მთავარი,სიახლეები

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

23.03.2018 • 6088
ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხეებს გადასატანად ამჯერად სახელმწიფო მნიშვნელობის გზის, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთის გასწვრივ, ორ ადგილზე თხრიან. ერთ ადგილზე ხე, როგორც ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაში დგას, მეორე ადგილზე – სახელმწიფო საკუთრებაში. ივანიშვილისთვის ამ ხეებს მესაკუთრის – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, კანონდარღვევით იღებენ. აქ რამდენიმე ხე, მათ შორის მრავალწლოვანი, მოჭრეს კიდეც.

„ტიტას“ ხე მაგისტრალის პირას, რომელსაც გადასატანად ამზადებენ. ფოტო: „ბათუმელები“

ტერიტორია მაგისტრალთან, სადაც ხეებს თხრიან, სახელმწიფოს საკუთრებაა. შესაბამისად, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებას [ფერდობის გადათხრა, გზის მოწყობა] და იქედან სახელმწიფო ქონების [ხეების] გატანა თუ განადგურება [ხის მოჭრა], მინიმუმ მესაკუთრესთან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან, უნდა იყოს შეთანხმებული. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ასე არ არის.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ ტერიტორია ნამდვილად სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მათ ხეების ამოთხრაზე ინფორმაცია არ აქვთ და როგორც გვითხრეს, ეს პირველად „ბათუმელებისგან“ გაიგეს.

სააგენტოს სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების ფოტომასალაც გადავუგზავნეთ. უწყებაში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

გადასატანად გამზადებული ხე ციხისძირში. ფოტო: „ბათუმელები“

ციხისძირის უღელტეხილზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ, სადაც ხეებს თხრიან და გააქვთ, სახელმწიფოს საკუთრებაშია 26 270 კვ/მ ტერიტორია.

„ნებისმიერ პირს შეუძლია გამოავლინოს ინტერესი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებით…  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა განიხილოს შემოთავაზებული დაინტერესება და მიიღოს გადაწყვეტილება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით; სააგენტო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით განახორციელოს იმ მოძრავი ქონების გასხვისება, რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; კანონმდებლობით დასაშვებია ხე-მცენარეების გასხვისება, რომლებიც არ შედის სახელმწიფო ტყის ფონდში“, – მოგვწერეს გასულ წელს სააგენტოდან.

სააგენტოს მაშინ სამი ძირი ხის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი. ეს სამი ძირი ხეც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, სააგენტომ აუქციონზე გაყიდა, მყიდველმა კი შეკვეთილში გადაიტანა.

ციხისძირში, უშუალოდ ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, მრავალწლოვან ტიტას ხესაც იღებენ. „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო კომპანიის საკუთრებაშია. ეს კომპანია კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. აქედან რამდენიმე ხე ადრეც გადაიტანეს.

ტერიტორია, საიდანაც ტიტას ხეს თხრიან, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები], აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე შეიძინა.

საქართველოს კანონმდებლობით, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში [გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს] საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

არის თუ არა შეთანხმებული ხის ამოთხრასთან დაკავშირებული სამუშაოები გზების დეპარტამენტთან? – დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეების მოჭრა, ამოღება და ა.შ. მათ კომპეტენციაში არ შედის და თავადაც ასეთ საკითხებს გარემოს დაცვის სამსახურთან ათანხმებენ. რაც შეეხება დროებითი გზების მოწყობას ავტომაგისტრალზე გასასვლელად, თუ პირიქით, მაგისტრალიდან ხემდე მისასვლელად, არც ეს სამუშაოებია დეპარტამენტთან შეთანხმებული.

მილიარდერისა და ყოფილი პრემიერის პროექტის განხორციელებისთვის დაწყებული ხეების ამოთხრა-გადატანის პროცესი რომ როგორმე კანონის ფარგლებში მოაქციონ, არაერთი სახელმწიფო თუ ადგილობრივი უწყებაა ჩართული: ხეები გააქვთ აუქციონზე გასაყიდად ან პირდაპირ ყიდიან, გასცემენ ნებართვებს ხეების მოჭრაზე, გადაბელვაზე, ტოტების მოჭრაზე; ზოგჯერ ნებართვის დოკუმენტს მას შემდეგ გასცემენ, როცა ხე ამოთხრილი თუ მოჭრილია; ითანხმებენ არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილებას ავტომაგისტრალებზე, ხელს უწყობენ მოძრაობის დროებით გადაკეტვას, ტვირთის გაცილებას საპატრულო პოლიციის მიერ; მიმდინარეობს გარეგანათების ბოძების „გეგმიური“ ამოთხრა-დამონტაჟება, რკინიგზაზე დროებითი გადასასვლელების მოწყობა; დროებითი ნავმისადგომების მოსაწყობად პირსების აგება პლაჟზე, დამცავი კედლის დანგრევა და სხვა.

ივანიშვილის პროექტისთვის ხელშეწყობის მიზნით ქვეყნისა და აჭარის მთავრობები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს კერძო კომპანიებზე ასხვისებენ. გასხვისებულ ტერიტორიებზე კი, ამ დრომდე ძირითადად მხოლოდ ხეებია ამოთხრილი და შეკვეთილშია გადატანილი.

რაც შეეხება ეკოლოგიას, ათეულობით ამოთხრილი ხის ადგილებიდან მხოლოდ ხუთ ადგილზეა შეთანხმებული რეკულტივაციის ანუ გადათხრილი ადგილების აღდგენის პროექტი.

ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს უკვე მესამე წელია თხრიან.

ფოტო: „ბათუმელები“

ფერდობი, სადაც მიწას ყრიან.

გზის გაყოლებაზე რამდენიმე ხეს ასეთი „სახვევი“ აქვს. აქვე ჩანს მოჭრილი ხეების ნაკვალევი და ევკალიპტის ხე, რომელსაც ტოტები ჩამოსხეპილი აქვს.

„სახვევს“ თუ გადავწევთ, ჩანს, რომ ხეები დაზიანებულია.

ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: