მთავარი,სიახლეები

8,2 მილიონი ლარი „ჭოროხის გზისთვის“ და დასაგეგმი ავტობანი

25.08.2017
8,2 მილიონი ლარი „ჭოროხის გზისთვის“ და დასაგეგმი ავტობანი

მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან ე.წ. გონიოს ხიდამდე არსებული გზის შეკეთება-მოასფალტებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 1 086 750 ლარია გათვალისწინებული. ეს გზა მახოს ხიდის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება.

მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 3 წელია.

შესაბამისი ტენდერი, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გამოაცხადა.

„წელს შესრულდება პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლებიც გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება. მეტი ვერ მოესწრება. მთლიანობაში გზა 5,7 კილომეტრი სიგრძისაა და მისი სრული რეკონსტრუქცია 2018 წლის აგვისტომდე დასრულდება. ალბათ მომავალი წლის იანვარში გამოვაცხადებთ მეორე ტენდერს. მთლიანობაში, ამ გზისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 229 ათასი ლარი დაიხარჯება,“ – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.

კითხვაზე, არის თუ არა გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს, დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ „ჭოროხის გზას“ და დასაგეგმ „შემოვლით გზას“ ერთმანეთთან საერთო არ ექნება.

„ჭოროხის გზის“ სრული, კაპიტალური შეკეთება-რეაბილიტაციით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად განიტვირთება ტრაილერებისგან და სატვირთო ავტომანქანებისგან ბათუმი-ახალციხის გზა ანგისიდან მახოს ხიდამდე მონაკვეთში,“ – აცხადებენ დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, გზაზე სამუშაოების პარალელურად ნაპირგამაგრების სამუშაოებიც ჩატარდება რაც პროექტითაა გათვალისწინებული. ამავე პროექტით დაგეგმილი მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, „ჭოროხის გზაზე“ მძიმეწონიანი ავტომანქანებიც თავისუფლად იმოძრავებენ.

„ჭოროხის გზა“ და აუქციონზე გატანილი ნაკვეთი

„ჭოროხის გზა“ და აუქციონზე გატანილი ნაკვეთი

„ჭოროხის გზის“ მშენებლობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გზის მიმდებარედ არსებული ნაკვეთის იჯარით გაცემაზე გამოცხადებული აუქციონი შეწყვიტა.

სამინისტროში განმარტეს, რომ გზის გაყვანას გარკვეული ტერიტორია სჭირდება, ამიტომაც საიჯარო ნაკვეთის საზღვრები უნდა დააკორექტირონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: