დღეს, 25 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოთხთვიანი გამოძიების შედეგად „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორ პირს დაეკისრა. ერთ-ერთი ბრალდებული არის საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდში“ საწყობის ადმინისტრატორის/გამგეს პოზიციაზე მუშაობდა. მეორე ბრალდებული – თურქეთის მოქალაქე ფადიმ იავუზი სასტუმროში ტექნიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა.
ბრალდების თანახმად, დაკავებულებს შპს “მერსინ ტურიზმთან” გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი ევალებოდათ.
არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ბრალდებულ გიორგი მიქელაძის დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს დაცვის მხარემ გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა შესთავაზა.
გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა ბრალდებულ ფადიმ იავუზის ადვოკატიც. ამ შემთხვევაშიც სასამართლოს გირაოს თანხად 20 ათასი ლარის გადახდა შესთავაზეს. დაცვის მხარე მზად არის, სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში, გირაოს თანხა გაზარდოს. გარდა ამისა, ფადიმ იავუზს თავდებში უდგება აჭარის რაგბის კავშირის თავმჯდომარე,ზურაბ დოლიძე.
სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმის აღკვეთ ღონისძიებას 50-მდე პირი ესწრებოდა
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატების შეთავაზება და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
გარდა ამისა, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულია სირიის მოქალაქე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
სარაგბო კლუბ „ბათუმის“ 14-წლამდე ასაკის მორაგბეებმა 24 მარტს გამართულ მატჩში ფოთის გუნდი „კოლხეთის რაინდები“ დაამარცხეს. მიმდინარე საფესტივალო სეზონზე ეს ბათუმის მეორე გამარჯვებაა.
ეს სარაგბო კლუბ „ბათუმისთვის“ პირველი 14 წლამდე ასაკის მორაგბეთა კლუბია, რომელსაც საკლუბო თამაშისთვის ამზადებენ. 2004-2005 წლებში დაბადებული მორაგბეებიდან მწვრთნელები რამდენიმე თვის მანძილზე არჩევდნენ საუკეთესოებს – ვიდეოზე იწერდნენ ვარჯიშებს და ეძებდნენ მოთამაშეებს, რომლებსაც კარგი მონაცემები ჰქონდათ. საბოლოოდ 14-წლამდე მორაგბეები სამ გუნდად დაჰყვეს – პირველ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები შედიან, მეორე გუნდი პირველზე ერთი საფეხურით ქვემოთაა, მაგრამ ასევე კარგი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მესამე გუნდში კი ის ბავშვები არიან, რომლებმაც ახლახან დაიწყეს რაგბის თამაში. როგორც მწვრთნელები ამბობენ, ყველა პატარა მორაგბეს აქვს შანსი, მეორე გუნდიდან პირველში გადავიდეს, მთავარია, რამდენად ბევრს იშრომებენ ამისთვის.
„ამ გუნდის შეკრების იდეა ეკუთვნის ირაკლი გიორგაძეს, რომელიც უმაღლესის ლიგის მწვრთნელია. თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ, ფიზიკურადაც მომზადებულები ვიყოთ და წარმატებასაც მივაღწიოთ, ამისთვის უნდა მოვემზადოთ. შესაძლებლობების მიხედვით დაყოფა და გუნდების გაკეთება ბავშვებისთვისაც სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. პირველ გუნდში არიან ისინი, ვინც შედარებით უკეთეს ფორმაში არიან, უკეთესად იციან თამაში.
მეორე გუნდისთვის პირველ გუნდში მოხვედრაა სტიმული. ეს ბავშვები ერთად გაივლიან პროფესიონალ მორაგბეებად ჩამოყალიბების გზას და რამდენიმე წელში ერთ დიდ გუნდად იქცევიან,“ – ამბობს 14 წლამდე ასაკის მორაგბეთა მწვრთნელი თენგიზ გოგიბერიძე.
14-წლამდელების პირველ გუნდში დღეისათვის 23 მორაგბეა. გუნდს ორი მწვრთნელი წვრთნის. მეორე კატეგორიის გუნდიც 23 ბავშვითაა დაკომპლექტებული. დამწყებების რაოდენობა კი ორმოცს აღწევს.
„თავიდან რომ შეგეხედა მათთვის, ვერ დაამყარებდი დიდ იმედებს. მაგრამ სწორი მიდგომით ძალიან შეიცვალნენ ბავშვები. იმედია, მათი სახით „ბათუმს“ ეყოლება ძალიან კარგი თაობა და მნიშვნელოვან გამარჯვებებს მოვიპოვებთ. ამისთვის ვმუშაობთ ყველა თავჩახრილი,“ – ამბობს თენგიზ გოგიბერიძე.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
სარაგბო კლუბ “ბათუმის” 14-წლამდელების გუნდი ამ ეტაპზე მხოლოდ საფესტივალო თამაშებს მართავს. მომავალი წლიდან კი უკვე B – ლიგაში ითამაშებენ.
იპოქონდრია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა, მდგომარეობა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ავადაა. მას ჯანმრთელობის ფობიასაც უწოდებენ. იპოქონდრია სიმპტომებით ჰგავს მიუნჰაუზენის ეფექტსაც. მიუნჰაუზენის ეფექტის დროს ადამიანები გაცნობიერებულად იწვევენ ან იგონებენ დაავადებას და ცდილობენ მოირგონ “ავადმყოფის” როლი.
როგორ უნდა გავუმკლავდეთ იპოქონდრიას – “ბათუმელების” კითხვებს ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე პასუხობს.
რა არის იპოქონდრია?
იპოქონდრია ეწოდება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, როდესაც მას აქვს მცდარი რწმენა იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის დაავადება სჭირს. არის აზრი, რომ იპოქონდრიული მდგომარეობა მეორადია და, რეალურად, „შენიღბულ დეპრესიასაც“ გულისხმობს საკუთარ თავში. ეს არის მცდარი ღელვა ჯანმრთელობის თაობაზე. ხშირად ის თან სდევს სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას (შედის DSM-IV ის ჩამონათვალში American Psychiatric Association, 1994).
როგორ ვლინდება, რა სიმპტომები ახასიათებს? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს იპოქონდრია აქვს?
პაციენტის მიერ საკუთარი მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკული, მაგალითად, თავის ტკივილი, როგორც ტვინის სიმსივნე, აქვს დიდი დოზით შფოთვა და შიში. ზოგჯერ შფოთვის დონით პანიკური შეტევების მდგომარეობასაც უტოლდება. შფოთვა დამოკიდებულია დაავადების არსებობის რწმენის ხარისხზე. ადამიანი მუდმივად ამოწმებს სხეულის „დაავადებულ“ ადგილს.
კლინიკური იპოქონდრიის არსებობის შემთხვევაში სახეზე გვაქვს ორი პუნქტი: პირველი – უტყუარი რწმენა იმის თაობაზე, რომ მას სჭირს მინიმუმ ერთი სომატური დაავადება, „გრძნობს“ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას, რომელიც არ ქრება მრავლობითი კვლევებისა და დიაგნოსტირების შემდგომაც.
მეორე – არ დაჯერება იმის, რომ მას არაფერი სჭირს, მუდმივი „გადამოწმება“ დიაგნოზის სხვადასხვა სპეციალისტთან. პაციენტს არ სჯერა, რომ არსებული სიმპტომატიკის საფუძველი არ არის სომატური დაავადება ან ორგანული პათოლოგია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
თუ იპოქონდრიული მდგომარეობა მეორეულია და ის სხვა სახის ფსიქიკური აშლილობის თანმხლები კომოინენტია, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. საფუძვლიანი კვლევა და დიაგნოსტირება – არა სომატური, არამედ ფსიქიკური პროცესების.
თავად იპოქონდრიის მკურნალობისას, პირველ რიგში, საჭიროა სიმპტომატიკაზე რეაგირების მაქსიმალურად ადაპტური ხერხების შემუშავება (პიროვნული რესურსების ფარგლებში). ძალიან ეფექტურია კოგნიტურ – ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპია.
როგორ უნდა მოიქცნენ იპოქონდრიით დაავადებული ადამიანების ახლობლები? როგორ უნდა დაეხმარო მათ?
იპოქონდრიის მქონე ადამიანს ახასიათებს აზრით მთლიანად მოცულობა, რაც აღიზიანებს როგორც მას თავად, ასევე მის გარემოცვას. მისი აზრები და ფიქრები მოცულია მთლიანად „დაავადებაზე“ ფიქრით. ახასიათებს ინფორმაციის შერჩევითი აღქმა, აღიქვამს და ესმის მხოლოდ ის ფაქტები, რომლებიც ეხება ჯანმრთელობას.
გარშემომყოფებისთვის საკმაოდ რთულია ასეთი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა, თუმცა მათ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თანადგომის სახით მისცეს პაციენტს ის, რაც სჭირდება. იქნება ეს ინფორმაციული დახმარება თუ უბრალოდ იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იპოქონდრიის მქონე ადამიანებს ახასიათებს უიმედობა და ნიჰილიზმი, შესაბამისად, გარემოს კეთილგანწყობა აუცილებელია.
რა გავლენას ახდენს იპოქონდრია ჯანმრთელობაზე?
სომატურ დონეზე იცვლება ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ხშირდება გულისცემა, ხშირად არის ჰაერის უკმარისობა, ძილის და მადის პრობლემები, უხასიათობა და სხეულებრივი სისუსტე, ამ მდგომარეობას შეუძლია „მეორადი დეპრესიის“ გამოწვევაც კი.
ზამთარია და, ალბათ, ბევრი თქვენგანი ზამთრის კურორტებს ეძებს დასვენება-განტვირთვისთვის, სხვა ალტერნატივას კი არ განიხილავთ. კახეთზე რას იტყვით? იქ არც სასრიალო ტრასა დაგხვდებათ და არც თოვლით დაფარული წიწვოვანი ტყის პეიზაჟი, მაგრამ დაგხვდებათ კავკასიონი, თვალუწვდენელი ალაზნის ველი და ზამთრის ქალაქები – სიღნაღი და თელავი. მართალია, ეს ორი ქალაქი წელიწადის ყველა დროს შეიძლება ნახოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, წლის ამ დროს, ზამთარში, განსაკუთრებულად მიმზიდველი და დასამახსოვრებელია.
ჰოდა, ავდექი და წავედი.
სიღნაღში ჩასვლამდე, გზად პატარა სოფლები ვნახე. მანავსა და ბადიაურს ყველა გაივლის – მგზავრიც და ტურისტიც. მანავი ღვინის გარდა ჩურჩხელებითა და ტკბილეულით გამოირჩევა. მთელ სოფელში, გზის ორივე მხარეს, ადგილობრივებს გასაყიდი ჩურჩხელები აქვთ გამოტანილი. ბადიაური კი თონეებით სავსე სოფელია, სადაც კახური შოთი, ცხვრის ან ძროხის ყველი შეგიძლიათ იყიდოთ და მიირთვათ. არის ასეთი სოფელი, ილიაწმინდა, რომელსაც ადრე ულიანოვკა ერქვა, ულიანოვკამდე კი ახალი ალექსანდროვკა.
ილიაწმინდა თავისი არქიტექტურით კახეთის სხვა სოფლებისგან გამოირჩევა. პატარა, ფერადი, მოჩუქურთმებულაივნიან სახლებს ტრადიციული კახური სოფლის ნაცრისფერ პეიზაჟში ფერადოვნება შეაქვთ. ყველგან არა, მაგრამ ბევრ ეზოში შემორჩენილია ძველი ალიზის სახლების ნანგრევები.
ალიზით ნაშენი სახლის ნანგრევი ილიაწმინდაში
ილიაწმინდაში მალაკნები ცხოვრობენ – ასე უწოდებენ რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე II-ის მიერ კავკასიაში გადმოსახლებული ერთ-ერთი მიმართულების ქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენლებს. ხისა და აგურის სახლების აშენებამდე მალაკნების საცხოვრებელი ალიზით აშენებული სახლები იყო.
ილიაწმინდა
არ ვიცი, რამდენი მოგზაურია, ვისაც ძველი, მიტოვებული რკინიგზის სადგურის ნანგრევების ნახვა აინტერესებს, მაგრამ თუ გსურთ თქვენს მოგზაურობას ცოტა მისტიკა შეჰმატოთ, ილიაწმინდას რკინიგზის სადგურზე მიდით.
იქ, სადაც არც თუ ისე შორეულ წარსულში ადამიანები სამგზავრო მატარებელს ელოდებოდნენ, სადაც სოფლის სიჩუმეს მატარებლის გაბმული სიგნალი არღვევდა, ახლა სრული სიჩუმე და მდუმარებაა. ნახევრად დანგრეული, თლილი ქვით ნაგები სადგურის შენობა ცხვრებისა და სოფლის ძაღლების თავშესაფრადაა ქცეული. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ამ ადგილს ისეთი იდუმალი მიზიდულობის ძალა აქვს, წამოსვლაც დაგენანებათ. ხოლო როცა წამოხვალთ, უკან დაბრუნება მოგინდებათ.
ილიაწმინდადან მაჩხაანში ჩავედი. მაჩხაანი სიღნაღთან ახლოსაა და ყველაზე სევდიანი სოფელია მათ შორის, რომელი სოფელიც ოდესმე მინახავს. ამ სოფელში ორი საუკუნის წინ უფრო აქტიური იყო ცხოვრება, ვიდრე დღეს. მე-19 საუკუნის ქვემო მაჩხაანი ქიზიყის ცენტრად მოიაზრებოდა, სოფელში იყო დიდი ბაზარი, რომელშიც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხები პროდუქტებს ყიდულობდნენ და ყიდდნენ.
სოფელში 150-მდე სავაჭრო დუქან-სახელოსნო ყოფილა. სოფელს ჰქონდა საკუთარი თეატრი. ეს თეატრი მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენეს და რომელიც დღემდე უცვლელი სახითაა შემორჩენილი.
მაჩხაანის თეატრი
ქვემო მაჩხაანიდან ათი წუთის სავალზეა ქალაქი წნორი. ვერ გეტყვით, რომ წნორი რაიმე არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა, მაგრამ ეს ქალაქი აუცილებლად დაგაინტერესებთ, თუ პატარა ქალაქების ცხოვრების რიტმზე დაკვირვება მოგინდებათ. რაც მთავარია, მთელს კახეთში არსად არის ისეთი სივრცე, როგორიც წნორის „ცოდნის კაფეა“.
„მე მგონია, რომ ბევრ რამეს ცვლის ამ ქალაქში „ცოდნის კაფე“. ვისაც რამის კეთება უნდა, ყველა აქ მოდის. ვისაც სიმყუდროვე უნდა, აქ მოდის; ვისაც აინტერესებს, როგორია ცხოვრება ევროპაში, აქ მოდის. შეგიძლია განვითარდე, განიტვირთო, გაერთო“, – მეუბნება კაფის დამფუძნებელი ნანა.
მართლაც, ნაცრისფერი ქალაქის რეალობაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელსაც ყველაზე ფერადი ეზო აქვს, სადაც მყუდრო კაფეა, აუცილებლად მოგანდომებთ უკან დაბრუნდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ფინჯანი ყავა დალიოთ ან ქლიავის ჩირიანი მაყვლის მურაბა გასინჯოთ.
ადრე წნორი საბაგიროთი სიღნაღს უკავშირდებოდა. 1993 წლის შემდეგ საბაგირო გზამ ფუნქციონირება შეწყვიტა. დღეს შენობა დანგრეულია და გაძარცვული. როცა წნორიდან სიღნაღში ახვალთ და გალავნის კარს მიადგებით, აუცილებლად უნდა შეისვენოთ და სპეციალური გადასახედიდან ალაზნის ველს გადახედოთ. მერე კი ქალაქის ქუჩებს აუყვეთ.
სიღნაღის ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, ვერც იმას გეტყვით, რა უნდა ნახოთ სიღნაღში, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ. უბრალოდ, უნდა ადგეთ ერთ დღეს, მარტო ან მეგობრებთან ერთად, და ნახოთ ეს პატარა, ჯადოსნური ქალაქი. იხეტიალოთ ქუჩებში დიდხანს, მანამ, სანამ ისე არ დაიღლებით, რომ ფეხის გადადგმის თავი არ გექნებათ. ახვიდეთ ქალაქის გალავანზე და იქამდე დარჩეთ, სანამ ალაზნის ველის ცქერით არ დაიღლებით.
ღამის გათევას რაც შეეხება, გირჩევთ, ისეთი სასტუმრო აარჩიოთ, საიდანაც ალაზნის ველი გამოჩნდება, რომ დილას, როდესაც გათენდება და მზე ამოვა, ენით აღუწერელი სილამაზის ხილვის შესაძლებლობა გქონდეთ.
სიღნაღი
დაფიქრებულხართ ოდესმე, სად ქრებიან ადგილობრივები, როცა მათი ქალაქები ტურისტულ ცენტრებად იქცევიან? მე სიღნაღმა დამაფიქრა. წნორისგან განსხვავებით, სიღნაღი იყო ცარიელი. ტურისტები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ქალაქის ერთი თავიდან მეორეში, აი, ადგილობრივები კი არსად ჩანდნენ.
იმისთვის, რომ სიღნაღელები მენახა, სიღნაღის ბაზარში წავედი, რომელიც ქალაქის მთავარ ქუჩაზეა. თქვენც გირჩევთ, ბაზარი არ გამოტოვოთ და როცა იქ მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ. გარდა იმისა, რომ უგემრიელესი კახური ჩურჩხელები იყიდება, ადგილობრივების ნახვისა და გაცნობის საუკეთესო საშუალებაც ბაზარია.
სიღნაღისგან განსხვავებით თელავი უფრო დიდია და უფრო ხმაურიანი. არც ადგილობრივთა ნაკლებობაა ქუჩაში და არც ტურისტების. ფეხით სეირნობისთვისაც არაჩვეულებრივი ქალაქია. აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის ნადიკვარის პარკი, რვაასი წლის ჭადარი და ერეკლეს სასახლეა.
ჩემი სუბიექტური აზრით და მცირედი დაკვირვებით, კახეთში ღვინოს ის ადამიანებიც კი სვამენ, ვინც იქ ჩასვლამდე ალკოჰოლს ახლოსაც არ ეკარებოდა. ჩემი ფავორიტი “ქინძმარაულია”, ნახევრად მოტკბო შავი ღვინო. არ ვიცოდი და სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე წნორელმა ტაქსის მძღოლმა ამიხსნა, თუ რატომაა განსაკუთრებული ყვარლის “ქინძმარაული”, “მანავის მწვანე” ან კარდენახის “წარაფი”, წნორის “რქაწითელი” და “საფერავი”.
„მიწა აძლევს გემოსო“, მითხრა. ისიც ამიხსნა, რომ ყვარლის “ქინძმარაული” მხოლოდ ერთ მიკროზონაში მოდის. და როგორც არ უნდა ეცადო სხვაგან მოყვანას, ვერაფრით მიიღებ იმ გემოს, რომელიც ნამდვილ “ქინძმარაულს” აქვს.
ქინძმარაული
კახეთში ღვინის მწარმოებელი ბევრი კომპანია და ქარხანაა, რომლებიც ტურისტებს ღვინის დაგემოვნებასა და მინიტურს სთავაზობენ, რაშიც ღვინის დამზადების ტექნოლოგიის აღწერა და ღვინის მუზეუმების დათვალიერებაც შედის. ზოგი ტური უფასოა, ზოგი – ფასიანი. გააჩნია, რომელი კომპანიის ღვინის მუზეუმს მიაკითხავთ.
მთელი კახეთი პატარ-პატარა რესტორნებითაა სავსე, ზოგან გემრიელად შეჭამთ, ზოგან – იმედი გაგიცრუვდებათ. ის, რაც ყველგან გემრიელია, იმის მიუხედავად, ძვირადღირებულ რესტორანში იყიდით, თუ სოფლის პატარა თონეში, კახური შოთია.
სიღნაღისიღნაღის ერთ-ერთი მთავარი ქუჩასიღნაღი ნისლში მისტიურ ქალაქს ჰგავს
ჩემს წნორელ ტაქსის მძღოლს თუ დავუჯერებთ, რომელიც ტურისტებს მთელ აღმოსავლეთ საქართველოში ატარებს, აქ ჩამოსულები ყველაზე მეტ ფულს სწორედ ჭამაში ხარჯავენ.
„ჩვენთან რომ ჩამოდიან, მუცელს ჩასტირიან. ჩასტირიან რას ნიშნავს და ესე იგი, ძაან დიდ პატივსა სცემენ მუცელსა. ყველაფერში შეიძლება დაენანოთ ფულის გადახდა, საჭმლის გარდა“.
არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში არ არის ისე მოწესრიგებული გადაადგილება, როგორც კახეთში. მაგალითად, თბილისიდან სიღნაღში ჩასვლა სამარშრუტო ტაქსით 6 ლარი ღირს, ტაქსით – 10 ლარი. ტაქსი უფრო კომფორტულია, მიკროავტობუსი კი განსაზღვრულ დროს გადის. ტაქსით 10 ლარად სიღნაღში რომ ჩახვიდეთ, ე.წ. შევსებას უნდა დაელოდოთ. კახეთში შიდა გადაადგილება შედარებით მოსახერხებელია. ოღონდ ინფორმაცია, სად და როგორ წახვიდეთ, არსად არის განთავსებული. მოგიწევთ, უშუალოდ ავტოსადგურში მიხვიდეთ და იქ გაარკვიოთ, რომელი მიმართულებით რა ტრანსპორტი მოძრაობს. ან ტაქსი დაიქირაოთ და ისე წახვიდეთ სასურველი ადგილის სანახავად.
სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელების” დეკემბრის ნომერში.
დღეს, 24 მარტს, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა.
როგორც “ბათუმელებს” კურორტის ადმინისტრაციაში უთხრეს, გუშინ, 23 მარტს, კურორტზე ყვითელი წვიმა წამოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა.
ტალახიანი წვიმის მიზეზი, რომელიც 23 მარტს აჭარაში მოვიდა, როგორც სინოპტიკოსებმა ახსნეს, საჰარადან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა.
ქარს, რომელმაც საქართველოში მტვრის ნარჩენები გადმოიტანა – სიროკოჰქვია. ის ჩრდილოეთ აფრიკაში, უდაბნოში წარმოიშვა. სიროკო სამხრეთ-დასავლეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარია.
როგორც კურორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, დღეისთვის კურორტზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჰყავთ.
ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან ხელის შეწყობა დასჯადი გახდება, თუკი პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კანონპროექტს მიიღებს. შსს-ს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ შეუმუშავებია. პირველადი პროექტის მიხედვით, პასუხისგებაში მიეცემიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არა მხოლოდ გადაკვეთენ, არამედ ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებს, უკანონოდ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი.
ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს ევროპის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციისა და კრიმინალის შესამცირებლად. ამ უწყებიდან „ბათუმელებმა“ განმარტებები წერილობით მიიღო.
თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლემ ევროპის ქვეყნებში კრიმინალის მაჩვენებელი გაზარდა. ქართველი მიგრანტების მიმართ ამ მხრივ ყველაზე მკაფიო და კრიტიკული განცხადებები ბოლო დროს გერმანიაში გაკეთდა. მარტის დასაწყისში გერმანიის მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი, შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. „არსებულ ტენდენციაში უნდა მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები“, – თქვა ქრისტიან კლოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
2014 წელს გერმანიაში 18 664-მა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, 2015 წელს – 23 807-მა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 19 592-მდე შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს სტატისტიკა გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერაა გამოქვეყნებული და 2017 წლის სტატისტიკა ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის.
„იმის მიუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე შეინიშნებოდა დანაშაულის მატების ტენდენცია ცალკეულ ფედერალურ მიწებზე, აღნიშნული მაინც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული მომატებულია, ვინაიდან წლიური მონაცემების შეჯამებით, როგორც აღნიშნულია, 2016 წელს ფიქსირდება რაოდენობის კლება. რაც შეეხება, გერმანული მხარის მოთხოვნებს, მსგავსი კონკრეტული მითითებები არ არსებობს, თუმცა საქართველოს მთავრობა მუშაობს რიგ ღონისძიებებზე, რაც მიმართულია ევროპულ ქვეყნებში არსებული პრობლემატური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ… საქართველოს მთავრობა დეტალურად ეცნობა და სწავლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებულ ტენდენციებს. თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლოს კუთხით მუდმივად უმჯობესდება,“ – ნათქვამია „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინე მაჭავარიანი აწერს ხელს.
„ეს იმუშავებს“, – მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გოგიშვილი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: „მთავარია, სწორად მოხდეს კანონის აღსრულება და ინფორმირება საზოგადოების. ბევრი კანონია კარგი, მაგრამ მისი სათანადოდ აღსრულება პრობლემაა. ეს კანონი შეეხება ასევე შრომით მიგრაციას. არსებობს ბევრი სააგენტო, რომელიც მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში დასაქმებაზე. ზოგი ლეგალურად მუშაობს, ზოგი კი ევროპაში დასაქმებას შირმად იყენებს. კარგი იქნება, თუკი კონტროლი ამ კუთხით გამკაცრდება. მნიშვნელოვანია, კოორდინაციის მაღალი ხარისხი სახელმწიფო ორგანოებს შორის“.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებისს გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ატაშეეების ქსელის გაფართოვებას აპირებს. ამ ეტაპზე საქართველოს წარგზავნილი ჰყავს ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი.
„უახლოეს მომავალში მოხდება ასევე შსს მეკავშირე ოფიცრის წარგზავნა ევროპოლის შტაბბინაში; ორმხრივი თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე, საქართველოს
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით გაფორმებული აქვს შეთანხმებები ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან. დამატებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწასთან და გრძელდება მუშაობა სხვა ქვეყნებთან და სხვა რელევანტური ფორმატის ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელთა მიზანია ევროკავშირის მასშტაბით დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა,“ – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„მიგრაციის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ ატაშეების დანიშვნამ უკვე გამოიღო შედეგი და კრიმინალის მაჩვენებელი გარკვეუწილად შემცირდა „მაგრამ ამას არ აქვს პირდაპირი კავშირი იმასთან, რომ ვინმე ევროპაში აღარ წავა, ვინც აპირებდა. კრიმინალის ნაწილში გააქტიურება მუშაობს იმ კუთხით, რომ სხვა ადამიანები, ვინც ევროპის ქვეყნებშია ახლა, თავს იკავებს ახალი კრიმინალის ჩადენისგან“, – ამბობს „მიგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გიორგი გოგიშვილი.
არალეგალური მიგრაციის შემცირების კიდევ ერთ გზად შინაგან საქმეთა სამინისტრო „უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის“ მინიჭებას ასახელებს. ამ დროისთვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს ევროკავშირის და შენგენის ზონის 7 ქვეყანაში [ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები].
„მაგალითად, ისლანდიაში, მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივლისში საქართველო ცნეს უსაფრთხო ქვეყანად, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 90-დან (2017 წლის აგვისტო) 5-მდე (2017
წლის დეკემბერი) შემცირდა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც განიხილავენ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში
მოხვედრას, შემოიღებენ გამარტივებულ პროცედურებს და შეამცირებენ აპლიკაციის განხილვის ვადებს, დიდ წილად შეამცირებს თავშესაფრის მოთხოვნის რიკებს,“ – მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„მთავარია, ადამიანის უფლებების კუთხით დარღვევები არ იყოს სისტემური ხასიათის და და არსებობდეს კანონმდებლობა ყველა სახის დიკრიმინაციის წინააღმდეგ,“ – აღნიშნავს „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გოგიშვილი. მას აქვს მოლოდინი, რომ ევროპის სხვა ქვეყნებიც ეტაპობრივად მიანიჭებენ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს.
„სტატუსს მოგვცემენენ თუ არა, ჩვენ მაინც მოვახერხებთ აქ დარჩენას და მუშაობას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ იმ ადამიანებმა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მიღებას ცდილობს.
საქართველოს რამდენი მოქალაქე ბრუნდება უკან, როცა მას ევროპაში თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით ერთიანი ბაზა არ არსებობს. „ეს განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა საქართველოში ბრუნდება ნებაყოფლობით და მათ შესახებ შს სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, ასევე იმით, რომ თავად ევროკავშირის სახელმწიფოები მიმღებ ქვეყანას არ აწვდიან დეტალურ ინფორმაციას დეპორტირებული მოქალაქის გამოძევების საფუძვლების შესახებ,“ – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილში.
ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს გზაზე მოპედი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ “ბათუმელებს” თვითმხილველმა უთხრა, მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. იგი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე კოდექსის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულიხმობს.
სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი სასტუმროს საწყობის ადმინისტრატორია. დაკავებულის ახლობლებმა დღეს “ლეოგრანდის” წინ აქცია გამართეს და სასტუმროს მენეჯმენტთან შეხვედრა მოითხოვეს.
დაკავებულის მეუღლე თეა ფუტკარაძე “ბათუმელებთან” ამბობს რომ მისი ქმარი “ლეოგრანდში” საწყობის გამგედ მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია უსაფრთხოებასთან.
“ჩემი მეუღლე დამნაშავე არაა. სად უსაფრთხოების სამსახური და სად საწყობის გამგე? ვიღაცა ხომ უნდა დაჭერილიყო და აიყვანეს ჩემი ქმარი უდანაშაულო პირი,” – ამბობს თეა ფუტკარაძე. მისივე თქმით დღეს სასტუმროს მენეჯმენტთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.
სასტუმრო “ლეოგრანდის” ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი საწყობის ადმინისტრატორი იყო. ევალებოდა თუ არა სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისგება დაკავებულს, ამ კითხვაზე “ლეოგრანდის” ადვოკატი ამბობს რომ პასუხს ამ ეტაპზე ვერ გასცემს.
“ჩვენ არ ვიცით პროკურატურის პოზიცია. მასალები ადვოკატებს გადმოგვეცემა დღეს, დღის ბოლომდე. იქ უკვე ვნახავთ კონკრეტულად რას ედავებიან. ბრალის წარდგენა მოხდება დღეს და უკვე გვეცოდინება საფუძველი. ამის შემდეგ უფრო არგუმენტირებული პასუხები მექნება,” – ამბობს კახა წერეთელი.
თხილი, ეთილის სპირტი, ღვინო, წყალი – ეს სოფლის მეურნეობის ის ოთხი ტოპპროდუქტია, ევროპაში რომ გააქვთ საქართველოდან. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე ჯამში 646 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა. აქედან მხოლოდ 139 მილიონი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმება „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ნაწილია და ქართველ მეწარმეებს აძლევს შანსს პროდუქცია ევროპაში გაიტანონ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მხრივაც.
„ბათუმელები“ გთავაზობთ ისტორიებს და გამოცდილებას, თუ როგორ მოახერხეს ქართულმა კომპანიებმა ევროკავშირის ბაზარზე გასვლა.
სურსათის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტოპ ათი პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გავიდა ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წელს
ქართულიკივიევროკავშირიდანიაპონიაში
შპს „ნერგეტამ“, რომელიც ზუგდიდში, სოფელ ინგირში 24 ჰექტარზე გაშენებულ კივის პლანტაციას ფლობს და რომელსაც რამდენიმე წელი ქართული კივი ევროპაში გაჰქონდა, ევროკავშირის ბაზარი მიატოვა და ახლა ექსპორტს იაპონიაში ახორციელებს. გერმანიაში, სუპერმარკეტ „Lidl“-ის ქსელში 1 კილოგრამი ქართული კივის ფასი 1.20 ევრო იყო, ცალობით კი 29 ცენტი ღირდა. რაც შეეხება იაპონიის ბაზარს, კომპანიაში ამბობენ, რომ უფრო ძვირად ჰყიდიან, ვიდრე ევროპაში.
„როცა ისეთ რთულ ბაზარზე შეხვალ, როგორიც ევროკავშირია, ხელ-ფეხი გახსნილი გაქვს, ყველა კარი ღიაა. მერე უკვე შენი ტვინის და მონდომების ამბავია რას იზამ. სტაბილურად ორი-სამი წელი როცა მიაწოდებ პროდუქციას, ხვდები და იცნობ უამრავ ადამიანს, ბიზნესმენს, საქმიანი ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ჩამოდიან შენთან, შენ ჩადიხარ მათთან – თავიდანაა გასვლა რთული, თორემ მერე ჯაჭვური რეაქციაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომეო ჯაპავა, „ნერგეტას“ ოპერაციების მენეჯერი.
როგორ მოხვდა „ნერგეტას“ კივი ევროკავშირის ბაზარზე
რომეოჯაპავა: „ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი ეს კომპანია. თავიდანვე გვინდოდა ევროკავშირის ბაზარი. ვიცოდით, რომ რაც არ უნდა პროდუქცია შეგვექმნა, უნდა გასულიყო ევროპაში. გვინდოდა ევროკავშირი და მორჩა. როცა ევროკავშირი გინდა, ერთადერთი გზა აქ გასვლის არის ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა. ხარისხიანი პროდუქცია როგორ მოგყავს? უნდა მოიწვიო კვალიფიციური კონსულტანტები.
ჩვენ კივი გვაქვს. კივის ამბავში მაგრად არის განვითარებული ახალი ზელანდია. ამიტომ ახალ ზელანდიაში ვიყავით, იქაურ კვლევით ინსტიტუტში, ჩვენი კივის ნიმუში ჩავიტანეთ, იქ ხალხი გავიცანით, ჩვენთან ჩამოვიყვანეთ, იმათი კონსულტაციებით მოვაწყვეთ კივის პლანტაცია. შემდეგი ნაბიჯი იყო Global GAP-ის დანერგვა. ევროკავშირის ბაზარზე რომ გახვიდე, პირველ რიგში, საჭიროა Global GAP-ის სერტიფიკატი. მოვიძიეთ ფირმა, რომელიც გეგმავს ამ სერტიფიკატს საწარმოებში. ჩამოვიდა კონსულტანტი, გვირჩია რა უნდა დაგვეკმაყოფილებინა, იმ კონსულტანტის მოცემულ დავალებებს ვასრულებდით პირნათლად. 2013 წელს სერტიფიკატი დაგვიმტკიცდა.
მოკლედ რომ გითხრათ, Global GAP-ის სერტიფიკატი გულისხმობს იმას, რომ პლანტაციაში ჩატარებული სამუშაო უნდა აღრიცხო. ყოველი ნაბიჯი უნდა იწერებოდეს, თუ ვინ რას აკეთებს კომპანიაში. მუშა იქნება ეს თუ დირექტორი. პლანტაციის ჭიშკარს რომ გააღებ, იქიდან მიდის აღრიცხვა. მაგალითად, შემოვედი ამ საათზე, ხელს ვაწერ, გავსხალი, ამა და ამ ნომერ ნაკვეთში, გავთიბე ბალახი – აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იწერება, რაც პლანტაციაში ხდება. სისუფთავე უნდა დაიცვა, სიგარეტი არ უნდა მოწიო, სასუქი და ბენზინი ერთ საწყობში არ უნდა იყოს. ხელები უნდა დაიბანო, მოსავლის აღების დროს განსაკუთრებით. კურდღელი და მწყერი რომ გამოჩნდება პლანტაციაში, თოფით არ უნდა გაეკიდო, გარემო უნდა დაიცვა. უამრავი დეტალია, რომლის დაცვაც ყოველდღიურად გიწევს.
მოკლედ, არის პლანტაციის ხარისხის მართვა, ანუ უნდა დაიცვა პროდუქციის ხარისხი. ამაში შედის სისუფთავე, აღრიცხვიანება, დაფასოება, ევროპული სტანდარტის მიხედვით. ამას გლობალგაფი გიწესებს, შენ მიყვები და ავსებ ამას. წელიწადში ერთხელ ჩამოდიან და ამოწმებენ რამდენად სწორად ასრულებ.
“ნერგეტას” კივის პლანტაცია
პარტნიორისმოძიება
სერტიფიკატის მიღების შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე ინტერნეტით მოვძებნეთ ერთ-ერთი ფირმა, რომელიც ყიდდა სხვადასხვა ხილს და ბოსტნეულს. გერმანული ფირმა იყო, რომელთანაც ახალ ზელანდიელებმა გაგვიწიეს რეკომენდაცია. როცა თანამშრომლობაზე შევთანხმდით, მოვიწვიეთ ამ ფირმის წარმომადგენლები საქართველოში. ჩამოვიდა, ადგილზე ნახა, შეამოწმა ყველაფერი და დავიწყეთ გატანა. ასე მოსაყოლად ადვილია, მაგრამ სინამდვილეში რთული იყო.
ინვესტიცია
ფული გინდა. თუმცა ჩვენ, რომ დავიწყეთ, მაშინ არც სახელმწიფო პროგრამები არსებობდა, არც ფონდები, არც ბანკები გასცემდნენ სასოფლო სამეურნეო სესხებს. ახლა ვინც იწყებს, იმისთვის ცოტა თავი თუ აბია, შედარებით მარტივია. ჩვენთვის მთავარი სირთულე იყო თანხების მოზიდვა.
კადრებისკვალიფიკაცია
კადრი რა შუაშია? შენ დირექტორი ხომ ხარ, თუ ვარგიხარ, შენი კადრიც ვარგა. თუ არ ვარგიხარ, შენი თანამშრომელიც არ ვარგა.
მენეჯმენტზე არის ყველაფერი დამოკიდებული. ის როგორც წაიყვანს საქმეს, ისე იქნება. კადრი ჩვენც არ გვყავდა, ავიყვანეთ, მოვამზადეთ, გადავამზადეთ, ტრენინგები ვუტარეთ, ვასწავლეთ, ვაჩვენეთ“.
„არომა პროდუქტი“ ევროკავშირში
კომპანია „არომა პროდუქტს“ წლებია ევროკავშირის ბაზარზე გააქვს თავისი პროდუქცია – წვენები, სოუსები, კონსერვები, გაყინული ხილი. კომპანიის საინვესტიციო პროექტების მართვის მენეჯერი თამარ გუგუშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ მეწარმე თანმიმდევრული იქნება, ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, შესაძლებელია.
თამარგუგუშვილი: „ჩვენ დიდი ხანია ვართ ბაზარზე. პირველ რიგში უნდა შეისწავლო ბაზარი, უნდა დააკმაყოფილო ხარისხი, უნდა დანერგო სტანდარტები, უნდა მიყვე ყველა მოთხოვნილი პროცედურას. რაც მთავარია, უნდა შექმნა იმ ქვეყნისთვის, იმ ბაზრისთვის საჭირო პროდუქტი, რომელზეც გინდა გახვიდე.
ბაზრის მოძიების რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი არის საერთაშორისო გამოფენები, რომელშიც მონაწილეობს კომპანია და რომელსაც აფინანსებს ექსპორტის განვითარების სააგენტო. სუბსიდირებას უწევს და ყველა კომპანიას შეუძლია ისარგებლოს ამით. ორი-სამი წელი საერთაშორისო გამოფენაზე სიარულისთვის არაფერი არაა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ შეიძლება მიიღო რეალური შედეგი. ილუზიაა, რომ ერთხელ წავედი გამოფენაზე, არ ვარ კმაყოფილი და მეორედ ამას არ გავაკეთებ. ეს არ არის სწორი მიდგომა.
შემდეგ არის სავაჭრო პორტალები, რომლებშიც შეგიძლია განათავსო შენი კომპანიის და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია. მაგრამ ამ პროცესში უნდა უნდა იყო ოპერატიული, მოქნილი და ექსკლუზიური. განათავსე შენს შესახებ ინფორმაცია და მიატოვე, ეგრე არა. ყველა გამოხმაურებაზე როგორც ცხელი ხაზი, ისე უნდა რეაგირებდე.
როდესაც მიემგზავრები საერთაშორისო გამოფენაზე, ეს არის კარგი შესაძლებლობა, შეხვდე ბაიერებს და მარკეტოლოგებს. შენ წინ არის ბაზარი თავისი მოთხოვნებით, ტრენდებით. შეგიძლია ამ შეხვედრებით და ტრენდების მოკვლევით მიხვდე, რა მიმართულებით ვითარდება ბაზარი. მნიშვნელოვანია ფეხი აუწყო ყველა იმ სასერტიფიკაცი პროცესს, რასაც ითხოვს შენგან ბაზარი – იქნება ეს ISO სტანდარტი თუ კვების უსაფრთხოების. იმ ქვეყანას, სადაც შენ შეგაქვს კონკრეტული პროდუქტი, შეიძლება ჰქონდეს თავისი მოთხოვნები დამატებით. უნდა შეგეძლოს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.
არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ გავიდეთ ევროკავშირის ბაზარზე. თითოეულმა კომპანიამ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თავის თანამშრომლები უნდა დაატრენინგოს და თვითონ უნდა შექმნას თავისი რეცეპტი“.
უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წელს
ვინ ცდილობს და რატომ ვერ გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 2 ათასი ტონა თაფლი მზადდება. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ფუტკრის სკა კახეთში (45,4), იმერეთსა (41,9) და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (28,2). რაც შეეხება აჭარას, აქ სულ 14 ათასი ფუტკრის სკაა. 2017 წელს ექსპორტზე სულ 15.8 ტონა თაფლი გავიდა. ექსპორტის უმეტესი ნაწილი საუდის არაბეთზე მოდის.
წყარო: საქსტატი
ქართული თაფლის მომავალი ევროკავშირის ბაზარზე ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„ორი ფაქტორია, რომელიც ხელს გვიშლის თაფლის ევროპის ბაზარზე გასვლაში, ეს არის ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის არ არსებობა საქართველოში და ქართულ თაფლში მცირე რაოდენობის ანტიბიოტიკების არსებობა,“ – ამბობს თამაზ კახიძე, შპს „მაჭახელას“ ხელმძღვანელი.
თამაზ კახიძე
თამაზ კახიძე: „ევროკავშირის ბაზარზე თაფლი რომ შეიტანო, აუცილებლად უნდა გქონდეს საწარმო, უნდა იყო რეგისტრირებული rs.gers.ge-ზე, როგორც ბიზნესოპერატორი და უნდა შეგეძლოს თაფლის შეგროვება. საქართველოში იმდენი თაფლი არ არის, რომ ერთმა კაცმა გაიტანოს. მინიმუმ 20 ტონა უნდა წავიდეს ერთი კონტეინერით.
თუმცა მთავარი პრობლემა ჩვენთვის მაინც ხარისხია – ანტიბიოტიკების არსებობა თაფლში. საქართველოში ვეტერინარული სამსახური არაა იმ დონეზე განვითარებული, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში. მეფუტკრე ვერ ახდენს დაავადების იდენტიფიკაციას თავის საწარმოში, ეკითხება გამოცდილ მეფუტკრეებს რა და როგორ გააკეთოს. როგორც ადამიანები ავად გავხდებით და ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, ასე უნდა არსებობდეს ვეტერინარი, რომელსაც მეფუტკრე გამოიძახებს, ფულს გადაუხდის, ეს ვეტერინარი მივა საფუტკრეში, აიღებს ფუტკრის ნიმუშებს, გამოიკვლევს სტაციონარულად ლაბორატორიაში, დაუდგენს დაავადებას, გამოუწერს რეცეპტს და ა.შ. ახლა რა ხდება? მეფუტკრეები თვითმკურნალობაზე არიან გადასული. ერთი ურჩევს მეორეს და ასე ხვდება ანტიბიოტიკი თაფლში, რომელიც სკაში დაახლოებით 15 წელი რჩება“.
სახელმწიფოს ჩართულობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ფერმერებს შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლიათ თაფლი სხვადასხვა მონაცემზე შეამოწმონ. მათ შორის ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების ნარჩენებზე. ლაბორატორია არ არის ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია 2014 წლის მარტში გაიარა ISO 17 025-ის მიხედვით, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ყველა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელსაც ლაბორატორია ჩაატარებს.
რა გზა უნდა გაიაროს თაფლმა ევროკავშირის ბაზრისკენ
პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორად. დაიცვას სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ექსპორტზე თაფლის გატანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაცული იყოს მიკვლევადობის პრინციპი. უნდა შეიცვალოს თაფლის საწური აპარატები, ასევე ის ჭურჭელი, რომელშიც თაფლი ინახება.
რა არის მიკვლევადობა?
2015 წლის 10 ნოემბერს საქართველომ მიიღო #577 დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მიკვლევადობა ნიშნავს, რომ დეტალურად არის აღწერილი ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ისტორია ან/და მისი ადგილმდებარეობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის თითოეულ ეტაპებზე. ამასთან, ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველა ეტაპზე მოახდინოს უშუალო მიმწოდებლისა და უშუალო მომხმარებლის იდენტიფიცირება, გარდა საბოლოო მომხმარებლისა.
სქრინი International Finance Corporation-ის პრეზენტაციიდან
მოკლედ რომ ვთქვათ, მიკვლევადობა არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მოიყვანა ფერმერმა კონკრეტული პროდუქტი და შემდეგ რა გზა გაიარა ამ პროდუქტმა ფერმერიდან მომხმარებლამდე.
იმისთვის, რომ თაფლში აკრძალული ანტიბიოტიკები არ მოხვდეს, მეფუტკრემ უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები. ამ წამლების სია სურსათის ეროვნული სააგენტოს, ვებგვერდზე www.nfa.gov.ge -ზეა ხელმისაწვდომი.
დაუშვებელია თაფლში საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება, თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა ან თაფლის დუღილი.
ევროკავშირის ბაზარზე გასატანად აუცილებელი მოთხოვნაა თაფლი ერთგვაროვანი იყოს და ბაზარს სტაბილურად მიეწოდოს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს კოოპერატივების შექმნის რეკომენდაციას აძლევს. სამინისტროში ფიქრობენ, რომ ერთიანი მენეჯმენტის სისტემაში მოქცევა უზრუნველყოფს მიკვლევადობას, თაფლის ერთგვაროვნებას და ამასთან საკანონმდებლო მოთხოვნებიც დაცული იქნება.
ქართველი მეწარმეები გამოწვევის წინაშე დგანან – როგორგავიდნენევროკავშირისბაზარზე, ანუროგორმოიძიონპარტნიორებიდაროგორდააკმაყოფილონპროდუქციისხარისხი.
tradewithgeorgia.com – ამ საიტის დახმარებით მეწარმეებს საშუალება აქვთ უცხოელ მეწარმეებს პირდაპირ დაუკავშირდნენ. een-georgia.ge – ეს კი ევროპის მეწარმეთა ქსელია, რომელიც 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. ქსელში ჩართულ კომპანიას საშუალება აქვს გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებული ათასობით უცხოური კომპანიისგან. გარდა ამისა, სავაჭრო-სამრეწველო პალატას აქვს პროგრამა „მოიძიე პარტნიორი“, რომელიც ასევე აძლევს მეწარმეებს საშუალებას ევროპაში პროდუქცია გაიტანონ.
თუმცა მთავარი სირთულე სწორედ აქ ჩნდება – იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქცია შეიტანოთ, პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. დაბალი რისკის სურსათი (მაგალითად, ხილი და ბოსტნეული) შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქტები).
იმისთვის, რომ გადამუშავებული და მაღალი რისკის მქონე სურსათი ექსპორტზე გაიტანოს, ქვეყანამ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:
პროდუქტის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს;
ექსპორტის მსურველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორც პროდუქტის წარმოების სრული ჯაჭვის, ასევე საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ჩატარებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შესახებ;
საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ.) მსგავსი სისტემა.
ცალკეულ საწარმოებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად მოიპოვონ ევროკავშირში მაღალის რისკის სურსათის ექსპორტის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დააკმაყოფილებს გადამუშავებული პროდუქტის უვნებლობისა და ჯანმრთელობის შესახებ ევროკავშირის მოთხოვნებს; საწარმო აწყობილი იქნება ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად; სურსათის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს ასეთი საწარმოების სიას და ევროკავშირს წარუდგენს გარანტიას, რომ ეს კომპანიები აკმაყოფილებს ევროკავშირში არსებულ უვნებლობისა და ჯანმრთელობის მოთხოვნებს.
ევროპაში გადასახადის გარეშე
2014 წლიდან ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტი ექსპორტზე გადასახადის გარეშე გააქვთ. თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში საბაჟო გადასახადებისგან მხოლოდ საქართველოში წარმოშობილი პროდუქტია გათავისუფლებული.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) ჩამოყალიბდა. DCFTA გულისხმობს როგორც სატარიფო, ასევე არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, მაგალითად, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის უსაფრთხოება, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო საკითხები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
მასალა მომზადებულია პროექტის – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში “ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ წუხელ, 23 მარტს, უცნობმა პირებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს.
“ორ მეგობართან ერთად პანაშვიდზე ვიყავი აეროპორტის დასახლებაში. ჩემი ძმაკაცის სიძე გარდაიცვალა. დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო. პანაშვიდიდან გარეთ როცა გამოვედით, დაგვხვდნენ. დაახლოებით 10-12 კაცი იყო. ჩვენ ვიყავით სამი. სამივე ნაცემი ვართ. რომ წავიქეცი ერთ-ერთმა მითხრა მუხრან ვახტანგაძისგან მოკითხვას გითვლითო. ჩვენ მოჭიდავეები ვართ და მოჭიდავეებს როგორ შეეხე შენო. თან გვცემდნენ, თან გვაგინებდნენ – ძაღლებთან წადი, გვიჩივლე, ახლა ფეხები ვერ მოგვჭამოს ვერავინო. ჩემ ერთ მეგობარს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორე მეგობარი კიდევ მაგარი ნაცემია,” – ყვება ჯელალ ქიქავა.
ქიქავას თქმით, ის და მისი მეგობრები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტრიზის ბიუროში სასწრაფომ გადაიყვანა. ქიქავა ამბობს, რომ მუხრან ვახტანგაძე მას შემდეგ ემუქრებოდა, რაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ზონდერად მოიხსენია.
ჯელალ ქიქავა წლების მანძილზე ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები 21-ე საუკუნეს” ხელმძღვანელობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ქობულეთში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, 6 პირი ამხილა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ “მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ”.
პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ შს სამინისტომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სასტუმროს ორი მენეჯერი დააკავა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ:
შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით;
უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია;
მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები;
ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ და მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
მთავარ ფოტოზე: სასტუმრო „ლეოგრანდის“ გაბზარული მინა ბათუმის ტრაგედიის სიმბოლო გახდა. ფოტო: ირაკლი მეტრეველი
შს სამინსიტროს ცნობით, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს – ამის შესახებ დღეს, 23 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა ბრიფინგზე.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.
„ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
გაინტერესებთ რომელი ძაღლი შეგეფერებათ? შეავსეთ ტესტი და გაიცანით თქვენი შესაფერისი ოთხფეხა მეგობარი. ტესტი ძაღლის ხასიათის, მოვლის წესების, ტემპერამენტისა და სპეციფიური მახასიათებლების მიხედვითაა შედგენილი. თუ ძაღლი უკვე გყავთ, მას უბრალოდ არ გაუმხილოთ, რომ ტესტს ავსებთ და ახალ მეგობრებს ეძებთ. არ აწყენინოთ.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 23 მარტის საღამოს 12 საათიდან, ხვალ, დილის 5 სთ-მდე ბათუმში წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება: 9 მარტის, სულაბერიძის, სოხუმის, მარუხის, ქედის, შაფათავას, ქობულეთის, ლომონოსოვის და პუშკინის ქუჩებს.
ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს კი წყლის მიწოდება შეუწყდება, კონკრეტულ მონაკვეთებში:
ლუკა ასათიანის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე;
დემეტრე თავდადებულის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე;
ფალავანდიშვილის, ბერიძის და იმედაშვილის ქუჩებს: პუშკინიდან, წერეთლამდე;
შავშეთის ქუჩას: წერეთლიდან, მამია ვარშანიძემდე;
გურამიშვილის, სააკაძის, ოსტროვსკის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს: ლუკა ასათიანიდან, სულაბერიძემდე;
ჭავჭავაძის ქუჩას: ლუკა ასათიანიდან, წერეთლამდე;
წერეთლის ქუჩას: ბარათაშვილიდან, მაიაკოვსკამდე;
ბესიკის ქუჩას: ლუკა ასათიანიდან, სულაბერიძემდე;
ბაგრატიონის ქუჩას: შავშეთიდან, ლუკა ასათიანამდე;
„ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების ქსელზე ნულოვანი ტესტირებების ჩატარებას აგრძელებს. ნულოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე, კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, მიწოდებული და მოსახლეობის მიერ გახარჯული წყლის საერთო შედეგის შესახებ.
აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152
ქობულეთში, ლიანდაგთან ახლოს, ბეტონის ფილების საამქროს ეზოში ხის ძველი ქოხი დგას. მას გარედან ალაგ-ალაგ თუნუქის ძველი ფურცლები აქვს მიკრული. რომ არა აქვე გაფენილი სარეცხი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ქოხში ცხოვრობენ. ხის ნახევრადდამპალ საფეხურებზე ფრთხილად ავდივართ და კარზე ვაკაკუნებთ. „მობრძანდით“ – გვეხმაურებიან შიგნიდან.
ვიწრო დერეფანში ჯერ მეექვსეკლასელი შოთიკო გვეგებება, მერე მეცხრეკლასელი სოფიკო, პირველკლასელი ლიკა და ბავშვების მშობლები, ზაზა სურმანიძე და ირინა შაინიძე.
„ფრთხილად, მე კი მიჩვეული ვარ, მაგრამ თქვენ არ ჩავარდეთ,“ – გვაფრთხილებს ირინა. იატაკის ფიცრები მორყეულია და დამპალი. სამზარეულოში, ხის ფარღალალა კედლის ნაპრალებიდან დღის შუქი შემოდის, ამომტვრეული იატაკიდან კატა გვიყურებს. საცხოვრებელ ოთახში მაგიდაზე წვნიანით სავსე სამი თეფში დევს, ბავშვები ეს ესაა დაბრუნდნენ სკოლიდან, თუმცა ჩვენი თანდასწრებით სადილი ერიდებათ და კერძი ცივდება.
ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე
სურმანიძეების ოჯახი უკვე თორმეტი წელია აქ ცხოვრობს, ქოხში, სადაც ყოველი გაწვიმებისას ჭერიდან და კედლებიდან წყალი შემოდის, ძლიერი ქარის დროს კი აქ დარჩენა საშიშია. სურმანიძეები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, ამ ზაფხულში კი ამ ერთადერთ თავშესაფარსაც დაკარგავენ და ხუთსულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩება.
ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
„2006 წლიდან აქ ვცხოვრობთ. ამ სახლის მეპატრონეს ვიცნობდი, ვთხოვე, შევალ სახლში-მეთქი და არ არის პრობლემაო. მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ, კი ხედავთ, როგორც. ზაფხულში აქ მშენებლობა უნდა დაიწყოს მეპატრონემ და წასავლელი არსად გვაქვს. ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ, ჯერჯერობით, საშველი არაა.
ვითხოვე, 200-300 კვადრატული მიწა მაინც მომეცით, ოთახს შევჭედავ და იქ ვიცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა ამას ჩვენ ვერ ვიზამთ, ეკონომიკის სამინისტროს უნდა სთხოვოო. სად მივიდე, ვის ვუთხრა?!
მე თვითონ ავად ვარ, ვერ ვმუშაობ, ეპილექსია მაქვს,” – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება ზაზა სურმანიძე.
ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე
სურმანიძეების შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 330 ლარი. ირინა ამბობს, რომ თანხას გაჭირვებით ანაწილებს თვიდან თვემდე.
„სამი ბავშვია, არ არის ადგილი. ჭამა უნდათ, ჩაცმა… სკოლაში კარგად სწავლობენ, მაგათი იმედი მაქვს, მაგრამ ქუჩაში რომ დავრჩები, რა იქნება, არ ვიცი.
ძლიერი ქარის დროს თვალს ვერ დახუჭავ, ისეთი ამბავია სახლში. ზაფხულში გველები ჩნდებიან, კედლებზე მორიელები დადიან, ერთხელ მიკბინა, ღამე იყო, დავურეკე ექიმს და როგორც მირჩია, ისე მოვიქეცი. ვირთხებზე აღარაფერს ვამბობ, თქვენც ხედავთ, აქ რას დააკავებ,“ – ამბობს ირინა.
ოჯახი, ფაქტობრივად, ერთ ოთახში ცხოვრობს. ოთახი ფარდითაა გადატიხრული, ნაწილი საძინებელია, ნაწილი – სასადილო ოთახი. აქვე მეცადინეობენ ბავშვები. პირველკლასელ ლიკას კედელზე „აი ია“ მიუწერია.
ირინას განცხადებების დასტა გამოაქვს. განცხადება ქობულეთის გამგებელს, აჭარის მთავრობას, სამინისტროებს… სურმანიძეები რამდენიმე წელია განცხადებას განცხადებაზე წერენ, თუმცა ამაოდ.
2014 წელს სურმანიძეების ოჯახზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურმა სივრცემაც“ მოამზადა სიუჟეტი და ოჯახის რთული საცხოვრებელი პირობები აჩვენა, თუმცა ოჯახის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
„მას შემდეგ სამი წელი გავიდა, კიდევ უფრო გართულდა ჩვენი ცხოვრება. ზაფხულში კი… ზაფხულზე ფიქრი მეშინია,“ – ამბობს ირინა.
ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძეფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძეფოტო: „ბათუმელები“
აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხეებს გადასატანად ამჯერად სახელმწიფო მნიშვნელობის გზის, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთის გასწვრივ, ორ ადგილზე თხრიან. ერთ ადგილზე ხე, როგორც ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაში დგას, მეორე ადგილზე – სახელმწიფო საკუთრებაში. ივანიშვილისთვის ამ ხეებს მესაკუთრის – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, კანონდარღვევით იღებენ. აქ რამდენიმე ხე, მათ შორის მრავალწლოვანი, მოჭრეს კიდეც.
„ტიტას“ ხე მაგისტრალის პირას, რომელსაც გადასატანად ამზადებენ. ფოტო: „ბათუმელები“
ტერიტორია მაგისტრალთან, სადაც ხეებს თხრიან, სახელმწიფოს საკუთრებაა. შესაბამისად, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებას [ფერდობის გადათხრა, გზის მოწყობა] და იქედან სახელმწიფო ქონების [ხეების] გატანა თუ განადგურება [ხის მოჭრა], მინიმუმ მესაკუთრესთან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან, უნდა იყოს შეთანხმებული. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ასე არ არის.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ ტერიტორია ნამდვილად სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მათ ხეების ამოთხრაზე ინფორმაცია არ აქვთ და როგორც გვითხრეს, ეს პირველად „ბათუმელებისგან“ გაიგეს.
სააგენტოს სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების ფოტომასალაც გადავუგზავნეთ. უწყებაში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
გადასატანად გამზადებული ხე ციხისძირში. ფოტო: „ბათუმელები“
ციხისძირის უღელტეხილზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ, სადაც ხეებს თხრიან და გააქვთ, სახელმწიფოს საკუთრებაშია 26 270 კვ/მ ტერიტორია.
„ნებისმიერ პირს შეუძლია გამოავლინოს ინტერესი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებით… სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა განიხილოს შემოთავაზებული დაინტერესება და მიიღოს გადაწყვეტილება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით; სააგენტო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით განახორციელოს იმ მოძრავი ქონების გასხვისება, რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; კანონმდებლობით დასაშვებია ხე-მცენარეების გასხვისება, რომლებიც არ შედის სახელმწიფო ტყის ფონდში“, – მოგვწერეს გასულ წელს სააგენტოდან.
სააგენტოს მაშინ სამი ძირი ხის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი. ეს სამი ძირი ხეც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, სააგენტომ აუქციონზე გაყიდა, მყიდველმა კი შეკვეთილში გადაიტანა.
ციხისძირში, უშუალოდ ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, მრავალწლოვან ტიტას ხესაც იღებენ. „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო კომპანიის საკუთრებაშია. ეს კომპანია კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. აქედან რამდენიმე ხე ადრეც გადაიტანეს.
ტერიტორია, საიდანაც ტიტას ხეს თხრიან, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები], აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე შეიძინა.
საქართველოს კანონმდებლობით, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში [გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს] საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.
არის თუ არა შეთანხმებული ხის ამოთხრასთან დაკავშირებული სამუშაოები გზების დეპარტამენტთან? – დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეების მოჭრა, ამოღება და ა.შ. მათ კომპეტენციაში არ შედის და თავადაც ასეთ საკითხებს გარემოს დაცვის სამსახურთან ათანხმებენ. რაც შეეხება დროებითი გზების მოწყობას ავტომაგისტრალზე გასასვლელად, თუ პირიქით, მაგისტრალიდან ხემდე მისასვლელად, არც ეს სამუშაოებია დეპარტამენტთან შეთანხმებული.
მილიარდერისა და ყოფილი პრემიერის პროექტის განხორციელებისთვის დაწყებული ხეების ამოთხრა-გადატანის პროცესი რომ როგორმე კანონის ფარგლებში მოაქციონ, არაერთი სახელმწიფო თუ ადგილობრივი უწყებაა ჩართული: ხეები გააქვთ აუქციონზე გასაყიდად ან პირდაპირ ყიდიან, გასცემენ ნებართვებს ხეების მოჭრაზე, გადაბელვაზე, ტოტების მოჭრაზე; ზოგჯერ ნებართვის დოკუმენტს მას შემდეგ გასცემენ, როცა ხე ამოთხრილი თუ მოჭრილია; ითანხმებენ არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილებას ავტომაგისტრალებზე, ხელს უწყობენ მოძრაობის დროებით გადაკეტვას, ტვირთის გაცილებას საპატრულო პოლიციის მიერ; მიმდინარეობს გარეგანათების ბოძების „გეგმიური“ ამოთხრა-დამონტაჟება, რკინიგზაზე დროებითი გადასასვლელების მოწყობა; დროებითი ნავმისადგომების მოსაწყობად პირსების აგება პლაჟზე, დამცავი კედლის დანგრევა და სხვა.
ივანიშვილის პროექტისთვის ხელშეწყობის მიზნით ქვეყნისა და აჭარის მთავრობები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს კერძო კომპანიებზე ასხვისებენ. გასხვისებულ ტერიტორიებზე კი, ამ დრომდე ძირითადად მხოლოდ ხეებია ამოთხრილი და შეკვეთილშია გადატანილი.
რაც შეეხება ეკოლოგიას, ათეულობით ამოთხრილი ხის ადგილებიდან მხოლოდ ხუთ ადგილზეა შეთანხმებული რეკულტივაციის ანუ გადათხრილი ადგილების აღდგენის პროექტი.
ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს უკვე მესამე წელია თხრიან.
ფოტო: „ბათუმელები“ფერდობი, სადაც მიწას ყრიან.გზის გაყოლებაზე რამდენიმე ხეს ასეთი „სახვევი“ აქვს. აქვე ჩანს მოჭრილი ხეების ნაკვალევი და ევკალიპტის ხე, რომელსაც ტოტები ჩამოსხეპილი აქვს.„სახვევს“ თუ გადავწევთ, ჩანს, რომ ხეები დაზიანებულია.ფოტო: „ბათუმელები“
14-17 სექტემბერს, პირველად საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, ის, ვისაც სურვილი ექნება საქართველოში გადაიხადოს ქორწილი.
„ჩემი დიდი ქორწილის“ ორგანიზატორია MICE და EVENT კომპანია GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება, მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.
„ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში და სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში. გრანდიოზული წვეულება კი გაიმართება ქართველი მუსიკოსებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი არის არა მხოლოდ მასობრივი ცერემონია, არამედ ღია სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის. „და მათთვის, ვისაც სურს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი ქორწილი ჰქონდეს“.
ფესტივალის ძირითადი ლოკაცია Dreamland Oasis Hotel-ია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალში მონაწილეობის ღირებულება 3 ათასი აშშ დოლარია. „წყვილებს საშუალება აქვთ, საქორწილო პროცესში თავიანთი მეჯვარეები ჩართონ“.
ორგანიზატორების აზრით, ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ცნობადობის გაზრდას.
„ყველაფერს იგონებს, რომ მე ცილი დამწამოს. თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის,“ – აცხადებს სოფიო გეგუჩაძე ალექსანდრა ტერუნზე. ალექსანდრა 82 წლის ქალია, რომელიც 20 მარტს აღსრულების პოლიციამ თავისი ყოფილი სახლიდან, ბათუმში, საიათნოვას 4-დან, გამოასახლა. მაშინ ალექსანდრამ ბინაში ამწეს გამოყენებით შეაღწია. ის ამჟამად კლინიკაშია და თავის ტვინის შერყევა აქვს. მოხუცის თქმით, მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ სცემა.
ალექსანდრა ტერუნის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება 20 მარტს დაიწყო. ალექსანდრა ამბობდა, რომ მას ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრეებმა, და-ძმა გეგუჩაძეებმა სცემეს. მასზე ფიზიკური ძალადობის პირველ შემთხვევას უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც ბრალდებული ასევე სოფიო გეგუჩაძეა.
„გამოსახლების შემდეგ მას მართლაც გაუხსნა მეზობელმა ჭიშკარი, შემოვიდა, მაგრამ მე საერთოდ არ გამოვჩენილვარ. ჩემ მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და არ მინდა სპეციალურად რაიმე საფუძველი შექმნან ისევ ჩემ წინააღმდეგ,“ – ამბობს სოფიო გეგუჩაძე.
სოფიო გეგუჩაძე „ბათუმელების“ რედაქციაში ნათლიასთან, ნათია ლომაძესთან, ერთად მოვიდა. „მე და სოფოს დედამთილმა გავიყვანეთ მოხუცი გარეთ ხელკავით, რადგან პოლიციელებმა დახმარებაზე უარი თქვეს. გვითხრეს, რომ მათ მოხუცის ეზოდან გარეთ გაყვანის უფლება არ აქვთ, რადგან ისინი აღსრულების პოლიციას არ წარმოადგენდნენ. არავითარ ცემას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია,“ – აღნიშნავს ნათია ლომაძე.
როგორ მიიღო მოხუცმა თავის ტვინის შერყევა? – ამ კითხვას სოფიო გეგუჩაძე ასე პასუხობს: „იმდენი აჯაჯგურა ჭიშკარი გარედან, თავის ტვინის შერყევა ექნება, აბა რა იქნებაო, პოლიციის განყოფილებაში თქვეს. არ ვიცი, სად მიიღო ეს დაზიანება. მე კანონმორჩილი ვარ და ჩემი ოჯახი ყოველთვის ემორჩილება ეთიკურ ნორმებს“.
რაც შეეხება წინა ცემის შემთხვევას, რაც უკვე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სოფიო გეგუჩაძე ექსპერტიზის დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც, მისი თქმით, წერია ის, რომ შესაძლოა ჩალურჯებები თვალთან პოსტოპერაციული გამოვლინება იყოს.
„მას თვალის ოპერაცია ჰქონდა მანამდე გაკეთებული. ის ყველაფერს აკეთებს, რომ გაგვამწაროს. იმ დღესაც, როცა ძალით შემოვიდა ეზოში, ნავთით ცეცხლის წაკიდება, სახლის გადაწვა უნდოდა. ამ მოხუცს იყენებს ჟუჟუნა ჯიჯავაძე, რომელიც ამბობს, რომ მინდობილი პირია. მან გაუკეთა ორგანიზება ამწეთი ჩემი სახლის აივანზე მოხუცის გადმოყვანას,“ – გვიყვება სოფიო გეგუჩაძე.
სოფიო გეგუჩაძის თქმით, ამ პროცესის თვითმხილველია თვითონაც: „112-ზე ვრეკავდი მაგ დროს და ვხედავდი, როგორ გადმოდიოდა ამწეს კალათიდან მოხუცი. პოლიცია მოვიდა და მითხრა, შენი ბინაა, ვერ ჰკარი ხელიო. ხომ არ გადავაგდებდი მოხუცს“.
ალექსანდრა ტერუნმა ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო. ალექსანდრა ამბობს, რომ მას ამ სესხის შესახებ არაფერი უთხრეს, თორემ თავად გადაიხდიდა ვალს. სწორედ ამ სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა ბინა თანხის მსესხებელმა. საბოლოოდ რამდენჯერმე გადაყიდული ბინა ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია.
ალექსანდრა ტერუნს ბინა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.
ბათუმის ამერიკულ კუთხეში 27 მარტს პროექტის – „ქალთა ისტორიის თვე“ – დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თექაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთები: სამკაულები, ჩანთები, შარფები და სხვა. ასევე, ფერწერული ნახატები.
„ნივთების ნაწილი თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსების მონაწილე ქალებმა შექმნეს. ყველა მსურველს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება და შეძენა,“-ნათქვამია პრესრელიზში.
გამოფენა-გაყიდვის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს დამწყები მეწარმეების პროდუქციას.
ბესიკ ლილუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს. კენჭისყრა დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა. მან ხმათა უმრავლესობა – 101 ხმა მიიღო.
ლილუაშვილი კენჭისყრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ იყო წარდგენილი. იგი აქამდე აჭარის მთავრობის აპარატში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.
საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარიდან ორ პირს სურდა, ნათია სირაბიძესა და ბესიკ ლილუაშვილს. უმაღლესმა საბჭომ, რომელიც წარუდგენს პარლამენტს თავის კანდიდატურას, არჩევანი ბესიკ ლილუაშვილზე შეაჩერა.
დღესვე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია ზაზა შათირიშვილი, ხოლო ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგად დასაქმებული პირები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სტატიაში – „საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ“, ბაღების გაერთიანების მეთოდისტის შეფასება, რომ ფსიქოლოგის განათლების არმქონე პირები არაპროფესიონალები არიან, უსამართლო და არაობიექტურია.
„ბათუმელები“ ფსიქოლოგის შტატზე დასაქმებულ პირებს მე-4 საბავშვო ბაღში ტრენინგზე შეხვდა. ტრენინგს ყველა საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი ესწრებოდა.
ხატია გუჯაბიძე ამბობს, რომ სამედიცინო განათლება აქვს, ფსიქოლოგად მუშაობისთვის კი ძალიან ბევრი ტრენინგ-კურსი გაიარა. „რვა წელია ფსიქოლოგად ვმუშაობ და ჯერ უკმაყოფილი მშობელი არ მყოლია,“ – გვეუბნება ის.
გულნარა ჯაფარიძე 33-ე ბაღში მუშაობს ფსიქოლოგად. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე დაწყებითი განათლების სპეციალისტია. „ბაღში დასაქმების კრიტერიუმი იყო უმაღლესი განათლება. გარდა ამისა, მომთხოვეს ტრენინგების კურსის გავლა, რომელიც გავიარე და ეს ჩემს პირად საქმეში დევს“, – ამბობს ის.
ნანა ჟორდანია კი ფსიქოლოგია უმაღლესი განათლებით. ის ამბობს, რომ უკვე წლებია დასაქმებას ითხოვს, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ხელშეკრულებით არის აყვანილი.
„2012 წელს დავწერე პირველი განცხადება, შემდეგ როცა ხელშეკრულებით ამიყვანეს, მერე აღმოჩნდა ისე, რომ ჩემს შემდეგ 6 ფსიქოლოგი დაინიშნა და მე ისევ დროებით ვარ“- გვეუბნება ის.
ნანა ჟორდანიას თქმით, მან ვერ მიიღო კითხვაზე პასუხი, რა კრიტერიუმებით ასაქმებენ ბაღებში ფსიქოლოგებს:
„ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მეუბნება, ამას მე ვერ ვწყვეტო. მე მაქვს კითხვა – უმაღლესი განათლებით, ტრენინგებით უნდა ვიყო გარეთ, არაფსიქოლოგები კი დასაქმებული?“
ბათუმის საბავშვო ბაღის ფსიქოლოგები ტრენინგზე ფოტო: ლელა დუმბაძე
მე-4 ბაღის ხელმძღვანელის, ირმა ნაკაშიძის თქმით, საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგების დანიშვნის სტანდარტი სახელმწიფოს განსაზღვრული არ აქვს.
„ჯერ ერთი, კანონში არსად წერია, რომ აუცილებლად ფსიქოლოგის განათლებით უნდა აიყვანო ადამიანი. გარდა ამისა, 99 პროცენტი ვინც მუშაობს, დიპლომიანია თუ უდიპლომო, ყველა აყვანილია კონკურსის წესით და ყველას გავლილი აქვს ტრენინგები“.
„ამდენი ხანი ვმუშაობთ და რა გამოდის, რომ საზოგადოებას ვატყუებთ? ამ ტრენინგებს ბაღების გაერთიანება ატარებს და თუ ჩვენს კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, მაშინ რატომ გვატარებენ ტრენინგებზე? ამდენი წლის გამოცდილების შემდეგ „ჭ“ განათლება უწოდო ჩვენს გამოცდილებას, ცოტა უხერხულია“, – ამბობს ერთ-ერთი ბაღის ფსიქოლოგი, სოფიკო შამილაძე.
ნინო ცინცაძე საქართველოს პორტიჯის ასოციაციის დირექტორი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მას ბაღების ფსიქოლოგების ტრენინგზე შეხვდა „ბათუმელები“. სპეციალისტის თქმით, უნდა მუშაობდნენ თუ არა ფსიქოლოგიური განათლების არმქონე პირები ბაღებში, ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია.
„დაახლოებით 12 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მინახავს ძალიან ბევრი დიპლომირებული ფსიქოლოგი, რომელიც ჯობია, რომ არ იყოს ფსიქოლოგი და პირიქით, ისეთი ადამიანები, ვისაც გამოცდილება აქვს და ბევრი რამ ისწავლა. ჩვენი განათლების სისტემის ფონზე მიჭირს მარტო იმაზე ფოკუსირება, რომ ყველა დასაქმებული აუცილებლად დიპლომიანი ფსიქოლოგი უნდა იყოს“, – გვეუბნება ის.
რა პროფესიის უნდა იყოს ადამიანი, ვინც ბაღში ფსიქოლოგად საქმდება? „ევროპული სტანდარტები რომ ავიღოთ, ფსიქოლოგი არის ძვირადღირებული პროფესია, რომელსაც წლების განმავლობაში სწავლობენ და არც ერთი ფსიქოლოგი ბაღში არ მუშაობს. ბაღებში ჰყავთ მხოლოდ ინკლუზიური განათლების კოორდინატორები, რომლებიც შეიძლება იყვნენ განათლების სპეციალისტები. ამიტომ, ამ სისტემას სჭირდება რეფორმირება, თავიდან გააზრება“, – გვეუბნება ნინო ცინცაძე.
მისი აზრით, დღეს ფსიქოლოგად მომუშავე პირებს თავისუფლად შეიძლება ერქვათ განათლების კოორდინატორები.
„წესით, ესენი არიან ადრეული განათლების ფსიქოლოგები, რაც ძალიან მომიჯნავეა განათლების პროფესიასთან. ამათი როლი არ არის ფსიქოთერაპიის ან ფსიქოანალიზის ჩატარება. ამიტომ, გადავარქმევთ მათ სამუშაოს სახელს, თუ რაიმე კონკრეტული რეგულაცია იქნება, ეს არის განხილვის თემა“, – ამბობს ნინო ცინცაძე.
ამ დროისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 32 პირი მუშაობს ფსიქოლოგად, მათგან 12 განათლებით არაფსიქოლოგია.
ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობისა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე იზრუნებს. მერია შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითა და ტენდერების ეკონომიებიდან დარჩენილი ოთხი მილიონი ლარიდან გეგმავს.
მუნიციპალურ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის მერია ბიუჯეტიდან 130 600 ლარს დახარჯავს. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შეტანის მიზნით მერმა საკრებულოს ინიციატივით მიმართა. ამ თანხაში არ შედის მერიის თანამშრომლების გადამზადება სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, მერია სახანძრო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, ახალგაზრდული ცენტრის, საზაფხულო თეატრისთვის და კიდევ რამდენიმე შენობისთვის გეგმავს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი [მათ ვინაობას არ ვასახელებთ] ამბობს, რომ ტესტის სწორი პასუხები წინასწარ გაიგო და გამოცდა წარმატებით ჩააბარა. სტუდენტები ყვებიან, რომ საგამოცდო ტესტი სხვადასხვა გზით მოიპოვეს. „ვთქვათ, ექვსი ჩასაბარებელი გამოცდიდან ორის ტესტი ყოველთვის გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ისინი ამბობენ, რომ ტესტების მოპოვებას სტუდენტები სხვადასხვა გზით ახერხებენ.
რა სისტემით უზრუნველყოფს უნივერსიტეტი საგამოცდო ტესტების დაცვას? – შეკითხვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ანზორ ბერიძეს დავუსვით. „ეს გამორიცხულია,“ – ირწმუნება იგი. ადმინისტრაციის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ თუკი ვინმე ტესტს ან სწორ პასუხებს გამოცდამდე ნახავს, ეს აუცილებლად გამჟღავნდება და „ამბავი არ დაიმალება“.
„პროფესორი სილაბუსის შესაბამისად ადგენს ტესტებს, რომელსაც თავად ტვირთავს გამოცდების ცენტრში, სადაც ტარდება ელექტრონული ტესტირება. ტესტთან გამოცდამდე შეხება მხოლოდ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს და ერთ ტექნიკურ თანამშრომელს აქვს. მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნონ ტესტის სწორი პასუხები წინასწარ. ელექტრონული სისტემა შესაძლოა გატეხოს ვინმემ, დღეს ტექნიკურად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ გვქონია,“ – გვითხრა ანზორ ბერიძემ.
რეაგირების რა ბერკეტი აქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, თუკი აღმოჩნდება, რომ სტუდენტმა ტესტის სწორი პასუხები გამოცდამდე გაიგო? – „მარტივად შესაძლებელია ამის დადგენა – გავესაუბრებით და ვნახავთ, რეალურად რა იცის… არა, ეს არ იქნება გამოცდა, მაგრამ პროფესორმა ხომ წინასწარ იცის, ცოდნის რა დონე აქვს დაახლოებით სტუდენტს, გავესაუბრებით ჯგუფს და დავადგენთ. ასე ზუსტად ახლა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ჩვენი რეაგირება, კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ – ამბობს ანზორ ბერიძე.
ძველ ბათუმში ეზოების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ბათუმის მერია ეკონომიკური პოტენციალის კვლევას შეისყიდის. კვლევისთვის ბიუჯეტში 20 000 ლარს გაითვალისწინებენ. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაციის შესარჩევად მერია ტენდერს გამოაცხადებს.
კვლევის მიზანი იქნება სახასიათო ეზოების შერჩევა, დაინტერესებული მოსახლეობის დახმარება ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად, ბიზნესგეგმების შედგენა და მათი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაპროექტება.
ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტების წახალისების იდეაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მერმა ასეთ წარმატებულ მაგალითად „დელირია“ დაასახელა, ისტორიული სახლი ძველ ბათუმში, რომლის მეპატრონემაც სახლში კაფე-რესტორანი გახსნა.
მერის განმარტებით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე. კონკურსში გამარჯვებული კი 10 000 ლარით დაფინანსდება. არჩილ ვანაძის ინფორმაციით შერჩევისას პრიორიტეტს მიანიჭებენ იმ პროექტებს, რომელთა თანადაფინანსების წილი მოსახლეობის მხრიდან მაღალი იქნება.
დღეს, 23 მარტს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 5 პარასპორტსმენი.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული 25 მარტს გამოვლინდება.
ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფში, 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს, რაც საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელია, რაც კი ამოუღიათ.
საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ფაქტზე – აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „MERCEDES BENZ“’-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
„ბათუმის წყლის” ინფორმაციით, განთიადის ტერიტორიზე, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მარკოზ აჭარელის ქუჩას და მიმდებარე შესახვევებს დღეს, 23 მარტს, წყალმომარაგება შეეზღუდებათ.
მათივე ცნობით, წყლის მიწოდება 15:00 საათამდე აღდგება.
დღეს, 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეწყვეტილი აქვთ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზეც.
ბათუმის მერია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის, ბინაზე მომსახურების მიზნით, ახალი პროგრამის დაფინანსებას გეგმავს. პროგრამა სპეციალისტების ბინაზე მომსახურების გარდა მედიკამენტების მიწოდებასაც ითვალისწინებს და 50 ბენეფიციარზეა გათვლილი.
„მათ მოემსახურება მობილური გუნდი, რომელშიც შედის ფსიქიატრი, ექთანი და ფსიქოლოგი, რომელებიც პაციენტებს გაუწევენ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ბინაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების რეციდივები და შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები“ – განმარტა მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფიო მიქელაძემ.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების განათლებაზე ზრუნვას ამ მიმართულებით, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და მათ გარემოში ინტეგრაციას: „ამ პროგრამის მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი მძიმე პაციენტების რეჰოსპიტალიზაციას,“ – ამბობს სოფიო მიქელაძე.
პროგრამის ბიუჯეტი 58 100 ლარია.
პროგრამის დაფინანსებას ბათუმის მერია ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული ოთხი მილიონიდან გეგმავს, მას შემდეგ რაც მერის ინიციატივას ბიუჯეტში ცვლილებასთან დაკავშირებით საკრებულო დაამტკიცებს.
სოფიო მიქელაძის ინფორმაციით ბიუჯეტში ცვლილება ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს, რამდენიმე პროგრამას კი ბენეფიციარები დაემატება. კერძოდ:
იზრდება ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების რეაბილიტაცია-პრევენციის პროგრამა. „მოთხოვნა იყო და ვამატებთ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს, პროგრამა იზრდება 140 ბენეფიციარით.“
ოცდაათი ბენეფიციარით იზრდება ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამა.
ორივე პროგრამისთვის ჯამში 260 400 ლარია გათვალისწინებული.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, სადაც მეწყერმა მაგისტრალი დააზიანა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღდგენით სამუშაოებს იწყებს. გზის აღდგენისთვის, წინასწარი გათვლებით, 3 მილიონ 125 ათასი ლარი იქნება საჭირო.
დეპარტამენტის ინფორმაციით, „გზის გაწმენდის სამუშაოების მიუხედავად, მეწყრული პროცესები კვლავ გრძელდება და ამ მონაკვეთზე მოწყობილი დროებითი გადასასვლელი ვიზუალურად ისევ არამდგრადია; შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საფრთხე შეექმნას, როგორც სავალი ნაწილის ჩაწყვეტით, ასევე გზის მიმდებარე ფერდობზე არსებული ნაპრალებით, რაც ფერდობის ჩამოშლის საშიშროებას ქმნის“.
დეპარტამენტში თვლიან, რომ გზაზე შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სასწრაფოდ დაიწყოს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტირების პარალელურ რეჟიმში, „რათა უმოკლეს ვადებში, სრულფასოვნად აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.
დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს, სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობისთვის უკვე მიმართა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოებს დეპარტამენტის გათვლებით, სავარაუდოდ, 3 000 000 ლარი დასჭირდება, ხოლო საპროექტო მომსახურების გაწევას, სავარაუდოდ – 125 000 ლარი.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან მეწყერული პროცესებიმიმდინარე წლის 13 თებერვალს განვითარდა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია და არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზა აჭარის რეგიონს აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან და განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე დიდია ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა. დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით. აღნიშნული გზით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების [ბეღლეთი, რიყეთი, კორტოხი, დანისპარაული, ტაბახმელა და სხვა] მრავალრიცხოვანი მოსახლეობა.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ გოდერძის საკურორტო ზონაში ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კომპლექსი, რამდენიმე სასტუმრო და, შესაბამისად, აღნიშნული გზით სარგებლობს მრავალი ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებელი. ამასთან, აღნიშნულ საკურორტო ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს დასვენებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები სასწრაფოდ დაიწყოს და დამთავრდეს შემჭიდროვებულ ვადებში, რათა დროულად აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ასე ასაბუთებს საავტომობილო დეპარტამენტი ტენდერის გარეშე გზის რეაბილიტაციის აუცილებლობას.
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის დამეწყრილი ადგილი / ფოტოები: გზების დეპარტამენტი
მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სოფელ დიოკნისთან, ხულო / როინ გუნდაძის ფოტო
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში, სადაც ამ ბუნებრივი რესურსის ფასი საკმაოდ დაბალია და რაოდენობაც დიდია, წყლის დაზოგვის საკითხი ერთი შეხედვით შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა წყალი ერთ-ერთი ყველაზე განლევადი ბუნებრივი რესურსია და მისი აღდგენა მარტივად და სწრაფად არ ხდება.
როგორ იცავენ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წყლის რესურსს და არსებობს თუ არა წყლის დეფიციტის სამომავლო საფრთხე საქართველოში? წყლის რესურსთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებს გარემოსა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის წყლის სამმართველოს უფროსი, მარიამ მაკაროვა პასუხობს.
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში წყლის რესურსების დაცვას, როცა ეს რესურსი ქვეყანაში ბევრია?
მართალია, საქართველო მდიდარია წყლის რესურსით, თუმცა ეს რესურსი ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნებრივად არათანაბრადაა გადანაწილებული: სამი მეოთხედი არის დასავლეთ საქართველოში და მხოლოდ ერთი მეოთხედი აღმოსავლეთ საქართველოში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დღეს არ გვაქვს წყლის დეფიციტი, ხვალ არ გვექნება პრობლემა – ვითარდება მრეწველობა, მოთხოვნაც იზრდება წყალზე და რესურსის მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სამომავლო პრობლემები ავიცილოთ თავიდან.
თუ არსებობს სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამები, რაც ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე, ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებაზეა ფოკუსირებული?
ცოტა ხნის წინ დამთავრდა USAID-ის პროექტი ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვის შესახებ და სკოლებში შეიქმნა ეკოკლუბები, რასაც ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. ვატარებთ ტრენინგებს დონორების საშუალებით სხვადასხვა ჯგუფებისთვის: სახელმწიფო მოხელეების, არასამთავრობო სექტორის, სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა, მეტი უნდა გაკეთდეს ამ მხრივ, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინიციატივები.
საქართველო არის ორფუსის კონვენციის წევრი, რაც გულისხმობს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამგვარად რესურსების დაცვის საკითხებში საზოგადოების ჩართულობა არამხოლოდ სასურველი, არამედ სავალდებულოცაა.
როგორ შეაფასებდით წყლის რესურსის მართვის ახლანდელ მდგომარეობას ქვეყანაში, ვიყენებთ რესურსს რაციონალურად? ან რატომ ვერ ხერხდება დღემდე წყლის ექსპორტი ვაქციოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ გზად?
იმისთვის, რომ გაიტანო მსოფლიო ბაზარზე წყლის რესურსი, აუცილებელია თითოეული მდინარის გამოკვლევა – საიდან რამდენი წყლის ამოღება შეიძლება, უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ანალიზი: მოუტანს თუ არა ქვეყანას სარგებელს წყლის ექსპორტი, ხომ არ დააზიანებს საბადოს დიდი რაოდენობით წყლის ამოღება, რამდენ ხანში განახლდება ბუნებრივად რესურსი და ა.შ.
ქვეყნის წყლის რესურსის ზოგადი შეფასებები არის, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს კონკრეტული შეფასება.
სხვა საკითხია მიწისქვეშა წყლების აღება, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ლიცენზია, დასკვნები: რა იქნება შედეგი, დაზიანდება თუ არა გრუნტის წყლები ამით და ა.შ. ამ ლიცენზიებს გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სპეციალური სამსახური.
წყლის რესურსის დასაზოგად რა თანამედროვე და ეფექტური მიდგომები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, რაც შეიძლება კარგ მაგალითად ჩვენთვისაც გამოდგეს?
ევროპაში ცდილობენ წყლის მეორადი გამოყენების დანერგვას, წმენდენ საკანალიზაციო წყლებს იმ დონეზე, რომ სარწყავად გამოიყენონ. შედეგად სუფთა წყლის გამოყენება მცირდება, იზოგება პირველადი რესურსი. მეორადი წყლის გამოყენება მთელ მსოფლიოში აქტუალურია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს წყლის რესურსების მართვის ახალ კანონპროექტზე. ამ კანონის პრინციპები დაფუძნებულია ევროკავშირის მიდგომებზე. დანერგილი იქნება საავზო მართვის სისტემა. აღიარებულია, რომ ეს სისტემა საუკეთესოა. საავზო მართვისას ნორმირებული იქნება ჩამდინარე წყლები, მართვა შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ მდინარის ავზის ფარგლებში და არა ისე, როგორც დღეს: მდინარიდან იღებენ რეგიონებში პირდაპირ წყალს, წმენდენ და აწოდებენ მოსახლეობას. ასე აღარ მოხდება.
მდინარე რიონს, მაგალითად, შეისწავლიან თავისი შენაკადებით და გაკეთდება ანალიზი: რა რაოდენობის წყალი შეიძლება ავიღოთ მდინარიდან ისე, რომ დავზოგოთ რესურსი.
სოფლებში რთული სიტუაციაა, როგორც წყლის ხარისხის, ასევე მიწოდების მხრივ, ბევრგანაა მოუწესრიგებელი მილები… თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან უზრუნველყონ საკუთარი ტერიტორიების წყლის რესურსით.
ვიცით, რომ მოსახლეობა არ ერიდება მდინარეების დაბინძურებას, ხშირად ვხედავთ მდინარის პირას დაყრილ ნაგავს. მანქანებს რეცხავენ მდინარეში…
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ელემენტარულია, რაც არ უნდა გავაკეთოთ. გარემოს დაცვის სააგენტოს უნდა ჰქონდეს რეაგირება წყლის დაბინძურებაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წყლის დაბინძურებაზე არის ჯარიმები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქცია არის ინსპექტირება და დარღვევების შემთხვევაში მოქალაქე ან საწარმო უნდა დაჯარიმდეს.
ტარდება თუ არა მონიტორინგი, რამდენად ჯარიმდებიან წყლის დაბინძურებისთვის საწარმოები და მოქალაქეები?
ეს საკითხი წყლის სამმართველოს არ ეხება და ზუსტ ციფრებს ამ საკითხზე ვერ მოგაწოდებთ.
დღეს, 23 მარტს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდებათ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს „ბონი-გოროდოკის“ ტერიტორიაზე.
ამის მიზეზი „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებულ მოედანზე, წყალმომარაგების მილის ურდულზე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებია.
ბათუმის მერია შეღავათიანი მგზავრობის საფასურით სარგებლობის საშუალებას მასწავლებლების გარდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა თანამშრომლებსაც მისცემს, რომელთა შრომის ანაზღაურებაც თვეში 625 ლარს არ აღემატება.
შეღავათი მგზავრობის საფასურის 50% – იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.
ეს საკითხი ერთ-ერთია მათ შორის, რომელთან დაკავშირებითაც ბათუმის მერი ბიუჯეტში ცვლილების ინიცირებას გეგმავს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შეღავათიანი მგზავრობის დაფინანსებას მერია იმ ოთხი მილიონიდან გეგმავს, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითა და ტენდერებისგან მიღებული ეკონომიებით გამოთავისუფლდა. გამოთავისუფლებულმა თანხამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს მიღება არ ექნება და ამოღებულია ჩამონათვალიდან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, სოციოლოგია, დემოგრაფია.
ასევე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას, მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია (ინგლისურენოვანი).
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია მიენიჭა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას,
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ციფრული მედია და კომუნიკაციის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამას.