მოწინააღმდეგე ძალებს შორის, ეს ცვლილებები უკიდურესად სახიფათო ხასიათს ატარებს“.

მინდიაშვილის აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით ნებისმიერი რამ შეიძლება შეზღუდონ, „მაგალითად, დახურავენ საქმეს და ვერ გავიგებთ რა და რატომ იზღუდება. ამის მაგალითია თუნდაც მამალაძის (დეკანოზი გიორგი მამალაძე) სასამართლო პროცესები. მაგრამ როცა ეს იქნება კონსტიტუციით ბეჭედდასმული, უკვე დაცვის შესაძლებლობაც გვესპობა.“

მინდიაშვილის თქმით, ევროპის მხოლოდ სამი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს რელიგიის თავისუფლება. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ბულგარეთი და კვიპროსი: „სამივე ქვეყანა ძალიან პრობლემატურია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ გაცილებით უფრო პრობლემატური ვიქნებით“ – ამბობს მინდიაშვილი.

ews

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი: თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, არ მაქვს ჯერ დაანგარიშებული

„მერობა არაა პოლიტიკური თანამდებობა. რომც იყო, იმდენი რამე გვაქვს გამოვლილი, პოლიტიკოსი ვართ ყველა,“ – გვითხრა მალხაზ მხეიძემ. მას ვკითხეთ, შეუშლიდა თუ არა ხელს პოლიტიკური გამოცდილების არქონა. მალხაზ მხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. დაპირებები ბევრი აქვს, ფინანსური გათვლები – არა. ამბობს, რომ როცა მერი გახდება, შემდეგ მოიწვევს სპეციალისტებს და ყველაფერ დაიანგარიშებს. თუ თანხა არ ეყოფა, ცენტრალური ხელისუფლება დაეხმარება.

ბატონო მალხაზ, მოგვიყევით თქვენს შესახებ. ასევე გვითხარით, საიდან დაუხლოვდით „პატრიოტთა ალიანსს“?

მე დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1989 წელს. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სოფელ განთიადის კოლმეურნეობაში არენდატორად, ასევე ვიყავი ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე სპორტის საკითხებში. ვმუშაობდი ბათუმის პორტში, ხოლო ამჟამად ვმუშაობ „საქართველოს რკინიგზაში“, სავაგონე პარკის სამანევრო დისპეტჩერად. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ვარ 2015 წლიდან, მანამდე „წინააღმდეგობის მოძრაობაში ვიყავი“.  მომეწონა ამ პარტიის მოწოდებები, მომავალზე ფიქრი საქართველოს ერთიანობაზე, ღირსებაზე და ასე შემდეგ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ქვეყნის მომავალს ვერ ხედავს ნატოსთან ერთად… თქვენც იგივეს ფიქრობთ?

როგორ გეკადრებათ. ნატო, რუსეთი და საქართველო – ეს „პატრიოტთა ალიანსის“ ახალი მსვლელობაა და ერთიანობის გარანტია ეს იქნება. ნატო და რუსეთი ერთად გარანტი უნდა გახდნენ საქართველოს კეთილდღეობის.

რას გულისხმობთ, იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, ნატოს და რუსეთის ინტერესები საერთო არ არის…

არაა მასე. თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი და ნატო ვერ ნახულობენ საერთო ენას? არ ვიცი ზუსტად, რა და როგორ იქნება, ალბათ, რაღაც პლატფორმა არის გამონახული და მოკლე ხანში ვიხილავთ ამას. პირველი ნაბიჯები ახლა იდგმება… ფაქტია, რომ რუსეთმა უნდა მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, თორემ ჩვენ 25 წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. მარტო რუსეთმა კი არ გამოიჩინა ეს აგრესია, ჩვენი მხრიდანაც იყო დაშვებული დიდი შეცდომები. ამის გამოსწორება უწევს ახლა „პატრიოტთა ალიანსს“. შეიძლება ეს რისკია, მაგრამ ერთი და იგივე წრეზე ხომ არ უნდა ვიტრიალოთ? მე მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ ყურმილს რომ დადებთ, დაფიქრდებით და იტყვით, ეს კაცი მართალიაო…

ხელვაჩაურზე გვითხარით, რას პირდებით კონკრეტულად ამომრჩეველს? 

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დაპირებები, რაზეც პარტიის ლიდერები საუბრობენ. ყველაფერი თანმიმდევრულად გამოსწორდება. პირველ რიგში, ადამიანის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა დგას, საბანკო ტერორია ყველგან… ადამიანები მიდიან მეზობელ ქვეყნებში, რომ ფული იშოვონ, მერე ბრუნდებიან და ბანკის ვალებს იხდიან. ის, რაც ხელვაჩაურს აწუხებს, აწუხებს მთელ ქვეყანას და პირიქით, პრობლემები რამ გაყო? ამიტომ აქ უნდა შეიქმნას საწარმოები, რომ ხალხი დასაქმდეს. ჩვენ ამას გავაკეთებთ.

რა რესურსით წარმოგიდგენიათ საწარმოების გახსნა ხელვაჩაურში?

ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები. უნდა აშენდეს, მაგალითად, თამბაქოს საშრობი, ასევე ჩაის საწარმო. ნედლი თამბაქო უნდა ჩაიბაროს სახელმწიფომ და უნდა მოახდინოს მისი რეალიზება.

ანუ ხელვაჩაურის გამგეობაში ბიზნესის დაწყებას აპირებთ?

არასწორად გაიგეთ. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ბიზნესი პარალელურად უნდა არსებობდეს და თავისი საქმე აკეთოს, მაგრამ ძირითადად სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ეს სიტუაციები. ჩაის ბიზნესი რომ დახურულია, მისი აღორძინება რატომ არ უნდა მოვინდომოთ, მაგალითად?

ბიუჯეტის ხარჯზე როგორ აპირებთ საწარმოების შექმნას? სად ნახავთ ბიუჯეტში ამისთვის ფულს და რა დაჯდება საწარმოს მოწყობა?

სახელმწიფო თუ ჩადებს, რატომაა ცუდი? უაზროდ რომ იხარჯება ფული ათასნაირი მიმართულებით, ეს ფული დაიხარჯება საწარმოების შექმნაში.

რომელი პროგრამის დაფინანსებას შეაჩერებთ? 

არაფერს არ შევაჩერებ. ხელვაჩაურს აქვს მაგის მარაგი, ასე ვთქვათ, ყულაბაში დევს ეს თანხები და ნელი ტემპით ყველაფერი გაკეთდება. პირველ წელიწადს თამბაქოს საწარმო გაიხსნება, მერე ჩაის და ასე შემდეგ.

რა დაჯდება, მაგალითად, თამბაქოს საწარმო, გაქვთ დათვლილი?

მე საიდან უნდა დამეთვალა, გამგებელი ხომ არ ვარ? მაგას სპეციალისტები დათვლიან, თუკი მერად ამირჩევს მოსახლეობა. უმოკლეს დროში შევხვდები კვალიფიციურ სპეციალისტებს და დაიდება კონკრეტული ციფრები.

ანუ სპეციალისტებს ჯერ არ გასაუბრებიხართ და არც ბიუჯეტი გინახავთ…

ადრე ხომ კეთდებოდა საწარმო, კომუნისტების დროს? ისე გაკეთდება ახლაც, ოღონდ თანამედროვე ტექნოლოგიებით. მინი საწარმოზე ვსაუბრობ მე. თუ არ იქნება საკმარისი ადგილობრივი ბიუჯეტი, ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავთ და ის დაგვეხმარება, გამოგვიყოფენ თანხებს… რატომ უნდა დაგვეხმაროს, არ ვიცი ასე ზუსტად, ყველაფერს ახლა ვერ გეტყვით. ჯერ სიახლეში ვარ ამ საქმეში, როდესაც ჩავწვდები და მივუახლოვდები, მერე მეცოდინება ყველაფერი. რომ მცოდნოდა, დამირეკავდით, მექნებოდა ზუსტი ციფრი. მე მენდობიან ხელვაჩაურში, რადგან ცნობადი სახე ვარ, მიკეთებია ბევრი საქმე… ხელვაჩაურელები მე კი მომცემენ იმის დროს, რომ ჩემი საქმე გავაკეთო. გარდა ამისა, მინდა, სპორტული მოედნები გავაკეთო. მინიმუმ 11 მინი სტადიონი უნდა გაკეთდეს. ბიუჯეტში არის თავისუფალი თანხები. საქართველოს ნებისმიერი მაცხოვრებელი თვითონ უნდა იყოს მისი თავის ბატონ-პატრონი, მათ მამა-პაპისეული მიწები უნდა დაუბრუნდეთ და მიწები, რაც აუთვისებელია, სხვადასხვა კულტურა უნდა აშენდეს, ჩაი იქნება ეს, ციტრუსი, თუ მოცვი. თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, დაანგარიშებული ჯერ არ მაქვს.

მთავარ ფოტოზე: „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატების წარდგენა აჭარაში

იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

ამ წუთებში  სასტუმრო „რედისონში“, აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა  მიმდინარეობს. შეხვედრაზე აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტისთვის საჭირო ინვესტიციების და ინსტიტუციონალური დახმარების საჭიროებები  უნდა განსაზღვრონ.

პროექტი აჭარის  მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის  ფარგლებშიც საკონსულტაციო კომპანია მაქსის მიერ [ MACS – Energy and Water] უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი.

პროექტის განსახორციელებლად სს „აჭარის წყლის ალიანსი“ შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აჭარის მთავრობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით არის წარმოდგენილი, გარდა ამისა ალიანსში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.

სააქციო საზოგადოება კონსულტანტის ფუნქციებს შეითავსებს და მუნიციპალიტეტებს ტენდერის გამოცხადებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში  და სხვა საქმიანობაში დაეხმარება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის NIF-ის გრანტით დაფინანასდება;

პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მიხედვით საერთო ინვესტიციების სტრატეგია სამ განზომილებას მოიცავს:

  • ინვესტიციები მუნიციპალიტეტების დაბების წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემებში;
  • ინვესტიციები მაღალმთიანი სოფლების წყლის დეცენტრალიზებულ სისტემებში;
  • ინვესტიციები ექსპლუატაციისა და მართვისათვის საჭირო ტექნიკა-მოწყობილობების შესაძენად.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44 000 000 ევროს შეადგენს, რომელიც  როგორც ცენტრალური, ისე დეცენტრალიზებული კომპონენტისთვის დაიხარჯება. ინვესტიციების პერიოდი შვიდ  წელზეა გათვლილი  [2018-2024წწ]

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, სპეციალურად შერჩეული კონსულტანტების მიერ დეტალური პროექტები მომზადდება და ყველა მუნიციპალიტეტისთვის  სატენდერო პროცედურები განხორციელდება.

პროექტამდე არსებული და პროექტის შემდგომ შექმნილი ინფრასტრუქტურული აქტივები, ისევე, როგორც საერთო სერვისების მიწოდებისთვის საჭირო აქტივები, მუნიციპალიტეტების საკუთრებაში გადავა.  გახდება თუ არა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელში წყალი ფასიანი? – ამ კითხვაზე ჯერჯერობით მთავრობაში არ პასუხობენ, ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის  ინფორმაციით კი  სასმელი წყალი სოფელში ისევ უფასო იქნება.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პროექტში ჩართული სხვა მხარეები დაესწრებიან.

შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში წყლის რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

 

ქედაში, სოფელ პირველ მაისთან, ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის, ქედის მონაკვეთზე, სოფელ პირველ მაისთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა ჩაკეტა. ქედის გამგეობის ინფორმაციით ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.

სოფელ პირველ მაისთან მეწყრული პროცესები უხვი ნალექის დროს ვითარდება, ხშირია გზის ჩაკეტვის შემთხვევებიც. მეწყერმა გასულ წელს ამ მონაკვეთზე სპეციალურად მოწყობილი ბეტონის კედლის ნაწილიც კი ჩამოშალა.

მთავარი ფოტო: მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ქედაში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ჩაქვი-მახინჯაურის მიმართულებით გვირაბი 11 ოქტომბრამდე იქნება ჩაკეტილი

ჩაქვიდან მახინჯაურის მიმართულებით ავტომაგისტრალზე არსებული გვირაბის მარჯვენა მხარე 10 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ჩაკეტილი. მოძრაობა ორმხრივად გადართულია გვირაბის მარცხენა მხარეს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „სინოჰიდროს“ მიერ მიმდინარეობს, ქობულეთის შემოსავლელი და ჩაქვი-მახინჯაურის გზის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის შემოსავლელი გზის სატრანსპორტო კვანძის არსებულ მაგისტრალთან მიერთების სამუშაოები.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, 4 ოქტომბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა დეპარტამენტის ინფორმაციით სრულად მოძრაობა გვირაბში 2017 წლის 11 ოქტომბერს აღდგება.

რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას, ის 2018 წლის გაზაფხულამდე არ გაიხსნება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ გზაზე საქართველოში ყველაზე დიდი ხიდისმშენებლობა.

ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს

მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. პარტიამ შესაბამისი სარჩელით დღეს, 2 ოქტომბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისწარმოების შესაჩერებლად.

მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პლაჟის გასხვისებით კანონი დაარღვია, რადგან პლაჟი კანონმდებლობით „განუსხვისებელ ტერიტორიას“ განეკუთვნება, თუმცა კანონი უშვებს გამონაკლისს.

„ამ შემთხვევაში, საკრებულოს პლაჟის, ანუ განუსხვისებელი ტერიტორიის გასასხვისებელად სჭირდებოდა სიითი შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობა, ანუ 17 ხმა. 29 სექტმბრის სხდომაზე მხოლოდ 11-მა დაუჭირა მხარი ამ საკითხს 6 წევრის წინააღმდეგ, ანუ სიითი შემადგენლობის უმრავლესობასაც არ დაუჭერია მხარი ორ მესამედზე რომ არაფერი ვთქვათ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

„პლაჟი საერთოდ არ წერია იმ განკარგულებაში, რომელიც საკრებულომ მიიღო,“ – გვითხრა პაატა შარაძემ, ბათუმის საკრებულოს იურისტმა. იგი განმარტავს, რომ განკარგულების მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო მიწა გადაეცა მთავრობას.

„გასაგებია, რომ ეს ტერიტორია მოიცავს ფაქტობრივად პლაჟს, მაგრამ საკრებულოს არ გადაუცია ქონება კონკრეტული პირისთვის. საკრებულომ ქონება მთავრობას გადასცა… ჩვენთვისაც საინტერესოა სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხზე,“ – დასძენს პაატა შარაძე.

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცემა  „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა.

ქობულეთის გამგებელი: მდინარე აჭყვის გადმოსვლის საშიშროება არსებობს

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში მდინარე აჭყვის  კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება არსებობს. გამგებლის თქმით, საფრთხე ექმნება გელაურის, ლესელიძის და გურამიშვილის დასახლებას.

ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მდინარე აჭყვა უკვე გადმოსულია კალაპოტიდან და გზის მონაკვეთია დატბორილი.

„მდინარე უკვე გადმოსულია და დატბორილია ე.წ. ვილარის დასახლება. არის საფრთხე მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის, ამიტომ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ ვინც პირველ სართულებზე ცხოვრობს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები ზარალის თავიდან ასაცილებლად“- ამბობს ბონდო თედორაძე.

მისი თქმით, ძლიერი წვიმების დროს მდინარე აჭყვა ხშირად გადმოდის კალაპოტიდან, რადგან ის ხუთი წელია არ გაწმენდილა. „გაწმენდის შემდეგ  მინიმუმ ორი წლის განმავლობაში მდინარე არ გადმოდის, მაგრამ ხელისუფლებას უკვე მეხუთე წელია კალაპოტი არ გაუწმენდია“ – გვეუბნება ის.

ქობულეთის გამგებელი კი ამბობს, რომ ის დატბორილ უბნებს მოინახულებს და შესაბამის ზომებს მიიღებენ. ძლიერი წვიმების შედეგად დღეს ქობულეთში, სოფელ ალამბარში მეწყერი ჩამოწვა და მოსახლეობასთან მისასვლელი გზა ჩახერგა.

„ოცნების“ მერობის კანდიდატი ქედაში: რეორგანიზაციის და დათხოვნის წინასწარი ხედვა არ მაქვს

ქედაში მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან გორგილაძეა. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგედ, „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორად და სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ლევან გორგილაძე ქედის მერობის კანდიდატად წარდგენამდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ქედაში „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ატონო ლევან, გაჟღერებული ინფორმაციით, ქედის მერობა არ გინდოდათ. რატომ დათანხმდით პარტიას ამ შემოთავაზებას? რატომ გაგიჩნდათ მერობის სურვილი?

საკმაოდ ბევრი თანამდებობა მაქვს გამოცვლილი და არც ერთხელ საკუთარი კანდიდატურა მე თვითონ  არ წამიყენებია, ყოველთვის წყვეტს გუნდი, სად ვარ საჭირო. რადგან გუნდმა გადაწყვიტა, რომ აქ ვარ საჭირო, აქ ვიქნები, რა თქმა უნდა, თუ მოსახლეობა ამირჩევს.

წლების განმავლობაში ბათუმში მუშაობდით, საიდან იღებდით ინფორმაციას ქედაზე და რა იცით, რა პრობლემებია?

ამ მუნიციპალიტეტში დავიბადე და გავიზარდე. დღესაც დედაჩემი ქედაში, სოფელში ცხოვრობს, არასდროს გამიწყვეტია კავშირი ქედასთან, ვიცი ამ სოფლების გასაჭირი, გამოწვევა და  პრობლემები. საკუთარი შრომა მაქვს ჩადებული სოფელში ბავშვობასა და შემდეგ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბათუმში ვმუშაობდი, ყოველთვის მქონდა კონტაქტი ქედასთან და მთლიანად აჭარის მოსახლეობასთან, რადგან ისეთი მუშაობის  შესრულება მიწევდა, რაც მუნიციპალიტეტებთან კავშირში იყო, უცხო არ არის მუნიციპალიტეტი ჩემთვის.

 თვლითუ არა, რომ მერობა პოლიტიკური თანამდებობაა და რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ?

კანონით პოლიტიკური თანამდებობაა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი უფრო ხალხის რჩეულია და ხალხის წინა პლანზე დაყენებაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოცდილებას, საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით სადოქტორო დისერტაცია მაქვს დაცული, ამ მიმართულებით ვკითხულობ ლექციებს, შესაბამისად,  არამარტო პოლიტიკური გამოცდილება, თეორიული ცოდნაც მაქვს.

რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა, რას გააკეთებთ მათთვის?

 ყველა ჩემს ამომრჩეველს ვაცნობ ჩემს შესაძლებლობებს, ასევე იმ პროგრამას, რითაც უნდა ვიმუშაო.

კონკრეტულად რა დაპირებებით მოდიხართ?

ვაგრძელებთ იმ დაწყებული პროექტების განხორციელებას, რაც აქტიურად მიმდინარეობს. ყველა სოფლის ცენტრამდე გზა მყარი საფარით უნდა დაიფაროს. განათება და წყალი ყველა სოფელში – ეს უნდა დასრულდეს 2018 წლის ბოლომდე. შემდეგი პროექტი იქნება საუბნო გზების მოწყობა, განსაკუთრებით იმ საუბნო გზების, სადაც მსუბუქ ავტომობილსა თუ  სასწარფოს გადაადგილება უჭირს, ან წვიმის დროს რთულია მისვლა. როცა ჩვენ ამ პროექტებს მოვრჩებით, დადგება გაზიფიკაცის საკითხი სოფლებში – სოფლის ცენტრებამდე მიყვანა და იქედან – ოჯახებამდე.

სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო პარტიები მოსახლეობას ყოველთვის გზის, განათებისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, რას ფიქრობთ, რამდენად მომგებიანია ერთი და იგივე დაპირებები ყველა არჩევნებზე? 

სოფლების დიდი ნაწილი შემოვიარე, ცენტრებამდე გზების  80%-ი თითქმის გაკეთებულია, ცენტრებში ამავე პროცენტულობით განათება გაკეთებულია, აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ 2018 წელს სრულად უნდა დასრულდეს ეს პროექტები.

არსებული პრობლემების მოგვარებას რა თანხა დასჭირდება?

2018 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის მოქმედი შემადგენლობით დგება, ჩემი არჩევის შემთხვევაში ბიუჯეტს დეტალურად გავივლით, შესაბამისად, მაშინ უფრო მეცოდინება რა თანხობრივი გადანაწილებაა საჭირო.

თუ არ არსებობს გათვლები, პირობითი ხომ არ არის თქვენი განცხადება, რომ 2018 წლამდე პრობლემები მოგვარდება?

გათვლები არსებობს, თუმცა ამ დროისთვის ხელთ არ მაქვს ბიუჯეტი, ის რომ 80% გაკეთებულია და 20%-ია დარჩენილი, ამის გაკეთება 2018 წლისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

 

 იცის თუ არა რამდენია ქედის ბიუჯეტი?

 10 მილიონამდეა.

 თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს პროგრამები?

ისეთი პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის შემოსავალს გაზრდის. ვიწყებ მუნიციპალიტეტის საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შედგენას. სტრატეგიული გეგმის შედგენის გამოცდილება მაქვს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც წარმატებით ხორციელდება, ჩემი აქტიური მონაწილეობითაა გაკეთებული, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მოწვეულ ექსპერტებსაც დავიხმარებთ. პირველ წელს ჩვენ ანალიზს ჩავატარებთ, თუ რა შესაძლებლობები, ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს. სტრატეგიის მიზანი იქნება სოციალურად დაცული და ეკონომიურად ძლიერი ოჯახები ჯანსაღ გარემოში. ყველა ჩვენი პროექტი, ხალხზე და ხარისხზე ორიენტირებული და სხვა პროექტებთან ინტეგრირებული იქნება, ისე, რომ პროექტები ერთმანეთთან კოორდინაციაში იყოს და არა ცალკე.

მუნიციპალიტეტში, სადაც მერობისთვის კენჭს იყრით, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალის წყარო სოფლის მეურნეობაა. როგორ გესახებათ ამ სფეროს განვითარება, რას უნდა მიენიჭოს პრიორტეტი და რატომ?

ჩვენ უნდა დავნერგოთ გარკვეული სწავლების ფორმები, ფერმერებს განათლების საშუალება უნდა მივცეთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში წამყვანი თანამდებობა გეკავათ, რა შეიცვალა თქვენი მუშაობის დროს ჯანდაცვის სისტემაში სოფლად? შუქის და წყლის გარეშე არიან სოფლებში სამედიცინო პუქნტები.

აჭარა არის ერთადერთი რეგიონი, რომელმაც შეინარჩუნა თემის სამედიცინო პუნქტები. როცა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა დავიწყე,  არა მხოლოდ შუქის, არამედ ყველა გადასახადს იხდიდნენ – გათბობისა და წამლების ფულს, ჩვენ მოვამარაგეთ წამლებით, კომუნალურ გადასახადებს ვუხდით, ელექტროენერგია გვრჩება სუსტ წერტილად. დარწმუნებული ვარ 2018 წლამდე მოხდება გამრიცხველიანება და შესაბამისად, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

ქედის მოსახლეობისთვის ადგილზე სამედიცინო მომსახურება თითქმის ხელმიუწვდომელია. საავადმყოფოს სპეციალისტები არ ჰყავს, უფრო მეტიც, კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტები რეანომობილს ბათუმში გადაჰყავს. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

არც ერთი ქვეყნის მუნიციპალურ დასახლებაში არ არის ისეთი საავადმყოფოები, როგორიც ცენტრებში. აქედან გამომდინარე, კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტის მოვლა გაცილებით დიდი რისკის შემცველია, ვიდრე მისი დროული გადაყვანა დიდ კლინიკებში. რეფერირების სისტემა სწორი სისტემაა. მსოფლიო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ რეფერირება ყველაზე სწორი გამოსავალია.

აჭარის მაღალმთიანეთშიმათ შორის ქედაშიც, დაბალი ანაზღაურება აქვთ საბავშვო ბაღების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. თქვენი მერობის შემთხვეაში, გადაიხედება თუ არა სახელფასო პოლიტიკა? 

ამ საკითხებს მაშინ გავივლით, როცა საშუალება მომეცემა სისტემურად შევხედო ბიუჯეტს, პირდაპირ არ შემიძლია დაპირება მივცე, რომ ჩემი მისვლისთანავე ხელფასები გაიზრდება.

როგორ წარმოგიდგენიათ ტურიზმის განვითარება სოფლად?

ამისთვის პირველ რიგში მოსახლეობის მოტივაციაა საჭირო, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ. მეორე ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეხმარონ მოსახლეობას საგრანტო პროექტების დაწერაში, მოსახლეობის ნაწილმა დამოუკიდებლად შექმნა ტურისტული ობიექტები, რომლებიც წარმატებულად მუშაობს.

თქვენ ისაუბრეთ მოსახლეობის ჩართულობაზე, რაც შეეხება სახელმწიფოს ჩართულობას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

სახელმწიფო აკეთებს ამისთვის იმას, რაც მნიშვნელოვანია, ანუ  სადაც ბიზნესის განვითარება შეიძლება, ჩვენი დახმარება იქნება ხელი შევუწყოთ კარგი პროექტის დაწერაში. თანხის პრობლემა არ არის, უფრო მნიშვნელოვანია დავეხმაროთ კარგი პროექტის დაწერაში.

ქედაში დაგეგმილია ჰესების მშენებლობა. რამდენად გაითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს პროექტის განხორციელებისას?

განსხვავებით  იმ პროექტებისა, სადაც იყო გვირაბების  გაყვანა აფეთქებით, აქ ასე არ იქნება. აქ იქნება სპეციალური ტექნიკა, ამიტომ ნაკლები შემხებლობა იქნება მოსახლეობასთან დაზიანების თვალსაზრისით. სხვა დანარჩენი თუ პრობლემა იქნება, მოსახლეობასთან ერთად ვიმუშავებთ, მე აუცილებლად ჩავერთვები ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომ ყველაფერი მოფიქრებული და ზუსტად გათვლილი იყოს.

პირველადი გეგმით გვირაბი გეოლოგიურად აქტიურ ზონაში, სოფელ ჯალაბაშვილებში უნდა გასულიყო, თუ პროექტი არ შეიცვლება, წახვალთ პროექტის წინააღმდეგ?

პირველადი გეგმა შეიცვალა, თუ კითხვითი ნიშნები დარჩება, პროექტს  ხელი მანამდე არ მოეწერება, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა არ დაიდება მოსალოდნელი ზიანის შესახებ.

ქედაში წამყვან პოზიციებზე ქალები თითქმის არ გვხდებიან, რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალები იყვნენ წამყვან პოზიციებზე? 

მე ვემხრობი გენდერულ თანასწორობას, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია და არის კადრი, დაინტერესებული ვარ მეტი ქალი ჩაერთოს მართვაში.

თუმცა პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, არც ერთი მაჟორიტარი ქალი კანდიდატი არ ჰყავს ქედაში, პარტიულ სიაშიც მხოლოდ რამდენიმე ქალია. ამ საკითხებზე არ იმსჯელეთ?

ქალბატონებს სურვილი არ გამოუთქვამთ, ალბათ, თორემ ჩასვამდნენ.

თუ აგირჩევენ ქედის მერად, იმ პოზიციებზე, რომლებზეც გამგებელი ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს, შეიცვლება თუ არა კადრები?

არანაირი რეორგანზაციის, რესტრუქტურიზაციის და დათხოვნის წინასწარი ხედვა არ მაქვს, ყველა ადამიანის რაღაც სფეროში გამოყენება შეიძლება.

ყველა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ ნიშნით ხდებოდა თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლება, თქვენს შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას?

გადახედეთ ჩემს წინა სამსახურებს, არც ერთ შემთხვევაში ეს არ მომხდარა… ჩემი ნათესავიც არ მიმიყვანია ვიღაცის ნაცვლად. თუ ვაკანსია გაჩნდებოდა, ობიექტურად ინიშნებოდა კადრი.

შუახევის სასამართლომ სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა

შუახევის მუნიციაპალიტეტის სოფელ სხეფის მასწავლებელი მარინა დარჩიძე, რომელმაც ფეისბუკის გვერდზე „ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების ფოტო გამოაქვეყნა, დღეს, 2 ოქტომბერს, შუახევის მაგისტრი სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა ათასი ლარით დააჯარიმა.

პედაგოგს ბრალი ედებოდა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის გამართვას იმ ადგილებში, სადაც კანონით აკრძალულია.  საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, შუახევის 82-ე საოლქო კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა, რის შედეგად შედგა სამართალდარღვევის ოქმი და გადაიგზავნა სასამართლოში.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა ბერძენიშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე არ გაჟღერებულა, ვინ მიიტანა „ქართული ოცნების“ დროშები სკოლაში. „ბავშვებმა თქვეს, უფროსკლასელებმა მოგვცესო. სხვა რაიმე სახის პოლიტიკურ კამპანიაზე ეჭვები არ ყოფილა,“ – ამბობს ის.

სასამართლო გადაწყვეტილებამდე მარინა დარჩიძეს საყვედური სკოლის დისციპლინარულმა საბჭომაც გამოუცხადა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს

მოსამართლე ლევან გელოვანი ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს ცნიბილი საპროტესტო აქციის შემდეგ, თავდაპირველად ადმინისტრაციული დარღვევისთვის, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი.

ლაშა დეკანაძე ერთადერთია, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის აღიარებაზე უარს ამბობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იმ სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადგინდა. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო, ლაშა დეკანაძეს მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ამ პატიმრობის მოხდის შემდეგ წაუყენა ბრალი პროკურატურამ ლაშა დეკანაძეს სისხლის სამართლის წესით იგივე „ბათუმის აქციის საქმეზე“.

„ერთი და იგივე ქმედება სამართლებრივად ვერ იქნება ადმინისტრაციული დარღვევა და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაული,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ადმინისტრაციულ პროცესზე პოლიციელებმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს უთხრეს, რომ ლაშა დეკანაძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა პოლიციელების მისამართით და არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების მოთხოვნებს.

ამ პროცესზე, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა შეუფარდეს, პოლიციელებს არაფერი უთქვამთ ლაშა დეკანაძის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე, ანუ მასობრივ ძალადობაზე, რასაც ახლა ედავება პროკურატურა ბრალდებულს.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელებზეც, რომლებიც სალიხ შაინიძესთან გამართულ პროცესზე საუბრობენ საზოგადობერივი წესრიგის დარღვევაზე და არა მასობრივ ძალადობაზე.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორის ჩვენებას მოისმენს, ვინც 11 მარტის აქციას აშუქებდა. ოპერატორს მოწმის სახით დაცვის მხარე წარმოადგენს.

დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუკი მასობრივი ძალადობა დაუდასტურდება ლაშა დეკანაძეს, მას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სამართალდამცველებმა სულ 21 პირი დააკავეს, აქედან 18-ს, ბრალის აღიარების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ისინი მასობრივი ძალადობისთვის გაასამართლეს.

ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი: მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება გამოძიება.

ქობულეთის გამგებელი: დამეწყრილ გზებს წვიმის გამო ვერ ვწმენდთ

ქობულეთის გამგაბლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ალამბარში, რის გამოც რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. გამგებელი ამბობს, რომ გზის გაწმენდა ამ დროისთვის არ ხერხდება.

„როგორც გეოლოგებმა მითხრეს, აზრი არ აქვს სამუშაოების დაწყებას, რადგან სანამ წვიმა არ შეწყდება, სამუშაოების დაწყება საშიშია“-ამბობს გამგებელი.

მისი თქმით, რვა ოჯახს, რომელიც ამ დროისთვის უგზოდაა  დარჩენილი, საფრთხე არ ემუქრება. „არის მეწყერის პატარ-პატარა კერები, მაგრამ გაწმენდა ვერ ხერხდება. სოფელ ლეღვაში იყო ტექნიკა ასული, მაგრამ ვერ იმუშავა, ძლიერი წვიმის გამო“ – ამბობს გამგებელი.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა ქობულეთში ათამდე ოჯახს მანამდეც შეუქმნა საფრთხე. აღნიშნული ოჯახები დღემდე მეზობლებს აფარებენ თავს. როგორ სულხან ევგენიძე ამბობს, დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხას  გეოლოგების დასკვნების ოფიციალურად მიღების შემდეგ გამოუყოფენ.

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთსა და ჩაქვში ადიდდა მდინარეები, ზოგან მდინარე კალაპოტიდან გზაზე გადმოვიდა:

ჩაქვი / 2.10.2017
ჩაქვი / 2.10.2017
ჩაქვი / 2.10.2017
ჩაქვი / 2.10.2017
ჩაქვი / 2.10.2017
ჩაქვი / 2.10.2017 / მირზა კონცელიძის ფოტოები

ავარია მახუნცეთში – დაშავდა ორი ადამიანი

ქედაში, მახუნცეთთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სამი ავტომობილი გახდა.

გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავარია მახუნცეთში
ავარია მახუნცეთში
ფოტო შემთხვევის ადგილიდან
ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით

ბათუმის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს  ბათუმის მერობის კანდიდატებთან. დღეს, 2 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან, პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა.

კანდიდატმა მოკლედ ისაუბრა საარჩევნო პროგრამის დეტალებზე, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. პირველი კითხვა ქალაქში პარკინგის პრობლემასთან და უსახურ მშენებლობებთან დაკავშირებით დაისვა.

მერობის კანდიდატის თქმით, აშენებულ უსახურ შენობებს უკვე ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ძალადობრივი მექანიზმები მიუღებელია: „თუმცა, შესაძლოა ასეთი ტიპის სახლები გავალამაზოთ. შესაძლებელია გამწვანების კერების გაჩენა ტერასებზე, სახურავი შეგვიძლია გავამწვანოთ ან ვერანდები და ამან შესაძლებელია ცოტათი იერ-სახე შეუცვალოს უსახურ სახლებს. ასევე, მშენებლობის რეგულაციები, რაც არსებობს, მომავალში მკაცრად იყოს დაცული და აღარ დავუშვათ ასეთი ტიპის სახლების აშენება“.

რაც შეეხება პარკირებას, კანდიდატის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუკი ყველა აშენებულ სახლს ექნება პარკირების ადგილი გათვალისწინებული: „გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საზოგადოებას და დავაწესოთ სეირნობის დღე,  სხვადასხვა აქტივობები, სპორტული ღონისძიებები, რომ მეტი ადამიანი წავახალისოთ ფეხით სეირნობისთვის“.

პეტრე ზამბახიძის საარჩევნო ბუკლეტში აღნიშნულია, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ყოველწლიურად 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აპირებს სამუშაო ადგილების შექმნას და კონკრეტულად რა სფეროში? პეტრე ზამბახიძე ამბობს:

„ქალაქს არ აქვს განვითარების გეგმა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ამ გეგმის შემუშავებით მიიღწევა ახალი სამუშაო ადგილებიც. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით. მე ვგულისხმობ გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას, რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი, რადგან ეს არის საშუალება ბათუმის ბულვარი კიდევ უფრო დაგრძელდეს და საინტერესო გახდეს, გონიოს ტერიტორია კი კიდევ უფრო მეტად გახდეს საინტერესო ინვესტორებისთვის. ყოფილი პოლიგონის ადგილზე კი მოხდეს ახალი პროექტების განხორციელება, რომელიც ასევე შექმნის დასაქმების ადგილებს“.

პეტრე ზამბახიძის თქმით, ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით: „ისეთი ქოთნებით, რომელიც ქალაქის კომუნიკაციას და ინფრასტრუქტურას ხელს არ შეუშლის, მაგრამ ეს იქნება პატარა ხეების დონეზე. სადაც საშულება არის, იმ წესებით გამწვანდება, რომელიც აქვს შემუშავებული გამწვანების სამსახურს“.

კითხვა დაისვა კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის შესახებ. პეტრე ზამბახიძის თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, თუმცა უნდა მოხდეს იმ ადამიანების ინტერესების გათვალისწინებაც, ვინც ამ სტატუსის მქონე სახლებში ცხოვრობს:

„ძველ ბათუმში ცხოვრობს ბევრი ოჯახი და მათ სურთ ინვესტორის მოყვანა – აღარ მოსწონთ მოძველებული სახლის ინფრასტრუქტურა და უნდათ პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ინვესტორები ვერ მიდიან ხშირ შმთხვევაში იმიტომ, რომ გარიგება არ აქვთ, რომ შეძლებენ ამ ადგილზე მრავალსართულიანი სახლის აშენებას, ამიტომ, ამ ზღვარზე უნდა გავიაროთ და მოსახლეობის ინტერესებიც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ბათუმის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ბათუმის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს.
პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა.

ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფო ქონება თვითნებურად დაიკავეს?

ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში თვითნებურად შეიჭრნენ – საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო. მოსარჩელე თამარ თანდაშვილია, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო მის მიმართ ღირსების უფლებას და თანასწორობის პრინციპს არღვევს. თამარ თანდაშვილს გუდამაყარში, ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში აქვს ფართობი თვითნებურად დაკავებული.

მოსარჩელე მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებულ განკარგულებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, თუკი მას სახელმწიფო ქონება უკანინოდ აქვს დაკავებული.

ამავე განკარგულების მიხედვით, თუკი სახელმწიფი თანხმობას განაცხადებს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება და სოციალური დახმარების მიღებაც თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე.

„ასეთი რამდენიმე ობიექტია საქართველოში, სადაც თვითნებურად შესახლებულები ცხოვრობენ და სიციალურ შემწეობას იღებენ,“ – ამბობს მარიამ გეგაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი. ეს ორგანიზაცია მოსარჩელის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში.

მარიამ გეგაძე კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებასა და თანასწორობაზე აკეთებს აქცენტს. ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ეს მიდგომა არაპროპორციულია, არ შეიძლება ადამიანი ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე დატოვო და ამასთან, „მიზანი, რომ ვინმე თვითნებურად სადმე არ შეიჭრას, მიღწეული არ არის“ – დასძენს მარიამ გეგაძე.

სასამართლო პროცესზე მოპასუხე საქართველოს მთავრობაა, რომლის წარმომადგენელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

რა ხდება ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ მიმართებით, სადაც ადამიანები თვითნებურად დაკავებულ ფართობებში ცხოვრობენ და სოციალურ შემწეობასაც იღებენ? – „ბათუმელებს“ სიციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თემურ ქარცივაძემ უთხრა, რომ მთავრობის აღნიშნული განკარგულება ეხება სახელმწიფო შენობა-ნაგებობებს და არა მიწას, სადაც ადამიანებმა ქოხები და სახლები ააშენეს.

IMG_20171002_120752

„ექსპერიმენტული მუსიკა არ მიდის კომპრომისებზე“

Black Sea Sound-ი ექსპერიმენტული, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ბათუმში 2014 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიმდინარეობისას ყოველ წელს ალტერნატიული, საავტორო მუსიკის კონცერტები, ვორქშოპები და შეხვედრები ტარდება მუსიკოსებთან. ფესტივალის მიზანი საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენაა, რომლებიც ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნიან. სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით მუსიკოსები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ.

Black Sea Sound-ის დამფუძნებელი, ლევან გელიაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის მთავარი ამოცანა რეგიონში მცხოვრები მუსიკოსების მხარდაჭერაა, რომლებიც ფესტივალის პერიოდში შეძლებენ ივენთმენეჯერების, პროდიუსერების გაცნობასა და გამოცდილების, კონტაქტების გამრავალფეროვნებას.

22199360_1574848069220634_1280320349_o

30 სექტემბერს, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მუსიკოს ქუჯი დავითულიანის სემინარი ჩატარდა ფესტივალის ფარგლებში. თემა ელექტრონული მუსიკის წარმოშობას და მეოცე საუკუნის 50-იან წლებს ეხებოდა, პერიოდს, როცა ელექტრონული მუსიკა ჯერ კიდევ არ არსებობდა იმ სახით, როგორც დღეს არსებობს.  ქუჯი დავითულიანი ილიას უნივერსიტეტსა და თბილისის კონსერვატორიაში ასწავლის და ექსპერიმენტულ, ელექტრონულ მუსიკას ქმნის. საღამოს დასასრულს მან 45 წუთიანი კომპოზიცია დაუკრა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში შეკრებილი მსმენელისთვის.

  • ქუჯი, კიდევ რას ეხებოდა შენი  დღევანდელი სემინარი?

გარდა ელექტრონული მუსიკის წარმოშობისა, ვისაუბრეთ პირველ ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და მუსიკალურ აპარატებზე, რომელთა საშუალებითაც პირველად შეიქმნა ელექტრონული საუნდი. ვისაუბრეთ ელექტრონული მუსიკის პიონერებზე, ფრანგული ექსპერიმენტული მუსიკის მკვლევართა ჯგუფზე: კლუბ დესაიზე, პიერ შეფერზე, გერმანიისა და კიოლნის სტუდიაზე. გავავლეთ პარალელები ელექტრონული მუსიკის ამერიკელ და იაპონელ პიონერებთან. ვისაუბრეთ ასევე იმ გავლენაზე, რომელიც ელექტრონული მუსიკის პირველმა წლებმა მოახდინა შემდგომ განვითარებასა და დღევანდელ მუსიკაზე.

  • რომელი იყო პირველი ელექტრონული ინსტრუმენტები და ვინ იყვნენ შემქმნელები?

უნდა ვახსენოთ აუცილებლად ტადეუს კაჰილი და მისი გამოგონება ტელ ჰარმონიუმი, ასევე ლეონ ტერემინი, რომელმაც ტერევინ ვოქსი და რიტმიკონი შექმნა და ა.შ.

შემდგომ უკვე თუ ელექტროაკუსტიკურ მუსიკაზე, როგორც ელექტრონული მუსიკის ჟანრზე ვისაუბრებთ. ვერ ავცდებით პიერ შეფერს,  კარლჰანც შტოკჰაუზენს, ჯონ კეიჯს, ბერნარ პარმაჯანს, იაპონელებიდან კი ტორე ტაკემიცუს.

  • რა ნიშა აქვს ელექტრონულ მუსიკას ქართულ მუსიკალურ სივრცეში?

ელექტრონული მუსიკის გარკვეული მიმართულებები საკმაოდ პოპულარულია, მაგალითად ტექნო. თბილისში რამდენიმე კლუბი არსებობს, რომელიც არ უჩივის მსმენელის რაოდენობას, თუმცა მუდმივი სცენა საქართველოში ელექტრონული მუსიკის სხვა ჟანრებს არ აქვს და მხოლოდ ცალკეული ივენთების, ფესტივალების ამარაა დარჩენილი, რაც კარგი არ არის.  მხოლოდ ერთი ჟანრის განვითარება ელექტრონულ მუსიკას ვერ განავითარებს.

  • არსებობს თავისუფალი, ექსპერიმენტული მუსიკის სივრცე, სადაც დაინტერესებული ადამიანები იმუშავებენ? ან უკვე ჩამოყალიბებულ არტისტს, რომელიც ამ მიმდინარეობის მუსიკას ქმნის, შეუძლია თუ არა საქართველოში მხოლოდ მუსიკით თავის გატანა?  

საკმაო გამოცდილების მქონე, ჩამოყალიბებულ არტისტებსაც კი ჩვენთან აუცილებლად აქვთ რაღაც სხვა საქმე, მცირე ბიზნესი მაგალითად, რითაც თავს ირჩენენ. მუსიკით ვერ იცხოვრებ საქართველოში.

თავისუფალი სივრცე გვაქვს ილიას უნივერსიტეტსა და კონსერვატორიაში, სადაც მე ვასწავლი. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და იმუშაონ, ისწავლონ. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. საქართველოში სხვაგან არსადაა მსგავსი ცენტრები.

საერთოდ კულტურა არ არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, არხიც კი არ გვაქვს, რომელიც მხოლოდ კულტურას გააშუქებს. კულტურა არ არის პრიორიტეტი მასმედიისთვისაც, რაც ჩანს იქიდან, რომ მხოლოდ  პოლიტიკური ამბები შუქდება დიდი დოზით. თუ ქვეყნისთვის კულტურა არაა პრიორიტეტი, შეუძლებელია საზოგადოების მენტალური ცვლილებები უკეთესობისკენ.

უნდა ფინანსდებოდეს მეტი პროექტი კულტურული არეალის გასაფართოებლად, მეტ ნიჭიერ ადამიანს უნდა შეეძლოს საზღვარგარეთ სწავლა. ისეთი არტისტები უნდა ჩამოდიოდნენ, რომელთა მოსმენაც მარტო გართობასთან არ იქნება ასოცირებული და რაღაც უფრო მეტს მისცემს ადამიანს, ვიდრე უბრალოდ ერთი დღის ხალისიანი გატარებაა.

22171604_1574187355953372_1488016436_o

  • ცოცხლად უკრავდი 45-წუთიან კომპოზიციას მსმენელის თვალწინ. ხარ თუ არა დამოკიდებული მსმენელის რეაქციაზე ლაივებისას თუ შენთვის მთავარია უბრალოდ  სათქმელი გადმოსცე?

უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი იმპროვიზაცია არ არის დაკვრისას, არის რაღაც ძირითადი ჩონჩხი და მერე რა თქმა უნდა რაღაცებს სპონტანურად ვამატებ. მსმენელის რეაქციაზე ნაკლებად ვარ დამოკიდებული. ეს ექსპერიმენტული მუსიკაა, რომელიც არ მიდის კომპრომისებზე და არის ის, რაც არის.

მუსიკოსები, რომლებსაც მსმენელის რეაქციები მართავენ, ქმნიან მეინსტრიმულ მუსიკას. სრულიად თავისუფალი არ ვარ რა თქმა უნდა, რადგან გარემოში ადამიანები ერთად ვცხოვრობთ და გადაჯაჭვულები ვართ ერთმანეთთან. გარკვეულწილად ყველაფერი ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ გამიზნული გავლენის მსხვერპლი არ ვარ.

______________

Black Sea Sound-ის ფარგლებში ნოემბრის ბოლომდე კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მუსიკოსები კონცერტების ორგანიზებაზე, მენეჯმენტზე, პროდიუსინგზე, ექსპერიმენტული მუსიკის სხვადასხვა მიდგომებსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე მოისმენენ პროფესიონალების სემინარებს.

ვორქშოპების განრიგი პერიოდულად Black Sea Sound-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება. 

პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა

ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი, ნინო ბაციაშვილი მამაკაცთა შორის გროსმაისტერი, დიდოსტატი გახდა. საჭადრაკო ტურნირზე, რომელიც ინგლისში მიმდინარეობდა, ნინომ რეიტინგს – 2500-ს გადააჭარბა და  მალე ფიდეს კონგრესზე მიანიჭებენ უმაღლეს წოდებას ჭადრაკში.

„საერთაშორისო ტურნირი ინგლისში მიმდინარეობდა, კუნძულ მენზე, სადაც ნინომ არაჩვეულებრივად ითამაშა, ფაქტობრივად წაგების გარეშე, მათ შორის მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებთან. ნინო დიდი ხანია მიდის ამ შედეგისკენ და უახლოეს დროში მას მიენიჭება დიდოსტატის წოდება. ეს ჭადრაკში უმაღლესი წოდებაა, რომელიც მან მოიპოვა. დიდოსტატის წოდება მის რეიტინგსაც მნიშვნელოვნად გაზრდის“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ.

ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღო და 36-ე ქალი მსოფლიოში, რომელსაც გროსმაისტერის წოდება აქვს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება აქვს ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.

მთავარ ფოტოზე: ნინო ბაციაშვილი. ფოტო: Chess.com

_________________________________________

ამავე თემაზე: 

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი 

„ნონას“ მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ჭადრაკის განვითარება იქნება 

 

 

სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე

ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი: „სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ“.

ოფიციალური ინფორმაციით, ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, „რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით, თუ რისი ნახვაა შესაძლებელი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას“.

გამოფენის გარდა, ევროპის მოედანზე რეგიონში წარმოებული პროდუქციის  გაყიდვაც იგეგმება, „მოხდება უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები“.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები. სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდებიც დაუკრავენ.

ფესტივალის ბიუჯეტი 95 ათასი ლარია.

ხალას მეჩეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მეჩეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ავარიულ მდგომარეობაშია.

ხალას მეჩეთის სარემონტო სამუშაოებს სააგენტო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 28 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ძეგლზე ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: არსებული სახურავის დემონტაჟი; ლამინირებული პარკეტის ფილის მოწყობა იატაკებზე; შეკიდული ჭერის მოწყობა მუყაოთაბაშირის ფილებით ლითონის კარკასზე; ლითონის კარების მოწყობა და შეღებვა; ხის კონსტრუქციების ცეცხლდაცვა; სახურავის ბურულის  მოწყობა მწვანე ფერის პროფილური ფენილით და სხვა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ხალას მეჩეთი / ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
ხალას მეჩეთი / ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
xalaa
სოფელი ხალა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

100 000 ლარი სამინისტროებში თანამდებობის პირების ცნობიერების ასამაღლებლად

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო სამინისტროებში დასაქმებულ თანამდებობის პირებს ტრენინგებს ჩაუტარებს, რისთვისაც 100 ათასი ლარის ფარგლებში სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებაში შედის – ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება, საკონფერენციო/სატრენინგო/სამუშაო დარბაზით მომსახურება, კვებითი მომსახურება, ტრენინგის მონაწილეთა ტრანპორტირება. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 150 კმ-მდე რადიუსში.

საუბარია ტრენინგზე, რომლის სახელწოდებაა – „ცნობიერების ამაღლება საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექნიზმებზე“. ამ ტრენინგის ჩატარებას გეგმავს ბიურო ჩინოვნიკებისთვის ეტაპობრივად.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით დაფინანსების წყარო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიზნობრივი გრანტია. ტენდერის პირობების მიხედვით კი, ტრენინგებში მონაწილეთა სამიზნე ჯგუფს სამინისტროებში დასაქმებული თანამდებობის პირები წარმოადგენს. სულ 10 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი. ტექნიკური დავალება იხილეთ ამ ბმულზე.

ტრენინგების ჩატარების დრო:

I ტრენინგი: 2017 წლის 01-02 ნოემბერი;
II ტრენინგი: 2017 წლის 03-04 ნოემბერი;
III-IV ტრენინგი: 2017 წლის 06-07 ნოემბერი;
V ტრენინგი: 2017 წლის 08-09 ნოემბერი;
VI-VII ტრენინგი: 2017 წლის 13-14 ნოემბერი;
VIII ტრენინგი: 2017 წლის 15-16 ნოემბერი;
IX-X ტრენინგი: 2017 წლის 20-21 ნოემბერი.

 

რატომ ვერ აამუშავა მერიამ საათი ჭაჭის თაუერზე

ბათუმის ნავსადგურთან სკვერში მდებარე ჭაჭის თაუერზე საათი არ მუშაობს. 19 ათასი ლარი საათის შესაკეთებლად მუნიციპალიტეტმა ორი თვის წინ გამოყო. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საათის ამ დრომდე შეკეთება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ შესაბამისი სპეციალისტი საქართველოში ვერ ნახეს.

„საათი მიმდინარე წლის მაისის თვიდან არ მუშაობს, მეხი დაეცა კოშკს და მაშინ დაზიანდა. რამდენიმე სპეციალისტმა ნახა საათი და ორ-სამ დღეში მეტყვიან კონკრეტულ პასუხს მოახერხებენ თუ არა შეკეთებას. ძვირადღირებული საათია, რთული მექანიზმით, რომელიც ჩვენს, ასე ვთქვათ, გარემოზე არ არის მორგებული. დენის ძაბვის ცვალებადობაზე მყისიერად რეაგირებდა, დამცავიც დავუყენეთ, მაგრამ შედეგი არ იყო. თუ ადგილობრივი ძალებით ვერ მოხერხდა შეკეთება, ალბათ, ტენდერის გამოცხადება მოგვიწევს დაზიანებული დეტალის შესაძენად. ამ დეტალს კი, მხოლოდ გერმანიაში ამზადებს ის კომპანია, ვისი დამზადებულიცაა თვითონ ეს საათი“ – ამბობს ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე.

მისივე თქმით, ტენდერი რომც გამოცხადდეს, არ არის დარწმუნებული რომ ის კომპანია, რომელიც ამ დეტალს ამზადებს, მონაწილეობას მიიღებს, „არ უღირთ. მიუხედავად იმისა რომ  ფული გვაქვს, ვერ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ სპეციალისტები არ გვყავს ქვეყანაში“. კითხვაზე, რატომ არ მიმართეს შესყიდვების სააგენტოს პირდაპირი შესყიდვის ნებართვისთვის, ალექსანდრე თევზაძე ამბობს რომ სააგენტო ძირითადად უარს ამბობს, ამიტომ მიმართვისგან თავს იკავებენ.

თაუერის ირგვლივ ბალახიც გასაცელია. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მერიის გამწვანების სამსახურის პრეროგატივაა. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური კი 1 ტონა დასათესი ბალახის თესლს ყიდულობს, რისთვისაც 20 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ჭაჭის თაუერის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილი არა მარტო ბათუმის, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და კერძო კომპანიის საკუთრებაშიცაა. ბალახის საფარი კი დღეს ყველგან მოუვლელია.

IMG_20170930_180215
ბათუმი , ჭაჭის თაუერი / 30.09.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170930_181027IMG_20170930_181921

ამავე თემაზე:

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

მთავრობის გეგმები „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაფრთხილება

„პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატი: ეკლესიამ ნაკლები უნდა იფიქროს გამდიდრებაზე

რევაზ ზოიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში. იგი  ამბობს, რომ  27 წელია შუახევში აღარ ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მერობა და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო რევაზ, როდის მოხვედით პოლიტიკაში და რატომ გინდათ გახდეთ მერი?

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი ერთი თვის წინ, მანამდე პოლიტიკაში არ ვიყავი. ახალი ნაბიჯებია ჩემთვის პოლიტიკაში. მანამდე პარტიული კომიტეტის მდივნად ვმუშაობდი კოლმეურნეობაში, შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. შემდეგ, საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე და ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. ვმუშაობდი აჭარის არქიტექტორთა კავშირის სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი სამეწარმეო საქმიანობას ვეწეოდი.

რა ბიზნესი გაქვთ?

მინერალური სასუქების რეალიზაციას ვეწევი.

ბათუმში რამდენი ხანია რაც ცხოვრობთ?

27 წელია ვცხოვრობ აქ.

ამდენი ხნის შემდეგ მუნიციპალიტეტში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ, ან რამდენად კარგად იცით იქ მცხოვრებთა საჭიროებები?

ბათუმში კი ვცხოვრობ, მაგრამ როგორც ერთ-ერთი რიგითი შუახეველი, არასდროს ვყოფილვარ მაყურებლის როლში და ამჯერადაც მინდა ხალხის სამსახურში, მერობის პოზიციაში ვიყო.

რა პროგრამით აპირებთ ხალხის სამსახურში დგომას, შეგიძლიათ გვითხრათ?

პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება. სოფლის მეურნეობა დარგების და სოფლების მიხედვით უნდა განვითარდეს. შეიძლება მეცხოველეობა განვავითაროთ ისეთ ადგილას, სადაც ამის პირობებია. მაგალითად სოფელ გოგაძეებში, ტბეთში, ინწკირვეთში, უჩამბა, ნაღვარევი – ამ სოფლებში შეიძლება განვითარება. დღესდღეობით რძის პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს, ძვირია და შეიძლება პერსპექტიულ მეურნეობად ჩაითვალოს. მთავარია რეალიზაცია. ამ პრობლემის გადაჭრას ვხედავ იმაში, რომ ბათუმში უნდა აშენდეს სპეციალური ბაზარი, სადაც მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტში ნაწარმოები და მოწეული პროდუქტი უნდა გაიყიდოს. ხალხმა არ იცის, რომ ჩვენთან მოწეული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა.

ვინ უნდა ააშენოს ეს ბაზარი და რომ არ აშენდეს?

უნდა აშენდეს. ან ცენტრალურ ბაზარში უნდა შევქმნათ სექცია. რაც შეეხება ტურიზმს, მე თვითონ მაქვს საოჯახო ტურიზმი და მაქვს ამის გამოცდილება. ურთიერთობა მაქვს უცხოელებთან და ვიცი, როგორ უნდა განვითარდეს ეს სფერო. ყველა ოჯახში პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და კადრები უნდა მომზადდეს. მუნიციპალიტეტში სპეციალური განყოფილება უნდა შეიქმნას ტურიზმის, რომ დაეხმაროს სოფლის მოსახლეობას ამ ბიზნესის განვითარებაში.

შუახევში არსებობს სამთო კურორტი, თუმცა ვერ მოხდა მისი განვითარება. 

ზამთარში ძალიან დიდი თოვლი მოდის იქ და გზების გაწმენდა სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ საზაფხულო ტურიზმი უფრო იმუშავებს. ავიღოთ ღომას მთა, საზღვრისპირა მთაც არის და თუ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ეს იქნება ხელმისაწვდომი ტურისტისთვის. მიზნობრივად თუ გამოვიყენებთ ბიუჯეტს, შუახევის ბიუჯეტი ამ ყველაფერს გაწვდება. ტურიზმმა უნდა შეავსოს გლეხის ბიუჯეტი.

რამდენია ახლა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი?

როგორც მე ვიცი 6 მილიონია, მაგრამ ამბობენ 15 მილიონი… გარდა ამისა, ჰესიდან მონაგები უნდა განაწილდეს სოფლების მიხედვით მიზნობრივად. ახლა გამგეობას აქვს დაჭერილი ბიუჯეტი და სოფლებში არ განაწილდა.

სხვა რა პრობლემებს ხედავთ შუახევის მუნიციპალიტეტში და როგორ ხედავთ მისი მოგვარების გზებს?

სოციალურად დაუცველი ფენების საკითხია მოსაგვარებელი. ამ ხალხს ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ სოციალურ შემწეობას აღარ იღებდნენ. არის ასეთი მთა, „მთაპერანგა“ სადაც შეიძლება ეროვნული პარკი შევქმნათ და კოტეჯები განთავსდეს. ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და პატარა, 5-10 სულიანი მეცხოველეობის ფერმები უნდა გაკეთდეს, იქ მისული ტურისტი სუფთა პროდუქტს მიიღებს. ჩვენ ამ ოჯახებს ბიუჯეტიდან გამოვუყოფთ ფულს სესხის სახით და განვავითარებთ.

შუახევის მუნიციპალიტეტი თუ არის თქვენი აზრით ადაპტირებული შშმ პირებისთვის და რა გაქვთ პროგრამაში, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

ეს ძალიან ღრმა თემაა და მე ჯერ არ მაქვს ამ საკითხთან შეხება, მაგრამ ეს თემაც მოგვარებადი იქნება.

ეს ნიშნავს რომ შშმ პირებზე არც წინასაარჩევნოდ გიფიქრიათ?

არ მიფიქრია, რადგან რთული თემაა. ვთქვათ ინწკვირეთში, ან შუბანში როგორ დაეხმარო მათ – სხვა თემაა და ქალაქი – სხვა თემა.

თუკი გახდებით მერი, როგორ მოხდება სახელმწიფო რესურსების განკარგვა. ვთქვათ უძრავი ქონების – შენობების, მიწის და ა.შ.?

ტყე უნდა დაიცვას მუნიციპალიტეტმა, რადგან ხალხის ხელში თუ მოექცა, განადგურდება. ვფიქრობ, ჰესების აშენების დროს ტყის მასივი რაც განადგურდა, იმის აღდგენაც უნდა მოხდეს.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე რას ფიქრობთ? ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფო ქონება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაეცემა ეკლესიას. თქვენი პოლიტიკა როგორი იქნება ამ მიმართულებით?

ჩემი პოზიცია ცოტა უარყოფითია ამ მიმართულებით. ეკლესია უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ზედმეტი ჭამაც ორგანიზმისთვის მავნეა. უკეთესია ეკლესია შშმ პირებს დაეხმაროს, ეს უფრო უკეთესი იქნება და ნაკლები იფიქროს გამდიდრებაზე. გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა.

ავტობანი – როდის დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ზედამხედველობას ავსტრალიური კომპანია გაუწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SMEC lnternational Pty. Ltd of Australia-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება [ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობა], რომლის პროექტიც თავის დროზე საქართველოს მთავრობამაც მოიწონა, უკვე გაფორმებულია.

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ ააშენებს. რაც შეეხება უშუალოდ გზის მშენებლობას, შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, მანამდე მშენებელ კომპანიას მოსამზადებელი პერიოდი აქვს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ უკვე შეარჩია ტერიტორია, სადაც სამშენებლო მოედანს მოაწყობს [განათავსებს ოფისს, ტექნიკას…]. ჩვენი იფორმაციით გზის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკა კომპანიას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აქვს.

სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.  ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე [ბათუმი(ჭოროხი)-სარფის] მონაკვეთს, ის გზების ქსელის განვითარების გეგმაშია, თუმცა სად გაივლის კონკრეტულად ახალი გზა, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

gzebis qselis ganviTarebis gegma
საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის განვითარების გეგმა

ამავე თემაზე:

ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიისგან დაბრუნებულ ქონებას სამინისტრო ასხვისებს

8,2 მილიონი ლარი „ჭოროხის გზისთვის“ და დასაგეგმი ავტობანი

 

ბათუმში 13 მუნიციპალურ საბავშვო ბაღს ციფრულ ფორტეპიანოებს გადასცემენ

13 ციფრულ ფორტეპიანოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება შეისყიდის, რისთვისაც 34 190 ლარია გათვალიწინებული. გაერთიანების ინფორმაციით, ახალ პიანინოს ბათუმში მოქმედი 32-ივე ბაღი ითხოვდა, თუმცა მათგან, ამ ეტაპზე, შეაჩიეს მხოლოდ 13.

„საბავშვო ბაღებში არსებული პიანინოები მოძველებულია, თუმცა ამ 13 ბაღში იმდენად, რომ რეაბილიტაცია-შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ მათთვის ახალ პიანინოებს შევიძენთ. რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, იქ არსებული ინსტრუმენტები ექვემდებარება შეკეთება-აწყობას“ – გვითხრა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნატალია ზაქარეიშვილმა.

თითო ცალი ციფრული ფორტეპიანო გადაეცემა გაერთიანების შემდეგ საბავშვო ბაღებს: N1, N3, N4, N5, N8, N12, N16, N17, N19, N23, N30, N32 და N33 საბავშვო ბაღს.

ფორტეპიანოებზე საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 1 წელი უნდა იყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება, ბაღებს კი ფორტეპიანოები ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მიაწოდოს.

მიმწოდებელი, რომელსაც გაერთიანება ტენდერით შეარჩევს, ვალდებული იქნება საქონლის მიწოდების დროს 13 მუსიკის მასწავლებელს გააცნოს ციფრული ფორტეპიანოს გამოყენების სრული წესები.

„ეს არის ე.წ. მძიმე პიანინო, არის ელექტრო, რომელსაც ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს და ამასთან ის ორ ადამიანს შეუძლია, საჭიროებისამებრ, თავისუფლად გადააადგილოს“ – ამბობს გაერთიანების დირექტორი.

forte
სატენდერო დოკუმენტაციიდან

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბათუმში არის 32 საბავშვო ბაღი. ამ წდროისთვის კი ფუნქციონირებს 31, ვინაიდან, N21-ე საბავშვო ბაღი [ჯავახიშვილის ქუჩის ბოლში] მესამე წელია გაჩერებულია და არ ფუნქციონირებს [მიმდინარეობს სასამართლო დავა], ახალი, N33 საბავშვო ბაღის გახსნა კი, ურეხის დასახლებაში, მიმდინარე თვეშია დაგეგმილი.

გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დღეს 3-დან 6 წლამდე ასაკის 7510 ბავშვი ირიცხება. მისივე ინფორმაციით, ბაღებს გარეთ წელს 1098 ბავშვი დარჩა.

ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში

დღეს, 30 სექტემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სხდომა ხობში გამართა და გაზეთ “ასავალ-დასავალის” მისამართით ეთიკის რამდენიმე პრინციპის დარღვევა დაადგინა, მათ შორის, დისკრიმინაციის და ბავშვთა უფლებების კუთხით.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა. მანამდე, გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა ამ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. გაზეთმა მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია გაკიცხა, არასრულწლოვნების ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მოსწავლები ლგბტ კლიპში გადაიღეს.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ღია სხდომას ხობში ესწრებოდა მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. „ბათუმელები“ მისი მოსაზრებით დაინტერესდა და მას შემდეგ გაესაუბრა, როცა ხობელმა მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საქმის განხილვა მოხდა ხობში, სადაც ადამიანებმა მიიღეს სერიოზული დარტყმა მედიისგან მათი სამოქალაქო აქტივობის თუ პოზიციის გამოხატვის გამო. სკოლის დირექტორმა მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მაგრამ ის იცავდა არა განზოგადებულ სკოლას, არამედ კონკრეტულად იმ მოსწავლეებს, ვინც ღირებულებით ასპექტებზე მოამზადეს კლიპი. ეს კლიპი აღმოჩნდა სერიოზული დარტყმის საგანი. უფრო მეტად კი, ის ადამიანები, ვინც ეს კლიპი გადაიღო და მონაწილეობდა მასში. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა დღევანდელ სხდომაზე იყო ის, რომ ვხედავდით არა რაღაც ჰიპოთეტურ შიშებს „ასავალ-დასავალის“ , ან ამ ტიპის გამოცემების გამო, არამედ კონკრეტულ გამოხატულებას. მაგალითად, ერთმა მოსწავლემ აღნიშნა რომ მისი დედა შეშფოთდა პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, თორემ მანამდე კლიპი ნახა და მოეწონა კიდეც. დღეს ჩვენ კონკრეტულად ვიგრძენით, თუ რა ტიპის დარტყმა შეიძლება მიაყენოს ადამიანებს შავრაზმულმა მედიამ, დაუნგრიოს მათ შეხედულებები, ნორმალური ცხოვრების რიტმი…

ხობი პატარაა, სულ ორი საჯარო სკოლაა. რა თქმა უნდა, როცა ასეთ პატარა ქალაქში ცხოვრობ, გამოხატავ შენს პოზიციას და უცებ, ამის გამო ეროვნული მედია საშუალება აქვეყნებს ასეთ უხამს წერილებს, ეს ადამიანებს უჩენს სერიოზულ პრობლემებს. რისკი იმისა, რომ ამ ადამიანებს შეექმნათ ხიფათი, არის ძალიან მაღალი. შესაძლოა, ნებისმიერმა მეზობელმა, ახლობელმა, ან უცნობმა მოგაყენოს შეურაცხყოფა. შეიძლება მათ სიცოცხლესაც დაემუქროს საფრთხე, რადგან არავინ იცის, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ ადამიანებს მსგავს პუბლიკაციაზე, რაც „ასავალ-დასავალში“ იყო. ეს არის პრობლემა, რაც ახლავს არაეთიკურ ჟურნალისტიკას. ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რომ ისინი არიან ჩვენი ერის ღირსების, თუ ტრადიციების გადამრჩენი“-ამბობს ზვიად ქორიძე.

დღევანდელ სხდომას კლასიდან მხოლოდ 4 მოსწავლე დაესწრო. თქვენი აზრით, რატომ არ მოვიდნენ სხვები? -ვეკითხებით ზვიად ქორიძეს.  ის ამბობს, რომ  ეს მოსწავლეებიც  შინაგანად არიან პრინციპულები და რასაც ისინი კლიპში აჟღერებდნენ, დღესაც არ უარყოფენ.

„ფაქტია, რომ მორალური ტერორი ხორციელდება მათზე ოჯახის, სამეგობროს თუ სანათესაოს მხრიდან. დავინახეთ, რომ სკოლა  მტკიცედ იცავს პოზიციას, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთსულოვნება, რაც ჰქონდათ ამ ბავშვებს, დღეს პრაქტიკულად აღარ ჩანდა ქარტიის სხდომაზე, მოვიდა მხოლოდ მცირე ნაწილი კლასიდან. ეს არის შედეგი იმისა, თუ რა დამოკიდებულება გაგრძელდა მათ მიმართ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ.

მე ვესწრებოდი ამ საქმის განხილვას, რადგან მართლა მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ქართული საზოგადოებისთვის. დღეს ეს ბავშვები რეალურად საუბრობდნენ მორალურ ტერორზე. აუცილებელი არაა, შუბლზე ვიღაცამ იარაღი მოგადოს და ეს მივიჩნიოთ ტერორად. ტერორი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, მორალური, ფინანსურიც… შესაძლოა, ამ მოსწავლეებს მშობლებმა გადაადგილება შეუზღუდონ, უთხრან რომ აქ არ წახვიდე, იქ არ მიხვიდე და ასე შემდეგ.

მე იმედი მაქვს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება წამახალისებელი რომ ისინი არ დაითრგუნონ, არ ჩაიკეტონ… ფაქტია, რომ ეს კლიპი მოსწავლეებმა გადაიღეს საკუთარი სურვილით თავიანთ საკლასო ოთახში. ეს არანაირი თავსმოხვეული იდეა მათზე არ ყოფილა. ის, რომ დღეს ისინი ასე აქტიურად ვეღარ იცავენ საკუთარ პოზიციას, ეს არის მორალური ტერორის შედეგი.“

ზვიად ქორიძის თქმით, საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საშუალება „ასეთ შავრაზმულ მედიას, რომ ადამიანები ამყოფოს მორალურ ტერორში… ასე შესაძლოა ადამიანი საერთოდ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ჩვენ მივიღებთ აგრესიულ ახალგაზრდებს, რაც იქნება დამღუპველი მთლიანად საზოგადოებისთვის“-გვეუბნება ის.

ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით დღეს, 30 სექტემბერს, 15 წუთის წინ, ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით არიან გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, მუშების მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს რაც მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

„ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩოს ჩამონგრების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
„ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩოს ჩამონგრების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
„ალიანს პალასის“ მშენებლობაზე 5 მუშა დაშავდა
„ალიანს პალასის“ მშენებლობაზე 5 მუშა დაშავდა

ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში

მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი [ჯამში 8867 კვ/მ], საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ მიყიდა. „აჭარის კურორტების“ აქციების მფლობელ კომპანია – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს კი აჭარაში 21 საკურორტო/ტურისტული ობიექტი [მათ შორის „მედეა“ და „მესხეთი“] 11 წლის წინ გადასცეს, რომლებზეც ე.წ. ყაზახური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა. გასულ წელს კი, აჭარის მთავრობამ 2006 წელს გადაცემული ქონების ნაწილი კომპანიისგან უკან დაიბრუნა და მასთან ხელშეკრულებაც განაახლა.

ახალი შეთანხმებით „აჭარის კურორტებს“ დაუტოვეს ყოფილი სანატორიუმ „ნარინჯის“ ტერიტორია [7020 კვ/მ] მახინჯაურში, რომლის ირგვლივ მდებარეობს სწორედ ახალგადაცემული მიწის ნაკვეთები. ამ ახალი ნაკვეთების ღირებულება [660 ათასი, ანუ 1კვ/მ-ში დაახლოებით 75 ლარი] კომპანიამ 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა დაფაროს. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ახალ და ძველ ნაკვეთებზე ერთად, არანაკლებ 100 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ კომპანიას უფლება აქვს ინვესტიცია „უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით“ განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობასა და „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს შორის შარშან განახლებული ხელშეკრულებით მარტო „ნარინჯის“ ტერიტორიაზე კომპანიას 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო [ვადა – 2020 წლის 31 დეკემბრამდე].

შეუმცირეს თუ არა განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულება კომპანიას? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მათ პირობა არ შეუცვლიათ და შარშანდელი შეთანხმება ძალაშია.

„ჩვენ ახალი ნაკვეთები არ გაგვისხვისებია და შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებთ… რაც შეეხება შარშანდელ პირობას, არ შეგვიცვლია. ალბათ, ამ 300 ათასს დაემატება ეს 100 ათასიც და მთლიან ტერიტორიაზე კომპანია ჯამში 400 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს“ – გვითხრეს სამინისტროში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ახალი ინვესტიცია, რაც კომპანიამ უნდა განახორციელოს, „არ მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სს „აჭარის კურორტების“ აქციათა 100%-ისა და სს „მესხეთის“ აქციათა 52.83%-ის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინვესტიციას“.

ამ ნასყიდობის ხელშეკრულების ახალი, შარშანდელი ვარიანტით კი, „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-მ, ასევე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, უნდა უზრუნველყოს ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე [ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბულვარის გასწვრივ] არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება.

რის აშენებას გეგმავს „აჭარის კურორტები“ ყოფილი „ნარინჯისა“  თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს კომპანიას? – ამ და სხვა კითხვებით „აჭარის კურორტებს“ მივმართეთ, საიდანაც „სილქ როუდ ჯგუფში“ გადაგვამისამართეს.

ამ კომპანიაში გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში გვიპასუხებენ. „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“ სწორედ „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა.

ამავე თემაზე:

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

მახინჯაური, ბათუმი, 2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
მახინჯაური, ბათუმი, 2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
„აჭარის კურორტებისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთები მახინჯაურში [აღნიშნულია მწვანე ფერით] / ტერიტორია თამარ მეფის გამზირის გასწვრივ, სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ და ზემოთ მდებარეობს მახინჯაურში შესასვლელთან
„აჭარის კურორტებისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთები მახინჯაურში [აღნიშნულია მომწვანო ფერებით] / ტერიტორია ზღვასთან, თამარ მეფის გამზირის გასწვრივ, სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ [ზემოთ]  მდებარეობს მახინჯაურის შესასვლელთან

ხობელი მოსწავლეების საქმეზე „ასავალ-დასავალმა“ ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ხობის მე-2 საჯარო სკოლის განცხადება განიხილა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინაააღმდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის ის პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს ფაქტის სიზუსტეს, დისკრიმინაციის წახალისებას და ბავშვთა უფლებებს. საქმის განხილვა ქალაქ ხობში შედგა.

ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. მოსწავლეები კლიპში პიროვნული, რელიგიური და სექსუალური ცხოვრების შესახებ საუბრობენ.

კლიპის გავრცელებიდან ორი თვის შემდეგ „ასავალ-დასავალმა“ ორი სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორია გაკიცხული.

გაზეთმა არასრულწლოვნების ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით – „ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ლგბტ კლიპში გადაიღეს”.

„როცა გაზეთი წაიკითხა დედაჩემმა, შეშფოთდა, ნიკა, რა ხდებაო. არადა მანამდე კლასში ჰქონდა ნანახი ეს კლიპი და მოეწონა… ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი მეუბნებოდა, გაგრიცხავენ სკოლიდანო. ჩემი დაწერილი იყო ის ტექსტი,” – უთხრა ქარტიის საბჭოს წევრებს ერთ-ერთმა მოსწავლემ.

„მე იმ დღეებში სკოლაში არ დავდიოდი, როცა კლიპი გადაიღეს. გაზეთში რომ სტატია გამოქვეყნდა, მეზობელმა მითხრა, რა კარგი გოგო ხარ, შენ რომ იმ კლიპში არ ხარო… ვერაფერი ვუთხარი,” – აღნიშნა სხდომაზე კიდევ ერთმა მოსწავლემ.

ხობელი მოსწავლეების თქმით, კლიპის გადაღება მათი იდეა იყო და ამ პროცესში მხოლოდ კლასის დამრიგებელი იყო ჩართული და არა ლგბტ ინტერესების დამცველი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ეს „ასავალ-დასავალის“  სტატიაში იყო აღნიშნული.

მოსწავლეების, ასევე კლასის დამრიგებლის და სკოლის დირექტორის თქმით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების ნაწილს მწვავე შეფასებები ჰქონდა, თუმცა იყო მხარდაჭერაც.

მოსწავლეებმა კლასში გადაღებული კლიპი თანასწორობის იდეაზე სოციალური ქსელიდან წაშალეს.

 

ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

რატომ სჭირდება  ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს,  ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. 30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის სკოლაში.

ორი ძლიერი ქვეყანა, – რუსეთი და თურქეთი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებია და ეს არის მოცემულობა. ერთი ქვეყანა ოკუპანტია და მეორე, როგორც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, ავტორიტარიზმის გზას ადგას. ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში  რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროინტეგრაცია? 

საქართველოს ყველა მოსაზღვრე ქვეყანა ძალიან მოიკოჭლებს დემოკრატიის სტანდარტების მიხედვით. ეს არ არის მხოლოდ სრულიად ავტორიტარული რუსეთი და ავტორიტარიზმის გზაზე დამდგარი თურქეთი. ავტორიტარულია ასევე მეზობელი აზერბაიჯანი, კორუფციული და დემოკრატიული თვალსაზრისით არცთუ ისე წინ წასული სომხეთი. ასეთ გარემოცვაში საქართველოს მდგომარეობა ძალიან რთულია და კიდევ უარესად გართულდა მას შემდეგ, რაც ეს ახალი ტენდენციები შეინიშნება თურქეთში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ თურქეთის ზეწოლას სკოლების დახურვაზე ბათუმსა და თბილისში, თურქეთში ეჭვმიტანილი ადამიანის დაკავებას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცებას თბილისში და იმასაც ვხედავთ, რომ ამ გამოწვევას საქართველო ვერ უძლებს.

მეორე მხრივ, ეს გამოწვევა არის დიდი შანსიც, რადგან, სწორედ ამის გამო შეგვიძლია  საქართველოში არსებული ბევრი პრობლემა კრიტიკულად შევაფასოთ. ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველო ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან ძალიან სერიოზულად გამოირჩევა და ამის გამო დასავლეთის ინტერესი მზარდია საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ინტერესი ისეთი მაღალი არ არის, როგორც ეს ჩვენ გვსურს.

რამ განაპირობა ამ ინტერესის შესუსტება საქართველოს მიმართ და თქვენი აზრით, როგორია ევროპიდან დანახული საქართველოს პერსპექტივა?

პრობლემა ნაწილობრივ არის ჩვენშიც, ბუნებრივია, მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არის, რომ სამყარო ძალიან სწრაფი ტემპებით იცვლება.

დასავლეთის ქვეყნებსაც სერიოზული პრობლემები. ავიღოთ გერმანია, ახლახანს არჩევნებზე ულტრამემარჯვენე თუ პოპულისტურმა პარტიამ ხმების დიდი რაოდენობა მიიღო, ეს რიგით მესამე პარტიაა ახალ ბუნდესტაგში და ეს არის პრობლემა გერმანიისთვის. მსგავსი პრობლემების წინაშე დგას დასავლეთის სხვა ქვეყნებიც. ეს არის „ბრექსიტი“, საფრანგეთშიც დავინახეთ როგორი რთული არჩევნები იყო, მიგრანტების თემაც კარგად იქნა გამოყენებული პოპულისტური პარტიების მხრიდან. საზოგადოებაში არსებობს შიშები და ეს შიშები, რასაკვირველია, ყოველთვის უსაფუძვლო არ არის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ  ტერორისტულ აქტებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. როცა ეს შიშები არსებობს, უფრო ადვილია ექსტრემისტული პარტიებისთვის მობილიზება.  პრობლემები გაჩნდა გერმანია-თურქეთის ურთიერთობებშიც, რომელიც ყოველთვის იყო თვალსაჩინოდ კეთილგანწყობილი ურთიერთობა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში და ბევრად უფრო ადრეც, ახლა კი ეს ურთიერთობები უაღრესად დაძაბულია.

თურქეთში ეს ცვლილებები ხდება გადატრიალების მცდელობის შემდგომ და თურქეთიც ხედავს, რომ ევროკავშირთან პერსექტივა არ არის და ბუნებრივია, როცა  სიტუაცია დაიძაბა, თურქეთსაც დასჭირდა  თანამოაზრე საერთაშორისო პოლიტიკაში.

ამ გლობალური ცვლილებების ფონზე როგორია საქართველოს პერპექტივები ევროკავშირში?

ძალიან რთული სათქმელია, რადგან როგორ განვითარდება პროცესები, არავინ იცის. მე ადრეც მითქვამს და შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულ დროთა მიჯნაზე, როცა რაღაც პერიოდი საერთაშორისო პოლიტიკის მთავრდება და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. ძალიან რთულია ამ პერიოდში კარგად გააზრება იმის, რა შეიძლება გაკეთდეს და საითკენ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი, რადგან დასავლეთშიც ძალიან დიდი ორჭოფობის პერიოდი დადგა, თუ საითკენ მიდის საერთოდ სამყარო.

ჩვენთან მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ელიტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო მდგომარეობას და ცოდნაც უაღრესად მდარე დონეზეა ამასთან დაკავშირებით.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან და თურქეთთან მიმართებაში?

ქართული პოლიტიკა არის ძალიან მერყევი, ჩვენ ამას ვხედავთ განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის, თუნდაც იგივე საზღვრების გადმოწევით, ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთ მას, გარდა შიგადაშიგ საერთაშორისო ფორუმებზე ხმის ამოღებისა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ასეთ მდგომარეობაში ძალიან სუსტ პოზიციას იკავებს.

მაშინ როცა ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში გამოჩდნენ პრორუსული პოლიტიკური ძალები, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო ტრიბუნას, ამავე დროს ძლიერდება რუსული პროგანდა ქვეყანაში, რა გავლენას მოახდენს ეს ევროინტეგრაციაზე?

ძალიან ვარდისფერი სათვალეებით უნდა იყოს ადამიანი აღჭურვილი, რომ ამბობდეს რუსული გავლენები საქართველოში არ არისო. ამაზე დასავლეთის ქვეყნებიც კი ალაპარაკდნენ და სერიოზულად უყურებენ ამ პრობლემას. საქარველოში მით უმეტეს, როცა ისედაც არსებობდა ნიადაგი პრორუსული განწყობების და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ძველი რუსული აგენტურა ძალიან კარგად მუშაობს. ნოსტალგიური განწყობები საბჭოთა კავშირის მიმართ იზრდება და ბუნებრივი ხდება საუბარი, რომ რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს ბედნიერი მომავალი და ასე შემდეგ.  თუმცა ევროინტეგრაციას ამ პარტიების გაძლიერება იმდენად არ გვაშორებს, რამდენადაც საქართველოში ეს არ უწყობს ხელს ჯანსაღი პოლიტიკური სიტუაციის შექმნას, თუმცა, ძალიან დიდი ძალა იხარჯება პრორუსული პოლიტიკის დაბალანსებაში. რასაკვირველია ცუდად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე, როცა ასეთი ნაციონალისტური მარშები ეწყობა.

„თურქეთს რუსეთი მირჩევნია“- არც თუ ისე იშვიათად ისმის ეს ფრაზა მეზობელი ქვეყნების შეფასებისას. რა დგას ამის უკან თქვენი აზრით და ზოგადად, რატომ უნდა ისმებოდეს არჩევანის საკითხი დამოუკიდებელ ქვეყანაში? 

ეს არანაირი არჩევანი არ არის. ეს არის რუსეთის მიერ თავსმოხვეული დისკურსი, თითქოს, თუ არა რუსეთი, მაშინ თურქეთი. ამდენს ვერ ბედავენ ევროპასთან და დასავლეთთან მიმართებაში, მაგრამ როცა საუბრობენ, თურქეთია ხოლმე წამოწეული წინ. სწორედ ეს არის რუსული დისკურსი, რუსული პროპაგანდის შედეგი და ამას ჩვენ წლებია ვუყურებთ.

როდესაც ვლაპარაკობთ გუშინ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინვე იწყება საუბარი იმაზე, რომ თურქეთს ხომ აქვს საქართველოს ტერიტორიები მითვისებული. სად შუა საუკუნეებში წაღებული საქართველოს ტერიტორიები და სად საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრები, რომელშიც იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და იმ საზღვრებში არასდროს არ შედიოდა თუნდაც ძირძველი ქართული ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ არის ისტორიული ქართული მიწები. აბსურდულია თავისთავად ეს შედარება, მაგრამ ეს მეთოდი საზოგადოების გარკვეულ წრეებზე მოქმედებს.

ჩვენი არჩევანი გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ რეფერენდუმზე, სადაც მან ხმა მისცა ევროპასთან ინტეგრაციას. გეტყვით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა  და ეს ცხადზე ცხადია ჩემთვის, მაგრამ თუნდაც ის დაახლოება ევროპასთან, რომელიც მოხდა ასოცირების ხელშეკრულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც დიდი გავლენა იქონია თუნდაც სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებაზე საქართველოში. ასევე, ძალიან დიდ შედეგს მოიტანს, თუკი ხელისუფლება კარგად გაიგებს და შემდეგ კარგად ახსნის, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით ასოცირების ხელშეკრულებით.

თურქეთის ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯებით, რომელიც 90 – იან წლებში იყო,  სწორედ ამ ასოცირების ხელშეკრულებით მოხდა. პირველ რიგში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყო ძალიან ხელი. სამწუხაროდ, ჩვენთან ხელისუფლებაც მზად არ არის იმისთვის, რომ საზოგადოებას აუხსნას, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით და არ იყოს ნოსტალგიური წარმოდგენა, რომ მანდარინს უკეთესად გაყიდიან რუსეთში.

მანდარინი იქნება ეს თუ თაფლი, თუკი დააკმაყოფილებს სტანდარტს, შეუძლიათ ევროპაშიც გაყიდონ. ის, რომ ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს პროდუქტმა საქართველოსაც ძალიან სჭირდება, რადგან საერთოდ არ არის დაცული ქვეყანაში კვების უსაფრთხოება და საერთოდ არ ვიცით რას ვჭამთ.

ეს არის გზა საქართველოს ეკონომიკური გაჯანმრთელების, ამის გარეშე საუბარი  სუვერენულ პოლიტიკაზე ყოველთვის იქნება პრობლემატური.

ორუსული პოლიტიკური ძალები იმაზე აპელირებენ, რომ თუკი კურსს რუსეთისკენ ავიღებთ, ამით უფრო დაცული იქნება ქვეყნის საზღვრები და რუსეთი დაგვიბრუნებს მიტაცებულ ტერიტორიებს…

როგორც ჩანს საქართველოში მოკლე მეხსიერება აქვთ, რადგან ჩვენ გვაქვს გარკვეული ისტორიული გამოცდილება და ზუსტად იგივე არგუმენტებით  შევიდა საქართველო „ესენგე“-ში. არსებობდა იმედი დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არსებობდა გარკვეული პერსპექტივა რუსეთის მხრიდან დათმობების სახით. ჩვენ დავინახეთ, რომ ამან ხელი არ შეუწყო ჩვენი პრობლემების მოგვარებას და არც შეუწყობს, რადგან ეს არ არის რუსეთის ინტერესებში.

რუსეთი ძალიან მკაცრად მიყვება თავის პოლიტიკას. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს დღესაც აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ასე ვთქვათ, გაწერილი პოლიტიკა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და ჩვენ ვხედავთ საშიშროებას, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

თუმცა, იმასაც უნდა ვხედავდეთ, რომ ეს რიტორიკა არის სრულიად აბსურდული, რადგან რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ეკონომიკურად უაღრესად ჩამორჩენილი ქვეყანაა და საქართველოს მასთან ინტეგრაცია არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს.

აძლევს თუ არა საქართველოს ევროპინტეგრაცია რაიმე ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს და დაცული იქნება თუ არა საქართველოს საზღვრები რუსეთის შემოჭრისგან?

ევროპასთან მეტი ინტეგრაცია რა თქმა უნდა დაიცავს ჩვენს საზღვრებს, რადგან  2008 წელს, რის გამოც რუსები არ შემოვიდნენ თბილისში, სწორედ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა იყო  და რომ არა ეს მხარდაჭერა, არ ვიცით ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.

ჩვენ უნდა დავინახოთ ის ეკონომიკური მხარდაჭერაც, რომელიც ამის შემდეგ წამოვიდა ევროპიდან. რომ არა დახმარება, ჩვენ ბევრად დიდ სიდუხჭირეში ვიქნებოდით ომის შემდეგ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით. ბევრად შეცვლილია დასავლეთის პოლიტიკაც რუსეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, ევროპას არ ექნებოდა ის პრობლემები, რომელიც დღეს აქვს, რომ არ ჰქონოდა რუსეთის მიმართ თვალის დახუჭვის პოლიტიკა. მაგრამ ეს დამოკიდებულება შეცვლილია დღეს და ევროპამ სხვადასხვა სანქციებით გამოხატა ის, რომ არ შეეგუება რუსეთის ასეთ პოლიტიკას.

რასაკვირველია, ევროპაშიც არიან ისეთი პოლიტიკური ძალები რომლებიც ითხოვენ, რომ სანქციები აღარ იყოს, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, ევროპამ უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციოს?

მე ვიტყოდი, რომ ძალიან ცოტას. ფაქტობრივად არაფერს. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოს საელჩოები, რომლებიც ამ თემატიკასთან დაკავშირებით ესაუბრებიან იქაურ პოლიტიკოსებს. საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო აქტიური უნდა გახდეს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკასთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ეკონომიკა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის დასავლეთისთვის.

მაშინ რითი  ვართ  ევროპისთვის მნიშვნელოვანი?

ჩემი აზრით, სწორედ იმით, რომ რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით ყველაზე სამაგალითო ქვეყანა ვართ და ვფიქრობ, ამას აფასებენ დასავლეთში. ამ ერთადერთი მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენება  კიდევ უფრო მეტად შეუძლია საქართველოს და ეს იქნებოდა ძალიან სწორი საგარეო პოლიტიკა.

როგორი უნდა იყოს ჩვენი როლი მეზობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით? ჩვენ ამბებიც კი არ ვიცით, თუნდაც თურქეთის ან სომხეთის.  თუ არის აქტიურობა საჭირო და რა მიმართულებით უნდა გავაქტიურდეთ? 

დიახ, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. უბრალო მაგალითს მოვიყვან, გერმანიაში მიმდინარე არჩევნებზეც კი ძალიან მცირეა ჩვენგან გამოხმაურება, მაშინ როცა ანალიზია საჭირო და გაგება იმ პროცესებისა, რაც იქ ხდება.

ეს გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ  საკუთარ თავს ვერ აღვიქვამთ როგორც საერთაშორისო სუბიექტს  და ინტერესი და ცოდნა, თუ რა ხდება უცხოეთში, ჩვენთან არის ძალიან დაბალ დონეზე.

ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების შესახებ უფრო მეტი ვიცოდეთ. თუნდაც რუსეთის შესახებ და არა მხოლოდ ის, რასაც რუსული არხები გვთავაზობენ. ამაზე უნდა იწერებოდეს უფრო მეტი და ნორმალური მედია, რომელიც ჯერ კიდევ შემოგვრჩა, უფრო მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების კულტურული ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო ნაკლებად ვიცით და სრულიად გამოთიშული ვართ პროცესებიდან. კარგი იქნება უფრო მეტი ნათარგმნი მასალები იბეჭდებოდეს ქართულ ჟურნალებში, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, როგორ წერს ამ პროცესებზე იქაური მედია და როგორ ხედავენ პრობლემებს.

_____________________

ამავე თემაზე: 

ლაშა ბაქრაძე: „დასავლეთი არის საქართველოს ბუნებრივი მომავალი“

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

 

„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო ,„შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნესფორუმი – „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა. ბიზნესფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა.

საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობს. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს.

გუშინ, 29 სექტემბერს კი ფორუმის ფარგლებში სტუმრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნაადრევი ჯიშის ციტრუსის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.

ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში

29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან.

ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; ჯანდაცვის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს მედდას ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია. განათლებასთან ერთად მედდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნაში, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად სამედიცინო სფეროში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებაცაა ჩადებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება ტექნიკურ პერსონალზეც, რომლებსაც დაკავებული პოზიციის შესაბამისი პროფესიული განათლება ან დაწესებულებაში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება დაწესებულების დირექტორს, მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილებაა.

საკითხის განხილვისას, საკრებულოს წევრმა, თემურ ავალიანმა მოითხოვა, რომ დირექტორის შემთხვევაში მუშაობის გამოცდილების გამიჯვნა მოხდარიყო და საბავშვო ბაღის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნაში სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება ჩაეწერათ, თუმცა, მისი წინადადება საკრებულოს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა და მთავარ მოთხოვნად მხოლოდ მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება დატოვეს.

ქედის საკრებულოს იურისტის განმარტებით, ბაღებში ახალი თანამშრომლის აყვანისას აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნები მას შემდეგ გავრცელდება, როდესაც სკოლამდელი დაწესებულებები ავტორიზაციას გაივლიან, თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ, თუ ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლები, დაწესებულება ავტორიზაციას ვერ გაივლის.

საბავშვო ბაღის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, საკრებულომ ბაღებში შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განხორციელებაზეც იმსჯელა.

„კანონში ცვლილება შევიდა და ვალდებული ვიყავით ამ საკითხებზე გვემსჯელა და დადგენილება მიგვეღო. საუბარია სტანდარტებზე, მოთხოვნასა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე. ვფიქრობ, ძიძას მინიმუმ პროფესიული განათლება უნდა მოეთხოვებოდეს, რადგან უფრო მეტი შეხება აქვს ბავშვთან, იმ შემთხვევაში თუ განათლების სამინისტრო დაავალდებულებს მუნიციპალიტეტს ძიძების გადამზადება დააფინანსოს, თანხებს გამოვყოფთ“ – ამბობს  გურამ ანანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ბაღების სავალდებულო ავტორიზაციის პროცესი ქედაში ოქტომბრიდან დაიწყება და 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

მთავარ ფოტოზე: საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ქედაში. ფოტო: keda.ge

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში 2017 წელს

მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 50 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს.

ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში  დაგეგმილ და მიმდინარე  პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუხაესტატე-ძიძიგურები საავტომობილო გზის დასრულებული მონაკვეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუხაესტატე-ძიძიგურები საავტომობილო გზის დასრულებული მონაკვეთი

აქ ჩამოთვლილი სამუშაოებიდან 85 % უკვე დასრულებულია, დანარჩენის განხორციელება კი, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და  მათ შესახებ მოსახლეობას კალენდარული წლის დასასრულს ვაცნობებთ.

 ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 36 კილომეტრამდე  ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, 4 ახალი ხიდის მშენებლობა და 3 არსებული ხიდის რეაბილიტაცია , 53 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა და 19,3 კმ ბეტონის საფარის მოწყობა.

სულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 14 387 799 ლარი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის განმავლობაში დააგებს  32  კმ-მდე მოასფალტებულ გზას. ააშენებს ოთხ ახალ ხიდს, ხოლო არსებულ ოთხს რეაბილიტაციას ჩაუტარებს; მოხდება 8 კილომეტრამდე საშრობი არხის რეკონტსტრუქცია და 16 კილომეტრამდე ბეტონის საფარის დაგება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-სამება საავტომობილო გზის დასრულებული მონაკვეთი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-სამება საავტომობილო გზის დასრულებული მონაკვეთი

სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 13 მილიონამდე ლარი.

 

ქედის მუნიციპალიტეტში

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით, ქედის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია: 7 კმ-დე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, 2 ახალი ხიდის მშენებლობა და 3 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, 33 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა, 24 კმ სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და 16 კმ-მდე ბეტონის საფარის მოწყობა.

ქედის მუნიციპალიტეტში ქედა - მერისის მიმართულებით დასრულებული გზის მონაკვეთი
ქედის მუნიციპალიტეტში ქედა – მერისის მიმართულებით დასრულებული გზის მონაკვეთი

სულ ქედის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 6 912 210 მილიონამდე ლარი.

 

შუახევის მუნიციპალიტეში

შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 8 მილიონამდე ლარი.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტში დააგებს  10 კმ ასფალტობეტონის გზის საფარს, ააშენებს 3 ახალ ხიდს და 2 არსებულ ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს. აშენდება ან მოეწყობა 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობება, მოხდება 23 კმ სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და 15 კმ-ზე მეტი ბეტონის საფარი დაიგება.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში

 ხულოს მუნიციპალიტეტში 2017 წელს „საგზაო ტექნიკის შეძენა“ და „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა“ ქვეპროგრამების ჩათვლით შვიდ მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

ხულოს მუნიციპალიტეტში ხულო ძირკვაძეების მიმართულებიტ დასრულებული გზის მონაკვეთი
ხულოს მუნიციპალიტეტში ხულო – ძირკვაძეების მიმართულებიტ დასრულებული გზის მონაკვეთი

დაგეგმილია შვიდი კილომეტრი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა და ერთი  კმ. სიგრძის სრულიად ახალი გზის გაყვანა.

აშენდება ერთი ახალი ხიდი, აშენდება ან მოეწყობა 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობა. ასევე დაგეგმილია 25 კილომეტრი ბეტონის საფარის მოწყობა და   17 კმ სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია.

„ბათუმის ბულვარი“ 25 ათასი ლარის იხვებს და ბატებს იყიდის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას რამდენიმე სხვადასხვა სახეობის იხვისა და ბატის შესაძენად 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. „წყალმცურავი და დეკორატიული ფრინველების შესყიდვაზე“ ბათუმის ბულვარმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ბულვარი 14 წყვილ ფრინველს შეიძენს, საიდანაც ერთი წყვილი ბატი, დანარჩენი იხვები იქნება:

bulvar

ტენდერი ათ დღეში დასრულდება, გამარჯვებულმა კი ფრინველები ბულვარს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა მიაწოდოს.

შემოდგომაზე  ფრინველების ახალი სახეობების შეძენა რომ იგეგმებოდა, „ბათუმის ბულვარში“ სამი თვის წინ გვითხრეს. ფრინველები ძველ ბულვარში მდებარე ზოოკუთხის განახლებისთვსაა საჭირო.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოოკუთხეში 139 ბინადარია. აქედან 4 ხმელეთის კუ, დანარჩენი კი – ფრინველი. მათივე ინფორმაციით, ყველა მობინადრე ჯანმრთელია.

ზოოკუთხე ბულვარში
ზოოკუთხე ბულვარში
მთავარი ფოტო: ბატები არდაგანის ტბასთან ახალ ბულვარში.

საადრეო მანდარინის რთველი აჭარაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის  სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ.

რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში სტუმრებიც ჩაერთვნენ
რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში სტუმრებიც ჩაერთვნენ

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი.

რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში სტუმრებიც ჩაერთვნენ
რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში სტუმრებიც ჩაერთვნენ

რთველის შემდეგ სტუმრები გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობას, ღვინის სახლს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოს’, შპს ,,TCF GEORGIA’’ -ს და არასტანდარტული მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს ,,Georgian industrial Asset Management Group’’- ს დაათვალიერებენ.

სადედე - სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება.
სადედე – სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება.

ხვალ, 30 სექტემბერს კი ბათუმში ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება,  სადაც განიხილება ქართული ციტრუსის რეალიზაციისა და ექსპორტის საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეციტრუსეობის დარგის ადგილობრივი და უცხო ქვეყნების სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. ფორუმის შესახებ ბელარუსი და ყაზახი ჟურნალისტები სიუჟეტს მოამზადებენ. საადრეო მანდარინის რთველის პროცესში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის წამყვანი ტელეარხის ONT-ს ჟურნალისტს ქართული ციტრუსის ექსპორტის პოტენციალზე ესაუბრა.

სადედე - სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება.
სადედე – სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება.

ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული.

22042138_468288116891022_5932886988140410569_o

 

მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით „ბიზნეს დეველოპმენტს“ უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აჭარის მთავრობისთვის კომპანიის პირობები მისაღებია. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც დღევანდელი, 29 სექტემბრის სხდომაზე, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა.

„ბიზნეს დეველოპმენტი“, მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს [მუნიციპალიტეტის ქონებას], მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვს. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კი კომპანია ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. საკრებულომ დღეს სწორედ მუნიციპალური ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემას დაუჭირა მხარი, ამ ქონებაზე შემდგომში ინცვესტიციის განხორციელების მიზნით.

„ბიზნეს დველოპმენტს“ მწვანე კონცხზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს. მწვანე კონცხზე მშენებარე დასასვენებელ კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ წარმომადგენლის ინფორმაციით  კომპანიას  დამატებითი ნაკვეთები  უკვე დაწყებული კომპლექსის მშენებლობის „წარმატებით დასრულებისთვის“ სჭირდება. კომპანია დამატებით რესტორნის, ღია საცურაო აუზისა და საბაგიროს მოწყობას გეგმავს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ქვედა შესასვლელს და პლაჟს, ბაღის ზედა შესასვლელთან დააკავშირებს.

„ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი მფლობელია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, ეს კომპანია კი ობშორულ ზონაში, პანამაშია დარეგისტრირებული.

პარიზის ოთხი ლეგენდარული კაფე

მე-19, მე-20 საუკუნეების მწერლები, მხატვრები, ინტელექტუალები თუ არტისტები ხშირად კაფეებსა და ბარებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იკრიბებოდნენ თამბაქოს კვამლით გაბუღულ, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ადგილებში, საათობით საუბრობდნენ, კამათობდნენ, ახალ ლექსებს, მოთხრობებს უკითხავდნენ ერთმანეთს  და ერთობოდნენ.

ჟან პოლ სარტრს, პიკასოს, პოლ ვერლენსა თუ ჰემინგუეის არაერთი ღამე დასთენებია პარიზული ბისტროების ტერასებზე. მოგვიანებით ეს კაფეები პარიზის ღირშესანიშნავ ადგილებად იქცა და ბევრი მათგანი დღესაც იზიდავს ადამიანებს.

„კლოზერი დე ლილა“ – LA CLOSERIE DES LILAS

ფონტენებლოსკენ მიმავალ გზაზე, ძველი ფოსტის შენობაში მოწყობილი „კლოზერი დე ლილა“ პირველი კაფე იყო, რომელმაც ჩვეულებრივი პარიზული უბანი, მონპარნასი, ხელოვანთა უბნად აქცია. მე-19  საუკუნეში ემილ ზოლა დასახლდა მონპარნასზე მეგობრებთან, პოლ სეზანთან და თეოფილ გოტიესთან ერთად.

მეოცე საუკუნის პოეტები – პოლ ვერლენი და გიიომ აპოლინერი ყოველ სამშაბათს აქ იკრიბებოდნენ.

მშრალ კანონს გამოქცეული ამერიკელები – ჰემინგუეი, ჰენრი მილერი და სკოტ ფიცჯერალდი ხშირად იყვნენ კაფეს სტუმრები მშვიდად დასალევად და სამასლაათოდ. ოსკარ უაილდი, ჟან პოლ სარტრი და სემუელ ბეკეტიც „კლოზერი დე ლილას“ მუდმივი სტუმრების საკრალურ ჩამონათვალში არიან.

1381312002894

 „კლოზერი დე ლილა“ ახლა
„კლოზერი დე ლილა“ ახლა

„პროკოპი“ – LE PROCOPE

კაფე „პროკოპი“ 1684 წელს გაიხსნა და პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ძველ კაფედაა მიჩნეული. ეს ადგილი განმანათლებლობის ეპოქიდანვე იზიდავდა მწერლებს. კაფეს ისტორიაში წაიკითხავთ, რომ ვოლტერი, დიდრო და რუსო აქ ფინჯანი ყავისა და ნაყინის მისართმევად დადიოდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში „პროკოპის“ სტუმრები ხშირად იყვნენ პოლ ვერლენი, ვიქტორ ჰიუგო, ალფრედ დე მიუსე და ონორე დე ბალზაკი. გადმოცემის მიხედვით დიდრო აქ წერდა წერილებს ენციკლოპედიისთვის, ბენჟამინ ფრანკლინმა კი ამ კაფეს ერთ-ერთ მაგიდასთან მოკალათებულმა დაიწყო ამერიკის კონსტიტუციის პირველი თავების წერა.

53676903.PbaseProcopeIMG_0503_DxO

„როტონდა“ – LA ROTONDE

ამ კაფეზე იმდენი გსმენიათ! მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც „როტონდა“ გაიხსნა, ხელოვანთა შეკრების მთავარმა ადგილმა პარიზში მონმარტრიდან აქ – მონპარნასზე გადმოინაცვლა.

ჰემინგუეი 1949 წელს გამოცემულ რომანში „აღმოხდების მზე” წერს: „ტაქსი როტონდას წინ გაჩერდა. სენის მარჯვენა სანაპიროზე, ყველა ტაქსის მძღოლი, რომელსაც სთხოვთ, რომ მონპარნასის რომელიმე კაფესთან მიგიყვანოთ, აუცილებლად როტონდასთან გაგიჩერებთ“.

პიკასო და კისლინგი „როტონდაში“
პიკასო, კისლინგი და ფრანგი მსახიობი „როტონდაში“

restaurant583701cbe788c-86b74d94572b8bd066b5619aa6798abf

„კაფე დე ფლორი“ – LE CAFÉ DE FLORE

1940 წლიდან პარიზის ოკუპაციის წლებში მონმარტრისა და მონპარნასის კაფეები ვერმახტის ოფიცრებით აივსო, რის გამოც მწერლებისა და მხატვრების თავშეყრის ადგილმა სენ ჟერმენზე, „კაფე დე ფლორში“ გადაინაცვლა.

აპოლინერი, რომელიც 1917 წლიდან სენ ჟერმენზე დასახლდა, ხშირად დადიოდა „კაფე დე ფლორში“ ანდრე ბრეტონთან, პოლ რევერდთან, ლუი არაგონთან და პოლ ელუართან ერთად.

კამიუ, სარტრი და სიმონ დე ბოვუარი მთელ დღეებს აქ ატარებდნენ. „კაფე დე ფლორი“ დღისით მათთვის მშვიდი და მყუდრო სამუშაო სივრცე იყო, ღამით კი დღესასწაულებისა და გართობის ადგილი.

ზამთრობით ნახშირის ღუმელით გამთბარი კაფე ნესტიანი, ცივი, ნაქირავები ოთახებისგან თავდაღწევის საუკეთესო საშუალება იყო მწერლებისთვის.

1939 წელს ფლორის ახალმა მეპატრონემ უზარმაზარი ნახშირის ღუმელი დაამონტაჟა, რომელიც ათბობდა კაფის პირველ და ბევრად უფრო მყუდრო მეორე სართულსაც.

Café de Flore Paris. Photo Ed van Elsken
ფოტო: Ed van Elsken
 ჰემინგუეი პარიზულ კაფეში,მეგობრებთან ერთად
ჰემინგუეი პარიზულ კაფეში,მეგობრებთან ერთად

„კაფე დე ფლორი“ ახლოსაა გამომცემლობა „გალიმართან“, რომლის მაშინდელი მფლობელის კეთილი ნებითაც გამომცემლობის კლიენტ მწერლებს ყოველდღე შეეძლოთ „ფლორში“ მცირე სადილის მირთმევა, თუმცა კეთილმა ნებამ პარიზის ოკუპაციის მხოლოდ პირველ დღეებში იარსება.

ამბობენ, რომ ჟან პოლ სარტრისთვის კაფეში სპეციალური სატელეფონო ხაზიც კი იყო გაყვანილი, რომ ზარებისთვის იქიდანვე ეპასუხა.

Café_de_Flore

წარსულს ჩაჰბარდა დრო, როცა ეს კაფეები იმით იყო განთქმული ხელოვანთა შორის, რომ შეეძლოთ გროშებადაც ესადილათ, მთელი დღე ეწრუპათ ყავა და მშვიდად ეწერათ.  ეს ადგილები ისევ იზიდავს ადამიანებს, თუმცა მყუდროდ მოსაკალათებლად და საწერად აქ აღარავინ დადის, „კლოზერი დე ლილასა“ და „კაფე დე ფლორში“ რამის შეკვეთა დღეს უბრალოდ საჩვენებელი ელიტურობის აუცილებელი ნაწილია, რაზე წამოგებაც არ ღირს, მაგრამ თუ მაინც დაჟინებით გადაწყვეტთ რაიმეს შეკვეთას „კაფე დე ფლორში“, მაშინ იცოდეთ, რომ განთქმული ვაშლის ტარტი აქ – 15, სალათი ცეზარი – 25, „ფლორის“ საფირმო შოკოლადი კი 7 ევრო ღირს. თუ ის ამბავი დაგამშვიდებთ, რომ ამ ყველაფერს იმ მაგიდასთან მოგართმევენ, სადაც კამიუ ან სარტრი სადილობდა, მაშინ გაამოთ.

11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ

ოქტომბერში ბონდო 1 წლის გახდება. თუ დედას გზის ფული ექნება, ბონდოს თბილისში წაიყვანენ და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგადაც იგი ჭამას თავისუფლად შეძლებს. ბონდოს იშვიათი, თანდაყოლილი დაავადება აქვს, ე.წ. „მგლის ხახა“ და მას პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. მას ჟვანიას კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ბონდოს დედას, 32 წლის ნონას უთხრეს, რომ ოპერაციიას მას შემდეგ გაუკეთებდნენ, როცა ბავშვის წონა მინიმუმ 8 კილოგრამს მიაღწევდა.

ბონდო ახლა 6 კილოგრამს იწონის. ბოლო თვეში მან ერთი კილოგრამი დაიკლო, რადგან საჭმლის მიღება უჭირს და თან ვირუსი შეეყარა. ნონას მთავარი დარდი ახლა ისაა, როგორ წაიყვანოს ბავშვი თბილისში, როცა გზის ფული არა აქვს, არადა, ბონდო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა ენახა მის ექიმს და ბავშვის მდომარეობა შეემოწმებინა.

ნონა გურგენიძე ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობს. წელს იგი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, ნონა მიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და სამეგრელოში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი პერიოდი ავადმყოფობდა, რის გამოც ოჯახმა ვალები აიღო, შემდეგ ბონდო დაიბადა და მის მკურნალობას დასჭირდა თანხა. სიდუხჭირე და ვალები ოჯახში კონფლიქტების მიზეზი გახდა და ნონა ისევ ბათუმში დაბრუნდა საცხოვრელად ბავშვთან ერთად. ოჯახის წევრები მას არ ჰყავს, დედა გარდაეცვალა, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, სოციალურ სააგენტოში უთხრეს, რომ მის საკითხს 2018 წლის მარტამდე ვერ განიხილავენ, თუმცა სააგენტო ბონდოს საკვებით, წამლებით და პამპერსით უზრუნველყოფს.

ნონა
ნონა

„უმადური ადამიანი არ ვარ, ბავშვს საკვების პრობლემა არა აქვს ახლა, წამლებიც მოუტანეს, მაგრამ ოპერაცია სჭირდება, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა ჩავსულიყავით თბილისში, მის ექიმთან, რომელმაც ავადმყოფობის მთელი ისტორია იცის და ვერ მიმყავს, გზის ფული არ მაქვს,  სააგენტოში მეუბნებიან, რომ გზის ფული მე უნდა ვიშოვო. სად ვიშოვო? ხან ნათესავ-მეგობრები მეხმარებიან, მაგრამ მინიმუმ 400 ლარი მაინცაა საჭირო, რომ ბავშვი თბილისში წავიყვანო, გზის ფული, გადაადგილების, საავადმყოფოში მისვლა, მარტო ვერ წავიყვან, პატარაა ბავშვი, ვიღაც უნდა გამყვეს. ვის უნდა ვთხოვო, ვისაც რით შეუძლია მეხმარებიან, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი ფულია. ბათუმში დამყავს ექიმთან, კარგი ექიმი ჰყავს, მაგრამ ოპერაციაა საჭირო“ – ამბობს ნონა.

დღეში რამდენჯერმე ნონას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ურეკავენ და ახსენებენ, რომ თანხა აქვს დასაფარი. უკვე მერამდენე თვეა, ნონა ვალების და პროცენტების გადახდას ვერ ახერხებს, ამის ფული მას არა აქვს. ხანდახან იმას ახერხებს, რომ ბავშვი სხვას დაუტოვოს ცოტა ხნით და დღიურად გავიდეს სამუშაოდ, სახლი დაალაგოს ან სხვა საქმიანობაში დაეხმაროს ვინმეს, მაგრამ ასეთი სამუშაო იშვიათია და ვერც ბავშვის დატოვებას ახერხებს.

ნონა მიყვება, რომ სოციალური სააგენტოდან გააფრთხილეს, ერთი თვის შემდეგ, როცა ბონდო 1 წლის გახდება, საკვებით დახმარება შეწყდება. რა იქნება მერე? როგორ შეძლებს ბავშვისთვის საჭირო საკვებისა და მედიკამენტების ყიდვას? სად იშოვოს ფული, რომ ბონდო თბილისში წაიყვანოს ოპერაციისთვის? – ამ კითხვებზე ნონას ჯერ პასუხი არ აქვს.

Exit mobile version