მთავარი,სიახლეები

ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს

02.10.2017
ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს

მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. პარტიამ შესაბამისი სარჩელით დღეს, 2 ოქტომბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისწარმოების შესაჩერებლად.

მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პლაჟის გასხვისებით კანონი დაარღვია, რადგან პლაჟი კანონმდებლობით „განუსხვისებელ ტერიტორიას“ განეკუთვნება, თუმცა კანონი უშვებს გამონაკლისს.

„ამ შემთხვევაში, საკრებულოს პლაჟის, ანუ განუსხვისებელი ტერიტორიის გასასხვისებელად სჭირდებოდა სიითი შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობა, ანუ 17 ხმა. 29 სექტმბრის სხდომაზე მხოლოდ 11-მა დაუჭირა მხარი ამ საკითხს 6 წევრის წინააღმდეგ, ანუ სიითი შემადგენლობის უმრავლესობასაც არ დაუჭერია მხარი ორ მესამედზე რომ არაფერი ვთქვათ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

„პლაჟი საერთოდ არ წერია იმ განკარგულებაში, რომელიც საკრებულომ მიიღო,“ – გვითხრა პაატა შარაძემ, ბათუმის საკრებულოს იურისტმა. იგი განმარტავს, რომ განკარგულების მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო მიწა გადაეცა მთავრობას.

„გასაგებია, რომ ეს ტერიტორია მოიცავს ფაქტობრივად პლაჟს, მაგრამ საკრებულოს არ გადაუცია ქონება კონკრეტული პირისთვის. საკრებულომ ქონება მთავრობას გადასცა… ჩვენთვისაც საინტერესოა სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხზე,“ – დასძენს პაატა შარაძე.

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცემა  „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: