მთავარი,სიახლეები

„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს

02.10.2017
„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს

მოსამართლე ლევან გელოვანი ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს ცნიბილი საპროტესტო აქციის შემდეგ, თავდაპირველად ადმინისტრაციული დარღვევისთვის, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი.

ლაშა დეკანაძე ერთადერთია, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის აღიარებაზე უარს ამბობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იმ სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადგინდა. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო, ლაშა დეკანაძეს მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ამ პატიმრობის მოხდის შემდეგ წაუყენა ბრალი პროკურატურამ ლაშა დეკანაძეს სისხლის სამართლის წესით იგივე „ბათუმის აქციის საქმეზე“.

„ერთი და იგივე ქმედება სამართლებრივად ვერ იქნება ადმინისტრაციული დარღვევა და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაული,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ადმინისტრაციულ პროცესზე პოლიციელებმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს უთხრეს, რომ ლაშა დეკანაძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა პოლიციელების მისამართით და არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების მოთხოვნებს.

ამ პროცესზე, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა შეუფარდეს, პოლიციელებს არაფერი უთქვამთ ლაშა დეკანაძის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე, ანუ მასობრივ ძალადობაზე, რასაც ახლა ედავება პროკურატურა ბრალდებულს.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელებზეც, რომლებიც სალიხ შაინიძესთან გამართულ პროცესზე საუბრობენ საზოგადობერივი წესრიგის დარღვევაზე და არა მასობრივ ძალადობაზე.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორის ჩვენებას მოისმენს, ვინც 11 მარტის აქციას აშუქებდა. ოპერატორს მოწმის სახით დაცვის მხარე წარმოადგენს.

დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუკი მასობრივი ძალადობა დაუდასტურდება ლაშა დეკანაძეს, მას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სამართალდამცველებმა სულ 21 პირი დააკავეს, აქედან 18-ს, ბრალის აღიარების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ისინი მასობრივი ძალადობისთვის გაასამართლეს.

ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი: მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: