მთავარი,სიახლეები

ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

26.09.2017 • 3513
ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა რვამდე მცირე მეწარმე დაზარალდეს. ტერიტორია, სადაც ფართობები იჯარით აქვთ აღებული და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ექსპროპრიაციას ექვემდებარება, რის შესახებაც ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია. მათ ორი დღის წინ ფართობების დაცლა წერილობით მოსთხოვეს. შესაბამისად, მოიჯარეებს იმ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, რაც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ დროს [ამ შემთხვევაში ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] ბიზნესსაქმიანობის შეჩერებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს, მოიჯარეები ზარალის ანაზღაურების გარეშე რჩებიან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ამის მიზეზი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მესაკუთრის ერთგვარი შეთანხმებაა.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 371-ში, იჯარით აღებულ ფართობებში რამდენიმე ავტოტექმომსახურებას, თუ სხვა საამქროებს, უკვე წლებია ამუშავებენ და აქ დღეს 30-მდე ადამიანია დასაქმებული. ტერიტორია სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტი-96“-ის საკუთრებაა.

„წლებია აქ ვმუშაობთ, ცეხები გვაქვს გახსნილი, ძვირადღირებული დანადგარები დამონტაჟებული და ამ დრომდე არც ქონების მესაკუთრეს და არც სახელმწიფოს არ გაუფრთხილებივართ, რომ ერთ დღეს საქმიანობის იძულებით შეწყვეტა მოგვიწევდა. ორი დღის წინ გაგვაფრთხილა მესაკუთრემ, რომ ფართობი პირველ ოქტომბრამდე დავცალოთ. ადრე ვის არ მივმართეთ, მაგრამ კონკრეტული პასუხი არავინ გაგვცა, არც მესაკუთრემ, არც გზების დეპარტამენტმა… არადა ვიცით, რომ როცა იძულებით გვიჩერებენ საქმიანობის უფლებას, მოიჯარეებსაც გვეკუთვნის გარკვეული კომპენსაცია – საქმიანობის დროებით შეჩერებისთვის. ამ დანადგარების გადატანას საკმაო დრო და ხარჯი სჭირდება. დანამდვილებით ამ დრომდე არ ვიცოდით უნდა დაგვეცალა, თუ არა ფართობი და, შესაბამისად, არც ის ადგილი შეგვირჩევია, სადაც ხელახლა ავაწყობთ ბიზნესს,“ – გვეუბნება ერთ-ერთი მოიჯარე.

ბათუმის შემოვლითი გზა ზემოაღნიშნულ მისამართზე გადის და ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უკვე ექსპროპრიაციის რეჟიმშია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მესაკუთრეც ვერ შეთანხმდნენ კომპენსაციის ოდენობაზე. მოიჯარეები კი, არც მაშინ გაუფრთხილებია არავის, როცა იმ ქონების აღწერა მიმდინარეობდა, სადაც ავტომაგისტრალს უნდა გაევლო.

„როდესაც კომპანია მიდის აღწერა-ინვენტარიზაციის ჩასატარებლად, ბუნებრივია, ყველა დეტალს კითხულობენ – ვინ არის, რა არის განთავსებული და ა.შ.  როცა აღწერა ტარდება, იქ დამსწრე პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ უთხრას, აი, აქ არის ეს და ეს, ახორციელებს კომერციულ საქმიანობას… შემდეგი ეტაპი არის ის, რომ მოიჯარეებმა ამ კომპანიას მიაწოდონ შესაბამისი დოკუმენტაცია  –  ოფიციალურად გადასახადის გადამხდელები რომ არიან, უნდა იყვნენ დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, მათ მიერ გადახდილი თანხა უნდა იყოს დეკლარირებული და ა.შ.  11 თვეზე მეტი ხნით დადებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაში არ არის ეს ხელშეკრულებები ჩვენამდე მოსული და არც კომპანიისთვის არ წარუდგენიათ. თუ ჩვენამდე იქნებოდა მოღწეული, მას განვიხილავდით  და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებდით,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელმა მიშა უჯმაჯურიძემ.

ვის უნდა გაეფრთხილებინა მოიჯარეები, რომ მათ მოუწევდათ საქმიანობის შეწყვეტა, რატომ არ გააფრთხილეს და არ მოსთხოვეს დოკუმენტაციის წარდგენა? – „დეპარტამენტი ასეთ შემთხვევაში პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ იქ აღწერა-ინვენტარიზაციას აკეთებს კონკრეტული კომპანია და დეპარტამენტი ამ პროცესს არ ესწრება. მაქ როგორ იყო და რა იყო, რა ილაპარაკეს, რა ისაუბრეს, ჩვენთვის უცნობია,“ – აცხადებს მიშა უჯმაჯურიძე.

იმას, რომ მოიჯარეები, როგორც თავად აცხადებენ, ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ და მათ ინფორმაცია დაუმალეს, არ ეთანხმებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტში. „არ არის სწორი. ტერიტორიის მესაკუთრემ, თუ არ ვცდები სააქციო საზოგადოებაა და მისმა ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ მანდ უნდა გასულიყო გზა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მათ წარმომადგენელთან საუბარი, მან დეტალურად გვითხრა, რომ ყველა საქმის კურსში არის, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები  და ხელშეკრულებებიც [მოიჯარეებთან] გაფორმდება ეტაპობრივად, კონკრეტული ვადების მითითებით –  ეს იმ ინფორმაციით, რაც მე მითხრეს სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებმა,“ – ამბობს მიშა უჯმაჯურიძე.

სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი, შოთა წულუკიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ვინც ინვენტარიზაცია ჩაატარა, მას ყველა დოკუმენტაცია გადასცეს, მათ შორის საიჯარო ხელშეკრულებებიც. მან კი მოიჯარეები სიტყვიერად გააფრთხილა, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში მოუწევდათ ფართობების დაცლა.

„ბათუმელებს“ თამაზ ნიჟარაძე დაუკავშირდა [როგორც საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი] და გვითხრა, რომ საგზაო დეპარტამენტიდან მათთან ინვენტარიზაციაზე 6-7  წლის წინ მივიდნენ და მაშინ უთხრეს, რომ მოიჯარეებთან ხელშეკრულებები გრძელვადიანი არ გაეფორმებინათ: „ამის შემდეგ წავიდნენ, აღარ გამოჩენილან და დაახლოებით 5 წლის წინ მივწერე საავტომობილო გზების დეპარტამენტს [ინვესტიციების განხორციელება გვინდოდა] და ოფიციალურად მოგვწერეს, არანაირი მშენებლობა არ დავგეგმოთ, ვინაიდან ავტობანი გადის თქვენს ტერიტორიაზეო. ამის შემდეგ ხელშეკრულებებს მოიჯარეებს ვუფორმებდით მხოლოდ ერთი წლით, იმიტომ, რომ მერე პრობლემები შეგვექმნებოდა, თუმცა კაპიტალური მშენებლობის უფლებას არ ვაძლევდით…“

თამაზ ნიჟარაძის თქმით, ბოლოს დეპარტამენტში უთხრეს, რომ 2017 წლის იანვრიდან შეეძლოთ მაქსიმუმ 5 თვით გაეფორმებინათ საიჯარო ხელშეკრულებები: „ამის შესახებ ყველა მოიჯარემ იცოდა და გავუფორმეთ პირველ ივნისამდე. შემდეგ გვთხოვეს, თუ გაგვიგრძელებთო და ვუთხარი, რომ გადავრეკავდი დეპარტამენტში, თუ როდემდე შეგვეძლებოდა ხელშეკრულების გაგრძელება. გადავრეკე და გვითხრეს, რომ სექტემბრის ბოლომდე. ახალი ხელშეკრულებები გავუფორმეთ და გავაფრთხილე, რომ ოქტომბრიდან მოიჯარეებიდან თანხის აღებას ვეღარ შევძლებდით, თუმცა ვიდრე არ შემოვლენ სხვები, შუქს არ გავუთიშავდი, შეთანხმდნენ და ენერგოკომპანიას გადაუხადონ შუქის ფული. ოქტომბრის ბოლომდე ხელს არ ვახლებთ, გვერდით ახალი ფართობები შენდება და რამდენადაც ვიცი, ყველა იქ გადადის“.

საზოგადოების დირექტორის ინფორმაციით, სასამართლომ მათ 18 სექტემბერს მოსთხოვა ტერიტორიის დაუყოვნებლივ დაცლა, თუმცა გასაჩივრების ვადა აქვს 2 ოქტომბრამდე და დრო რომ მოიგოს, შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. თამაზ ნიჟარაძე ამბობს, რომ ქონების საფასურის ნაცვლად სახელმწიფომ მათ შესაძლოა მიწის მონაცვლეობაც შესთავაზოს და სხვა ნაკვეთი მისცენ: „ჩვენი მოიჯარეების ხელშეკრულებები მოკლევადიანია და რეესტრში არ რეგისტრირდება. მესაკუთრე შეიცვალა, ფაქტობრივად, მაგრამ რადგან გზა გადის, არავინ გაუგრძელებს ვადას და ბიზნესი შეუძლიათ გააგრძელონ სხვაგან. გუშინ დამირეკეს დეპარტამენტიდან და მთხოვეს მასალები ვიდრე აქვთ, არ შევეხებითო, ნოემბრის ბოლომდე, წლის ბოლომდე შეიძლება არც მოვიდეთო… კომპენსაციას და გადატანის ხარჯს არც ჩვენ გვაძლევენ, უარი გვითხრეს, ქონებაში გიხდთო“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის, ანა ბერძენიშვილის განმარტებით, „გზების დეპარტამენტი ამ შემთხვევაში, როგორც ექსპროპრიატორი, ვალდებული იყო შეეტყობინებინა ექსპროპრიაციის თაობაზე იმ პირებისთვის, რომლებთანაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნდა მესაკუთრეს – იქნებოდა ეს მოიჯარე, იპოთეკარი და ა.შ. რაც შეეხება კომპენსაციის მიღებას, სამოქალაქო კოდექსით ეს უფლება მოიჯარეს წარმოეშობა დეპარტამენტისგან. ამ შემთხვევაში, რადგან გზების დეპარტამენტი ახორციელებს ექსპროპრიაციას და ეს არის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროიება, ბუნებრივია, იჯარის არსებობა შეუძლებელი იქნება, ამიტომ დეპარტამენტს უნდა დაეკისროს გარკვეული კომპენსაციის გადახდა მოიჯარეების მიმართ“.

რაც შეეხება კომპენსაციას, ანა ბერძენიშვილის თქმით, ის გამოთვლილი უნდა იყოს იჯარის საქმიანობიდან, ვადიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, თუ რა ზიანს მიიღებენ, მოუწევთ მოიჯარეებს. იურისტი იმასაც აცხადებს, რომ მოიჯარეები თავიდანვე და განსაკუთრებით ექსპროპრიაციის მომენტისთვის, აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ პროცესში ჩართულები, იქედან გამომდინარე, რომ ამ მიწაზე, რომელიც ექსპროპრიაციას დაექვემდებარებოდა, შეუძლებელი იქნებოდა შემდგომში იჯარის განხორციელება.

სხვა იურისტებიც აცხადებენ, რომ ცალსახა იყო მოიჯარეების ჩართვის აუცილებლობა პროცესში: „ფაქტია, რომ ექსპროპრიაცია ხორციელდება ქონებაზე, რომლის ნაწილზეც დღეს არსებობს მოქმედი იჯარა. ამ ხალხს რომ კომპენსაცია ეკუთვნის, ეს არის როგორც ორჯერ ორი ოთხი – რა ფორმით, როგორ და რა რაოდენობით, ეს უკვე იქნება სასამართლოს შეფასების საკითხი. სასამართლო თუ იმსჯელებს, ის შეაფასებს კონკრეტულ ფაქტებს. სასამართლომ თუნდაც იმაზე უნდა იმსჯელოს, რომ სახელმწიფოს, დეპარტამენტს, გონივრულ პირობებში უნდა ევარაუდა, რომ ეს ხელშეკრულებები შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და ამიტომაც უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში მოიჯარეები“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის [შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი SLRP III] მიხედვით: 

პროექტის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

[checklist]

  • დამქირავებლებსა და მოიჯარეებს, განურჩევლად იმისა, რეგისტრირებული არიან თუ არა;
  • პროექტის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ პირებს, რომლებიც კარგავენ ბიზნესს, შემოსავალსა და ხელფასს.

[/checklist]

კომპენსაციის ოდენობა:

[checklist]

  • ბიზნესის დროებით დაკარგვის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურება გაიცემა ბიზნესის შეჩერებული პერიოდისთვის. შემოსავალი დაიანგარიშება საგადასახადო დეკლარაციის ან მისი არარსებობის შემთხვევაში, მინიმალური ოფიციალური საარსებო მინიმუმის საფუძველზე.
  • ზემოქმედებას დაქვემდებარებული ბიზნესმუშაკები/დაქირავებული თანამშრომლები: დაკარგული ხელფასის ანაზღაურება მოხდება ბიზნესის შეჩერების პერიოდის გათვალისწინებით მაქსიმუმ 3 თვემდე.

[/checklist]

„იძულების წესით იჯარის ხელშეკრულებას მაქ არავის უწყვეტენ. თვითონ მოიჯარესა და მეიჯარეს შორის იყო გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება კონკრეტული ვადით. ამიტომ მაქ ბიზნესის შეჩერება ცოტა არ იყოს უხეშად ნათქვამია. 30 სექტემბერს უმთავრდება იჯარის ხელშეკრულების ვადა და აღარ უგრძელდებათ,“ – გვითხრა მიშა უჯმაჯურიძემ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ხომ არ იყო შეთანხმება სააქციო საზოგადოებასა და დეპარტამენტს შორის, რომ „მოკლევადიანი ხელშეკრულებების ეტაპობრივად გაფორმებით“ მოიჯარეები განსახლების/ექსპროპრიაციის პროცესისთვის ხელოვნურად ჩამოეშორებინათ? – იურისტების თქმით,  ეს უკვე სამართლებრივად სულ სხვა თემაა და „თუ მოიჯარე ასე ჩათვლის, მან უნდა იდავოს თაღლითურ სქემაზე მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: