მთავარი,სიახლეები

ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში

30.09.2017 • 2741
ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში

დღეს, 30 სექტემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სხდომა ხობში გამართა და გაზეთ “ასავალ-დასავალის” მისამართით ეთიკის რამდენიმე პრინციპის დარღვევა დაადგინა, მათ შორის, დისკრიმინაციის და ბავშვთა უფლებების კუთხით.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა. მანამდე, გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა ამ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. გაზეთმა მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია გაკიცხა, არასრულწლოვნების ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მოსწავლები ლგბტ კლიპში გადაიღეს.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ღია სხდომას ხობში ესწრებოდა მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. „ბათუმელები“ მისი მოსაზრებით დაინტერესდა და მას შემდეგ გაესაუბრა, როცა ხობელმა მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საქმის განხილვა მოხდა ხობში, სადაც ადამიანებმა მიიღეს სერიოზული დარტყმა მედიისგან მათი სამოქალაქო აქტივობის თუ პოზიციის გამოხატვის გამო. სკოლის დირექტორმა მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მაგრამ ის იცავდა არა განზოგადებულ სკოლას, არამედ კონკრეტულად იმ მოსწავლეებს, ვინც ღირებულებით ასპექტებზე მოამზადეს კლიპი. ეს კლიპი აღმოჩნდა სერიოზული დარტყმის საგანი. უფრო მეტად კი, ის ადამიანები, ვინც ეს კლიპი გადაიღო და მონაწილეობდა მასში. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა დღევანდელ სხდომაზე იყო ის, რომ ვხედავდით არა რაღაც ჰიპოთეტურ შიშებს „ასავალ-დასავალის“ , ან ამ ტიპის გამოცემების გამო, არამედ კონკრეტულ გამოხატულებას. მაგალითად, ერთმა მოსწავლემ აღნიშნა რომ მისი დედა შეშფოთდა პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, თორემ მანამდე კლიპი ნახა და მოეწონა კიდეც. დღეს ჩვენ კონკრეტულად ვიგრძენით, თუ რა ტიპის დარტყმა შეიძლება მიაყენოს ადამიანებს შავრაზმულმა მედიამ, დაუნგრიოს მათ შეხედულებები, ნორმალური ცხოვრების რიტმი…

ხობი პატარაა, სულ ორი საჯარო სკოლაა. რა თქმა უნდა, როცა ასეთ პატარა ქალაქში ცხოვრობ, გამოხატავ შენს პოზიციას და უცებ, ამის გამო ეროვნული მედია საშუალება აქვეყნებს ასეთ უხამს წერილებს, ეს ადამიანებს უჩენს სერიოზულ პრობლემებს. რისკი იმისა, რომ ამ ადამიანებს შეექმნათ ხიფათი, არის ძალიან მაღალი. შესაძლოა, ნებისმიერმა მეზობელმა, ახლობელმა, ან უცნობმა მოგაყენოს შეურაცხყოფა. შეიძლება მათ სიცოცხლესაც დაემუქროს საფრთხე, რადგან არავინ იცის, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ ადამიანებს მსგავს პუბლიკაციაზე, რაც „ასავალ-დასავალში“ იყო. ეს არის პრობლემა, რაც ახლავს არაეთიკურ ჟურნალისტიკას. ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რომ ისინი არიან ჩვენი ერის ღირსების, თუ ტრადიციების გადამრჩენი“-ამბობს ზვიად ქორიძე.

დღევანდელ სხდომას კლასიდან მხოლოდ 4 მოსწავლე დაესწრო. თქვენი აზრით, რატომ არ მოვიდნენ სხვები? -ვეკითხებით ზვიად ქორიძეს.  ის ამბობს, რომ  ეს მოსწავლეებიც  შინაგანად არიან პრინციპულები და რასაც ისინი კლიპში აჟღერებდნენ, დღესაც არ უარყოფენ.

„ფაქტია, რომ მორალური ტერორი ხორციელდება მათზე ოჯახის, სამეგობროს თუ სანათესაოს მხრიდან. დავინახეთ, რომ სკოლა  მტკიცედ იცავს პოზიციას, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთსულოვნება, რაც ჰქონდათ ამ ბავშვებს, დღეს პრაქტიკულად აღარ ჩანდა ქარტიის სხდომაზე, მოვიდა მხოლოდ მცირე ნაწილი კლასიდან. ეს არის შედეგი იმისა, თუ რა დამოკიდებულება გაგრძელდა მათ მიმართ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ.

მე ვესწრებოდი ამ საქმის განხილვას, რადგან მართლა მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ქართული საზოგადოებისთვის. დღეს ეს ბავშვები რეალურად საუბრობდნენ მორალურ ტერორზე. აუცილებელი არაა, შუბლზე ვიღაცამ იარაღი მოგადოს და ეს მივიჩნიოთ ტერორად. ტერორი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, მორალური, ფინანსურიც… შესაძლოა, ამ მოსწავლეებს მშობლებმა გადაადგილება შეუზღუდონ, უთხრან რომ აქ არ წახვიდე, იქ არ მიხვიდე და ასე შემდეგ.

მე იმედი მაქვს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება წამახალისებელი რომ ისინი არ დაითრგუნონ, არ ჩაიკეტონ… ფაქტია, რომ ეს კლიპი მოსწავლეებმა გადაიღეს საკუთარი სურვილით თავიანთ საკლასო ოთახში. ეს არანაირი თავსმოხვეული იდეა მათზე არ ყოფილა. ის, რომ დღეს ისინი ასე აქტიურად ვეღარ იცავენ საკუთარ პოზიციას, ეს არის მორალური ტერორის შედეგი.“

ზვიად ქორიძის თქმით, საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საშუალება „ასეთ შავრაზმულ მედიას, რომ ადამიანები ამყოფოს მორალურ ტერორში… ასე შესაძლოა ადამიანი საერთოდ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ჩვენ მივიღებთ აგრესიულ ახალგაზრდებს, რაც იქნება დამღუპველი მთლიანად საზოგადოებისთვის“-გვეუბნება ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: