ნეტგაზეთი • RU

„პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატი: ეკლესიამ ნაკლები უნდა იფიქროს გამდიდრებაზე

რევაზ ზოიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში. იგი  ამბობს, რომ  27 წელია შუახევში აღარ ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მერობა და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო რევაზ, როდის მოხვედით პოლიტიკაში და რატომ გინდათ გახდეთ მერი?

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი ერთი თვის წინ, მანამდე პოლიტიკაში არ ვიყავი. ახალი ნაბიჯებია ჩემთვის პოლიტიკაში. მანამდე პარტიული კომიტეტის მდივნად ვმუშაობდი კოლმეურნეობაში, შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. შემდეგ, საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე და ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. ვმუშაობდი აჭარის არქიტექტორთა კავშირის სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი სამეწარმეო საქმიანობას ვეწეოდი.

რა ბიზნესი გაქვთ?

მინერალური სასუქების რეალიზაციას ვეწევი.

ბათუმში რამდენი ხანია რაც ცხოვრობთ?

27 წელია ვცხოვრობ აქ.

ამდენი ხნის შემდეგ მუნიციპალიტეტში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ, ან რამდენად კარგად იცით იქ მცხოვრებთა საჭიროებები?

ბათუმში კი ვცხოვრობ, მაგრამ როგორც ერთ-ერთი რიგითი შუახეველი, არასდროს ვყოფილვარ მაყურებლის როლში და ამჯერადაც მინდა ხალხის სამსახურში, მერობის პოზიციაში ვიყო.

რა პროგრამით აპირებთ ხალხის სამსახურში დგომას, შეგიძლიათ გვითხრათ?

პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება. სოფლის მეურნეობა დარგების და სოფლების მიხედვით უნდა განვითარდეს. შეიძლება მეცხოველეობა განვავითაროთ ისეთ ადგილას, სადაც ამის პირობებია. მაგალითად სოფელ გოგაძეებში, ტბეთში, ინწკირვეთში, უჩამბა, ნაღვარევი – ამ სოფლებში შეიძლება განვითარება. დღესდღეობით რძის პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს, ძვირია და შეიძლება პერსპექტიულ მეურნეობად ჩაითვალოს. მთავარია რეალიზაცია. ამ პრობლემის გადაჭრას ვხედავ იმაში, რომ ბათუმში უნდა აშენდეს სპეციალური ბაზარი, სადაც მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტში ნაწარმოები და მოწეული პროდუქტი უნდა გაიყიდოს. ხალხმა არ იცის, რომ ჩვენთან მოწეული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა.

ვინ უნდა ააშენოს ეს ბაზარი და რომ არ აშენდეს?

უნდა აშენდეს. ან ცენტრალურ ბაზარში უნდა შევქმნათ სექცია. რაც შეეხება ტურიზმს, მე თვითონ მაქვს საოჯახო ტურიზმი და მაქვს ამის გამოცდილება. ურთიერთობა მაქვს უცხოელებთან და ვიცი, როგორ უნდა განვითარდეს ეს სფერო. ყველა ოჯახში პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და კადრები უნდა მომზადდეს. მუნიციპალიტეტში სპეციალური განყოფილება უნდა შეიქმნას ტურიზმის, რომ დაეხმაროს სოფლის მოსახლეობას ამ ბიზნესის განვითარებაში.

შუახევში არსებობს სამთო კურორტი, თუმცა ვერ მოხდა მისი განვითარება. 

ზამთარში ძალიან დიდი თოვლი მოდის იქ და გზების გაწმენდა სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ საზაფხულო ტურიზმი უფრო იმუშავებს. ავიღოთ ღომას მთა, საზღვრისპირა მთაც არის და თუ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ეს იქნება ხელმისაწვდომი ტურისტისთვის. მიზნობრივად თუ გამოვიყენებთ ბიუჯეტს, შუახევის ბიუჯეტი ამ ყველაფერს გაწვდება. ტურიზმმა უნდა შეავსოს გლეხის ბიუჯეტი.

რამდენია ახლა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი?

როგორც მე ვიცი 6 მილიონია, მაგრამ ამბობენ 15 მილიონი… გარდა ამისა, ჰესიდან მონაგები უნდა განაწილდეს სოფლების მიხედვით მიზნობრივად. ახლა გამგეობას აქვს დაჭერილი ბიუჯეტი და სოფლებში არ განაწილდა.

სხვა რა პრობლემებს ხედავთ შუახევის მუნიციპალიტეტში და როგორ ხედავთ მისი მოგვარების გზებს?

სოციალურად დაუცველი ფენების საკითხია მოსაგვარებელი. ამ ხალხს ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ სოციალურ შემწეობას აღარ იღებდნენ. არის ასეთი მთა, „მთაპერანგა“ სადაც შეიძლება ეროვნული პარკი შევქმნათ და კოტეჯები განთავსდეს. ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და პატარა, 5-10 სულიანი მეცხოველეობის ფერმები უნდა გაკეთდეს, იქ მისული ტურისტი სუფთა პროდუქტს მიიღებს. ჩვენ ამ ოჯახებს ბიუჯეტიდან გამოვუყოფთ ფულს სესხის სახით და განვავითარებთ.

შუახევის მუნიციპალიტეტი თუ არის თქვენი აზრით ადაპტირებული შშმ პირებისთვის და რა გაქვთ პროგრამაში, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

ეს ძალიან ღრმა თემაა და მე ჯერ არ მაქვს ამ საკითხთან შეხება, მაგრამ ეს თემაც მოგვარებადი იქნება.

ეს ნიშნავს რომ შშმ პირებზე არც წინასაარჩევნოდ გიფიქრიათ?

არ მიფიქრია, რადგან რთული თემაა. ვთქვათ ინწკვირეთში, ან შუბანში როგორ დაეხმარო მათ – სხვა თემაა და ქალაქი – სხვა თემა.

თუკი გახდებით მერი, როგორ მოხდება სახელმწიფო რესურსების განკარგვა. ვთქვათ უძრავი ქონების – შენობების, მიწის და ა.შ.?

ტყე უნდა დაიცვას მუნიციპალიტეტმა, რადგან ხალხის ხელში თუ მოექცა, განადგურდება. ვფიქრობ, ჰესების აშენების დროს ტყის მასივი რაც განადგურდა, იმის აღდგენაც უნდა მოხდეს.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე რას ფიქრობთ? ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფო ქონება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაეცემა ეკლესიას. თქვენი პოლიტიკა როგორი იქნება ამ მიმართულებით?

ჩემი პოზიცია ცოტა უარყოფითია ამ მიმართულებით. ეკლესია უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ზედმეტი ჭამაც ორგანიზმისთვის მავნეა. უკეთესია ეკლესია შშმ პირებს დაეხმაროს, ეს უფრო უკეთესი იქნება და ნაკლები იფიქროს გამდიდრებაზე. გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com