მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი: თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, არ მაქვს ჯერ დაანგარიშებული

03.10.2017 • 1979
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი: თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, არ მაქვს ჯერ დაანგარიშებული

„მერობა არაა პოლიტიკური თანამდებობა. რომც იყო, იმდენი რამე გვაქვს გამოვლილი, პოლიტიკოსი ვართ ყველა,“ – გვითხრა მალხაზ მხეიძემ. მას ვკითხეთ, შეუშლიდა თუ არა ხელს პოლიტიკური გამოცდილების არქონა. მალხაზ მხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. დაპირებები ბევრი აქვს, ფინანსური გათვლები – არა. ამბობს, რომ როცა მერი გახდება, შემდეგ მოიწვევს სპეციალისტებს და ყველაფერ დაიანგარიშებს. თუ თანხა არ ეყოფა, ცენტრალური ხელისუფლება დაეხმარება.

ბატონო მალხაზ, მოგვიყევით თქვენს შესახებ. ასევე გვითხარით, საიდან დაუხლოვდით „პატრიოტთა ალიანსს“?

მე დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1989 წელს. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სოფელ განთიადის კოლმეურნეობაში არენდატორად, ასევე ვიყავი ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე სპორტის საკითხებში. ვმუშაობდი ბათუმის პორტში, ხოლო ამჟამად ვმუშაობ „საქართველოს რკინიგზაში“, სავაგონე პარკის სამანევრო დისპეტჩერად. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ვარ 2015 წლიდან, მანამდე „წინააღმდეგობის მოძრაობაში ვიყავი“.  მომეწონა ამ პარტიის მოწოდებები, მომავალზე ფიქრი საქართველოს ერთიანობაზე, ღირსებაზე და ასე შემდეგ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ქვეყნის მომავალს ვერ ხედავს ნატოსთან ერთად… თქვენც იგივეს ფიქრობთ?

როგორ გეკადრებათ. ნატო, რუსეთი და საქართველო – ეს „პატრიოტთა ალიანსის“ ახალი მსვლელობაა და ერთიანობის გარანტია ეს იქნება. ნატო და რუსეთი ერთად გარანტი უნდა გახდნენ საქართველოს კეთილდღეობის.

რას გულისხმობთ, იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, ნატოს და რუსეთის ინტერესები საერთო არ არის…

არაა მასე. თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი და ნატო ვერ ნახულობენ საერთო ენას? არ ვიცი ზუსტად, რა და როგორ იქნება, ალბათ, რაღაც პლატფორმა არის გამონახული და მოკლე ხანში ვიხილავთ ამას. პირველი ნაბიჯები ახლა იდგმება… ფაქტია, რომ რუსეთმა უნდა მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, თორემ ჩვენ 25 წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. მარტო რუსეთმა კი არ გამოიჩინა ეს აგრესია, ჩვენი მხრიდანაც იყო დაშვებული დიდი შეცდომები. ამის გამოსწორება უწევს ახლა „პატრიოტთა ალიანსს“. შეიძლება ეს რისკია, მაგრამ ერთი და იგივე წრეზე ხომ არ უნდა ვიტრიალოთ? მე მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ ყურმილს რომ დადებთ, დაფიქრდებით და იტყვით, ეს კაცი მართალიაო…

ხელვაჩაურზე გვითხარით, რას პირდებით კონკრეტულად ამომრჩეველს? 

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დაპირებები, რაზეც პარტიის ლიდერები საუბრობენ. ყველაფერი თანმიმდევრულად გამოსწორდება. პირველ რიგში, ადამიანის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა დგას, საბანკო ტერორია ყველგან… ადამიანები მიდიან მეზობელ ქვეყნებში, რომ ფული იშოვონ, მერე ბრუნდებიან და ბანკის ვალებს იხდიან. ის, რაც ხელვაჩაურს აწუხებს, აწუხებს მთელ ქვეყანას და პირიქით, პრობლემები რამ გაყო? ამიტომ აქ უნდა შეიქმნას საწარმოები, რომ ხალხი დასაქმდეს. ჩვენ ამას გავაკეთებთ.

რა რესურსით წარმოგიდგენიათ საწარმოების გახსნა ხელვაჩაურში?

ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები. უნდა აშენდეს, მაგალითად, თამბაქოს საშრობი, ასევე ჩაის საწარმო. ნედლი თამბაქო უნდა ჩაიბაროს სახელმწიფომ და უნდა მოახდინოს მისი რეალიზება.

ანუ ხელვაჩაურის გამგეობაში ბიზნესის დაწყებას აპირებთ?

არასწორად გაიგეთ. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ბიზნესი პარალელურად უნდა არსებობდეს და თავისი საქმე აკეთოს, მაგრამ ძირითადად სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ეს სიტუაციები. ჩაის ბიზნესი რომ დახურულია, მისი აღორძინება რატომ არ უნდა მოვინდომოთ, მაგალითად?

ბიუჯეტის ხარჯზე როგორ აპირებთ საწარმოების შექმნას? სად ნახავთ ბიუჯეტში ამისთვის ფულს და რა დაჯდება საწარმოს მოწყობა?

სახელმწიფო თუ ჩადებს, რატომაა ცუდი? უაზროდ რომ იხარჯება ფული ათასნაირი მიმართულებით, ეს ფული დაიხარჯება საწარმოების შექმნაში.

რომელი პროგრამის დაფინანსებას შეაჩერებთ? 

არაფერს არ შევაჩერებ. ხელვაჩაურს აქვს მაგის მარაგი, ასე ვთქვათ, ყულაბაში დევს ეს თანხები და ნელი ტემპით ყველაფერი გაკეთდება. პირველ წელიწადს თამბაქოს საწარმო გაიხსნება, მერე ჩაის და ასე შემდეგ.

რა დაჯდება, მაგალითად, თამბაქოს საწარმო, გაქვთ დათვლილი?

მე საიდან უნდა დამეთვალა, გამგებელი ხომ არ ვარ? მაგას სპეციალისტები დათვლიან, თუკი მერად ამირჩევს მოსახლეობა. უმოკლეს დროში შევხვდები კვალიფიციურ სპეციალისტებს და დაიდება კონკრეტული ციფრები.

ანუ სპეციალისტებს ჯერ არ გასაუბრებიხართ და არც ბიუჯეტი გინახავთ…

ადრე ხომ კეთდებოდა საწარმო, კომუნისტების დროს? ისე გაკეთდება ახლაც, ოღონდ თანამედროვე ტექნოლოგიებით. მინი საწარმოზე ვსაუბრობ მე. თუ არ იქნება საკმარისი ადგილობრივი ბიუჯეტი, ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავთ და ის დაგვეხმარება, გამოგვიყოფენ თანხებს… რატომ უნდა დაგვეხმაროს, არ ვიცი ასე ზუსტად, ყველაფერს ახლა ვერ გეტყვით. ჯერ სიახლეში ვარ ამ საქმეში, როდესაც ჩავწვდები და მივუახლოვდები, მერე მეცოდინება ყველაფერი. რომ მცოდნოდა, დამირეკავდით, მექნებოდა ზუსტი ციფრი. მე მენდობიან ხელვაჩაურში, რადგან ცნობადი სახე ვარ, მიკეთებია ბევრი საქმე… ხელვაჩაურელები მე კი მომცემენ იმის დროს, რომ ჩემი საქმე გავაკეთო. გარდა ამისა, მინდა, სპორტული მოედნები გავაკეთო. მინიმუმ 11 მინი სტადიონი უნდა გაკეთდეს. ბიუჯეტში არის თავისუფალი თანხები. საქართველოს ნებისმიერი მაცხოვრებელი თვითონ უნდა იყოს მისი თავის ბატონ-პატრონი, მათ მამა-პაპისეული მიწები უნდა დაუბრუნდეთ და მიწები, რაც აუთვისებელია, სხვადასხვა კულტურა უნდა აშენდეს, ჩაი იქნება ეს, ციტრუსი, თუ მოცვი. თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, დაანგარიშებული ჯერ არ მაქვს.

მთავარ ფოტოზე: „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატების წარდგენა აჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: