ნეტგაზეთი • RU

ხობელი მოსწავლეების საქმეზე „ასავალ-დასავალმა“ ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ხობის მე-2 საჯარო სკოლის განცხადება განიხილა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინაააღმდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის ის პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს ფაქტის სიზუსტეს, დისკრიმინაციის წახალისებას და ბავშვთა უფლებებს. საქმის განხილვა ქალაქ ხობში შედგა.

ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. მოსწავლეები კლიპში პიროვნული, რელიგიური და სექსუალური ცხოვრების შესახებ საუბრობენ.

კლიპის გავრცელებიდან ორი თვის შემდეგ „ასავალ-დასავალმა“ ორი სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორია გაკიცხული.

გაზეთმა არასრულწლოვნების ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით – „ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ლგბტ კლიპში გადაიღეს”.

„როცა გაზეთი წაიკითხა დედაჩემმა, შეშფოთდა, ნიკა, რა ხდებაო. არადა მანამდე კლასში ჰქონდა ნანახი ეს კლიპი და მოეწონა… ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი მეუბნებოდა, გაგრიცხავენ სკოლიდანო. ჩემი დაწერილი იყო ის ტექსტი,” – უთხრა ქარტიის საბჭოს წევრებს ერთ-ერთმა მოსწავლემ.

„მე იმ დღეებში სკოლაში არ დავდიოდი, როცა კლიპი გადაიღეს. გაზეთში რომ სტატია გამოქვეყნდა, მეზობელმა მითხრა, რა კარგი გოგო ხარ, შენ რომ იმ კლიპში არ ხარო… ვერაფერი ვუთხარი,” – აღნიშნა სხდომაზე კიდევ ერთმა მოსწავლემ.

ხობელი მოსწავლეების თქმით, კლიპის გადაღება მათი იდეა იყო და ამ პროცესში მხოლოდ კლასის დამრიგებელი იყო ჩართული და არა ლგბტ ინტერესების დამცველი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ეს „ასავალ-დასავალის“  სტატიაში იყო აღნიშნული.

მოსწავლეების, ასევე კლასის დამრიგებლის და სკოლის დირექტორის თქმით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების ნაწილს მწვავე შეფასებები ჰქონდა, თუმცა იყო მხარდაჭერაც.

მოსწავლეებმა კლასში გადაღებული კლიპი თანასწორობის იდეაზე სოციალური ქსელიდან წაშალეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი