მთავარი,სიახლეები

მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული

29.09.2017
მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით „ბიზნეს დეველოპმენტს“ უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აჭარის მთავრობისთვის კომპანიის პირობები მისაღებია. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც დღევანდელი, 29 სექტემბრის სხდომაზე, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა.

„ბიზნეს დეველოპმენტი“, მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს [მუნიციპალიტეტის ქონებას], მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვს. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კი კომპანია ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. საკრებულომ დღეს სწორედ მუნიციპალური ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემას დაუჭირა მხარი, ამ ქონებაზე შემდგომში ინცვესტიციის განხორციელების მიზნით.

„ბიზნეს დველოპმენტს“ მწვანე კონცხზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს. მწვანე კონცხზე მშენებარე დასასვენებელ კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ წარმომადგენლის ინფორმაციით  კომპანიას  დამატებითი ნაკვეთები  უკვე დაწყებული კომპლექსის მშენებლობის „წარმატებით დასრულებისთვის“ სჭირდება. კომპანია დამატებით რესტორნის, ღია საცურაო აუზისა და საბაგიროს მოწყობას გეგმავს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ქვედა შესასვლელს და პლაჟს, ბაღის ზედა შესასვლელთან დააკავშირებს.

„ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი მფლობელია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, ეს კომპანია კი ობშორულ ზონაში, პანამაშია დარეგისტრირებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: