მთავარი,სიახლეები

პარიზის ოთხი ლეგენდარული კაფე

29.09.2017 • 7874
პარიზის ოთხი ლეგენდარული კაფე

მე-19, მე-20 საუკუნეების მწერლები, მხატვრები, ინტელექტუალები თუ არტისტები ხშირად კაფეებსა და ბარებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იკრიბებოდნენ თამბაქოს კვამლით გაბუღულ, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ადგილებში, საათობით საუბრობდნენ, კამათობდნენ, ახალ ლექსებს, მოთხრობებს უკითხავდნენ ერთმანეთს  და ერთობოდნენ.

ჟან პოლ სარტრს, პიკასოს, პოლ ვერლენსა თუ ჰემინგუეის არაერთი ღამე დასთენებია პარიზული ბისტროების ტერასებზე. მოგვიანებით ეს კაფეები პარიზის ღირშესანიშნავ ადგილებად იქცა და ბევრი მათგანი დღესაც იზიდავს ადამიანებს.

„კლოზერი დე ლილა“ – LA CLOSERIE DES LILAS

ფონტენებლოსკენ მიმავალ გზაზე, ძველი ფოსტის შენობაში მოწყობილი „კლოზერი დე ლილა“ პირველი კაფე იყო, რომელმაც ჩვეულებრივი პარიზული უბანი, მონპარნასი, ხელოვანთა უბნად აქცია. მე-19  საუკუნეში ემილ ზოლა დასახლდა მონპარნასზე მეგობრებთან, პოლ სეზანთან და თეოფილ გოტიესთან ერთად.

მეოცე საუკუნის პოეტები – პოლ ვერლენი და გიიომ აპოლინერი ყოველ სამშაბათს აქ იკრიბებოდნენ.

მშრალ კანონს გამოქცეული ამერიკელები – ჰემინგუეი, ჰენრი მილერი და სკოტ ფიცჯერალდი ხშირად იყვნენ კაფეს სტუმრები მშვიდად დასალევად და სამასლაათოდ. ოსკარ უაილდი, ჟან პოლ სარტრი და სემუელ ბეკეტიც „კლოზერი დე ლილას“ მუდმივი სტუმრების საკრალურ ჩამონათვალში არიან.

1381312002894

 „კლოზერი დე ლილა“ ახლა

„კლოზერი დე ლილა“ ახლა

„პროკოპი“ – LE PROCOPE

კაფე „პროკოპი“ 1684 წელს გაიხსნა და პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ძველ კაფედაა მიჩნეული. ეს ადგილი განმანათლებლობის ეპოქიდანვე იზიდავდა მწერლებს. კაფეს ისტორიაში წაიკითხავთ, რომ ვოლტერი, დიდრო და რუსო აქ ფინჯანი ყავისა და ნაყინის მისართმევად დადიოდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში „პროკოპის“ სტუმრები ხშირად იყვნენ პოლ ვერლენი, ვიქტორ ჰიუგო, ალფრედ დე მიუსე და ონორე დე ბალზაკი. გადმოცემის მიხედვით დიდრო აქ წერდა წერილებს ენციკლოპედიისთვის, ბენჟამინ ფრანკლინმა კი ამ კაფეს ერთ-ერთ მაგიდასთან მოკალათებულმა დაიწყო ამერიკის კონსტიტუციის პირველი თავების წერა.

53676903.PbaseProcopeIMG_0503_DxO

„როტონდა“ – LA ROTONDE

ამ კაფეზე იმდენი გსმენიათ! მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც „როტონდა“ გაიხსნა, ხელოვანთა შეკრების მთავარმა ადგილმა პარიზში მონმარტრიდან აქ – მონპარნასზე გადმოინაცვლა.

ჰემინგუეი 1949 წელს გამოცემულ რომანში „აღმოხდების მზე” წერს: „ტაქსი როტონდას წინ გაჩერდა. სენის მარჯვენა სანაპიროზე, ყველა ტაქსის მძღოლი, რომელსაც სთხოვთ, რომ მონპარნასის რომელიმე კაფესთან მიგიყვანოთ, აუცილებლად როტონდასთან გაგიჩერებთ“.

პიკასო და კისლინგი „როტონდაში“

პიკასო, კისლინგი და ფრანგი მსახიობი „როტონდაში“

restaurant583701cbe788c-86b74d94572b8bd066b5619aa6798abf

„კაფე დე ფლორი“ – LE CAFÉ DE FLORE

1940 წლიდან პარიზის ოკუპაციის წლებში მონმარტრისა და მონპარნასის კაფეები ვერმახტის ოფიცრებით აივსო, რის გამოც მწერლებისა და მხატვრების თავშეყრის ადგილმა სენ ჟერმენზე, „კაფე დე ფლორში“ გადაინაცვლა.

აპოლინერი, რომელიც 1917 წლიდან სენ ჟერმენზე დასახლდა, ხშირად დადიოდა „კაფე დე ფლორში“ ანდრე ბრეტონთან, პოლ რევერდთან, ლუი არაგონთან და პოლ ელუართან ერთად.

კამიუ, სარტრი და სიმონ დე ბოვუარი მთელ დღეებს აქ ატარებდნენ. „კაფე დე ფლორი“ დღისით მათთვის მშვიდი და მყუდრო სამუშაო სივრცე იყო, ღამით კი დღესასწაულებისა და გართობის ადგილი.

ზამთრობით ნახშირის ღუმელით გამთბარი კაფე ნესტიანი, ცივი, ნაქირავები ოთახებისგან თავდაღწევის საუკეთესო საშუალება იყო მწერლებისთვის.

1939 წელს ფლორის ახალმა მეპატრონემ უზარმაზარი ნახშირის ღუმელი დაამონტაჟა, რომელიც ათბობდა კაფის პირველ და ბევრად უფრო მყუდრო მეორე სართულსაც.

Café de Flore Paris. Photo Ed van Elsken

ფოტო: Ed van Elsken

 ჰემინგუეი პარიზულ კაფეში,მეგობრებთან ერთად

ჰემინგუეი პარიზულ კაფეში,მეგობრებთან ერთად

„კაფე დე ფლორი“ ახლოსაა გამომცემლობა „გალიმართან“, რომლის მაშინდელი მფლობელის კეთილი ნებითაც გამომცემლობის კლიენტ მწერლებს ყოველდღე შეეძლოთ „ფლორში“ მცირე სადილის მირთმევა, თუმცა კეთილმა ნებამ პარიზის ოკუპაციის მხოლოდ პირველ დღეებში იარსება.

ამბობენ, რომ ჟან პოლ სარტრისთვის კაფეში სპეციალური სატელეფონო ხაზიც კი იყო გაყვანილი, რომ ზარებისთვის იქიდანვე ეპასუხა.

Café_de_Flore

წარსულს ჩაჰბარდა დრო, როცა ეს კაფეები იმით იყო განთქმული ხელოვანთა შორის, რომ შეეძლოთ გროშებადაც ესადილათ, მთელი დღე ეწრუპათ ყავა და მშვიდად ეწერათ.  ეს ადგილები ისევ იზიდავს ადამიანებს, თუმცა მყუდროდ მოსაკალათებლად და საწერად აქ აღარავინ დადის, „კლოზერი დე ლილასა“ და „კაფე დე ფლორში“ რამის შეკვეთა დღეს უბრალოდ საჩვენებელი ელიტურობის აუცილებელი ნაწილია, რაზე წამოგებაც არ ღირს, მაგრამ თუ მაინც დაჟინებით გადაწყვეტთ რაიმეს შეკვეთას „კაფე დე ფლორში“, მაშინ იცოდეთ, რომ განთქმული ვაშლის ტარტი აქ – 15, სალათი ცეზარი – 25, „ფლორის“ საფირმო შოკოლადი კი 7 ევრო ღირს. თუ ის ამბავი დაგამშვიდებთ, რომ ამ ყველაფერს იმ მაგიდასთან მოგართმევენ, სადაც კამიუ ან სარტრი სადილობდა, მაშინ გაამოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: