მთავარი,სიახლეები

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

31.07.2017
19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

დღეს, 31 ივლისს, ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს  183 ათასი ლარი დაემატა.

აღნიშნული თანხიდან 19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა.

მისივე ინფორმაციით, ჭაჭა თაუერში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია.

„თაუერი გაქურდეს და დაამტვრიეს აპარატურაც. ამ საქმეზე გამოძიება დიდი ხნის წინ დაიწყო, შესაბამისად, ჭაჭის თაუერში არც ჭაჭა გვაქვს“ – გვეუბნება თევზაძე.

მისი თქმით, მერიას ჭაჭის თაუერის მართვის კომპეტენციაც არ გააჩნია: „მე რამდენჯერმე მივმართე მერიას და როგორც ვიცი მერი მუშაობს იმაზე, რომ მოიძიოს კერძო მფლობელი, ვინც ჭაჭის თაუერს  მიხედავს“ – ამბობს ის.

საბიუჯეტო  ცვლილების მიხედვით, ქალაქში არსებული პარკებისთვის [6 მაისის პარკისა და ბულვარის გარდა], 100  სკამს შეიძენენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან  70 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე მუხლით დაფინანსდება ქალაქში სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა. შვიდი შადრევნის მოწყობისთვის 5 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: