მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიისგან დაბრუნებულ ქონებას სამინისტრო ასხვისებს

07.09.2017 • 2413
ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიისგან დაბრუნებულ ქონებას სამინისტრო ასხვისებს

კომპანია „სინოჰიდროს“, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს, ჩოლოქის დასახლებაში, იჯარით გადაცემული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, 30 000 კვ.მ მიწასთან ერთად. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქონება მიმდინარე წლის 4 სექტემბრს გამოთავისუფლდა და დაუბრუნდა მესაკუთრეს – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. სამინისტრო ამ ქონების პრივატიზებას გეგმავს.

ქონების პრივატიზებამდე, იქ არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის დასაცავად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაცვის პოლიციასთან ხელშეკრულება 35 ათას 100 ლარზე გააფორმა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებობდა გარეშე პირების მიერ შენობების უკანონოდ დაკავების საფრთხე: „შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალზე საქართველოში“ იჯარის ფორმით გადაცემული იყო აჭარის საკუთრებაში არსებული 1157,9 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთთან ერთად. გარდა აღნიშნული შენობისა, კომპანიის მიერ აჭარას საკუთრებაში გადაეცა საიჯარო პერიოდში აშენებული 12 ერთეული სხვა შენობა-ნაგებობებიც. „სინოჰიდროს“  მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი ქონდა მოქალაქეების მხრიდან ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობების უკანონოდ დაკავების მცდელობებს და შენობების გამოთავისუფლება ხდებოდა მოიჯარე კომპანიის თანამშრომლების დახმარებით. ქონების გადმოცემის შემდგომ, არსებობდა მოქალაქეების მიერ გამოთავისუფლებული შენობა-ნაგებობების მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროება, რის გამოც შენობა-ნაგებობების უკანონოდ დაკავების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, დილით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმდა ხელშეკრულება და ობიექტი აყვანილ იქნა ცოცხალი ძალით დაცვის ქვეშ“.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ექსკლუზივს წარმოადგენს, 2017 წლის 30 სექტემბრამდე. თუ ამ დრომდე ვერ მოხერხდა ქონების პრივატიზება, ვაპირებთ მივმართოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად, რათა გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან საჭირო ვადით.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღემდე არ აქვთ გადაწყვეტილი თუ რა ფორმით გაასხვისებენ აღნიშნულ ქონებას. „თუ იქნება დაინტერესება, სამინისტრო პრივატიზების ნებისმიერ ფორმას და წინადადებას განიხილავს. ამ დროისთვის კი რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ – გვითხრეს სამინისტროში.

ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე „სინოჰიდროს“ ოფისი იყო განთავსებული. ტერიტორია ჩოლოქის დასახლებასა და ქობულეთის შემობლით გზას შორის, გზასთან ახლოს მდებარეობს. ვინაიდან კომპანიამ ჩოლოქი-ოჩხამურის მიმდებარედ გზის მშენებლობა დაასრულა და იჯარის ხელშეკრულებასაც ვადა გაუვიდა, აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნა ავტონომიურ რესპუბლიკას, როგორც მესაკუთრეს.

„სინოჰიდრო“ ავტობანის [ქობულეთის შემოვლითი გზის] შენებლობას ამ დროისთვის ჩაქვში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან აგრძელებს, შესაბამისად, ოფისისთვის ტერიტორია ჩაქვში აქვთ იჯარით აღებული.

აჭარის გზების დირექციაში აცხადებენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის  მშენებლობის სამუშაოების დასრულება 2018 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.

ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზა

გადაბეჭდვის წესი