„საბამ დამირეკა ციხიდან – ბებო, შენმა ოცნებამ დამიჭირაო. ოცნების კოორდინატორად 3 წელი ვმუშაობდი“

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩამოსულებს ჩემი საბას მხარდაჭერისთვის. ზუგდიდელებს მადლობა ვუთხრა. ჩემი შვილი უდანაშაულოა, კარგი აღზრდილია ჩემი საბა. საუკეთესო საბა მყავდა. სამი წლიდან გავზარდე საუკეთესო ბავშვი. იმის ადგილი ნამდვილად არ არის იქ – იქ არის აი, ბანდიტების ადგილი. ჩემი საბასნაირები არ უნდა იჯდეს იქ და ყველა სინდისის პატიმრები“, – განაცხადა დღეს საბა ჯიქიას ბებიამ, მარინე ლაგვილავამ.

სწორედ საბა ჯიქიას მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში გაიმართა დღეს 19 წლის პოლიტპატიმრის მხარდამჭერ აქცია.

„მე სამი წელი ვმუშაობდი „ოცნების“ კოორდინატორად. საბამ პირველად რომ დამირეკა იქიდან [ციხიდან] მითხრა – ბებო, შენმა “ოცნებამ” დამიჭირაო. მე ბოდიში მოვუხადე და დღესაც ვუხდი ჩემს საბას ბოდიშს, რომ ვერაფერი ვქენი ჩემი საბასთვის. აწი, “ოცნებისკენ” არც გავიხედავ არასდროს“

თავისუფლება ჩემ საბუკას და სინდისის პატიმრებს. მე ისე მენატრება. მე საუკეთესოდ გავზარდე, მაგრამ როგორი ყოფილა მისი ბედი. ძალიან მიყვარხარ საბა, მიყვარხარ ბებია. თავისუფლებას გისურვებ შენ და შენს კარგ მეგობრებს“, – აცხადებს პოლიტპატიმრის ბებია.

დღეს, 12 ივლისს, ზუგდიდში, ყველაზე პატარა პოლიტიკური პატიმრის, საბა ჯიქიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საბა დაკავების დროს 18 წლის იყო.
საბა გასული წლის დეკემბერში, სპეცრაზმელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 10 ივლისს, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

„საბამ დამირეკა ციხიდან - ბებო, შენმა ოცნებამ დამიჭირაო - 3 წელი ვმუშაობდი ოცნების კოორდინატორად“

 

„ამ ტემპით რუსეთს 90 წელი დასჭირდება უკრაინის ოკუპაციისთვის“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსების მოტოციკლეტებსა და სკუტერებზე გადაჯდომა არაფერს შველის – პირიქით ასე უფრო კარგი სამიზნე ხდები: უკრაინელები უფრო დიდი სიამოვნებით ააფეთქებენ მოტოციკლეტიან ჯარისკაცს,“ – გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, მორიგი ინტერვიუს დროს რუსეთის არმიის ახალ მიდგომაზე ვკითხეთ – მოტოციკლეტები ჯავშანტექნიკის ნაცვლად.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, ეს რუსების მხრიდან ინოვაციას კი არა, სისუსტეს აჩვენებს და იმასაც, რომ რუსებს ჯავშანტექნიკის განადგურებას ე.წ. „ხორცის შტურმი“ ურჩევნიათ.

რა იცვლება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

„რუსები გაჭედილი არიან მდინარე სეიმთან. ამ მდინარეზე ყველა ხიდი აფეთქებულია, საპონტოვნე ხიდების გადების საშუალებას კი რუსებს უკრაინელების ჰაიმარსები არ აძლევენ. რუსებს თუ ბლოკირებიდან გასვლა სურთ, მდინარე უნდა გადაცურონ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთმა საჰაერო თავდასხმის ტემპი გაზარდა. რას უკავშირდება ეს გააქტიურება – გაძლიერდა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, თუ უკრაინას გაუჭირდა თავის დაცვა? 

რუსეთის ამ მოქმედებებს გარკვეული ციკლურობა ახასიათებს: რუსეთი აგროვებს აღჭურვილობის გარკვეულ რაოდენობას და შემდეგ იყენებს მასობრივად, ფოკუსირებულად, ვინაიდან ცალ-ცალკე გამოყენებით მიზანს ვერ აღწევს. გარდა ამისა, ცალ-ცალკე გამოყენებით იოლად ხდება რაკეტები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მიზანი.

შესაბამისად, მასობრივი და კომბინირებული დარტყმა ჰქონდათ კიევზე, მანამდე იყო კონცენტრირებული დარტყმა ლუცკის ოლქში. ამავე დროს, გუშინ აბსოლუტური სიწყნარე იყო კიევში.

ამას დავუმატებდი ერთგვარ პაუზას, რომელიც იყო უკრაინის შეიარაღებით მომარაგებაში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უკრაინა ისევ მიიღებს შესაბამის თავდაცვით აღჭურვილობას.

ვთვლი, რომ ეს უფრო გამწარებული, გაბრაზებული რუსეთის აქტია – ახასიათებთ საქმისადმი სუბიექტური მიდგომა.

უკრაინელებიც ურტყამენ რუსებს, მაგრამ ეს დარტყმები გეგმურია, მაგალითად, ამ დღეებში დრონებით დაარტყეს მურმანსკთან არსებულ აეროდრომ „ალენაიას“, განადგურებულ იქნა ვოლგოგრადის ოლქში აეროდრომი „მარინოვკა“, როსტოვში უკვე მე-5 დღეა ნავთობბაზა იწვის და ა.შ.

რუსები კი ახორციელებენ დამსჯელ დარტყმებს. ვერ ვიტყოდი, რომ რუსები გაძლიერდნენ, ან რაღაც გარდატეხა შეაქვთ ამ დაპირისპირებაში. რუსები ცდილობენ ამგვარი დარტყმებით ოპერატიულ-სტრატეგიული ინიციატივის მეტი ეფექტი შექმნან დასავლეთისთვის და ეს მეტად მტკივნეული იყოს უკრაინის მოსახლეობისთვის.

  • რუსეთს ისევ აქვს მოლოდინი, რომ სარაკეტო დარტყმების გზით დაითანხმებს უკრაინას, თავის მოთხოვნებს დათანხმდეს? გაეროს უახლესი მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივნისში უკრაინაში 232 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1343 დაშავდა. ერთი თვის განმავლობაში, ეს მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლიდან – რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე.

რა თქმა უნდა, მათ ეს მიზანი აქვთ.

ფაქტია, რომ რუსეთს ომის დასრულება არ აწყობს. არ სურს, რადგან ეს მასა, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა, მოტრიალდება და სარჩენი გახდება.

წარმოიდგინეთ, ციხიდან გამოშვებული ამდენი ადამიანი მიუბრუნდება რუსეთს. ისინი ხელფასს ფრონტის ხაზზე ყოფნისთვის იღებენ, ხოლო დემობილიზაციის შემთხვევაში კვლავ დიდი რაოდენობის უფულო და უსახლკარო მასა მიაწყდება რუსეთის ქალაქებს. ეს ძალიან დიდი სოციალური პრობლემა იქნება.

რუსეთს ურჩევნია ცეცხლის შეწყვეტას მაინც მიაღწიოს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. ასეთ შემთხვევაში ჯარები დარჩებიან დისლოკაციის ადგილებზე, რუსეთი კი ეცდება ეკონომიკის გამოსწორებას და შეიარაღების მომარაგების შევსებას.

ეს დარტყმები უკრაინაზე არის მოსახლეობის მორალისკენ მიმართული დარტყმები. ამით რუსეთი ასევე აჩვენებს მსოფლიოს, რომ მის ხელშია ინიციატივა და მსოფლიომ უნდა გაითვალისწინოს პუტინის მოთხოვნები.

  • არის თუ არა კონკრეტულად ცნობილი, რა იარაღს მიაწვდის აშშ უკრაინას? „ჩვენ ნატოს ვუგზავნით იარაღს, ნატო კი 100%-ით იხდის ამ იარაღისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ გამავალი იარაღი ნატოში მიდის, შემდეგ ნატო ამ იარაღს [უკრაინას] მისცემს და ნატო ამ იარაღის საფასურს იხდის“, — განაცხადა ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში.

არ არის ცნობილი, რას მიაწვდიან უკრაინას და რა რაოდენობით. ეს არც უნდა იყოს ცნობილი. გერმანიის კანცლერს ჰქონდა სწორი პოზიცია, რაც ამერიკელებმაც გაიზიარეს, რუსები არ უნდა გააფრთხილო, რა იარაღი ექნება უკრაინას.

რაც არის ღია წყაროებიდან ცნობილი, უკრაინას აწვდიან 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, მათ შორის, საავიაციო ბომბებს. ამასთან დიდი ბრიტანეთი 500 თალესის სისტემის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს.

  • პუტინთან მე-6 სატელეფონო ზარის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია და მასთან ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. თქვენი დაკვირვებით, რამდენად გახდა ნათელი, რას აპირებს ტრამპი?

ფაქტია, რომ პროგრესს ვერ მიაღწია, ამას ისედაც ვხედავთ.

ვნახოთ, ეს განცხადებები რამდენად გადავა რეალურ ქმედებებში. ჩანს, რომ ტრამპი თითქოს მოტრიალდა უკრაინისკენ, რომ მშვიდობა იქნეს მიღწეული, მაგრამ ძნელია ისაუბრო კონკრეტულ გეგმებზე: ტრამპი და გეგმები სხვადასხვა განზომილებაში არიან.

არაა გამორიცხული, იგივე მოხდეს, რაც ირანთან – 2 კვირა მისცა ვადა და 2 დღეში დაიწყო დარტყმის განხორციელება. იგივე შეიძლება მოხდეს აქაც, რომ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯი გადადგას.

  • რა ხდება უშუალოდ ფრონტის ხაზზე, სადაც რუსეთი ვერ აღწევს მიზანს – გავიდეს მინიმუმ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე? ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ უკრაინული დრონების ინოვაციების პარალელურად, რუსებიც ცდილობენ გააქტიურებას – მძიმე ჯავშანტექნიკიდან სწრაფად მოძრავ მოტოციკლეტებით აღჭურვილ ქვედანაყოფებზე გადავიდნენო.

მოტოციკლეტებით გადაადგილება რას აჩვენებს, რომ რუსეთის შეიარაღების მოდერნიზაცია მიმდინარეობს?! რეალურად ეს აჩვენებს რუსეთის სისუსტეს. ვერავის ვერ დაარწმუნებენ, რომ სწრაფი მანქანით გადაადგილება ბრძოლის ველზე უფრო წამგებიანია, ვიდრე მოპედით თუ სკუტერით.

ასე კარებმოხნილი ჟიგულებითაც გადაადგილდებოდნენ და არავინ არ თვლის ამას „რევოლუციად სამხედრო საქმეში“.

ფრონტის ხაზს რომ გადავხედოთ: კურსკში უკრაინელები წინ მიიწევენ… აქ ერთი სოფელი კრასნოოქტრობრინსკი აიღეს და ამით დაასრულეს ფაქტობრივად რუსების 3-ათასიანი დაჯგუფების ალყაში მოხვედრა – რუსები გაჭედილი არიან მდინარე სეიმთან. ამ მდინარეზე ყველა ხიდი აფეთქებულია, საპონტოვნე ხიდების გადების საშუალებას კი უკრაინელების ჰაიმარსები არ აძლევენ. რუსებს თუ ბლოკირებიდან გასვლა სურთ, მდინარე უნდა გადაცურონ.

ასე რომ, არ არის საქმე ისე, რომ რუსები მიიწევდნენ წინ.

  • რა სახის წარმატება აქვთ მხარეებს? 

მნიშვნელოვანი წარმატება არ აქვს არცერთ მხარეს, მხოლოდ ტაქტიკური დონის გადაადგილებებია.

რუსების გაზაფხული-ზაფხულის გაპიარებული ოპერატიული შეტევა, ფაქტია, რომ სულს ღაფავს. მოგებულია მხოლოდ მეტრები, დაკარგულია ათასობით სამხედრო და ტექნიკა.

„ეკონომისტის“ მონაცემებით, რუსეთმა 31 ათასი კაცი დაკარგა მხოლოდ მაისის თვიდან. ამიტომაც, მოტოციკლსა და სკუტერზე გადაჯდომა არაფერს შველის – პირიქით ასე უფრო კარგი სამიზნე ხდები. უკრაინელები უფრო დიდი სიამოვნებით ააფეთქებენ მოტოციკლეტიან ჯარისკაცს.

  • რა სამხედრო გათვლით იყენებენ რუსები მოტოციკლს?

ერთადერთი არის სისწრაფე – მეტი არაფერი.

საერთოდ ყველაზე დიდი დანაკარგი ბრძოლის ველზე ერთ მხარეს და მეორე მხარესაც აქვთ მაშინ, როცა დანაყოფი შედის პოზიციაზე და როცა დანაყოფი გამოდის პოზიციიდან. რუსები ჯავშანტექნიკის ეკონომიის ხარჯზე ახორციელებენ ამ ე.წ. ხორცის შტურმს.

  • ანუ იმეტებენ ადამიანებს?

დიახ. სამ ან ხუთკაციანი ჯგუფს შეაგზავნიან პოზიციაზე, რომელიც იქ უნდა გამაგრდეს, შემდეგ მათი ჩანაცვლებაა საჭირო და ასე შემდეგ.

გარღვევას ვერ განახორციელებ ასე ნამცეც-ნამცეც, სამ-სამი კაცის შეგზავნით ფრონტზე. დარტყმა უნდა იყოს მასიური, რომ გარღვევა შეძლო. შედეგი იქნება ასეთი „აიწონა-დაიწონა“ ტაქტიკურ დონეზე.

გამოთვლილია, რომ 2025 წელს ყოველ 0.038 კვადრატულ კილომეტრზე რუსეთს ერთი ჯარისკაცი ეღუპება. ამ ტემპით რუსეთს უკრაინის ოკუპაციისთვის 90 წელიწადი დასჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არაფერს გააკეთებს, დანაკარგებს თუ არ ჩავთვლით.

დღეში დაახლოებით 40-50 შეტევაა სხვადასხვა პოზიციაზე. აქ ითვლიან როგორც საარტილერიო დარტყმას, ისე სამკაციანი ჯგუფის მცდელობას, სადღაც შევიდეს და რომელიღაც ნანგრევები თუ ორმო დაიკავოს. ძირითადად ეს მოქმედებებია ფრონტის ხაზზე.

საინტერესოა ის, რომ უკრაინელების მესამე მოიერიშე ბრიგადამ პირველად ისტორიაში საჰაერო და სახმელეთო რობოტებით დაიკავა კონკრეტული პოზიცია – ჯერ დაბომბეს, შემდეგ კი, წერილები ჩამოყარეს, დაგვნებდითო. მათ ასევე ტყვედ ჩაიგდეს რუსები, რომლებიც გამოჰყვნენ მიმართულების მაჩვენებელ დრონებს.

  • მოგვიყევით ამ რობოტების შესახებ, როგორ მუშაობს?

ეს არის ბრიტანელების და უკრაინელების მიერ შემუშავებული სახმელეთო რობოტები, რომელთაც შეუძლიათ დისტანციური მართვით გადაადგილება, ის ხედავს ვითარებას მის წინ და შეუძლია ცეცხლის გახსნა. უკრაინელი სამხედრო არ იღუპება ამ პირობებში.

რობოტი იგივე დრონია, რომელიც ხმელეთზე მოძრაობს,უფრო ფარულია, ცეცხლსაც აწარმოებს და იმართება პულტიდან დისტანციურად.

  • რამდენად ახერხებს ამასობაში ევროპა სამხედრო კუთხით გაძლიერებას, რომ მან უკრაინის მხარდაჭერა შეძლოს? გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია იღებს პასუხისმგებლობას ლიდერობაზე ევროკავშირსა და ნატოში, რასაც მისგან ევროპა ელოდება. მაგალითად, გერმანიის თავდაცვის ხარჯები 2025 წელს მშპ-ს 2,4%-ს მიაღწევს და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება, რათა 2029 წელს მიაღწიონ ნატოს კვოტას – 3,5%-ს.

გერმანიამ განაცხადა, რომ მას ეყოლება ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები ევროპაში. ეს მას ხელეწიფება კიდეც. ამიტომაც ის მშპ-ს 5%-მდე ზრდის თავდაცვის ხარჯებს.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინას არ მიატოვებს, არ დათმობს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებთან ერთად იბრძოლებენ. უკრაინელებთან ერთად იბრძვის საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები.

აქამდე გერმანია თავს იკავებდა, გაეზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. მაგალითად, მერკელი ამბობდა, მსოფლიო დაგვაბარალებს მილიტარიზებასო. ეს შიში ჰქონდათ რეალურად გერმანელებს, ახლა ეს შიში მოხსნილია. ასე რომ, გერმანიას ძლიერი არმიის, სამხედრო მანქანის შექმნის მდიდარი გამოცდილებაც აქვს და შესაძლებლობაც. ეს პროცესი დაწყებულია უკვე.

სამხედრო აღჭურვილობის წარმოების კუთხითაც ევროპელები აქტიურად ეხმარებიან უკრაინას. უკრაინა ესაუბრება აშშ-ს, რომ უკრაინაში წარმოებული „პატრიოტის“ რაკეტების ლიცენზია მისცეს. ურსულა ფონ დენ ლაინმა კი მოუწოდა მსოფლიოს, უკრაინისგან შეიძინოს უკრაინაში გამოცდილი სისტემები, რაც ფინანსურად მნიშვნელოვნად წაადგება ევროპას.

გარდა ამისა, იტალიაში ჩატარდა კონფერენცია უკრაინის აღდგენის შესახებ. მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ პარიზში ჩამოყალიბდეს შტაბ-ბინა იმ ორგანიზაციის, რომელიც გაუწევს კოორდინაციას უკრაინის აღდგენას. მომავალ წელს ეს შტაბ-ბინა გადაინაცვლებს დიდ ბრიტანეთში, მისი ფილიალი კი გაიხსნება უკრაინაში და მას უხელმძღვანელებს ბრიტანელი ოფიცერი. ეს შტაბი იღებს პასუხისმგებლობას უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და განვითარებაზე, ამავე დროს პასუხს აგებს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში ევროპული სახელმწიფოების ავიაციის მონაწილეობაზე.

ეს შტაბი ასევე გაუწევს კოორდინაციას შავ ზღვაში განაღმვის პროცესს. ამ პროცესში აქტიურად ჩართული იქნება: რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. სამწუხაროდ, საქართველო აღარ მოიხსენიება ქვეყნად შავ ზღვაში. ამ პროცესის მიზანია საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოება სრულად აღდგეს.

  • რატომ არ ჩაერთო ამ პროცესში საქართველო? 

რით მოიხსენიონ საქართველო: საზღვაო ძალები გვყავს, შესაძლებლობები გვაქვს, თუ სურვილი, რომ აქ რამე განახორციელონ? სადმე გაიგონეთ, რომ საქართველომ ეს მოითხოვა?!

გაწმენდენ საზღვაო მიმოსვლის გზებს. ძირითადი მაინც არის ოდესის აკვატორია და სამხრეთ მიმართულება. ჩვენმა ქვეყანამ სურვილიც კი არ გამოხატა, რომ ჩართულიყო ამ პროცესში და ძალით ხომ არ შემოვარდება აქ თურქეთი და დაიწყებს წმენდას?!

  • ირანზეც გვითხარით: ტრამპმა განაცხადა, რომ, თუკი ირანი განაახლებს ურანის მაღალი ხარისხით გამდიდრებას, ის მორიგი დაბომბვის ბრძანებას გასცემს. აშშ და ირანი მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად. რა პერსპექტივა არსებობს მოლაპარაკებისთვის?

ფაქტია, რომ ირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებაზე ფიქრს და მუშაობას, თუმცა საკმაოდ გადაიწია ეს ვადა. სავარაუდოა, რომ ირანი შესაბამის დარტყმებს მიიღებს ისევ. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

  • ისრაელმა აშშ-ს დახმარებით ვერ შეძლო ირანში სრულად ბირთვული სამიზნეების განადგურება? 

მთლიანად ირანს ხომ ვერ გაანადგურებდნენ? იქ რჩებიან მეცნიერები და გარკვეული პოტენციალი – ატომური ელექტროსადგურები, რომელთაც სამშვიდობო ამოცანები აქვთ. ირანს საბადოებიც აქვს და მეცნიერებიც ჰყავს – ფიზიკოსები. თუ არ ჰყავს, გაზრდის კიდევ ერთხელ მეცნიერებს.

მაგალითად, სურვილის შემთხვევაში უკრაინელებსაც შეუძლიათ ბირთვულ იარაღზე მუშაობა – პოტენციალიც გააჩნიათ და ინსტიტუციური მეხსიერებაც.

ირანში სრულად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და მან სამხრეთ აფრიკის მსგავსად არაბირთვულ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადოს თავი.

  • რუსეთი კარგავს დომინანტურ როლს სამხრეთ კავკასიაში. რამდენად ცვლის ეს მოცემულობას უკრაინის ფრონტზე?

არა მგონია, რუსები იმდენად სულელები იყვნენ, მეორე ფრონტი გახსნან აზერბაიჯანის წინააღმდეგ – უკვე იგულისხმება არა აზერბაიჯანი, არამედ თურქეთი, თუმცა ეს არ გამორიცხავს გარკვეულ პროვოკაციებს რეგიონში სომხეთის, ან აზერბაიჯანის მიმართულებაზე, იგივე აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში სეპარატიზმის გააქტიურებაზე. ეს სჩვევიათ რუსებს.

ამ ეტაპზე არა მგონია რუსებს ძალა შესწევდეთ მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განახორციელონ ამ მიმართულებაზე, ვიდრე არ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი გავლენას კარგავს და თურქეთის გავლენა იზრდება. ამას აჩვენებს სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებები. სომხეთმა თუ თურქეთთან დაალაგა ურთიერთობები, მაშინ საქართველოს როლი კიდევ უფრო შემცირდება ამ რეგიონში.

ჩირუხის მთაზე ზიპლაინის გახსნა იგეგმება – მართვაში იტალიურ კომპანიას 45 ათას ევროს გადაუხდიან

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე მოწყობილი ზიპლაინის გახსნას სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 2025 წელს გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში ობიექტის მართვა-ოპერირებაში კი, იტალიურ კომპანია Adrenaline X-Treme-ს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, უტენდეროდ, 45 ათას ევროს გადაუხდიან.

ჩირუხის მთაზე ზიპლაინის მოწყობაში ბიუჯეტიდან 9,21 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგმა“ ააშენა, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით ზიპლაინის პროექტირება/ინსტალაცია იტალიურმა კომპანიამ უზრუნველყო. ამავე დოკუმენტების მიხედვით ჩირუხის ზიპლაინი „ევროპაში ყველაზე გრძელი 1789 მეტრი სიგრძის პარალელური [ორზოლიანი] ზიპლაინია“.

ჩირუხის ზიპლაინი / კადრი ვიდეოდან. წყარო: Chirukhi • ჩირუხი/Facebook

„ვინაიდან მოცემული ზიპლაინი თავისი მასშტაბით და სპეციფიკით წარმოადგენს ერთადერთ ზიპლაინს საქართველოში, მათი ტექნიკური უსაფრთხოების განმახორციელებელი პირი საქართველოში არ არსებობს.“ – წერს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შესყიდვების სააგენტოს და ამით ასაბუთებს, რომ სწორედ იტალიურმა კომპანიამ უნდა გასწიოს ჩირუხის მთაზე ზიპლაინის „ტექნიკური მართვის მომსახურება, რომელიც მოიცავს ობიექტის ტექნიკურ ოპერირებას, უსაფრთხოების წესების დაცვას და მონიტორინგს.“

„ობიექტი მაღალი რისკის შემცველია, საჭიროებს პროფესიონალურ მართვას და ოპერირებას, მოითხოვს უსაფრთხოების ყოველდღიურ მონიტორინგს, საჭიროებს მკაცრად გაწერილ უსაფრთხოების სტანდარტებს, ამ სტანდარტის სიზუსტით დაცვას, მათ შორის პროფესიონალ ტექნიკურ პერსონალს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია ზიპლაინის სეზონის გახსნის პირველ წელს ზემოაღნიშნული მომსახურება გასწიოს კომპანიამ Adrenaline X-Treme Adventures GROUP LTD, რომელმაც თავის დროზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ და შპს „ანაგს“ შორის, 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყო მოცემული ზიპლაინის პროექტირება/ინსტალაცია.

ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში, რომლის გახსნაც წელს იგეგმება. პროექტის მოლოდინი მოსახლეობის მხრიდან მაღალია, გახსნის მოლოდინშია ტურიზმის სექტორიც.“ – წერს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შესყიდვების სააგენტოს.

თუმცა, კონკრეტულად როდის იგეგმება ჩირუხში ზიპლაინის გახსნა და როგორ მოხდება მისი ოპერირება მომდევნო წლებში? – ამ კითხვებზე „ბათუმელებმა“ პასუხი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისგან“ ვერ მიიღო.

ჩირუხის ზიპლაინი / კადრი ვიდეოდან. წყარო: Chirukhi • ჩირუხი/Facebook

კომპანია სააგენტოს ასევე წერს, რომ ჩირუხის ზიპლაინი არის ერთ-ერთი ექსტრემალური სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტი, არის მასშტაბური სიდიდის, მისი მართვა, ტექნიკური ოპერირება, უსაფრთხოების მონიტორინგი საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებას და კვალიფიციური კადრების მობილიზებას:

„ობიექტი მაღალი რისკის შემცველია და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭიროებს მკაცრად გაწერილ უსაფრთხოების სტანდარტებს, ამ სტანდარტის სიზუსტით დაცვას, მათ შორის პროფესიონალ ტექნიკური პერსონალს, რომლებიც გადამზადებული იქნებიან ოპერირების, მართვის, სამაშველო აქტივობების წარმოების, უსაფრთხოების მონიტორინგის და სხვადასხვა მიმართულებით.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებლობად მიგვაჩნია ზიპლაინის სეზონის გახსნის პირველ წელს Adrenaline X-Treme Adventures GROUP LTD-მ უზრუნველყოს ტექნიკური მართვის ზემოაღნიშნული მომსახურებები. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს შესყიდვის საჭიროებას.“

ჩირუხის მთაზე ზიპლაინის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2022 წელს 6 752 200 ლარით ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი, რომელიც არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო]. შემდეგ კი, 2023 წელს, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა.

[ამ კომპანიის 100% წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს].

ვრცლად ტენდერების შესახებ:

6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად

„მერმა გვითხრა, თაროზე ხომ არ მაქვს ბინები შემოწყობილიო – თურმე ჰქონია“ – უსახლკაროები

„ორი დღის წინ შეგვხდა ბათუმის მერი ორ უსახლკარო ქალს და ასე გვითხრა, მე თაროზე ხომ არ მაქვს ბინები შემოწყობილიო – თურმე ჰქონია,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი და მარტოხელა დედა, რომლის შვილიც შშმ პირია.

მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე აპროტესტებენ გიორგი მურვანიძის [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი] უარს მათთვის ბინით დახმარებაზე.

11 ივლისს, გიორგი მურვანიძემ, სასულიერო პირის ექვსშვილიან ოჯახს 130 კვადრატული მეტრი ბინა და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხაც გადასცა.

მაგული ფუტკარაძეს გული სწყდება, რომ უსახლკარო ადამიანებს ხელისუფლება ვერ ხედავს.

„მრავალშვილიან ოჯახებსაც მისცენ ბინა, სახელმწიფო ყველასთვის უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? წლებია ქუჩაში ვდგავართ და სამართალს ვითხოვთ, ყურადღებას მთავრობიდან არავინ გვაქცევს…“

მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია. ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები… წლებია ამ ოჯახების საჭიროებები აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას არც კი შეუსწავლია.

„ერთი თვის წინ დაგვპირდა [გიორგი მურვანიძე] პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მერე აღარც კი შეგვხვდა,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, რომელიც შშმ შვილთან ერთად დროებით „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ თავშესაფარში ცხოვრობს.

„რამდენიმე თვის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დამეხმარა და ამ კლინიკის თავშესაფარში მომათავსეს, მაგრამ იქ ცხოვრება ძალიან რთულია… არ გვაქვს ჩვენი სივრცე, გარდა ამისა, ადგილები შეზღუდულია.

ჩემს თვალწინ დაურეკა ნინო ნიჟარაძემ ბათუმის მერს, იქნებ რამე გზა მოიძებნოს, დროებით შემოვიყვანეთ ეს ოჯახი აქ და აღარაა ადგილებიო. ამის შემდეგ მიგვიღო მე და მზიური ბალაძე გიორგი მურვანიძემ.

შემოიტანეთ განაცხადი და დეკემბრის ბოლოს ვნახოთ, თუ რამე იქნებაო.

რამდენი წელი, რამდენჯერ შეიძლება დავწერო ერთი და იგივე განცხადებები? არაფერი იცვლება. ვუთხარი, ქირით მაინც დამაკმაყოფილეთ-მეთქი და ამაზეც უარი მივიღე. მოხუცთა თავშესაფარში მოგათავსებთო, მხოლოდ ეს შემოგვთავაზა ბათუმის მერმა.

ვუთხარი, რომ ამდენი ცათამბჯენია ბათუმში, ყველგან აქვს ბინები ბათუმის მერიას, ჩვენთვის რატომ არ მოიძებნა 20 კვადრატული, რომ ჩემს შვილთან ერთად ვიცხოვრო-მეთქი?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

მაგული ფუტკარაძე ის უსახლკარო ქალია, რომელმაც 2024 წლის ოქტომბერში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ პროტესტის ნიშნად მუყაოს ყუთში ჩაჯდა.

მაგული ფუტკარაძის პროტესტი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან

მზიური ბალაძესთან და მაგული ფუტკარაძესთან ერთად ბათუმში წლებია მართავენ საპროტესტო აქციებს სხვა პირებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, თუმცა მათი დიდი ნაწილი წინასაარჩევნოდ სახელმწიფო საკუთრებაში – მიტოვებულ შენობაში შეიჭრა და ცხოვრობს. სახელმწიფო მათ არც ასახლებს, არც გამოსავალს სთავაზობს და არც ალტერნატიულ ფართს აძლევს.

მათ საცხოვრებელ გარემოს და პირობებს მთავრობა არც კი სწავლობს.

„ჩემი ნივთები ყუთებშია უკვე რამდენი წელია, ხან ერთ ნათესავთან, ხან მეორესთან… ყველაფერი ამიოხრდა,“ – დასძენს მაგული ფუტკარაძე.

უსახლკარო ქალის ნივთები „კათარზისის“ და კლინიკა BMC-ის სარდაფში

„ჩვენ გამოვდივართ ქუჩაში აქციაზე, ვაპროტესტებთ, ალბათ ამის გამოც გვსჯიან,“ – ამბობს მზიური ბალაძე. ისიც მარტოხელა დედაა და შშმ შვილთან ერთად ცხოვრობს.

მზიური ბალაძე ახლობლის ნაგირავებ ბინაშია, რომელიც უნდა დაცალოს.

„ვინც სჭირდებათ მათ პოლიტიკურად, იმას აძლევენ მხოლოდ ბინას, ასე გამოდის.

ჩვენ გვითხრა გიორგი მურვანიძემ 500 ლარს ჩაგირიცხავთო. უკაცრავად, მაგრამ თქვენი ხელფასი რამდენია-მეთქი? არჩევნების მერე ამ 500 ლარს და ასეთ დახმარებებსაც აღარ ურიცხავენ ადამიანებს. მე თებერვლის შემდეგ დაწერილი მქონდა განცხადება დახმარებაზე…“- გვითხრა მზიური ბალაძემ.

მრავალწლიანი პროტესტის მიუხედავად რატომ არ რეაგირებს ბათუმის მერია უსახლკაროების პრობლემებზე? – ბათუმის მერიის პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ უსახლკარო პირთა რეგისტრაციის წესი შეიცვალა, ახალი განცხადებები უნდა დაიწეროს, განცხადებების მიღება კი, 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„კრიტერიუმების ცვლილებების შემდეგ განახლდა განცხადებების მიღება – მიღებულ განცხადებებს კომისია შეისწავლის. განმცხადებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შეცვლილ კრიტერიუმებს და დარეგისტრირდებიან უსახლკაროთა ბაზაში, ბათუმის მერიის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრისით. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

ფოტოზე: უსახლკარო მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე. ბათუმის მერიის ფოტო

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 032 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 11 013 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 22 980 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 30 194 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 437 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 193 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 45 248 ერთეული [+245]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 459 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 822 ერთეული [+90]
  • სპეცტექნიკა – 3 929 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 68 966 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 188 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 251 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 990 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანიის კანცლერი: მზად ვართ უკრაინისთვის აშშ-გან „პატრიოტის“ სისტემები შევიძინოთ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მზია, ბოდიში, ამაზე რომ ვლაპარაკობ“ – ეთერ თურაძის ჩვენება სასამართლოში

4 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე.

ამავე თემაზე: „მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას დგებუაძის და ბესელიას წინააღმდეგ“ – ეთერ თურაძე

12 იანვრის ღამეს, როცა მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ეთერ თურაძე აქციაზე იმყოფებოდა მზია ამაღლობელის გვერდით. მან სასამართლოს უამბო იმ გარემოებებზე, რაც უსწრებდა წინ მზია ამაღლობელის დაკავებას.

ამავე თემაზე: „მზიას პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ“

„ჩემი გადაწყვეტილება, მივსულიყავი აქციაზე, გამოიწვია ორი ადამიანის დაკავებამ. ერთი იყო ციალა ქათამიძე. ეს იყო წარმოუდგენელი, როგორ შეიძლებოდა ციალა ქათამიძე დაეკავებინათ. ვიცნობ ციალას დიდი ხანია და მას რა უნდა დაერღვია, რომ დაეკავებინათ, მაგრამ მეორე იყო კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩემთვის.

იმ დღეს აქციაზე დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი, ჩემი თანამშრომლის ძმა. გოდერძის აქვს სერიოზული ოპერაცია გაკეთებული და მისი და, ჩემი თანამშრომელი, ჩვენ თვალწინ, წლების განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული და როდესაც წარმოვიდგინე, რომ ამ ჭყლეტაში, რასაც ვხედავდი [„ბათუმელების“ live ჩართვაში, რომელიც 11-12 იანვრის ღამეს უწყვეტად მიმდინარეობდა], გოდერძი შეიძლება მოყოლილიყო, შეიძლება ფიზიკურად რაღაც მომხდარიყო ისეთი, რომ მის ჯანმრთელობას შემქმნოდა საფრთხე, მით უფრო, რომ ია, მისი და, არ იყო ბათუმში. ძალიან შემაშფოთა ინფორმაციამ, მაშინვე ავდექი და წავედი.

ერთი ისტორია მინდა მოვყვე. მზიას და მის ოჯახსაც ბოდიშს ვუხდი, აქ რასაც მოვყვები, მაგრამ…

მზიას ოჯახში რამდენიმე წლის წინ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, მათ დაეღუპათ 23 წლის გოგო, თეო [მზია ამაღლობელის ძმისშვილი]. თეოსაც გადაუნერგეს თირკმელი, მამამ გადაუნერგა, მზიას ძმამ. თეო დაიღუპა ერთი წლის შემდეგ და მზიასთვის ეს იყო…. მზია, ბოდიშს ვიხდი, ამაზე რომ ვლაპარაკობ… მზიასთვის ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, დიდი უბედურება. ეს ოჯახი ამ ტრაგედიას მუდმივად ებრძვის, მზიასთვის ეს იყო ძალიან სერიოზული გამოცდა და როცა სამსახურიდან ერთ გზაზე მივდიოდით, ძალიან ხშირად ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ია, ჩვენ თანამშრომელი, რა ყოჩაღია, რომ გოდერძის როგორ მოუარა და ჩვენ თეოს ვერ მოვუარეთ…

გოდერძის დაკავება რას გამოიწვევდა, მე ვიცოდი. ჩემზეც ძალიან იმოქმედა ემოციურად და დარწმუნებული ვიყავი, მზიაზე უფრო მეტად იმოქმედებდა ეს ამბავი, ამიტომ ისე, როგორც ვიყავი, გავვარდი აქციაზე, ქურთუკი ჩავიცვი და წავედი. აქციაზე იმას ვარკვევდი, რომ გოდერძის არ დაარტყან, მუცელში არ დაარტყან… დამაწყნარეს ია ფრანგიშვილის მეგობრებმა, რომ კი, ვუთხარით [პოლიციას], რომ არ დაარტყან მუცელში…

აი, ასეთი ამბავი გვაქვს, სამწუხაროდ. ვარჩევთ, სად შეიძლება დაარტყან და სად – არ დაარტყან…“

თავის ჩვენებაზე ეთერ თურაძემ ისაუბრა, რა უძღოდა წინ მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას. მან დეტალურად აღწერა სიტუაცია, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე როგორ დააკავეს მისი [ეთერ თურაძის] დისშვილები, გიორგი და ლაშა გაბაიძეები.

„მზია ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლეს 00:20 წუთზე. გიორგი და ლაშა დააკავეს მზიას გათავისუფლებიდან 17 წუთში და მზია დააკავეს მათი დაკავებიდან 8 წუთში.

…საპოლიციო ჭყლეტა იყო დაწყებული. უამრავი პოლიციელი, ნიღბიანი, ფორმიანი… ალბათ 60-70 პოლიციელი იყო იმ ტერიტორიაზე და ეს იყო წარმოუდგენელი ჭყლეტა. როცა შემოვტრიალდი, დავინახე სადაც ხდებოდა ეს ამბავი და მივხვდი, რომ გიორგის აკავებდნენ.

მანამდე გიორგი ცხოვრობდა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და იქ ლეგალურად საქმიანობდა. როდესაც იყო ეს ე.წ. „ევროკავშირთან შევაჩერეთ ურთიერთობა“ – კობახიძის განცხადება და დაიწყო პროტესტი, ჩამოვიდა. ჯერ თბილისის აქციებში იღებდა მონაწილეობას, მერე ბათუმის აქციებზე დადიოდა რეგულარულად, თითქმის ყოველ დღე.

აქამდე მე მქონდა პერსონალური გამოცდილება დგებუაძე-ბესელიასთან. 2024 წლის ზამთარში, დეკემბერი იყო, აქცია იმართებოდა, ძალიან ძლიერი წვიმა იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქციაზე იქნებოდა 50 ადამიანი. ძალიან ბევრი პოლიციელის მობილიზაცია იყო. ბესელია [გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი] გამოვარდა და ამ ხალხს ეუბნება – „გაიწიეთ, დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ“…

ამ დღეს ირაკლი დგებუაძე [ბათუმის პოლიციის უფროსი, დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელის საქმეში] მიუხტა ჯაბა ანანიძეს, „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლაივში და ეუბნებოდა – „პირუტყვს ესმის და თქვენ არ გესმით…“ აგრესიულად ელაპარაკებოდა, ამიტომ ავდექი და წავედი.

ჩემი ოფისი საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდითაა, 5 წუთის გზაზეა და გავედი. აქტიურად, დაჟინებით ჩხუბობდნენ პოლიციელები, დგებუაძე-ბესელიაზეა ლაპარაკი და კიდევ იქ ერთი ჰყავდათ, მაშინ სახელი არ ვიცოდი, ათაბეგაშვილი [დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე].

მივედი და ვკითხე ბესელიას, რა გჭირთ, რატომ იქცევით ასე აგრესიულად-მეთქი. წინა დღით გამოცხადდა, რომ შს მინისტრი, უკვე ყოფილი, გომელაური დაასანქცირეს და ვუთხარი,  თქვენც გინდათ, რომ მაგნიცკის სიაში მოხვდეთ, თუ რატომ იქცევით ასე აგრესიულად-მეთქი. ეს იყო ჩვენი მოკლე კომუნიკაცია. ძალიან არ ესიამოვნა, გაღიზიანდა. მე დავდექი ზურგით და უცებ ვიღაც დამეჯახა და გადამდგა. რომ შემოვბრუნდი, ბესელია მიდიოდა უკვე და შემრჩა დგებუაძე.

…მე ქოლგა მეჭირა და ამ ჩემს ქოლგაში შემოვარდა [დგებუაძე] და დაიწყო ყვირილი. რას ყვირით, მოიქეცი ისე, როგორც ქართველ პოლიციელს შეეფერება, როგორც ბანდიტი, ისე რატომ იქცევი-მეთქი. აი, ეს სიტყვა გამოვიყენე. ის მიყვიროდა, მეც არ დამიკლია – მოდი, ასე ვთქვათ…“

ეთერ თურაძემ დააზუსტა, რომ სწორედ ამ დღეს, 2024 წლის დეკემბერში, ამ პოლიციასა და აქციის მონაწილეების კამათში მონაწილეობდა მისი დისშვილი, გიორგი გაბაიძე და მას გაუჩნდა განცდა, რომ პოლიციელებმა გიორგი გაბაიძე „მოინიშნეს“.

„…ათაბეგაშვილი [აჭარის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე] შემოვიდა პოლემიკაში. თქვენ რა გინდათ, ბოლოს და ბოლოს წადით ამ თქვენს საყვარელ ევროპაში, პოლიცია რას გიზამთ იქ, ევროპაში, ასე რომ მოიქცეთ, თქვენ არ იცით – დაგამტვრევთ ძვლებსო და გიორგი ეუბნებოდა – არაფერიც, დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ, ეს არის პროპაგანდა, რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ, რომ ვიცხოვრე მე ევროპაში და ვიცი, როგორ იქცევა პოლიციაო… ეს პოლემიკა იყო.

დგებუაძე ჩაერთო მერე გიორგის წინააღმდეგ – „ბიჭო შენ ესე, ბიჭო შენ ესე“ და ხმამაღლა გამოუვიდათ ლაპარაკი, მაგრამ გიორგი პასუხობდა იმავე ტონით. არ ეჩხუბებოდა, მაგრამ არ შეეპუა და ყველაფერზე უპასუხა. მე მივხვდი, რომ ის მოინიშნეს, როგორც სამიზნე.

ეს ისტორია რატომ გითხარით – რომ დავუბრუნდეთ 12 იანვარს, როცა დავინახე, რომ იმ ტერიტორიაზე ხდებოდა დაკავება, სადაც გიორგი და ჩემი და მზიას ოჯახის წევრები იდგნენ [რომლებიც აქციაზე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ მივიდნენ], მივხვდი, რომ იქიდან სწორედ გიორგი მიჰყავდათ.

…ვცდილობდი, რომ შევსულიყავი ხალხის ტალღაში და შევეფეთე ბესელიას. რატომ დააკავეთ-მეთქი. გამოვუშვებო. მეთქი – რას გამოუშვებ, რატომ დააკავეთ… ბესელია უკუსვლით მიდიოდა ბევრ პოლიციელში და მე მივყვებოდი მას. პოლიციელები ბესელიას გზას უთმობდნენ, იწეოდნენ იქეთ-აქეთ და ადვილად მიდიოდა კარებისკენ, მე მას მივყვებოდი და ვუმეორებდი – რატომ დააკავე, მითხარი, რატომ დააკავე, სად წაიყვანე… იმიტომ, რომ ვიცოდი, თუ დგებუაძემ ის დააკავა, ე.ი. მის მიმართ იქნებოდა განსაკუთრებით სასტიკი. კარებთან ბესელიამ მითხრა, რომ იცი რა, ახლა აქ შენ დამიცადე, მე შევალ და გამოვიყვანო. ეს მითხრა, მომატყუა.

რაღაც პერიოდი არ გამოსულა… ვდგავართ ისევ ამ ჭიშკართან და გამოვიდა. ვითომ ვერ დამინახა, ჩამიარა დემონსტრაციულად და მივხვდი, რომ არ აპირებდა არაფრის თქმას, მით უფრო არ გამოიყვანა, მომატყუა.

მაშინ ბესელიას რომ გამოჰყვა ეს მეორე [დგებუაძე] გადავუდექი წინ და რატომ დააკავეთ-მეთქი, ვეუბნებოდი. ის მეუბნებოდა – მზია, დაწყნარდი.. მე მზია არა ვარ-მეთქი. ვინც გინდა, რა მნიშვნელობა აქვს მაგასო… ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომ იყო, ის ხომო…[გიორგი გაბაიძეზე] ანუ ტყუილს მეუბნება უტიფრად… გიორგი არც მთვრალი იყო, არც აგინებდა.

[დგებუაძის მხრიდან] ეს ყველაფერი იყო იმის ძალადობრივი, თავხედური დემონსტრირება, რომ კანონიც მე ვარ, სამართალიც მე ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. არათუ გამოხატვის თავისუფლება, ადამიანს ისე გაგტაცებ, ისე წავიყვან, გამოგტაცებ ხელიდან, რომ საერთოდ დანაშაული რომ არ ჰქონდეს ჩადენილი, პრობლემა არა მაქვს, რასაც მინდა იმას გაგიკეთებ – ეს იყო მისი განაცხადი და ამასობაში უკვე იყო ის მზიას ეპიზოდი, როდესაც მზიამ სილა გააწნა.

…მე მზიასკენ არ მქონდა მიმართული ყურადღება, მაგრამ ხელმა გაიელვა. ხელი ამის [დგებუაძის] სახეზე დავინახე, იმიტომ, რომ მე მას ვუყურებდი და არა მზიას.

…როცა აღმოვაჩინე, რომ მზია ჩემს გვერდით იდგა, მივხვდი, რომ ჩემს გამო მოვიდა, იმიტომ, რომ მზია აპირებდა წასვლას. ბოლო ეპიზოდში როცა ვთქვით, დავიშალოთო და მე დამინახა ხალხის ტალღაში, როცა ამ ბევრ პოლიციელში შევედი და მაგდებდნენ უკან, მაგრამ მაინც შევდიოდი, ამის გამო შემოვიდა მზია ჩემთან ერთად.

მე ასე დაჟინებით იმიტომ მივდიოდი, რომ ვიცოდი, რას გაუკეთებდნენ გიორგის და რა გაუკეთეს, მაგასაც გეტყვით.

…მე რომ ვეკითხებოდი ბესელიას, რატომ დააკავეთ ჩემი დისშვილი-მეთქი, არ უკითხია, ვისზე მეკითხებიო. 12 კაცი ჰყავდათ დაკავებული იმ დღეს. იცოდნენ, კი [ჩემი დისშვილი რომ იყო]. მინიმუმ იმ ღამეს [2024 წლის დეკემბერში] იცოდნენ და სხვათა შორის, გიორგის იმ ღამის მერე ვუთხარი, ძალიან გთხოვ, გვიან არ დარჩე, ფეხით არ წახვიდე, იმიტომ, რომ მოგნიშნეს შენ და რაღაც ცუდს გაგიკეთებენ-მეთქი. ნარკოტიკის ჩადება, უამრავი რაღაც შეიძლება მოხდეს და ამიტომ მე ვუთხარი, არ იცნობ შენ მაგათ, მაგრამ მე ვიცნობ და რადგანაც ერთად დაგვინახეს, შენ იქნები სამიზნე-მეთქი“.

ეთერ თურაძემ სასამართლოს აჩვენა იზოლატორში შესახლებამდე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გაბაიძე 12 იანვრის ღამეს იზოლატორში სახის და წელის არეში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, ასევე ლაშა გაბაიძეც – ორივე მათგანს ბათუმის პოლიციაში დგებუაძის მითითებით და მონაწილეობით სასტიკად სცემეს.

„ესაა იზოლატორში შესახლების დოკუმენტი. ამ ფურცელზე წერია, რა მდგომარეობაში შეიყვანეს.

გიორგი გაბაიძე იმდენად ცუდად იყო იქ, წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ ზედამხედველებიც იყვნენ შეწუხებულები, რა სჭირს, რით მივეხმაროთ ამ ბიჭსო. ვერ ახერხებდა ფეხზე ადგომას და როცა მოიყვანეს აქ, სასამართლოში, 48 საათის მერე, მაშინაც ემჩნეოდა სისხლჩაქცევები.

მეტსაც გეტყვით, [ჩემს დისშვილებს] ვეძებდი მთელი ღამის განმავლობაში. ვიცოდი, რა ვერაგი ჯგუფის ხელში იყო და ვცდილობდი გამეგო, სად იყვნენ. მთელი ღამის განმავლობაში არ მითხრეს. სახალხო დამცველი ჩავრთე. არც სახალხო დამცველს არ უთხრეს, არც ადვოკატი, არავინ. გაიტაცა და წაიყვანა. ეს იყო ადამიანის გატაცების ოპერაცია. მეორე დილითაც ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. მე არ ვიცი, ვის აქვს ამის უფლება, რომელ სამართალდამცავს აქვს და რანაირად შეიძლება იყოს ის სამართალდამცავი, როცა ამას აკეთებს…

ამ სასამართლომ ლაშაც და გიორგიც დაზარალებულად კი არ ცნო, ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდეს. აი, ეს არის. ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა ამ ფურცლებით. ეს არის ფაქტი და თქვენ რომ არ ამოგერიცხათ გიორგი გაბაიძე მოწმეთა ჩვენებიდან, ის პირადად გეტყოდათ, რა გაუკეთა დგებუაძემ, მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ“.

გიორგი გაბაიძე მზია ამაღლობელის საქმეში მოწმედ იყო დაბარებული, თუმცა პროკურორ თორნიკე გოგეშვილის მოთხოვნით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ის მოწმეთა სიიდან ამოიღო.

მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესი 14 ივლისს, 13 საათზე გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით ედავება – პოლიციელზე თავდასხმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

_________________

ფოტოზე: ეთერ თურაძის ჩვენება სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე. ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“

„რეალური სასჯელი 3 წელი და 2 წელი პირობითი მსჯავრი, 1 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით“, – ამ პირობით გაუფორმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გალიფ ოზთურქს და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ოზთურქის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გალიფ ოზთურქი ბათუმში რჩება და ბიზნესის გაგრძელებას აპირებს.

გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის 2023 წელს გაასამართლეს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა აქამდეც, მაგრამ ამ დრომდე ეს ვერ შედგა. ოზთურქს საპროცესო პროკურორმა ლევან მურვანიძემ გაუფორმა – ეს პროკურორი იყო გალიფ ოზთურქის საქმის პროკურორი, რომელიც მანამდე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებოდა.

როგორ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს, რაც იშვიათობაა? – ვკითხეთ გალიფ ოზთურქის ადვოკატს.

„ნარკოტიკის რეალიზებაზე არ კეთდება საპროცესო, ჩვენ გვედავებოდნენ შეძენა-შენახვას, რაზეც საპროცესოები საკმაოდ ბევრია… მისჯილი ჰქონდა 8 წელი, ამნისტია უკვე 6 წელზე დაყვანას ითვალისწინებდა, აქედან ნახევარი, ანუ 3 წელი მოხდილი ჰქონდა და ერთი მილიონი ლარიც მგონი არაა პატარა ჯარიმა,“ – გვითხრა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

გალიფ ოზთურქი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2025 წლის 27 ივნისს გათავისუფლდა, თუმცა მის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო: პროკურატურა გალიფ ოზთურქს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას [ფულის გათეთრება] ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ მუხლით გალიფ ოზთურქის ბრალდება 2023 წელს წარუდგინეს, მანამდე, ვიდრე ნარკოდანაშაულის საქმეზე განაჩენი დადგებოდა. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გაასამართლა. იგივე მოსამართლე განიხილავს ახლა გალიფ ოზთურქის მიერ სავარაუდოდ ფულის გათეთრების საქმეს.

უკვე 2 წელიწადნახევრის გასვლის მიუხედვად – ფულის გათეთრების საქმე ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა. ამ საქმეზე ოზთურქი გირაოს საფუძველზე – 50 ათასი ლარის სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

რას აკეთებს გალიფ ოზთურქი? – ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ოზთურქი ისევ საქართველოში აპირებს ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას, თუმცა ჯერ რეაბილიტაცია უნდა გაიაროს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს, რეაბილიტაციას დასჭირდება გარკვეული დრო… ბათუმშია და არსად წასვლას არ აპირებს, ის კანონმორჩილი ადამიანია,“ – გვითხრა რობერტ გრიგალაშვილმა.

6 თვე გახდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია

დღეს, 11 ივლისს, ზუსტად 6 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს, ღამით, ჯერ სტიკერის გაკვრისთვის, გათავისუფლებიდან მოკლე ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შედეგად ფიზიკური ზიანი არ მიუღია, თუმცა საქმის გამოძიება სწორედ სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

35 წლის ირაკლი დგებუაძე, რომელიც პოლიციის ოფიცერია, ამბობს, რომ 50 წლის ქალის, მზია ამაღლობელის სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი იგრძნო.

დგებუაძის ეს ჩვენება პროკურატურამ შეაფასა, როგორც „თავდასხმა“, ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

საქმეში არსებობს სილის გაწვნის ამსახველი 44-წამიანი ვიდეო კადრი, სადაც ჩანს, როგორ აწნის სილას მზია ამაღლობელი აქციაზე, ჭყლეტაში, სილას ირაკლი დგებუაძეს.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში მზია ამაღლობელს არ აძლევდნენ სასმელ წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, სამ საათზე მეტ ხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს.

მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი დარღვევა, სიყალბე და ცრუმოწმეა, რაც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია.

მზია ამაღლობელის პირველივე დაკავება იყო უკანონო – 11 იანვარს მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, როგორც თავად აცხადებდნენ, სტიკერის გაკვრის გამო. თუმცა, პოლიციას მისი დაკავების უფლება სტიკერის გაკვრისთვის არ ჰქონდა. შესაბამისად, ბათუმის პოლიციამ კანონი დაარღვია.

მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, როცა პოლიცია მიხვდა, რომ სტიკერის გაკვრა დაკავების საფუძველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, პოლიციელებმა გააყალბეს დაკავების ოქმი და ოქმში ჩაწერეს, თითქოს მზია ამაღლობელი დააკავეს არა სტიკერის გაკვრის, არამედ იმის გამო, რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა, მათ „ძაღლებსა და ღორებს“ ეძახდა.

11 იანვრის აქცია უწყვეტი ლაივით შუქდებოდა და არ არსებობს არც ერთი კადრი, მათ შორის არც პოლიციის მიერ გადაღებული, რომელიც მსგავს ფაქტს ასახავს. საქმეშია მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად – კანონმდებლობის თანახმად, თავდასხმა ქმედებაა, რომელიც ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას. აქციაზე მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის უფროსისთვის გაწნული სილით ირაკლი დგებუაძის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქონებას ზიანი ვერ მიადგებოდა, რასაც ადასტურებს სწორედ ის 44-წამიანი კადრი, რაც საქმეშია წარმოდგენილი.

მეტიც – იურისტებისა და სამედიცინო ექსპერტების აზრით, მზია ამაღლობელის სილა არ იყო იმ ინტენსივობის, რომ ამას ფიზიკური ტკივილი გამოეწვია და არც ირაკლი დგებუაძის გრიმასა არ მიუთითებს იმაზე, რომ მან ნამდვილად განიცადა ტკივილი სილის გაწვნისას.

ადვოკატებისა და იურისტების თქმით, მზია ამაღლობელის მიერ გაწნული სილა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლის სამართლის კვალიფიკაციის მქონე საქმე. სწორედ ეს გარემოება და, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და იგი უკანონო პატიმარია.

მზია ამაღლობელი რომ პოლიტიკური პატიმარია, ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მისი მისამართით „ქართული ოცნების“ ლიდერები აწარმოებენ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიას და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ 38 დღე შიმშილობდა პროტესტის ნიშნად. კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 6 თებერვლის მდგომარეობით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში მხედველობა მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 10%-ია. ამის მიუხედავად, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, თითქოს მზია ამაღლობელი შეიძლება კვლავ დაესხას თავს პოლიციელს, ან მიიმალოს და ის პატიმრობაში დატოვა. 

2025 წლის ივნისის ბოლოს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ყველა მასალა მზია ამაღლობელის საქმეზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. 

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

 

რუსეთმა აფხაზეთში რუსული პასპორტის მქონე პენსიონერებზე 20 000-ზე მეტი სადებეტო ბარათი გასცა

რუსული პროპაგანდისტული მედია Ria წერს, რომ რუსულმა ბანკმა ПСБ-მ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პენსიონერებზე 20 ათასზე მეტი სადებეტო ბარათი გასცა.

რუსული მედიის ცნობით, ეს არის რუსეთის მოქალაქეობის მქონე თითქმის ყველა პენსიონერი, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, Apsnypress-ის ცნობით, 24 ათასზე მეტი პენსიონერი იღებს რუსულ პენსიას, მათგან დაახლოებით 4 ათასი 80 წელზე მეტი ასაკისაა.

„2025 წლის აგვისტოდან აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პენსიისა და სოციალური შეღავათების მიღების პროცედურა შეიცვლება: თანხები მხოლოდ რუსული ბანკი ПСБ-ის ბარათებზე ჩაირიცხება” – წერს Ria.

მედია წერს, რომ ბანკი აგრძელებს მოთხოვნების მიღებას მათგან, ვისაც ბარათები ჯერ არ აუღია.

რუსული ბანკის წარმომადგენლობა სოხუმში ხუთშაბათს, 10 ივლისს გაიხსნა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გაცემულ რუსულ სადებეტო საპენსიო ბარათებს აქვთ იგივე ფუნქცია, რაც რუსეთში გაცემულ ბარათებს, მათ შორის – გადახდების მიღება რუსეთის სოციალური ფონდიდან.

ამავე თემაზე:

პუტინმა ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები გაამარტივა

 

ქობულეთში რძის საწარმო დახურეს – დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში რძის პროდუქტების საწარმო დახურეს. სააგენტოს ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელ, არარეგისტრირებულ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უვნებლობის სტანდარტი.

„…ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას [ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი] სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა.

ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით რძის პროდუქტების მწარმოებელი 3575 ბიზნესოპერატორი შეუმოწმებია, გამოვლენილია 31 არარეგისტრირებული საწარმო.

მზია ამაღლობელის პროცესი ჩვენთვისაც დიდი ქეისი უნდა გახდეს – ევროპარლამენტარი

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუ ავტოკრატიული რეჟიმები დიქტატურად გადაიქცევიან, მაშინ ევროკავშირის წევრობის შანსი არ არის“.

ლენა შილინგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მზია ამაღლობელის პატიმრობას და თქვა, რომ ეს ამბავი უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვისაც, „რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გვინდა, რომ გვყავდეს.

„დემოკრატიებში ჩვენი მიზანია გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ჩვენი ქვაკუთხედია. ქართველებს უნდა ჰქონდეთ შანსი აჩვენონ, რა უნდათ მათ რეალურად. იმ ხრიკებით, რომელიც ჩვენ გასულ არჩევნებზე ვნახეთ, რასაც „ქართული ოცნება“ სჩადიოდა და ახლაც სჩადის, აშკარაა, რომ ის არის ავტოკრატიული ძალა.

ამიტომ ჩვენ არ ვცნობთ ასეთ მთავრობას, რომელიც არ აძლევს ხალხს ხმის მიცემის უფლებას. ეს არადემოკრატიულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები.

ჩვენ ვხედავთ უამრავი ადამიანის პროტესტს, რომლებიც იბრძვიან ქუჩაში. რატომ გრძელდება რეპრესიები, რატომ აპატიმრებენ ჟურნალისტებს? ვფიქრობ, ეს მკაფიო ნიშანია იმისა, თუ როგორ ეშინია ამ მთავრობას სამოქალაქო საზოგადოების.

ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ არჩევნების მოგების ძალა შესწევთ. ასე რომ იყოს, ამ ხრიკებს ისინი არ გამოიყენებდნენ. მათ ეშინიათ დემოკრატიის – დემოკრატიაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იმარჯვებს და მათ ეს არ სურთ.

თუ ავტოკრატიული რეჟიმები დიქტატურად გადაიქცევიან, მაშინ ევროკავშირის წევრობის შანსი არ არის.

ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია გაქვთ, მაგრამ პოლიტიკოსებმა გარედან არ უნდა გითხრათ, რა უნდა გააკეთონ სხვა პარტიებმა, ეს სწორი არ არის.

ვერასდროს გეტყვით, რა უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს ოპოზიციურმა პარტიამ ასეთ რთულ სიტუაციაში“, – ამბობს ლენა შილინგი.

მისი თქმით, წევრი სახელმწიფოები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველო ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და არ დაუშვან საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საქართველოში, ავტოკრატიის შემდეგ, ახლა უკვე დიქტატურის დამყარების ზღვარზეა.

„ჩვენ ვეცდებით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, პოლიტიკური პატიმრების ყოლის გამო, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა დავაკისროთ. ჩვენ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას.

ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო მკაცრი ზომები ორმხრივად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ.

ჩვენ, ევროპარლამენტარებს გვაქვს ძალაც და შესაძლებლობაც ვთქვათ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ რეზოლუციის დამტკიცებით, ჩვენ ნიშანი მივეცით წევრ სახელმწიფოებს, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ.

ზოგიერთმა სახელმწიფომ ეს უკვე გააკეთა, ზოგი მათგანი მათ მიჰყვება. ჩვენ საქართველოს მარტო არ დავტოვებთ, არც სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა უნდათ და იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რასაც ჩვენ. ისინი ამ რეჟიმის პირობებში იტანჯებიან.

საქართველოში ყოფნის დროს მზია ამაღლობელის პროცესს დავესწარი და გავიაზრე, რომ ეს ჩვენთვისაც დიდი ქეისი უნდა გახდეს, რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გვინდა, რომ გვყავდეს. „ქართული ოცნება“ კი მიზანმიმართულად, თავად ბლოკავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, – ამბობს ლენა შილინგი.

თარგმანი – „ტვ პირველი“.

გერმანიის კანცლერი: მზად ვართ უკრაინისთვის აშშ-გან „პატრიოტის“ სისტემები შევიძინოთ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა შეიძინოს აშშ-სგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები უკრაინისთვის.

მერცმა ამის შესახებ 10 ივლისს, რომში, უკრაინის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ერთი კვირის წინ განიხილა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მისი თქმით, აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

მერცმა არ დააკონკრეტა, რამდენი სისტემის შეძენას გეგმავს გერმანია. მედიის ცნობით, მოლაპარაკება ორი სისტემის შეძენას ეხება.

2 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ნაწილობრივ შეაჩერა იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, მათ შორის: Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი გამანადგურებელი რაკეტების, Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების, NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტებისა და F-16 გამანადგურებლების.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

7 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის, ძირითადად თავდაცვისთვის.

ივნისში რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 232 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

გაეროს უახლესი მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივნისში უკრაინაში 232 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1343 დაშავდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ [HRMMU] უკრაინაში 10 ივლისს განაცხადა, რომ 2025 წლის ივნისში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა, ერთი თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალია 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე.

2025 წლის წლის ივნისში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა (98%) უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ამავე დროს, გასული თვის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 2024 წლის ივნისში.

გაეროს მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 6754 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა. ეს 54%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან, გაეროს მისიამ დააფიქსირა სულ მცირე 13,580 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 716 ბავშვის, დაღუპვა. ამავე პერიოდში დაშავდა 34 115 ადამიანი, მათ შორის – 2 173 ბავშვი.

გაეროს პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებამ სასიკვდილო გავლენა მოახდინა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით – ხერსონისა და დონეცკის რეგიონებზე.

„უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა ისეთ ტანჯვას განიცდის, როგორიც სამ წელზე მეტია არ გვინახავს. ქვეყნის მასშტაბით შორი დისტანციის რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების ზრდამ კიდევ უფრო მეტი სიკვდილი და ნგრევა მოუტანა მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც ფრონტის ხაზიდან შორს ცხოვრობს“ – განაცხადა HRMMU-ს ხელმძღვანელმა, დანიელ ბელმა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივლისის 21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 13 და 14 ივლისს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 031 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 11 013 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 979 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 30 163 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 437 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 193 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 45 003 ერთეული [+222]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 459 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 732 ერთეული [+76]
  • სპეცტექნიკა – 3 929 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 68 662 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 183 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 212 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 942 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის მასშტაბური თავდასხმა კიევზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

 

აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სომხეთის, აზერბაიჯანის ინტერესია, თურქეთისაც, საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში – ინტერვიუ

„საქართველოს ფუნქციური ამოვარდნა სამხრეთ კავკასიური სივრციდან ფიზიკურად შეუძლებელია: სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესი და თურქეთისაც აუცილებლად იქნება ის, რომ საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ბექა კობახიძე. მას საქართველოს პერსპექტივაზე ვესაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ახლა სხვა ქვეყნები რუსულ ორბიტას სწრაფი ტემპით შორდებიან.

„თუ, ვთქვათ, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არტიკულირებული იქნება, როგორც ანტირუსული საგარეო პოლიტიკა, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს გარკვეული ბალანსის ძებნა მეზობლებთან, რადგან საქართველო აზერბაიჯანზეა დამოკიდებულია ენერგომატარებლით, გაზითა და ნავთობით – აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოში, ასევე, თურქეთის ეკონომიკური გავლენა და მნიშვნელობა დიდია საქართველოზე.

საქართველოს ვერ ექნება ურთიერთობა მეზობლებთან, როგორც რუსული გავლენის აგენტს, რადგან საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამას,“ – გვიყვება ბექა კობახიძე.

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ბექა, იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ხდება – კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დომინანტის როლს? 

დიახ, ცალსახად კარგავს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში: აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ჯერ კიდევ 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომმა და შემდეგ უკვე 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის სრულმა დაბრუნებამ, რუსეთს გამოაცალა ყველანაირი ბერკეტი აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მანამდე რუსეთი აკონტროლებდა ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკას და დიდწილად ახდენდა გავლენას, ვიდრე იგი მედიატორის ფუნქციას ასრულებდა ყარაბაღის რეგიონში.

რუსეთის ფუნქცია ამოიწურა იმიტომ, რომ აზერბაიჯანმა ისარგებლა 2023 წელს რუსეთის აგრესიით უკრაინის ომში, როცა რუსეთს არ შეეძლო საპასუხო ზომები მიეღო ყარაბაღში. შემდეგი ნაბიჯი, ბუნებრივია, იქნებოდა ის, რომ აზერბაიჯანი მეტად დისტანცირდებოდა რუსეთისგან, რომ რუსეთი გაეყვანა სამხრეთ კავკასიიდან და შემოეყვანა თურქული სამყარო.

ამის შედეგია ის, რასაც ახლა ვხედავთ. ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ რუსების უხეში მოქმედებით ეს პროცესი დაჩქარდა: რუსეთმა ჩამოაგდო აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც არ მოჰყვა ბოდიში, ეტიკეტით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.

ბექა კობახიძე
  • თქვენი დაკვირვებით, რატომ მოიქცა რუსეთი ასე? ლოგიკურად მას უფრო აწყობდა ამ ეტაპზე გავლენის შენარჩუნება აზერბაიჯანზე.

თვითმფრინავის  შეიძლება ჩამოეგდოთ შემთხვევით – ეს ომია. როგორც ვიცით, უკრაინული უპილოტოები დაფრინავენ 1000 კილომეტრის მოშორებითაც ფრონტიდან. შესაძლებელი იყო, რომ ეს მომხდარიყო მართლაც გაუფრთხილებლობით, მაგრამ თუ მოხდა შეცდომა, ამ შეცდომის გამოსასწორებლად უნდა გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯები: საჯარო ბოდიში, სამგლოვიარო დღის გამოცხადება, დროშების დაშვება, კომპენსაციის გადახდა. ეს აჩვენებდა დანარჩენ სამყაროს, რომ იყო შეცდომა და რუსეთი მართლაც ნანობს, წუხს ამაზე.

  • როგორც ცნობილია, მხოლოდ პუტინის სატელეფონო ზარი იყო ალიევთან. 

ეს იყო პირადი საუბარი – პირად საუბარში ნათქვამი ბოდიში. პოლიტიკა ისეთი რამეა, პირად საუბარში ნათქვამი არ არის პოლიტიკური წონის მატარებელი.ეს უნდა მომხდარიყო შესაბამისი ეტიკეტით, მაგრამ რუსეთის დამოკიდებულება ყოფილი კოლონიებისადმი ასეთია: პუტინმა ვერ დაუშვა თავის დამდაბლება – დამდგარიყო აზერბაიჯანის წინაშე ბოდიშის პოზიციაში.

  • იმპერიალისტურ კომპლექსებს ვერ გაექცა პუტინი? 

რა თქმა უნდა, ვერ გაექცა იმპერიალისტურ კომპლექსებს.

აზერბაიჯანი აღარ არის რუსეთზე დამოკიდებული, მას ჰყავს საკმარისად ძლიერი პარტნიორი თურქეთის სახით და კავკასიის პოლიტიკაში ისინი პაკისტანის შემოყვანასაც ცდილობენ, რომელიც ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის – ბირთვული სახელმწიფოა ბოლოს და ბოლოს. საუბარია თურქეთის ბაზის განთავსებაზე. პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია, რომ აზერბაიჯანში იქნება თურქული ბაზა.

აზერბაიჯანმა თვითმფრინავის ინციდენტი გადაყლაპა, მაგრამ ამას მოჰყვა ინციდენტების სხვა კასკადი, რაც გამოიხატა აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების უხეშ დაკავებაში, ცემაში, ვიდეო კამერების წინ განზრახ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში. ამან დააჩქარა აზერბაიჯანის ქმედებები.

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს ისედაც მოხდებოდა, რადგან აზერბაიჯანული ნაციონალიზმი ანტირუსულია. ეს ისტორიულად ასე იყო და პირველი რესპუბლიკის დროსაც ასე იყო, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისშიც ასე იყო. შესაბამისად, ისტორიული მეხსიერება არსად წასულა.

  • მიღწევადია ამ გადასახედიდან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? 

რუსეთს და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობის გამწვავების კვალდაკვალ, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შანსი ერთი-ორად გაიზარდა.

აზერბაიჯანი ვერ და არ დაუშვებს იმას, რომ ერთდროულად დაუპირისპირდეს რუსეთს და სომხეთს. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთი თავად დისტანცირდება რუსეთისგან, აზერბაიჯანი აღარ ხედავს მას, როგორც რუსეთის აგენტს სამხრეთ კავკასიაში. ფაშინიანი ყველაფერს აკეთებს – ცდილობს ურთიერთობას ნორმალიზებას აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ის ჩავიდა კიდეც თურქეთში ერდოღანთან მოლაპარაკებებზე, საუბრები ჰქონდა ალიევთან.

გამომდინარე იქიდან, რომ გამოეცალა უსაფრთხოების ქოლგა, სომხეთი თავად უნდა გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს სამხრეთ კავკასიაში. ფაშინიანი ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რომ დიპლომატიით დაარეგულიროს ურთიერთობები.

შესაბამისად, ეს ორმხრივი ინტერესი გაიზარდა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ. გადაწყვეტილი არაფერი არ არის – საბოლოო ჯამში, ალიევის დისკრეციაა და მასზეა დამოკიდებული, მოაწერს თუ არა ხელს შეთანხმებას, მაგრამ შანსი ბევრად მაღალია ახლა.

  • სომხეთში, გიუმრიში შეიყვანეს რუსებმა დამატებით სამხედრო ძალები. ეს რის დემონსტრირება იყო? 

ეს არაფერს არ ნიშნავს – უფრო ნოკაუტის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. რუსეთს ამ ეტაპზე არავითარი უნარი არ აქვს, აზერბაიჯანსა და თურქეთს დაუპირისპირდეს სამხედრო გზით. აზერბაიჯანი და თურქეთი ერთად მოცემული ძალიან დიდი სამხედრო ძალაა.

რუსებს კი, უკრაინაში სუმის იერიშიც ჩაუვარდათ. ზედმეტია აზერბაიჯანთან ახალი ფრონტის გახსნაზე საუბარი.

ამასთან, თვითონ სომხეთშიც რუსების ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – სომხებმა რუსი მესაზღვრეები ჩახსნეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება გიუმრის ბაზასაც არ ეწეროს დიდი დღე.

  • შეიძლება ითქვას, რომ საქართველო კარგავს ამ ისტორიულ შანსს, დააღწიოს თავი რუსეთს და თანაც რეგიონულ დონეზე, სამხრეთ კავკასიაში? 

პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას სტრატეგიულ დონეზე წარმართავს რუსეთი.

რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებასთან“ აშშ-ს ელჩმა ისაუბრა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აბსურდული, შეურაცხმყოფელი და ცილისწამებით გაჟღენთილი წერილი გადასცა ტრამპის ადმინისტრაციას. არ მჯერა, რომ ეს წერილი საერთოდ თბილისშია დაწერილი – თარგმნილი იყო რუსული ენიდან ინგლისურ ენაზე.

სტრატეგიულ დონეზე რუსეთი მართავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, თუმცა აქაც მცირდება შესაძლებლობები: თუ, ვთქვათ, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არტიკულირებული იქნება, როგორც ანტირუსული საგარეო პოლიტიკა, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს გარკვეული ბალანსის ძებნა მეზობლებთან, რადგან საქართველო აზერბაიჯანზეა დამოკიდებულია ენერგომატარებლით, გაზითა და ნავთობით – აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოში.

ასევე, თურქეთის ეკონომიკური გავლენა და მნიშვნელობა დიდია საქართველოზე. საქართველოს ვერ ექნება ურთიერთობა მეზობლებთან, როგორც რუსული გავლენის აგენტს – საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამას. ასე რომ, გარკვეული ბალანსის პოვნა და დაცვა იქნება საჭირო.

ცალსახად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის, საქართველოს პერსპექტივიდან ის მოვლენები, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება.

  • თუ დღეს საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა სუვერენული და დამოუკიდებელი, რეალურად გაჩნდა შანსი, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთისგან გათავისუფლებულიყო? 

რა თქმა უნდა, თბილისი იყო ამის გასაღები ყოველთვის, თბილისი იყო კავკასიის ცენტრი.

ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, რომ ქვეყანა მთლიანად, პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, მიბმოდა რუსეთს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანში დაკარგა გავლენის ბერკეტი, ბევრად მეტი მექანიზმი აქვს რუსეთს დღეს საქართველოში, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში: ღვინის ექსპერტის 80 % იყიდება რუსულ ბაზარზე, ტურისტული სექტორიც რომ ავიღოთ, ინვესტიციების სექტორი და ასე შემდეგ, დამოკიდებულია რუსეთზე.

თუ სომხეთსა და აზერბაიჯანში მშპ-ს 6 %-ს აღწევს თავდაცვის ხარჯები, საქართველოში ეს არის 1.7 %. ბოლო 13 წელია რუსეთის ერთი აგენტი არ დაკავებულა საქართველოში. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური განზომილების ცვლილება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში, რადგან საქართველოში მიზანმიმართულად 13 წელია რუსებს გადასცემენ საქართველოზე გავლენის ბერკეტებს.

საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ რუსეთი მართავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

  • სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი საქართველოა, როგორც ეს იყო წარსულში, როცა რუსული ჯარი შემოდიოდა კავკასიაში? 

პირველ რესპუბლიკის დროს, ჯერ აზერბაიჯანის და სომხეთის ოკუპაცია მოხდა და ბოლო იყო საქართველო – პირიქით ფორპოსტად იყო გამოყენებული, მაგრამ 1801 წლის მაგალითს თუ ავიღებთ – რომ არა ფაქტობრივად წინააღმდეგობის გარეშე რუსეთის თბილისში შემოშვება, რუსეთის კონტროლი დანარჩენ კავკასიაზე ასე იოლად ვერ გავრცელდებოდა.

შამილის ბრძოლებში ქართველს ფეოდალებს წამყვანი როლი და ადგილი ეკავათ – ისინი ეხმარებოდნენ რუსებს კავკასიის დაპყრობა-დამორჩილებაში.

  • როგორ მოახერხა მაშინ რუსეთმა ქართველი ფეოდალების მიმხრობა? 

დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან შამილი თუ კავკასიის თავისუფლებისთვის მებრძოლია, იმდროინდელი ქართველისთვის – ჩვეულებრივ ხალხზე არ მაქვს საუბარი, რომელიც არც არის აქტორი ისტორიაში – ფეოდალისთვის შამილი ლეკია, რომელიც იტაცებდა ქართველებს და ჰყიდდა. რუსეთი კი მათ [ფეოდალებს] აძლევდა კარიერის გზას. იგივე გრიგოლ ორბელიანებმა და სხვებმა ამ დროს მიიღეს კარიერა, თანამდებობა და ასე შემდეგ.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეტაპზე, როცა ქართველებმა რუსები შემოიყვანეს კავკასიაში, ის ქართველები თვითონ დაისაჯნენ: 1800-იან წლებში ბაგრატიონები სრულად გადაასახლეს რუსეთში, პირიქით, ტრაგიკულ მოვლენებთან გვაქვს საქმე.

  • არ ენდობოდნენ? რატომ მოხდა ეს? 

ცალსახად – იყო უნდობლობა.

რუსეთი როცა შემოდის, მას საკუთარი ელიტა სჭირდება მმართველად. იგივე 1920-იან წლებში, როცა ბოლშევიკებმა შემოიყვანეს რუსეთი საქართველოში, ისინი მთლიანად გაანადსგურეს რეპრესიების შედეგად, დიდი ტერორის დროს.

შემდეგი ეტაპიც გავიხსენოთ: 1993-95 წლებში ედუარდ შევარდნაძემ დსთ-ში შეიყვანა საქართველო და რუსეთის პირდაპირი აგენტები დანიშნა საქართველოს მთავრობაში – იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად, ვარდიკო ნადიბაიძე თავდაცვის მინისტრად და ასე შემდეგ. ეს ის ხალხია, ვინც შემდეგ შევარდნაძეს ტერორისტული აქტი მოუწყო – ააფეთქეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

ამ უბედურებას ვერც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასცდებიან, ვინც ეპატიჟება რუსეთს საქართველოში.

  • მათ შორის, ირაკლი კობახიძე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი ჩასვა? 

ყველას კარზე დაიჩოქებს ეგ აქლემი – ისტორიაში სხვაგვარად არც ყოფილა.

  • მინდა გკითხოთ თურქეთზე, როგორც რეგიონული ლიდერზე. რამდენად შეიძლებოდა საქართველოს დაენახა თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და, შესაბამისად, ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა ამ რეგიონში? 

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, საბჭოთა დროით გაგრძელებული, დღემდე, რუსული პროპაგანდის ნარატივი არის არა ის, რომ ჩვენ ვართ კარგები – ისინი ამას არ ამბობენ – არამედ საუბრობენ თურქეთზე, როგორც უფრო დიდ საფრთხეზე, ვიდრე რუსეთია: იმისთვის, რომ არ ჩაგყლაპოთ თურქეთმა, მე უნდა ვიყო აქ!

მუდმივად, მათ შორის, ისტორიაში ამის პედალირება ხდება, რომ ესაა რუსეთის როლი. ამ დროს მითი და რეალობა ეზილება ერთმანეთს რუსულ ნარატივში.

  • ამაზე აქტიურად მუშაობს დღესაც კრემლის პროპაგანდა საქართველოში. 

თურქეთი არ არის მარტივი ქვეყანა. რუსეთის მოსვლამდე თურქეთი თავად იყო კოლონიზატორი სახელმწიფო საქართველოში. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთან მიმართებით. დღესაც თურქეთი არ არის დემოკრატია, მაგრამ საქართველო უნდა ლავირებდეს და ეძებდეს ძალთა ბალანსს რეგიონში.

საქართველოს არ შეუძლია და არ აწყობს, ცალსახად რომელიმე რეგიონულ ძალას მიეკედლოს. საქართველოსთვის ცალსახად მნიშვნელოვანია ევროპის და აშშ-ს რაც შეიძლება უფრო არსებითად და ძლიერად ყოფნა რეგიონში – დასავლეთის ყოფნა რეგიონში საქართველოს იცავს ადგილობრივი სახელმწიფოების გავლენებისგან.

საქართველომ უნდა მოძებნოს ბალანსი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს თურქეთის გამოყენება რუსეთის დასაბალანსებლად, თუნდაც ჩინეთი. ცალსახა და ცალმხრივი საქართველოს საგარეო პოლიტიკა ვერ იქნება.

საქართველოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ ამავე დროს ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს თურქეთის ეკონომიკური ინტერესი წარმოდგენილი, ასევე ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები… რუსეთმა მთლიანად დაწვა, დაანგრია ყველანაირი კავშირი დასავლეთთან.

ის, რომ დასავლეთი იყოს საქართველოში წარმოდგენილი, ეს არ ეყოფა საქართველოს თავის დაცვისთვის. რუსეთი გადაეწყო მთლიაანდ ე.წ. გლობალურ სამხრეთზე. რუსეთი ცდილობს, ამ სივრცეში სახელმწიფოებთან მოძებნოს ეკონომიკური და პოლიტიკური თავსებადობა და თანხვედრა. რუსეთი საკუთარ თავს ვერ მისცემს იმის უფლებას, რომ ერთდროულად ააფეთქოს ურთიერთობა ევროპასა და ამერიკასთან, ასევე თურქეთთან, ჩინეთთან, ირანთან და სხვებთან.

შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში წარმოდგენილი უნდა იყოს ამ სახელმწიფოების ინტერესები. თურქეთისთვის, ან ჩინეთისთვის მართლა არ აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატია იქნება, თუ ავტორიტარიზმი. მათთვის მნიშვნელოვანია ეს კორიდორი და ის, რომ ეს კორიდორი ხელში არ ეჭიროს რუს ჯარისკაცს – რუსი ჯარისკაცისგან არ უწევდეთ ნებართვის აღება იმაზე, რომ გაატარონ ამ კორიდორში.

საქართველოს შეუძლია თურქეთის, ჩინეთის და გნებავთ ირანის გავლენა გამოიყენოს ამ შუა კორიდორის პოლიტიკური დაცულობისთვის.

  • რა შემთხვევაში უშვებთ იმას, რომ საქართველო გააქტიურდეს სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად და რუსულ ორბიტას ჩამოშორდეს?

ვიდრე „ქართული ოცნებაა“ საქართველოს ხელისუფლებაში, არანაირ სუვერენულ საგარეო პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს. ცვლილებების მთავარი გასაღები უკრაინაში დევს.

უკრაინის ომი კი, არ დასრულდება კიდევ რამდენიმე წელი: შეიძლება ეს იყოს 3, 5 ან 7 წელი. მეტსაც ვიტყვი, რომ ალბათ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ ეს ომი დასრულდება ერთი ან მეორე მხარის სრული მარცხით. ეს ვერ იქნება გაყოფა და შერიგება.

რა იქნება წლების შემდეგ – პროგნოზირება ძნელია. სრულიად რეალისტურია მოხდეს ისე, რომ ბრძოლა დამთავრდეს რუსეთის კოლაფსით. ეს გამოიწვევს არამხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ მთელ კონტინენტზე ცვლილებებს – ავტორიტარული რეჟიმების მარცხს და დემოკრატიის გამარჯვებას.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, მათ შორის ის, რომ დიქტატურა მყარდება საქართველოში, ეს არაა ადგილობრივი საკითხი. ეს არის ექო იმის, რაც რუსეთში ხდება – რუსეთი იკრებს თავის გარშემო ქვეყნებს, მოკავშირეებს, „ქართული ოცნება“ კი, რუსეთს ეუბნება, რომ არ არის საჭირო შემოსვლა, ჩვენი ხელით დავამყარებთ ისეთ რეჟიმს, რომელიც იქნება რუსეთთან თავსებადი, ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს სტრატეგიულ დონეზე გავასწორებთ რუსულ ორიენტირებთანო.

ეს ხდება დღეს. ამის შეცვლა რუსეთის მარცხის გარეშე ძნელი იქნება.

  • საქართველოს გარეშე რა პერსექტივა აქვს სომხეთს და აზერბაიჯანს? 

ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით შორს ვართ იქამდე, რომ ზანგეზურის კორიდორი გაიხსნას. ეს რომც გაიხსნას, საეჭვოა ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ამ კორიდორმა შეძლოს საქართველოში გამავალი გზების ჩანაცვლება. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ მოხერხდება.

ამიტომაც, საქართველოს ფუნქციური ამოვარდნა სამხრეთ კავკასიური სივრციდან ფიზიკურად შეუძლებელია: სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესი და თურქეთისაც აუცილებლად იქნება ის, რომ საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში.

ამ თემაზე:

„ყველაზე სუსტი რგოლი საქართველო გამოდის სამხრეთ კავკასიაში“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან რუსეთში

ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იმის ნიშანია, რომ კაცი უღირსია – ბექა ქურხული

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწვნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ სხვა რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა მწერალ, ლიტერატურათმცოდნე ბექა ქურხულს.

ბექა ქურხული: „სიმართლე გითხრათ, ეს ისეთი, გამაოგნებელი და მეტიც, შემაძრწუნებელი ფაქტია, პასუხიც არ მაქვს!

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ აჭარაში, ბათუმში და დანარჩენ საქართველოშიც, დედის და ქალის კულტია… ძალიან მაინტერესებს ეს მომჩივანი პოლიციელი, თუ არ ვცდები დგებუაძე გვარად, თავის საკუთარ დედას როგორ უყურებს თვალებში!

როდესაც ქალი სილას აწვნის კაცს, თუ ეს, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ამბავი ან ეჭვიანობის სცენა არ გახლავთ, ერთმნიშვნელოვნად იმის  ნიშანია, რომ კაცი არის უღირსი.

წარმოუდგენელია, კაცი ისე როგორ უნდა მოიქცე, რომ ქალმა ხელის გარტყმა გაკადროს. „ყური გამიწითლდა“, „ლოყა გამიწითლდაზე“ წუწუნი, მოთქმა-ვაება და ჩივილი, უბრალოდ, მთლად სულიერი დეგრადაციის, დაცემის, ფსიქოლოგიური და მორალური ეროზიის ტოლფასია.

არ მესმის, ასე არა მარტო ქალბატონი მზია ამაღლობელის, არამედ საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და შთამომავლობის გამეტება. ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ასეთი საქციელი, თითით საჩვენებლად და უმაგალითო სირცხვილად დარჩება კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში…

სიმართლე გითხრათ, ასეთი სამარცხვინო ნაძირლობა არც ფილმში, არც ლიტერატურაში არ მახსენდება. ერთადერთი ისტორიული პარალელი თუ მაგალითი შემიძლია მოვიყვანო – საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მეუღლემ, დედოფალმა მარიამ ციციშვილი – ბაგრატიონისამ, 1803 წლის 3 აპრილს სატევრით განგმირა რუსის გათავხედებული „ნამესტნიკი“ ლაზარევი და ასე დაიცვა საკუთარი, ქართლ-კახეთის სამეფოს, ბაგრატიონთა დინასტიის ღირსება.

მზია ამაღლობელის პატიმრობა ჩემი, პირადი, ეროვნული ღირსების შელახვაა და მკაფიო დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოღალატური და კოლაბორაციონისტული რეჟიმი ლაზარევების, ციციანოვების, ლენინის, სერგო ორჯონიკიძის და პუტინის ტოლფარდი მტრები არიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქართველი ერის… ამიტომაც ვებრძვი ამ რეჟიმს ასე დაუნდობლად, უკომპრომისოდ და არასოდეს არ შევურიგდები, ვიდრე ცოცხალი ვარ.

ქალბატონი მზია ამაღლობელი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოსთვის და მისი უახლოესი ისტორიისთვის, დარჩება როგორც სიმამაცის, სამოქალაქო გმირობის და თავდადების მაგალითი.

ისევე როგორც, ეს ვინმე პოლიციელი დგებუაძეა დღეს სირცხვილის, ლაჩრობის და სულმდაბლობის სიმბოლო, იმდენად, რომ მასთან ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში, ერთ კონტინენტსა და ერთ პლანეტაზე ყოფნაც კი გულისამრევია.

ასევე, მზია ამაღლობელი, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, დარჩება უმაგალითო გმირობის ხატად, რომლითაც კიდევ დიდ ხანს იამაყებს ჩვენი შთამომავლობა.

კი, სამწუხაროდ, დღეს, ჯალათი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წყალობით, ჩვენს ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს – მზია ამაღლობელი, ზვიად ცეცხლაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ტერიშვილი, ვეფხია კასრაძე, ონისე ცხადაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ექიმი გიორგი ახობაძე და კიდევ სხვები.

მაგრამ ყველა ეს კრებითი დგებუაძე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვაჟა სირაძე, პაპუაშვილი, ოხანაშვილი, ხარება, მდინარაძე, მთელი ეს კრემლის დაქირავებული მონები კი ტყვეები არიან, საკუთარი გამყიდველობის, ლაჩრობის, არაკაცობისა და სიხარბის ტყვეები“.

_______________

ფოტო: კადრი ლიტერატურული პრემია „საბას“ ვიდეომასალიდან/facebook

რუსეთის მასშტაბური თავდასხმა კიევზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

10 ივლისის ღამეს რუსეთმა მასშტაბური თავდასხმა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე, რუსული დრონებითა და ბალისტიკური იარაღით.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში აფეთქებები ისმოდა, არის მსხვერპლი, გაჩნდა ხანძარი.

ბოლო ცნობების თანახმად, რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ორი ქალი დაიღუპა. რუსული დრონები კიევში, შევჩენკოვის რაიონში ხუთ და თორმეტსართულიან შენობებს მოხვდა, დაღუპულები შენობების ზედა სართულებზე ცხოვრობდნენ.

თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 19 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 10 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 18 რაკეტა და დაახლოებით 400 დრონი გაუშვეს, რომელთა სამიზნე ძირითადად დედაქალაქი და კიევის რეგიონი იყო.

____________

ფოტოზე: კიევი, 10 ივლისი, 2025 წელი

 

„მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს რიჟვაძესთან“ – კობახიძე

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „არავის არავითარი პრეტენზია არ აქვს“.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 10 ივლისს თქვა მედიასთან.

„არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს… რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კანონიერი ქურდების მფარველობას, თუ არა ეს რა იყო… თქვენ ავრცელებდით ათას სამარცხვინო ტყუილს, მათ შორის თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებითაც. მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძესთან“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „თბილი შეხვედრები“ და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

9 ივლისს, როცა კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია, რომელიც, მისი შეფასებით, ტყუილს და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდა რიჟვაძის შესახებ.

დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, აკისრებდა თუ არა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მედიას, კობახიძემ რამდენიმე წუთით ადრე თავისივე ნათქვამი უარყო და განაცხადა — „არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.

„ვინ აბრალებდა მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას?“ — ეს კითხვა კობახიძეს ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:

„მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ?! ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის, იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული. უამრავი ტყუილი ვრცელდება. არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, ეს არის „ფორმულა“.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია. ამის შესახებ 7 ივლისს გახდა ცნობილი. შსს-ს ვერსიით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, ხოლო პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც, თითქოს, რიჟვაძემ დაწერა თვითმკვლელობის მცდელობის წინ. წერილში რიჟვაძე ივანიშვილს და კობახიძეს სთხოვს ოჯახის დაცვას. წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

9 ივლისს რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ამავე თემაზე: 

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლემ

დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ.

მეგობრებო, ცოტა მარტივი ნათქვამია. უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაა, რისთვისაც შეუპოვრად ვიბრძვით.

ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება.

პროცესებზეც იმიტომ დავდივართ, 5-6 საათს ვიცდით მოსაცდელ საკანში, რომ ვიცით, აქ გველოდებით და ჩვენც გაჩვენოთ, რომ არ შეგვშინებია, არ გავმტყდარვართ.

თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანაში და დიქტატურაში გაიზარდოს. ამიტომ რითაც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე. შეიძლება 18 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო. მე არ დავნებდები.

დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას თავისი დადებით რაღაცების მოჰყვა. დიდი ოჯახი შევიძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველაზე მაგარი რაცაა, შვილიშვილებისთვის ძაან მაგარი ისტორიები მექნება მოსაყოლი. მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ“ – თქვა საბა ჯიქიამ დასკვნით სიტყვაში.

19 წლის საბა ჯიქია დეკემბერში დააკავეს. მას პირველ დეკემბერს ნაშუაღამევს აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებიან. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

თავად ამბობს, რომ „გააჩნია, რას ნიშნავს დარბევა”, მაგრამ „მისი შეხედულებით“, აქციის მონაწილეები არასდროს დაურბევია.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი პარალელურად უძღვება სხვა სინდისის პატიმრების საქმეებსაც: 8 პირის საქმეს, ნიკუშა კაციას საქმეს, თედო აბრამოვის საქმეს.

საბა ჯიქიას 19 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 030 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 11 011 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 22 972 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 30 140 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 437 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 193 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 781 ერთეული [+324]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 445 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 656 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 929 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 68 251 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 832 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინას 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტებით დაესხა თავს

აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა“ – ინტერვიუ

„თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლისთვის. საბოლოო ჯამში, მისი ნაწილი ივანიშვილთან მიდის. მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ პოზიციების გასამყარებლად ერთი კლანი მეორეს ებრძვის“ – მოკლედ ასე აფასებს ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის [„ზარალას“] დაკავება, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრა, რაც შსს-ს ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაა და ასე შემდეგ.

„ბათუმელები“ რომან გოცირიძეს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა.

  • ბატონო, რომან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსხვილი ბიზნესი ძირითადად „ოცნების“ „მხარეს არის“ და შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“ ამ ნაწილში რაიმე დისკომფორტის ნიშნებს ვერ ხედავს, საზოგადოების ნაწილი მაინც თვლის, რომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ თავად რამიშვილმა შემთხვევას „შეცდომა“ უწოდა, მაინც იყო სიგნალი ბიზნესისთვის. ეს ასეა?

საქართველოში არ არის ისეთი რეჟიმი, როგორიც არის ბელარუსში ან თურქმენეთში, ან თუნდაც აზერბაიჯანში.

ჩვენ მივდივართ ავტორიტარული რეჟიმისაკენ. თუ დავაკვირდებით, როგორ კანონებს იღებს რუსული ხელისუფლება და რა რეპრესიულ ნაბიჯებს დგამს… მაგრამ ჯერჯერობით აქ არ არის ისეთი რეჟიმი, როგორიც რუსეთში, რომ უფრო მეტად ამოიღოს ხმა ბიზნესმა და ციხეში მოხვდეს.

რომან გოცირიძე

მსხვილი ბიზნესი შექმნილ ვითარებაში არის დამნაშავე, ვინაიდან მორჩილებამ, მათმა სიხარბემ და ანგარებამ, იმ პროექტებმა, რომლებიც ხელისუფლებისგან მიიღეს სასათბურე პირობებში – საუკეთესო მიწები, ტენდერებში გამარჯვებები, ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ეს თუ სხვა, მიიღეს ასევე საუკეთესო ადგილებზე მშენებლობის უფლებები და აშენებენ ცათამბჯენებს და ეგრეთ წოდებული ბიზნესასოციაცია, სადაც არის თავმოყრილი ეს ბობოლა ბიზნესმენები, წლებია, არათუ ხმას არ იღებენ, როდესაც ქვეყანაში რეპრესიები მიმდინარეობს, არამედ ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოდიან ამ რეჟიმის გამაძლიერებლად.

მაგრამ ეს ძალიან მარტივია და ავტორიტარული ქვეყნების ისტორია ამას გვასწავლის, რომ ჯერ იწყება ოპოზიციის განადგურება და შემდეგ ნადგურდება ბიზნესი. მოახრჩობენ ამ ბიზნესს და ფაქტობრივად ეს იქნება ივანიშვილის, ასე ვთქვათ, კლანური მმართველობა.

თუნდაც ძალიან სკანდალური საქმე ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ავლენს ამ ქვეყნის უკვე მაფიოზურ ბუნებას, ავტორიტარული ქვეყნები ერთმანეთის მოკავშირე რომ არიან. ამიტომ უნდა ივანიშვილს ააშენოს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის სამეზობლოში, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანში, საემიროებში…

უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე, ჯერ დეპორტაცია არ მოუხდენია, სასამართლო პროცესები არ გაუვლია, მოიტაცეს ბაჩიაშვილი. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ კოდები, რომელიც ბიტკოინის გასაღებია, გამოსძალონ. ჯერჯერობით ჰყავს მშვიდად, მაგრამ დაიწყება ფსიქოლოგიური ზეწოლა და ალბათ მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ აიძულებენ დათმოს ეს და იღებენ კანონებს, რომ არ გადააფორმოს რაიმე ოჯახზე.

აბსურდული კანონი მიიღეს, რომელიც არის ივანიშვილის პირადი მომსახურებისთვის და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება.

თუ ვინმეს ვალი აქვს და ვერ დაფარავს, უცხოეთში არ გაუშვებენ და მისი ოჯახის წევრისგან შეუძლია ამოიღონ ყველა ქონება, ბინაც გაუყიდონ და ყველა აქტივი, ანუ ასე ვთქვათ, მთელი კანონმდებლობა ივანიშვილის ფულის შოვნის ირგვლივ არის აგებული, მათ შორის ოფშორების კანონი.

  • სინამდვილეში გავლენების განაწილებას დაარქვეს კორუფციასთან ბრძოლა?

ვყალიბდებით მაფიოზურ სახელმწიფოდ, ხოლო მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ ძალაუფლების მოსაპოვებლად და პოზიციების გასამყარებლად, ერთი კლანი მეორეს ებრძვის.

იგივე, თუნდაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაჭერა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თვითმკვლელობის მცდელობა… თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლის… საბოლოო ჯამში მისი ნაწილი მიდის ივანიშვილთან.

ასევე, მიდის ღარიბაშვილის კლანის მეორედ ჩამოცურება.

ჯერ პირველად როცა იყო პრემიერ-მინისტრი [ღარიბაშვილი], თქვა, ნათესავები უშლიან ხელს, თორემ კარგი ბიჭიაო და მოხსნა ამის გამო და მერე მისი ნათესავები გაყარა ხელისუფლებიდან, თუმცა ფული არავისთვის წაურთმევია. მისი ნათესავები მშვენივრად აგრძელებენ და დღეს მილიონერები არიან, არავინ არ დასჯილა იმ ფულის მიტაცებისათვის, კახურ კლანს ეძახდნენ და გვახსოვს ის გამონათქვამი ღარიბაშვილის, რომ ცოლის ნათესავები ნათესავები არ არიანო.

მეორედ მობრუნებულს ახლა ხელახლა უკეთებენ იმავეს, ფაქტობრივად გააგდეს პარტიიდან, მისი გუნდიდან ყველა ჩახსნეს.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი [თორნიკე რიჟვაძე] თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ვინაიდან მას აბრალებენ ნარკოდამნაშავეების მფარველობას და ტოტალურ კორუფციას რეგიონში.

კობახიძემ უტიფრად განაცხადა, თავს იმიტომ იკლავდა, რომ ჟურნალისტებმა შეაწუხესო. არცერთ სიუჟეტში არავის არ დაუბრალებია მისთვის ნარკოვაჭრობის მფარველობა, ეტყობა ვერ მიაღწია ამ თემამ ჟურნალისტებამდე, თორემ შეიძლება ამაზეც ყოფილიყო გამოძიება, მაგრამ ეს არის ის საკითხები, რაც მან ყველაზე კარგად იცის და რაც დაწერა, მას არ უთქვამს ჟურნალისტების გამო ვიკლავ თავსო, მან ფაქტობრივად ივანიშვილს და კობახიძეს მოსთხოვა მისი ოჯახის და ახლობლების დაცვა, თქვა – მე ვარ ყველაფერში თავი და თავი და ჩემი გარემოცვა აქ არაფერ შუაშია, ყველა გადაწყვეტილება ჩემს მიერ მიიღებოდაო.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება თუ გადარჩება, იმიტომ, რომ სიკვდილისთვის არავის არ ემეტება და თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იყო ოდესმე და ზნეობრივად გაიაზრა ეს ყველაფერი, როდესაც ის გამოჯანმრთელდება და არ აჰყვება ამ ხელისუფლების მიერ დადგმულ სცენარს, გაბედავს და იტყვის სიმართლეს… თუმცა ეჭვი მეპარება, რადგან აქ მის პირად სიცოცხლეზე არ არის საუბარი, ამიტომ, რასაც დაუწერენ, იმას წაიკითხავს.

  • ანუ ეს წერილი თქვენთვის სარწმუნოა? ფიქრობთ, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა?

მე მგონია, რომ კი. არა აქვს მნიშვნელობა ორი ფერის კალმით დაიწერა, თუ ერთი ფერის კალმით და ეს წერილი ჯიბეში ედო თუ სხვაგან, ეს არის ფაქტობრივად ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა, აიძულეს, რომ თვითმკვლელობა ჩაედინა, ეს აიძულა ხელისუფლებამ, ოღონდ ამ შემთხვევაში პოლიცია კი არ მოქმედებდა სამართლებრივად, საჯაროდ, ბრალის ოფიციალური წაყენებით, კორუფციული ბრალდებების ჩამონათვალით, არამედ კულუარულად.

არა იმისთვის, რომ დაესაჯათ დამნაშავე, დასასჯელად კი არა, არამედ დამნაშავის კლანის სხვა კლანით ჩასანაცვლებლად და შემდეგ ნაშოვნი ფულის სხვადასხვა ყულაბაში გადასანაწილებლად.

ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დევნა, მაშინ სხვაა, მაგრამ ეს იყო ქურდული, კრიმინალური დევნა და ვერ გაუძლო ამ დევნას, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა, პირდაპირ თვითმკვლელობის მცდელობა ივანიშვილისა და იმ ძალოვნებისა, რომლებიც მას აშანტაჟებდნენ არაფორმალურად, თუმცა შესაძლებელია, სამართლიანად უყენებდნენ ბრალს.

  • მაბრალებენო წერს და ბოლოს ივანიშვილს და კობახიძეს სთხოვს ოჯახის დაცვას, ვის უნდა დაებრალებინა, ვის გულისხმობს თქვენი ვერსიით?

ეს არის ზოგადად აგონიაში მყოფი ადამიანის ილუზია.

კარგად არის ცნობილი გამოთქმა, რომ „სტალინმა არ იცოდა“, ათეულობით მილიონი ადამიანი დახვრიტეს და მსხვერპლი ფიქრობდა, რომ ეს იყო შუალედური რგოლის უსამართლობა. ზოგი სიკვდილის წინ დიდება სტალინსო – იძახდა და ეგონა, რომ ეს იყო შეცდომა, რომელსაც უშვებდნენ საბჭოთა ხელქვეითები, რომ ამას როგორ გააკეთებდა სტალინი.

ესეც ასეა.

თავის მოტყუებაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა და ბიძინას გარეშე კეთდება რამე. ამ დონის რეპრესიებს, სადაც აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს ფორმალურად თუ არაფორმალურად და სხვა რეზონანსია მისი დევნა, ისევე როგორც მინისტრის მოადგილის დაპატიმრებაც არ არის უბრალო ამბავი და ის მინისტრის მოადგილეც შეიძლება გულუბრყვილოდ ფიქრობდეს, რომ ივანიშვილმა არ იცის, შეიძლება კობახიძემ მოუწყო…

ან თავს იტყუებს. როდესაც ადამიანი აგონიაშია, ის წყალწაღებული ხავსს ეჭიდება და ფიქრობს, რომ ივანიშვილი არ არის ამაში დამნაშავე და მშველელად მას მიმართავს ამ წერილში. ეს ცნობილი მოვლენაა და ბევრჯერ მომხდარა ასე ისტორიაში.

  • სხვადასხვა დროს, პრემიერების წასვლის შემდეგ იყო მხოლოდ გათავისუფლებები თანამდებობიდან, დაკავებები არ ყოფილა. „ოცნების“ პრემიერი ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ეს ხდება კორუფციასთან ბრძოლის სახელით.

რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ პირებზე გადიხარ…

ჯერ ერთი აჭარაში კლანური ურთიერთობებია, მთელი სანათესავოა ჩართული, ფულის შოვნის მექანიზმების აგებაა საჭირო, შპს-ების შექმნა, ტენდერებში მონაწილეობა, რაღაც სფეროებში მონოპოლიის აგება, ეს იქნება ვაჭრობა, მშენებლობა თუ ასე შემდეგ…

ნარკოტიკების თემა საიდან გაჩნდა, ესეც გასაკვირია, თუმცა აჭარა კარიბჭეა, ზღვიდან შემოდის ბევრი რამ, შეიძლება თვალს ხუჭავდა იქ სასაზღვრო, საბაჟო თუ სხვა სამსახურები.

ეს არის ქსელი და პირველ რიგში ეს ამბები ემსახურება ამ ქსელის სხვა ქსელით ჩანაცვლებას. ასე მოხდა ყველგან.

მაგალითად, როცა გაუნადგურეს კადრები პრემიერ-მინისტრობის შემდეგ ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს, ანაკლიის მშენებლობის მხარდამჭერი იყო კვირიკაშვილი და ანაკლიის მშენებლობაზე ბარი რომ დაჰკრა ოთხმა ადამიანმა, აქედან ორი ციხეშია. კვირიკაშვილს ეჭირა ბარი, როცა სიმბოლურად გახსნეს ანაკლიის პორტის თემა და ხაზარაძე, ჯაფარიძე და მეოთხე ქუმსიშვილი იყო მგონი – სად არიან ესენი?! ან ოპოზიციაში არიან ან ციხეში.

იმის შემდეგ იყვნენ უსახური პრემიერ-მინისტრები, რომლებიც გაქრნენ, საკუთარი კლანის შექმნაც კი ვერ მოასწრეს, ბახტაძე და სხვები… შემდეგ ღარიბაშვილი.

შემდგომში, თუ ეს ხელისუფლება მანამდე არ ჩამოიშალა, იქნება დევნა კობახიძის კადრების და ასე შემდეგ.

ანუ მიდის ბრძოლა ფულისთვის, ძალაუფლებისთვის, რასაც, რა თქმა უნდა, ტოტალური შიშის დანერგვა ახლავს თან. ამ კრიმინალურ ფულის შოვნაში მონაწილე ადამიანები გადაიხდიან და მერე, რა თქმა უნდა, ბოლომდე ფულს არავინ წაართმევს, ბლომად ფულიც შერჩებათ და იქნებიან პოლიტიკურად ლოიალურები, მონა-მორჩილები და თავის პატარა სახრავს ისინი ყოველთვის იშოვიან.

ეს არის მიზანი – დაშინება და ფინანსური ნაკადების გადანაწილება.

  • რადგან ამ საკითხს ვრცლად შევეხეთ, ალექსი ახვლედიანის როლზე მინდა გკითხოთ.

ამ ცხელ ზაფხულში კახეთიდან აჭარაში რომ ჩასულიყო ადამიანი უფრო ლოგიკური იქნებოდა და სადღაც, მეგობარ ოჯახში დასასვენებლად წასულ ადამიანად იქნებოდა აღქმული, აჭარაში რომ მომხდარიყო ეს ამბავი. მთელი ოჯახი ესტუმრა კახეთში. ანუ რაღაც საკითხების დასაზუსტებლად, გასარკვევად და მოსაგვარებლად და ეს ადამიანი [ალექსი ახვლედიანი] ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც სხვადასხვა პროცესებში შუამავალი და ვიცით ეს ყველამ.

ნიკა გვარამიასაც მან შესთავაზა „რუსთავი 2-ის“ დატოვება, იმ პირობით, რომ ხელს არ ახლებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში „რუსთავი 2-ს“ დახურავდნენ, დაიწყებოდა მის წინააღმდეგ დევნა და ეს თავად გვარამიამ თქვა.

ეს ადამიანი შუამავალის ფუნქციით, კარგი ურთიერთობებით, კლანური მმართველობით, მუდამ მაღალ პოსტებს ინარჩუნებდა. ძალიან სარფიან სამუშაოებზე იყო, იგივე ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი იყო, მაღალჩინოსანია რამდენიმე წელია, წინა ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლების დროსაც მაღალ პოსტებზეა, რაღაც უნარებით. ეს უნარები არის ხელისუფლებების დავალების შესრულება და დარწმუნება ადამიანების, რომ მოიქცნენ ჭკუით, ისე, როგორც დამბარებელს სურს.

თუმცა ნიკა გვარამიასთან არ გაუვიდა ეს. ნიკამ საჯაროდ მოყვა ეს ისტორია.

როგორც ამბობენ, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, ახლა თვითონ არის მძიმე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მას არავინ არ დაიჭერს, ამ დაუდევრად იარაღის შენახვის გამო მერე შეიძლება თქვან, რომ მერე რა ფანჩატური რომ შუშის იყო, ის ხომ იკეტებოდა და ის იქ ინახავდა მუდამ იარაღს… შეიძლება პირობითი მიუსაჯონ ან დააჯარიმონ. ყოველ შემთხვევაში ეს არ მოხდება 2 თვეში და ყურებით ეყოლებათ ეს კაცი კიდევ უფრო დაჭერილი, თუმცა მისი საშუამავლო ფუნქცია ამით მორჩა, მორჩა მისი მედიატორობა.

  • ოჯახის წევრები იყვნენო რიჟვაძესთან ერთად…

კი, რა თქმა უნდა. მთელი ოჯახი ჩავიდა კახეთში, ამ სიცხეში რა უნდოდათ კახეთში?!

რიჟვაძის ტრანსპორტირება საშიში იყო. მართვითი სუნთქვის აპარატზე მიმაგრებული თურქეთში გადააფრინეს. აქაური ექიმების განცხადებით მას მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები ეტყობოდა. მიუხედავად ამისა, მაინც გარისკეს ასე შორ მანძილზე გადაყვანა. როგორც ჩანს, აქ უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ თავს.

  • ბიზნესი ჩუმად არის, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციაში ადამიანი მაღალჩინოსნებთან კავშირების გარეშე ვერ შევა, ხომ?! ტენდერები ახსნეთ, მიწების გადაცემა და ასე შემდეგ. თორნიკე რიჟვაძის ამბავიც არ უქმნის მათ რაიმე დისკომფორტს და მხოლოდ დასანქცირება იქნება ის, რის გამოც შეიძლება მსხვილი ბიზნესი, ასე ვთქვათ, შეწუხდეს?

რა თქმა უნდა.

როგორც კი ბრიტანეთში მოთმინების ფიალა აევსებათ… ბრიტანელი მინისტრის განცხადება, ისევე როგორც ევროკავშირის მინისტრების სპეციალური შეკრება საქართველოსთან დაკავშირებით, იხილავდა ივანიშვილის დასანქცირების საკითხს… თუ მომინების ფიალა აევსებათ და ივანიშვილი დასანქცირდება კიდევ უფრო მეტად და არა მხოლოდ ამერიკის პერსონალური სანქციებით, ბუნებრივია, რომ ვერც ივანიშვილის კლანთან დაკავშირებული ბიზნესი გადარჩება.

ზოგიერთები ცდილობენ თავის დაძვრენას და თავის გამართლებას, დასავლეთის ქვეყნებთან სიგნალების გაგზავნას, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან, რომ თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ზოგოერთები ძალიან ბრიყვულად გამოდიან, მაგალითად ერთი ბიზნესმენი bm.ge-ს ეთერში ლაპარაკობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთია და გადაარჩინა საქართველო. ზოგი გაჩერებულია, ზოგი აგრძელებს აპოლოგეტიკას ივანიშვილის, ძალიან მცირე ნაწილი, ერთი-ორი ბიზნესმენი პატიოსნად იქცევა.

  • იგივე საკითხს მინდა დავუბრუნდე, რაზეც ვსაუბრობდით – კორუფციასთან ბრძოლას ვიწყებო „ოცნების“ პრემიერმა რომ თქვა, ვიღაცები დააკავეს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ახლა „ოცნებას“ მსხვეპრლის გაღება დასჭირდა, რომ ხალხს დაანახოს მართლა კორუფციას ვებრძვიო?

არაფერთან ბრძოლა არ მიდის, არავითარი. ერთადერთი დასჭირდათ საჩვენებლად ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაჭერა, ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა, რომ ბრძოლა მიდის.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ კორუფციით ვინმე დაეკავებინოთ „ქართული ოცნების“ პერიოდში. ერთი ბიჭი დააკავეს მერიაში, რამდენიმე თვე ჰყავდათ ციხეში, რომელმაც თანამშრომლებს რაღაც პროექტისთვის ტორტი აჩუქაო და 3000 ლარი აიღო ვიღაცისგან – აი, ეს გახმაურებული ისტორია გვახსოვს და მეორე – ეკონომიკის მინიტრის მოადგილის დაკავება…

ხომ შეიძლებოდა გიორგი რამიშვილისთვის ამ შეცდომის გამო დაეწერათ ოქმი , მეორე დღეს მიეყვანათ სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდებინათ. არა, ის ღამე იქ აყურყუტეს.

ხდება მაფიოზურ-კლანური შიდა გარჩევები ფინანსების გადასანაწილებლად.

არ არსებობს რაიმე მაგალითი კორუფციის გამოვლენის. „ქართული ოცნების“, თუნდაც იგივე კობახიძის მმართველობის პერიოდში, სად არიან ეს ადამიანები, სად არიან მინისტრები, 90 მინისტრი გამოიცვალა „ქართული ოცნების“ დროს და დღემდე არ არის აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის გზა, 10 წელზე მეტია პატარა მონაკვეთი ვერ ააშენეს, იმდენად კორუფციული ამბები განვითარდა იქ.

„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ

„ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვესაუბრეთ. რაზე მიუთითებს „ოცნების“ ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს?

„თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც მან ეს წერილი დაწერა, ან თორნიკე რიჟვაძე მართლაც მეგობართან ჩავიდა და, შესაბამისად, მას ეს წერილი არ დაუწერია,“ – თინა ხიდაშელი განმარტავს, როგორ ეწინააღმდეგება გამოძიების ვერსიას ის წერილი, რომელიც სამთავრობო მედიის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა.

„ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე თინა ხიდაშელს ესაუბრა. იგი „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

  • ქალბატონო თინა, დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. რას აჩვენებს თქვენთვის თორნიკე რიჟვაძის საქმე და „ოცნების“ მაღალჩინოსნების ქცევა? ირაკლი კობახიძე აცხადებს, სტრესულია პოლიტიკოსების ცხოვრება, უამრავ ტყუილს და ცილისწამებას ავრცელებენ ჟურნალისტებიო… 

ძალიან ბევრი კუთხიდან შეიძლება შევხედოთ ამ საქმეს. პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე გამოჯანმრთელდება და მის ჯანმრთელობას არ მიადგება მძიმე შედეგის მქონე ზიანი. გარემოში, სადაც ასეთი რამ ხდება, მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ რომელ ბანაკშია, ან აქამდე რას ფიქრობდი მასზე.

ამ საქმეს ბევრი მახასიათებელი აქვს. თავისთავად ამბავს, რასაც მოგვიყვნენ, აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, მივიჩნიოთ არადამაჯერებლად. ძალიან ცოტა ადამიანს თუ სჯერა ამ ვერსიის გამართულობის და სიმართლის, მათ შორის, იმის, რომ მართლაც თვითმკვლელობის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ადამიანები უფრო ფიქრობენ, რომ მას ესროლეს და გადარჩა, ან აშინებდნენ, დასცინოდნენ, როგორც ეს ხდება „რაზბორკების“ დროს და იარაღი გაუვარდათ.

რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სიმართლე, ყველა ერთმანეთზე უარესია. აბსოლუტურად არავითარი განსხვავება ამ სამ ვერსიას შორის სინამდვილეში ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არ არის: ესროლეს, მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თუ გვერდზე დაუდეს პისტოლეტი, როგორც კაგებეს შესახებ გადაღებულ ძველ ფილმებშია და მიუთითეს, რაც უნდა გაეკეთებინა.

ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდის მოქმედება, რომელიც ზუსტად მაფიოზური, კაგებეშნიკური პრინციპებით უსწორდება ადამიანებს, ვისთანაც ივანიშვილს რაღაც გასარჩევი აქვს: გნებავთ, ეს საკითხი იყოს ფინანსური, პოლიტიკური და ასე შემდეგ.

ამ საქმემ გამოაჩინა, ამოატივტივა „ქართული ოცნების“ ყველაზე უფრო მახინჯი სახე – ჰყავთ სადამსჯელო ბრიგადა, რომელსაც ჰყავს თავისი მეთაური – ბატონი ფარცხალაძე ჩანაცვლებულია, როგორც ჩანს, ის იბარებს ადამიანებს, გაივლი 400 კილომეტრს, ჩახვალ და შემდეგ გაგისწორდებიან.

  • პროსახელისუფლებო მედიამ ამ შემთხვევიდან მალევე წერილი გამოაქვეყნა, თორნიკე რიჟვაძეს ტანსაცმელში ვუპოვეთო… რა დროს გამოაქვეყნა „ოცნებამ“ ეს წერილი და რაზე მიუთითებდა მისი შინაარსი თქვენთვის? 

აქ შემოდის პროპაგანდისტული მედიის როლი – მაშინვე დაიწყეს ვერსიის შექმნა, მისი ფორმირება, მასზე მუშაობა.

ძალიან საინტერესოა ეს წერილი. ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანი კაცის დაწერილია, იმიტომ, რომ თავდაპირველად ემოცია გიჩნდება, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძეს არ დაუწერია, რადგან ასე არ ხდება: მიდიხარ მეგობართან სახლში, იარაღი თან არ მიგაქვს და მერე იქ სადღაც, გვერდით მიგდებული იარაღი გხვდება და თავის მოკვლას ცდილობ, ეს წერილი კი, წინასწარ გაქვს დაწერილი?

ამიტომაც, ეს აბსურდია, მაგრამ ამასობაში ამავე წერილში გვხდება ფრაზები, რომელიც გაფიქრებინებს, რომ რიჟვაძემ თუ ეს არ დაწერა, ამათ ეს ფრაზები რატომ ჩაუწერეს? ვგულისხმობ ფრაზებს, რაც ერთგვარად მთელი სისტემის მაინკრიმინირებელია, მაგალითად, როცა წერს, რომ დაიღალა ამ ზეწოლით და ძალადობით.

პრინციპში ამ სისტემის მხილებისკენაა წერილის ეს ნაწილი მიმართული.

ეს შეგნებულად და გამიზნულად ჩაწერეს, რომ ყველამ იცოდეს – იმ ადამიანებმა, რომლებიც გუშინ ან დღეს არიან „ოცნების“ ხელისუფლების მსახურებაში: მერები, გამგებლები, მინისტრები თუ მათი მოადგილეები, რომლებსაც ხელი წაუცდათ კორუფციაზე, ფავორიტიზმზე, ათას უბედურებაზე, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნა გაკეთებინებს ადამიანს, თუ ამის უფლება მიეცი შენს თავს.

ამათთვისაა ეს გზავნილი, რომ მარტო რიჟვაძეს არ ეხება ეს. ვიღაც კორუფციაშია ჩართული, ვიღაც ბარიგებთანაა გარიგებული, ან ნათესავების უკანონო საქმიანობას უწყობს ხელს… აქ იგულისხმება ყველა ტიპის მორჩილება, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ მანამდე ცნობილი გახდა ის, რომ ფულის მიტანას სთხოვდნენ.

  • დამაჯერებელია თქვენთვის ეს ვერსია, რომ თორნიკე რიჟვაძეს ბიძინა ივანიშვილი 300 მილიონ დოლარს სთხოვდა? 

აბსოლუტურად. ამ წერილმა დაადასტურა ეს, ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს ეს წერილი.

ამ წერილის მიზანი იყოს ის, რომ ყველას სცოდნოდა – ვისთანაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ამ ტიპის პრეტენზია ჰქონდეს – აუცილებლად მიატანინებენ, ან ისე დაასრულებს, როგორც თორნიკე რიჟვაძემ დაასრულა.

ეს უბედური შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ვერც გავიგებდით ამ ამბავს.

ვფიქრობ, ამ წერილის თემა დამოუკიდებლად ცალკე მნიშვნელოვანი ამბავია. მიმაჩნია, რომ ეს წერილი დაიწერა ყველა დანარჩენისთვის, მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება ეს ეხებოდეს, ვისთანაც არჩევენ შიდა საქმეებს, შიდა მოპარულ ფულს, მფარველობის თემებს და ასე შემდეგ.

  • ეს წერილი ნივთმტკიცებაა სისხლის სამართლის საქმეში, თქვენი აზრით, „ოცნებაში“ მისი გასაჯაროება ამ ფორმით რატომ გადაწყვიტეს – მედიკოსებმა იპოვესო. ასევე, საინტერესოა კვალიფიკაცია – გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

მნიშვნელოვანია ის, რომ წერილი გამოიყენეს პროპაგანდისთვის და არა სისხლის სამართლის საქმისთვის. ჩვენ არ ვიცით, რა გზა გაიარა ამ წერილმა „აღმოჩენის“ მომენტიდან იქამდე, როდესაც ის სამართალდამცველებს ჩაჰბარდათ. ეს არის ადვოკატების სანახავი თემა, მაგრამ გასაგებია, რომ თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი ვერ გაბედავს „ოცნებასთან“ დაპირისპირებას.

მარტო ის რად ღირს, რომ წერილის პირველ ვერსიაში ცოლი გამორჩათ და მეორე ვერსიაში ცოლი ჩამაატეს. რაზე ვლაპარაკობთ ამის მერე? ეს არის ზღაპარი. როგორც ჩანს, ამ წერილის რამდენიმე ვერსია არსებობდა, ვიღაც წერდა, მაგრამ არ მოეწონათ და შემდეგ შეცვალეს.

რა თქმა უნდა, ამ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას თუ ასე ხელიდან ხელში გადასცემდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ არ ჩანს, რომ ვინმე ამას აპირებს. ყველა სიტყვა, რომელიც ამ წერილშია, გამოძიების ინტერესის საგანი უნდა გახდეს, თუმცა კონკრეტული მუხლითაა მხოლოდ გამოძიება დაწყებული და სხვა არაფერს არ იძიებენ.

  • გამოძიებამ ახვლედიანის ბრალდებაში წარმოადგინა ვერსია, ფანჩატურში ჰქონდა ბრალდებულს დატოვებული იარაღიო. როგორ განვითარდა „ოცნების“ ვერსია, თუ წერილი მართლაც თორნიკე რიჟვაძეს არ დაუწერია? 

ეგ ვერსია და წერილი ერთმანეთს ვერ ეთანხმება – ორივე ვერ იქნება სიმართლე. თორნიკე რიჟვაძემ ან იცოდა, რომ მოსაკლავად დაიბარეს და დაწერა წინასწარ წერილი, მაგრამ თუ იქ უცებ და მოულოდნელად, შემთხვევით დატოვებული იარაღი იპოვა, მაშინ წერილი რატომ დაწერა?

ასე რომ, თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც მან ეს წერილი დაწერა, ან თორნიკე რიჟვაძე მართლაც მეგობართან ჩავიდა და, შესაბამისად, მას ეს წერილიც არ დაუწერია.

  • რა მნიშვნელობა შეიძინა ამ საქმემ ივანიშვილის რეჟიმისთვის? ივანიშვილის დაჯგუფებაში არის მზაობა, რეჟიმის სამიზნე თავად აღმოჩნდნენ?  

კი, რაც სჭირდება ივანიშვილს, ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ „ოცნების“ ლიდერების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში რა სჭირდება ივანიშვილს, რა დავალებებს იძლევა ივანიშვილი. მათ ესაუბრება ირაკლი კობახიძე. აქ მაღალია იმის ალბათობა, რომ ვიღაცები მოქმედებდნენ ირაკლი კობახიძის დავალებით კონკრეტულად კობახიძის თავში მოხარშული ბინძური იდეებით და სქემების განსახორციელებლად… რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი.

ვიტყოდი, რომ ისევე, როგორც გიორგი რამიშვილის [„ზარალა“] საქმემ, თორნიკე რიჟვაძის საქმემ ეს რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერა – კიდევ უფრო გაამყარა შიგნით. გარედან, ჩვენთვის კი, არაფერი იცვლება: პირიქით, კიდევ უფრო ნათელი ხდება ამ რეჟიმის სისასტიკის მასშტაბი, რეჟიმის სახე.

იმ ხალხისთვის, რომელიც არ არის მზად, აღიაროს სიმართლე, მაგრამ ხვალ შემდეგი ხელისუფლების ნავში გადაბარგდება, მათთვისაც არაფერი იცვლება იმის გარდა, რომ რეჟიმი კიდევ უფრო გამყარდა. კიდევ უფრო გაძლიერდება შიშის განცდა.

  • მაგრამ კითხვები გაჩნდა, რომ „ოცნებაში“ ლიდერებიც ვერ იცავენ თავს. არ ფიქრობთ, რომ ეს საქმე გახდეს მნიშვნელოვანი ბიძგი ცვლილებებისთვის, რაღაც გარდატეხა შეიტანოს პროცესში? 

კითხვები ჩვენ გვიჩნდება და არა ქოცებს. ჩვენ ეს თემები გვაწუხებს დიდი ხანია… მნიშვნელოვანია ეს საქმე, ცხადია, მაგრამ გარდამტეხი არ არის. ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, მნიშვნელოვანი მხოლოდ ისღა დარჩა, რაც ჩამოშლის ამ სისტემას. ეს საქმე კი, არ ჩამოშლის.

  • თუმცა, სავარაუდოდ, ეს გასროლა არ აწყობდა ივანიშვილს? 

ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს.

  • თუმცა ის თურქეთში გაუშვეს.

იმის შემდეგ, როცა უკვე გადარჩა ადამიანი, მოქმედების არეალი შეიზღუდა, სხვაგვარად აღარ გამოდიოდა…

ამიტომაც, მე იმ ვერსიისკენ მივდივარ, რომ მის დაშინებას და დაცინვას ცდილობდნენ, ამ დროს გაუვარდათ იარაღი.

  • იმიტომ გჯერათ ამ ვერსიის, რომ რუსეთში უმეტესად ასე ხდება? 

კი, იარაღსაც ატრიალებენ, რომ ეფექტი შექმნან: ბიჭო, შენ ვის ელაპარაკები?!

  • რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს ლოგიკურად თორნიკე რიჟვაძის საქმე? 

ამ საქმეს აუცილებლად ექნება გაგრძელება, ოღონდ თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებით არა. ეს გაგრძელდება ძველი თაობის ქოცებთან, ანუ ღარიბაშვილის დროინდელ ქოცებთან მიმართებით.

კონტროლი არსებობს, მაგრამ როდესაც რეჟიმი უკვე არის ფსიქოლოგიურად ისეთ მდგომარეობაში, როგორც ესენი არიან, შეუძლებელია სხვანაირად მოხდეს: იქ უკვე შეცდომებსაც უშვებენ და გაუთვალისწინებელი ბევრი რამ ხდება, რაც საზოგადოების ყურამდე აღწევს.

  • რას ცვლის ინტერესი და გამოხმაურება თორნიკე რიჟვაძის საქმის გარშემო? 

ნორმალური ადამიანისთვის ეს მორიგი მტკიცებულებაა „ქართული ოცნების“ ძალადობის მასშტაბსა და ხარისხთან, ყველაფრის კადრებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ვინც დღემდე დაშინებული იყო და ხმას არ იღებდა, ეს ამბავი შიშის გაზრდის საფუძველი გახდება.

იმ კატეგორიას კი, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რასაც ჩასძახებენ, დარწმუნებული ვარ, არც გაუჩნდება კითხვები. არ მაქვს მოლოდინი, რომ მართლმორწმუნე ქოცებს რამე კითხვა გაუჩნდებათ. ვგულისხმობ „ოცნების“ მრევლის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინაზე ლოცულობს.

  • მათ ირაკლი კობახიძემ უთხრა, ჟურნალისტების გამო სტრესულია პოლიტიკოსების ცხოვრებაო. ეს კრიტიკული მედიის გაქრობაზე ორიენტირებული არალეგიტიმური პრემიერის მორიგი თავდასხმაა? 

დიახ, ირაკლი კობახიძე როცა ტელევიზორში ლაპარაკობს, ის მე და თქვენ არ გველაპარაკება – ელაპარაკება თავის მრევლს, მისი გულის მოსაფხანად ამბობს ამას, რომ ისინი დააშოშმინოს და დაამშვიდოს. ამ მიზანს ის აღწევს კიდეც.

ძალიან კონკრეტული ადრესატი ჰყავს ყველა მსგავს განცხადებას და გარკვეული ჯგუფის გონებაში ეს ამბავიც დაილექება ასე  – „მედიის ბრალია“, კაცი რა დღეში ჩააგდეს ამ ჟურნალისტებმა, მიკროფონებით დასდევენ და როდის უნდა დამთავრდეს ეს?!“

ხვალ და ზეგ რომელიმე ტელევიზიას თუ მიადგებიან დასახურად, ადამიანების რაღაც ნაწილს გაახსენდება, რომ ჟურნალისტები ხომ ცუდი ხალხია, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ? შესაბამისად, ისინი მედიის დასაცავად არ გამოვლენ.

რა აზრი აქვს ქუჩაში დგომას? – „აქ ვართ, არსად წავსულვართ, განვაგრძობთ ბრძოლას“

„ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ, ვიბრძვით და განვაგრძობთ ბრძოლას,“ – ამბობს აქტივისტი გოტა ჭანტურია. მას ვესაუბრეთ იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებიც სვამენ შეკითხვას: რა აზრის აქვს ქუჩაში დგომას? როცა პროტესტს შედეგი არ აქვს, რატომ უნდა გამოვიდე ისევ ქუჩაში?

გოტა ჭანტურია ხსნის, რამდენად დიდი გავლენა აქვს თუნდაც მცირერიცხოვან აქციებს ქვეყნის შიგნით არსებულ წინააღმდეგობასა და დასავლეთზე, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას არც აპირებენ.

„გაჩერება იქნება საკუთარი თავის დაღალატებაც: ამდენი ხანი ბრძოლაში ვართ და ახლა გაჩერება არც მორალურად იქნება სწორი, არც – პრაგმატულად. ნებისმიერი ისტორიული მაგალითი აჩვენებს იმას, რომ მივიღებთ უარეს შედეგს, თუ ჩვენ გავჩერდებით. ეს უნდა დავიჯეროთ,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია.

„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრია.

  • ბატონო გოტა, თქვენი არგუმენტი გვითხარით, რა როლს ასრულებს დღეს ქუჩის საპროტესტო აქციები, რომელიც ყოველდღიურად, ბუნებრივია, მასობრივი არ არის, რა გავლენა აქვს ამ აქციებს?

მეც შემხვედრია ეს დამოკიდებულება, რომ აი, რა აზრი აქვს პროტესტს, თუმცა ძირითადად საუბარია პროტესტის ფორმებზე, მაგალითად, თბილისში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა რამდენად საჭიროა, ან ყოველდღიური პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს უბრალოდ მიზეზია, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ ადამიანებმა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ადამიანებს რეალურად არ მოსწონთ პროტესტის ესა თუ ის ფორმა, ან უფრო ეფექტურ ფორმებზე ფიქრობენ.

ახლა არჩევნებთან დაკავშირებითაა დიდი დაპირისპირება, მას რუსულ სპეცოპერაციადაც კი მოიხსენებენ… შესაძლოა, გქონდეს მიუღებლობა და ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გაჩერდე. ადამიანებმა, რომლებსაც არ მოსწონთ პროტესტის ესა თუ ის ფორმა, უნდა შექმნან ალტერნატიული ფორმები. შესაძლოა, ეს იყოს ონლაინაქტივობა, შესაძლოა – ქუჩაში, მაგრამ ეს უნდა გამოიხატოს – „ამირან, გულში მღეროდი“, არ გამოვა თავისთავად.

ამიტომაც, ამ ხალხთან ერთად დგომა არ მომწონს და მოდი, სახლში დავჯდები, ნიშნავს მარცხს. ეს მიუღებელია. სავსებით ლოგიკურია, რომ პროტესტში რაღაც მოგწონდეს, რაღაც არ მოგწონდეს და ალტერნატივის შექმნა სცადო, მაგრამ იგივე მზია ამაღლობელი დღესაც ციხეშია – არავის გაუთავისუფლებია. პატიმრობაში რჩებიან სინდისის პატიმრები. ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ გაყალბებული არჩევნების გამო და ამ ადამიანების სრულიად უსამართლოდ დაკავების გამო. ეს ადამიანები ისევ ციხეში არიან და ჩვენი გაჩერება დღეს ნიშნავს მათ ღალატს.

გაჩერება იქნება საკუთარი თავის დაღალატებაც: ამდენი ხანი ბრძოლაში ვართ და ახლა გაჩერება არც მორალურად იქნება სწორი, არც – პრაგმატულად. ნებისმიერი ისტორიული მაგალითი აჩვენებს იმას, რომ მივიღებთ უარეს შედეგს, თუ ჩვენ გავჩერდებით. ეს უნდა დავიჯეროთ!

ქუჩის აქციები აჩვენებს, რომ წინააღმდეგობა არსებობს და არ გამქრალა. ეს არის დიდი, საერთო წინააღმდეგობა მთელ საქართველოში. ხშირად მხოლოდ რუსთაველის პროტესტს ახსენებენ და მე, პირადად, ეს ძალიან არ მომწონს – საქართველოშია ეს პროტესტი. მარტვილში რომ ერთი ადამიანი დგას და აპროტესტებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თელავში რომ 5-6 ადამიანი დგას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგან მეტია ხალხი, ზოგან – ნაკლები. ჭიათურაში, მაგალითად, ადამიანები შიმშილობენ და მართლა სიკვდილის პირას არიან მისულები… ხილულია ეს წინააღმდეგობა, ჩანს, რომ პროტესტი არსებობს.

ეს პროტესტი მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვისაც – სუფთა, ემოციური თვალსაზრისით.

ეს მნიშვნელოვანია სინდისის პატიმრების და მათი ოჯახებისთვის. 2 დღის წინ რუსთავში გავმართეთ სოლიდარობის აქცია მას შემდეგ, როცა გიორგი მინდაძეს მიუსაჯეს 5 წელი. გიორგი რუსთავიდანაა და იქ გავმართეთ სოლიდარობის აქცია. დედამისი ძალიან ბედნიერი იყო და ადგილზე ისეთი საგრძნობი იყო სოლიდარობა, მხარში დგომა…

ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას.

  • ამ შეუგუებლობის ჩვენებას, თქვენი დაკვირვებით, რა ეფექტი აქვს ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში? 

საერთაშორისო თანამეგობრობაც ხედავს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ბოლომდე ვიბრძვით.

„ოცნებამ“ რამდენჯერ დაასახელა თარიღი, როცა ქუჩის პროტესტი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერცერთი ვერ გაარტყეს. იანვრიდან დაწყებული, ყოველ თვეში ასახელებდნენ თარიღს, ახლა გაჩერდება პროტესტიო, მიხვდნენ, რომ არ ჩერდება ეს პროტესტი.

ეს არის ნიშანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, რომ არც ისინი უნდა შეეგუონ – პოლიტიკა ისეთია, რომ ხშირად ინტერესების დონემდეა დაყვანილი და მორალი გვერდით იწევს.

  • უშვებთ, რომ თუნდაც ეს მცირერიცხოვანი, მაგრამ უწყვეტი პროტესტი რომ არ შენარჩუნებულიყო, „ოცნების“ მთავრობა დასავლეთიდან ლეგიტიმაციას მიიღებდა? 

რა თქმა უნდა: არათუ ვუშვებ, დარწმუნებულიც კი ვარ ამაში, რომ ასე იქნებოდა – დროთა განმავლობაში აღიარებას მიიღებდნენ. ჩვენ გვინახავს სხვადასხვა შემთხვევა, როცა ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობენ დემოკრატიული ქვეყნები და ინსტიტუტები. ამ საკითხს იყენებს კიდეც პროპაგანდა, თითქოსდა ორმაგი სტანდარტიაო.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ერთმანეთს არ ჩავუკეტოთ გზები! არ ვთქვათ, რომ მაინცა და მაინც რუსთაველის გადაკეტვაა ყველაზე სწორი გზა, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში – თუ ვინმეს არ მოსწონს პროტესტის არსებული ფორმა, აუცილებლად უნდა შექმნას ალტერნატივა.

ჩემი აზრით, ასევე, ძალიან აზიანებს ამ პროტესტს ლანძღვა და დამუნათება: აი, სად ხართ? რატომ აღარ ხართ? რატომ გაქრით? თქვენთანაც მოვლენ და ამას გიზამენ, იმას გიზამენ. პირიქით, მსგავსი მიდგომა განზიდვას უფრო იწვევს ადამიანების – პირიქით, უნდა შექმნა რაღაც საინტერესო, რომელშიც ჩაერთვება ხალხი.

ცალსახაა, რომ საპროტესტო მუხტი ყველგან არსებობს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხალხმრავლად იფეთქოს. ამას ხელისუფლებაც ხედავს და ამიტომაც ვერ დგამს უფრო მძიმე ნაბიჯებს, როცა, მაგალითად, სასტიკად შლიდნენ აქციებს.

  • პროტესტის კიდევ რა ფორმებს შეიძლება მიმართოს მოქალაქემ, ვინც ხედავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა აღარ სურს? 

თუ ინდივიდუალურ პროტესტზე ვსაუბრობთ, ბევრი ფორმით შეიძლება პროტესტის გამოხატვა: შეიძლება ეს იყოს პროტესტი სოციალურ ქსელში, საუბრები მეგობრებთან, ნაცნობებთან, მაგალითად, ჩემი მეგობარი ონისე ოქრიაშვილი დადის საზოგადოებრივ ტრანსპორტი სხვადასხვა პლაკატით – მზია ამაღლობელი როცა შიმშილობდა, ამის შესახებ ამცნობდა მოქალაქეებს. საკმაოდ რთულია ამის გაკეთება ემოციურად. ასე რომ, გააჩნია, ვის რა შეუძლია.

შედარებით პასიური მხარდაჭერის ფორმებია, მაგალითად, რესურსების შეგროვება წინააღმდეგობისთვის, მაგალითად, თანხის ჩარიცხვა, ან სასამართლო პროცესებზე სიარული. სინდისის პატიმრების და მათი ოჯახებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა პროტესტის კოლექტიური ფორმების მოფიქრება, მაგალითად, კონკრეტული ჯგუფების პროტესტი. აქამდე თეატრი იყო შედარებით აქტიური, განათლების სფეროს ხალხიც იყვნენ, მაგრამ იმდენად არა, ასევე, გამოვიდნენ ექიმები, სტუდენტები. მსგავსი ჯგუფები უნდა ჩამოყალიბდნენ ერთობად, როგორც საზმაუს ჯგუფი. იგივე ნინო დათაშვილის ამბავზე მასწავლებლებმა გამოხატეს პროტესტი, იყო პეტიციაც, მაგრამ მეტია საჭირო.

ისევ რეგიონული პროტესტებია ყველგან: ბალდა, ჭიათურა, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, საირმეშიცაა წინაღმდეგობა, სადაც მიწების გასხვისებაა პრობლემა – იქ ჰყავთ ადგილობრივი ფეოდალი კოხოძე, რომელმაც მთელი ტერიტორია ჩაიგდო ხელში. ეს კავშირებია დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. მიზანმიმართულად აწარმოვეს ამ ჯგუფების დახლეჩა… საჭიროა ამ ხალხთან კომუნიკაცია, ადგილზე ჩასვლა, სოლიდარობის გამოცხადება, საუბარი.

მესმის სკეპტიციზმი, უკმაყოფილება, შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო აქტიურები – იგივე არჩევნების საკითხზე შესაძლებელი იყო, ჩვენ დაგვეწესებინა წესები და გვეთქვა კონკრეტულად, რომ აი, ეს არის გზა და დამთავრდა. პოლიტიკოსებთან უნდა გვქონოდა მეტი კომუნიკაცია, დისკუსია. სამწუხაროდ, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ამ პროცესში. ნებისმიერ შემთხვევაში, „ოცნებას“ დისკომფორტს ვუქმნით და ეს წინააღმდეგობა არ გაჩერდება.

ამ პროტესტის უწყვეტობა და მისი გაფართოვება არის გზა. უნდა ველაპარაკოთ სხვადასხვა ჯგუფს და ველაპარაკოთ არა მხოლოდ ასე: რუსეთი და ევროპა, არამედ კონკრეტულად უნდა ავხსნათ საფრთხეები, პრობლემები.

და თუ გავჩერდებით, მივიღებთ უარეს შედეგს და სისტემას. ვიცით, რომ აქამდეც არ იყო საქართველო დემოკრატიული ქვეყანა, სასამართლოც უსამართლო იყო, მაგრამ არა ამ დოზით და ფორმით – მივიღეთ რაღაც საოცრება, მაგრამ კიდევ უფრო უარეს მივიღებთ, თუ ახლა გავჩერდებით.

მივიღებთ იმას, რომ ხმის ამოღების უფლებასაც კი წაგვართმევენ, მედია საერთოდ არ იარსებებს, როგორც ეს რუსეთშია, ან აზერბაიჯანში – ელემენტარული სოლიდარობაც დასჯადი გახდება.

ეს უნდა დავიჯეროთ!

მთავარი ფოტო: გოტა ჭანტურია, მარიამ ნიკურაძის ფოტო

ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღამ დაახლოებით 2300 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

9 ივლისს გამოქვეყნებული სამეცნიერო  ბლიც-ანალიზის თანახმად, გასულ კვირას ევროპის 12 ქალაქში დაახლოებით 2300 ადამიანი გარდაიცვალა სიცხისგან გამოწვეული მიზეზებით.

კვლევა 2 ივლისამდე დასრულებულ 10 დღეს მოიცავდა, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი უკიდურესმა სიცხემ მოიცვა, ესპანეთში ტემპერატურამ 40C გრადუსს გადააჭარბა, ხოლო საფრანგეთსა და საბერძნეთში ხანძრები გაჩნდა.

ამ პერიოდში 2300 ადამიანი დაიღუპა, აქედან 1500 შემთხვევა (65%) კლიმატის ცვლილებას უკავშირდებოდა – წერს Reuters-ი ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.

„კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურა საგრძნობლად გაზარდა, ვიდრე ის [მის გარეშე] იქნებოდა, რაც თავის მხრივ ბევრად უფრო საშიშს ხდის მას“, – ციტირებს „როიტერსი“ ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარს, დოქტორ ბენ კლარკს.

კვლევამ 12 ქალაქი მოიცვა, მათ შორის: ბარსელონა, მადრიდი, ლონდონი და მილანი. მილანი ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალდა, სადაც სიცხით გამოწვეული 499 სიკვდილიდან 317 კლიმატის ცვლილებას მიეწერება, შემდეგ მოდის პარიზი და ბარსელონა.

ლონდონში სიცხით გამოწვეული 273 სიკვდილი დაფიქსირდა, რომელთაგან 171 შემთხვევა მკვლევრებმა კლიმატზე ადამიანის გავლენას მიაწერეს.

კვლევაში წერია, რომ გარდაცვალების 88%-ს 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები შეადგენდნენ, რაც აჩვენებს, რომ სითბური ტალღების დროს ნაადრევი სიკვდილის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანები.

გასული თვე იყო პლანეტის ისტორიაში მესამე ყველაზე ცხელი ივნისი, 2024 და 2023 წლების ანალოგიური თვეების შემდეგ – განაცხადა ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ბიულეტენში.

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

ჯაზფესტივალის მოახლოებასთან ერთად, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ბათუმში მოუმზადა.

შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და ყველა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომელიც ბათუმში სტუმრობისას დაგჭირდებათ.  

სასტუმროები:

  • Rooms Batumi

ჯაზ ფესტივალისთვის, თიბისი კონცეპტმა და Visa-მ სასტუმროში- Rooms Batumi, 31 ივლისის ჩათვლით, 20%-იანი ფასდაკლება მოგიმზადათ. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ კვირის დღეებში, შაბათ-კვირის გარდა.

  • Le Meridian

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, 28 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით, ბათუმის სასტუმროში – Le Meridian.

  • Hilton Batumi

31 დეკემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის შეთავაზებით, ეწვიეთ Hilton ბათუმს და ისარგებლეთ 18%-იანი ფასდაკლებით.

  • La Quinta by Wyndham Batumi.

31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით სასტუმროში – La Quinta by Wyndham Batumi.

  • Alliance Palace ბათუმი

9 ივლისიდან-17 ივლისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, ესტუმროთ სასტუმროს – Alliance Palace ბათუმი და ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით.

  • ორბი სითი

სასტუმროში ორბი სითი კი, 30%-იანი ფასდაკლებით, 9 ივლისიდან-15 ივლისის ჩათვლით, ისარგებლებთ.

  • ნიუ ვეივ ბათუმი

გრძელვადიანი შეთავაზება გელოდებათ ნიუ ვეივ ბათუმშიც. აღნიშნულ სასტუმროში 15%-იანი ფასდაკლებით, 30 სექტემბრამდე ისარგებლებთ.

კაფეები:

თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებების ფარგლებში, ბათუმის შერჩეულ კაფეებში, მთლიანი ივლისის განმავლობაში, ყოველ პარაკევს, შაბათს და კვირას, თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს მომენტალურად დაიბრუნებთ. კაფეების ჩამონათვალი ასეთია: ლუკა პოლარე, 8000 მოსავალი, უმამი, მედეა, ბოტანიკო, ლევილი, ლიმონი, ვერანდა აკროპოლი.

თავის მოვლა:

11, 12 და 13 ივლისს, ეწვიეთ PSP-ს ბათუმის ფილიალებს, გადაიხადეთ თიბისის ახალი ან ძველი სადებიტო ბარათებით და დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ.

შოპინგი:

  • 11-13 ივლისს, ეწვიოთ Dressup ჯგუფის შერჩეულ ფიზიკურ ობიექტებს ბათუმში და დაიბრუნოთ 10% ულიმიტოდ: Jeans Gallery, Factory Outlet, Levi’s, Calvin klein Jeans, Calvin Klein Underwear, GANT, GUESS, Kid’s Gallery, Lee & Wrangler, ETAM, Jack & Jones, Lacoste, Samsonite, TOMMY HILFIGER, G-Star raw. შეთავაზება მოქმედებს, აღნიშნული მაღაზიების ყველა ფილიალში, როგორც თიბისი კონცეპტის ახალი, ისე ძველი სადებიტო ბარათებით გადახდისას.
  • თიბისი კონცეპტის ახალი და ძველი სადებიტო ბარათების მფლობელები, 10-17 ივლისის ჩათვლით, რონიკოს ბათუმის ფილიალებში, შერჩეული სათვალეების ბრენდებზე, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ: Porshe Design Furla Escada Rodenstock George Piralli Roli Giorgio Armani Morel Vogue
  • 9-17 ივლისის ჩათვლით, მათ 20%-იანი ფასდაკლება ექნებათ Kenari-ის ბათუმის ფილიალებშიც. ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ ბრენდებზე: Giorgio Armani, Burberry, Georgio Piralli, Balenciaga, Kenzo.

ბათუმის ყველა კატეგორიის შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

11-13 ივლისს დაესწარი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზფესტივალს და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით შენთვის საჭირო ყველა კატეგორიაში!

აფხაზეთში გრძელდება რუს ტურისტებთან დაკავშირებული უკმაყოფილების და ბოდიშის სერია

აფხაზეთის კერძო კინოფონდის დირექტორმა ალექსანდრე ბასარიამ ბოდიში მოიხადა რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რომელშიც ის ამბობდა, რომ რუსი ტურისტები დასვენებაზე ფულს ზოგავენ, რის შედეგადაც აფხაზეთში მცირე ბიზნესი ზარალდება.

ამავე საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრომაც.

საქმე ის არის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა სწორედ რუსი ტურისტების ფულის ეკონომიურად ხარჯვაა, რის გამოც სოციალურ ქსელებში ადგილობრივები და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ედავებიან.

ამ თემას რამდენჯერმე გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული მედია. ერთ-ერთი გამოცემის მიერ მომზადებული სათაურია ასეთია – „დოშირაკის” სკანდალმა აფხაზეთში ტურიზმი ჩამოანგრია: რუსები მასიურად აუქმებენ სამგზავრო პაკეტებს”.

ალექსანდრე ბასარიამ ვიდეო მესიჯი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ნანობს გაუაზრებელ ნათქვამს:

„მშვენივრად მესმის ადამიანებს გრძნობები, რომლებიც ჩემი უადგილო სიტყვებით განაწყენდნენ. აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. ახლა მესმის, რომ სწორედ ისეთი პროვოკაციული განცხადებები უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორიც მე დავუშვი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შექმნილი ფონდი – „აფხაზეთის კინო“ – ეს არის კერძო ორგანიზაცია და არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ძვირფასო თანამემამულენო, აფხაზეთის პატივცემულო სტუმრებო, გულწრფელად გთხოვს პატიებას, ძალიან ვნანობ ჩემს დაუფიქრებელ საქციელს“, – ამბობს ის ვიდეოში.

ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის დეფაქტო სამინისტრომ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სტუმრები რუსეთიდან არ უქმნიან საფრთხეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ისინი [რუსი ტურისტები] ტურისტული ნაკადის საფუძველი არიან და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სტუმრებად რჩებიან. ჩვენ გვიხარია, რომ ვხედავთ ყველას, ვინც მოგზაურობის ფორმატის მიუხედავად, აფხაზეთს დასასვენებელ ადგილად ირჩევს.

აფხაზეთი რჩება რუსეთის ფედერაციის საიმედო პარტნიორად და ნებისმიერი მცდელობები სიტუაციის სხვაგვარად წარმოჩენისა, არ შეესაბამება რეალობას” – წერია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ჩამოდიან და ყიდულობენ დოშირაკს, ასეთი ტურისტები არ გვჭირდება“ – სკანდალი აფხაზეთში

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდა – სამინისტრო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის  9 ივლისს მოეწერა.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.

ალექსი ახვლედიანი  7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც საგარეჯოში მდებარე მის სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა.

გამოძიების ვერსიით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ეკუთვნოდა იარაღი, საიდანაც გაისროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

რა წერია მზია ამაღლობელის მხედველობაზე EU-ს რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტი დაეთანხმა ზეპირ შესწორებას „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“, – ჩაიწერა დოკუმენტში.

საქმე ისაა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 12 იანვარს. მას კვლევები ჩაუტარდა კლინიკა „ვივამედში“, რომლის მიხედვითაც, 6 თებერვლის მდგომარეობით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში მხედველობა შემცირდა და ის მხოლოდ 10%-ია.

მზია ამაღლობელის მხედველობა მკვეთრად გაუარესდა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ. ამის დასტურია იმავე „ვივამედში“ 4 თებერვალს ჩატარებული კვლევები, რის მიხედვითაც დაპატიმრებული ჟურნალისტის მხედველობა მარცხენა თვალში 4%-ი, ხოლო მარჯვენა თვალში 30% იყო.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა და თავად მზია ამაღლობელმაც უკვე მიმართეს პენიტენციურ დაწესებულებას ხელახალი კვლევების ჩასატარებლად. ჯერჯერობით, მზია ამაღლობელს ამ მოთხოვნაზე დასტური არ მიუღია.

რაც შეეხება ევროპარლამენტის პირველ ანგარიშს საქართველოზე, როგორც კანდიდატ ქვეყანაზე – გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშები წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ.

ამ შემთხვევაში ევროპარლამენტმა შეაფასა საქართველოს პროგრესი კომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშების საფუძველზე და მიიღო რეზოლუცია, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გაწევრიანების კანდიდატ საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ.

ზუგდიდელ აქტივისტს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუქზე კომენტარისთვის

ზუგდიდელ არტისტსა და აქტივისტს, როსტევან [როსტო] ზარანდიას დღეს, 9 ივლისს, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზუგდიდელი აქტივისტების ინფორმაციით, როსტევან ზარანდიას ზუგდიდის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ უჩივლა ფეისბუქზე კომენტარისთვის – „ფოჩო“ და „ტვენგე“, რაც მეგრულად „სულელს“ და „შტერს, ბატს“ ნიშნავს.

დღეს, 9 ივლისს, ზუგდიდელმა აქტივისტმა, მარიამ სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ჩართვაში აღნიშნა, რომ როსტო ზარანდიამ დააყენა შუამდგომლობა სასამართლოზე მეგრული ენის თარჯიმნის მოწვევაზე, რომ ნათელი ყოფილიყო ამ სიტყვების მნიშვნელობა, თუმცა ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, იმ მიზეზით, რომ ამ სიტყვების შინაარსი მისთვის ნათელი იყო.

როსტო ზარანდია დაკავებამდე არაერთხელ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის გამო, რომელიც მან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა.

______________

ფოტოზე: როსტო ზარანდია

მეტი: 

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მეოთხედ დააჯარიმეს

სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეს, 2025 წლის 9 ივლისს შევიდა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს: „სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას“ – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებით, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ძეგლის მონაცემების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

სააგენტოს ადმინისტრაციას კი დაევალა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ძეგლის მონაცემების საქართველოს კულტურის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ლექსი „სულიკო“ 1895 წელს დაწერა აკაკი წერეთელმა.

„ლექსი „სულიკო“ დაიწერა 1895 წელს. იმავე წელს დაიწერა სიმღერაც, მუსიკის ავტორი ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელია.

_____________

ფოტოზე: აკაკი წერეთელი, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი. წყარო: ივერიელი

 

ბათუმში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაჭრის შემთხვევა ბათუმში 6 ივლისს მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა“ – იუწყება შსს.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108 -ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

რუსეთი უკრაინას 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტებით დაესხა თავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 9 ივლისს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინას 741 საჰაერო თავდასხმის აპარატით შეუტია. უკრაინის თავდაცვამ მათგან 718-ის  განეიტრალება შეძლო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძირითადი დარტყმა ლუცკს მიაყენეს. სამიზნე იყო ასევე დნეპრის, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები.

„ეს დემონსტრაციული თავდასხმაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მშვიდობის მიღწევის, ცეცხლის შეწყვეტის ამდენი მცდელობა იყო და მხოლოდ რუსეთი უარყოფს ყველაფერს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სანქციებია საჭირო – მტკივნეული სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვის საომარ მანქანას სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფულით ავსებდა ომის დროს. მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ნავთობს ყიდულობს და მკვლელობებს აფინანსებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელებში.

მან მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულების, ნგრევისა და ხანძრის შესახებ.

კიევის ოლქში, რუსული თავდასხმის შედეგად, სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 8000 კვადრატული მეტრი მოიცვა.

________

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური. ДСНС України/facebook

აჭარის მთავრობა ადმინისტრაციული შენობის რემონტს იწყებს – ტენდერი 293 000 ლარით

აჭარის მთავრობის აპარატმა ადმინისტრაციული შენობების შიდასარემონტო სამუშაოებზე 293 000 ლარით ტენდერი გამოაცხადა.

სარემონტო სამუშაოები ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის ორ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა ჩატარდეს – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N9-ში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტია და მთავრობის სხდომები იმართება და ახმედ მელაშვილის ქუჩა N26-ში.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად და მთავრობის აპარატის საქმიანობის პარალელურ რეჟიმში [საქმიანობის შეუფერხებლად].

ამასთან, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ძალებით რემონტს დაქვემდებარებული ცალკეული საოფისე ოთახების ავეჯისგან გამოთავისუფლება [დაუზიანებლად] და დასრულების შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობაში დაბრუნება“.

ტენდერში გამარჯვებულს მოუწევს სხვადასხვა, მათ შორის სადურგლო და სახუროო, იატაკისა და კედლის საფარის, ღებვა-შემინვის, ელექტრო-სამონტაჟო და შენობის მოწყობის სხვა სამუშაოების ჩატარება.

ტენდერს თან ახლავს სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, რომლის მიხედვითას მელაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში ძირითადად „კორესპონდენციის განყოფილების [მოქალაქეთა მიღების] ოთახის შიდასარემონტო სამუშაოები“ ჩატარდება;

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე შენობაში კი – გაარემონტებენ კაბინეტებს სხვადასხვა სართულზე; ასევე სველ წერტილებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 15 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს შეწყდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.

აჭარის მთავრობისთვის 6 406 500 ლარია გათვალისწინებული 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. აქედან 2,9 მილიონი ლარი მთავრობის აპარატში დასაქმებული 64 საჯარო მოხელის ხელფასებში დაიხარჯება; დანარჩენი კი – აპარატის სხვა ხარჯებია.

 

 

თორნიკე რიჟვაძე ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს – ტურძელაძე

თორნიკე რიჟვაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ განცხადება დღეს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა.

„წუხელ, ღამით, 2 საათზე, თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. თვითონ ოჯახის წევრებმა გამოიძახეს რეანომობილი. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით, მაგრამ მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან არ შეიძლებოდა მართვითი სუნთქვის გარეშე საჰაერო ფრენის დროს.

მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ჩაიბარეს თურქმა ექიმებმა“- ეს განცხადება დღეს, 9 ივლისს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ გააკეთა მედიასთან.

ამავე კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი გუშინ მედიასთან ამბობდა, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო. „გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორატიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია“-  თქვა მან მედიასთან.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ 7 ივლისს თვითმკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. ამ დროს ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და თვითმკვლელობაც მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით სცადა.

დაწყებული იყო გამოძიება ამ ფაქტზეც, თუმცა ახვლედიანი გუშინ სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.

თვითმკვლელობის მცდელობის დღეს, პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძეს ჯიბეში უპოვეს.

წერილში საუბარია კორუფციასა და ნარკოდანაშაულის მფარველობაზე, რომელსაც თითქოს რიჟვაძეს აბრალებდნენ.

__________________

ამ თემაზე:

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 029 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 11 000 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 22 969 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 30 102 ერთეული [+68]
  • MLRS – 1 434 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 193 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 457 ერთეული [+227]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 575 ერთეული [+119]
  • სპეცტექნიკა – 3 929 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 68 251 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 832 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინას 740-ზე მეტი დრონითა და რაკეტებით დაესხა თავს

აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version