ნეტგაზეთი • RU

შუახევის სასამართლომ სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა

შუახევის მუნიციაპალიტეტის სოფელ სხეფის მასწავლებელი მარინა დარჩიძე, რომელმაც ფეისბუკის გვერდზე „ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების ფოტო გამოაქვეყნა, დღეს, 2 ოქტომბერს, შუახევის მაგისტრი სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა ათასი ლარით დააჯარიმა.

პედაგოგს ბრალი ედებოდა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის გამართვას იმ ადგილებში, სადაც კანონით აკრძალულია.  საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, შუახევის 82-ე საოლქო კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა, რის შედეგად შედგა სამართალდარღვევის ოქმი და გადაიგზავნა სასამართლოში.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა ბერძენიშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე არ გაჟღერებულა, ვინ მიიტანა „ქართული ოცნების“ დროშები სკოლაში. „ბავშვებმა თქვეს, უფროსკლასელებმა მოგვცესო. სხვა რაიმე სახის პოლიტიკურ კამპანიაზე ეჭვები არ ყოფილა,“ – ამბობს ის.

სასამართლო გადაწყვეტილებამდე მარინა დარჩიძეს საყვედური სკოლის დისციპლინარულმა საბჭომაც გამოუცხადა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com