მთავარი,სიახლეები

პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე

18.09.2017
პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი სკოლის  მასწავლებელი, მარინა დარჩიძე თავის ფეისბუქგვერდზე პირველკლასელთა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვებს „ქართული  ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა ამისა, საარჩევნო პერიოდში ეს მიიჩნევა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევად. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, „სასწავლო პროცესში დროშების გამოფენით სკოლის პოლიტიკური აქტივობა წარმოჩნდა, რითაც დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ კანონი“.

სხეფის სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დროშები პირველკლასელებმა სკოლაში თვითონ მიიტანეს.

„ეს მოხდა შემთხვევით, ბავშვებს ჰქონდათ დროშები ხელში და როცა დავამთავრეთ საზეიმო შეხვედრა, ბავშვებმა ითხოვეს, რომ მასწავლებელო, გადაგვიღე სურათიო. მასწავლებელი ასე აცხადებს, ბავშვებს ჰქონდათ დროშებიო“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იცოდა თუ არა მასწავლებელმა, რომ ამით სკოლის შინაგანაწესს არღვევდა, დირექტორი ამბობს, რომ „მაგაზე არ დაფიქრებულა, ალბათ“.

სკოლის დირექტორს ვკითხეთ, იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა, მაგალითად, გასულ წელს. დირექტორი ამბობს, რომ არა. „არ ყოფილა სხვა დროს, წელს რატომ მოვიდნენ დროშებით, არ ვიცი“.

აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ თავდაპირველად უთხრეს, რომ ფოტოს გამოქვეყნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მოგვიანებით სამინისტროში შემდეგი განმარტეს: „აღნიშნული საკითხის პრეროგატივა აქვს სკოლის დირექტორს, თუმცა ის ერთპიროვნულად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. პედაგოგს დისციპლინური პასუხისმგებლობა რომ დააკისროს, ამისთვის აუცილებელია შეიკრიბოს დისციპლინური კომიტეტი, რომელშიც შედის სკოლის მასწავლებელი, მაღალი კლასის მოსწავლე და მშობელი. პედაგოგთან მიმართებაში მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“.

რას აპირებს ოთარ დავითაძე? – ამბობს, რომ ამ საკითხს „განვიხილავთ და დავგმობთ“.

მარინა დარჩიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფოტოებიც „ქართული ოცნების“ ემბლემიანი ბენდენით. პედაგოგი წერს, რომ იმყოფება ბათუმში. გასულ კვირას ბათუმში მმართველმა პარტიამ აქცია-კონცერტი გამართა, სადაც თავისი მერობის კანდიდატები წარადგინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: