Batumelebi | ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი” ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი” – Batumelebi
RU | GE  

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

 

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ „ბათუმობა 2015“-ის ოფიციალურ გახსნაზე რუსულ ენაზეც მიმართეს პუბლიკას და ჩამოსულ სტუმრებს. ჟურნალისტებთან მერმა ეს იმით ახსნა, რომ ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ქალაქში ბევრი სტუმარი იმყოფება, რომლებიც ამ ენაზე კარგად საუბრობენ. რამდენად მისაღებია მაღალი თანამდებობის პირების ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა? „ბათუმელებმა“ ამ თემაზე კომენტარი ისტორიკოსს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს სთხოვა.

 

 

ლაშა ბაქრაძე. ფოტო ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან
ლაშა ბაქრაძე. ფოტო ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან

თქვენი აზრით, რას ნიშნავს როცა მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალური ღონისძიების გახსნისას პუბლიკას მიმართავენ რუსულ ენაზე, მაშინ როცა რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს მასთან?


 ჩემი აზრით, ეს არის ნათელი მაგალითი იმ სიბეცის, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ფესვგადგმულია და ასევე, ტოტალური გაუნათლებლობის. გასაგებია, რომ ბათუმის ხელისუფალთ სხვა ენა არ ესმით გარდა რუსულისა და როდესაც რაღაცის თქმა უნდათ უცხო ენაზე, ისინი რუსულად ლაპარაკობენ, ისევე როგორც საბჭოთა დროს, როდესაც ადამიანებს ეგონათ, რომ თუ საბჭოთა კავშირში ვინმე უცხოელი ჩამოვიდოდა, მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა რუსული. დღესაც, მაღაზიაში რომ შეხვალთ, ასე ჰგონიათ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაუნათლებლები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო, პოლიტიკურ თანამდებობებზე ასეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც ეს არ იციან და მათთვის საჭიროა ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ რუსულად ლაპარაკი დღევანდელ საქართველოში ოფიციალურ ღონისძიებაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

 

საბჭოთა დრო ახსენეთ და ეს არის თუ არა ტიპიური საბჭოთა სცენარი?


 

რასაკვირველია. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ღრმად არიან საბჭოეთში ჩარჩენილი და ალბათ მათი ოცნებაა, რომ მათთვის ბედნიერი საბჭოთა დრო დაბრუნდეს და მათ მიეცეთ საშუალება, რომ ამ ენის გამოყენებით გამოთქვან აზრი. 


ერთია მათი განცხადება რუსულ ენაზე, მეორეა საზოგადოების რეაქცია. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს, როცა უხმოდ იღებს ამას საზოგადოება, რა რეაქცია უნდა ყოფილიყო?


 წესიერი საზოგადოება ალბათ დაუსტვენდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და მიუხედავად ამისა, რუსულ მუსიკას უსმენენ და ამით ძალიან კმაყოფილნი არიან. რუსული პოპმუსიკის ხარისხზე არ მინდა ახლა ვისაუბრო, მაგრამ ეს არის პოსტკოლონიალური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ჩვენც გამონაკლისი არ ვართ, მიუხედავად იმ ომებისა და იმ სისხლისღვრისა, რაც რუსეთთან ურთიერთობამ მოგვიტანა. ეს ჩვენი მითოსია, რომ თითქოს, დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით საბჭოეთს, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების გარკვეული და სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ნაწილი არ უფიქრდება იმას, რას აკეთებს და მათ უჭირთ აზროვნება. ეს აზროვნების გაჭირვება, მე ვფიქრობ, არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემათაგანი ჩვენს ქვეყანაში, რაც ხშირად ჩანს და რაც მართლაც ძალიან დიდ პრობლემებს წარმოშობს. ადამიანებს ეზარებათ აზროვნება, არ უფიქრდებიან რას აკეთებენ. მაგალითად, ყიდულობენ რუსულ პროდუქტს და თუ მიუთითებ იმაზე, რომ მტერ სახელმწიფოს აძლიერებენ, რომ რუსული არყის მაგივრად შეუძლიათ იყიდონ უკრაინული, გეტყვიან – უი, მაგაზე არ მიფიქრიაო.

 

ამ შემთხვევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ცენტრალური ხელისუფლება, არ გაუკეთებიათ კომენტარი. თქვენი აზრით, არის თუ არა ამის საჭიროება, უნდა გაემიჯნოს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ასეთ ფაქტს ან განმარტოს?


 არ იქნებოდა ურიგო. ჩვენ სამწუხაროდ მივეჩვიეთ, რომ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც საზოგადოებაში გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არანაირი განცხადებები არ კეთდება, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამ ადამიანებს არ ესმით, ვინმემ აუხსნას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მთავრობისა და ხელისუფლების რეაქციაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებამ ყოველთვის უნდა აჩვენოს, რა მოსწონს მას და რა – არა.


როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა უმჯობესია თანამდებობის პირებმა ბოდიში მოიხადონ?


 ბოდიშის მოხდა, მოგეხსენებათ, საქართველოში პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ. უამრავი, უარესი, ადამიანის შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა ბოლო დროის განმავლობაში, მაგრამ ბოდიშის მოხდა, ეტყობა, გარკვეულწილად სისუსტედ მიიჩნევა და ამის გამო საქართველოში ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირთ. აქ ბოდიშს, თუ არ უბრძანებენ, არც უნდა ველოდოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე